რეპორტაჟი ჰერეთიდან

vbb

„ქრონიკა+“ საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) მიემგზავრება. დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ მხარე სამი რაიონისგან შედგება: კახის, ზაქათალისა და ბელაქნისგან. კახში მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ, ზაქათალასა და ბელაქანში კი, უპირატესად, _ გამაჰმადიანებული ქართველები.

თბილისის უყურადღებობის გამო პირველებს ძირძველი მიწის დატოვება, ხოლო დანარჩენს იძულებითი ასიმილაცია მოუწევს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

თბილისიდან სამარშრუტო ტაქსის მივყვებით, რომელიც ზაქათალის ქართულ სოფლებამდე მიდის. გზად კახელებს ნობათი გამოუტანიათ, ძირითადად, ჩურჩხელები და სასმელი. ასეთივე სიტუაციაა შუა გზაზე, ბარჯისხევში, სადაც ვჩერდებით. აქ ყველაფერი ლარი ღირს _ ჩურჩხელა, თონის პური, ყველის ნაჭერი, სიმინდი და ა. შ. მოვაჭრეებმა მგზავრი, ლამის, ხელით დაიჭირონ და თავის სავაჭრო დახლთან მიიყვანონ.

ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე ქიზიყში განსაკუთრებით იგრძნობა. ცენტრალური გზის პირას მდგარი სახლები, თითქმის, ინგრევა და ყურადღების მიმქცევი არავინაა. სახლს ვერ ნახავთ, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები რომ მიმდინარეობდეს. სიცოცხლის მცირე ნიშანწყალი წნორის ცენტრში შეინიშნება.

ლაგოდეხის რაიონშიც იგივე მდგომარეობაა. ერთ დროს აყვავებული მხარე ახლა ჩიხია, საიდანაც ადამიანები სარჩო-საბადებლის საშოვნელად გაქცევას ცდილობენ. აქ პროგრესი საერთოდ არ შეინიშნება. თითქოს უცბად ეს ულამაზესი მხარე ღმერთმაც მიივიწყა.

მხოლოდ ლაგოდეხის მრავალჭირნახული იუსტიციის სახლის მშენებლობა, როგორც იქნა, დასრულებულია. თუ ამ საქმეში „ქრონიკა+“-ის სტატიებმაც დადებითი როლი ითამაშა, მხოლოდ გაგვახარებს. შემოდგომა და არჩევნები კარს მოგვადგა, დასტურ კი იუსტიციის სახლი ლაგოდეხში აშენებული დაგვხვდა. მაგრამ „ოცნების“ შავი ყორანი უკვე ვეღარ გათეთრდების, მხატვრული ფილმები გოგამ კი არა, რომან პოლანსკიმაც რომ გადაიღოს. ამ სიუჟეტს, მოგვიანებით, კიდევ დავუბრუნდებით.

როგორც იქნა, საზღვარს მივადექით. ქართული მხარე ადვილად გავიარეთ, წინა ხელისუფლებისას ჩაყრილი საფუძველი აქ, ერთი შეხედვით, კარგად მუშაობს. როგორც ამბობენ, გარკვეული ხარვეზები არის, მაგრამ უმნიშვნელო. ბობოლა, დიდჯიპიანი აზერბაიჯანელი სასაზღვრო კონტროლის ურიგოდ გასვლას ცდილობს. მესაზღვრე უხსნის, რომ „აქ ეგრე არ ხდება“, რიგი როცა მოუწევს, მაშინ გაივლის, არადა, მგზავრი სხვასაა მიჩვეული და მოცდა არ უნდა.

აზერბაიჯანულ მხარეზე ისევ „ლეგენდარული“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გვხვდება. აქ ყველაფერი სანიმუშოდაა გაკეთებული თვითონ ადმინისტრაციისთვის, მანქანებისთვის, მათ შორის, თურქული ტრაილერებისთვის და ა. შ. აი, ადამიანებისთვის მარცხენა მხარეს ერთი ვიწრო გასასვლელია, სადაც დაგებული გზა ნგრევის პირასაა. ხტუნვა-ხტუნვით უნდა იარო, რომ პუნქტამდე მიაღწიო. იქვე, გვერდით, ყვავილებისთვის უფრო მეტი სივრცეა გამოყოფილი, ვიდრე მგზავრებისთვის. ამ ყვავილნარის შუაგულშიც თითო-ოროლა ვარდი თუ ხარობს.

აქედანვე კარგად ჩანს, თუ რა ღირებულებაა ამ ქვეყანაში ადამიანი. პირდაპირ ვთქვათ, ამ ქვეყნის ხელისუფლებას მოქალაქე არ ადარდებს, თორემ, თუნდაც, სასაზღვრო სივრცეს ასე არ გაანაწილებდა.

აქაც ადვილად გადავდივართ, პასპორტები მოწმდება და შიგნით შესაბამისი ბეჭდები ირტყმება. ჩანთები საბაჟო კონტროლს გადის. ვსხდებით და ბელაქნისკენ მივეშურებით. აქ გარეგნულად ყველაფერი კარგად გამოიყურება _ გზები გაკეთებულია, ცენტრალური ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. ერთ შეხედვით, შთაბეჭდილება გექმნება, რომ სოციალურ-ეკონომიკურად წელში გამართულ ქვეყანაში მოხვდი, სადაც, მინიმუმ, ხალხს ცხოვრება არ უჭირს. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად.

რეალურად, მოსახლეობა აქაც ისევე არსებობისთვის იბრძვის, როგორც მთელ ყოფილ საბჭოეთში. სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია ისევ ჩვეულებრივი ამბავია, საგზაო პატრული ღიად ქრთამზე მუშაობს, თუ ფეხი დაგიცდა და სამართალდამცველებს ჩაუვარდი, კაი „ოთუზბირი“ თუ არ გადაიხარდე, „წესრიგის დამცველებს“ მშვიდობიანად თავს ვერ დააღწევ და ა. შ.

ცნობილი კრიზისის შემდეგ ნავთობის ფასმა იმატა, მაგრამ ეს რიგითი აზერბაიჯანელების ცხოვრებას არ დასტყობია. აქაური მანათი დოლართან მიმართებით ისევ დაცემულია, ე. წ. შავ ბაზარზე ერთ დოლარს, 1,75 მანათად თუ იყიდი. ინფლაციამ თავისი საქმე გააკეთა. ფასები ყველაფერზე მომატებულია. ეს პროცესი ხელფასი-პენსიებზე სათანადოდ არ ასახულა. ხელისუფლებამ მცირედით გაზარდა, მაგრამ არსებულ ინფლაციასთან შედარებით ეს არაფერს ნიშნავს.

ქვეყანაში ხელისუფლება, ე. წ. ელიტა და მოსახლეობა სხვადასხვა ცხოვრებით სულდგმულობს. იქაურ ტელევიზიებს რომ უყურო, კიდევ ერთხელ გეგონება თავი აღორძინებულ ქვეყანაში. პრეზიდენტი ალიევი ყოველდღე ახალ-ახალ ობიექტებს საზეიმოდ ხსნის. უკვე წამოზრდილი ოჯახობაც მუდმივად გვერდით დაჰყვება. ეჰ, სიმბოლოებს რა ვუყოთ, მეთაურს ხომ მემკვიდრეები ეზრდებიან! საკითხავია, ვინ იქნება მისი „ნათელი იდეების“ გამგრძელებელი?

მაგრამ მანამდე მას ჯერ საკუთარი მომავალი აქვს უზრუნველასაყოფი. ამიტომაც ამ შემოდგომაზე ქვეყანაში მორიგი რეფერენდუმი ტარდება, რომელიც ალიევის შემდგომ პრეზიდენტობას 5-დან 7 წლამდე გაზრდის. რას იზამ, არ არის საკმარისი 5 წელი სრული ბედნიერების მისაღწევად, როგორც, თავის დროზე, ხუთწლედი არ იყო ხოლმე საკმარისი კომუნიზმის ასაშენებლად.

აბა, გამოიცანით, რა შედეგებით დასრულდება ეს რეფერენდუმიც? კაი ოჯახისშვილია ვინმე და ხმას ნუ მისცემს „საქვეყნო რეფორმას“. თავის დროზე, ვინც ხმა ამოიღო, სათანადო პასუხიც გასცეს. პოლიტიკური ოპოზიცია მარგინალიზებულია. ერთადერთი ოპოზიციური ტელეარხი ხელისუფლებამ დახურა. მოტივი არ გაინტერესებთ? რეჯეპ ერდოღანის აშშ-ში მცხოვრები მეტოქის, ფეტულა გიულენის ინტერვიუ გაავრცელაო. ეს ერთი ინტერვიუ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალიევის ხელისუფლებას ერთადერთი ტელევიზია მყარად დაედუმებინა, საიდანაც მოსახლეობა, მეტ-ნაკლებ, სიმართლეს ისმენდა.

დანარჩენი ტელევიზია მხოლოდ მთავრობის პოზიციას აშუქებს. ოპოზიციის ჩვენება კი, მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში გატარებისთვის, უფრო ხშირად მისი გაშარჟებისთვის კეთდება. მაგალითად, ამის საბაბი ისაა, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ბაქოში აკრედიტებულ უცხოელ, ძირითადად, ამერიკელ, ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ ელჩებს ხვდებიან. თან რას ითხოვენ, _ დაგვეხმარეთ, რომ ეს სამარცხვინო რეფერენდუმი არ ჩატარდესო. აქ ოპოზიცია არავის სჭირდება, ქვეყანა ხომ წინ მიდის, ვითარდება და დაბრმავებული „ხალხის მტრები“ ამას ვერ ამჩნევენ.

იმ დროს, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არსებობისთვის იბრძვის, ხელისუფლება რიგრიგობით სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს. ამ დღეებში ბაქოში დიდი საჭადრაკო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ამისთვის გრანდიოზული დარბაზი სპეციალურად უმოკლეს ხანში აშენდა. იგი, მართლაც, უნაკლოა. ბაქოს სტუმრობდა ფიდეს პრეზიდენტი, კირსან ილუმჟინოვი. „ნიუ ვასიუკი“ ცოცხალია და ახალ-ახალ „სიმაღლეებს“ იპყრობს.

ამის შემდეგ ქვეყანაში საერთო მუსლიმანური თამაშები ჩატარდება. მანამდე აზერბაიჯანში ევროპული ოლიმპიადა ჩატარდა, ევროვიზია და ა. შ. ამასობაში, ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მსოფლიო და ევროპული დონის თამაშებს, სხვადასხვა ღონისძიებას ჩვენ ვატარებთ და, მიუხედავად ამისა, ევროპაში უვიზოდ მაინც ქართველები ივლიანო. იქამდე ვინც გაქცევას ახერხებს, გარბის, ძირითადად, რუსეთში, უფრო მცირე ნაწილი _ ევროპა-ამერიკაში, დარჩენილები კი არსებობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ნავთობის ფასის დაცემის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სხვა დარგებიც განევითარებინა, რათა მხოლოდ ენერგეტიკულ მარაგებზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. ქვეყანაში თავიდან დაიწყეს ბამბის, თამბაქოს მოყვანა, მაგრამ ეს რა შედეგს გამოიღებს, ჯერ არავინ უწყის. ფაქტია, რომ მსოფლიო ბაზარზე სანავთობო რყევებმა ბაქო საგონებელში ჩააგდო და დივერსიფიკაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა. თან იმის გათვალისწინებით, რომ საერთო სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია, შემწეობამ მცირედ იმატა და არც მანამდე ყოფილა ხელფასი-პენსიები სიდიდით მაინცდამაინც გამორეჩული.

საინგილოში მოსახლეობის ერთ-ერთი შემოსავალი თხილია. წინა წლებთან შედარებით წლეულს მცირე რაოდენობით მოვიდა. სამაგიეროდ, როგოც პროდუქციის დეფიციტს ახასიათებს ხოლმე, თხილის ფასმა იმატა და ხუთ მანათმდე ავიდა. ეს 6 ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. მიმდინარე წელს თურქეთშიც თხილის მცირე მოსავალი მიიღეს, რამაც, ასევე, იმოქმედა ღირებულების მატებაზე. მთლიანობაში მიღებული თხილის მოსავლით ოჯახი აქ ვერ იცხოვრებს, ამას ნაკვეთზე მოწეული სასოფლო პროდუქცია ემატება და სხვ.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჰერეთში ქართული სკოლები უმძიმეს მდგომარეობაშია. წლებია, თბილისიდან წიგნები ვეღარ ჩადის და ინგილო ბავშვებს სწავლა დახეულ-დაგლეჯილი სახელმძღვანელოებით უწევთ. აღარაფერს ვამბობთ სასწავლო პროგრამებზე, ინსტრუქციებზე, მასწავლებელთა ტრენინგებზე და ა. შ. ორმა სტრატეგიულად პარტნიორმა ქვეყანამ დღემდე ის ვერ მოაგვარა, რომ ჰერეთის სკოლები სასკოლო სახელმძღვანელოებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

იქაური ადმინისტრაციის პოზიცია, მეტ-ნაკლებად, გასაგებია. მათ საინგილოში ქართული სკოლების, სექტორების ფუნქციონირება აშკარად არ სიამოვნებთ. დღე და ღამე იმისთვის ზრუნავენ, რომ ეს სკოლები დაიკეტოს, ქართველების სრული ასიმილაცია განხორციელდეს. როგორც ჩანს, ე. წ. მეგობრობა ამასაც ითვალისწინებს. სხვა რას უნდა დავაბრალოთ მდგომარეობა, როცა ქართულ-აზერბაიჯანულ სკოლებში დღემდე კანონდარღვევით მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებს?! მიზანი გასაგებია, ქართველები ბავშვს იძულებით აზერბაიჯანულ სექტორზე მიიყვანენ და მერე მისი მშობლიურზე გადმოყვანა გაძნელდება, საერთოდ თუ არ აეკრძალება. თუ ამგვარ დამოკიდებულებას მეგობრობა ჰქვია, თანაც სტრატეგიული, მაშინ…

ამას ემატება ის, რომ ბოლო წლებში ინგილო აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა ძალიან უჭირთ. ეს მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გარდა ადგილზე საგნებში დამატებით მომზადებას ცდილობენ. მათ სურთ, რომ საგრანტო დაფინანსება მიიღონ, რადგან ბევრ ოჯახს ფასიან სასწავლებელში გადახდის საშუალება არ გააჩნია. ამ მხრივ მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესობისკენ იცვლება.

მაგალითისთვის, წელს 20-ათასკაციანი დაბა ალიაბადიდან (ისტ. ელისენი) საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ვერც ერთი ბავშვი ვერ ჩაირიცხა; ხოლო სოფელ მოსულიდან მხოლოდ ერთი ბავშვი მოხვდა უმაღლესში. სამს თითო ქულა დააკლდა ზოგად უნარებში. ჰერელების მცდელობა, რომ განათლების სამინისტროს მათთვის მცირე გამონაკლისი დაეშვა და სასწავლებლებში ჩაერიცხა, უშედეგოდ დასრულდა. ფაქტია, ეს დამოკიდებულებაც მოქმედებს საერთო უიმედო მდგომარეობაზე, რასაც თბილისში ვერაფრით აღიქვამენ.

შესაბამისად, ადგილობრივ აგიტატორებს ნიადაგი ეძლევათ თქვან, _ რა გინდათ თბილისში, მაინც ვერ აბარებთ, არ გიღებენ, დაივიწყეთ მშობლიური ენა, აზერბაიჯანულად ისწავლეთ და ბაქოში ჩააბარეთო. იმაზე არაფერს ამბობენ, რომ იქ სწავლა გაცილებით ძვირი ჯდება და ყველაზე მთავარი, როდესაც გამაჰმადიანებული ქართველი აზერბაიჯანულ განათლებას იღებს, მისი ცნობიერებაც იცვლება და აქედან სრულ გადაჯიშებამდე ერთი ნაბიჯია.

საწყენია, რომ დღეს თბილისში ამ პრობლემის ელემენტარულად გააზრებაც არ შეუძლიათ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ არანაირი სახელმწიფო სტრატეგია არ არსებობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით. მარტო ამ სტატუსის მინიჭება ერთეულებისთვის საქმეს ვერ უშველის. მასში რეალური შეღავათები ჩადებული არ არის. ფესვებზე ასე ხელაღებით უარის თქმა, გარიყვა კი კარგს არაფერს მოგვიტანს.

აბა, სხვა რას დავაბრალოთ, როდესაც თბილისში ექიმთან ჩამოსული ჰერელები, შეღავათის ნაცვლად, მეტ გადასახადს იხდიან?! უფასო მომსახურებას არავინ ითხოვს, ნუთუ არ შეიძლება, მცირე გამონაკლისების დაშვება ჩვენივე თანამემამულეებისთვის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ სრულიად უფასოდ ვემსახურებით? თუ სტრატეგიული პარტნიორის ნავთობმა და გაზმა ყველა და ყველაფერი დაგვავიწყა?!

კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი: სულ ცოტა ხნის წინათ საზღვარზე ქართულ მხარეს ინგილო ახალგაზრდას აჩერებენ, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მას ქართული სახელი და მამის სახელი აქვს, გვარი _ აზერბაიჯანული, _ გამაჰმადიანებული თემიდანაა. მისი ოჯახი დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და მოქალაქეობა აქვს მიღებული. მესაზღვრეები მას მოუწოდებენ, რომ წვერი გაიპარსოს, თორემ საქართველოში არ შეუშვებენ.

ისინი იმასაც კი ვერ ხვდებიან, თუ ვისთან აქვთ საქმე. თუ ასეთი მაგრები ხართ, რუსებს ან ჩრდილოკავკასიელებს გაუკეთეთ ასეთი „ნომრები“, თქვე დავრდომილებო, ისიც რომ ვერ გაგირკვევიათ, საზღვარზე ვის როგორ უნდა მოექცეთ!

„ქრონიკა+“ ამ საკითხზე მონიტორინგს განახორციელებს. კიდევ ერთხელ დაგიშვიათ მსგავსი დოყლაპიობა და შესაბამის რეაქციას მიიღებთ!!! ამ ხალხმა საუკუნეების განმავლობაში უმძიმეს ბრძოლებში შეინარჩუნა რელიგია, ქართული გვარი, ენა და დღემდე ასე მოვიდა! თქვენ მაინც სადაური მანქურთები ხართ, მტერი და მოყვარე რომ ვერ გაგირჩევიათ?!! ჰოდა, პასუხიც მოგეთხოვებათ, თუ მსგავსს ქმედებას გაიმეორებთ!!! კიდევ ერთი: ცოტა ხნის წინათ ინგილო ახალგაზრდა, უპატიოსნესი მშრომელი ბიჭი, უმიზეზოდ, ახსნა-განმარტების გარეშე, სამსახურიდან გაუშვეს. დგილობრივი საწარმო ნახევრად სახელმწიფო და ნახევრად კერძოა. მშობელმა იჩივლა როგორც ბაქოში, ასევე თბილისში და შვილის აღდგენა მოითხოვა. ბოლოს ადგილზე პასუხი გასცეს, რომ სასამართლოში იჩივლეო, ხოლო იქაური სასამართლოს სამართლიანობა რასაც წარმოადგენს, ალბათ, გასაგებია! თბილისის მხრიდან კი სუსტი მცდელობები სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ცვედანი პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! თუ მართლა მეგობარია, მას არასწორ ქმედებაზე პასუხიც უნდა მოეთხოვოს! მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ამ პროცესში ყველა საკუთარ ადგილსა და როლს გაიაზრებს.

თბილისიდან მარტო დიასპორის სამინისტროს მცდელობები საქმეს ვერ უშველის. უწყებას ზაფხულში ინგილო ბავშვები ანაკლიის ბანაკში მიჰყავს, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას აწყობს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ მიმართულებით რეალურად გასაკეთებელია. დიასპორის სამინისტრო ქვეყანაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები მილიონობით ჩვენი თანამემამულე სრულიად მიტოვებული აღმოჩნდება.

ამ კონტექსტში სხვა რაზე უნდა იყოს საუბარი, როცა დღემდე ინგილო ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევა აკრძალულია?! საერთო სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და ამაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე ჩაფლავებულ საქმეს არ ეშველება. ღირსეული პოლიტიკა უნდა გატარდეს და არა სირაქლემის პოზაში დაუსრულებლად ყოფნა. ჰერეთს თანადგომა სჭირდება და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხე ფესვებიდან იწყება და არა ნავთობ-გაზიდან…

საერთო ჯამში, საზღვრის იქით და აქეთ დღეს არსებული რეალობა შგვიძლია ჭაობს შევადაროთ, საიდანაც თავის დაღწევა აუცილებელია. რაღაცით მსგავსი მმართველობაა აქეთაც და იქითაც. პრეზიდენტი ალიევი კორუმპირებულ მგლებს მხოლოდ ფარად სჭირდებათ თავიანთი „საქმეების“ საკეთებლად. ბევრი მინისტრი მამის დროსაც მუშაობდა და მოღვაწეობას ახლაც აგრძელებს. რეალურ პოლიტიკას აქ პოლიტიკურ-ეკონომიკური მაფია მართავს, რომელიც ზღაპრულად მდიდარია და ხალხის ცხოვრებაზე სიტყვა რომ ჩამოუგდო, სიცილით მოკვდება. შედარებით რბილი ლიდერი ალიევი აქ მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ ახალი ობიექტები გახსნას და ერთი და იგივე არაფრისმთქმელი ფრაზები იმეოროს. ხანდახან რომელიმე მინისტრს საჩვენებლად დაიჭერენ და იმდენი ფული, ძვირფასი ლითონები გამოაქვთ, რომ სათითაოდ ვერ ითვლიან, წონიან და აგარიშში ისე უშვებენ, თითქოს, კორუფციას ვებრძვითო.

დღევანდელ საქართველოშიც ხომ დაახლოებით ასეა: არაფორმალური მმართველი მთის წვერზე ზის და იქიდან გადმოჰყურებს მადლიერ ქვეშევრდომებს. რეალური მმართველი არაფერზეა პასუხისმგებელი და მხოლოდ ჩაანალიზებით ანებივრებს „მეოცნებე“ მოსახლეობას. ჭაობია ეს, აბა, რა არის?! ოღონდ უკვე აქაურ-ჩვენებური ჭაობი, გამომდინარე შედეგებით.

ამიტომ საჭიროა სასწრაფო ცვლილებები, მეტი დემოკრატია, გარღვევა, რათა აღმოსავლური  მეთოდები ხელისუფლების შესანარჩუნებლად უშედეგო აღმოჩნდეს. აბა, სხვა რა არის მხატვრული ფილმის ჩვენება წინასაარჩევნოდ, როდესაც ხალხმა სამართლიანად შეგარქვა უნიათო, არაფრისმკეთებელი, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ხელისუფლება. და თქვენ ახალ-ახალი კინოფილმებით გსურთ ხალხის გულების მონადირება? ეს ხომ შუა აზია, ან თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები არ არის? ასე რატომ გერევათ მისამართები, როგორც ეს „მესაზღვრეს“ აერ-დაერია? ნუთუ, ფიქრობთ, რომ კინოფილმი (თუნდაც, სერიალი) საკმარისია ოთხწლიანი სრული უძრაობის დასაბეტონებლად? საიდან ასეთი იმედები და ოცნებები? ეს კინო ხომ ოთხი წლის წინათ ყველამ ერთად ვნახეთ, შესაბამისი დასკვნები გავაკეთეთ და გასაშვები გავუშვით, თქვენ მოგიყვანეთ, მაგრამ რა გააკეთეთ, ბედოვლათებო?! გურულები ყველა ოჯახში დღემდე დაპირებულ სოლარიუმს ელოდებიან და, პირველ რიგში, პასუხს ისინი მოგთხოვენ, იმედია…

ამიტომ არ გამოვა გლახა მეთოდის გამოყენება ისედაც ბოლომდე მორყეული ხელისუფლების შესანარჩუნებლად. აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე ამ ჭაობისთვის თავის დასაღწევად! არაფორმალურ მმართველობას ბოლო უნდა მოეღოს, თორემ ჩრდილოელი მეზობელი უკლებლივ ყველას სხვა პერსპექტივისთვის მოგვამზადებს, _ საზღვრის ორივე მხარეს ყიყინი უკვე გაბმით ისმის. 8 ოქტომბერს ეს უნდა დასრულდეს!

                                                                                               გიორგი მეფარიძე