პანკისი და ჩემი ქვეყნის არჩევანი

პანკისი… კუთხე, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია არათუ ქვეყნის, არამედ ხშირად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ხეობა, რომლის ხსენებაც ადამიანთათვის ხან შიშთან ასოცირდება, ხან სილამაზესთან, ხანაც აუღებელ, შეუცნობელ კუთხეს წარმოადგენს.

იმისთვის, რომ უფრო მეტად ახლოს გავიგოთ პანკისის ისტორია, მოვიშველიე პატრიცია ფშეშლაკევიჩის წერილი პანკისზე, სადაც ის რეგიონისა და ხალხის ისტორიაზე გვიყვება.
ამონარიდი პანკისის ისტორიიდან:
„პანკისის ხეობა და ალაზნის ველი განუყოფელი ნაწილები არიან კახეთის. ხეობის ისტორიაში, ისევე როგორც მთელი საქართველოსათვის, საუკეთესო იყო თამარ მეფის პერიოდი (XII-XIII სს). იმ დროს ხეობის ტერიტორიაზე არსებობდა საერისთავო სახელწოდებით თორღვა პანკელი. საერისთავო, ძირითადად, დასახლებული იყო კახელებითა და ველზე თანდათანობით ჩამოსახლებული ქართველი მთიელებით: თუშებით და ფშაველებით. ქართველებს აშენებული ჰქონდათ მრავალი ქრისტიანული ტაძარი, რომელთა უმრავლესობისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მათზე გადაწყდომა პანკისის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეიძლება.
თავდასხმებით, ომებით, ეპიდემიებით გაუკაცრიელდადა პანკისის ხეობა,
მისი ხელახალი დასახლება დაიწყო XVI საუკუნეში, როცა ლევან კახეთის მეფემ საზღვრისპირას გაწეული სამხედრო სამსახურისთვის პანკისის მიწებით დააჯილდოვა მთიელი ქართველები: თუშები და ფშაველები. ხეობაში სახლდებიან ასევე ოსები და მთიელი მეზობელი დაღესტნიდან – ლეკები და ავარელები XVII საუკუნიდან. სპარსელების მიერ კახეთის დაპყრობის შემდეგ ირანის შაჰი პანკისში ასახლებს მუსლიმან თურქმენულ ტომებს.
პანკისის ხეობაში დღეს მცხოვრები ქისტების წინაპრები ვაინახები – ინგუშები იყვნენ.
ქისტების პირველი წინაპრები პანკისში XVII საუკუნეში გამოჩნდნენ. მაშინ ჩამოვიდნენ ამაყი მაისტოვები და მელხევები – უდიდესი ჩეჩნური თემები ჩეჩნეთ- ინგუშეთის საზღვრიდან.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, დაახლოებით, 200 წლის წინათ რამდენიმე ჩეჩენი ყმაწვილი მაისტიდან, ანუ მაღალმთიანი ჩეჩნეთიდან წამოვიდა კავკასიონის მთებში დაკარგული ცხვრების საძებნელად. რამდენიმე დღის შემდეგ გზას მათი მამებიც დაადგნენ და კავკასიონის მეორე მხარეს – საქართველოს უღრან ტყეში აღმოჩნდნენ. დაღლილებმა მწყემსური კომბალი მიწაში ჩაარჭვეს და მცირე ხნით დასასვენებლად ჩაიმუხლეს. მხოლოდ დილით გამოეღვიძათ და იქ, სადაც კომბლები ჰქონდათ ჩასობილი, ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა, ხილო კომბლების თავზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ აშენებული. კაცებმა ძებნა შეწყვიტეს, რადგან ყოველივე ამაში ღვთის ნება დაინახეს და გადაწყვიტეს, რომ ისინი და მათი მოდგმა აქ დასახლდებიან აწ და მარადის. ასეთია ლეგენდა, ხოლო ისტორიული წყაროებით ინტესიური ჩამოსახლება XIX საუკუნიდან დაიწყო. ახალმოსახლეებს ჩეჩნეთიდან ჩამოჰყავდათ ოჯახები და სახლდებოდნენ მიწებზე, რომელსაც ქართველი თავადები მათ ოჯახით აძლევდნენ, რადგან დაღესტნელი და აზერბაიჯანული სახანოს მძარცველებისგან საქართველოს საზღვრების დასაცავას მებრძოლი მთიელები ესაჭიროებოდათ.
შემდეგ, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში, პანკისში, მაისტოვების გარდა, სხვა ჩეჩნურმა და ინგუშურმა გვარებმაც დაიწყეს ჩამოსახლება. ძირითადად ესენი იყვნენ იმ პერიოდში ჩრდილო კავკასიის დამპყრობელი და ჩეჩნური წინააღმდეგობის ჩამხშობი მეფის არმიას გამოქცეულები.
მრავალი ათწლეულის მანძილზე ქართველი მთიელები, თუშები და ფშავები პანკისის მეზობლად ცხოვრობდნენ.
1866 წელს ჯოყოლოში აშენდა ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ლოცულობდნენ როგორც ქართველი მთიელები, ასევე ჩეჩნებიც. პანკისის ხეობას არც მუსლიმანი მისონერები ივიწყებდნენ. 1902 წელს სოფელ დუისში მეჩეთი აიგო, რომელიც სულ მალე ჩრდილო კავკასიაში პოპულარული სუფიტური ორდენის საქმიანობის ცენტრად იქცა.
პანკისში ყველაზე მეტი მიმდევრები ჰყავდა კუნტა ჰაჯი კიშიევის საძმოს (ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო იმამ შამილისა და მეფის რუსეთის წინააღმდეგ მისი შეიარაღებული ბრძოლის), კადირიის „ტარიკატისის“ (გზა) მიმდევარი. მრავალი საძმო იქმნებოდა და რაც განსაკუთრებული იშვიათობა იყო, მათ შორის, ქალთა ორდენიც. ეს „ჰაჯისტები“, როგორც მათ აქ უწოდებენ, დღესაც იკრიბებიან დიდ დღესაწაულებზე და ჯგუფურად ლოცულობენ, ანუ ასრულებენ „ჯიკრს“. ლოცულობენ არაბულად, ჩეჩნურად და ქართულად, ხშირად კი ეს არის ჩეჩნურისა და ქართულის ნაზავი ე. წ. ქისტური დიალექტი, რომელზეც საუბრობს ქართველი ჩეჩნების უმეტესობა.
ქისტებმა, საქართველოში ცხოვრების 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქართული კულტურის მრავალი ელემენტი შეითვისეს, მაგრამ საკუთარიც შეინარჩუნეს. რელიგიისა და ნაწილობრივ ენის გარდა, შენარჩუნებული აქვთ ოჯახში ქცევის მკაცრი ეტიკეტი. ამგვარად, ყოველგვარი შეხება და კონტაქტი ქალსა და მამაკაცს შორის სხვა პირების თვალწინ ტაბუდადებულია. გაარშიყება, ძირითადად, ჟესტებითა და სახის მიმიკით ხდება, მაგრამ არასოდეს მოწმეების თანდასწრებით. ქალი, განასაკუთრებით ახალდაქორწინებული, ვერ დაჯდება მამამთილისა და მაზლების გვერდით, არ მიმართავს მათ პირველი. ოჯახის ყველა წევრისთვის აკრძალულია ნამდვილი სახელით მიმართვა. ყოველდღიურობა კი, როგორიცაა სამზარეულო, საოჯახო ზეიმები, ქორწილები _ სრულიად გაქართულებული იყო. ქისტები, ისევე როგორც ქართველები, ვაზის მოშენებას მისდევდნენ, სვამდნენ ღვინოს ჭიქით, ან ყანწით.
ქართულმა ხელისუფლებამ შეიფარა ჩეჩენი ჩამოსახლებულები და ლტოლვილები. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წწ.) მათ მოქალაქეობა მიანიჭეს. მოხელეები მაშინ მათ ქართულ სახელებს აძლევდნენ. ამის შედეგად მრავალი ჩეჩენი დღეს ორმაგ სახელს ატარებს – ჩეჩნურსა და ქართულს. სხვათა შორის, ასეთი „ქართული ელფერის“ გამო ქისტები, მათი მოძმე ჩეჩნების, ინგუშებისა და დაღესტნელებისგან განსხვავებით, 1944 წელს ცენტრალურ აზიაში სტალინურ გადასახლებას გადაურჩნენ.
სსრკ-ს პერიოდში ქისტებსაც, ისევე როგორც სხვებს, შეეხოთ გასაბჭოებისა და ათეიზმის პოლიტიკა. 1930 წლიდან მთელ საქართველოში იქმნებოდა „უღმერთოთა კავშირები“, რომლებიც ებრძოდნენ როგორც ქრისტიანობას, ასევე ისლამს. საბჭოთა ხელისუფლება ხურავდა ეკლესიებს, მეჩეთებსა და სხვა სიწმინდეებს. დუისში დაიხურა მეჩეთი. სპეციალური სამსახურები სდევნიდნენ და აპატიმრებდნენ რელიგიურ ლიდერებს. მრავალი სუფიტი და სხვა სასულიერო პირი დააპატიმრეს, გააციმბირეს, ან სიცოცხლეს გამოასალმეს. რელიგია, მათ შორის, ისლამი, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა. ქისტებისთვის მან საოჯახო სფეროში გადაინაცვლა, ფარულად ლოცულობდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდგომი „დათბობა“ დაიწყო და 1960 წლიდან ხელისუფლებამ დუისის მეჩეთის ხელახლა გახსნის ნება დართო.
პანკისის ხეობის შემდგომი ისტორია ეს არის საბჭოთა, ხოლო შემდეგ კი, 1991 წლიდან, დამოუკიდებელი, შინაომებითა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპატრატიზმით გატანჯული საქართველოს ისტორია. პანკისი, გარდა იმისა, რომ ოსეთში მიმდინარე ომის პერიოდში (1990 წლები) ოსები მასობრივად ტოვებდნენ იქაურობას, ამ მღელვარე მოვლენებისგან გარიყულად იდგა, იზოლირებული იყო და საქართველოს ხელისუფლება მას სულ უფრო და უფრო ივიწყებდა. კრიზისი კიდევ უფრო ამძაფრებდა სიდუხჭირეს. მრავალი ქისტი მიდიოდა რუსეთში სამუშაოს საშოვნელად. დიდი ტალღა, უმთავრესად მამაკაცები, მიემგზავრებოდა ჩეჩნეთშიც, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. 1994 წელს დაწყებული I რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შედეგად ბევრი მიგრანტი უკან დაბრუნდა, მათთან ერთად პანკისში ჩამოვიდნენ სამხრეთ ჩეჩნეთიდან ლტოლვილები. მისი დამთავრების შემდეგ მრავალი მათგანი უკან დაბრუნდა. ახალგაზრდა ქისტებიც მიემგზავრებოდნენ ჩეჩნეთში, სადაც საქართველოსგან განსხვავებით სამუშაო იშოვებოდა, ქვეყნის აღმშენებლობა მიმდინარეობდა. სამი წლის შემდეგ II ომი დაიწყო, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანკისის ხეობაზე, მისი შედეგები დღემდე იგრძნობა.
რუსეთ-ჩეჩნეთის II ომის დაწყებიდან, ანუ 1999 წლიდან, ხეობაში ჩამოვიდა 10 ათასზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი. უმთავრესი სიმძიმე მათ სისხლისმიერ ნათესავებს – ქისტებს დააწვათ. სახლებში, სკოლებში, გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და სხვა ნაგებობებში და საჯარო დაწესებულებებში ცხოვრობდნენ ავადმყოფი, ყოველგვარ საარსებო სახსარს მოკლებული ადამიანები. ზოგი ლტოლვილი ცხვარს მწყემსავდა, მეფუტკრეობას მისდევდა და თავიანთ შვილებს ავარჯიშებდნენ კავკასიაში სპორტის პოპულარულ სახეობაში – ჭიდაობაში. 2001- 2002 წელს ხეობაში იარაღის, ცოცხალი საქონლისა და ნარკოტიკების კონტრაბანდული დაჯგუფებები დაძრწოდნენ. ხეობა ყველასთვის ჩაიკეტა, გარდა იქაური მუდმივი მოსახლეობისა. შესასვლელ გზებზე ქართული ჯარი და ქისტების სახალხო ლაშქარი ჩადგა, დააყენეს საკონტროლო პუნქტები. პანკისის ხეობის ბლოკადა 2002 წლის ბოლოსთვის დასრულდა, როცა ქისტებმა ქართული ჯარის დახმარებით სრულიად გაწმინდეს ხეობა ბანდებისგან. 2003 წელს ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფები, რომლებიც საქართველოში იმალებოდნენ, ტოვებენ ხეობას. 2004 წელს სიტუაცია ჩაწყნარდა და უსაფრთხოება სრულად აღდგა.
ამჟამად პანკისის ხეობა, ძირითადად, ქისტებითაა დასახლებული. დაახლოებით 8 ათასი ქისტია, უმთავრესად ცხოვრობენ დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ჯიბახევში, წალახანში (ზემო, შუა, ქვემო) და ომალოში. ქისტები ახმეტაშიც ცხოვრობენ და ცალკეულ შერეულ ოჯახებში მთელ ახმეტის რაიონში. ქისტური ოჯახები თბილისშიც ცხოვრობენ.
ქისტური სოფლების გარდა ხეობაში არის ფშავების, თუშებისა და ბაცბიელების სოფლები, როგორც ადგილობრივები, ცხოვრობენ ხევსურებიცა და ოსებიც“.
უხუცესები

2015 წელს გამოცემულ წიგნში „ქისტების ადათ-წესები“, რომლის ავტორიც ხასო ხანგოშვილი გახლავთ, ერთ-ერთი თემა არის, როგორ შეიქმნა უხუცესთა საბჭო. ბატონი ხასო წერს:
„ქისტები ვეინახური ტომია. ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები ერთი ერის, ვეინახების წარმომადგენლები არიან და ერთიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა, ენა და კულტურა აქვთ. მართალია, არსებობს მეტ-ნაკლები განსხვავებანი ენობრივი (დიალექტური) და ადათ-წესების მიხედვით, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ არანაირ გაუგებრობას არ იწვევს ურთიერთობებში.
ვეინახური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, ჯერ კიდევ, ადრეულ სტადიაში, წინა პლანზე გამოდის უხუცესთა საბჭო, „მეხქ ჴჲალ“ (სიტყვასიტყვით „ქვეყნის სამართალი“), რომელიც შეიქმნა დემოკრატიული არჩევნების გზით. თითოეული თეიფი ირჩევდა დელეგატს (უმეტეს შემთხვევაში, გვარის უფროსს), რომელიც ცხადდებოდა თუხუმის (ტომი) ყრილობაზე, სადაც ხდებოდა უხუცესთა საბჭოს არჩევნები.
„მეხქ ჴჲალ“ წარმოადგენდა საკანონმდებლო ორგანოს და, ამავე დროს, ირჩევდა და აკონტროლებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. მართლმსაჯულებას განაგებდა უხუცესთა საბჭო, ქვეყნის დონის საჩივრები განიხილებოდა ქვეყნის უხუცესთა საბჭოს მიერ, ხოლო ყოფა-ცხოვრებითი დანაშაული განიხილებოდა თუხუმის უხუცესთა საბჭოზე. შიდა რეგიონულ და სოფლის დავებს ასევე წყვეტდა ხალხი, რომელთაც მოდავე მხარეები აირჩევდნენ უხუცებიდან, თითო ან ორ-ორ მოსამართლეს, რომელთაც ესმოდათ ადათ-წესების კოდექსი და საქმეებს არჩევდნენ.
უხუცესთა საბჭო მტკიცედ და განუხრელად ახორციელებდა საზოგადოების დემოკრატიულ წყობას. არასოდეს დაუშვებდა, მათ მიერ დანიშნული მოხელე იმდენად გაძლიერებულიყო, რომ ეცადა, მმართველობის სადავეები თავის ხელში მოექცია, დაემყარებინა ავტორიტარული მმართველობა. რომ არ მომხდარიყო ასეთი რამ, სარდალსა და სხვა მოხელეს განსაზღვრული ვადით ირჩევდნენ. თუ მოხელე ისე გამდიდრდებოდა, რომ ქონების დაგროვებას დაიწყებდა (მიწების შესყიდვა, საქონლის მომრავლება), მას ქონების კონფისკაციით ქვეყნიდან აძევებდნენ.
პანკიში მცხოვრებმა ქისტებმა, თავისთავად იგულისხმება, ის ადათ-წესები გამოიტანეს, რომლებიც დამახასიათებელი იყო მათთვის. მათ ახალ სამშობლოში ახალ პირობებში მოუხდათ ცხოვრების დაწყება.
პირველ ხანებში იზოლირებულად ცხოვრობდნენ, მეზობელ ქართველებთან ურთიერთობის დაწყებამდე ძალზე გაუჭირდათ, ნაწილი ჯოყოლოდან უკან, ქისტეთში გადასახლდა კიდეც, მაგრამ სწორედ მამაპაპური ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების წყალობით შეძლეს ახალ მიწაზე დამკვიდრება.
ქისტები პანკისში ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ქისტეთში ისინი თავიანთი კანონებით ცხოვრობდნენ, როცა გამოჩნდა მტერი, რომელიც თავის კანონებით ცხოვრებას აძალებდა, გამოერიდნენ, მიატოვეს სამშობლო და მეზობელ ქვეყანაში ჰპოვეს თავშესაფარი, მაგრამ აქაც რუსის ხელისუფლება ბატონობდა, აქ ყველანი სახელმწიფო კანონებით ცხოვრობდნენ. მართალია, პირველ ხანებში სახელმწიფო მოხელეები არ ერეოდნენ ქისტების ყოფა-ცხოვრებაში, მაგრამ თანდათანობით დაიწყეს მათი გაკონტროლება, სახელმწიფო კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა.
ეს ძალზე რთული აღმოჩნდა, რადგან ეს ხალხი ოდითგანვე თავისუფალ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ყველაფერს აკეთებდა, არ დაედგა კისერზე სახელმწიფო უღელი. სწორედ ამ ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ ყველა საზოგადოებრივ ფორმაციაში (თემური, ბურჟუაზიული, სოციალუსტური, დემოკრატიული) შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, ეცხოვრათ საკუთარი ადათ-წესების მიხედვით.
ცხადია, ამ კუთხით სრულ დამოუკიდებლობას ვერ შეძლებდნენ, ეს გამოიწვევდა სახელმწიფოსთან კონფლიქტს, რაც დამღუპველი იქნებოდა მცირე ეთნოსისათვის, რომელიც დიასპორას წარმოადგენდა. ქისტებმა მოახერხეს ეცხოვრათ თავიანთი კანონებით, მაგრამ, ამავე დროს, დამორჩილებოდნენ სახელმწიფო კანონებსაც. ერთი სიტყვით, გამოუვალ სიტუაციაში, დღევანდელი ტერმინი რომ ვიხმაროთ, კოჰაბიტაციაში იყვნენ სახელმწიფოსთან, მაგრამ საკუთარ ადათ-წესებს არ ივიწყებდნენ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმ პრინციპებით წყვეტდნენ, რა პრინციპებითაც მართავდნენ საზოგადოებას წინაპრები.
ოღონდ ეპოქის შესაბამისად ატარებდნენ რეფორმებს, ახალი დროის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოჰყავდათ ადათ-წესები. რეფორმებს ატარებდა პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის უხუცესთა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა სოფლისა და თეიფის წამომადგენლობები. ეს საბჭო იხილავდა უმთავრესად ადათ-წესებში საჭირო ცვლილებებს, ატარებდა რეფორმებს ადგილობრივი, ქისტური თემისთვის ახალი პირობების შესაბამისად, ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით. ყოფა-ცხოვრებით კონფლიქტებს, სადავო საკითხებს იხილავდა „ჴელხოჲ“ (მოსამართლენი), რომელთაც მოდავე მხარეები ირჩევდნენ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ოღონდ უფლება არ ჰქონდათ, მოსამართლედ აეყვანათ თავისი გვარის წარმომადგენელი, ან ახლო ნათესავი. საქმეებს იხილავდა ორი, ან ორ-ორი კაცი მოპირდაპირე მხრიდან. თუ ვერ შეთანხმდებოდნენ (განაჩენის გამოტანისათვის უნდა იყოს სრული თანხმობა მოპირდაპირე მხარეების მოსამართლეებში), საქმის გასარჩევად სხვა მოსამართლეებს იწვევდნენ, ან უხუცესთა საბჭოს გამოჰქონდა გადაწყვეტილება.
ქისტური ადათობრივი სასამართლოს უნიკალურობა ის გახლავთ, რომ მოდავე მხარეს ჰყავს თავისი მოსამართლე – ადავოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს. ერთი რამ უნდა იცოდეს მკითხველმა, რომ აქ სიტყვა „ადვოკატი“ ვიხმარე, უბრალოდ, იმ მიზნით, გაცხადებულად ჩანდეს, რომ რომელიმე მოდავე მხარე დაჩაგრული არ იქნება არც ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ მართალია.
სხვათა შორის, უხუცესი მოსამართლე, რომელიც თანხმდება, მიიღოს მონაწილეობა დავის გარჩევაში, წინასწარ ეუბნება თავის კლიენტს: იცოდე, მე მხოლოდ სიმართლეს დავიცავ, მხოლოდ სიმართლის მხარეზე ვიქნებიო. მოგეხსენებათ, ადვოკატი დღეს კლიენტს იცავს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მართალია თუ მტყუანი მისი კლიენტი, ბანდიტია თუ მკვლელი. ის ფულს, გასამრჯელოს იღებს მის დაცვაში და ვალდებულია, გაამართლოს თავისი დაცვის ობიექტი.
ქისტურ ადათობრივ სასამართლოში ასეთი რამ გამორიცხულია. ჯერ ერთი, მოსამართლე უსასყიდლოდ მუშაობს; მეორე, ის არის ცნობილი ავტორიტეტი, სამართლიანი, მოუსყიდველი.
მესამეც, ასეთი რეპუტაციის მოსამართლესთან აქვს საქმე, მათი ამოსავალი წერტილი სიმართლეა. ამიტომ მოსამართლე შეთავსებით ადვოკატობას ასრულებს, რადგან იცავს თავისი კლიენტის სიმართლეს, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლეს!
მოსამართლედ მიწვეული პირი უნდა იყოს სამართლიანი, უმწიკვლო წარსულის მქონე პიროვნება. როდესაც მას ექნება დავა სხვასთან, აუცილებლად უნდა გაიზიაროს ხალხის (შუამავლების) თხოვნა და შეეძლოს დათმობაზე წასვლა და შერიგება. თუ პირად დავაში სიჯიუტეს გამოიჩენს, არ იცავს სამართლიანობას და დავას აგრძელებს, ასეთ კაცს უფლება არ აქვს, სხვისი დავის გარჩევისა.
ასეთ „ჴელხოჲზე“ იტყვიან: მაგან როგორ უნდა გაარჩიოს საქმე სამართლიანად, როცა თავისი დავის გარჩევაზე უარს ამბობსო. იგი კარგავს ავტორიტეტს, მას უკვე აღარ იწვევენ მოსამართლედ, ძალზე კარგადაც რომ ერკვეოდეს ადათობრივ კანონებში.
მძიმე ხასიათის დავის დროს (დაჭრა, მკვლელობა, ქალის მოტაცება-გაუპატიურება და სხვ.) ადათობრივ სასამართლომდე რომ მიიყვანონ საქმე, ძალზე მძიმე, დამღლელი და ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. ამ პროცედურაში ერთვება უხუცესთა საბჭო, გვარის უფროსები, მოდავე მხარეთა ნათესავი უხუცესები.
დაზარალებული ყოველთვის ცდილობს, ძალადობას ძალადობით უპასუხოს, შეურაცხყოფა სისხლით ჩამოიბანოს. ამ დროს საქმის მიშვება, უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან შესაძლებელია, კონფლიქტი უფრო მძიმე დანაშაულში გადაიზარდოს, მოხდეს გამოუსწორებელი რამ, მაგალითად, ჩხუბში დაჭრილი ან მისი ძმა, ბიძა და ბიძაშვილი გამალებული ეძებენ, უსაფრდებიან დამჭრელს, რათა სამაგიერო გადაუხადონ. ჯერ ერთი, არ არსებობს გარანტია, რომ სამაგიერო ზუსტად მოყენებული ზარალის ტოლფასი იქნეს, შეიძლება სასიკვდილო ჭრილობა მიაყენონ, არაერთჯერ მომხდარა ასეთი შემთხვევა.
მეორეც, დამჭრელიც გულხელდაკრეფილი არ ზის, იცის, რომ დასდევენ, მომზადებულია და თავს იცავს. ამ დროს შეიძლება უფრო მძიმე ჭრილობა მიაყენოს და ისედაც მძიმე დანაშაული უფრო დაამძიმოს.
ამიტომ არის, რომ უხუცესებს არ სჭირდებათ თხოვნა, ჩაერიონ კონფლიქტის მოსაგვარებლად. თავად შესაბამის დროს (ე. ი. დაუყონებლივ, თუ არ არის განზრახ მძიმე გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა) იწყებენ მოქმედებას. უპირველს ყოვლისა, დაადგენენ იმ ავტორიტეტიან უხუცესს (გვარის უფროსს, მამას, ბიძას, ძმას და ა. შ.), რომელსაც აქვს გავლენა დაზარალებულზე.
შემდეგ მასთან ერთად მიდიან დაზარალებულის ოჯახში, ხვდებიან დაზარალებულის უახლოეს ნათესავებს და სთხოვენ, შეწყვიტონ დევნა და საქმე გადასცენ ორ კაცს „ჴელხოჲს“ გასარჩევად. უარის შემთხვევაში განაწყენებულები როდი ბრუნდებიან, კვლავ მიდიან უხსნიან, შეაგონებენ, არწმუნებენ, სთხოვენ, არ მოეშვებიან, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ დაითანხმებენ.
უმთავრეს შემთხვევაში შეთანხმება მიღწეულია ხოლმე. უარყოფით რეაქციას იწვევს ქისტურ საზოგადოებაში სიჯიუტე, უხუცესების უპატივცემულობა, ალაჰისა და ხალხის სახელით თხოვნაზე უარი. ასეთი ადამიანი გაკიცხვის საგანი ხდება, ის კარგავს პატივისცემას არათუ გარეშე ხალხში, არამდე გვარშიც და ნათესავებშიც. ამიტომ ქისტი კაცის დაყოლიება მშვიდობაზე არც თუ ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უყვარს თავისი ხალხი, ადათ-წესები, უხუცესები და პატივს სცემს რელიგიას და კომპრომისზე მიდის.
დავის გარჩევის დროს ორივე მოდავე მხარის ნათესავები იკრიბებიან, ესწერებიან თანასოფლელებიც, უხუცესებიც. ყველანი დაინტერესებულნი არიან, მშვიდობა ჩამოვარდეს კონფლიქტის მხარეებს შორის, საჭირების შემთხვევაში, გაჯიუტებულ მოდავეს წრეში მოაქცევენ, არწმუნებენ, ეხვეწებიან, ემუდარებიან, წავიდეს დათმობაზე და ა. შ. ხალხს დიდი ძალა აქვს, გაჯიუტებულიც მოლბება, დათმობაზე მიდის, აცხადებს, ღმერთისა და ამ ხალხის გულისთვის მიმიტევებია დანაშაულიო. ხალხიც მადლობას უხდის, უწონებს საქციელს, უქებს კაცობას.
გადაწყვეტილება მიღებულია, განაჩენი გამოტანილია და რჩება მხოლოდ აღსრულება. განაჩენის აღსრულების ბერკეტები, მხედველობაში მაქვს აღმასრულებელი ორგანო, უხუცესთა საბჭოს არ გააჩნია, „ხელხოიმ“ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ თვალს მაინც მიადევნებს, ასრულებს თუ არა დაკისრებულ განაჩენს სასამართლოში გამტყუნებული. რა თქმა უნდა, ისინი ვალდებულნი არ არიან და არც მოსთხოვს ვინმე, ნორმალური აზროვნების ადამიანი, საქმე გაარჩიეთ და აღსრულებაც თქვენ იკისრეთო.
მაგრამ არსებობს მორალური ბერკეტები, რასაც მოსამართლენი მიმართავენ კიდეც. ყოველთვის ცდილობენ, მონახონ საშუალება, არ ჩააყენონ დამნაშავე ისეთ მდგომარეობაში, არ დააკისრონ ისეთი მატერიალური გადასახადი, რომელსაც ვერ მოერევა.
ასეთ შემთხევაში მართალს კი არ შეუკვეცენ სამართალს, არამედ განაჩენის შემდეგ სთხოვენ დაზარალებულს, აპატიოს ან შეუმციროს გადასახადი. ერთი სიტყვით, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საქმე მშვიდობიანად გადაწყდეს და მოხდეს შერიგება, შემდეგ მოდავეებმა კვლავ რომ არ წამოიწყონ დავა. მოსამართლეები ორივე მხარის წარმომადგენლებიდან ირჩევენ თითო ავტორიტეტიან კაცს, რომელთაც პირობას ჩამოართმევენ ხალხის წინაშე, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილებას პირნათლად შეასრულებენ“.

პანკისელი სალაფიტები

პანკისში დასახლებული ქისტები სუფისტები, იგივე ტრადიციული ისლამის მიმდევარნი იყვნენ. რუსეთ-ჩეჩნეთის II ომის დასრულების შემდეგ პანკისში ჩამოსული ასევე სუფისტი ჩეჩნები გაკვირვებულნი დარჩნენ. აღმოაჩინეს, რომ მათი მოძმე ხალხი ახალ წელს აღნიშნავს, როგორც მეჩეთში დადის, ისე ეკლესიაში ლოცულობს, ღვინოს სვამს და ძირითად წესებს თუ აკრძალვებს არ იცავს. ლტოლვილთა ამ ნაკადს თან არაბი მოჯაფიდები ჩამოჰყვნენ. მოჯაფიდები, ისლამის თანახმად, რელიგიური მოტივებით საბრძოლო მოქმედებების მონაწილენი არიან. მუსლიმურ სამყაროში მუჯაჰიდებს უწოდებენ, არაბი მოჯაფიდები სუფისტები არ იყვნენ, ისინი სალაფიტები იყვნენ და როგორც ყველა სალაფიტს, მათაც მიაჩნდათ, რომ მუსლიმს ისე უნდა ეცხოვრა, როგორ მუჰამედი ცხოვრობდა. სალაფიტებისთვის მიუღებელია ღვინის სმა, ცეკვა, სიმღერა, გართობა. ისინი, ძირითადად, სწორედ ისე ცხოვრობენ, როგორც ყურანშია მითითებული. მათი ცხოვრების წესი ძალიან ჰგავს მუჰამედის ცხოვრების წესს.
სალაფიზმი თანმიმდევრულ მიმდინარეობად XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა, როგორც რეაქცია ისლამში წარმოშობილ კორუფციულ ინსტიტუტებზე. მან უარყო ყველა სუნიტური სკოლა, დაგმო სუფისტური ტრადიციები და სქოლასტიკური თეოლოგია. სალაფიტთა რწმენით, მუსლიმებისთვის მმართველობის ერთადერთი მართებული სისტემა შარიათის სამართალზე არის დაფუძნებული. XVIII საუკუნეში ისლამური სამყაროს სხვადასხვა ნაწილში სალაფიზმი არნახულად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით არაბეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ვაჰაბიზმის სახელით ცნობილი წარმატებული სალაფიტური მოძრაობა დღესაც ინარჩუნებს სიძლიერეს.
XX საუკუნეში, არაბულ სამყაროში ნაციონალიზმის აღმავლობის პერიოდში, სალაფიზმი ნაკლებად აქტუალური გახდა. 1950-იან და 60-იან წლებში სალაფიტზე პოპულარული არაბული წარმოდგენა იყო საგანგებო სამოსში გამოწყობილი ღრმად მორწმუნე, რომელიც ადგილობრივ მეჩეთთან ნაწერებს არიგებდა და ერთმორწმუნეებს ისლამის ჭეშმარიტი გზიდან გადახვევას საყვედურობდა. მათი რეტროგრადული მსოფლმხედველობა ხშირი დაცინვის საგანი იყო იმდროინდელ ეგვიპტურ კომედიებში. სალაფიტების სწავლების აპოლიტიკური ხასიათის გამო ხელისუფლება მათ არ სდევნიდა და მუსლიმური საძმოს ალტერნატივად წარმოაჩენდა.
1970-იან წლებში, ნავთობის ფასებზე ბუმის შემდეგ, არაბულმა კონსერვატიულმა ისტებლიშმენტმა სალაფიტური მოძრაობის ხელშეწყობა წამოიწყო. საუდის არაბეთში გადმოინაცვლა ეგვიპტეში ხელისუფლებისგან დევნილმა ბევრმა ისლამისტმა იდეოლოგმა.
ეგვიპტეში მდიდარი მფარველების წყალობით სალაფიტებმა საკუთარი მეჩეთები და სემინარიები გახსნეს, დიდი რაოდენობით ლიტერატურა გაავრცელეს და ღარიბ მოსახლეობაში ქველმოქმედება დაიწყეს. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ახლაც ცხოვრობს, სალაფიტების რიტორიკა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის შესახებ, მორალურად გაბანკროტებული რეჟიმის მაცდურ ალტერნატივად ჟღერდა.
სალაფიტურ-ჯიჰადისტური მიმდინარეობა საქართველოში 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან შემოვიდა და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პანკისის ხეობის ახალგაზრდებში. ისლამის სალაფიტური მიმდინარეობის აღმასვლამ საქართველოს მუსლიმანურ თემებშიც გამოიწვია შიდა დაძაბულობა. მაშინ, როდესაც უფროსი თაობის მუსლიმები უფრო მეტად „ტრადიციულ“ ისლამს მისდევენ, ახალგაზრდა მორწმუნეებს სალაფიტური ისლამი იზიდავს. ამავე დროს, საქართველოს მუსლიმური ოფიციოზი უშუალოდ უჭერს მხარს „ტრადიციულ“ ისლამს, რაც, თავის მხრივ, აჩენს ზოგად აღქმას იმისა, რომ ისინი არ არიან მიუკერძოებლები და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინდივიდუალურ დონეზე არ შეინიშნება რაიმე სერიოზული დაპირისპირება სალაფიზმის მიმდევრებსა და სხვა მიმდინარეობის მუსლიმებს შორის, დაპირისპირებათა რიცხვი იზრდება.
90-იან წლებში, როდესაც პანკისში მცხოვრებმა ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა იგრძნეს, რომ სალაფიტები ხეობაში ძლიერდებოდნენ, მათ მეჩეთის კარი ჩაუკეტეს და იქ ლოცვის შესაძლებლობა არ მისცეს. თუმცა სურათი უფრო და უფრო მეტად შეიცვალა _ ახალგაზრდებმა დაფინანსება მიიღეს და რელიგიის სწავლების მიზნით სასწავლებლად არაბეთსა და ირანში წავიდნენ, იქიდან კი სწავლულნი (როგორც ეძახიან) დაბრუნდნენ, ამავე პერიოდში შემოწირულობა მიიღეს სალაფიტმა ქისტებმა და ჯერ დუისში, ხოლო შემდეგ ხეობის სხვადასხვა სოფლებში ლამაზი, დიდი, ახალი მეჩეთები ააშენეს. ამან საბოლოოდ დაჰყო სუფისტები და სალაფიტები ერთმანეთისგან.
დღეს სუფისტები სალაფიტებს ვაჰაბისტებად და რადიკალებად მოიხსენიებენ, ხოლო სუფისტებს ხეობაში ტრადიციული ისლამის მიმდევრებს ეძახიან.
2011 წელს, სირიის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველოდან, დაახლოებით, 50-დან 200 მოქალაქემდე გაემგზავრა კონფლიქტურ ზონაში სალაფიტურ-ჯიჰადისტურ ჯგუფებში გაწევრიანების მიზნით. მათგან, დაახლოებით, 30 ემსხვერპლა 2011 წელს მიმდინარე საომარ მოქმედებებს. საქართველოდან წასული მებრძოლების უმრავლესობა პანკისელი ქისტები არიან, თუმცა არსებობს მონაცემები ეთნიკურად ქართველებით დასახლებული „ეკომიგრანტების“ სოფლებიდან და აზერბაიჯანული სოფლებიდან წასული მებრძოლების შესახებაც.

დოვლა

აქ უკვე სალაფიტურ თემშიშივე დაყოფას ვხვდებით. პანკისში მცხოვრებ სალაფიტების მცირე განაყოფს დოვლა ჰქვია. დოვლას მიმდევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სირიაში წავიდნენ და, პრაქტიკულად, უკან ვეღარ დაბრუნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პანკისში მცხოვრები სალაფიტების იდეოლოგია ხშირად კრიტიკის ობიექტია, მათ ტერორისტებთან აიგივებენ. რეალურად, სალაფიტები თავად იყვნენ სირიაში მყოფი სალაფიტური ჯგუფების მუქარის ქვეშ. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ის მუქარის შემცველი გზავნილები, რომელთაც სალაფიტური თემი იღებდა ხეობაში. ტექსტი და მოთხოვნა კი ერთი და უცვლელი იყო, უნდა ებრძოლათ ისლამური სახელმწიფოს აღდგენისთვის და სირიაში ჩასულიყვნენ საბრძოლველად.
ხეობაში მცხოვრები სალაფიტები დღეს ხეობის თითქმის 75%-ს შეადგენენ, განსაკუთრებით ამ მიმდინარეობით ახალგაზრდები არიან მოხიბლულები.
და როდესაც ვინმეს ქისტების ეშინია, ალბათ, უნდა იცოდეს:
სალაფიტი ქისტები არც ღვინოს სვამენ, არც მღერიან, არც ცეკვავენ, არც ნარკოტიკები ხიბლავთ. რეალურად, თუ დოვლას მიმდევრებს არ ჩავთვლით, არც სირიისკენ უწევდათ გული და არც პოლიტიკისკენ, ისინი, უბრალოდ, პარასკევის ლოცვაზე იკრიბებიან, მსჯელობენ და ცხოვრობენ საკუთარი წესებით. და, ალბათ, მათაც, როგორც სხვებს, სწყინთ, როდესაც სახელმწიფო მძიმე დღეებში არ ესაუბრება, არ უსმენს…
რამდენი მუსლიმი ადამიანია დღეს პოლიტიკაში თანამდებობაზე, პარლამენტში? საქართველოს მუსლიმანური უმცირესობა არ არის პროპორციულად წარმოდგენილი არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ იმ სამსახურებშიც კი, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები რელიგიური საკითხების მოგვარებაზე. იზოლაციის, განვითარების დაბალი დონისა და ზოგ შემთხვევაში ენობრივი ბარიერის გამო, მუსლიმან თემებს ჩამოუყალიბდათ არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ჩართულობამაც კი ვერ შეცვალოს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ. სწორედ ამ ფონზე მოიპოვა პოპულარობა ისლამის სალაფიტურმა მიმდინარეობამ, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ ჩართულობაზე ძალადობის სასარგებლოდ.

ტრადიციული ისლამისა და ადათობრივი სამართლის რღვევა პანკისის ხეობაში

2015 წლის ივლისში უხუცესთა კავშირის გამგეობის განცხადება ნათელს ჰფენს, რომ ადათობრივი მიმდინარეობა რღვევას იწყებს. განცხადებაში ამბობენ, რომ
უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებმა თავისი ასახვა ჰპოვა ხეობის „უხუცესთა კავშირის“ შემადგენლობაშიც.
აღნიშნული კავშირის გამგეობა წარმოადგენს ძირითად მოქმედ, აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ერთი წლის შემდეგ ანგარიშს წარუდგენს „უხუცესთა კავშირს“ გაწეული მუშაობის შესახებ.
„უხუცესთა კავშირის“ ფუნქცია, ძირითადად, ამ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებით შემოიფარგლება, რაც კავშირის წესდებაშიც ნათლად არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 13 დეკემბრის ახლად არჩეული კავშირის გამგეობა კარგად შეკრული, მონოლითური, ხეობის სიკეთისათვის დაუღალავად მებრძოლთა ერთობლიობა იყო, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ერთმანეთის პატივისცემით, საერთო აზრის გათვალისწინებით და ხეობის ინტერესების დაცვით ხდებოდა.
კავშირის შემადგენლობაში ბზარი ისევ რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვა. კავშირის თავმჯდომარისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის შეხედულებები ამ საკითხებთან მიმართებით.
ამასთანავე, მასზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა „უხუცესთა კავშირიდან“ გარიცხული პიროვნებების ზემოქმედება და მუდმივი ზეწოლა, რათა იგი მათ მხარეზე გადასულიყო.
საბოლოოდ, მაინც გატეხეს მოხუცი, რომელიც ბნელი ძალების ზემოქმედების მსხვერპლი გახდა. მან გამგეობის წევრთა „დასჯა“ გადაწვიტა და „უხუცესთა კავშირის“ „რეორგანიზაცია“.
ამ მიზნით დაუკავშირდა ხეობაში არსებულ „უხუცესთა კავშირისადმი“ ოპოზიციურად განწყობილ ძალებს, რომელთა მეშვეობითაც სურდა, სისრულეში მოეყვანა თვისი მიზნები. მთიელისთვის და, კერძოდ, ვაინახისთვის ყოვლად მიუღებელი ორმაგი თამაშისა და ღალატის გზას დაადგა, რასაც კატეგორიულად ემიჯნება კავშირის გამგეობის სრული შემადგენლობა.
ამ ძალებმა კანონის სრული იგნორირებით, „კავშირის“ წესდების უხეში დარღვევით გადაწყვიტეს „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის, როგორც ორგანოს, სრული ლიკვიდაცია. დაახლოებით ოცამდე ადამიანმა, რომელთაგან 90%-ს არანაირი შეხება არ გააჩნია „უხუცესთა კავშირის“ საქმიანობასთან, კენჭისყრა მოახდინა გამგეობის ლიკვიდაციის თაობაზე (არსებობს ამ თავშეყრის შესახებ გადაღებული ვიდეომასალა. სპეციალისტთა მიერ თარგმანის განხორციელების შემდეგ იგეგმება ამ ვიდეომასალის გამოქვეყნება, რათა ფართო საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს ამ უინტელექტო ადამიანთა ერთი ჯგუფის მიზნები).
მათ მიზნებს კიდევ უფრო აიოლებდა ის გარემოება, რომ გამგეობის რამდენიმე წევრი გამგეობის თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი და „უხუცესთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე ზელიმხან წუწაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევით ჩრდილო კავკასიაში იმყოფებოდნენ.
„უხუცესთა კავშირის“ წესდებაში ვკითხულობთ:
5.1 კავშირის წევრთა საერთო კრება იკრიბება წელიწადში 2-ჯერ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის გადაწყვეტილებით, ან წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე, როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს;
5.2 კავშირის გამგეობა კავშირის ყველა წევრს პირადად აცნობებს კრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ კრებამდე 2 კვირით ადრე მაინც და უძღვება კრებას…
ზემოაღნიშნული ყველა მუხლი იგნორირებულია, დარღვეულია, რასაც კანონმდებლობასთან, სამართლებრივი საკითხების ნორმალურ წარმართვასთან არაფერი აქვს საერთო.
„უხუცესთა კავშირის“ გამგეობამ სრული შემადგენლობით, მიმდინარე წლის 14 ივნისს მოახდინა შეკრება. სხდომაზე შექმნილი სიტუაცია განიხილეს.
ვინაიდან „უხუცესთა კავშირის“ თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ გამგეობასთან თანამშრომლობას არ აპირებს, ჩვენ მივიღეთ კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილება და დროებით მოვალეობის შესრულება დავავალეთ „უხუცესთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე ზელიმხან წუწაშვილს. „უხუცესთა კავშირის“ არსებობის საკითხი არ არის ერთ რომელიმე პიროვნებაზე დამოკიდებული, თუნდაც იგი თავმჯდომარე იყოს.
ეს ინსტიტუტი სათავეს იღებს უძველესი პერიოდიდან ვაინახებში.
პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირი“ თავის მუშაობას განაგრძობს და ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კავშირის დაშლის შესახებ სიცრუეა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, _ აცხდებს კავშრის გამგეობა. თუმცა განხეთქილებას წინ უძღღოდა სხვა დაპირიპირებებიც, მაგალითად, ერთი საკითხი, რაზეც გვარებმა უხუცესებთან კითხვები დასვეს და უხუცესთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომრე, სოლცა ქავთარაშვილი ამბობდა, რომ ჩეჩნეთში რამდენიმე უხუცესი მას გაეპარა და ის არ წაიყვანეს, ჩეჩნეთში პანკისის ამავე წლის ივნისში ხეობის უხუცესთა საბჭოს დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტი ორდღიანი იყო. სტუმრობის პირველ დღეს პანკისიდან წასულმა დელეგაციამ გროზნოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა, მეორე დღეს კი დელეგაციის წევრებმა წმინდა ადგილები მოილოცეს. ერთობლივი ლოცვის შემდეგ პანკისელი უხუცესები, ჩეჩენ უხუცესებთან ერთად, რამზარ კადიროვის მშობლიურ სოფელში იმყოფებოდენ, სადაც კადიროვის მამისა და რუსეთის გმირის: აჰმატ ჰაჯიკ კადიროვის საფლავი მოინახულეს. გროზნოში დაბრუნებულმა პანკისელმა უხუცესებმა შეხვედრა გამართეს ჩეჩნეთის მთავრობის რელიგიური საკითხებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალგაზრდების სულიერი აღზრდისა და ტრადიციების შენარჩუნების საკითხები.
უფრო ადრე, 2012 წელს, უხუცესთა კავშირის ფორმირება მას მერე მოხდა, რაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხეობას ესტუმრა. მოგვიანებით, უხუცესებმა საჯარო რეესტრში ორი სხვადასხვა იურიდიული პირი დაარეგისტრირეს უხუცესთა სახელით. დღეს საჯარო რეესტრი ხეობის უხუცესების ორ დოკუმენტს ინახავს. ერთს მხოლოდ თავმჯდომარე ჰყავს, მეორეს კი მხოლოდ გამგეობა და მისი წევრები.
ისედაც გაძლიერბულმა სალაფიტურმა რელიგიამ ადათობრივ და ტრადიციულ ისლმს წყალი შეუყენა. ბოლო პერიოდში რამდენიმე უხუცესის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გარდაცვლილ მაჩალიკაშვილის საქმეზე ხეობაში სიტუაცია დაძაბა, გვარებმა შეახსენეს, რომ უხუცესთა დიდ ნაწილს ლეგიტიმაცია აღარ ჰქონდა გვარისგან, ქავთარაშვილმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი თვითმარქვიები არინ და არა უხუცესები.
საბოლოოდ კი, თუ ხეობის 75% სალაფიტია, მას ადათობრივი სამართალი და ტრადიციული ისლამის არ სჯერა, მას მხოლოდ შარიათის კანონები სწამს, ასე რომ ხეობაში დარჩენილთა 25% თუ უხუცესთა ლეგიტიმაციის საკითხს ეჭქვეშ აყენებს, მარტივი კითხვა ჩნდება, _ მაშ, რატომ ესაუბრება ხელისუფლება უხუცესებს, თუ მათ ხეობის მოსახლეობის გვარებისგან ლეგიტიმური უფლება არ მიუღიათ?
უხუცესთა კავშირსა და სალაფიტებს შორის არსებული დაპირისპირება 2017 წლის მაისში გაკეთებული განცხადებითაც ჩანს;

პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირის“ განცხადება:
„უკანასკნელ პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომელშიც გაჟღერებულია აზრი, რომ პანკისის ხეობის უხუცესები და რადიკალური ისლამის მიმდევრები ერთად არიან, მათ შორის ყოველგვარი გაუგებრობა აღმოფხვრილია და ყველანაირი პრობლემა მოხსნილია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა.
ჩვენ ვადასტურებთ შეხვედრას ახალგაზრდებთან ქალაქ თბილისში, სადაც შევთანხმდით, რომ ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ერთად ვიდგებოდით, მაგრამ არის საკითხები, სადაც სრულიად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს.
ამდენად, მავანთა და მავანთა განცხადებები, თითქოს ბაირამის დღესასწაული ერთად ვიზეიმეთ, სიცრუეა და ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციისგან თავი შეიკავონ, რადგანაც შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ეს ყველაფერი რაღაც სხვა მიზანს ემსახურება!

P.S.

ფაქტი ერთია, ხელისუფლების გარკვეული ძალები ხელს უწყობენ შიდა დაპირისპირებას ხეობაში “გათიშე და იბატონეს” პრინციპით. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ ხეობაში შიდა დაპირისპირების მიზნით გარკვეულ ჯგუფებს ხვდებიან, ხოლო დანარჩენს აიგნორებენ.
დაბოლოს, ის, რაც მე უნდა ვთქვა… ნუ გეშინიათ ხეობის, სადაც სიცოცხლე და სიკეთე დუღს, სადაც ყველაზე დიდი კულტურა არსებობს სტუმარმასპინძლობის. ღმერთს ჩემს დაბადებამდე რომ ეკითხა ჩემთვის, სადაური მინდოდა ვყოფილიყავი დედამიწაზე, აუცილებლად პანკისს ავირჩევდი და აუცილებლად ვთხოვდი, ქისტად მოვევლინე ამქვეყნად.

მაკა მოსიაშვილი