„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის ისტორია აფხაზურად და ოსურად

აფხაზები და ოსები 1938-1954 წლებში ქართული ანბანით სარგებლობდნენ. 1941 წელს დიმიტრი გულიას მიერ აფხაზურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ ქართული შრიფტით გამოიცა, რომელიც 1953 წელს მეორედ გამოვიდა. იგივე თარგმანი რუსული შრიფტით 1959 და 1984 წლებშიც დაისტამბა.

აფხაზურ გამოცემა „ალაშარაში“ ნაწყვეტებიც იბეჭდებოდა, ხოლო მუხთარ შავლოხთის მიერ ოსურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ 1943 წელს ასევე ქართული ანბანით დაიბეჭდა, შემდეგ კი იგივე თარგმანი რუსული შრიფტით 1960 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო პერიოდში, როდესაც რუსების ძალადობის შედეგად აფხაზები და ოსები აიძულეს, რუსული გრაფიკით ესარგებლათ, ამ უკანასკნელი შრიფტით გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი თარგმანები აფხაზურად მუშნი ლასურიას, ხოლო ოსურად გიორგი ბესთაუთის მიერ შესრულებული. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის ისტორია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, თუ რაოდენ შეთვისებული აქვთ აფხაზებსა და საქართველოში მცხოვრებ ოსებს ქართული კულტურა და სულისკვეთება!
უკანასკნელ ხანამდე აფხაზთა შორის შემორჩა „ვეფხისტყაოსნის“ მზითვად გატანების ტრადიცია. ამ გენიალური პოემის უზომო პოპულარობის დასტურია აფხაზებში თხზულების გმირთა სახელების გავრცელება (შოთა, ტარიელ, თინათ, თანდელ…)
„ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები აფხაზურად თარგმნეს: დიმიტრი მაანმა (იცოდა ზეპირად); დიმიტრი გულიამ (მოგვიანებით, რამდენიმეწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, მთლიანად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, მას უანგარო დახმარება გაუწიეს ს. ჯანაშიამ და ქ. ლომთათიძემ. ასევე ცალკე წიგნად გამოსცა რუსთველის აფორიზმებიც); არუსთან არძინბამ (1905-1943) _ აფხაზი მწერალი, თარგმნა ნაწილი, ჩვენამდე არ მოუღწევია; მიხეილ გოჩუამ (1906-1941) _ აფხაზი მწერალი, ჟურნალისტი, ფოლკლორისტი 1941 წელს გამოცემული გულიასეული თარგმანის რედაქტორი, აქტიურად მონაწილეობდა რუსთველისადმი მიძღვნილი მასალების აფხაზურად თარგმნა-გამოცემის საქმეში; ლევარსა კვიწინიამ (1912-1941); ბაგრატ შინქუბამ; სამსონ ჭანბამ (1888-1937) _ თარგმნა ნაწილი, ჩვენამდე არ მოუღწევია. რუსთველისადმი მიძღვნილი ლექსები გამოაქვეყნეს: დ. გულიამ, ს. ადლეიბამ, ლ. კვიწინიამ, ბ, შინქუბამ, რ. ჭამაგუამ, ლ. ლაბახუამ ა. ლასურიამ, ქ. აგუმაამ.
„ვეფხისტყაოსნის“ სრულად პირველი მთარგმნელი, დიმიტრი გულია (1874-1960), მოწიწებით წერდა: „რუსთველი ეკუთვნის იმ პოეტთა რიცხვს, რომელთა შემოქმედებას ახასიათებს გენიალური სისადავე. თითოეული სიტყვა აწონილია, ხილული, თითოეული სახე ნათელია. პოეტის იდეები კეთილშობილია, აზრი კრისტალურად წმინდა და ძლიერი. პოემის ენა ხალხურია, მუსიკალური. ლექსის კეთილხმოვანება აღწვეს საოცარ მომხიბვლელობასა და სილამაზეს. სიტყვა წყაროსავით მორაკრაკებს…
რუსთველის უკვდავი გმირის სახელი აფხაზეთის გლეხობაშიც შეჭრილა, მოუხიბლავს იგი და აფხაზეთის ხალხს მამაკაცის საუკეთესო თვისებათა გამომხატველ ზედსართავ სახელად გაუხდია და ეს სახელია ტარიელი“.
დიმიტრი გულიამ შესანიშნავი ლექსები უძღვნა ქართველ პოეტს: „რუსთველის ძეგლი“; „საუკუნეების გენიოსს“.
დ. გულიას სრული თარგმანი რამდენჯერმე დაიბეჭდა (1941, 1953, 1959, 1984 წწ.).
დიმიტრი გულიას შვილი, მწერალი გიორგი გულია, წერდა, რომ მამამისი „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურად თარგმნის პერიოდში დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე დაუღალავად მუშაობდა. დ. გულიამ ამ თარგმანის გამო დაიმსახურა ყველაზე დიდი ჯილდო, ხალხის სიყვარული, რაც ასახულია ისტორიკოს ნიკოლოზ შონიასა და აფხაზ ისტორიკოს გიორგი ზუხბას ნაწერებშიც. გიორგი გულია წერდა: „როდესაც პოემა მთლიანად გადაითარგმნა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, განაცვიფრა აფხაზები. ენა, რიტმი, რითმის სიზუსტე იმდენად ახლოს იყო ორიგინალთან და ამასთანავე თითოეული სტროფი იმდენად აფხაზურად ჟღერდა, რომ მთლიანად პოემა აღიქვა, როგორც ორიგინალური ქმნილება“.
მწერალი და საზოგადო მოღვაწე გ. შარვაშიძე ბრწყინვალედ იცნობდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს (შეეძლო ზეპირად მოეთხრო პოემიდან მთელი თავები), სხვათა შორის, როდესაც უნგრელმა მხატვარმა, მიხაი ზიჩიმ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებაზე მუშაობა დაიწყო, პერსონაჟთა ტიპების მოძებნა სრულებითაც არ გასჭირვებია და ასეთი აღმოჩნდა გ. შერვაშიძე, მას მიხაი ზიჩი „ულამაზეს კაცად თვლიდა და ტარიელის ხორციელი განპიროვნებისთვის უფრო შესაფერისს ვერ პოულობდა“. როდესაც ქუთაისში ამ სურათების გამოფენა მოეწყო (1882 წ.), გაზეთი „დროება“ წერდა: „გ. შარვაშიძე ტარიელის სურათად იმისთანა იყო, რომ მგონია, თვით საფლავიდან ამდგარი შოთაც არ დაიწუნებდა მის იერსა და სახის მეტყველებას“.
პატივით უნდა დავასახელოთ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის კარზე აღზრდილი დავით ჩქოტუა (1849-1929 წწ.) _ ღვაწლმოსილი ჟურნალისტი და მკვლევარი _ დაკვირვებული რუსთველოლოგი. იგი საქართველოსა თუ შორეულ გადასახლებაში არ წყვეტდა „ვეფხისტყაოსანზე“ გულმოდგინედ მუშაობას. ჩქოტუამ ჯერ კიდევ 1885-1886 წლებში ოდესის უნივერსიტეტის პროფესორ ვასილ პეტრიაშვილს (1842-1908 წწ.) თავისი უნაკლო მეცნიერული წერილები გაუგზავნა, რომელიც ოდესის საოლქო სახელმწიფო არქივში აღმოაჩინა და გამოაქვეყნა შ. გოზალიშვილმა. მრავალტანჯული მამულიშვილის მრავალი წლის ნაღვაწთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვალოდ დაიკარგა, აღსანიშნავია, რომ ჩქოტუამაც ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსნის“ უმეტესი ტექსტი. ჩქოტუა წერდა: „ბავშვობიდანვე დაკავშირებული ვარ ამ დიდ ნაწარმოებთან: ჯერ იყო და მის კითხვას ვისმენდი მშობლიურ ოჯახში. მერე თავად დავიწყე მისი კითხვა, გადაკითხვა, ზეპირად დასწავლა, კვლავ გადაკითხვა და ა. შ. ასე გრძელდება დღემდე, თითქმის სამოცი წლის მანძილზე. მიუხედავად ამისა, ამ გამუდმებული კითხვით გამოწვეული შთაბეჭდილების სიახლე, ემოციის ძალა არათუ კლებულობს, პირიქით, უფრო და უფრო მატულობს. იმასვე განიცდის ქართველი ხალხი 700 წლის მანძილზე“.
საინტერესოა მ. ჰაშბას ჩანაწერი „შოთა რუსთველის პოემა აფხაზურ ფოლკლორში“.
ახლა ვნახოთ, თუ რას ამბობდა ხუხუტი ბღაჟბა, რომელიც მთელი შეგნებით აცხადებდა: „რუსთაველი ჩვენი სულიერი თანამგზავრია“: „რუსთველი ცოცხლობს აფხაზ ხალხში. აფხაზთა ზეპირსიტყვიერებაში გვაქვს საინტერესო მასალები რუსთველსა და მის გმირებზე.
რუსთველის ბევრი აფორიზმი აფხაზეთში გვხვდება ანდაზების სახით. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანში“ იკითხება: „ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!“ აფხაზური ანდაზა გვასწავლის: „მოისმინე სხვათა რჩევა, მაგრამ მოიქეცი ისე, როგორც გულმა გიკარნახოს!“
დამახასიათებელია, რომ ხშირად აფხაზები მამაც ადამიანზე, გმირზე ასე ამბობენ: „ის ტარიელის მსგავსიაო“.
რუსთველის პოეზია ამჟამად ახლებურად ცოცხლობს. შოთას სიტყვებს ჩვენ ვინახავთ და ველაციცებით სიყვარულით. იგი ჩვენი სულიერი თანამგზავრია, ჩვენ _ მისი კანონიერი მემკვიდრეები ვართ. ის ჩვენი სულისა და ჩვენი საქმის მოუცილებელი ნაწილია. რუსთველის ძეგლთან გავლისას ჩვენ წარმოვთქვამთ: „გამარჯობა, მშობლიურო შოთა!“
1953-1958 წლებში აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1958-1978 წლებში კი აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ბაგრატ შინქუბა გულწრფელად ამბობდა: „აფხაზი ხალხი ძველთაგანვე ძმობდა ქართველ ერს, მასთან ერთად იცავდა თავის კულტურასა და დამოუკიდებლობას.
აფხაზთა და ქართველთა მეგობრობა შედუღაბებულია მრავალი თაობის სისხლით, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საერთო ინტერესებს, აფხაზეთის ლაშქარი მონაწილეობდა ყველა დიდ ომში, რომლებიც ქართველებს ჰქონდათ უცხოელ დამპყრობლებთან“.
აფხაზი მეცნიერი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ დელბა ამბობდა: „რუსთაველი პოეტური სიტყვის ნამდვილი ბუმბერაზია… დაუნდობელი დრო რუსთველისათვის უძლური აღმოჩნდა“.
აფხაზ ხალხში გავრცელებულია გამოთქმები, რომელთა წყარო რუსთველის გენიალური პოემაა: „ატარიალ დშიეიფშუპ“ („ტარიელსა ჰგავს, ტარიელის მსგავსია“); „უნან, სიკუხშანდაზ, ატარიალ დშიეფშუპ“ („ო, ვენაცვალე მას, რარიგ ჰგავს ტარიელს“); „ატარიალ იეიფშ დყატყაო“ („ტარიელივით მარდი, მკვირცხლი“); „ატარიალ იეიფშ დშაშაძა ულა ხუკუეიტ“ („ტარიელივით გაბრმავებს _ თვალებს გჭრის თავისი ბრწყინვალებით“) და სხვ. რუსთველის პერსონაჟები ძლიერ მოგვაგონებენ აფხაზური ნართების ეპოსს!
ნ. შონია და გ. ზუხბა აცხადებდნენ: „აფხაზეთის ოჯახური წრეებისათვის „ვეფხისტყაოსნის“ ხმამაღლა კითხვა და ზეპირად შესწავლა საპატიო საქმედ ითვლებოდა, რადგან ამაში იყო ჩაქსოვილი ადამიანის აღზრდის ყველა ატრიბუტი: ფიზიკური შემართება, გონებრივი ბრწყინვალება, ზნეობრივი სისპეტაკე, მეგობრობა და სიყვარული, თავისუფლება და ხალხთა შორის პატივისცემა. ამიტომ აფხაზეთში „ვეფხისტყაოსნის“ მზითევად გატანება ყოველთვის მაღალ ზნეობრივ კმაყოფილებას იწვევდა“.
შ. ინალ-იფა, შოთა რუსთაველის შესახებ მსჯელობისას, დამწუხრებული აფხაზეთის მკვიდრთა სვე-ბედდა და რუსული კოლონიური მმართველობის შედეგად „მუჰაჯირობით“ გამოწვეული ტკივილის გამო კვლავ რუსული უღლის ქვეშ მგმინავი, გაუბედავად, მაგრამ მაინც ამბობდა: „მეფის დროს, კოლონიური პოლიტიკის პერიოდში, როცა აფხაზეთში მშრომელი ხალხი ბატონ-ყმობის უღელქვეშ გმინავდა, კულტურა, განათლება წინ ვერ მიდიოდა…“
„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურად მეორედ, მუშნი ლასურიასეულ თარგმანს აფხაზი მწერალი და მეცნიერი, ბორის გურგულია, ასეთნაირად გამოეხმაურა: „თითქმის ათი წელი მოანდომა აფხაზმა პოეტმა, რომ შოთა რუსთველის უკვდავი სტრიქონებისთვის აფხაზურ ენაზე ლამაზი სიცოცხლე მიენიჭებინა. აფხაზი მკითხველის წინაშე დევს უმშვენიერესი პოემა სიყვარულისა, ძმობისა და მეგობრობისა, როგორც აფხაზი კაცის სულიერი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი“.
აი, რას ამბობდა თავად მ. ლასურია: „…ბავშვმა, წავიკითხე ა. წერეთლის „გამზრდელის“ დ. გულიასეული თარგმანი მშობლიურ ენაზე. გაოცებასთან ერთად გამიჩნდა სურვილი, მეც ასეთი რამ გამეკეთებინა. მეხუთე თუ მეექვსე კლასის მოსწავლემ დავიწყე კითხვა „ვეფხისტყაოსნის“ იმავე გულიასეული თარგმანისა აფხაზურ ენაზე. რუსთველის გენიალურმა ტაეპებმა, აფორიზმებმა, სიბრძნემ, მუსიკალურობამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად ყმაწვილი ტრაგიკულად განვიცდიდი ტარიელის ბედს, ქაჯეთის ციხეში ნესტან-დარეჯანის ტყვეობას.
ჩავუღრმავდი პწკარედსა თუ ორიგინალში „ვეფხისტყაოსნის“ ყოველ ტაეპს, ყოველ ნიუანსს, შიშთან ერთად კიდევ უფრო გამიღრმავდა სურვილი, უამრავ ღამეთა თევის ფასად ჩემს სამუშაო მაგიდაზე მეხილა „ვეფხისტყაოსნის“ ჩემეული თარგმანი. ამ შემოქმედებითი გარჯისა და წვის პროცესში ვერ ვხედავდი განსხვავებას გენიალურ შოთას ცრემლსა და მუსიკას შორის, რომელთაც კელაპტარივით ამშვენებდა ქართული ენის ეშხი და ლაზათი!“

„ვეფხისტყაოსნის“ ოსურად თარგმნის ისტორია

ოსურად „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდნენ: ი. ხოზითი, ხ. ფლითი, გ. ყაითყითი, ხ. არდასენთი და სხვები. 1943 წელს მუხთარ შავლოხთიმ (1915-1946) გამოაქვეყნა სრული პოეტური თარგმანი (მეორედ დაიბეჭდა 1960 წელს), მაგრამ იგი ემყარებოდა არა საკუთრივ დედანს, არამედ პ. სანაყოთის მიერ შესრულებულ პწკარედს. მან ქართული არ იცოდა, მაგრამ მისი თარგმნილი ქართული შრიფტით დაიბეჭდა. უშუალოდ ქართულიდან გენიალური პოემა გენიალურად და ბრწყინვალედ თარგმნა ი. მაჩაბლის პრემიის ლაურეატმა გიორგი ბესთაუთიმ. გიორგი ბესთაუთის ოსურად ვეფხისტყაოსნის თარგმნა „დიდ ეროვნულ საქმედ“ მიაჩნდა და გამოთქვა იმედი, რომ „რუსთველის გენია ბევრ სიკეთეს მისცემს ოსის გულსა და სულს“, ამასთანავე, დიდ როლს შეასრულებს „საქართველოსადმი, ქართული კულტურისადმი ოსი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სიყვარულის განმტკიცებაში“. უნდა მოვიხსენიოთ ოსი რუსთველოლოგებიც: მწერალი თევდორე გაფეზი, იგივე გაგლოითი (1913-1983 წწ.), ნაფი ჯუსოითი, მ. ბულკათი და სხვანი. თავიანთი უსაზღვრო პატივისცემა და წრფელი სიყვარული გამოხატეს რუსთველისადმი მიძღვნილ ლექსებში: გიორგი ძუგათიმ (1911-1985 წწ.) ჯ. ჯიოთიმ, ა. ფუხათიმ და სხვებმა.
ალანიაში მცხოვრები ვ. აბაევი წერდა: „მე ძლიერ მიყვარს „ვეფხისტყაოსანში“ გაბნეული აფორიზმები, განსაკუთრებით ერთი: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“. ცხადია, აქ კეთილშობილური გრძნობით გამოხატულია ქართველი ხალხის ხასიათი. მაგრამ, ამასთანავე, ესაა ზოგადსაკაცობრიო იდეალი. აკი ჯერ კიდევ მოციქულმა ბრძანა, „ნეტარ არს მიცემაი უფროის, ვიდრე მიღებაი“, ეს იგივე აზრია, მაგრამ რუსთველმა ეს უფრო მოხდენილად გამოხატა“.
დღემდე ძალზე საყურადღებოა ვ. აბაევის ნაშრომი „შოთა რუსთველის პოემის ფოლკლორული საფუძვლის შესახებ“. ვ. აბაევმა დაიმოწმა ნართების ეპოსის აფხაზური, ოსური და ყაბარდოული ვარიანტები, სადაც მთავარი გმირი იმოსება ცხოველის ტყავით!
ხოლო თემირბოლათ ბალაევის ლექსად გადმოღვრილი სულისკვეთება ასეთია:
„…მე დღესაც ვხედავ საქართველოში
ნესტანს, ტარიელს, ფრიდონს, ავთანდილს.
მაინც ჩემად გთვლი, ჩემს მასწავლებლად
შენზე ოცნება მეც მაწვალებდა.
ჩემი ოსეთიც შენ შემაყვარე
ჩემი სიცოცხლის ასხივოსნებაც“.
რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ ოსებს, ოსმა მწერალმა ხარიტონ ფლითიმ (1908-1966 წწ.) თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი, ხოლო სისხლიან 1937 წელს საბჭოთა იმპერიის მწერალთა კავშირის გამგეობის რუსთველისადმი მიძღვნილ პლენუმზე იგი ხმამაღლა და გაბედულად ამბობდა: „ოსი ხალხი განსაკუთრებით ამაყობს რუსთველის გენიით, რადგან მისი ბედი განუყრელად იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის ბედთან.
ხალხის მტრებს ესმოდათ, რომ ოსი ხალხის კულტურული განვითარება მათ დაღუპვას უქადდა და ამის გამო ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ ამ პროცესის დამუხრუჭებას; კერძოდ, შეგნებულად უშლიდნენ ხელს რუსთველის პოემის ოსურ ენაზე თარგმნას, ოს ხალხს არ აძლევდნენ მსოფლიო, ზოგადსაკაცობრიო კულტურის ძეგლებთან ზიარების საშუალებას.
ოსურ ენაზე ჯერხნობით „ვეფხისტყაოსნის“ მხოლოდ ცალკეული თავებია თარგმნილი, მაგრამ სამხრეთ ოსეთის პოეტები, აქ, _ საბჭოეთის მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენლების წინაშე _ საზეიმო აღთქმას დებენ, რომ 1938 წელს რუსთველის გენიალურ ნაწარმოებს ოსი ხალხის საკუთრებად აქცევენ!“
ოსურად „ვეფხისტყაოსანი“ პირველად თარგმნა საოცარი ნიჭით გამორჩეულმა იაკობ ხოზითიმ (1916-1938 წწ.), სამწუხაროდ, უდროოდ დაღუპულმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ასევე თარგმნიდნენ ხ. ფლითი, ი. კავკაზაგი. ხოლო გ. ძუგათმა ლექსი უძღვნა, ნაფი ჯუსოითმა და სხვებმა კი მაღალი დონის მეცნიერული ნაშრომები.
დავუბრუნდეთ დიდ მამულიშვილს, გიორგი ბესთაუთს. გ. ბესთაუთმა თავმდაბლურად ბრძანა: „ერთ უცხოელ სწავლულს უთქვამს: რუსთველის თარგმნა უაზრობაა, თარგმანში იმდენს კარგავს, რომ ეს დანაშაულია რუსთველის გენიის წინაშეო…
„ვეფხისტყაოსანში“ დავინახე რაღაც ახლობელი, საერთო კავკასიური სული. უფრო მეტიც, მე მასში განვჭვრიტე რაღაც შინაგანი ნათესაური კავშირი ჩემი ხალხის სულიერ კულტურასთან“.
ნაფი ჯუსოითი ბესთაუთის შესახებ წერდა: „ასე შთაგონებით მომუშავე ბესთაუთი არასოდეს მინახავს, როგორც ამ პოემის თარგმნის დროს. იგი ყოველთვის დიდ მოთხოვნებს უყენებდა საკუთარ თავს, მაგრამ აქ მეტისმეტი იყო. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას იგი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა და ლექსის მთლიანი ჟღერადობისა და ადეკვატურობის მცირე დარღვევისადმი შეურიგებლობა ხშირად მაფიქრებინებდა, რომ ბესთაუთი ზედმეტად იტანჯავდა თავს. მაგრამ ეს იყო ხელოვანის კეთილშობილური სურვილი _ შესაძლებლობაზე მეტად გარდაექმნა საკუთარი თავი. და მისი შეუპოვრობა სასიხარულო გამარჯვებით დაგვირგვინდა _ ბესთაუთის თარგმანი ყველაზე მკაცრი შემფასებლის მიერაც კი წუნდაუდებელია“.
მ. ბულკათი აღნიშნავდა: „როცა უკვე ხელთ გვაქვს ბესთაუთის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და ვხედავთ, თუ რამდენადაა შეკვეცილი დისტანცია ორიგინალსა და თარგმანს შორის, როცა „დანაშაულის“ ზომა რუსთველის გენიის წინაშე მინიმუმამდეა დაყვანილი და ვიცით, რომ გამარჯვებულებს არ სჯიან.
ლიახვის ძველი ხიდიდან მდინარის მღვრიე ტალღებს ჩაშტერებული გ. ბესთაუთი მეუბნებოდა, რუსთველმა მოსვენება დამიკარგა, ოღონდ მასზე ფიქრიც კი მაშინებსო. ეს იყო მოკრძალება და შიში, რომელსაც საფიქრალის სიყვარული შეიქმს. ეს იყო სიფრთხილე შემოქმედისა თვალშეუდგამი სილამაზის წინაშე, რადგან პოეტი, რომელიც ცდილობს, მშობლიური ერი აზიაროს მოძმე ერის სულიერ საგანძურს, კისრულობს ამ საზიარებლის დამცველისა და მეჭურჭლეთუხუცესის როლს… საფიქრალი დიახაც ჰქონდა! ვისაც „ვეფხისტყაოსნის“, ბიბლიის ბრწყინვალე ქართული თარგმანისა და „ქართლის ცხოვრების“ ტექსტების სინტაქსის არქიტექტონიკაში ჩაუხედავს, ის დაინახავდა, რომ ენა რუსთველისა არის გზა ულეველი, გაყვანილი ძველი ქართული მწერლობიდან უსასრულობისკენ.
პოემა გენიალური იმიტომაა, რომ იგი ქართულადაა შექმნილი!
გიორგი ბესთაუთი შესანიშნავად აღიქვამს ქართული სიტყვის მუსიკას!
რუსთველი მარადისობის დიდი მგზავრია, რომელსაც ყველგან და ყოველთვის გახსნილი ხვდება ყველა კარიბჭე, მაგრამ დედა მაინც დედაა და ის ყოველ წასვლაზე შვილის ამბავს მოუთმენლად მოელის. დამშვიდებული ბრძანდებოდეს, ამჯერად შორს არ წასულა. იგი აქაა, პატარა ოსეთში და სტუმრის სკამზე კი არ ზის, არამედ დიდი მგზავრობისაგან დამაშვრალი, კერის გვერდზე იმ სავარძელში ჩაესვენა, რომლის დაკავების უფლებასაც ადათი მხოლოდ ნართების ურუზმაგის სადარ თეთრწვერა ბრძენკაცებს აძლევს!“
P. s. ასეთი იყო და არის აფხაზთა და ოსთა განწყობა საქართველოსადმი, ქართული კულტურისა და ქართველი ერისადმი, რომლის დაკარგვაც დანაშაულია არა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, არამედ თვით აფხაზთა და ოსთა წინაშეც! მხოლოდ გახსენებაა საჭირო, ყველა უბედურება ხომ ისტორიის გაყალბებით დაიწყო! ასე რომ, გამოუსწორებელი შეცდომაა იმის თქმა, თითქოს ყველაფერი დაკარგულია, რადგანაც ის ადგილი, რაც ქართულ კულტურას ეჭირა, დღემდე თავისუფალია და მისი შევსება ვერავინ შეძლო!

ხვიჩა ჯოჯუა