ალეკო ელისაშვილი: „ძალადობის, მოსყიდვისა და გაყალბების გარეშე „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი არ გააჩნია“

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი:

_ ბატონო ალეკო, ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები და რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. საუბარიც სწორედ მმართველი გუნდიდან დავიწყოთ. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მარტივ მამრავლებად იშლება და დეპუტატები უმრავლესობის რიგებს ტოვებენ. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი ამჟამად კრიზისშია. თქვენი შეფასებით, რა ხდება?
_ რა ხდება და ივანიშვილს პოლიტიკური ძალა დაენგრა, რომელიც არანაირად არ იყო პარტია, ეს იყო აჯაფსანდალი, როგორც იდეოლოგიური, ასევე ღირებულების თვალსაზრისით. ეს იყო ერთ მდიდარ კაცსა და მის გავლენებზე გარშემორტყმული, საშოვარზე გამოსული ხალხი „ქართულ ოცნებაში“ და არანაირი პოლიტიკური იდეალები მას არ ამოძრავებდა. ივანიშვილს პოლიტიკა და სახელმწიფო მენეჯმენტი ბიზნეს-მაფიოზური სტრუქტურის მართვა ჰგონია, არადა, როგორ იმართება ბიზნესი, ისე არ იმართება სახელმწიფო და _ პირიქით. შეიძლება, მაფიოზური სახელმწიფო მეტ-ნაკლებად მართო, მაგრამ თანამედროვე სახელმწიფო ასე არ იმართება. „ქართულ ოცნებაში“, უბრალოდ, მობეზრდათ ივანიშვილის დაკრულზე ცეკვა და დროთა განმავლობაში ეს ხალხი მიხვდა, რომ არც ისე მაგარია ივანიშვილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ახლა კი იგი გაუფასურდა. ადრე ვხედავდით, თუ როგორი უპირობო ავტორიტეტი იყო და მისი ერთი წარბის აწევაზე ყველა დავლურს ცეკვავდა. არადა, ერთი პარანოიკი კაცია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოზე და ამ ქვეყნის პრობლემებზე. ის ცალკეა, დანარჩენი ქვეყანა _ ცალკე. ივანიშვილი მართლა ბედნიერად ცხოვრობს, რადგან ყველაფერი აქვს. მისი ზოოპარკის შენახვისთვის, ალბათ, რამდენ ფულსაც ხარჯავს, ნახევარ საქართველოს იმდენი ფული ცხოვრებაში არ უნახავს.
_ გინდათ თქვათ, რომ თავიდანვე არასწორად შეარჩია ის გუნდი, რომელიც დღეს გამოეცალა?
_ აბსოლუტური აჯაფსანდალი შეარჩია. გუნდის შერჩევას პასუხისმგებლობით არ მისდგომია. არსებულ პოლიტიკურ სპექტრში კვალიფიციურ ხალხს კი არ ეძებდა, არამედ ლოიალურს, ოპოზიციურ პარტიებს ხელი მოჰკიდა და გვერდით დაიყენა. ეგონა, რომ როგორც მანამდე მაფიოზურად მართავდა თავის ბიზნესს, ასე დაემორჩილებოდა პოლიტიკაშიც ყველა. დღეს უშუალოდ პარტია „ქართული ოცნება“ იშლება, თორემ იქამდე 6-სუბიექტიანი კოალიცია დაიფშვნა. ივანიშვილი გადასულია რეგრესზე, ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ის თავისი გუნდის წევრებსაც კი აშანტაჟებს, _ ვისაც უნდა, იმას აჩვენებს ჩანაწერს და ეს ინფორმაცია მერე ჟონავს.
_ თქვენი აზრით, თავდაპირველად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, რა იყო მისი უმთავრესი მიზანი, _ ის, რომ, უბრალოდ, 9-წლიანი რეჟიმი დაესრულებინა და სააკაშვილზე შური ეძია, თუ თავის მილიონებზე კიდევ მილიარდები დაემატებინა?
_ ყველაფერი ერთად. პირადად ჩემი, ივანიშვილისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიზნები იმაში ემთხვეოდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა წასულიყო. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩემთან არ მალავენ და ამბობენ, რომ უნდა წასულიყვნენ, სააკაშვილი აბსოლუტურ ჩიხში იყო შესული. ივანიშვილის გეგმა როგორც ეს დრომ აჩვენა, იყო არა ქვეყნის წინსვლა, არა ქვეყნის განვითარება, არა სიღატაკის დაძლევა, არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ამ ქვეყანაზე თავზე მოჯდომა, ამ ქეყნის, როგორც საკუთარი შპს-ს მართვა და, რა თქმა უნდა, ფულის კეთება. ივანიშვილმა საქართველოში სადაც შეძლო, ფული ყველგან გააკეთა, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ აქ ბევრი ფული არ იშოვება, თორემ საყდრისი იყო ასაფეთქებელი და ისე ააფეთქა, თვალიც არ დაუხამხამებია და კანონი დაარღვია. ძეგლის აფეთების ნებართვაც კი არ ჰქონდათ. ოქროზე აკეთა ფული; ბიტკოინებზე აკეთა და წარმატებით ააშენა მსოფლიოში მეორე ქარხანა, რომელსაც გლდანში ეკონომიკური ზონაც კი შეუქმნა; პანორამა თბილისი; გალერია თბილისი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველა მეთოდით ცდილობს ფულის კეთებას. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ რამდენიც იშოვება, იმდენს შოულობს. სასტუმრო ბიზნესით იქნება ეს თუ მარიხუანის მოყვანით, ყველაფრისგან ფულს ადნობს. ჯანსაღი ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს კაცი ფულის საკეთებლად მოვიდა. კი ბატონო, კარგია, რომ სააკაშვილი გავუშვით, მაგრამ ეს არასაკმარისია ამ ღატაკი ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წინ მიდიოდეს. ამბოხებულმა ქართველებმა ერთ მდიდარ ადამიანს ვანდეთ სამშობლოს ბედ-იღბალი, მაგრამ ვანდეთ იმიტომ, რომ ქვეყანა წინ წაეყვანა, თუმცა ეს კაცი ჩვეულებრივი მედუქნე, დახლიდარი აღმოჩნდა.
_ ვინც მმართველ გუნდს გამოეყო, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილისგან დამოუკიდებლად რამდენად გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას, თუნდაც, ეკა ბესელია?
_ მე არ ვიცი ქართველი ამომრჩეველი, რომელიც ხმას მისცემს ან რატომ უნდა მისცეს ხმა ეკა ბესელიას?! ასევე ძალიან მეუცნაურება ის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, დეპუტატები, რომლებმაც, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ ეკა ბესელიას თანაგუნდელები უნდა იყვნენ. ძალიან მარტივი გასაანალიზებელია, რომ შეიძლება ივანიშვილი არ მოგწონდეს, მაგრამ ბესელია არ ვიცი, კიდევ ვის შეიძლება რომ მოსწონდეს. ჩემი დარდი მაქვს ბევრი, შესაბამისად, სხვის მაგივრად ვერ ვიდარდებ, თუმცა ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ეკა ბესელია და მისი გუნდი არჩევნებში რამეს გახდება.
_ რას უკავშირებთ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ივანიშვილს მეტი პოლიტიკური დასაყრდენი ფიგურა აღარ შემორჩა?
_ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო… ოღონდ ეს ხავსი ხომ რაღაცას უნდა ჰგავდეს და ვკვდებოდი სიცილით, როცა თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაბრუნდებაო. ჩერჩილი დაბრუნდა მეორედ პოლიტიკაში. პირველ მსოფლიო ომში გალიპოვის კატასტროფული ოპერაციის, უზარმაზარი მსხვერპლის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთის იმპერიამ გაიღო დანაკარგების სახით, ჩერჩილი ბრიტანულ პოლიტიკაში ვეღარ ბრუნდებოდა. ჰიტლერის აღზევებამ და რეალურმა საფრთხეებმა ბრიტანელ ხალხს მოანდომა, რომ ჩერჩილი პოლიტიკაში მეორედ დაებრუნებინა. ეს ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილის მეორედ დაბრუნება თანამედროვე პოლიტიკური ანეკდოტია. პირველად რომ იყო და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მაშინ ხომ კრამიტები დაამტვრია და ეს ქვეყანა ააყვავა და მისი მეორედ დაბრუნება უბრალოდ , ღიმილის მომგვრელია. ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვენგან ყველა კი არ გარბის, ვიღაცები ბრუნდებიან და ის ვიღაცა ვიღაცა ხომ უნდა იყოსო? ამიტომ დააბრუნეს კაცი, _ გაჯგიმული, ღვარძლით მოლაპარაკე, ნათესავების კორუფციაში ჩაძირული ახალგაზრდა, რომლის ყოველი პირის გაღება უხერხულობის განცდას გვიქმნიდა. გვეშინოდა, რომ რაღაც არ დაებრეხვებინა და სულ ასე ხდებოდა. ასეთი კაცი გინდ შეიტანონ და გინდ გამოიტანონ, აზრი არ აქვს. საკუთარი თავი მოიტყუეს.
_ სწორედ ამ დაბრუნების შემდეგ ვგებულობთ, რომ მმართველი გუნდი „ეიჩარ კომპანიას“ ქირაობს, რომ კვალიფიციური კადრები მოიზიდოს. რაზე მეტყველებს ხელისუფლების ასეთი არასერიოზული ნაბიჯი?
_ ეს უპრეცედენტო ამბავია. ბარემ, სამოდელო სააგენტოდან დაიქირავონ მოდელი ბიჭუნები და გოგონები. წარმოიდგინეთ, რა დონის კრიზისია, _ სახელისუფლებო მმართველი პარტია იმდენად გულის ამრევია, რომ ხალხი არ ეკარება და „ეიჩარ კომპანია“ აიყვანეს, რომ იქნებადა, ვიღაც მოიტყუონ. ასეთი რამ მსოფლო ისტორიას არ ახსოვს. პოლიტოლოგია მაქვს დამთავრებული და ასეთი რამ არსად წამიკითხავს, სამარცხვინო ამბავია!
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რეალურად გესახებათ?
_ გულახდილად რომ გითხრათ, არარეალურად მეჩვენება, რადგან რეალური არჩევნები წელიწად-ნახევარშია. თუ ვინმეს აწყობს ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ეს ხელისუფლებაა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ თუ ისევ ჩაატარა პროპორციული-მაჟორიტარული წესით, ვინ დარჩება ამით მოგებული, ხელისუფლების გარდა? სჯობს, რომ მოვემზადოთ და 2020 წელს ჩატარდეს მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ პროპორციული წესით. ეს უნდა იყოს მთავარი ძალისხმევა, თუმცა ჩვენი ქვეყანა იმდენად უცნაურია, რომ შეიძლება, უცბად გავარდეს ყარაულის თოფივით და რაღაც მოვლენის გამო ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თქვენ როგორ ემზადებით?
_ ინტენსიურად: ჯერ სამოქალაქო მოძრაობა შევქმენით; რამდენიმე დღის წინ კახეთის ოფისი გავხსენით; ახლა ზუგდიდში ვამზადებთ; შესაძლოა, გორში გავხსნათ წარმომადგენლობა და იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადავკეთდეთ. ამას პირდაპირ ვამბობ, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვიქნებით შინაგანად სტრუქტურულად მზად. საშინაო დავალება გვაქვს, მომდევნო წლის მარტამდე რა უნდა გავაკეთოთ. თუ იმ ყველაფერს შევასრულებთ, არ გამოვრიცხავ, როგორც ზემოთ ვთქვი, სამოქალაქო მოძრაობისგან დამოუკიდებლად და მის ბაზაზე პოლიტიკური ორგანიზაციაც შეიქმნას.
_ გარდა იმისა, რომ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნეთ, კიდევ რა ნაბიჯებს დგამთ, რომ უფრო განვითარდეთ, ჩამოყალიბდეთ, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია?
_ ჩვენი პრობლემა რა არის, იცით? _ ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები ერთმანეთთან ბრძოლით, ფულის კეთებით და ერთმანეთის სიძულვილით არიან დაკავებულები. პოლიტიკაში ყოფნის მიზანი ხალხის პრობლემების მოგვარება და ქვეყნის წინსვლა უნდა იყოს, მით უმეტეს ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა, რომელიც იხრჩობა სიღატაკეში, კორუფციასა და ათას უბედურებაში. თუ პოლიტიკაში ყოფნის მიზანი ეს არ არის, მაშინ ჩემს ადგილს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. თუ ჩვენი მოძრაობა ვერ მოახერხებს ხალხის პრობლემების მოგვარებას, ხედვების გაწერას, ანალიზს, ძალისხმევას, რომ ყველამ ერთად ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მაშინ პოლიტიკას შევეშვებით. თუ ისევე ვიტივტივე, როგორც ესენი ტივტივებენ, ერთობიან პოლიტიკით, „დასვეცკაობენ“, დადიან კაფეებიდან კაფეებში, ტელევიზიიდან ტელევიზიებში… ასეთი პოლიტიკისთვის მიმიფურთხებია. ჩვენს ტვინებში საბჭოთა სტერეოტიპია, რომ პატარა კაცები და ქალები ვართ, რომ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და გვგონია, რომ ვიღაც დიდი ბიძინა, მიშა თუ სტალინი გააკეთებენ ჩვენს გასაკეთებელს. ვიმეორებ: ეს არის საბჭოთა ჩარჩენილი მენტალობა. შესაბამისად, იგი უნდა დავამსხვრიოთ. სინამდვილეში, თითოეული მოქალაქე ადამიანები ვართ, არავინ არის პატარა ან დიდი. ყველანი თანასწორები ვართ, ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. გვინდა, რომ ხელები დავიკაპიწოთ, ყველამ ერთად მოვინდომოთ და ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიყვანოთ წინ. ბიძინას და ვიღაც მიშა-გრიშას მე პირადად არც არასდროს დავლოდებივარ და არც დაველოდები.
_ ხალხს ნდობა დაეკარგა, რადგან ჩვენ გარშემო არიან პოლიტიკოსები, რომლებიც, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაშინ როდესაც ისინი კარდაკარ მათხოვრობენ ხმებზე, გამოირჩევიან ბრტყელ-ბრტყელი, ტრაფარეტული სიტყვებით და გვინდა-არგვინდა, მათი დემაგოგია სოფელში გლეხზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა მოგებისთანავე ისინი (პოლიტიკოსები) ქრებიან და რბილ სავარძლებზე სხდებიან. თქვენ მათგან რით განსხვავდებით, რატომ უნდა ენდოს ალეკო ელისაშვილს ამომრჩეველი?
_ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე ვიყო ჩემს სინდისთან მართალი, რაც ღმერთთან არ დაიმალება, ზემოდან მიყურებს. მერობის არჩევნების შემდეგ უმუშევარი ვიყავი და მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ, ხან შუქს მიჭრიდნენ და ხან _ გაზს, რადგან არანაირი ზედმეტი შემოსავალი და გადამალული ფულები არ გამაჩნია. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ სულ სხვა მიზანი მამოძრავებს. ვიღაცას ეს ესმის, ვიღაცას _ არა. ბავშვობიდან ჩემი იდეალები იყვნენ ყველასთვის სათაყვანო პოლიტიკოსები. ჩემთვის პოლიტიკოსი არის დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ქალაქის მერი იყო, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, რომელიც პოლიტიკოსი გახლდათ _ თბილისის საკრებულოს წევრი იყო, ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც პარლამენტის ვიცე სპიკერი გახლდათ. ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე ვერასდროს ვიქნები, მაგრამ სწორედ ისინი არიან ჩემთვის პოლიტიკური იდეალები. კიდევ მყავს სამხედრო იდეალები, მაზნიაშვილი და სხვები. მინდა, რომ მათ გავუსწორო თვალი , მათ მივბაძო და არა იმ დანარჩენ პოლიტიკურ ჭუჭყს, რომელიც აქ არის. შეწყალების კომისიაში მუშაობაზე ჩემი დათანხმების ერთ-ერთი მთვარი მიზანი იყო თანამდებობასა და კორუფციასთან პირისპირ აღმოჩენა. მინდოდა გამეგო, შევძლებდი თუ არა რეალურად ამ ყველაფერზე მაღლა დადგომას და სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავი მომეწონა. ჩემი პოლიტიკური მიზანი არის, რომ სანამ ენერგია და შესაძლებლობა მაქვს, ამ ქვეყანას ვემსახურო და გაკეთებული საქმეებით ვიამაყო. ასევე დავუმტკიცო ადამიანებს, რომ პოლიტიკაში ყოფნა არის დიდი პასუხისმგებლობა და შრომა და არავითარ შემთხვევაში _ ბინძური საქმე. შეიძლება იყო პოლიტიკაში და არ იყო ბინძური პოლიტიკოსი. ვიღაცას ამის სჯერა, ვიღაცას _ არა.
_ გამორიცხავთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოთ?
_ თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავ, მაგრამ შეერთებას გამოვრიცხავ. მე ჩემი გეზი, სხვა მიზნები მაქვს, რეგიონულ ოფისებს ვხსნი და ა. შ.
_ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 2019 წლის გაზაფხულზე, შუალედურ არჩევნებზე, გეგმავთ თუ არა თქვენი მოძრაობიდან კანდიდატის წარდგენას?
_ რა თქმა უნდა, თუმცა ჯერ ვფიქრობთ და რამდენიმე დღეში კანდიდატს წარვადგენთ.
_ დაბოლოს, რა შანსები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“?
_ ძალიან დაბალი შანსი, მაგრამ დიდი ძალადობა იქნება. რაც შარშან იყო არჩევნების მეორე ტურზე, 2020-ში ის კვადრატში და კუბში აყვანილი იქნება. ძალადობის, მოსყიდვისა და გაყალბების გარეშე „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი არ გააჩნია.

გიორგი საკარული