ბატონო პრეზიდენტო, აღასრულეთ სამართალი!!!

ჯერ წინასაარჩევნოდ, მოგვიანებით კი არჩევნების მერე „ქართული ოცნება“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კორუფციასა და იმ 19 მილიარდზე აპელირებდა, რომელიც სააკაშვილის საიდუმლო ანგარიშებზე ინახებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშ-ფაქტურებში იპოვეს და ისიც ოთხ წელიწადში რვა მილიონი პრეზიდენტის სახელობითი ხარჯებისთვის.

მეოთხე წელია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პიჯაკების, ქაშმირის პალტოს, „ვენოკებისა“ და „სამი გოჭის“ ზღაპრების წიგნის შეძენისთვის ასამართლებენ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ამ პოლიტიკურ პროცესში მესამე მხარედ მოგვევლინა და დღემდე ჯიუტად არ ხსნის გრიფს იმ დოკუმენტებს (პრეზიდენტის 5 განკარგულება), რომელიც თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას დაადასტურებს.

პიჯაკების საქმის სკანდალურ დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი ბექა ბასილაია ესაუბრება:
_ ბექა, კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენეთ, როგორ და როდის დაიწყო ე. წ. პიჯაკების საქმე?
_ როგორც ვიცით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც ეძებდა მიხეილ სააკაშვილისგან გადამალულ 19 მილიარდს და ვერ იპოვა ის მთა, სადაც 19 მილიარდის განძი იყო ჩაკეტილი. საბოლოო ჯამში, საიმისოდ, რომ მათი მომხრეების გარკვეული მოლოდინები გაემართლებინა, დაიწყო კამპანია, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის თანხებს ითვისებდა. ამ ყველაფრის „გასაპრავებლად“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე წამოიწყეს. საბოლოო ჯამში, მოცულობით თანხა არის 8 მილიონ 800 ათას ლარი _ 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდი. მიხეილ სააკაშვილს ადრინდელ პერიოდს საერთოდ არ ედავებიან, ანუ ედავებიან 4 წლის მანძილზე 8 მილიონი ლარის არაკანონიერ ხარჯვას. მითიური 16 მილიარდი 8 მილიონამდე ჩამოვიდა, თუმცა ეს 8 მილიონიც, თავისი არსით, აბსოლუტურად კანონიერი ხარჯია და სამართლებრივად რომ შევაფასოთ, მთელი ეს საქმე სრული აბსურდია. ვფიქრობ, საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით, უკვე საღადაოდაც კი იქცა, _ რაზე სამართლდება პრეზიდენტი, რაზე სამართლდება გენერალ-მაიორი ჯანაშია, პიჯაკების შეძენაზე სამართლდება, ვაცლავ ჰაველისა და ლეხ კაჩინსკის საფლავებზე თაიგულების შეძენის ხარჯისთვის, აზერბაიჯანელი მიუსაფარი ბავშვების საქართველოში სტუმრობის გაწეული ხარჯებისთვის, ასევე პრეზიდენტი სამართლდება იმისთვის, რომ საჭმელს ჭამდა, სამართლდება იმისთვის, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში დაფრინავდა, პრეზიდენტი სამართლდება იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში სტუმრობის დროს უხდებოდა დაჯავშნული ავტომობილების დაქირავება, სტუმრების მიღება და ა. შ. 2009 წლამდე ზუსტად იგივე ხარჯებს (რის გაფლანგვასაც თემურ ჯანაშიას ედავებიან), იდენტურად და არანაკლები მოცულობით გასწევდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, იქნებოდა იგივე პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტების დაფინანსება, ავიაბილეთების, სასტუმროს ხარჯი, გადაადგილების ხარჯი, დაჯავშნული ავტომობილების ქირაობის ხარჯი, ოფიციალური ვიზიტების დროს შეძენილი საჩუქრების ხარჯი და ა. შ. ამ თანხას პრეზიდენტის ადმინისტრაცია განკარგავდა და ამასთან დაკავშირებით, დღესაც კი, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ მთავრობაში, კითხვის ნიშნები არ ჰქონიათ. მეტიც, ყველას გვახსოვს დოქტორ დოტის შემთხვევა,
_ ყველაზე უფრო რეკლამირებული ანტიპიარი…
_ დიახ, ანტიპიარი, რომელიც გარკვეული სკანდალის რანგში აიყვანეს იმდროინდელმა ოპოზიციონერებმა და დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ. დოქტორ დოტის ხარჯი გაწია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და დოქტორ დოტის ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც, დაახლოებით, 50 ათას ლარამდეა, არავის ბრალი არ აქვს წაყენებული, სამართლებრივი შეფასება არ მისცემია, იმიტომ, რომ ეს იმ ტიპის ხარჯში გადიოდა, როგორი ხარჯის გაწევის უფლებაც პრეზიდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი მოხდა, მას შემდეგ, რაც ბატონი პუტინი ლიკვიდაციით დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს, ამის შემდეგ, ბუნებრივია, დაცვის ღონისძიებებისა და უსაფრთხოების საკითხები კიდევ უფრო სხვა ხარისხში ავიდა. თუ მანამდე, პირობითად, პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით ბევრი რამ ღია და საჯარო იყო, მას შემდეგ ეს საკითხები თანდათან დაიხურა და ეს არ მომხდარა ერთი და ორი დღის მანძილზე. ამასთან დაკავშირებით მსჯელობდა არა მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, არამედ უშიშროების საბჭო მთლიანად ჩართული იყო. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პირები და ამ ადამიანების ერთობლივი მსჯელობის შედეგად გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული ღონისძიებები მაქსიმალურად გასაიდუმლოებულიყო. რომ ვთქვათ, პრეზიდენტი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდა, ამის გასაიდუმლოება მარტივი არ არის, მაგრამ დოკუმენტურად, ეს რომ საიდუმლო ყოფილიყო და ნებისმიერ ქვეყანას საქართველოში მათი რეზიდენტების მეშვეობით (იქნებოდა ეს ორგანიზაცია თუ სამოქალაქო პირები) ვინც გადმობირებული ჰყავდათ და ინფორმაციები გამოეთხოვათ, ეს მასალები ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო. საამისოდ პრეზიდენტის ხარჯების საიდუმლო წესით გატარება დაიწყო. ხარჯები არ შეცვლილა, იდენტური ხარჯები გაგრძელდა, თუმცა ვიზიტებთან დაკავშირებული მასალები გასაიდუმლოვდა და რატომ? მაგალითად, პრეზიდენტმა, პირობითად, ერთ-ერთ დღეს კონკრეტულ რესტორანში ივახშმა, სადაც კონკრეტული სტუმრები ჰყავდა. მართალია, რესტორნის პერსონალმა პრეზიდენტი იქ ნახა, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოეთხოვათ ინფორმაცია, სად სადილობს პრეზიდენტი და როგორ ხდება თანხის გადახდა. თუ ეს ინფორმაცია ღია იქნებოდა, პრეზიდენტის მთელ მარშრუტს, გეგმასა და ა. შ. მძივებივით ააწყობდნენ და ძალიან მარტივი იქნებოდა პრეზიდენტის ხელყოფა, პირობითად, მზარეულის გადაბირებით.
_ ბექა, როგორც ცნობილია, ანალოგიური სქემით ხდებოდა პრეზიდენტის ხარჯების გაწევა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც…
_ ეს საქმე თავიდან ბოლომდე მეტყველებს „ქართული ოცნების“ სრულ არაკომპეტენტურობასა და მათ მითოლოგიურ წარმოდგენებზე სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი 2013 წლის დასაწყისში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიჭრნენ და ელოდებოდნენ, რომ იქ რაღაც ისეთ დოკუმენტებს იპოვიდნენ, რომელიც სააკაშვილის შავი პიარისთვის იქნებოდა გამიზნული. შემდეგ გვახსოვს, ამოღებული დოკუმენტაციის გასაჯაროება რომ დაიწყო საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. ირინა იმერლიშვილი, ჯერ კიდევ, საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით საუბრობდა იუშენკოს საპნის შეძენაზე, აბანოს ხარჯებსა და ა. შ. პირდაპირ რომ ვთქვა, „ხამებივით“ იქცეოდნენ, ამ საკითხებზე საუბარი დაიწყეს, უნდოდათ, იქ ბომბები აღმოეჩინათ, ალბათ, ერთგვარ კასრებს ელოდებოდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მაგრამ არ აღმოჩნდა ბნელ ოთახში შავი კატა და ოთახიც ბნელი არ აღმოჩნდა, ყველა დოკუმენტი განათებული იყო, ერთი თეთრის ხარჯიც არ არის წარმოდგენილი, რომელიც დოკუმენტურად არ საბუთდებოდეს, მაგრამ რადგან ამ სპირალში შევიდნენ, საქმის დახურვა უკვე მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ყველას გვახსოვს, 2014 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ დომინოს პრინციპით იძიებდნენ სხვადასხვა საქმეს, მათ შორის, შეწყალების აბსურდულ საქმეზე ბრალდებაა წარდგენილი და ამავე პერიოდში სდსს საქმესთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენა. ეგონათ, რომ სდსს საქმეზე ბრალდების წარდგენით პიარულად კორუფციონერად წარმოაჩენდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა პირიქით მოხდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმე, თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმე, ანუ ხარჯების საქმე, პირდაპირ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონია შავი ყულაბა, პირდაპირ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა შავი ფული, პირდაპირ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ხარჯები არ იყო, ანუ როგორ ცხოვრობდა, მის ყოველდღიურობას ასახავს და არავითარი ელიტური კორუფციის ნიშნები არ იკვეთება. როცა „ქართული ოცნება“ ამაზე პრეზიდენტს ბრალს წარუდგენდა, არ უფიქრიათ, რომ ეს ბუმერანგივით შემოუბრუნდებოდათ, ეგონათ, რომ დაცვის მხარე ერთგვარად დაკომპლექსდებოდა და ამ თემებზე ღია საუბარს არ დაიწყებდა, რადგანაც იქ თითქოს მათ რაღაც ბოტოქსების საქმე ჰქონდათ და ა. შ. ეგონათ, ამაზე დავკომპლექსდებოდით და ღიად არ ვისაუბრებდით. იმდენს არ ფიქრობდნენ, რომ იგივე მათი, ასე ვთქვათ, საუკეთესო არგუმენტებიც კი სასაცილოა, მაგალითად, როცა ბოტოქსის საქმეზე საუბრობენ. პრეზიდენტი ხომ ქვეყნის სახეა. მართალია, მარგველაშვილმა დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას წარმოადგენს პრეზიდენტი, იგი ქვეყნის სახეა, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ამიტომ მის გარეგნობაზე ზრუნვა სულაც არ არის მისი პირადი ჰიგიენის საკითხი. ქალაქის მერსაც კი ჰყავს პირადი ვიზაჟისტი. ბოტოქსის პროცედურის მიზანი ის ხომ არ იყო, რომ სააკაშვილი კარგად გამოიყურებოდეს ოჯახურ გარემოში, ის წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას. სპეციალისტებმა ასევე განმარტეს, რომ ბოტოქსს სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
_ ბექა, დაცვის სპეციალური სამსახურის რომელიმე უფროსს (ქველიძე, ჯანაშია, ჩუბინიძე) ჰქონდა თუ არა უფლება, არ შეესრულებინა უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება?
_ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ, აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის დასკვნასა და ჩვენებას, მთლიანობაში, ცხადია, არ ვენდობით, განმარტა, რომ ამ ტიპის ხარჯები სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა გაწეული და გაწევდა კიდეც, თუმცა დამატებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ უნდა გაეწიაო. აქ რაზეა საუბარი, კარგად რომ გავიგოთ: ადამიანს შეიძლება ეცვას პიჯაკი, რომელსაც ჰქონდეს ჯიბე, ეცვას შარვალი, რომელსაც ასევე ჰქონდეს ჯიბე. პიჯაკის ჯიბიდან რატომ დაიხარჯა ფული, შარვლიდან უნდა ამოეღო და შარვლის ჯიბეში რა ფულიც ედო, ის უნდა დაეხარჯაო. მარტივად, ეს არის ბრალდების ავანჩავანი. ახლა მივყვეთ ამას: ასეთი ტიპის ბრალდება შესაძლებელია თუ არა წაეყენოს მთავარსარდალს და მით უფრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს? კანონში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ ყველა რედაქციაში, 2013 წლის ჩათვლით, ეწერა: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის გასამხედროებული ორგანიზაცია, სამსახური პირდაპირ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს, სამსახურის უფროსს პიროვნულად ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამსახურის დებულებაც კი პრეზიდენტის დამტკიცებულია, სამსახურის დებულებაში პირდაპირ წერია, რომ სამსახური ასრულებს პრეზიდენტის განკარგულებებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, გასამხედროებული ორგანიზაცია ცალსახად უნდა დაემორჩილოს უმაღლესი მთავარსარდლის მითითებებს, მათ შორის, ზეპირ მითითებებსაც კი. ნებისმიერ დამწყებ იურისტს, რომელიც ობიექტურია, რომ ჰკითხოთ, უნდა შესრულდეს თუ არა მთავარსარდლის განკარგულება გასამხედროებული ორგანიზაციის მხრიდან, გიპასუხებთ, რომ ცალსახად უნდა შესრულდეს. ერთადერთ შემთხვევას საერთაშორისო სამართალი იცნობს, თუ უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება ეხება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, თუ ომის კანონებს არღვევს და ა. შ., მაგალითად, პრეზიდენტმა რომ ბრძანოს, ტყვედ აიყვანეთ ბავშვები ან ტყვედ აყვანილი პირები დახვრიტეთ, ასეთი ბრძანება რომ შესრულდეს, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ამ ხარისხზე რომ ასულიყო საერთაშორისო სამართალი, ამას ნიურნბერგის პროცესი დასჭირდა, ანუ ეს ის სტანდარტია, სადამდეც კაცობრიობა თანდათან მივიდა. პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, თვითონ განსაზღვროს დაცვის ღონისძიებებიც. ხარჯებთან დაკავშირებით მიცემული განკარგულების შესრულების გამო სამხედრო პირები რომ ისჯებიან, რომელიმე ქვეყანაში ამაზე საუბარი სასაცილო იქნება.
_ თუმცა ყველა არ ისჯება, მაგალითად, არ ისჯება და არავინ სვამს ჯანაშიას წინამორბედის პასუხისმგებლობის საკითხს.
_ აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა! ეს არის ის საკითხი, როცა ამ საქმის კომიკურობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ, ამავდროულად, ქართული მართლმსაჯულების სისტემისა და ქართული პროკურატურის მუშაობის სისტემის ჩამორჩენილობასა და შუასაუკუნეობრივ მიდგომებს წარმოაჩენს.
ერთი და იგივე ქმედებით სამი პირი გვყავს: ოთარ ქველიძე, თემურ ჯანაშია და ანზორ ჩუბინიძე. ოთარ ქველიძე არის პირი, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულებების შესრულება დაიწყო, ჯანაშია მის შემდგომ დაინიშნა და ჩუბინიძე არის პირი, რომელმაც მთავრობის ცვლილების შემდეგ განაგრძო ამ ტიპის აბსოლუტურად იდენტური ხარჯების გაწევა. არც ქველიძე და არც ჩუბინიძე პასუხისგებაში არ მიცემულან!.. მინდა, ყველასთვის მკაფიოდ გასაგები იყოს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ არც ქველიძისა და არც ჩუბინიძის არანაირად დასჯას, მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან, მაგრამ როდესაც ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს თემურ ჯანაშიასთან, რა ლოგიკით შეიძლება ის ისჯებოდეს?!. ლოგიკა არ არსებობს! ამიტომ ვამბობ, რომ სიტყვის პოვნაც კი მიჭირს ქართული პროკურატურის, ქართული მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
ანზორ ჩუბინიძის დახარჯული თანხებიც შესწავლილია 2013-2014 წლების პერიოდში. 2013 წლების დოკუმენტები რომ ამოიღეს, ჯანაშიას ერთ წელიწადში, 2014 წელს წაუყენეს ბრალდება. ჩუბინიძის დახარჯული ფინანსები უკვე 4 წელია, დამუშავებული აქვთ და მას ბრალდებას არ უყენებენ. პროკურატურა ხვდება, რომ ბრალი აღარავის უნდა წაუყენოს იმიტომ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, მაგრამ ჯანაშია მიზანშია ამოღებული და მხოლოდ მას უყენებენ ამ ბრალდებას. ერთ-ერთ პროცესზე ასეთი შეკითხვა დავსვით, _ შესაძლოა, ჩვენ კარგად ვერ ვიგებთ და ვეკითხებით პროკურატურას, ვეკითხებით სასამართლოს, რა კრიტერიუმით განსხვავდება ოთარ ქველიძისა და ანზორ ჩუბინიძის ქმედებისგან თემურ ჯანაშიას ქმედება? ამასთან დაკავშირებით პროკურატურას პასუხი არ აქვს. რეალურად, მათ იციან პასუხი, რომ ეს შერჩევითი მართლმსაჯულებაა და ამას, რა თქმა უნდა, ღიად არ დააფიქსირებენ. პროკურატურის პასუხი სტანდარტულია: ბრალით იხელმძღვანელეთ.
_ ბექა, რატომ არის სამიზნე მხოლოდ თეიმურაზ ჯანაშია?
_ ჩვენს კითხვაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი გვპასუხობს, _ ამას პროცესზე ნუ კითხულობთ, ჩემს განაჩენში ნახავთ, ჯანაშიას რაში ედება ბრალიო. მოსამართლის ამაზე მკაფიო ლუსტრაცია წარმოუდგენელია! მოსამართლეს ამ საქმეზე უკვე, არ ვიცი, წინასწარ აქვს დავალება მიღებული, თუ დავალების მიღების გარეშეც იცის, რომ პროკურატურის ბრალდება უნდა გაიტანოს და განაჩენში გადაიტანოს,
_ და მაინც, რატომ თემურ ჯანაშია?
_ ამაზე პასუხი ღიაა, ხელის გულზე დევს: თემურ ჯანაშია ის პირია, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იყო, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს. მეტიც: ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მუშაობს ქართული პოლიტიკის კონიუნქტურა ქართულ პოლიტიკურ ველზე და როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი თავის ობობას ქსელში გაახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და სოციალურად აქტიური ადამიანები. ჯანაშია არის პირი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს იცავდა, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ერთ-ერთი ტერაქტის დროს შევარდნაძის გვერდით იყო, ბეწვზეა გადარჩენილი სიკვდილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ჯანაშია არის ის პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა ყოველგვარი რეკომენდაციისა და პოლიტიკის გარეშე, პრეზიდენტის ინტერესებს ბოლომდე ერთგულად იცავდა. კობა ნარჩემაშვილი რომ გამოჰყავთ მითოლოგიურ გმირად, გნებავთ, ამოვიღოთ კადრები, ედუარდ შევარდნაძე ბოლო წუთამდე ვის არ ჰყავს დატოვებული? _ ესენი არიან თემურ ჯანაშია და მისი მეგობრები! ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დააფასა პროფესიონალები და თავის სამსახურში გადაიყვანა. დაცვის სპეციალური სამსახური ყველას გვახსოვს, საბჭოთა „ჟიგულებით“ დადიოდა და როცა „ჟიგულები“ ჩერდებოდა, ესკორტი ასწრებდა ხოლმე დაცვის სამსახურის მანქანებს. ასეთი სამსახური გადაიბარა და დღესდღეობით სდსს ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავე სამსახურია, რომელიც მან ჩამოაყალიბა მისი ბაზით, ამ სამსახურის მომზადების ცენტრით, მისი კადრებით და ა. შ. ჯანაშია იყო ის საჯარო მოხელე და ის გენერალი, რომელსაც საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ამ წრეში და რომელიც ისეთი ფიგურა იყო, რომლის სიტყვასაც დიდი ფასი ჰქონდა. როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მის მიმართ შეთავაზებები იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს გამიჯნოდა და დაფასებული ადამიანი იქნებოდა ახალ ხელისუფლებაში. თემურ ჯანაშია თავის საქმიანობას არანაირად უკავშირებდა პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს ან პერსონალურად ედუარდ შევარდნაძეს, ის იცავდა საქართველოს პრეზიდენტებს და მისთვის მიუღებელი იყო, ზურგი ექცია მოქმედი პრეზიდენტისთვის. მან პოლიტიკური სკანდალი კი არ მოაწყო, მშვიდად გადააბარა სამსახური, კეთილსინდისიერად, ბოლო დოკუმენტის დონეზე ყველაფერი ჩააწიკწიკა და სამსახურის ახალ უფროსს გადაულოცა კადრები, მისი განვითარების სტრატეგია და ა. შ. დღემდე თეიმურაზ ჯანაშიას აწყობილი სტრუქტურით მუშაობს ეს სამსახური. სწორედ მისი ეს პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა არ აპატია მას „ქართულმა ოცნებამ“. ჯანაშია ამ პროცესებს რომ გასცლოდა, დამერწმუნეთ, დღეის მდგომარეობით ის ბრალდებული არ იქნებოდა.
_ თუმცა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა არ დაუფასა მისი წინამორბედი პრეზიდენტების ერთგულება, რადგან ჩვენ გვაქვს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი გრიფს არ ხსნის იმ დოკუმენტებს, რომელიც თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას დაადასტურებს.
_ როცა თემურ ჯანაშიას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს, ვნახეთ, რომ ამ საქმეში ჩართულია მთავარი პროკურატურა, ასევე დღევანდელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ამ საქმეში ჩართულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ასევე ფინანსთა სამინისტრო, ხელის გულზე დევს და აშკარად იკვეთება თემურ ჯანაშიას სისტემური დევნა, თუმცა პრეზიდენტიც რომ ჩაერთვებოდა, ნამდვილად არ გვეგონა. სამწუხარო საკითხია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პირდაპირ ჩაერთო იმ შერჩევით მართლმსაჯულებაში, რომელიც ჯანაშიას წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები და ამ შერჩევითობის რამდენიმე მკაფიო მაგალითია: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განკარგულებებს საიდუმლო გრიფი მოხსნა იმ პერიოდამდე, ვიდრე ჯანაშია სამსახურის ხელმძღვანელი იყო. როცა ჯანაშია აღარ იყო სამსახურის ხელმძღვანელი, იმ პერიოდის მასალები გრიფირებული დატოვა, რაც ანზორ ჩუბინიძის პერიოდს შეეხება. რა კრიტერიუმით აკეთებს ამას, ძალიან საინტერესოა? ამაზე გვპასუხობს, რომ პროკურატურამ მოგვმართა და პროკურატურის მომართვა გავითვალისწინეთო. უკაცრავად და საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ პროკურატურის პრეზიდენტი ან დაცვის მხარის პრეზიდენტი არ არის, ის ყველას პრეზიდენტია. პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს მხარე. როცა დაცვის მხარემ არაერთგზის მიმართა გრიფის მოხსნაზე, რატომ იგივე არ გააკეთა? 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდის განკარგულებების გრიფს ხსნი, 2013 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით მასალებზე გრიფი არ მოხსნა, რა ახირებაა?! ეს არის პირდაპირი ჩართულობა პროკურატურის იმ უკანონო ქმედებებში, რაც ჯანაშიას მიმართ ხორციელდება. პროკურატურამაც არ ჩადო ამ საქმეში 2013 წლის თებერვლის შემდგომი პერიოდის მასალები, რომელიც მკაფიოდ მეტყველებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჯანაშიას სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ამ ტიპის ხარჯებს გასწევდა და ამ ტიპის ხარჯების გაწევაში ფინანსთა სამინისტრო ბოლომდე, ერთი მხრივ, საქმეს იძიებდე და აუდიტის სამსახურის დასკვნას დებდე, რომ ხარჯვა არამიზნობრივია, იქ კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნას დებდე, რომ ამ მასალების გასაიდუმლოება არაკანონიერია, ამავე დროს, ზუსტად იგივე ხარჯვა გრძელდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ივანიშვილის პრემიერობის დროს და, ამავდროულად, რა მასალებიც იყო, დღემდე საიდუმლოა, _ ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც არ არის.
_ საქართველოს პრეზიდენტს უცნაური ახსნა აქვს: გრიფის მოხსნამ გამოიწვია ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალის ირგვლივ ევროპაში შეკითხვები. თუ დოკუმენტებს გრიფი მოეხსნება, შეიძლება არავინ აღარ დაიჭირონ.
_ პრეზიდენტის ამ განცხადებებამდე ვიცოდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ ის გრიფს არ ხსნიდა შერჩევით მართლმსაჯულებაში მისი როლის გამო იმიტომ, რომ როგორც კი იმ განკარგულებებს გრიფი მოეხსნება, ჯანაშიას საქმე ჩამოინგრევა. პირდაპირ ვთქვათ, უაღრესად უტიფრულად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე კოჭლამაზაშვილი თავმჯდომარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ მასალების სასამართლოში მიტანა ნამდვილად არის იმის საწინდარი, რომ საკუთარ თავს ვეღარ გადაახტება მთავარი პროკურატურა, საქართველოს პრეზიდენტი ამის საშუალებას არ გვაძლევს. აბსოლუტურად სწორად მოახდინეთ მისი განცხადების პერიფრაზი. მარგველაშვილი ამბობს, _ ჯანაშიას მიმართ ინტერესი რომ მაქვს, ამიტომ კი არ ვხსნი და ამიტომ კი არ ვამბობ უარს, არამედ ამ მასალების მოხსნის შემდეგ კიდევ უფრო კომიკურად გამოჩნდება პროკურატურაო და ამ მასალებზე როცა გრიფი მოვხსენი, ამის შემდეგ ევროპაში კითხვები გაჩნდა, სუშსა და პიჯაკებზე ასამართლებთ პრეზიდენტსო?! მას მიაჩნია, რომ სუშსა და პიჯაკებზე რომ ასამართლებენ პრეზიდენტს, ეს ნორმალურია, მაგრამ ამაზე ნორმალურ და ცივილიზებულ საზოგადოებას რომ კითხვები უჩნდება, ეს აწუხებს მხოლოდ. ამ ადამიანისთვის ოფლს სუნი რომ ასდის, ეს კი არ არის შემაწუხებელი, არამედ შემაწუხებელია, რომ ვიღაც მიუთითებს, ოფლის სუნი ნუ აგდის, დაიბანეო. ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის, მაგრამ ეს ზუსტი ანალოგია. მას ეს აწუხებს, კიდევ რომ მოვხსნა გრიფი და რომ გამოვაჩინო, უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება პროკურატურა და გრიფი რომ მოვხსენი, ამიტომ სხვა ბრალდებულებმა მიიღეს ხეირიო. რა გამოდის? ახლა გრიფს იმიტომ არ ხსნის, რომ ჯანაშიამ არ იხეიროს. მანამდე წარმოგვედგინა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი პასიური ქცევით ხელს არ უშლიდა პროკურატურას, ახლა მკაფიოდ ჩანს, რომ პრეზიდენტი თავისი პასიური ქცევით ხელს უწყობს პროკურატურას, ერთ-ერთ ეთერში რამდენჯერმე თქვა, რომ მე პროკურორად ნუ წარმომაჩენთო. მას პროკურორად არავინ წარმოაჩენს, პროკურორის ფუნქცია მან თვითონ მოირგო, როდესაც ამ საკითხებს ასეთი ინტერპრეტაცია მისცა. თუ მიაჩნია, რომ გრიფის მოხსნის შედეგად დადასტურდა ამ საქმის აბსურდულობა, პირიქით, მეტი პრეზენტაბელობა ხომ უნდა მიანიჭოს, ბოლოს და ბოლოს, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი გარანტი პრეზიდენტია. სამართლებრივი სახელმწიფო ცალსახად გულისხმობს პირის დევნის აკრძალვას დაუსაბუთებელი ბრალდებით და თუ ეს ხელის გულზე უდევს, იმოქმედოს. ხომ არ ვთხოვთ თქმას, რომ ჯანაშია დამნაშავეა-უდანაშაულოა? ამ ტიპის შეფასებებს ხომ არ ვთხოვთ? ჩვენ ვთხოვთ, რაც ხელეწიფება, ის განახორციელოს, რაც პროკურატურის დაკვეთით უკვე გააკეთა. იქიდან გამომდინარე, რაც მან უკვე მოიმოქმედა, პოზიტიური მოლოდინები არ გაგვაჩნია და მისი ეს გაჯიუტება, ალბათ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გაგრძელდება. სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩებით, თუ ასე არ მოხდა.
_ ბექა, რამდენიმე სასამართლო პროცესს პირადად ვესწრებოდი, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი არის მხარე. ამ პირობებში როგორ უყურებთ სამართლიანი განაჩენის პერსპექტივას?
_ ქართული მართლმსაჯულების სისტემაზე კარგი აზრის არასდროს ვყოფილვარ, წინა ხელისუფლების დროსაც კი სასამართლო სისტემა ერთ-ერთი ჩავარდნა იყო. დღეს მივიღეთ სისტემა, რომელმაც 9-წლიანი მმართველობიდან პირდაპირ გადმოიბარა ხელისუფლების დიქტატი, ანუ სასამართლო იზიარებს იმ პოზიციებს, რაც სახელმწიფოს აქვს, იმ საქმეებში მისი პირდაპირი ინტერესი არსებობს. ამავდროულად, სასამართლო მრავალ უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს მოსამართლის პატიოსნებასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად თავს ვიკავებ მოსამართლის კრიტიკისგან. ცოტა ხნის წინ მაგალითიც მოვიყვანე, ნიშნის მოგებით რომ გვითხრა, ჩემს განაჩენში ნახავთ, რაში მდგომარეობს თქვენი ქმედებაო, მაშინაც კი არ ავტეხეთ ამაზე ამბავი და არ დავაყენეთ აცილების შუამდგომლობა, ამ ფრაზებს ძალიან კონსერვატორულად მივუდექით. საბოლოო ჯამში ხომ მოსამართლემ უნდა იმსჯელოს განაჩენში ყველა საკითხზე და ამაზეც უნდა იმსჯელოს. ფორმალურად არ შევედავეთ. სასამართლო არ აკმაყოფილებდა ჩვენს მთელ რიგ შუამდგომლობებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა და სასამართლოს უკან მიჰქონდა მისივე სიტყვები, მაგალითად, გარკვეულ დოკუმენტებზე გვეუბნებოდა, რატომ არ ჩახვედით უცხოეთში და რატომ არ მოიპოვეთო? შემდეგ ჩავდიოდით, მოვიპოვებდით და საქმეს არ ურთავდა. მაგრამ ამის მიუხედავადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის კრიტიკით საჯაროდ არ გამოვსულვართ. მაგრამ უკანასკნელი ორი პროცესია, მოსამართლე კოჭლამაზაშვილი ყველა სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა, წინა პროცესზე მას აცილება დავუყენეთ, რაც არ დააკმაყოფილა და თქვა, დაცვის მხარის არგუმენტები არ არის ჩამოყალიბებული, ეს რომ რეალობა იყოს, მაშინ მოსამართლე გაგიჟებულაო. თვითონ სვამდა კითხვებს და პასუხსაც თვითონ სცემდაო. მე ნამდვიალდ არ ვფიქრობ, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი გაგიჟდა, ის ძალიან თანმიმდევრულად, ჭკვიანურად და ლოგიკურად ასრულებს იმ დავალებას, რაც თემურ ჯანაშიას შერჩევითი მართლმსაჯულების ბოლომდე მიყვანას ნიშნავს. პირიქით, ამ ქმედებებს ძალიან საღ ჭკუაზე მყოფი ახორციელებს. როდესაც აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორი ბატონი ვეკუა ეკითხებოდა, რომელიც, ერთგვარად, ბრალმდებელიცაა, თავისი დასკვნებით გამოდის, რომ ხარჯვა არამიზნობრივია, პრეზიდენტის განკარგულება არ შეესაბამება კანონმდებლობას და ა. შ. ეს ხომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულია თავისი სამსახურებრივი ფლებამოსილებისგან? მაგრამ გასაგებია, ის სახელმწიფო ვერტიკალის წარმომადგენელია და დავალებას ასრულებს, რაც მოდის პროკურატურისგან და კონტრდაზვერვის სამსახურისგან. მას ამ დასკვნაში ბევრი ლაფსუსი აქვს, ფუნდამენტური შეცდომები აქვს დაშვებული დასკვნის შედგენის დროს, ამ ფუნდამენტურ შეცდომებზე მსჯელობა, წესით, მოსამართლე კოჭლამაზაშვილის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს და რატომ? დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ ვიცით, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი წინასწარ ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით იმოქმედებს, მაგრამ ის აზრი ხომ რაღაცით უნდა დაასაბუთოს და ჩვენი არგუმენტები რაღაც დოზით ხომ მაინც გააქარწყლოს, ამას მაინც ხომ უნდა ცდილობდეს, მაგრამ არა… მოსამართლე კოჭლამაზაშვილისთვის ჩვენს წონად არგუმენტებს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს შინაგანად, მაგრამ თუ ეს არგუმენტები მოწმის ჩვენებას შეარყევს, რომელიც შემდეგ განაჩენს გაამყარებს, ცდილობს, რომ ეს არგუმენტები არ გაჟღერდეს ან გაჟღერდეს იმდაგვარად, რომ მოწმისგან პასუხი მიიღოს, რასაც განაჩენში გადაიტანს. ვსვამთ კითხვას, _ თანხის გამოყოფის დროს ფინანსთა სამინისტროც არაკანონიერად მოიქცა? ეს ამ საქმისთვის ფუნდამენტური საკითხია, _ ვიდრე თანხა დაიხარჯება, თანხა გამოიყოფა. ჯანაშიას ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა ხომ არ დაუხარჯავს, ჯანაშიამ დახარჯა კვებითი მომსახურების, მკურნალობის, პრეზიდენტის გადაადგილების, ავიაბილეთების და ა. შ. გამოყოფილი თანხა. ფინანსთა სამინისტრო ამის შესახებ ინფორმირებული იყო, მათ შორის, ნოდარ ხადური. ხადურის პერიოდის საბუთებიც დევს 2013 წლის თებერვლამდე და თუ ფინანსთა სამინისტროსთვის ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და ეს თანხები გამოყო, ე. ი. ფისკალური თვალსაზრისით პრობლემა არ ჰქონდა ამ განკარგულებას და მის შესრულებას. ამ კითხვაზე მოწმე აიბლანდა. კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს, ამ კითხვაზე პასუხი არის _ კი, ფინანსთა სამინისტრომ ეს თანხა გამოყო და ფინანსთა სამინისტროს ფილტრი გაიარა. შესაბამისად, ამ ფილტრის შემდეგ სდსს-ს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა თანხის ხარჯვისა. მოსამართლე გვაჩერებს, ალბათ, ვერ გაიგო თქვენი კითხვაო, ჩემი ფორმულირებით მივაწვდი, თუ მეთანხმებით, მაშინ ამ შეკითხვას დავსვამო. _ კარგი-მეთქი, _ დავეთანხმეთ, იმიტომ, რომ არსობრივად ვერაფერს შეცვლიდა, სულ სხვა მოცემულობაა და მოსამართლე ეუბნება, _ თქვენ მიმართ კითხვა არის, _ ფინანსთა სამინისტრომ რამდენად სწორად გამოყო ეს თანხებიო? მაგრამ ეს ხომ თქვენი შემოწმების და თქვენს კომპეტენციაში არ შედიოდა, თქვენთვის ხომ არავის უთხოვია, რომ ეს შეგემოწმებინათო? მოწმემაც აიტაცა, მოგვიტრიალდა და გვეუბნება, _ ჩემთვის არავის დაუვალებია ამ საკითხის შემოწმება და დღეს ამაზე პასუხის გასაცემად კომპეტენტური არ ვარო. თუმცა ისეთ საკითხებზე გაგვცა პასუხები, რაც არც დასკვნაში ეწერა და რაზეც კითხვა არ დაგვისვამს. ასე გამოაძვრინა მოსამართლემ ბრალდების მოწმე. იყო შემთხვევები, როდესაც ბრალდების მხარე არ აპროტესტებდა ჩვენს დასმულ კითხვებს და მოსამართლე თვითონ იჭრებოდა.
იყო ერთი უცნაური ფაქტიც: პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიას წერილობით მივმართეთ, პასუხიც წერილობით მივიღეთ: სულ მსგავსი განკარგულება არის ხუთი, მაგრამ გრიფს არ ვხსნითო. წერილი მოსამართლე კოჭლამაზაშვილს რომ მივუტანეთ, რა თქვა, იცით? ეს საბუთი არაფერს მაძლევს, საქმეს კი დავურთავ და განკარგულებების რაოდენობა იცვლება, მაგრამ შინაარსობრივად არაფერს ცვლისო.
დავუბრუნდეთ მოწმეების დაკითხვას. მას შემდეგ, რაც აცილების შუამდგომლობა დავაყენეთ, მოსამართლე კოჭლამაზაშვილი მსგავს საკითხებზე ძალიან სენსიტიურია, შემდეგში პროცესი მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში წარიმართა, კრიტიკული კითხვების დასმა მოწმის მიმართ გაგრძელდა, ამ კრიტიკულ კითხვებთან დაკავშირებით გარკვეული დაინტერესება სასამართლოს მხრიდან იგრძნობოდა, ბოლოს და ბოლოს, როგორც პროფესიონალი მცოდნეა, ამას ვერ დავუკარგავთ და ეს საკითხი არ ესმისო, ვერ ვიტყვით. რაღაც იმედმა გაიღვიძა ჩვენში, რომ შესაძლებელია, მოსამართლეს სინდისის ხმამ უკარნახა, მოდი, წინა პროცესზე არ ვიყავი მთლად ობიექტური და დღეს ყველაფრის საშუალებას მივცემ. თურმე, სად ხარ?! რეალურად, გულისყურით იმიტომ გვისმენდა, თუ როდის დასჭირდებოდა მოწმეს მაშველი რგოლი.
დაკითხვის დროს აუდიტორმა თქვა, _ პრეზიდენტის განკარგულებასაც ჰქონდა სამართლებრივი პრობლემები და ის არ შეესაბამებოდა კანონმდებლობასო. არადა, აუდიტის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია. ჩავეკითხეთ, მიეთითებინა დასკვნის შესაბამისი ფურცელი. არადა, 103-ე ფურცლის პირველი აბზაცის ბოლო წინადადებაში, რაც მოწმემ მიუთითა, მსგავსი არაფერი წერია.
მოულოდნელად, მოსამართლე ერთ-ერთი პროტესტის დროს იძლევა განმარტებას, _ აი, აუდიტის დასკვნა ერთ აბზაცზე, ერთ წინადადებაზე ერთ ფრაზაზე არ დაიყვანება, ჩვენ მთლიანი დასკვნიდან უნდა ამოვიდეთ შეფასების თვალსაზრისითო. უცებ აიტაცა მოწმემაც, _ მართალია, შეიძლება სადმე ეგრე არ მიწერია განკარგულების კანონში შეფასება, მაგრამ მთელ დასკვნას თუ წაიკითხავთ, აზრს გამოიტანთო.
ამ მოსამართლის პირობებში გადაწყვეტილება ცალსახად იქნება ისეთი, რასაც მას მთავრობა უკარნახებს, მეტიც, შეიძლება ამ მოსამართლეს მთავრობის კარნახი არც დასჭირდეს, ეს არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ჩაირიხინებს მისთვის ეს პროცესი, თუმცა თუ საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური დამოკიდებულებები ადეკვატური გახდება, რისი ნიშნებიც, გარკვეულწილად, ცოტა ხნის წინ გაჩანდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რიტორიკაში, არა იმიტომ, რომ უკეთესი ადამიანები გახდნენ შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ დევნაზე ხელი აიღეს, არამედ, უბრალოდ, ხვდებიან, რომ პიარულად ეს საქმე მათთვის უაღრესად დამაზიანებელია. თუ ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალა და უკვე ვხედავთ, აშკარად შეიცვალა ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე კოჭლამაზაშვილი 21-ე საუკუნეში შეიძლება წარმოგვიდგეს ქართული თემიდის იდეალურ სახედ, თუმცა როდესაც საზოგადოებრივ განწყობებსა და მთავრობის პოლიტიკურ წარმოდგენებზე ვართ დამოკიდებული სასამართლო სხდომის დარბაზში, ამაზე დიდი ტრაგედია და პრობლემა არ არსებობს.

ელისო კილაძე