ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
2025-04-15 10:04:55
გიგა გელხვიიძე
წიგნები კაცობრიობის საუკუნოვანი საგანძურია, ცოდნის, გამოცდილებისა და წარმოსახვის ამოუწურავი წყარო. მათ უდიდესი როლი აქვთ თითოეული ადამიანის ინტელექტუალურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაში.
კითხვის პროცესი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკურ უნარებს. წიგნები გვაცნობენ სხვადასხვა კულტურას, ისტორიულ ეპოქასა და ადამიანურ გამოცდილებას, რაც აფართოებს ჩვენს მსოფლმხედველობას და ხელს უწყობს ტოლერანტობის ჩამოყალიბებას. მხატვრული ლიტერატურა, თავის მხრივ, ავითარებს ემპათიასა და ემოციურ ინტელექტს, გვაძლევს საშუალებას, სხვისი თვალით შევხედოთ სამყაროს და გავიაზროთ განსხვავებული გრძნობები.
წიგნები ამდიდრებენ ჩვენს ლექსიკონს, აუმჯობესებენ წერის უნარსა და კომუნიკაციის ეფექტურობას. ისინი გვაძლევენ ახალ იდეებს, შთაგვაგონებენ და გვიბიძგებენ თვითგანვითარებისკენ. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურა გვაძლევს კონკრეტულ ცოდნასა და უნარებს, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ წიგნები შეუცვლელ როლს თამაშობენ ადამიანის პიროვნულ ზრდაში, აყალიბებენ ჩვენს ინტელექტუალურ და ემოციურ სამყაროს და გვეხმარებიან, უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და გარემომცველი რეალობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვობიდანვე ჩავუნერგოთ ახალ თაობას კითხვის სიყვარული და ხელი შევუწყოთ მათ წიგნებთან მუდმივ კავშირს.
წიგნებზე, თანამედროვე მწერლობაზე, ახალი და ძველი თაობის მწერლობის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ცნობილი ქართველი ფილოლოგი, პროზაიკოსი, ესეისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე საქართველოში და წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
_ გიორგი, პირველი კითხვა დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხის შესახებ მინდა დაგისვათ, _ მაშინ, როდესაც ახალი თაობა მუდმივად იყენებს ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტიც დაემატა, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ამ ყველა გამოწვევის ფონზე?
_ ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი ტრაგიკული ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ წიგნის ელექტრონული ფორმა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატარებელი ტექსტის, არ არის, რადგან ტექსტმა თავისი ფორმაციის მიმართულებით ბევრი გზა გაიარა. თავიდან ზეპირად გადასცემდნენ ერთმანეთს ადამიანები, მერე უკვე ხელნაწერების ფორმით, ზოგი პაპირუსზე წერდა, ზოგი _ ტყავზე, მერე უკვე გამოიგონეს გუთენბერგის მანქანა და ახლა რეალურად ციფრულ მატარებლებშიც ძალიან აქტიურად გვხვდება ტექსტი. მაგალითად, ფრაზა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, ზეპირად, ბეჭდურ წიგნშიც და ელექტრონულადაც არის იგივე. მთავარია, ვიკითხოთ, მაგრამ ამავდროულად მგონია, რომ ბეჭდური წიგნი სულ იცოცხლებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ადამიანს ყოველთვის ექნება ფლობის ვნება, ნივთის ფლობის ვნება, რომელიც მას გარკვეულწილად საკუთარი მეხსიერების ნაწილად აქცევს. ვიღაცამ წიგნი აიღო, წაუწერა, შეხედა, რაღაც ემოცია დაიბადა და როდესაც მას ხედავს, ეს ემოცია ახსენებს თავს და ა. შ. და ა. შ. ან უბრალოდ თაროზე უდევს. შესაბამისად, სანამ ფლობის ვნება ადამიანს აქვს, წიგნი აქტუალური ყოველთვის იქნება. ბეჭდურ წიგნთან დაკავშირებით, ყოველთვის აქვს მოთხოვნა.
_ დღეს ხშირად ვაწყდებით სამოქალაქო აქტივიზმის სხვადასხვა ფორმას. ზოგადად აქტივიზმი, მით უფრო, იმ ფორმით, რომელიც ჩვენ გვხვდება, მოითხოვს, სულ მცირე, ზოგადი ინფორმაციის კარგად ფლობას, _ რა ლიტერატურის გაცნობას ურჩევდით მათ, ვინც უკვე დაკავებულია სამოქალაქო აქტივიზმით ან აპირებს, რომ აქტიურად ჩაერთოს მასში?
_ მგონია, რომ დღეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თანამედროვე ახალგაზრდებმა წაიკითხონ ისტორიული ტექსტები. მაგალითად, გამომცემლობა „არტანუჯს“ აქვს შესანიშნავი სერია, ისტორიული ექსკურსები, რომელიც კარგად დაგვანახებს, ვინ არის ჩვენი მტერი და რა დიდი ზიანი მიაყენა უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს. ვფიქრობ, ასეთი ძალიან ბევრი კარგი წიგნი არსებობს, მათ შორის, აჯანყებებზე, პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, თერგდალეულებზე, უკვე ქართველ დისიდენტებზე საბჭოთა კავშირის დროს და ა. შ. ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ახალ წიგნს შემოგვთავაზებენ გამომცემლები
_ „თომას ზღაპრებზე“ მინდა, რომ გკითხოთ, რომელიც ერთ წიგნად გამოიცა ახლა. რას უნდა ელოდეს ახალს მკითხველი და რატომ უნდა დაინტერესდეს მისით?
_ იმიტომ, რომ ეს გარკვეულწილად არის ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის გაზიარებული საკუთარი ბავშვობის განცდები. მე ვეცადე, რომ, ერთი მხრივ, ჩემი ბავშვობა გამეხსენებინა და, მეორე მხრივ, მასწავლებელი ვარ სკოლაში და ვაკვირდები იმ ემოციებსა და განცდებს, რომელიც პატარებს აქვთ. ძალიან მიხარია, რომ „თომას ზღაპრები“ პოპულარული გახდა და სკოლაში ასწავლიან _ მეორე-მესამე კლასის სახელმძღვანელოში არის შესული. დღეს ის უკვე ერთ წიგნად გამოვიდა, როგორც აღნიშნეთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, რისთვისაც ძალიან, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით პატარებს.
_ თანამედროვე ქართული მწერლობა რომ შევადაროთ იმას, რაც უკვე კლასიკად არის ქცეული, რა განსხვავება მათ შორის?
_ ვფიქრობ, არის რაღაცები, რასაც დისტანციიდან როცა შევხედავთ, უფრო ზუსტად და კარგად გავიგებთ. მათ შორის, ბუნებრივია, თანამედროვე მწერლების როლსაც, რადგან რეალურად ჩვენ, გარკვეულწილად, ვთქვათ, შორიდან უფრო ზუსტად და სწორად ვაფასებთ. ჩვენ გვყავს ბევრი შესანიშნავი ქართველი პოეტი, ასევე გვაქვს შესანიშნავი პროზა, მათ შორის, ერთ-ერთი კლასიკოსი ქართული პროზისა დღეს აქტიურად მოღვაწეობს, აკა მორჩილაძეს ვგულისხმობ, და, შესაბამისად, დისტანციიდან კიდევ ბევრი საინტერესო ავტორი გამოჩნდება.
_ რას ურჩევდით ახალ ავტორებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ გზის გავლას?
_ იყვნენ თამამები, მონაწილეობა მიიღონ ცხოვრებაში აქტიურად, რადგან ცხოვრება საკმაოდ კვებავს იმ ფანტაზიასა და ემოციას, რომელიც აუცილებლად გჭირდება ტექსტისთვის და ამავდროულად იკითხონ ბევრი, _ მწერალი უნდა იყოს განათლებული.
_ დღეს აქტიურად იწერება სტატიები, იქმნება სხვადასხვა ტიპის კონტენტი და ასევე საუბარი არის ე. წ. AI წიგნებზეც. მაგალითად, ძალიან მალე საქართველოშიც გამოდის AI ზღაპრები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნება _ ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გარკვეულად ჩაანაცვლოს ადამიანი, როგორც უშუალო მოქმედი გმირი მწერლობაში?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტი ეყრდნობა ადამიანს და მთლიანად მისი ცოდნის მიხედვით არის შექმნილი, დარწმუნებული ვარ, ადამიანი გაცილებით უფრო შემოქმედებითი და მოხერხებული იქნება და რომც წამოეწიოს ხელოვნური ინტელექტი, ადამიანი მას ისევ გაასწრებს.
_ რამდენად არის დღეს წიგნის ინტერესი ახალგაზრდებში? თქვენ კარგად ხედავთ ამ ყველაფერს და, შესაბამისად, კარგი შემფასებელიც ხართ.
_ ეს ფესტივალი არის კარგი ილუსტრაცია ამის. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ, ბევრ მოწადინებულ სტუდენტს, სკოლის მოსწავლეს, რომელიც თუნდაც ამ ტურბულენტურ გარემოში, არც მთლად კარგ ამინდში, ავსებს ამ წიგნის ბაზრობას, რომელიც პირველად დაიგეგმა აპრილში და უამრავი ადამიანია თავმოყრილი. ეს სრულიად შესანიშნავია.
_ რას უნდა ელოდეს უახლოეს მომავალში მკითხველი ახალს გიორგი კეკელიძისგან?
_ უახლოეს მომავალში გამოდის ჩემი წიგნი ონკოპაციენტზე და ვიწყებ მუშაობას გიორგი ანწუხელიძეზე შესაქმნელ ტექსტზე, ოღონდ ეს მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეს არ შეეხება, იქნება ერთგვარი კომბინაციური ტესტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ერთი მხრივ იბრძოდნენ და მეორე მხრივ იყვნენ მოსახლეობა, რომლებიც დაზარალდნენ აგვისტოს ომის დროს.
_ ანწუხელიძე ახსენეთ და ზოგადად და განსაკუთრებით ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა გიორგი ანწუხელიძის თემა. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ამ უახლესი ისტორიული წარსულის სწორად მიტანა ადამიანებამდე, განსაკუთრებით კი ახალ თაობამდე?
_ ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი და ზუსტი საშუალება იმისა, რომ ახალგაზრდებმა და სხვებმა იოლად დაინახონ, რამდენად მნიშვნელოვანი, დრამატული და ამავდროულად ხშირად გასახსენებელი ამბავი არის აგვისტოს მოვლენები.