ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
2025-07-17 05:53:29
გიორგი საკარული
რომი _ ეს ისტორიისა და ელეგანტურობის ქალაქი _ კიდევ ერთხელ გადაიქცა მოდის მსოფლიო ცენტრად – იტალიის დედაქალაქმა უმასპინძლა საერთაშორისო მოდის ფესტივალს. სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები, მოდელები და გავლენიანი პირები ისტორიულ სასახლე Palazzo Brancaccio-ში გააერთიანა სამოდელი სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.
სასახლეში, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები წვეულებებს მართვენ, ფილმებსა და კლიპებს იღებენ, ქართული მოდის ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა მოახერხა და მოდის ფესტივალი ჩაატარა.
ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმოდგენილი იყო როგორც უკვე დამკვიდრებული ბრენდები, ასევე ახალი, ამომავალი დიზაინერები. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო მოდის სფეროში ინოვაციური იდეების გაცვლა, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება და ახალგაზრდა ტალანტების წახალისება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოდის ინდუსტრიის ლიდერები, ცნობილი მოდელები, კრიტიკოსები და ბლოგერები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი ჩვენება, სადაც პოდიუმზე წარდგა როგორც კლასიკური, ისე ავანგარდული სტილის ნამუშევრები.
ქართული კვალი ფესტივალზე
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა დიზაინერებმაც, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარადგინეს თავიანთი კოლექციები.
მათი ნამუშევრები გამოირჩეოდა ეროვნული ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციით, რასაც განსაკუთრებულად დიდი ინტერესით აკვირდებოდა უცხოელი სტუმარი.
ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, მთავარი მიზანია, მოდა განვითარდეს მყარ საფუძველზე, ღირებულებებსა და ღრმა აზრზე დაყრდნობით.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელს, რომის ფესტივალის ორგანიზატორ ეკა მგალობლიშვილს, რომელიც ამჟამად პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა მოდელებთან ერთად ქართველი გოგონები მონაწილეობენ:
_ ქალბატონო ეკა, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ისტორიულ სასახლე Palazzo Brancaccio-ში და ზოგადად საიდან წამოვიდა იდეა, რომ საერთაშორისო მოდის ფესტივალი ჩაგეტარებინათ იტალიაში?
_ პირველ რიგში, მოგესალმებით. მოგეხსენებათ, სამოდელო სააგენტო „კატრინი“ უკვე მრავალი წელია, მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სილამაზისა და სამოდელო კონკურსებში, ფესტივალებში, მოდის კვირეულებში _ სხვადასხვა ფორმატით და გლობალურ მასშტაბზე.
მოდის კვირეული მრავალ ქალაქში ტარდება და, რა თქმა უნდა, პარიზი და მილანი ამ კუთხით განსაკუთრებულია. თუმცა ერთ დღეს გადავწყვიტე _ მოდის კვირეული უნდა ჩამეტარებინა რომში. და არა უბრალოდ რომში _ სასახლეში.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩავატარეთ სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა“. ამ კონკურსის იტალიის ნაციონალური დირექტორი როზარიო სტანიო, რომელიც არის Fashion Festival Milan-ის დამფუძნებელი და თავადაც მილანში ცხოვრობს, იმყოფებოდა ჩვენს ღონისძიებაზე.
მაშინ მას ვუთხარი, რომ მინდა რომში ჩავატარო მოდის კვირეული. აუცილებლად სასახლეში! ეს შენი ქვეყანაა, შენ ჩემი მეგობარი ხარ, მე არ მეშლება ადამიანების შერჩევა და ყოველთვის სუფთად ვმუშაობ. ამიტომ გთავაზობ _ ჩაერთე! მაგრამ თუ უარს იტყვი, მე მაინც გავაკეთებ მარტო.
როზარიომ დასვა მცირე კითხვის ნიშანი: „დაინტერესდებიან კი რომით სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები?“ მოდის მთავარი კვირეული ხომ ტრადიციულად მილანში იმართება.
მაგრამ მე ვუპასუხე, _ თუ საუკეთესო ლოკაცია იქნება შერჩეული და ორგანიზება მაღალ დონეზე ჩატარდება, ნამდვილად დაინტერესდებიან-მეთქი. რომი ულამაზესი, მარადიული ქალაქია და ასეც მოხდა.
_ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, არაერთ მოდის კვირეულზე გაქვთ მონაწილეობა მიღებული და საინტერესოა, რით იყო გამოჩეული ამ კუთხით რომი?
_ დიახ, ნამდვილად უამრავ მოდის კვირეულსა და Fashion Festival-ზე ვმონაწილეობდი სხვადასხვა ქვეყანაში (ამ წუთშიც პარიზში ვიმყოფებით), მაგრამ თამამად ვამბობ: Pალაზზო Bრანცაცციო ერთ-ერთი ულამაზესი და შთამბეჭდავი ადგილია, რაც კი ოდესმე მინახავს.
მე და როზარიომ არაერთი ლოკაცია დავათვალიერეთ რომში. თითოეული თავისებურად გამორჩეული იყო, მაგრამ როდესაც Palazzo Brancaccio-ში შევედი საოცარი რამ მოხდა, რაც სიტყვებით ძნელად გადმოსაცემია.
უკვე ერთი წელია, ჩემს წარმოსახვაში სწორედ ამ ადგილას „ვცხოვრობდი“. ზუსტად ისეთ სივრცესა და ყველა მსგავსს დეტალს ვხედავდი გონებაში, როგორიც იქ რეალურად ვიხილეთ. თითქოს ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდა, წინასწარ ვიცოდი. სასახლის შესასვლელთან ორი მტრედი დამხვდა. მივუახლოვდი და არც ერთი არ გაფრინდა. თითქოს მიმიღეს. ისინი თან გამომყვნენ სასახლის თითქმის ყველა დარბაზში _ ეს იყო უჩვეულოდ სუფთა და ამაღლებული განცდა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლოკაციებიც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო, როგორც კი ამ სასახლეში ფეხი შევდგი, მაშინვე ვთქვი: „აი სწორედ ეს არის! ზუსტად აქ უნდა იყოს ჩვენი რომაული მოდის კვირეული“. და ასე დაიწყო ყველაფერი.
Palazzo Brancaccio_ რომის ისტორიული და კულტურული გულიდან ერთადერთი არისტოკრატიული სასახლეა, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია. იგი აშენებულია მე-19 საუკუნეში და ამჟამად ცნობილია არა მხოლოდ თავისი არქიტექტურით, არამედ იმ ფილმებითა და პროექტებით, რომლებიც აქ გადაიღეს. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლი House of Gucci-ც, რომლის მნიშვნელოვანი სცენებიც სწორედ ამ სასახლეშია გადაღებული.
ეს ადგილი ჭეშმარიტად აერთიანებს გლამურს, ისტორიას, ელეგანტურობასა და არისტოკრატიას _ სწორედ ის თვისებები, რასაც საჭიროებს მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმა.
_ რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა? რის მიხედვით შეირჩნენ დიზაინერები? ასევე ქართველ დიზაინერებზე მინდა გკითხოთ, რომლებიც რომში გყავდათ წაყვანილი. რა იყო ამ შემთხვევაში თქვენი და თქვენი პარტნიორის მთავარი მოთხოვნები?
_ საერთაშორისო მოდის კვირეულში მონაწილეობდა 15-ზე მეტი ქვეყანა: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, გერმანია, ინდოეთი, ლატვია, ესტონეთი, ჰოლანდია, უკრაინა, საქართველო და სხვ. სპეციალურად ამ დღისთვის მილანიდან ჩამოვიდა სილამაზის ცენტრი „Celebrity Beauty
დიზაინერები განსაკუთრებული კრიტერიუმებით შეირჩა _ ჩვენთვის უმთავრესი იყო ორიგინალურობა, პროფესიონალიზმი და საერთაშორისოდ წარსადგენი ხარისხი. ჩვენ არ გვაინტერესებდა მხოლოდ სახელები _ გვაინტერესებდა კონცეპტუალური ხედვა და ის, თუ როგორ იმუშავებდა კოლექცია რომაული სასახლის ინტერიერთან და ამ ღონისძიების იდეასთან.
ქართველ დიზაინერებთან მიმართებით, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცეთ საერთაშორისო პლატფორმაზე გამოჩენის შესაძლებლობა. რომში წარვადგინეთ განსაკუთრებული ნამუშევრები _ როგორც კლასიკური, ისე ავანგარდული. ჩვენი, როგორც ორგანიზატორების, მთავარი მოთხოვნა იყო: მაღალი ხარისხი, პროფესიონალური მიდგომა და კოლექციის თემატური კონცეფცია.
საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს ქართულმა ბრენდებმა: „Patuna “ _ ფატუნა ბუშიჰედი-გიორგაძე; „ხათკო“ _ ხათუნა კობახიძე; „მოდებაძე-81“ _ დიზაინრი მარიკა მოდებაძე; ბრენდი „Anastasia“ _ ანასტასია ბაკურაძე. სულ თვრამეტი დიზაინერი გახლდათ, აქედან 4 საქართველოდან. რაც შეეხება უცხოელ დიზაინერებს, ესენი იყვნენ:
Marco Marcu (Germany), Piero Carmello (Italy), Cristina Magrelli (Italy), House of Vendome (Paris), Evidencia Latina (Italy), Koscanyo (Italy).
ასევე 160 მოდელი, უამრავი სტუმარი, პრესა, ტელევიზია. თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენ, მე და ჩემმა პარტნიორმა, შევძელით, ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა.
_ აღნიშნულ საერთაშორისო მოდის ფესტივალს ესწრებოდნენ მოდის კრიტიკოსები, ბაიერები (შემსყიდველი, _ რედ.) და ცნობილი დიზაინერები. როგორი იყო მათი შთაბეჭდილებები და შეფასება?
_ სიმართლე გითხრათ, შეფასებები იმაზე მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ თავად ლოკაცია _ Palazzo Brancaccio _ უკვე ქმნიდა ატმოსფეროს, სადაც ყველაფერი მაღალ მოდას ეხმიანებოდა.
ბაიერებისთვის და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი ეს იყო ახალი აღმოჩენების სივრცე _ მათი ყურადღება მიიქცია დიზაინერთა მრავალფეროვნებამ, განსხვავებულმა სტილმა.
ზოგიერთმა კრიტიკოსმა დაწერა კიდეც, რომ ეს ფესტივალი „აღმოჩენების პლატფორმა“ იყო, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მაღალი შეფასებაა.
_ როგორც ვიცი, დიდი ხანი ემზადებოდით და თქვენი ერთგვარი ოცნებაც კი იყო Palazzo Brancaccio-ში მოდის ფესტივალის ჩატარება. რთული იყო ამ გზის გავლა და მიზნამდე მისვლა?
_ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში, განსაკუთრებით ბოლო 10 წელია, თვეში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში ვარ, უამრავი ადამიანი მიცნობს ამ სფეროდან, ისინი მენდობიან და სურთ, რომ ჩემ მიერ ორგანიზებულ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის იოლი იყო ეს ყველაფერი, თუმცა, როგორც ყველა საქმე, შრომატევადი.
სასახლე არა მხოლოდ პრესტიჟული და ძვირფასია, არამედ ისტორიულადაც განსაკუთრებულია. იქ მისვლამდე ბევრი ნაბიჯი იყო გადასადგმელი _ ლოკაციის შერჩევიდან დაწყებული, შესაბამისი ნებართვებით დამთავრებული, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არ დავნებდით. თავდაუზოგავი შრომით, პარტნიორების მხარდაჭერითა და სწორი კონტაქტების მეშვეობით შევძელით, რომ საერთაშორისო მოდის ფესტივალი მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა.
_ მთავარი შეფასება, რაც მიღეთ და როგორ ხედავთ მომდევნო სეზონს?
_ მთავარი შეფასება იყო: „თქვენმა გუნდმა შეძლო, რომ რომში მაღალი კლასის მოდის პლატფორმა შეექმნა, რომელსაც მომავალი აქვს“, _ ეს სიტყვები ერთ-ერთმა საერთაშორისო კრიტიკოსმა მითხრა და არასდროს დამავიწყდება.
მომდევნო სეზონს უკვე ვგეგმავთ. გვინდა ღონისძიების გაფართოება _ როგორც დიზაინერების რაოდენობის, ასევე მედია-წარმომადგენლების თვალსაზრისით. ვფიქრობთ ასევე დამატებითი სივრცეების გამოყენებას რომში. პარალელურად ვმუშაობთ სხვა ევროპულ და აზიის ქვეყნებთან.
უამრავი ადამიანი გვწერს. 2026 წელს უფრო მეტი ვიქნებით.
_ ახლა პარიზში იმყოფებით. მოგვიყევით მანდ ყოფნის მიზეზსა და სიახლეებზე.
_ დიახ, ამჟამად პარიზში ვართ. როგორც იცით, პარიზის მოდის კვირეული მოდის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ჩვენ აქ ჩამოვედით მოდელებთან და ბრენდ „Anastasia“-სთან ერთად. პარიზი პირველი ქალაქია, სადაც მოდელებს, დიზაინერებს აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობა და შანსი, რომ საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ, ეზიარონ მაღალ მოდას, დაამყარონ ახალი კონტაქტები და უცხოურ ასპარეზზე გამოჩნდნენ.
სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელებმა ანასტაია ბაკურაძემ, მარიამ ბერძენიშვილმა, ნუცა გრიგალაშვილმა პარიზში არა მხოლოდ ბრენდი „Anastasia“ წარადგინეს, არამედ ორი დღის განმავლობაში იმუშავეს ფრანგ, იტალიელ, ესპანელ, ჰოლანდიელ დიზაინერებთან. გვაქვს ასევე უამრავი ფოტოგადაღება და სატელევიზიო ჩაწერი.
ანასტასია და მარიამი 9 წელია, რაც პარიზში აქტიურად მუშაობენ, მათ აქ იცნობენ და უყვართ, ამბობენ, რომ მათ თვალწინ გაიზარდნენ, რაც შეეხება ნუცა გრიგალაშვილს, ის პარიზულ მოდას ახლა შემოუერთდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჩემს ფრანგ პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ ახალ პროექტებზე და ერთ-ერთი ჩვენი მიზანი სწორედ პარიზში მომავალი ღონისძიების ორგანიზებაა, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ გავამხელ.
გპირდებით, არაერთი სიახლე იქნება და როგორც ყოველთვის, საქართველო წარმოჩნდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, საქართველოს დროშა კი ისევ ამაყად იფრიალებს ყველა დიდ სცენაზე.