ცხრა წლის ვუნდერკინდი, რომელმაც მადლენ ოლბრაიტი აღაფრთოვანა

ის ჯერ მხოლოდ ცხრა წლისაა და უკვე მოასწრო ინგლისურისა და რუსული ენების სრულად დაუფლება. მე-4 წელია, ჩინურ ენას სწავლობს. 16 მარტს ვაშინგტონიდან დაბრუნდა, სადაც ჯერ გაეროს ახალგაზრდულ მოდელირებას დაესწრო, შემდეგ კი აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტს შეხვდა. ანას წარმატებებისა და ინტერესების გაგების შემდეგ ამ უკანასკნელს თავისი ბავშვობის ისტორია გაუზიარა, როცა ის, ანას ასაკში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, აეროპორტში ყვავილებს ყიდდა. ისიც უხსენებია, ტყუპი შვილიშვილები მყავს და ერთს სწორედ შენი სახელი ჰქვიაო.

დღეს IV-კლასელ ანა ჩხაიძეზე გიყვებით, რომელიც ენების ფლობასთან და დიპლომატიურ უნარებთან ერთად დაინტერესებულია რობოტექნიკით და „UG-LIMES-აკადემიის“ წყალობით, სადაც ის უკვე მეორე წელია დადის, თვითონვე აწყობს რადიოს მოწყობილობებსა და სხვადასხვა სქემას, გაძლიერებულად სწავლობს მათემატიკას, რამდენიმე წელია, ბალერინაა და თან გიტარაზეც უკრავს, პარალელურად მღერის. ჰყავს უამრავი ცხოველი და უვლის მცენარეებს.
როგორც ახასიათებენ, არის ძალიან პრინციპული და მიზანდასახული. დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს და შუა გზაზე არასდროს ჩერდება. განსაკუთრებით არ უყვარს უსამართლობა.
საოცარია და ეს გოგონა შესანიშნავად ახერხებს ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების, ხელოვნებისა და სპორტის სინთეზს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ხშირად ძილისთვის შედარებით ნაკლები დრო რჩება, მაინც არ წუწუნებს და ყოველ დილით განახლებული ძალებით იწყებს ახლის სწავლას. განტვირთვაში განსაკუთრებით ბალეტი ეხმარება, რაც ძალიან უყვარს. ბალეტის სიყვარული მაშინვე აისახება ანაზე, როცა მის მაღალ, სიფრიფანა და დახვეწილ აღნაგობას დააკვირდებით, თუმცა ამ გარეგნობის უკან ძალიან ძლიერი პიროვნება და მიზანდასახული, პრინციპული ადამიანი დგას.
ანამ რუსული ენის სწავლა სამი წლის ასაკიდან დაიწყო, მას შემდეგ ინგლისური მიჰყვა და უკვე 5 წლის ასაკში ჩინურითაც დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, ჩინური ენა ძალიან საინტერესოდ ეჩვენება, ქვეყანაც ძალიან ძლიერია და ამიტომ ამ ენის სწავლა მომავალ პერსპექტივაშიც მნიშვნელოვნად წაადგება:
„ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მეგობარი, იო-იო გავიცანი, მამამისი ჩინეთის საელჩოში მუშაობდა. მე და იო-იო მალევე დავმეგობრდით და როცა ნახეს, რომ ჩინური ენის მიმართ ინტერესი მქონდა, შესწავლა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი. წელს უკვე გამოცდა ჩავაბარე და პირდაპირ მე-3 დონის სერტიფიკატი ავიღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინურ ენაზე მეტყველება და წერა შემიძლია“.
დღევანდელი სტატიის გმირი 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ანა ცალსახად არ ამბობს, თუ რომელი საგანია მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, მაგრამ საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლის მასალა მისთვის მარტივად დასაძლევია, ამიტომ დამატებით დაინტერესდა კომაროვის მათემატიკით. ისიც დაამატა, რომ ახლა უკვე ქიმიითაა დაინტერესებული და დედას მუდმივად სთხოვს, ქიმიაზე შეიყვანოს.
გვიყვება, რომ რობოტექნიკა ტექნოლოგიის შესწავლას გულისხმობს და დაახლოებით ორ წელიწადში უკვე პროგრამირების შესწავლის ეტაპზე გადავა, ამ მიმართულებითაც დიდი ცოდნის დაგროვებას აპირებს. საკუთარ თავს მეცნიერებაში ხედავს. ტელეპორტაციის მანქანის შექმნა დაისახა მიზნად, რასაც იმით ხსნის, რომ ძალიან აწუხებს მსოფლიოში გამონაბოლქვის დონე, ტელეპორტირება კი ადამიანებს საშუალებას მისცემს, ავტომობილებისა თუ სხვა მანქანების გარეშე გადაადგილდნენ, შედეგად, დროსაც მოვიგებთ და სუფთა ჰაერიც გვექნება! ანას თქმით, ყველა მეცნიერი თავისებურად უყურებს მოვლენებს და საკუთარი გზები აქვს მათ ასახსნელად. თავადაც ასეა.
დაინტერესებულია NASA-ს აღმოჩენებით, ამიტომ აქტიურად ადევნებს მას თვალს. ვაშინგტონში აერონავტიკისა და კოსმოსის მუზეუმშიც იყო, სადაც ძველი ბოინგები, კაიუტები, რაკეტები და კოსმოსური ხომალდები დაათვალიერა. აღტაცებით ყვება მათ რეალისტურობასა და დახვეწილობაზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ანა საზოგადო საკითხებზეც მუშაობს და ძალიან აწუხებს გამონაბოლქვთან, ნარჩენების გადამუშავებასთან და, ზოგადად, ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები. სწორედ ამიტომ მან შეიმუშავა პროექტი, რომელიც მოსახლეობას, ერთგვარად, მათ თავიდან აცილებაში დაეხმარება. მართალია, პროექტის შემუშავების ფაზა ჯერ არ დასრულებულა, დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ანამ „ქრონიკა+“-ის მკითხველს მაინც გაანდო საკუთარი ჩანაფიქრი:
„პატარა სქემა მაქვს, დედას ვემუდარები, ქიმიაზე შემიყვანოს, რომ უკეთ გავწერო ყველაფერი, _ ჩემი პროექტის დასამთავრებლად ქიმიური კომპონენტების დამატება მჭირდება, რომელსაც შემდეგი სახე ექნება: ქალაქებში სხვადასხვა ადგილებში განლაგებული სამი სახის სანაგვე ურნები იდგება, რომელთაგან ერთი პოლიეთილენის ბოთლების, მეორე ორგანული ნარჩენების და მესამე სხვა დანარჩენისთვის იქნება განკუთვნილი. მათ ქვემოთ იქნება ორმო, რომლითაც ორგანული ნარჩენები ქიმიკატებით სავსე ორმოში ჩავა, გადამუშავდება, სასუქად იქცევა და სხვადასხვა პარკში, ბაღში გადანაწილდება. ბოთლები და სხვა ტიპის ნაგავი ცალკე ორმოში გადავა, რომ მას ცალკე „მივხედოთ“. მართალია, ამ პროექტში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი და გასასწორებელი, თუმცა ვეცადე, რაიმე სასარგებლო მომეფიქრებინა“.
როცა საკუთარ თავის შეფასება ვთხოვე, გადაჭრით მიპასუხა, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია, ეს გარშემო მყოფმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ, თუმცა აღიარა, რომ ძალიან უყვარს სხვა ადამიანების დახმარება. როგორც ანას დედამ გაგვიმხილა, მთელი წლის ან სეზონის მანძილზე ყულაბაში თანხას აგროვებს, რომელსაც ახალ წელს ან აღდგომას იმას ჩუქნის, ვისაც უჭირს. ქუჩაში კი ხელგამოწვდილ ადამიანს გულგრილად ვერ უვლის და აუცილებლად უნდა გაიმეტოს მისთვის მცირეოდენი მაინც.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე, ანა შემდეგნაირად პასუხობს:
„რა თქმა უნდა, საქართველოზე ბევრჯერ მიფიქრია, მთავარ პრობლემად ვხედავ იმას, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს, თუმცა ვიცი, რომ მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასე, მე კი მინდა, ხალხს დავეხმარო, ეს მიმართულება გამოვასწორო. ფაქტობრივად, არაფერი მენანება სხვებისთვის, თუ მაქვს და შემიძლია სხვასაც გავუყო“.
ჩვენი სტატიის მთავარ გმირს ძალიან მოსწონს აინშტაინის საკვირაო სკოლა, რომელიც „კანტის აკადემიის“ პროექტია, ამ სკოლაში, ფაქტობრივად, XXI საუკუნის ბავშვებს „ამზადებენ“, რადგან ისეთ საგნებს ასწავლიან, როგორებიცაა ყურადღების კონცენტრაცია, მეტყველების კულტურა, მოტივაცია და ა. შ. ძალიან უყვარს ბალეტიც, რომელიც მისთვის განტვირთვაა და მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია მისთვის ხელოვნებასთან ზიარების საუკეთესო საშუალებაა.
ანას დედა ამბობს, რომ როგორც ყველა მშობელი, ის მაინც არ არის ბოლომდე კმაყოფილი იმ აქტივობებით, რაშიც მისი შვილი ჩართულია, თუმცა, ამავდროულად, ცდილობს, მაქსიმალურად დაიჭიროს ოქროს შუალედი, რომ ანა არ გადაიღალოს ან ზედმეტად სერიოზული თემებით არ გადაიტვირთოს:
„მიუხედავად ასეთი მძიმე და დაძაბული გრაფიკისა, მე მაინც მისი ბუნების იმედი მაქვს. ძალიან ძლიერი პიროვნებაა და თავს არავის დააჩაგვრინებს. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ნახულობს თავისუფალ დროს. გუშინ კლასელი გოგონები დაპატიჟა და განტვირთვის, გართობის დღე მოიწყვეს. ამის გამო ბევრი რამის გადადება მოგვიწია, თუმცა ამ ციფრულ თაობაშიც ადამიანური ურთიერთობები უნდა იდგეს პირველ ადგილზე და შემდეგ სხვა დანარჩენი“.
მართალია, აქამდე არ გვიხსენებია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატიის 9 წლის გმირის დედა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეა. მისი თქმით, სწორედ ანა გახლავთ დედამისის ყველაზე გულწრფელი და მთავარი მრჩეველი ნებისმიერ საკითხში. აღმოჩნდა, რომ გოგონა კარგად ერკვევა როგორც ტექნოლოგიასა და პოლიტიკაში, ასევე, ბიზნესშიც. ამ კუთხით იგი მამის ერთგული მრჩეველი და პარტნიორიც გამოდის. იმავეს ამბობს ანას მამაც, რომლის თქმითაც ისინი (მშობლები) ბავშვს შედარებით მეტად ტვირთავენ, ვიდრე სხვა ბავშვები არიან მის ასაკში, თუმცა იმედი აქვთ, რომ ეს შრომაც არ ჩაივლის უკვალოდ.
9 წლის ბალერინამ ჩინურ ენაში უკვე 500-მდე იეროგლიფი აითვისა, ნოემბერში მე-4 საფეხურის გამოცდაზე გადის, ამის შემდეგ კი ჩინეთში შეუძლია წასვლა. აქვს მუსიკალური სმენა და ადვილად ითვისებს ყველაფერს, თუმცა ფაქტია, რომ ჩინური ენის სწავლა ძალიან რთულია, ანასთვის კი ამ ენის ცოდნა ის იარაღი იქნება, რისთვისაც პრიორიტეტს ყოველთვის მას მიანიჭებენ, რა სფეროშიც არ უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა. თავად სტატიის გმირს იტალიური ენის შესწავლა სურს, თუმცა დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7-8 საათს სძინავს, დანარჩენ დროს სხვა აქტივობებს უთმობს, რამდენად გამონახავს დროს იტალიური ენის შესასწავლად, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცალსახაა, რომ ანას მშობლებიც და თავადაც მაქსიმუმს აკეთებს, რათა ბავშვმა წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი თავი იპოვოს.
თავად სტატიის გმირი ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული თილისმა ან წარმატების საიდუმლო არ აქვს, თუმცა ყოველთვის აჯერებს საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად გამოუვა და ასეც არის ხოლმე.
დატვირთული დღის შემდეგ სახლში მოსულს მისი ძალიან ცელქი ძაღლი, ლუნა ხვდება, რომელიც გამუდმებით ეთამაშება. ანას ცხოველები განსაკუთრებით უყვარს და ურეკში, სადაც ზაფხულობით ჩადის, 30-მდე ცხოველი ჰყავს. არიან კურდღლები, კუები, ძაღლები, ცხენები, რომელსაც ის ხშირად თავად უვლის და კვებავს ხოლმე.
საინტერესოა, რომ 9 წლის გოგონას თავისზე ორჯერ დიდი ასაკის დისშვილები ჰყავს, რომლებიც ზოგჯერ დეიდას ეძახიან, ამაზე კი მთელი სკოლა და ოჯახი ხალისობს.
კითხვაზე, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს, სტატიის გმირი ამბობს, რომ მეგობრები მოჰყავს, კითხულობს ან ტელევიზორს უყურებს. იცის ცხენზე ჯირითიც, დგას ციგურებზეც, პარალელურად ცურავს.
„ერთადერთი, რაც მაწუხებს, ის არის, რომ ამდენი რამის კეთებაში არ გაიფანტოს. საკუთარი თავი უნდა მონახოს, ესაა მთავარი, საკუთარ სფეროში კი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. მნიშვნელოვანია, ზუსტად მონახოს ის სივრცე, სადაც ბედნიერი, წარმატებული იქნება და თავისი თავის რეალიზაციას მოახდენს.
დიდი მადლობა თქვენ, რომ მომავალი თაობით ასე ინტერესდებით, რითიც მათ არაჩვეულებრივ სტიმულს აძლევთ“, _ ამბობს დედა.
საბოლოოდ, ქართველი 9 წლის ანა ჩხაიძე გახლავთ გოგონა, რომელიც ფლობს ინგლისურს, რუსულს, ჩინურს, არის ბალერინა, უკრავს გიტარაზე, აწყობს რობოტებს, გატაცებულია მეცნიერებით, ფიქრობს და ცდილობს, მსოფლიო პრობლემების გადაჭრის გზა იპოვოს, უკვე მოასწრო ოლბრაიტთან შეხვედრა და გაეროს ახალგაზრდულ საერთაშორისო მოდელირებაში მონაწილეობაც. ამასთან, ახერხებს გართობასაც, მეგობრებთან ერთად ყოფნასაც, ძილსაც და თავისუფალი დროის გამონახვასაც.
როცა მას უყურებ, ხვდები, რომ მოდის თაობა, რომელიც ქვეყანას იმაზე მეტს გაუკეთებს, ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეიძლება ჰქონდეს. ანა ერთ-ერთი მათგანია! წარმატება მას!

ნინო ტაბაღუა