QronikaPlus
ნიკა ჩიტაძე: „ხელისუფლება ყველაფერზე წავა! შესაძლებელია, რუსეთსაც გაურიგდეს“

ნიკა ჩიტაძე: „ხელისუფლება ყველაფერზე წავა! შესაძლებელია, რუსეთსაც გაურიგდეს“

2021-07-27 06:46:24

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. მათ ნაწილს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 53 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა; 11 ივლისს კი „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ამ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

ევროკავშირის წევრმა 24 ქვეყნის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა ერთობლივი განცხადება 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე.

ელჩების თქმით, 5-6 ივლისის მოვლენებმა „ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს“. ასევე, მათი თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა „საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის, იმიჯი“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კი ნათქვამია: „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე. სანქციები ერთ-ერთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებს დაწესებამდე არ ვაცხადებთ, მაგრამ ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით“.

ემუქრება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები? რას ნიშნავს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გზავნილები? რამდენად ადეკვატურია ამ მოცემულობაში ოპოზიციური სპექტრი?

აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ნიკა, 5-6 ივლისის მოვლენებმა კონკრეტულად რა გამოავლინა ხელისუფლების ნაწილში? მმართველმა გუნდმა, მათ შორის, პრემიერის განცხადებამ, წაახალისა ძალადობა. რაზე მეტყველებდა ეს ყველაფერი?

_ ეს მეტყველებდა შემდეგ ფაქტორზე: პირველი ის, რომ რამდენჯერმე „გაუვიდა“ ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, 2012-2013 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, კერძოდ, გამგეობებში, არაერთგზის შეჭრა განახორციელა ხალხის მასამ, სანამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებდა ადგილობრივ თვითმმართველობაში უმრავლესობას. გავიხსენოთ 2013 წლის 8 თებერვლის მოვლენებიც, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები მიუქსიეს ბიბლიოთეკის წინ. მაშინაც არავინ დასჯილა, ისევე როგორც არ დასჯილან გამგეობაში შეჭრის დროს. არავინ დასჯილა 2015 წელსაც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ 19 ოფისზე ერთ დღეს განახორციელეს შეტევა. მაშინაც პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობამ საკადრისი პასუხი გასცა პროვოკატორებს. ამ დროს კი სახეზე იყო ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ოფისების დარბევა და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ იგივე განმეორდა 2016 წელს, კორცხელის მოვლენების დროს. არც მაშინ აღძრულა არავის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და არავინ დაუპატიმრებიათ. პირიქით, ხელისუფლებამ პროვოკაციაში დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ისიც კი თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკადრისი პასუხი მიიღო; ასევე 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, მაშინაც გამოვიდა ხალხის მასა, მათ შორის, მღვდლები, რომლებიც ტაბურეტით დარბოდნენ. ხელისუფლებას ეგონა, რომ წელსაც გაუვიდოდა და შესაშინებლად ბრბო გამოიყენა. ეს ერთი საკითხია და, მეორე მხრივ, აღნიშნული უკავშირდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კავშირს, რადგან ეს ადამიანთა ჯგუფი, ბრბო, აბსოლუტურად გაუნათლებელი და დაგეშილი ადამიანები, სამწუხაროდ, სარგებლობენ ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით. თითქოს ისინი ქადაგებენ, თვითონ იცავენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ამიტომაც სახელმწიფო ვერ უპირისპირდება ეკლესიას. 2013 წელს ამ ხალხის წინააღმდეგ არანაირი ზომები არ მიიღო ხელისუფლებამ, რადგან ეკლესიასთან კონფრონტაცია მოუწევდა, ამ დროს კი ეკლესია ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ხმების მიღებაში, მათ შორის, ქადაგებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ზრდის საპატრიარქოს დაფინანსებას.
ეკლესიასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის კავშირი, ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კავშირი, გარდა ამისა, წარსული გამოცდილება, როდესაც ხელისუფლებას „გაუვიდა“ ეს დარბევები, ამასთანავე თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოების პასიურობა, _ ამ ყველაფერმა გამოიწვია 5-6 ივლისის მოვლენების განვითარება, პირველ რიგში, საქართველოსთვის არასასურველი სცენარით.

_ 5-6 ივლისს ვნახეთ კონკრეტული სასულიერო პირები, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ აგრესიულ ჯგუფებს. ამ ნაწილში ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა საპატრიარქოს? ექსპერტების ნაწილის თქმით, ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირების პასუხისმგებლობა იკვეთება, _ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

_ ექსპერტების ნაწილი თუ მიიჩნევს, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა იკვეთებოდეს, 2012 წლის ციხის კადრების დროსაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, მაგალითად, ბადრაგის. მაშინ იგივე „ექსპერტები“ აცხადებდნენ, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იკვეთებოდა. აქედან გამომდინარე, როგორც აწყობთ, ისე საუბრობენ. ეს არ არის ექსპერტული დასკვნა, ვფიქრობ, ეს ტენდენციური მიდგომაა. ეკლესიას რომ განეკვეთა ის სასულიერო პირები, რომლებიც ძალადობრივ ჯგუფებს აგრესიისკენ მოუწოდებდნენ, ასეთ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ საპატრიარქომ ე. წ. სასულიერო პირების ქმედება არ შერაცხა, როგორც ანტიმართმადიდებლური და ძალადობრივი. ამიტომაც ეს ადამიანები რომ არ განკვეთა ეკლესიამ, საპატრიარქოს პასუხისმგებლობა ჩნდება.

_ ამ ნაწილში რა ნორმით უნდა აიღოს საპატრიარქომ პასუხისმგებლობა?

_ საპატრიარქომ, უშუალოდ პატრიარქმა, უნდა განაცხადოს, რომ ცალკეული სასულიერო პირების მოწოდება ძალადობისკენ არ შეესაბამება ქრისტიანულ მორალს, ქრისტიანულ ნორმებს, არც ძველი და არც ახალი აღთქმის პრინციპებს, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს და გმობენ ამას. ასეთი განცხადება არ გაკეთებულა და, სამწუხაროდ, ეკლესიას პასუხისმგებლობა არ აუღია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია ე. წ. სასულიერო პირებს მფარველობს. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეკლესიამ და მოძალადე მღვდლები განკვეთოს ეკლესიიდან, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა.

_ „ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, მისი ლიდერები ცდილობენ, აქცენტი გადაიტანონ სამართლებრივ ნაწილზე და კონკრეტული პირების დასჯაზე. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიან. ჟურნალისტების მოთხოვნას, რომ გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი, არასერიოზულად აღიქვამენ, _ რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მედიის წარმომადგენლებს მოუწიათ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება, რადგან ჩვენი კოლეგა ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა შეიწირეს?

_ ამ მოცემულობამდე მასმედია, მათ შორის, თქვენი გამოცემა, აშუქებდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ მოვლენებს კრიტიკულად. დღეს უკვე მასმედია, რომელიც გახლავთ მეოთხე ხელისუფლება, სრულიად სამართლიანად მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და პრემიერ-მინისტრი გადადგეს. უკვე არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მასმედიასაც აქვს საკუთარი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანი. ამ ნაწილში ჩანს მთავრობის შეცდომები. ხელისუფლებამ დღეს მასმედია გადაიკიდა. თავის დროზე, რომაელმა ფილოსოფოსმა ციცერონმა თქვა: „ხშირ შემთხვევაში ცუდ ქმედებაზე უარესი უმოქმედობაა“. ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცუდ ქმედებას, ვგულისხმობ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მთავრობის სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ პროვოკაციისგან გარკვეულ ჯგუფებს თავი უნდა შეეკავებინათ, მაგრამ ამ დროს მას რომ გაეკეთებინა განცხადება ყველა მოძალადის მკაცრად დასჯის შესახებ, შესაძლოა, ეს არ მომხდარიყო. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობა გამოიხატებოდა იმაშიც, რომ პოლიციის მცირე ჯგუფები გამოიყვანეს. მაშინ, როცა ხელისუფლებას სჭირდებოდა, მათ მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. გარდა ამისა, წყლის ჭავლი გამოიყენეს ზამთრის პერიოდში, როცა არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ ამომრჩევლები. იგივე წყლის ჭავლი გამოიყენეს, როდესაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას პროტესტი მოჰყვა. ამ ცვლილებების მიხედვით, 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. იმ პერიოდში დასჭირდა ხელისუფლებას და გამოიყენა კიდეც წყლის ჭავლი. გარდა ამისა, ვიმეორებ, 20 ივნისს გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ხალხი დააბრმავეს. ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მიუღებელნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ გავრილოვის ჩამოსვლას, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას, თუმცა ხელისუფლებისთვის შედარებით მისაღები აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ. აშკარად ჩანდა, რომ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ პოლიციელების მცირე ნაწილი ამ გავეშებულ ბრბოს მიერ ძალადობას ვერ აღკვეთდა, ამიტომაც ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაიმსახურა კრიტიკა. თუ მართლა საქნციები შემოიღეს, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოზე. ამიტომაც „ოცნება“ იძულებული გახდა, რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, _ დააპატიმრეს ცალკეული ადამიანები: 16 ივლისს გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

_ რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რამდენად რეალურია ის, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს?

_ თუ ღარიბაშვილზე ზეწოლა არ განხორციელდა, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ მან პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. წესით, მან უნდა დატოვოს თანამდებობა. მაგალითად, უნდა გამოაცხადოს, რომ ხელისუფლება მზად არის, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, როგორც სააკაშვილმა დანიშნა, თავის დროზე, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და გადადგა თანამდებობიდან 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. წესით, იგივე უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა. შესაძლებელია, ეს გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად. საერთაშორისო საზოგადოებას უკვე ყელში ამოუვიდა „ქართული ოცნების“ მმართველობა.

_ ხელისუფლებას სურს ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს მომხდარზე, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ელჩების განცხადებაში კი პირდაპირ ნათქვამია, რომ 5 ივლისის მოვლენები ჩრდილს აყენებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. რაზე მიანიშნებს ეს განცხადება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ ლექსო ლაშქარავას, როდესაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, გაუკეთეს ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის, მორფინი, რომელიც არის არა ნარკოტიკი, არამედ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, თუ მას სამედიცინო გზით გამოიყენებ და არა არაკანონიერი გზით. ამიტომაც შესაძლებელია მის სისხლში ეს ნივთიერებები ყოფილიყო, მაგრამ ისინი გამოყენებული იყო, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რაც სრულიად ლოგიკურია. მეორე საკითხია, როდესაც ხელისუფლება ვიდეოკადრების ჩანაწერებს აქვეყნებს, სადაც ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტია ნაჩვენები. თავის დროზე, აფგან მუხთარლი რომ გაიტაცეს, მაშინ ყველა კამერის ჩანაწერი წაშლილი იყო. თუ ლაშქარავას გადაადგილების დაფიქსირება შესაძლებელი იყო, რატომ ვერ დააფიქსირა კამერებმა მუხთარლის გატაცების მომენტი? ამ შემთხვევაში აშკარად ჩანდა, რომ სახელმწიფო ეწევა ტერორიზმს, გაიტაცა ადამიანი. გარდა ამისა, სრულიად ვეთანხმები ელჩების განცხადებას, რომ პიროვნულ დისკრეტიდაციას იყენებენ იმისთვის, რათა თავი იმართლონ. პირველ რიგში, ამას მიმართავენ ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში. მოვლენები შესაძლოა, ორი სცენარით განვითარდეს: ერთია პესიმისტური სცენარი, მეორე _ ოპტიმისტური. პესიმისტურია, როცა ხელისუფლება ყველაფერზე წავა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მათ შორის, შესაძლებელია გაურიგდეს რუსეთს და შესაბამისად, დაუპირისპირდეს დასავლეთს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ამის შესახებ არ განაცხადებს, მაგრამ თუ დასავლეთი გადაიმტერა, ბუნებრივია, ის გააგრძელებს თავისი რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას ოპონენტების წინააღმდეგ და, შესაბამისად, რუსეთს დაუახლოვდება. იგივე ითქმის ეკლესიის მხარდაჭერაზე, სადაც ბევრი პრორუსული ძალაა, რომელიც ქადაგებს, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა. თავის დროზე, შევარდნაძეს ჰქონდა მცდელობა, გარიგებოდა რუსეთს, ოღონდ შეენარჩუნებინა ძალაუფლება. შევარდნაძე პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო, გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა. გავიხსენოთ, 22 ნოემბრის მოვლენები, სააკაშვილის პარლამენტში შეჭრა და მისი განცხადება პრეზიდენტის მისამართით: „გადადექი!“ _ იმ დღეს რომ არ შეჭრილიყო სააკაშვილი და ხალხი არ შესულიყო მასთან ერთად, სესია იმართებოდა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის, უსაფრთხოების კომიტეტის პოსტებზე განიხილებოდა „აღორძინების“ წევრების დანიშვნა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. უბრალოდ მოხდა ისე, რომ, საბედნიეროდ, ვიხილეთ „ვარდების რევოლუცია“ და შევარდნაძეს არ დასცალდა ეს ყველაფერი. მან კი გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შემდგომში მომხრე აღარ ჰყავდა და მეორე დღეს იძულებული გახდა, გადამდგარიყო თანამდებობიდან. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, გვინდა თუ არ გვინდა, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი მომხრეები, დაახლოებით, ამომრჩევლის 30%, მათ შორის, უმეტესი ნაწილი შავბნელი ძალა, რომელსაც არ აწყობს სხვა პარტიის მოსვლა ხელისუფლებაში, რადგან შესაძლებელია, მათ პასუხი მოსთხოვონ თავიანთ ქმედებებზე, თუნდაც ზოგიერთ მათგანს კორცხელის ინციდენტზე. აგრეთვე არის ე. წ. ინტელიგენცია და საჯარო მოხელეები, მათი ნათესავები, ასევე საპოლიციო სტრუქტურები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ თანხას. ამიტომაც შეიძლება ხელისუფლება წავიდეს ვა-ბანკზე და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერი იკადროს.
მეორე ვარიანტია ოპტიმისტური სცენარი, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება გაითვალისწინოს ვალდებულებები, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, არაფერს ითვალისწინებს და არ ატარებს შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ პრინციპებს. მაინც ოპტიმისტური ვარიანტია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს და გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, თუ საერთაშორისო საზოგადოება განაცხადებს, რომ ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს და კონკრეტული სანქციები ამოქმედდება ცალკეული პირების მაღალჩინოსნების მიმართ.

_ ამ ნაწილში საინტერესოა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადება, სადაც ნათქვამია: „სანქციების დაწესებამდე წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით“. დიპლომატიურ ენაზე ეს ფრაზა არის თუ არა ერთგვარი სიგნალი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ სანქციებისთვის მოემზადონ?

_ დიახ, ეს ზუსტად ამას ნიშნავს, ერთგვარი მოწოდებაა. სანქციები უფრო დაკავშირებული იქნება, პირველ ეტაპზე, ანგარიშების გაყინვასთან. შესაძლებელია, თავდაპირველად საქართველოს არ შეუწყდეს ფინანსური დახმარება, რადგან აშშ-სა და ევროკავშირიც აცნობიერებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, მოსახლეობა დაზარალდება. შესაძლებელია, იგივე ივანიშვილის მიმართ მინიშნებები, რომ მას გაუყინავენ ანგარიშებს და შეისწავლიან ობშორულ ზონებში მის ბიზნეს-საქმიანობას. როგორც ცნობილია, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შემოსული 38% მოდის ობშორულ ზონებზე. სავარაუდოდ, სანქციები, თავდაპირველად, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მაგალითად, მათ შეიძლება შეუზღუდონ შენგენის ზონაში გადაადგილება, ამერიკის ვიზა და ა. შ., ასევე ივანიშვილს შესაძლოა, გაუყინონ ანგარიშები. გარდა ამისა, იქნება მოთხოვნა, თუ არ განხორციელდა ესა თუ ის რეფორმა, ამ შემთხვევაში ის ტრანში, რომელიც უნდა წამოვიდეს საქართველოსკენ, მაგალითად, 100-მილიონიან ტრანშს ამერიკის მხრიდან არ გადმორიცხავენ საქართველოსთვის. შესაძლოა, საქართველოს ულტიმატუმიც კი წაუყენონ.

_ თქვენ ახსენეთ შარლ მიშელის დოკუმენტი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით. ამ ნაწილშიც გაკეთდა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა: „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოსამართლეების დამტკიცებით „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდა?

_ დიახ, „ქართული ოცნება“ ნამდვილად მიშელის დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდა, რადგან მას სურს სასამართლო ხელისუფლების შენარჩუნება, რომ არ დაკარგოს ძალაუფლება. მას არ აწყობს დამოუკიდებელი სასამართლო, მას აწყობს კლანის, ე. წ. თავისი ხალხის არსებობა სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში.

_ 18-19 ივლისს კი შარლ მიშელი ეწვევა საქართველოს. თქვენი პროგნოზი როგორია, რა გზავნილებით ჩამოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში, მით უმეტეს იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ხდება?

_ ველოდები მიშელის ვიზიტის დროს მის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. გარდა ამისა, მოთხოვნას, რომ დაისაჯოს ძალადობის ყველა მონაწილე. არ არის გამორიცხული, იყოს მოთხოვნა, რომ ხელისუფლება დათანხმდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ 43%-ს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას წაუყენონ მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ?

_ დასავლეთს მობეზრდა „ქართული ოცნება“, მე ასე მგონია და მათი სურვილი იქნება, რომ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს, რადგან დასავლეთზე უარყოფითად აისახება ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა გარკვეული ნდობა გამოხატა საქართველოს მიმართ და მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ამ დროს ამ ნდობას „ქართული ოცნება“ არ ამართლებს. გარდა ამისა, ალბათ, ასევე იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომ მკვეთრად გაემიჯნოს ერთმანეთს სახელმწიფო და ეკლესია, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში და მან თავისი საქმე უნდა აკეთოს.

_ განვითარებული მოვლენების მიმართ, რაზედაც უკვე დეტალურად ვისაუბრეთ, რამდენად ადეკვატურია ოპოზიციური სპექტრი?

_ ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას სჭირდება გაერთიანება. მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება ლოგიკურია. გასაგებია ისიც, რომ ოპოზიციას ამისთვის სჭირდება, მინიმუმ, 76 ხმა, რომ შეძლოს მთავრობის გადაყენება. ეს ხმები ოპოზიციას არ გააჩნია, მაგრამ ოპოზიციამ თავისი პოზიცია პარლამენტში უნდა გამოხატოს; როგორც პარლამენტში, ასევე მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით. მეორე მხრივ, ოპოზიციას სჭირდება გაერთიანება. ასე მგონია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე უნდა დააყენონ საერთო კანდიდატი, ასევე მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში უნდა შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატებზე. უნდა გაერთიანდნენ პროდასავლური პარტიები. ვგულისხმობ: „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ლელოს“. არანაირად არ ვენდობი „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“. მოლაპარაკებები დღევანდელი დღიდან უნდა დაიწყოს, 2 ოქტომბერი არცთუ ისე შორს არის, ამიტომაც შეთანხმებაა საჭირო თითოეული კანდიდატის შესახებ.

_ ოპოზიციის შიგნით შეთანხმების რესურსი არსებობს? ვხედავთ, რომ მსგავსი გაერთიანებები წინასაარჩევნოდ კრახით და დაპირისპირებებით სრულდება.

_ გარკვეული რესურსი არსებობს, მაგრამ ოპოზიციას სჭირდება ახალგაზრდა კადრების შემოდინება. მაგალითად, მელიას გადაწყვეტილებას მივესალმე. სანამ დააპატიმრებდნენ, „ნაციონალური პარტიის~ 12 ახალი წევრი წარადგინა. აუცილებელია ახალი სისხლი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. მე პირადად ვარ მოწმე, ჩემ თვალწინ იზრდებიან ჩემი სტუდენტები, მათ შორის, ბევრია ნიჭიერი. მგონია, რომ სჯობს ეს ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე. შესთავაზონ ამ ნიჭიერ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა, მასმედიაც უნდა გააქტიურდეს და ახალი ხალხი, ექსპერტებისა და პოლიტოლოგების სახით, წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ძველი პოლიტოლოგები, ჩემი ჩათვლით, უნდა ჩაანაცვლონ ახალმა სახეებმა. ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც არ ჩანს. აუცილებელია მათი ჩართვა პოლიტიკურ საქმიანობაში და მათი წარმოჩენა მასმედიით.

ნენე ინჯგია

გაზიარება