რას „შეეწირა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი?

cartel

13 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გია მამულაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გვამცნო. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი შიდა აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც, ცენტრის მიერ პროგრამის „ქართული ენა მომავლის წარმატებისთვის“ ფარგლებში მოხდა ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელოების დიდი რაოდენობის ტირაჟით ბეჭდვა (20 000 ცალი). ამავე სახელმძღვანელოების სატენდერო პირობებით არ მომხდარა ბეჭდვისთვის წიგნების წინასწარი ფასთა მოკვლევა და ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში ტრენერებს არასწორი საათობრივი ანაზღაურება ეძლეოდათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმაც. თამარ სანიკიძის თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში საუბარია ცენტრის მიერ დიდი ოდენობით თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ამ საკითხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს და შედეგების შესახებ, დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი: „შიდა აუდიტის დასკვნაში გადაცდომებისა და კანონდარღვევების ძალიან ვრცელი ჩამონათვალია. ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიგვეღო. თუმცა იქ ფიგურირებს კიდევ ისეთი საკითხი, როგორიცაა, დაახლოებით, 400 000 ლარის არამიზნობრივი ხარჯვა. ამ საკითხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე იძიებს“.

შიდა აუდიტის დასკვნებს არ ეთანხმებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი და მისი თანამშრომლები. გია მამულაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნაზე გადახედვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამინისტროს ბრალდებები უსაფუძვლოა და თითოეული კონკრეტული ბრალდების საპასუხოდ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი აუდიტის დასკვნის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

პროფესიით ისტორიკოსი, გია მამულაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „ახალი 7 დღის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ, ძალადობისაგან ბავშვებისა და ქალების დაცვის რეგიონული კომიტეტის წევრად, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ განათლების კომისიის წევრად, მცხეთის N1 საშუალო სკოლის დირექტორად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად, სემეკის ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსად. 2011 წლიდან 2014 წლის 13 აგვისტომდე გია მამულაშვილი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიის“ დირექტორი იყო. ცენტრის თანამშრომლები კულუარულ საუბრებში აცხადებენ, რომ თამარ სანიკიძეს მოსწყინდა წინა ხელისუფლების დროინდელი კადრების ლობირებაზე ბრალდებების მოსმენა და საკადრო ცვლილებების განხორციელება გია მამულაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებით დაიწყო. იმასაც ამბობენ, რომ მამულაშვილის ადგილს მისი მოადგილე და ქეთი ნატრიაშვილის ნათესავი, ირინა აბულაძე დაიკავებს. ჩვენ ორი დღის მანძილზე ვცდილობდით გია მამულაშვილთან კომენტარისთვის დაკავშირებას, თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საგანმანათლებლო ასოციაცია „ბალავარის“ პრეზიდენტი, ექსპერტი ლალი ბერძენიშვილი:

_ სანამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გარშემო შექმნილ ბოლოდროინდელ მოვლენებს შევეხებოდე, თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ამზადებდა, ანუ ამ უწყებას პედაგოგთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება ევალებოდა, ხოლო ტესტირებებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებდა. თუ გადავხედავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელთ არსებულ სტატისტიკას, აშკარაა, რომ ეს ცენტრები წარუმატებლად მუშაობდნენ: სტატისტიკური მონაცემებით, სამი წლის განმავლობაში (2010-2012 წწ.) სისტემაში მომუშავე 68 584 პედაგოგიდან სერტიფიცირებული იყო მხოლოდ 9 895 (ანუ 14,38%) პედაგოგი. ორმა ცენტრმა, 5-წლიანი ციკლიდან 3 წელიწადში, მასწავლებელთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 14,38%-ის სერტიფიცირება შეძლო, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში (თითქმის ორ წელიწადში) სერტიფიცირება გაიარა მასწავლებელთა მხოლოდ 5,75%-მა! ამრიგად, 2014 წელს სერტიფიცირებული აღმოჩნდა მასწავლებელთა 20,13%(!), მოქმედი კანონმდებლობით კი 2015 წლის 1-ლი იანვრიდან არასერტიფიცირებულ მასწავლებლებს სკოლა უნდა დაეტოვებინათ! წარმოიდგინეთ, რა კატასტროფა მოხდებოდა განათლების სისტემაში და, ზოგადად, ქვეყანაში, როცა, დაახლოებით, 54 770 მასწავლებელი (ანუ თითქმის საერთო რაოდენობის 80%) დატოვებდა სკოლას?!

_ ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში თამარ სანიკიძემ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოძებნა.

_ დიახ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სამინისტრომ გამოსავალი იმაში იპოვა, რომ პარლამენტში ინიციატივა შეიტანა და ეს მოთხოვნა კანონიდან ამოიღო, მაგრამ ამ ნაბიჯმა სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. ჩემი აზრით, სამინისტროს ახალ გუნდს მოსვლისთანავე უნდა დაეწყო ამ კატასტროფული შედეგების მიზეზების გამოკვლევა და აუცილებლად გასცემოდა პასუხი კითხვას: რატომ განაცხადა უარი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე ათი ათასობით მასწავლებელმა მაშინ, როცა სერტიფიკატის აღებით მათ ხელფასიც ემატებოდათ და პრესტიჟიც?! ან რატომ „ჩაიჭრა“ 2014 წელს გამოცდებზე გასულ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა?!

აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ უნდა შემუშავებულიყო ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. რა გააკეთეს ზემოაღნიშნულმა ცენტრებმა? – იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები შემოეკრათ და მიზეზები თავის თავში ეძებნათ, საჯაროდ გამოაცხადეს, რომ გამოცდაზე გასული მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაიჭრა!

საბოლოოდ მივიღეთ, რომ საქართველოს მასწავლებელთა 80% უცოდინარი და „ოროსანია“?! გამორიცხულია, ბატონებო, ეს არ გახლავთ ჭეშმარიტება! ჩვენი მასწავლებლობა არც უინტელექტოა და არც ზარმაცი! ეს სასერტიფიკაციო  გამოცდების ე. წ. რეფორმის კრახია! ამ წლებში ჩატარებულმა არაერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სწორედ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ვერ მოამზადა პედაგოგები ხარისხიანად და სასერტიფიციკაციო ტესტები გახლავთ არასათანადოდ შედგენილი, თუმცა ოფიციალურად ამ ცენტრების საქმიანობის ეფექტურობა და ხარისხი დღემდე არავის შეუსწავლია, რაც უსათუოდ გასაკეთებელი იყო არჩევნების დამთავრებისთანავე; სახელმწიფოს მიერ ფუჭად გაღებული თანხა რომ არა, ეს შესანიშნავი დასტური იქნებოდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში მუდმივად გაცხადებული გამონათქვამებისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაანადგურა ქვეყნის განათლების სისტემა; საყურადღებოა, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები სამინისტროს ახალ გუნდს დახვდა უწყებაში და სწორედ მაშინ, როცა ამ ე. წ. რეფორმის კატასტროფული ჩავარდნის მიზეზები უნდა ეძებნათ, ჩვენს მასწავლებლობაზე მარტივად გადატეხეს ჯოხი! განა, შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ეს სავალალო შედეგები საჯაროდ გამოცხადებულიყო, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ მასწავლებელთა „ჩაჭრის“ შედეგები ჭეშმარიტი ფაქტი ყოფილიყო?! ამ გაუაზრებელი და წინდაუხედავი ქმედებით ხომ ზემოაღნიშნულმა უწყებებმა ათი ათასობით მასწავლებლის ღირსება, პრესტიჟი მიწასთან გაასწორეს?! ყველას კარგად გვახსოვს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება – აღუდგენდა მასწავლებლობას შელახულ ღირსებას! ქვეყანამ კი რა მიიღო? – სახალხოდ შეურაცხყოფილი მასწავლებლები! ეს ფაქტი,  ცხადია, უარყოფითად აისახება მომავალი არჩევნების შედეგებზეც, რადგან იმ ათი ათასობით ღირსებაშელახული მასწავლებლის ოჯახის წევრებიც ამ მთავრობის უკმაყოფილონი დარჩნენ! ეს სახელმწიფოებრივი მიდგომა არ გახლავთ! ასე რომ, ბატონი მამულაშვილისა და მისი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დღეს კი არა, ახალი მთავრობის მოსვლისთანავე უნდა დამდგარიყო.

_ თუ გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე განთავისუფლდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანიკიძის უწყება მამულაშვილის ცენტრის მუშაობას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა?

_ შეიძლება ასეცაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, გადაწყვეტილების მიღება დაუგვიანდათ. განათლების სამინისტრომ არა მარტო ფინანსურ საკითხებზე უნდა ჩაატაროს მონიტორინგი, არამედ ძირფესვიანად გამოიკვლიოს

ცენტრის საქმიანობის შედეგები და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,  მამულაშვილსა და მის გუნდს აღარ ექნებათ არც თავის მართლებისა და არც პროტესტის გამოხატვის საფუძველი, რადგან მათ აბსოლუტური კრახით აღასრულეს მათი უწყების ძირითადი დანიშნულება – მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება!

_ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 400 000 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ რას ფიქრობთ?

_ თქვენს კითხვას ამ ეტაპზე ვერ ვუპასუხებ, რადგან არ მაქვს ფაქტობრივი მონაცემები ზუსტად ამ თანხაზე, მაგრამ ერთი რამ საქმეში ჩაუხედავი კაცისთვისაც დღესავით ნათელია, – ამაზე არანაკლები თანხა ფუჭად და უშედეგოდ იხარჯებოდა წლების განმავლობაში, ცენტრი დასახულ მიზანს ვერ აღწევდა, რადგან მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება მასობრივად არ განხორციელებულა! პირიქით, მივიღეთ სრული კრახი – თითქმის ხუთ წელიწადში მეტ-ნაკლებად ხარისხიანად გადამზადდა მასწავლებელთა, მხოლოდ და მხოლოდ, 20%!

ცენტრის სუსტი მუშაობის მიზეზები ბევრ რამეში ვლინდება, მაგალითად, უხარისხო სასწავლო (მოსამზადებელი) პროგრამებში, ტრენინგებისთვის განკუთვნილ კატასტროფულად მცირე რაოდენობის საათებში, თავად ტრენერების კომპეტენტურობის დონესა და, ზოგადად, ცუდ მენეჯმენტში – საქმიანობის არასწორად დაგეგმვაში.

ასე რომ, განათლების სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება ცენტრის საქმიანობის ხარისხის კვლევის შედეგებითაც უნდა „გაამდიდროს“.

ნელი თორდია