QronikaPlus
თამაზ კირტავა: „მედიის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ სამიზნე“

თამაზ კირტავა: „მედიის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ სამიზნე“

2025-02-12 11:35:18

გიგა გელხვიიძე

საქართველოში დიქტატურა რამდენიმე დღეში დაკანონდება _ ამის თქმა უკვე თამამად შეიძლება „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონებით და არსებულ კანონებში შესატანი ცვლილებების ფონზე.

ის, რისთვისაც თითქმის 12 წელი დასჭირდა პუტინის ხელისუფლებას რუსეთში, რომ სრულად ჩაეხშო ოპოზიციური პარტიები, კრიტიკა, თავისუფალი მედიის ხმა, „ქართულმა ოცნებამ“ ამას, სულ რაღაც, რამდენიმე თვე მოანდომა.

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ძალიან დაკვირვებით უდგება პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე აქტიურად 2023 წლიდან დაიწყო, ხოლო 2024-25 წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა. ორ თვეზე მეტია, ადამიანები დგანან ქუჩაში. მათი თავდაპირველი მოთხოვნა ახალი არჩევნები იყო, მას შემდგომ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიტაცება, ახლა კი ამ მოთხოვნას რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება დაემატა, იმ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლებისთვის დააკავა, შემდგომ უსამართლო სასამართლო მოუწყო და საბოლოოდ ციხეში გამოკეტა.

ბოლო ორი კვირის მანძილზე „ქართული ოცნება“ დაკავებულია იმით, რომ არსებული რეპრესიული კანონები კიდევ უფრო „გააუმჯობესოს“ და პროტესტის გამოსახატი არსებული მცირე სივრცეც კი დახუროს.

„ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ექსპერტი, თამაზ კირტავა:

_ ბატონო თამაზ, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებების მთელი არზა ჩამოგვითვალა, რომელსაც მისივე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს _ საით მიდის მმართველი პარტია სამართლებრივად?

_ რეპრესიული ცვლილებები დაკავშირებულია, ძირითადად, საპროტესტო აქციების შესახებ სამართალდარღვევებთან და მუხლებთან, რომელსაც ამ კონტექსტში იყენებს ხშირად „ოცნება“, ამ მუხლებზე სანქციების ზრდით და სანქციების გამკაცრებით. ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 15 დღეს ითვალისწინებდა მაქსიმალურ ადმინისტრაციულ პატიმრობის ვადად და ახლა ეს იზრდება 60 დღემდე, რაც ძალიან მაღალი სასჯელია. ეს მაღალი სანქცია გამოყენებულია სწორედ იმ საპროტესტო გამოხატვის შემთხვევებში, რომელიც უკავშირდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მაგალითად, როდესაც ერთი ახალი მუხლი ჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც უკავშირდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფას, ამ შემთხვევაში გამოყენებული არის ისეთი მაღალი სანქციები, როგორიცაა 45 დღით პატიმრობა პირველ შემთხვევაში და განმეორების შემთხვევაში 60 დღით პატიმრობა. ასეთი მაღალი სანქციები არის გამოყენებული იმ მუხლებისთვის, რომლებიც, წესით, საერთოდ არ უნდა იყოს სამართალდარღვევა იმდენად, რამდენადაც პოლიტიკური გამოხატვა მათ შორის ძალიან მწვავე პოლიტიკური გამოხატვა არის ძალიან მაღალი ხარისხით დაცული და საჯარო თანამდებობის პირს მით უფრო მაღალი თმენის ვალდებულება აკისრია. ამასთან, ცვლილებები ეხება სწორედ მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, რა მუხლიც არსებობდა. ამ შემთხვევაში კონკრეტდება, რომ მუნიციპალიტეტის გაფრთხილების ვალდებულება რაც არსებობს და რომელიც ასევე გაფართოვდა, ჩაიწერა, რომ სპონტანური აქციის შემთხვევაშიც, გონივრული დროით ადრე, ორგანიზატორმა უნდა გააფრთხილოს მუნიციპალიტეტი. ამ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებითაც საკმაოდ მკაცრი სანქციები განისაზღვრა კოდექსით; ასევე გარკვეული სამართალდარღვევები სწორედ აქციის ჩატარების წესთან დაკავშირებით გახდა პირდაპირ შსს-ს დასჯადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ნიღბის ტარების გამო ან ლაზერის ტარების გამო ან ისევ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, გაფრთხილების ვალდებულების დარღვევის გამო, პირდაპირ პოლიციელს შეეძლება დააჯარიმოს ადამიანი და შემდგომ მას მოუწევს გაასაჩივროს და სასამართლოში თვითონ ამტკიცოს, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ანუ შსს-ზე გადავიდა სანქციის დაკისრების უფლებამოსილება.

_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპოლიციო ძალებს მოსამართლის მანტია მოასხა „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულ შემთხვევებში?

_ ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილი შსს-ს განსჯადი არის რა თქმა უნდა, მაგალითად თუნდაც საგზაო წესებს რაც შეეხება, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ასეთ მნიშვნელოვან ჩარევასთან, ისეთ ფუნდამენტურ უფლებაში, როგორიც არის შეკრების თავისუფლება, თან ასეთ დიდ სანქციებთან და თან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შსს დაუსაბუთებლად, უკანონოდ ერევა ამ უფლებაში და შემდგომ სასამართლოც ვერ და არ ახორციელებს ეფექტიან ზედამხედველობას, აქ აშკარა არის, რომ სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად აღჭურვოს შსს რეპრესიული და სადამსჯელო უფლებამოსილებებით. შესაბამისად, შსს-მ უნდა ჩაახშოს პროტესტი და კიდევ ეფექტიანი უნდა იყოს რეპრესიული ღონისძიებები, რაც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენება.

_ ასევე მინდა გკითხოთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე პოლიციელების, პოლიტიკოსებისა და მათი ახლობლების მისამართით. ამ ნაწილში ჩვენ არ ვიცით, რა სიტყვა შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლების მხრიდან. რა ბერკეტს აძლევს ეს ცვლილება ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეების მისამართით?

_ ეს არის მიმართული, როგორც ვთქვით, საპროტესტო გამოხატვის წინააღმდეგ. ეს პუნქტი შეიძლება ძალიან ფართოდ განმარტოს ხელისუფლებამ და, სავარაუდოდ, ასეც იქნება. ზოგადად, როდესაც პოლიტიკურ გამოხატვას ეხება საქმე, ეს არის სტანდარტი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც, რომ თუნდაც ძალიან მწვავე და შოკისმომგვრელი გამოხატვის ფორმებიც კი არის მისაღები და დასაშვები, თუ ის ბუნებრივია, ძალადობის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის იმიტომ, რომ ეს ხშირ შემთხვევაში არის ადამიანების მიმართ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, თუნდაც მწვავე ფორმებით პოლიტიკოსების მიმართ, საჯარო თანამდებობის მქონე პირებთან მიმართებაში და ეს ყველაფერი შემხებლობაში არის ამ ადამიანების საქმიანობასთან, საჯარო დისკუსიის წარმოებასთან. შესაბამისად, ამ პირებს თავიანთი თანამდებობიდან, საქმიანობიდან გამომდინარე, აკისრიათ თმენის ვალდებულება და ახლა ფაქტობრივად ჩვეულებრივი საპროტესტო გამოსვლები ან პლაკატები ან რაღაც შეძახილები შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის ან რაღაც მაღალი სანქციების დაკისრების საფუძველი აქციის მონაწილეთათვის. ეს არის ძალიან პრობლემური. ასევე რაც თქვენ იკითხეთ, რა განიმარტება შეურაცხმყოფელში, ეს ძალიან ფართო ტერმინია და გამონათქვამების ან სხვა ქმედებების ფართო სპექტრი მოექცევა მასში.

_ რა იგულისხმება სხვა ქმედებებში?

_ სხვა ქმედებებში ვგულისხმობ, მაგალითად, ნახატის დახატვას ან პოსტერის მომზადებას და ა. შ. რა ჩაითვლება აქედან დარღვევაში, წინასწარ ვერ ვიტყვით. სავარაუდოდ, ეს პუნქტი ძალიან ფართოდ იქნება გამოყენებული, რადგანაც მიზანი სწორედ ის არის, რომ დააშინონ ადამიანები და მაქსიმალურად შეუშალონ ხელი პროტესტს.

_ უარესდება პირადი გასინჯვის (პირის ჩხრეკის) წესი. ახალი ვერსიით, ადამიანებს აღარ ექნებათ მოწმის მიყვანის უფლება, რომელიც დაესწრება პირადი გასინჯვის პროცესს. ამ ნაწილს როგორ განმარტავთ?

_ პირადი გასინჯვის სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული წესის მიხედვით, პირადი გასინჯვა ხორციელდება იმავე სქესის წარმომადგენელი პოლიციელის მიხედვით და აქამდე იყო ჩანაწერი, რომ პირადი გასინჯვის დროს, გასასინჯ პირს შეეძლო მოეწვია ორი მოწმე და ამისთვის მას მიეცემოდა გონივრული დრო. ახლა ეს ჩანაწერი ამოღებული არის და არანაირი ვალდებულება არ აქვს სამართალდამცველს, რომ ეს პირადი გასინჯვა და შემოწმება (ტანსაცმლის და ა. შ.) განახორციელოს მოწმის თანდასწრებით, რაც აუარესებს პირის მდგომარეობას და ასევე მტკიცების შესაძლებლობას, რომ გასინჯვა ჩატარდა თუ არა სამართლიანად და მართლაც ასახავს თუ არა რეალობას გასინჯვის შედეგები.

_ აჩენს თუ არა ყოველივე ეს შეკითხვას: ხომ არ აღდგება ე. წ. ჩადების ინსტიტუტი შსს-ს მხრიდან, რაც არაერთხელ გვინახავს და უამრავი ასეთი საქმის მოძიება არის შესაძლებელი?

_ ესეც შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებული. აქამდე ეს კანონები არ იყო შეცვლილი, თუმცა უკანონო ჩხრეკების პრაქტიკა აქამდეც აქტიურად მოქმედებდა. ჩვენ გვახსოვს, რომ ერთ პერიოდში აქციებზე მიმავალ ადამიანებს ჩხრეკდნენ და ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული ნიღაბი და ა. შ. მიუხედავად ამისა, სრულიად ლეგალურ ნივთებს ართმევდნენ. ანუ ეს უკანონო ჩხრეკები აქამდეც არ იყოს უცხო „ქართული ოცნებისთვის“ და მსგავსი პრაქტიკა გაიზრდება ამის შემდგომ.

_ ჩვენ ზემოთაც ვახსენეთ სპონტანური შეკრებები, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილში, სადაც საუბარია, რომ ეს ყველაფერი უნდა იქნას შეტყობინებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობასთან ნებართვის ასაღებად. იკარგება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტყვა სპონტანურის არსი, რადგანაც სპონტანურობა სწორედ ის გახლავთ, რომ ეს ყველაფერი ხდება დაუგეგმავად და მყისიერად, კონკრეტული საკითხის გაპროტესტებისას?

_ სპონტანური აქციის შეტყობინებასთან დაკავშირებით ჩაიწერა, რომ გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს შეტყობინება. ეს გონივრული ვადა რამდენია, ბუნებრივია, არ წერია. ზოგადად, თვითონ კანონის ტექსტი ცალკე აღებული შესაძლოა იმდენად პრობლემური არ ყოფილა, რადგანაც აქამდეც მართალია სპონტანური შეკრების დროს არ არსებობდა ხუთდღიანი გაფრთხილების აუცილებლობა, მაგრამ მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსაც ჰქონდა ნათქვამი, რომ რაღაც გონივრული ვადით ადრე შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, რომ გააფრთხილოს. თუმცა აქ პრობლემური არის ორგანიზატორის ცნება, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გაფრთხილოს. ორგანიზატორის ცნება არის საკმაოდ ფართოდ განმარტებული უკვე. აქამდე ორგანიზატორი იყო ის პირი, ვინც ინიციატორმა გამოყო ორგანიზებისთვის, მაგრამ ამ აქციებს ხშირად არ ჰყავს ერთეული ინიციატორი და არც ცალკეული ორგანიზატორი. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ეს პრობლემა გადაჭრა ისე, რომ ორგანიზატორად განმარტა ყველა პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ შეიძლება არის ინიციატორი, შეიძლება იყოს ის ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით ხელმძღვანელობს ან ორგანიზებას უწევს აქციას და ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე პოსტს დადებს ჯგუფში, რაღაც გარკვეული ინიციატივით ან შეიძლება აქციაზეც ძალიან აქტიური პირი იყოს და არანაირი რაღაც მიმართულება არ ჰქონდეს, ის ჩათვალოს ორგანიზატორად და მას დააკისროს პასუხისმგებლობები. ეს ნორმაც, ეს გაფრთხილების ნაწილიც სავარაუდოდ იქნება გამოყენებული ბოროტად და ეს ორგანიზატორის განმარტებაც ასევე გამოყენებული იქნება ბოროტად. სხვა რეპრესიულ ცვლილებებთან და პრაქტიკებთან ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ეს ცვლილება იქნება გამოყენებული პროტესტის ჩასახშობად, პროტესტის წინააღმდეგ და არაპროპორციული სანქციების დასაწესებლად აქციის მონაწილეებისთვის.

_ პოსტის დაწერა ახსენეთ ჯგუფში, ანუ ადამიანების აქტიურობას სოციალურ ქსელში ასევე გააკონტროლებს ხელისუფლება. ეს არის რეალურად ერთ-ერთი ფორმულირება ამ რეპრესიულ კანონებში, ხომ?

_ ეს შეიძლება იყოს (შეურაცხყოფის ნაწილზე რომ ვსაუბრობდით) პოსტები, რომლებიც შეურაცხმყოფლად ჩაითვლება, ასევე აქციასთან დაკავშირებული რაღაც პოსტების საფუძველზე. შეიძლება შსს-მ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ პოსტის ავტორი იყო ორგანიზატორი. შეიძლება ადამიანი იდეებს გამოთქვამდა. ხომ? რაც ხშირად ხდება სოციალურ ქსელებში, როგორ სჯობს აქციის ჩატარება. ეს ყველაფერი იქნება განსაზღვრული ისე, თითქოს ეს ადამიანი ამით ხელმძღვანელის ფუნქციას გამოხატავდა, რაღაც ინიციატივას იჩენდა, ამიტომ ის ორგანიზატორია და მას დაეკისრება უფრო მძიმე სანქცია. ან, როგორც ვთქვით, რაღაც პოლიტიკური გამოხატვის ან პოსტის გამო ეს ყველაფერი ჩათვალონ შეურაცხმყოფლად და მას დააკისრონ სანქცია, პოლიტიკური პირის შეურაცხყოფის გამო. ეს ამ კონტროლის ძალიან რეალურ რისკებს აჩენს.

_ ცენზურა მედიაში: „ქართული ოცნება“ ყოველთვის ცდილობდა (ისევე როგორც ყველა ხელისუფლება), რომ დაემორჩილებინა მედია, თუმცა ამ დრომდე ასეთი ტიპის ცენზურა და შევიწროება, როგორიც ახლა დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“, არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, მათ შორის, არც „ნაციონალური მოძრაობის“, რომელსაც ადანაშაულებს დღემდე მოქმედი ხელისუფლება მედიაზე ზეწოლაში. როგორ ფასდება ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რა იურიდიული ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს მას? მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ლონდონის კანონზე მედიასთან დაკავშირებით, სადაც შეგიძლია უსამართლობის დამტკიცება მარტივად, სასამართლოში, თუმცა ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს მოკლებული ვართ და ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, რომ სამართალი იპოვო.

_ რადგანაც ეს კანონი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ჯერ არ გვინახავს, აქედან გამომდინარე, თვითონ კანონს შინაარსობრივად ვერ შევაფასებ, მაგრამ ის ტენდენცია აშკარაა, რაც ზოგადად არსებობს მედიასთან მიმართებით, როგორიც არის მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებების გამო, რომელსაც ისინი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას აკეთებენ. მაგალითად, გზის გადაკეტვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როდესაც ის რეალურად აქციას აშუქებდა, რაღაც სანქციების დაკისრება, ძალადობა მედიის წარმომადგენელთა მიმართ, რაც ასევე ფართოდ არის გავრცელებული და ვნახეთ ასევე მუქარები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია, „პუბლიკის“ შემთხვევა, როდესაც მას ღიად დაემუქრა შალვა პაპუაშვილი. მედიის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ სამიზნე, მათ შორის, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებაც არის სამიზნე „ქართული ოცნების“. შესაბამისად, ეს არის პრობლემური საკითხი, რაც შეეხება უშუალოდ კანონს, სანამ არ ვნახავთ ამ ტექსტს, მანამდე კანონს ვერ შევაფასებთ.

_ მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა კიდევ ერთ შესწორებაზე: მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების განხილვის დროს აღარ იქნება სავალდებულო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ამ ყველაფერში. ეს ცვლილება რომ შევაფასოთ.

_ ზოგადად, როდესაც როდესაც შესაბამისი ცვლილები გამოქვეყნდება, ჩვენ შეგვეძლება მისი დეტალურად შეფასება, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პროცესი და სამოქალაქო საზოგადოების გამორიცხვა ყველა მნიშვნელოვანი პროცესიდან ახალი არ არის და ამ რეალობაში ვიმყოფებით უკვე დიდი ხანია, ასე რომ, ეს ინიციატივა უკვე რაღაც რეალობაში არის განხორციელებული.

_ რომ გადავხედოთ ბოლო პერიოდის სასამართლო პრაქტიკას, იმ სასამართლოში, რომელსაც მართავს სანქცირებულ მოსამართლეთა კლანი, გაგვიჭირდება ვიპოვოთ ისეთი პროცესები, სადაც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არ არის სამართალი, რა ბერკეტები რჩება საზოგადოებას ამ რეპრესიული კანონებიდან გამომდინარე, რომ ებრძოლოს უსამართლობას?

_ სამწუხაროდ, ის უწყება, რომელიც რეალურად ამას უნდა აკონტროლებდეს, ფაქტობრივად, ამ რეპრესიებში მონაწილეობს. სასამართლო არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც თავად უნდა იყოს უსამართლობის მაკონტროლებელი და შემაკავებელი ამ ძალადობის, თუმცა სასამართლო თავად მონაწილეობს ამ პროცესებში უსამართლო სანქციების დაწესებით, იგივე შეიძლება ითქვას პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამართლებრივი ინსტიტუტი უნისონში მოქმედებს სამართლებრივი პროცესის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე, მაინც უნდა ვიცოდეთ, რა უფლებები ირღვევა, რასთან გვაქვს საქმე და თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო მექანიზმისთვის არ შევწყვიტოთ ბრძოლა, რათა გვქონდეს ამ მექანიზმების გამოყენების საშუალება. მანამდე, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო შეზღუდვების გამო არ შევწყვიტოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა და მათი დაცვა, მათ შორის, გამოხატვა, შეკრება და ა. შ. 

 

 

 

გაზიარება