დათო გამცემლიძე: „მოსკოვი ზუსტად ამას ცდილობს _ ვითარება ჩვენდა სასიკეთოდ არ შეიცვალოს“

ქართველი პოლიტიკოსების, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ობივატელის ყურადღება მეტწილად „მდარე სანახაობის“ თემებზეა მიპყრობილი. „ჩვენ“ გვჯერა და გვწამს, რომ „მსოფლიოს ჭიპი“ რუსთაველის გამზირია და „სხვაგან“ მიმდინარე პროცესები, რომელიც, შესაძლოა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ყურადღების მიღმა გვრჩება.

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ ქართულ პოლიტიკურ ყოველდღიურობაში ჩაფლული საზოგადოება და ისტებლიშმენტიც კი ისეთი საკითხების ანგაჟირებას ახდენს და იმდენად ზედაპირულად, რომ ვერც კი ამჩნევს, რა ხდება ირგვლივ. რა ხდება არა მხოლოდ გლობალურ პოლიტიკაში, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით. ოდესმე უნდა გავიზარდოთ და დადგება დრო, როდესაც მივხვდებით _ მსოფლიო ჭიპი რუსთაველის გამზირი და თბილისი არ არის? ან რა სენია ეს?
_ ეს სენი, სამწუხაროდ, ძირძველია. იგი ათწლეულების განმავლობაში აღზარდა ყოფილი კომუნისტური ისტებლიშმენტის იმ ნაწილმა, რომელსაც ოდესღაც „ინტელიგენციას“ ვუწოდებდით. ეს არის გლობალური ამბიციისა და „ორღობული“ კარჩაკეტილობის ძალზე უცნაური ნაზავი, რაც, ერთი მხრივ, ხელს გვიშლის გავიაზროთ მსოფლიოში ან, თუნდაც, ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ხოლო, მეორე მხრივ, ვიყოთ ადეკვატურნი საკუთარ შესაძლებლობათა აღქმისას.
ქართული საზოგადოების ეს თავისებურება, ტრაგი-კომიკური „იმედგაცრუებისა“ და „ხელჩაქნეულობის“ პირობებში, განაპირობებს მეორე უკიდურესობასაც, როცა რეალურად არსებულ შანსებსა და წარმატებებსაც ვეღარ ვამჩნევთ მაქსიმალისტური „მოთხოვნის“ ფონზე.
მაგალითად, გასულ კვირას დასრულდა NATO-საქართველოს ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები. თითქოსდა არც პირველია და არც _ უკანასკნელი: ყოველწლიურად ტარდება Noble  partner და Agile spirit _ ათასობით სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ალიანსის წევრი თუ პარტნიორი ქვეყნებიდან. ამ ფონზე წლევანდელი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, მათი შეუდარებლად მცირე რაოდენობრივი მასშტაბის გამო, თითქოს რა მოსატანია, მაგრამ… სინამდვილეში, ეს სწავლებები, რომელიც კრწანისში გაიმართა, ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ჩატარდა NATO-საქართველოს ფორმატში და არა უბრალოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, როგორც Noble partner და Agile spirit; გარდა ამისა, NATO-საქართველოს ერთობლივ ბრიგადას მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის ძალთა გენერალური შტაბი, რაც პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ეს ბრიგადა არა ავღანეთში, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება ამოქმედდეს საჭიროების შემთხვევაში; და რაც ყველაზე მთავარია: სწავლებათა შინაარსი გულისხმობდა ურთიერთქმედებათა ალგორითმის გამომუშავებას იმ რისკთა წარმოშობის შემთხვევაში, რასაც არ „ფარავს“ ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი „კოლექტიური თავდაცვის შესახებ“.
მარტივად რომ ვთქვათ, იგულისხმება ის ქმედებები, რაც NATO-მ, როგორც მრავალეროვანმა ორგანიზაციამ და არა უბრალოდ წევრმა ქვეყნებმა, შეიძლება მოიმოქმედონ მაშინ, თუ გაიზრდება საქართველოს _ ალიანსის არაწევრი ქვეყნის _ წინააღმდეგ მორიგი აგრესიის რისკი ან განხორციელდება ამგვარი აგრესია ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობაც და MAP-იც სწორედ თავდასაცავად გვჭირდება.
ამ დროს კი, სამწუხაროდ, მეასეხარისხოვანი, ზოგჯერ, უბრალოდ, კომიკური თემატიკა უფრო „მოთხოვნადია“. ეს არის სწორედ „პროვინციული ამბიციის“ სინდრომი.
_ წინა კითხვიდან გამომდინარე უნდა გკითხო: ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ორჯერ „წარდგა“ აშშ-ის ტელემაყურებლის წინაშე. ის საკმად მნიშვნელოვან თემებს შეეხო, რომელიც ადასტურებს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რუსთაველის გამზირზე არ კეთდება; მეტიც: მისი საკმაოდ ხისტი განცხადებებიც კი მოვისმინეთ. ვრცლად მიმივიხილოთ ეს თემა, პრეზიდენტის განცხადებები და მათი სარგებლიანობა საქართველოსთან მიმართებით.
_ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ვხედავთ, ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევა და ზუგდიდში სანდრა ელისაბედ რულოვსის ნომინირება; პირველ აპრილს უკრაინაში დასაბრუნებელი ავიაბილეთის დემონსტრირება; ასევე აქტიური ჩარევა ისტორიულ დაპირისპირებაში ამერიკის დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ისტებლიშმენტს შორის „მალერის ქეისის“ გამო.
პროკურორი მალერი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დონალდ ტრამპი, 2016 წელს, წინასაარჩევნოდ ვლადიმირ პუტინს გაურიგდა. ვერ დაამტკიცა, რაკი შეუძლებელია დაამტკიცო, რაც არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს პუტინი, მისი „საინფორმაციო არმიით“, ტროლებითა და ბოტებით, ასევე უმაღლესი კვალიფიკაციის ხაკერთა „სადესანტო რაზმებით“ იმ არჩევნებში არ ჩარეულა. როგორ არ ჩარეულა, მაგრამ „ტრამპთან გარიგება“ მაინც სხვაა.
ასეთი სიმწვავის დაპირისპირება ამერიკის ორ მმართველ პარტიას შორის 1970-იანი წლების „უოთერგეითის“ სკანდალის შემდეგაც კი არ ყოფილა. შეგახსენებთ: მაშინ რესპუბლიკელი პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა, გადამდგარიყო, რაკი ციხე ელოდა დემოკრატიული პარტიის ოფისში, წინასაარჩევნოდ, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისთვის. შემდეგ მისმა მონაცვლე ვიცე-პრეზიდენტმა ფორდმა შეიწყალა, თორემ ეჭვი არ შეგეპაროთ, აუცილებლად მიუსჯიდნენ ციხეს. ამჟამად ამერიკის დემოკრატიული ისტებლიშმენტი ცდილობს, ასევე დაამხოს ტრამპი.
აი, სწორედ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, თანაც ზუსტად შერჩეულ დროს, საკმაოდ ოსტატურად ჩაერია მიხეილ სააკაშვილი. ტელეკომპანია FOX-ზე გამოსვლისას მან გაიხსენა, რომ სწორედ ის დემოკრატები, ანუ ექსსახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის გარემოცვა, მისი თქმით, 2011 წელს გაურიგდა პუტინს საქართველოს წინააღმდეგ და ხელისუფლებაში მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი.
მიშა გულისხმობს, რომ ობამას ადმინისტრაცია, 2011-2012 წლებში, ყოველნაირად უშლიდა ხელს, საქართველოდან გაეძევებინა მოქალაქეობის არმოქნე ბიძინა ივანიშვილი, რის შემდეგაც პირველი ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ ძალთა გამარჯვება შეუძლებელი გახდებოდა.
რამდენად იყო განპირობებული ობამა-კლინტონის ადმინისტრაციის იმდროინდელი პოზიცია „პუტინთან გარიგებით“, სხვა საკითხია და ეს სააკაშვილის „ინტერპრეტაციად“ ჩავთვალოთ, თუმცა მისმა განცხადებებმა და „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ იმეილთა ეთერში ციტირებამ ზუსტად „ათიანში გაარტყა“. სხვა შემთხვევაში ორჯერ ზედიზედ არ მიიწვევდნენ FOX-ზე.
_ თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის დითირამბები იმავე ჰილარი კლინტონის მიმართ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რა მძიმე ბრძოლაც არ უნდა მიდიოდეს რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, მათთვის მთავარი ინტერესია აშშ. თან პოლიტიკურ პარტიებს აშშ-ში მემკვიდრეობითი მახსოვრობა აქვთ. ხოლო პარტიათა ცვლა აშშ-ის ხელისუფლებაში დემოკრატიული დოგმაა. ასე ადვილად დაივიწყებს დემოკრატიული პარტია პრეზიდენტ სააკაშვილის გამოხტომასა და ღია ბრძოლას მის წინააღმდეგ?
_ სხვა საკითხია, რომ ამერიკის დემოკრატიული ისტებლიშმენტი მიშას ამას არასდროს აპატიებს და ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, რისკიანად თამაშობს: 2020 წელს თეთრ სახლში ხომ სრულებით შესაძლებელია, „დემოკრატი პრეზიდენტი“ ვიხილოთ. არა ჰილარი კლინტონი, მაგრამ თუნდაც სხვა.
ვიმეორებ: ის, რაც ახლა ხდება ამერიკაში, არ არის უბრალოდ დაპირისპირება „კლინტონის გუნდსა“ და „ტრამპის გუნდს“ შორის… ეს არის ფუნდამენტური „კლინჩი“ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ისტებლიშმენტებს შორის და ორივესთვის ისტორიული მნიშვნელობა ექნება, რა პოზიცია ეკავა ამა თუ იმ პერსონაჟს.
_ ჩვენ ხშირად ვბრაზდებით, რომ დასავლეთი სათანადოდ არ გვაფასებს და დიდ ყურადღებას არ გვითმობს. უმრავლესობა ხედავს პოლიტიკურ აქტივობებსა და სიკეთეებს, რასაც დასავლეთისგან ვიღებთ. ამ დროს ეს ადამიანები „გრძნობენ“ რუსეთსა და მის სიდიადეს. ავხსნათ, რატომ ვერ იცლის აქტიურად დასავლეთი საქართველოსთვის? არის თუ არა ეს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ბრალი ან სხვა მიზეზი და რას უნდა მივაწეროთ აგრესორის მიმართ არსებული სენტიმენტები _ ეს ნამდვილად არ არის სტოკჰოლმის სინდრომი, ანუ რა ხდება?
_ აგრესიის შიში დღევანდელ მსოფლიოშიც კი ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ფაქტორია. ამ თემას სულმნათი ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლების“ მოტივაციებით თუ არ მივუდგებით, გასაგები გახდება, რატომ მოყვა „მოდელირებულ ქრონიკას“ სწორედ ისეთი რეაქცია, როცა მოსახლეობის უმრავლესობა მაღაზიებს მიაწყდა სურსათ-სანოვაგისა და სანთლების შესაძენად.
ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ საქართველოში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო რესურსები, ჯერჯერობით, შეუდარებლად უფრო მძლავრი და შემძლეა, ვიდრე _ დასავლეთისა. ბევრ სხვა რეგიონში ასეთი თანაფარდობა არ არის, ზოგან კი დასავლეთის უპირატესობა, ამ რესურსთა ბალანსში, კოლოსალურია.
ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს, მუდამ ასე იქნება. თუმცა მოსკოვი ზუსტად ამას ცდილობს: ვითარება ჩვენდა სასიკეთოდ არ შეიცვალოს და ევრო-ამერიკული სივრცე შიდა კონფლიქტებში იყოს ჩაფლული: „მალერის ქეისიდან _ ბრექსიტამდე“.
ძალიან ბევრი რამ ქართული ელიტების უნარსა და პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. მესმის, რამ ბალტიის ქვეყნებში, 1990-1991 წლებში სხვა ვითარება იყო, მაგრამ რესურსების მხრივ იქაც შეუდარებელი უპირატესობა ჰქონდა მოსკოვს. მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნების ბრძენმა, პასუხისმგებელმა, გონიერმა, მთლიანობაში, პროფესიულმა ელიტებმა ჯერ შექმნილი ისტორიული შანსით ისარგებლეს ბრწყინვალედ, შემდეგ კი განვლილი თითქმის 30 წლის განმავლობაში ჭკვიანური სტრატეგიით ეს ბალანსი ძირფესვიანად შეცვალეს.
იმედი ვიქონიოთ, ქართული ელიტებიც გამოამჟღავნებენ დროთა განმავლობაში ამგვარ პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს. აკი მოგეხსენებათ, იმედით ცოცხლობს ადამიანი…
_ როდესაც ვამბობთ, „ვერ იცლის დასავლეთი“, ვგულისხმობთ იმასაც, რაც დღეს ხდება თუნდაც დიდ ბრიტანეთში. ბრექსიტი ბევრი კი არა, ვგონებ, უამრავი ქართველისთვის გაუგებარია. ამაზეც ვისაუბროთ და იმ პრობლემებზე, რაც ბრიტანეთისთვის ბრექსიტმა შექმნა, ისევე როგორც იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი „სასარგებლო იდიოტებმა“ დააზარალონ საათივით აწყობილი სახელმწიფო.
_ ურყევად დარწმუნებული ვარ: „ბრექსიტი“ შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს არა მხოლოდ თვით ბრიტანეთისთვის, არამედ ევროკავშირისა და, საბოლოოდ, მათ შორის, საქართველოსთვისაც.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ „ბრექსიტი“ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა და მას ვერ განაპიროებდა მხოლოდ(!) პუტინის ხსენებულ „საინფორმაციო ჯართა“, მისივე სპეცსამსახურთა და ბრიტანელ „სასარგებლო იდიოტთა“ აქტივობა. „ბრექსიტში“ გამოიხატა ღირებულებითი და ფილოსოფიური წინააღმდეგობა, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე წარმოიშვა ორ დიდებულ ევროპელ ერს _ ინგლისელებსა და გერმანელებს შორის.
„ევროკავშირი“ გერმანული პროექტია და მას საფუძვლად დაედო დიდი მონანიება იმ საზარელი ტრაგედიის გამო, რაც ევროპაში 1914-1945 წლებში დატრიალდა. გერმანია ორივე მსოფლიო ომში დამარცხდა, ინგლისელები კი ორივე ეპოქალური მოვლენის შედეგად გამარჯვებულნი იყვნენ და, კაცმა რომ თქვას, გერმანელებისგან განსხვავებით, მოსანანიებელიც არაფერი ჰქონდათ.
ამ სხვაობის გამოხატულება გახდა სწორედ კაზუსი, რომელიც უკანასკნელი „წვეთი“ აღმოჩნდა ბრექსიტის პროვოცირებისთვის: შეგახსენებთ, რომ 2014-2015 წლებში, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, „გერმანელი ერის ისტორიული მონანიებისა“ და „დანაშაულის სინდრომიდან“ გამომდინარე, ასეულობით ათას სირიელ და ერაყელ ლტოლვილს ნება დართო (ძალისმიერი წინააღმდეგობა ვერ გაუწია), დასახლებულიყვნენ გერმანიაში, შესაბამისად, მთელ ევროპაშიც, რაკი ევროკავშირს შიდა საზღვრები არ აქვს.
ამით ისარგებლეს ნეიჯელ ფარაჯის მსგავსმა პერსონაჟებმა, გააძლიერეს მრავალწლიანი იზოლაციონისტური ნარატივი, „შეუნთეს“ მას ქსენოფობიის ცეცხლი _ თითქოსდა ეს ლტოლვილები გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, შესაბამისად, ევროპის მოქალაქეობას მიიღებდნენ, შემდეგ ბრიტანეთსაც შეესეოდნენ და მათი ქარაგმული არგუმენტი ზუსტად ეს იყო: „თუ გერმანელებმა ისტორიულად დააშავეს, „ჰოლოკოსტი“ ჩაიდინეს და ამ მონანიების გამო უცხოელებს უარს ვერ ეუბნებიან, ჩვენ, ინგლისელებმა, რა დავაშავეთ და ჩვენ რატომღა უნდა დავიმდუღროთ თავი?
ეს იყო პირწავარდნილი შოვინისტური, ქსენოფობიური დემაგოგია და პოპულიზმი, მაგრამ „არაბ ლტოლვილთა მასების“ გამო ატეხილ საყოველთაო ისტერიაში მან წარმატებით იმუშავა. მით უმეტეს, რომ, ვიმეორებ, ხანგრძლივი ისტორიული „ბექგრაუნდი“ ჰქონდა: ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან (როცა ლონდონმა პირველად განაცხადა მედიდური სურვილი, შეერთებოდა ევროკავშირს) იგი განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვდა და ინგლისურ ელიტებში „ევროსკეპტიკური“ განწყობა, „ევროპული ბიუროკრატიის“ განქიქება დომინანტური იყო.
_ რა იყო და არის ამის საფუძველი?
_ საკმაოდ ხშირად ვარ ლონდონში და ბევრი ინგლისელისგან _ სოციალური ცენზისა თუ ინტელექტუალური დონის განურჩევლად _ მომისმენია, რომ ინგლისი „უფრო მეტია, ვიდრე მთელი ევროპა ერთად აღებული“.
ის, რომ ამგვარი ამბიცია აქვს ამ მართლაც დიდებულ, შემოქმედ, მთლიანობაში, გენიალურ ერს, რომელმაც უნიკალური წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში და „საპარლამენტო დემოკრატია“ აჩუქა კაცობრიობას, გასაკვირი, მით უმეტეს, დასაზრახი არ არის. მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ისაა, რომ ინგლისურ ისტებლიშმენტს, მთლიანობაში, არ ეყო ძალა და რესურსები, წინ აღდგომოდა აშკარად დამღუპველ რეფერენდუმს!
აქვე, ყოველგვარი ყალბი „პოლიტკორექტულობის“ გარეშე ვიტყვი, თუნდაც არაეთიკურად ჟღერდეს, რომ ხალხს უნდა ანდო, თუ ვინ მართოს იგი მომავალი 5, 10, 15 ან 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან სახიფათოა ხალხს, მით უმეტეს, დღევანდელ „კომუნიცირებულ“ და „მანიპულირებად“ გარემოში, ანდო მთელი ცივილიზაციის ბედი, რაკი აქ შეცდომის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. უესტმინსტერთან უკვე ასიათასიანი მიტინგები იმართება სლოგანით: „ვერ მივხვდით, ვერ გავიგეთ, შეგვეშალა, გავიმეოროთ“, მაგრამ ვაითუ, უკვე გვიან იყოს.
_ რა ზიანის მომტანია ბრექსიტი და რატომ უნდა გვეშინოდეს მისი?
_ „ბრექსიტი“ შეიძლება იქცეს დამანგრეველ დარტყმად ევროკავშირის თვით იდეაზე და გააცოცხლოს ის ურჩხულები, რაც XIX-XX საუკუნის ისტორიულ კატაკლიზმათა შედეგად, თითქოსდა, სამუდამოდ ჩაიფერფლენ ომის ხანძრებში. ამის სიმპტომები უკვე ჩანს კიდეც. ლამის ნაპოლეონისა და ჟანა დ’არკის ეპოქის ალუზიებიც კი ჟღერს არაკეთილმოსურნეთა მხრიდან.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ აუცილებლად გამწვადება როგორც შოტლანდიის, ასევე ჩრდილო ირლანდიის პრობლემა, ხოლო ევროპის კოლოსალური ბაზრისგან მოწყვეტამ შეუძლებელია, ინგლისის ეკონომიკა არ დააზარალოს ბევრად იმაზე მეტად, ვიდრე ევროპა დაზარალდება ინგლისის სეპარაციით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლონდონი მოახერხებს განსაკუთრებული ხელშეკრულების გაფორმებას ტრამპის ამერიკასთან „საერთო ბაზრის“ ან „თავისუფალი ვაჭრობის“ შესახებ“. განა გეოგრაფია ამით შეიცვლება? ლა მანშის სრუტე სულ 32 კილომეტრია დუვრიდან-კალემდე. ატლანტიის ოკეანე კი _ ასჯერ მეტი!
_ საქართველოში დავბრუნდეთ _ „მსოფლიოს ჭიპის“ საინფორმაციო ველში ისევ ის ხდება, რაც, თუნდაც, 10-11 წლის წინათ ხდებოდა. დღეს იმდროინდელ იმედელებს ძნელად ახსოვთ, როგორ ილაშქრებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, ისევე როგორც „რუსთავი 2-ში“ ძნელად ახსენდებათ პროსახელისუფლებო ნარატივი. აქ მეტად მნიშვნელოვნად მომეჩვენა შენი მოსაზრება, რომ „საქართველოს ზოგადი პოლიტიკური კულტურის დავრდომილობა-სისუსტიდან გამომდინარე, „ოპოზიციური ნარატივი“, უფრო „ლეგიტიმურად“ აღიქმება, ვიდრე პროსახელისუფლებო. „უფრო დამაჯერებელია“-მეთქი კი არ ვამბობ, არამედ უფრო „ლეგიტიმურია“. ამ თემას შევეხოთ, მიზეზებსა და ეფექტებზე ვისაუბროთ.
_ რთული და სახიფათო თემაა, რაკი კოლეგებს ეხება. თუმცა ჟურნალისტიკა, ზოგადად, საზოგადოების თვისებრიობას ატარებს. „ოპოზიციური ნარატივი“ რომ უფრო „ლეგიტიმურად“ აღიქმება, ვიდრე პროსახელისუფლებო, ეს საზოგადოების თვისებებიდან გამომდინარეობს და ზოგადი პოლიტიკური კულტურის, ასევე დემოკრატიული ტრადიციის ნაკლებობას ასახავს.
იმედი ვიქონიოთ, საქართველოში ჩამოყალიბდება ხელისუფლებათა ცვალებადობის სასიცოცხლოდ აუცილებელი ტრადიცია, თანაც ისე, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას აღარ „დაიჭერს“. მაგრამ აქ ერთგვარი „ჩაკეტილი წრეა“, რადგან ამგვარი ტრადიციის ჩამოყალიბებას მედია-პლურალიზმის არარსებობა უშლის ხელს.
დღეს საქართველოში არ არსებობს პლურალისტური მედია-გარემო: არის „პროსახელისუფლებო“ და „ოპოზიციური“ მედია, რაც სულ სხვაა.
ასე იქნება მანამ, სანამ „ცუდ ტონად“ და „არაკოლეგიურად“ ჩაითვლება მედია-ოპონირება. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში სულ სხვაგვარადაა: ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ თვალს მიადევნებთ, მაგალითად, ამჟამად მიმდინარე „მედიაომს“ ორ დიდებულ ამერიკულ ტელეარხს _ FOX-სა და CNN-ს შორის. მედია-ოპონირებაზე არსებული უცნაური ტაბუ ხელს უშლის საქართველოში ჭეშმარიტი პლურალიზმის, საბოლოოდ კი დემოკრატიის განვითარებას.
_ აქვე ერთი კითხვა: ეს „ლეგიტიმური“ ნარატივი არის თუ არა ყოველთვის სასარგებლო სახელმწიფოსთვის? და ამ ნარატივის საფუძველზე დამდგარი შედეგი რამდენად სასიკეთო და პროგრესულია?
_ ზუსტად შენიშნე! რა თქმა უნდა, არ არის ყოველთვის „სასარგებლო“. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს. იგი სასიცოცხლოდ საჭიროა. მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი და საჭიროა ასევე, რომ საწინააღმდეგო ნარატივიც „ლეგიტიმური“ იყოს.
აი, რამდენად დამაჯერებელი იქნება ან ერთი ან მეორე სულ სხვა თემაა და უკვე უშუალოდ აქტორთა პროფესიონალიზმზეა დამოკიდიებული. მე რომ მკითხოთ, ზემოხენებულ ომში FOX-მა აშკარად დასჯაბნა CNN-ი და ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რომ ჩვეული ალღოთი, ანუ პოლიტიკური გუმანით… „გამარჯვებულს შეეწია, დამარცხებულს შეესია“ _ შემთხვევითი ნამდვილად არ არის.
ზოგადად, სააკაშვილის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომ შესანიშნავად იცნობს ამერიკას. ამ მხრივ მას ვერავინ შეედრებოდა და შეედრება. თვით ზურაბ ჟვანიაც კი.
_ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულ ქართველობას მხედველობის მიღმა რჩება _ საქართველო და საგარეო პოლიტიკა. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გკითხო საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორხციელებულ ვიზიტებსა და გაჟღერებულ მესიჯებზე. იკვეთება თუ არა ახალი ტენდენციები?
_ მიუხედავად აპოკალიფსური სურათისა, რაც საარჩევნო კამპანიისას დაიხატა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნარატივი მის მიერ პარიზში, ბერლინში, ბრიუსელში გაჟღერებული გზავნილები მთლიანად თავსდება ქართული საგარეო პოლიტიკის „მეინსტრიმში“. არაფერი ახალი, მოულოდნელი ან დიდად განსხვავებული მას არ უთქვამს.
ერთადერთი გამონაკლისია საკმაოდ მკვახე განცხადებები ერევანში, რომლითაც მან თითქოს დაარღვია „ბალანსი“, რასაც თბილისი იცავდა სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. თუმცა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სიმბოლურ უფლებამოსილებათა გათვალისწინებით, საეჭვოა ამ დემარშმა სერიოზულად იმოქმედოს ქართულ-აზერბაიჯანულ ან ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე.
რაც შეეხება მოსკოვს და ჩრდილოეთს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს თემა ქართულ ისტებლიშმენტში არის მკვდარი! იგი ამოწურულია თუნდაც მისი სრული უპერსპექტივობის გამო, რაკი საქართველო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშიც კი რომ შევიდეს მორიგ ფედერალურ სუბიექტად, ოკუპირებულ ტერიტორიებს მოსკოვი მაინც არ დაგვიბრუნებს. ეს კი ერთადერთი ილუზია იყო, რაც თუნდაც მარგინალურ ძალებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში „კრინტის დაძვრის“ უფლებას უტოვებდა. 2008 წლის შემდეგ კი ამის უფლება და საშუალებაც აღარ აქვთ.
სალომე ზურაბიშვილის, ისევე როგორც მანამდე ნინო ბურჯანაძის „პრორუსულობა“ არის საბავშვო ზღაპარი, რომელიც დილის სიზმარივით გაქრება, როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიდგება საქმე. სხვათა შორის, ქალბატონ ნინოსთან მიმართებით კიდევ უფრო მეტადაც კი, ვიდრე ქალბატონ სალომესთან: რომც წარმოვიდგინოთ ნინო ბურჯანაძე, ვთქვათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრად, იგი, რასაკვირველია, დაიწყებს მოსკოვში ვიზიტებით, მოლაპარაკებებით, კეთილმოსურნე განცხადებებით, მაგრამ სულ მალე, როგორც კი დარწმუნდება მთავარ საკითხში მოსკოვის პოზიციათა შეცვლის შეუძლებლობაში, ულტიმატუმებით დაასრულებს!
როგორც 2004-2005 წლებში, როცა ბევრად რადიკალური „ანტიმოსკოვური“ პოზიციაც კი ჰქონდა, ვიდრე თვით მიხეილ სააკაშვილს.
_ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით აშშ-ს. ისევ არ გვყავს ელჩი, მაგრამ კურტ უოლკერის ვიზიტმა საკმაოდ „ჩუმად“ ჩაიარა. პარალელურად აშშ-ს უამრავი პრობლემა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ადმინისტრაციას კი _ საკუთარ ქვეყანაში. ამ პირობებში, როგორ ფიქრობ, რამდენად განსაზღვრავს აშშ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს?
_ აშშ ზესახელმწიფოა და საქართველოს ნურც მტერს, ნურც მოყვარეს ნუ ეგონება, თითქოს საქართველოში მისი ინტერესების განხორციელებას რაიმე შიდა-პოლიტიკური პრობლემა, ანუ „ჩვენთვის ვერმოცლა“ შეუშლის ხელს. მთავარია, ეს ინტერესი გაჩნდეს, თორემ მისი რეალიზებისთვის აუცილებელი რესურსები ამ გოლიათს ნამდვილად აღმოაჩნდება.
მაგალითად, რა „სკანდალებიც“ არ უნდა იყოს ამერიკაში, განა დაუშვებს, „უბატონოდ ხმა“ გასცეს ვინმემ ისრაელს? ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი? ვისი უმრავლესობაც არ უნდა იყოს კონგრესში?
ამერიკას მართავენ ინსტიტუტები, მის საგარეო პოლიტიკას კი განსაზღვრავენ პრაგმატული ინტერესები. ოღონდ ამ ინტერესთა „პრაგმატულობა“ იმას კი არ ნიშნავს, ღირებულებათა და მოკავშირეთა დაცვა არ აღქიმებოდეს სწორედაც ამ „ინტერესთა განხორციელებად“. ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და/ანუ ამერიკასთან საერთო ღირებულებები გვაკავშირებდეს.
რაც შეეხება ელჩის დანიშვნას, გარწმუნებთ, ამას მხოლოდ ტექნიკური მიზეზები უშლის ხელს და არა რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნუ გვეგონება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება გაბედავს „დაბლოკოს“ ამერიკის მიერ ნომინირებული ელჩი; ან ვითომდაც ვაშინგტონი იმიტომ არ ნიშნავს ელჩს თბილისში, რომ ქართული დემოკრატიის დონითაა უკმაყოფილო და ამ ხერხით გამოხატავს პროტესტს ანუ „გვსჯის“ ამისთვის ელჩის არდანიშვნით. ასე რომ იყოს, პირიქით, კიდევ უფრო სწრაფად დანიშნავდა ელჩს და კიდევ უფრო გამოცდილ დიპლომატს გამოაგზავნიდა. დაველოდოთ, სანამ ამერიკულ კონგრესში ეს ორომტრიალი ჩაცხრება და ელჩი აუცილებლად დაინიშნება ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ელჩს უფლებამოსილებათა ვადა ამოეწურა.
_ და კიდევ ერთი საკითხიც: რეალურად რას ემსახურებოდა საქართველოში ნატოს გენმდივან იან სტოლტენბერგის ვიზიტი იმის გარდა, რომ კიდევ ერთხელ გვითხრა, _ კარი ღიაა, მაგრამ ჯერ ვერ შეგიძღვებთო?
_ როგორც უკვე ვთქვით, სტოლტენბერგმა თავისი ვიზიტით ნატო-საქართველოს სწავლებათა მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გვითხრა, რომ თუ გონივრულად მოვიქცევით, თუ დემოკრატიულ ღირებულებებს არ ვუღალატებთ, თუ მრავალპარტიულ პარლამენტს შევქმნით, ანუ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, თუ 2008 წელს ჩამოყალიბებულ „წითელ ხაზებს“ არ გადავალთ, მაშინ ევროატლანტიკური სივრცე ნამდვილად არ მისცემს რუსეთს იმის საშუალებას, ეს ხაზები გადმოლახოს.
ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის და რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, არც ესაა ცოტა და ამას თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.
ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება 2020 წლის არჩევნები: საქართველოში უნდა შეიქმნას მრავალპარტიული პარლამენტი, 4 ან 5 ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობით, რომელიც პროგრამების შესაბამისად გაიმიჯნება და კოალიციურ მთავრობებს ჩამოაყალიბებს.
არავითარი კატასტროფა და ქვეყნის დასასრული ამით არ შედგება. კურტ უოლკერი, რომელიც ამერიკის სტრატეგიული კურატორია პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ჩემი აზრით, სწორედ ამის სათქმელად ჩამოვიდა თბილისში.

გეგა სილაგავა