ნირწამხდარი სოსოს წელი

ყველაზე წარუმატებელი თვე ასე შეიძლება დაახასიათოს სოსო გოგაშვილმა _ 2018 წლის მაისი…
თუმცა რატომ მხოლოდ მაისი?
ასევე შესაძლებელია 2018 წელი მთლიანად მისი წარუმატებლობის მიზეზიც იყოს…

წარუმატებელი და ტრაგედიად ქცეული ოპერაციები…

ყველაფერი კი გასული წლის ნოემბერში დაიწყო… სოსოს ტერორიზმთან ბრძოლით,
თუმცა კითხვები დღემდე აქტუალურია.
ვინ ან რომელმა უწყებამ მისცა ჩატაევსა და სხვა ტერორისტებს თბილისში „ხელშეუხებლობის გარანტია“? რა მიზნით შემოუშვეს და აღჭურვეს ისინი? და თუ ასეთი გარანტია ბუნებაში არ არსებობდა და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსში არ იყო, როგორ მოახერხა ინტერპოლის ძებნილმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოღწევა, თბილისის ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში დასახლება და ნაქირავებ ბინაში იმ რაოდენობის იარაღის თავმოყრა, რომ სუს-ისა და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციას 20 საათი მოანდომეს?!
მალევე ამას დაემატა მაჩალიკაშვილის საქმეც:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და 5 პირი დააკავა. სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. სუს-ის პრესსპიკერ ნინო გიორგობიანის განცხადებით თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ახალგაზრდას მისივე საძინებელ ოთახში შესვლისთანავე, მძინარეს ესროლეს. ოჯახი დაჭრის ფაქტის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით პანკისის ხეობაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციაც გაიმართა.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე _ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუსი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. პანკისის სათემო რადიოს კი სხვადასხვა წყაროებმა უთხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია…

***
დიდი ხნის საუბრის შემდეგ ნათქვამი გამართლდა, გოგაშვილის ადგილი ვენახშია და არა სახელმწიფო უსაფრთხოებაში…
მაგრამ ბოლო მაინც სულ სხვა იყო…

ზვიადაურის იპონი, დამარცხებული სოსო და გოგაშვილის ზედამხედველობის გარეშე დარჩენილი ძიუდოს ისტორია

ამბობენ, დავით ქევხიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში და ბიძინა ივანიშვილის გუნდში ანზორ ჩუბინიძის დამსახურებააო, მაგრამ როგორც კი ჩუბინიძე 2014 წლიდან არენიდან გადის, ქევხიშვილის ბედიც რთულად ვითარდება.

ქევხიშვილის ბეგრაუნდი

დავით ქევხიშვილი 34 წლის არის. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი. არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 2012 წლის 10 დეკემბრიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.
დავით ქევხიშვილი 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა ყვარლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდა. ცესკოს მონაცემებით ყვარელში გამარჯვება 9927 ხმით (50,15%) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა მოიპოვა. დავით ქევხიშვილმა 9 122 ხმა (46,08%) მიიღო.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავით ქევხიშვილი ყვარლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, სადაც 2014 წლის 25 აპრილამდე მუშაობდა. იგი 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ყვარლის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავდა.
4 აპრილს „ქართული ოცნების“ წევრმა ბაკურ სესიაშვილმა ყვარლის პოლიციას განცხადებით მიმართა, სადაც აღწერდა, რომ ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამგებელმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა.
ბაკურ სესიაშვილის განცხადების საფუძველზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ ქევხიშვილს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). პროკურატურამ ყვარლის გამგებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა 2 ათასი ლარის ოდენობით, ასევე თანამდებობიდან მისი გადაყენება. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან არ გადააყენა. აღკვეთის ღონისძიების ნაწილში კი მოსამართლის გადაწყვეტილებით მას სათანადოდ მოქცევის ვალდებულება დაუწესდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
პროკურატურამ გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გამგებლის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადაყენება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
25 აპრილს, დილით, პოლიციამ ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
იმავე დღეს საკრებულოს წევრებმა დახურული სხდომა გამართეს და გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გამგეობის შენობა პოლიციას ჰქონდა დაკავებული. საკრებულოს სხდომა ისე ჩატარდა და გამგებელი ისე გაათავისუფლეს, რომ სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი საჯარო არ გამხდარა. პოლიციამ სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე წევრის გარდა არავინ დაუშვა და დააკავა ყველა ის პირი, ვინც საკრებულოს წევრს, პროტესტის ნიშნად, კვერცხები ესროლა და ისინიც, ვინც მათ გამოექომაგა. სამაგიეროდ, არ დაუკავებიათ საკრებულოს წევრები, რომლებიც უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ და გამგებლის მხარდამჭერებს პოლიციის თვალწინ სახეში ურტყამდნენ.
ყვარლის გამგებლის გარდა მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლთან ერთად ბრალი ედებოდა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით. დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ისინი სამართალდამრღვევებად მაინც ცნო და ჯარიმა დააკისრა.
ქევხიშვილის მხარდამჭერების განცხადებით ყვარლის გამგებლის წინააღმდეგ პროცესებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.
2014 წლის 4 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. მოსამართლემ ქევხიშვილი თანამდებობაზე ვეღარ აღადგინა, რადგან მუნიციპალიტეტს უკვე ახლად არჩეული გამგებელი ჰყავდა. მოგვიანებით, ქევხიშვილის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა.
მართალია, ქევხიშვილი თვითმმართველობას ის წლები ჩამოშორდა, მაგრამ იგი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ რჩებოდა. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს კი ქევხიშვილი უკვე პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. მალევე ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 24 ხმით აირჩიეს.
ამას ჰქვია, ერთი ფეხი ბალთას, მეორე კი ალთას. თუმცა რამდენიმე თვის წინ ქევხიშვილსა და ძიუდოისტებს შორის ურთიერთობები გამწვავდა, კერძოდ:
„ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს“, _ ამის შესახებ ძიუდოისტმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ზურაბ ზვიადაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დავით ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგზე და მხოლოდ მის მიერ მიყვანილ მწვრთნელთა გუნდის გადაყენება საკმარისი არ არის.

ზურაბ ზვიადაური:
„როდესაც დავით ქევხიშვილი ფედერაციის სათავეში მოვიდა, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი, ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას მწვრთნელ უზნაძის გადაყენება სურდა, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო იმ წელს. ჩვენ ყველანი უზნაძის გვერდით დავდექით და ვერ გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უზნაძის გუნდი მაინც გაუშვა და საკუთარი მეგობრები მოიყვანა, მათ შორის, ირაკლი ცირეკიძე. ის არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას. ახალგაზრდებს საკუთარ დარბაზში ავარჯიშებს. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება, ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები, თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა? ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა“.
საქართველოს ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გუშინ სრული შემადგენლობით გადადგა.
საპროტესტო ტალღა იმით დასრულდა, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.
„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, _ კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, უნდა დაგემშვიდობოთ.
რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, სიმართლისა და შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების დაცვა დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოსა და ჩვენს ქვეყანას“, – წერს დავით ქევხიშვილი.

შეგახსენებთ: ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები. ნაკრების წევრები პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში. სპორტსმენებმა ფედერაცია მათი კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. ძიუდოისტებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთახის კარიც აჭედეს, დავით ქევხიშვილმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. მისი თქმით, ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფები დგას.
ძიუდოს ნაკრების წევრთა მიერ ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა და ფედერაციაში არსებული შესაძლო ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. 29 მაისს კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ კომისიამ მუშაობა დაასრულა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობა ვერ დაინახეს.
ქევხიშვილის ბეგრაუნდში ერთადერთი დეტალია გამორჩენილი…
საკრებულოს მიერ გაგდებული გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თბილისში ძიუდოს ფედერაციაში გადაბარგდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით სწორედ იქ მოხდა სოსო გოგაშვილისა და ქევხიშვილის დაძმობილება. მას მერე ძიუდოს ფედერაცია და ძიუდოს რეგიონული კლუბები გოგაშვილის ზონდერჯგუფებად იქცნენ. ამის უფლებას ქევხიშვილი ერთადერთი საბაბით აძლევდა _ მას ყვარელში დაბრუნება და რევანში სჭირდებოდა.
წყარო ამბობს:
_ ძიუდო? სულ არ ადარდებდა დათოს, მთავარი იყო, როგორმე ყვარელში ჩამოსულყო, რევანშის წყურვილი კლავდა. სულს, ალბათ, ეშმაკსაც მიჰყიდიდა, ოღონდ კი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გამხდარიყო, რადგან სწორედ 2014 წელს საკრებულომ მოუღო მის კარიერას ბოლო თვითმმართველობაში.
ბოლოს გოგაშვილს გაურიგდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, – დაღუპული და გაბანძებული ძიუდო, ქევხიშვილის რევანშირებული.
_ მაგრამ ფაქტია, ძიუდომ არ მიიღო ბოლომდე ასეთი დამოკიდებულება.
_ რა თქმა უნდა, არც მიიღებდა, ეს იყო გოგაშვილის იპონი, მორჩა ძიუდო დღეს თავისუფალია, გოგაშვილის მკვეთრი ხელი მას ვეღარ დაეტყობა. სამაგიეროდ, მოგებული მაინც ქევხიშვილი დარჩა, მან ხომ თავისი გაისწორა?

P. s. ყველაფერი იქით იყოს და ერთი კვირის წინ დედოფლისწყაროელებმა შემომჩივლეს, გოგაშვილის ცოლისდაზე გაფორმებული ჰექტრობით მიწები იყიდება და, სავარაუდოდ, იმ მიწებს მაჟორიტარი დეპუტატი შიოლაშვილი ყიდულობსო. მოსავლის აღებას ელოდებიან და შემოდგომიდან უკვე, დიდი ალბათობით, მეპატრონეები შეიცვლებიან.
ასე იცის უცებ აფუფუნებამ, ჩემო სოსო…
რად ყიდი მიწას, მაგას დიდი გამოცანა არ სჭირდება, ყველაზე, ყველაზე წარუმატებელი წელი გაქვს 2018.
ისე, აქამდე „ტიპი“ მაინც მეგონე, მაგრამ აწი ვიცი, მიქაია უნდა მოვნიშნო, როცა შენი მიჯირყვნის საათი დადგება.

მაკა მოსიაშვილი