მაღალჩინოსნების ჩხუბი „ქართულ სახლში“ _ დავა „კანონიერ ქურდებთან“ გაგრძელდა?

ახალი წლის დღეებში, 11 იანვარს, პარასკევს საღამოს, ქ. თბილისში, რესტორან „ქართული სახლის“ საბანკეტო დარბაზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა კორპორაციული საღამო მოაწყვეს, სადაც მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე და სატყეო სააგენტოს კურატორი იური ნოზაძე (უჩა მამაცაშვილის სიძე), სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი და სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა სააგენტოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად (მათ შორის რეგიონულ დანაყოფთა ხელმძღვანელები).
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შეზარხოშებული მაღალჩინოსნები ერთმანეთს გასაყოფი ფულის გამო დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება თორნიკე გვაზავასა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ახლად დანიშნულ (2018 წლის სექტემბრიდან) უფროს გიორგი კვირჩილაძეს შორის დაიწყო, რომელიც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა (რაც ირაკლი მუკნიაშვილის წაქეზებული იყო).
სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ სამცხე-ჯავახეთის სატყეოს უფროს გიორგი კვირჩილაძეს უსაყვედურა, _ რაც საჭიროა, შენი „სტავკები“ რატომ არ მოგაქვსო? რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, _ ფული იქ მიდის, ვისთანაც „გაიასნებული“ მაქვს, ვინც დამნიშნა, შენ საერთოდ რა შუაში ხარო. ზემოაღნიშნულ ჩხუბში გვაზავას დაეხმარა ამავე სამინისტროს სანერგე მეურნეობის უფროსი, რევაზ ბეჟაშვილი. სულ მალე დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნეს. საბედნიეროდ, ინციდენტს სროლა არ მოჰყოლია, თუმცა დაპირისპირებისას სამივე მონაწილემ გარკვეული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. „ქართულ სახლში“ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ რესტორნის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პოლიცია არ გამოუძახებიათ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თორნიკე გვაზავა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად 2015 წელს პირადად იმდროინდელი ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის უშუალო მოთხოვნით დაინიშნა, მიზეზად კი კვირიკაშვილისა და გვაზავას გარდაცვლილი ძმის ახლო მეგობრობა სახელდება. თორნიკე გვაზავა დანიშვნამდე და დანიშვნის შემდეგაც არაერთხელ მოხვდა სამართალდამცველთა და მედიის ყურადღების ქვეშ. კონტროლის პალატის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსად მუშაობის პერიოდში, 2009 წლის იანვარში დააპატიმრეს სს კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დანაშაულისთვის და თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა გარკვეული პერიოდით, პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების შედეგად, ვადაზე ადრე განთავისუფლდა (მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, გამოძიებასთანაც ითანამშრომლა და საპროცესო გარიგების გაფორმების სანაცვლოდ 200 000 ლარიც გადაიხადა).
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსად პოლიციის ყოფილი მაღლაჩინოსანი გიორგი კვირჩილაძე (რომელიც წარმოშობით გურიიდან, ქალაქ ოზურგეთიდანაა) გასული წლის სექტემბერში დაინიშნა მინისტრის მოადგილე იური ნოზაძის რეკომენდაციით (მას ნათელ-მირონობა აკავშირებს უჩა მამაცაშვილის ოჯახთან), ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ იური ნოზაძე უჩა მამაცაშვილის დისქმარია, ადვილი გასაგებია, როგორ მოხვდა კვირჩილაძე სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსად, რომელი თანამდებობაც ყოველთვის წარმოადგენდა მსუყე ლუკმას, რადგან იგი მუდამ ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ადგილად ითვლება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საახალწლო დღეებში სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთი კორპორაციული შეკრება მოეწყო, რომლის უცვლელი მონაწილეები გახლდნენ იური ნოზაძე, თორნიკე გვაზავა და გიორგი კვირჩილაძე. სწორედ ახალი წლის წინა დღეებში სამხცხე ჯავახეთში (კერძოდ ადიგენის რაიონის სოფ. ბოლაჯურთან), საღამოს საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიორგი კვირჩილაძემ სამსახურებრივი პიკაპით („მიცუბიში“ L-200) მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა ადგილობრივი მკვიდრი ნიკოლოზ ჭიტაძე. თავად კვირჩილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო შემდგომ გამოძებნა პირი (ამავე სამმართველოს დარაჯი), კობა ფცქიალაძე, რომელმაც გარკვეული გასამრჯელოსა და მიცემული პირობების სანაცვლოდ (რომ არ დააკავებდნენ და განრიდებას გაუკეთებდნენ), საკუთარ თავზე აიღო აღნიშნული დანაშაული. დაღუპულის ოჯახს კვირჩილაძემ მატერიალური დახმარება გაუწია. აღნიშნული საქმის მოგვარება პროკურატურასთან სამინისტროს ხელმძღვანელობამ ითავა და ეს საქმე ისე ჩაიფარცხა, პროკურატურაში კითხვაც კი არ გასჩენიათ, როგორ მოხვდა სამინისტროს ბალანსზე მყოფი სამსახურებრივი ავტომანქანა დარაჯის მართვის ქვეშ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონისადმი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, თორნიკე გვაზავა მუდამ ცდილობდა, არ დაეკარგა შემოსავლის წყარო და ამ თანამდებობაზე ყოველთვის თავისი კადრი ჰყოლოდა. კვირჩილაძის დანიშვნამდე მას ამ თანამდებობაზე თავისივე თანასაკნელი, თაღლითობისთვის ნასამართლები მამუკა ცინცაძე ჰყავდა დანიშნული, რომლის აღიარებითი ჩვენებაც ყველამ ნახა ტელევიზიით და დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. ცინცაძეც საკმაოდ დიდი თანხის გადახდის შედეგად (საპროცესო შეთანხმება) პატიმრობიდან განთავისუფლდა. გვაზავა და ცინცაძე დიდ ხანს შეხმატკბილებულად „თანამშრომლობდნენ“ და ამაში მათ ვერც ვერავინ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ნებისმიერი სირთულის პრობლემის წარმოქმნისას საქმეში ეგრევე კვირიკაშვილი ერთვებოდა და მინისტრი იქნებოდა თუ მისი მოადგილე, თავად ცდილობდნენ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას, თუმცა ყოფილი მინისტრის, გიგლა აგულაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, თორნიკე გვაზავას თანასაკნელის თანამდებობიდან განთავისუფლება მაინც მოუწია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ორჯერ სცადა სატყეო სააგენტოს დირექტორის დაკავება, მაგრამ ორჯერვე თითი დაუქნიეს და გააჩერეს, რადგან სამცხე-ჯავახეთი ყველა კორუფციული სქემით სოსო გოგაშვილის საკურატორო სფერო იყო და ის ამ რეგიონში სიტუაციას საკუთარი ბიძაშვილის შვილის, სუს-ის მაშინდელი უფროსის, კევლიშვილის მეშვეობით აკონტროლებდა.
სატყეო სააგენტოს პრობლემები არც სხვა რეგიონებში აკლია. კახეთის სატყეო სამმართველოს უფროსად კვირიკაშვილის მოთხოვნით დანიშნული იყო ყალბი დოკუმენტების შედგენა-გამოყენებისთვის ნასამართლები პირი, დავით ხატიაშვილი, რომელიც პატიმრობიდან 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ერთ-ერთი შემოწმებისას დავით ხატიაშვილს საკმაოდ სერიოზული დარღვევები აღმოაჩნდა, რაც გიგლა აგულაშვილის კატეგორიული მოთხოვნით (ცინცაძის მსგავსად) გახდა თანამდებობიდან მისი განთავისუფლების მიზეზი. სწორედ აღნიშნული ფაქტები იქცა აგულაშვილისა და კვირიკაშვილის ურთიერთობების წყალგამყოფად.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარაა, მაგრამ თორნიკე გვაზავამ შეძლო და „საქმიანი“ ურთიერთობა დაამყარა მისსავე კურატორ იური ნოზაძესთან, რომლის სახელსაც უკავშირდება მისი დატოვება აღნიშნულ თანამდებობაზე. რაც შეეხება თავად მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს, მისი განათლება საკმაოდ „შთამბეჭდავად“ გამოიყურება _ საჩხერის პირველი საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მან 1978-1980 წლებში თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმი დაამთავრა ფიზკულტურის მასწავლებლის სპეციალობით, ხოლო 1983-1989 წლებში ქ. პენზაში _ სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინრის სპეციალობით. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ მან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, უბრალოდ, იყიდა და რეალურად პენზის სამშენებლო ინსტიტუტში არც უსწავლია.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საქართველოში წიწვოვანი ტყით დაფარულ უმთავრეს ზონას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, როგორც მიზნობრივი გეგმური, ასევე უკანონო ჭრების რაოდენობით, ეს რეგიონი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. გასულ წელს რეგიონში სამასალე და საშეშე ხე-ტყის გეგმური დამზადება, ძირითადად, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სატყეო უბნებში ხდებოდა. 2017 წლის ხანძრების შემდეგ ბორჯომის რაიონი დამამზადებლებისთვის ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველი გახდა. ზემოაღნიშნულ უბნებზე ხე-ტყის როგორც დამზადებაზე, ასევე შესყიდვაზე მონოპოლია აქვს აღებული ახალციხის რაიონის სოფ. აწყურის მკვიდრ გიორგი (გაგი) გელაშვილს, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე გიგა ბლიაძის უახლოესი მეგობარი და ნათელ-მირონია (სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველო სწორედ გიგა ბლიაძის საკურატოროს წარმოადგენს). თორნიკე გვაზავასა და გიგა გელაშვილს შორის ნდობის მანდატიც და მოქმედების სქემაც გიგა ბლიაძის შექმნილია. თავად გიგა ბლიაძე ბორჯომის რაიონიდანაა, მამამისიც სატყეოს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც წლების განმავლობაში მეგობრობდა თორნიკე გვაზავას მამასთან, რომელიც ასევე მეტყევე იყო. სწორედ გიგა ბლიაძეს უკავშირდება რეგიონების სატყეოებში არსებული კორუფციული სქემები (ბლიაძეს, რომელიც ორგანიზაცია „შავფაროსნების“ წევრია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სიამაყით უდევს ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოსურათი და ხშირად ახსენებს კიდეც მის სახელს, როგორც ხელშეუხებლობის გარანტიას, გაგი გელაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი შპს „ბუნება“ და „ჯბმ ჯგუფი“, რომელთაგან ერთი მონაწილეობს ტენდერებით გამოცხადებული ხე-ტყის დამზადების აუქციონებში, ხოლო მეორე _ დამზადებული ხე-ტყის შესყიდვის აუქციონებში.
უნდა აღინიშნოს, რომ დამზადებისას კორუფციული სქემის ყველაზე თვალნათელი მაგალითია ის, რომ დამამზადებელი შპს, რომელმაც დამზადების უფლება სატენდერო აუქციონით მოიგო და სახელმწიფო მას თითოეულ კუბმეტრ ხე-ტყის დამზადებაში 80 ლარს უხდის, დამზადებისას იყენებს სატყეო სააგენტოს კუთვნილ ტექნიკას (ტრაქტორები და მაღალი განმავლობის სატვირთო ავტომობილები) და, რატომღაც, ეს ყველაფერი ყველასთვის შეუმჩნეველი რჩება. სამაგიეროდ, შპს ხარჯებს ზოგავს და მას ერთი კუბმეტრის დამზადება 30 ლარზე მეტი არ უჯდება, ხოლო დარჩენილი 50 ლარი როგორ იყოფა, მგონი, არითმეტიკის დიდ ცოდნას არ საჭიროებს.
ორივე შპს აუქციონზე უკონკურენტოდ რჩება, რადგან სხვა ვერც ბედავს მონაწილეობის მიღებას და დაუწერელი კანონიც ასეთია _ ვინც დაამზადა, მანვე უნდა შეისყიდოს. ხოლო იმის გამო, რომ გარკვეული ეჭვები გაიფანტოს, დამამზადებელი და შემსყიდველი კომპანიები ქალაღლდზე სხვადასხვა შპს-ებია, დამფუძნებელს კი არავინ კითხულობს.
გიორგი კვირჩილაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთიდანაა, მოახერხა და „მეგობრული“ ურთიერთობა დაამყარა გაგი გელაშვილთან, რაც ცუდად ენიშნა თორნიკე გვაზავას, იეჭვიანა და უარყოფითად განეწყო მისი მისამართით. ამის შემდეგ დაპირისპირებამაც არ დააყოვნა, ინციდენტის დაწყებამდე გვაზავამ იფიქრა, რომ კვირჩილაძეზე საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომატებს ფლობდა (მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელზედაც თვალის დახუჭვა თავადაც მოუწია). გვაზავამ სიმთვრალეში თავი ვერ შეიკავა და კვირჩილაძეს აგდებულად მოსთხოვა, ჩამოშორებოდა გიგა გელაშვილს და, ზოგადად, სამინისტროს ხელმძღვანელობასთანაც მისი მეშვეობით ეკონტაქტა სუბორდინაციის დაცვით, რაზედაც კვირჩილაძის უკმეხი პასუხი მიიღო შეგინების სახით. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზიც. დღეისთვის აღნიშნული კონფლიქტი არ ამოწურულა, რადგანაც იმავე საღამოს საქმის გარჩევაში კვირჩილაძის მხრიდან ჩართულები იქნენ ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც გვაზავა გაამტყუნეს და ერთი ორი „ალიყურიც აჭამეს“. თორნიკე გვაზავამ კი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი მისი ახლობელია (გვაზავას მეუღლე ყიფიანია), იგი საქმის კურსში ჩააყენა და ამ ამბის ასე დატოვებას არ აპირებს. ასე რომ, ვნახოთ, კორუმპირებულ სახელმწიფო ჩინოვნიკთა არასახელმწიფოებრივ დავაში ვის მხარეს გადაიხრება „ავტორიტეტთა თემიდა“, პლუს ორივე დაპირისპირებულ პირთა „მამა-მარჩენალი“.

ელისო კილაძე