QronikaPlus
რა სკანდალური მიმოწერა მოიპოვა „ქრონიკა+“-მა?

რა სკანდალური მიმოწერა მოიპოვა „ქრონიკა+“-მა?

2021-07-23 07:46:54

სკანდალი, რომელიც „ქრონიკა+“-მა გაასაჯაროვა, გრძელდება. სააპელაციო საასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი საკუთარ ბიზნესს ისევ მოსამართლის დახმარებით ლობირებს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა კოლეგის თხოვნით კომპანია „ბერქაი ენდ ბეიაზიდის“ ქონება ისე დააყადაღა, მნიშვნელოვნად გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ფაქტობრივად კომპანია გააკოტრა. დღეს „ქრონიკა+“-მა საქმეში მოსამართლის უშუალო ჩართულობის დამადასტურებელი სატელეფონო მიმოწერის სქრინები მოიპოვა, შპს „კატალეას“ ადვოკატი კი უბრალოდ იტყუება, როცა ინვოისს ხელშეკრულებად აცხადებს.

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი არტურ განიევი ესაუბრება:

_ „მთავარ არხზე“ შაბათს გავიდა სიუჟეტი, სადაც მოისმინეს მოსარჩელე ანა გოგიშვილის მხარის პოზიცია. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჩვენმა კომპანიამ გადამალა ყველა სატრანსპორტო საშუალება. შეუძლებელია, 36 ერთეული ტრაილერი გადამალო ისე, რომ აღსრულებამ ვერ მიაგნოს. ეს არის ტყუილი, ამის დასტური გვაქვს ჩვენ აღსრულების ბიუროდან ოფიციალური წერილის სახით, სადაც აღნიშნულია, რომ 150 000 ევროს ღირებულების სატრასპორტო საშუალებები მაის-ივნისსა და ივლისში არის დალუქული და გადაყვანილი სპეცსადგომზე. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ჩვენ ქონებას ვმალავთ და განჩინება აღუსრულებელია, არასწორია. ამას დოკუმენტურად ვადასტურებთ, რომ ჩვენ არაფერი დაგვიმალავს და არის დალუქული და დგას სადგომზე.

მეორე განცხადება არის ის რომ, იქ აფრიალეს ინვოისი და თქვეს, რომ ინვოისი არსებობს, რომელიც ცვლის ხელშეკრულებასო და ამ ინვოისში არის აღნიშნული, რომ კონკრეტული ტემპერატურა უნდა ყოფილიყო, ეს ტემპერატურა დაირღვა და ა. შ.

იმავე ინვოისში, რასაც ესენი აფრიალებდნენ, მონიშნეს ორი ადგილი, მესამე და მეოთხე ადგილის მონიშვნა დაიწყეს და ზუსტად იმავე ინვოისით დგინდება, რომ გადამზიდავი არის საერთოდ სხვა _ ნიდერლანდური კომპანია. ამ შემთხვევაში აი ის დოკუმენტი, რაზედაც აპელირებენ, რომ არის ჩვენ შორის არსებული ხელშეკრულება, ადასტურებს, რომ ტრანსპორტიორი არის ნიდერლანდების კომპანია. შესაბამისად, ეს არის ამ ყვავილების გამყიდველი კომპანია. გამყიდველთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, ეს ტრანსპორტირების მომსახურება შეკვეთილი იყო თურქეთში არსებული ერთ-ერთი სატრანსპორტო სააგენტოსგან. იქ სჭირდებათ თქვენ რომ გაქვთ, ისეთი ტექნიკური მონაცემების მაცივარიო. ჩვენ მივედით, ყვავილების გამყიდველმა ნახა, რა თქმა უნდა, რა მონაცემების ტრანსპორტი გვყავდა. ყვავილების გამყიდველი რომ ხარ, უნდა იცოდე, შეიძლება თუ არა ამ მაცივრით ყვავილების გადატანა. იქ ჩვენ ახლა არ შევდივართ დავაში, ფაქტი არის ის, რომ რა დოკუმენტიც აფრიალეს ტელევიზიით, ზუსტად იმ დოკუმენტში არის მნიშვნელოვანი, ვინ არის ტრანსპორტიორი და ჩვენ თუ ამ დოკუმენტით ვიხელმძღვანებთ, საერთოდ არ ვართ ტრანსპორტიორი.

სარჩელში, რაც შეტანილია სასამართლოში, ვკითხულობთ საერთოდ სხვა რაღაცას, რომ დავის არსს იწყებენ შემდეგი სიტყვებით: შპს „კატალეას“ და „ბერქაი ენდ ბეიზიდს“ შორის გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, მერე მოდის დანარჩენი შინაარსი. ასეთი ხელშეკრულება ბუნებაში საერთოდ არ არსებობს _ უბრალოდ, იტყუებიან.

_ ანუ თქვენ არ გქონდათ ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულება, თქვენ გქონდათ უშუალოდ თურქულ კომპანიასთან…

_ ჩვენ და კატალეას ხელშეკრულება არ გვქონია, ისინი სე ამბობენ, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. ხოლო „მთავრი არხის“ შაბათის ეთერში რომ თქვეს, ხელშეკრულებას ცვლის ინვოისიო, ამ ინვოისზე ტრანსპორტი რაც არის, ჩვენ საერთოდ არ ვართ. მაშინ რომელი დოკუმენტია?! ეს დოკუმენტი არ არსებობს.

მერე განცხადება იყო იმაზე, რომ ხელმძღვანელი შეიცვალა და, სავარაუდოდ, ფორმალურად შეიცვალა, რომ პასუხისმგებლობა მოეშორებინა კომპანიასო. მაშინ, როცა პარასკევს ინტერვიუ შედგა ზუსტად იმ ხელმძღვანელთან, რომელზეც ამბობენ, გაიქცა და ფორმალურად გადააფორმაო. თუ ფორმალურად გადააფორმა, მაშინ ინტერვიუ როგორ მისცა სასამართლოს წინ?

მთავარი: გადაცემაში აღნიშნეს, რომ ეს არის ნიკოლოზ გოგიშვილის სტარტაპიო, ახალი ბიზნესი და ა. შ. დედას არანაირი კავშირი არ აქვსო და ჩვენ რაღაც სპეკულირებას ვაკეთებთ იმაზე, რომ დედა არის მოსამართლე. რა თქმა უნდა, მოსამართლე დედა რომ ჰყავდეს ადამიანს, ეს არ არის ცოდვა, ეს არ არის რაღაც უარყოფითი მომენტი. მთავარია, მოსამართლე დედამ არ მიიღოს არც ირიბად და არც პირდაპირ მონაწილეობა შვილის ბიზნესში. თვითონ ბიზნესის პროცესში, გარიგებებში და მით უმეტეს, თუ შვილს შეექმნა რამე სასამართლო დავა, დედას უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა. მით უფრო მაშინ, როცა შენ ხარ ზემდგომი ინსტანციის მოსამართლე და ხარ სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, ყველა ჩვენი საჩივარი მოდის შენს პალატაში.

_ უნდა აერიდებინა თავიდან.

_ რა თქმა უნდა, კომიკურია იმაზე განცხადება, რომ ჩვენ ახლა ვცდილობთ დედის თემით მანიპულირებას, მარტივი მიზეზი გამო, რომ 2021 წლის მარტში ჩვენს კომპანიას საქმის გარჩევა გვქონდა უშუალოდ ანა გოგიშვილთან მისივე კომპანიაში. თუ დედა არანაირად არ იღებს მონაწილეობას, მაშინ 2021 წლის მარტში საქმის გასარჩევად ანი გოგიშვილი რატომ მოდიოდა ოფისში? 3-ჯერ გვირჩევდა საქმეს, ვინ იყო მართალი, ვინ იყო მტყუანი. ფიზიკურად მოდიდა, რაც არის დადგენილი და დოკუმენტებსაც წარმოვადგენთ, რაზედაც ფიზიკურად ვერ იტყვის უარს, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. ანა გოგიშვილთან პირადად ჩვენ გვაქვს მიწერ-მოწერა. არსებობს ფაქტები, რომელსაც ვერ უარყოფს, თუნდაც ექსპერტიზა ჩაატაროს, რომ ეს ჩემი ნომრიდან არ იყო და ა. შ.

_ და რა ხდება ამ მიწერ-მოწერაში?..

_ მიწერ-მოწერაში ანა გოგიშვილი პირდაპირ არჩევს ამ დავას და მის შესაძლო შედეგებს. თუ შენს ინტერესებში არ შედის ეს ბიზნესი, მაშინ უბრალოდ შვილი გეცოდება და შვილს იცავ?! გასაგებია, შვილი არ არის არასრულწლოვანი და შვილს დაცვა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს მათ ნათესაურ კავშირზე, ჩვენ პრეტენზია გვაქვს და ფაქტებით არის დადგენილი, რომ დედა ახდენს უშუალო ზეგავლენას სასამართლოზე და ყველაზე ნათელი მაგალითი არის ის, რომ დედა ზუსტად ბიზნესის წარმოებაში, მოგება-ზარალის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მოდიოდა პირდაპირ ჩვენთან, აბსოლუტურად არც ერიდებოდა და ჰქონდა გახსნილი კომუნიკაცია. ესემესებში აღნიშნავდა, რომ ვარ სასამართლო პროცესზე და სასამართლო პროცესის შემდეგ შეგეხმიანებითო. ეს არის ფაქტები.

იმედია, არ უარყოფს და თუ უარყოფს, უნდა დაადასტუროს.
ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა თუ აინტერესებს, აქვს უფლება, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და გაარკვიოს, ვინ ისარგებლა მისი ტელფონით. არსებობს შესაბამისი სქრინები, ამონაწერები, სადაც დადასტურდება, რასაც ვამბობ. არსებობს მისი წარმოდგენილი შუამავლებიც.

_ როდის დაიწყო თქვენი კომუნიკაცია მოსამართლე ანა გოგიშვილთან?

_ პირველი კომუნიკაცია მოხდა 2021 წლის 3 მარტს, მაშინ, როცა ვიღაც თამარმა, მათი კომპანიის თანამშრომელმა, გამოაგზავნა მესიჯი, ქალაბტონ ანასა და ნიკას ტელეფონის ნომრები და მერე დაინტერესდა კიდევაც, თუ ესაუბრეთ და თუ მოაგვარეთო. ჩვენ ვთქვით, რომ ველაპარაკეთ ქალბატონ ანას და კითხვა დაგვისვა, _ შეთანხმდით, ხო? კი ბატონო, შევთანხმდით…

_ ანუ იმის შემდეგ ხომ არ წავიდა შიდა მოლაპარაკებები, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო?

_ რა თქმა უნდა. თავიდანვე ასე იყო, ნიკამ თქვა.

_ მიმოწერა იყო, საუბარი თუ შეხვედრები?

_ რა თქმა უნდა, იყო შეხვედრები, მათ შორის, ქალბატონ ანა გოგიშვილთან მისსავე კაბინეტში. იყო საუბარი, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მოგვარებულიყო ეს პრობლემა.

_ ფულს ითხოვდა?

_ რა თქმა უნდა, 16 ათასს ევროს, პლუს რაღაცებს და ა. შ.

_ დავაზუსტოთ…

_ ანუ 16 ათას ევროს და ხარჯების დაფარვას ითხოვდა.

_ და თქვენი პოზიცია?

_ ჩვენი პოზიცია მაშინაც იყო ასეთი: თუ რამენაირად დასტურდებოდა ამ საქმეში ჩვენი ბრალეულობა და შემხებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ეს ჩვენმა ხელმძღვანელმა ღიადაც განაცხადა. მერე წავიდა კატეგორიული მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვიცავდით პოზიციას, დადგენილიყო სიმართლე და არც კი გვეგონა, რომ სამართლებრივი შედეგი დადგებოდა მანამ, სანამ დაიწყებოდა საქმის განხილვა. სამართლებრივი შედეგი არის ის, რომ დღეს ვართ გაკოტრებულები.

_ ამ ვითარებაში რა გეგმით მოქმედებს კომპანია?

_ პირველ რიგში, ვაპირებთ სამართლებრივი დავის მოგებას, ანუ ვაგრძელებთ სამართლებრივ დავას. მეორე საკითხია არსებული ვითარება კომპანიის ყადაღის პირობებში. კომპანია, ფაქტობრივად, გაჩერებულია და არ მუშაობს. კომპანიის თანამშრომლების 40 ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. საყურადღებოა და მნიშვნელოლოვანია განჩინება, რომელიც ჩვენთან დაკავშირებით გამოსცა მოსამართლემ.

_ რას გულისხმობთ?

_ ასეთი ტიპის განჩინებებში მოსამართლე ყოველთვის აღნიშნავს, სახელფასო განაცემების გარდა, რადგან ეს არის სოციალური განაცემი. ჩვენს შემთხვევაში ნონსენსია და აკრძალული გვაქვს შრომის ანაზღაურების გაცემა თანამშრომლებისთვის. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: ორი მანქანა გვყავს გაჩერებული ჩინეთის ტერიტორიაზე იმის გამო, რომ საწვავს ვერ ვასხამთ.

_ რატომ?

_ როგორ ჩავასხათ საწვავი, როდესაც სასამართლოს განჩინებით აკრძალული გვაქვს ნებისმიერი ტრანზაქცია? ნაღდი ანგარიშსწორებითაც კი. ტრანზაქცია რომ დაფიქსირდეს, ე. ი. ჩვენ კანონი დავარღვიეთ. ნახეთ, მაქანას რომ დასჭირდეს საწვავი, საბურავი ან სხვა ნაწილები, ჩვენ მისი შეძენის უფლება არ გვაქვს.

_ გამოსავალი?

_ გამოსავალი იურისტებისთვის გასაგებია. სარჩელის უზრუნველყოფისთვის, სულაც რომ არაფერი გეკუთვნოდეს, დავის დაწყებამდე მოსარჩელეს შეუძლია მოგირიგდეს იმ პირობებზე, რასაც გიკარნახებენ. ერთი კვირის წინ ჩვენ ისევ მივმართეთ შპს „კატალიას“, იქნებ, მოგვეგვარებინა ეს საკითხი. ჩვენთვის გასაგებია მათი უსაფუძვლო მოთხოვნა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როდესაც გაჩერებულია სატრანსპორტო საშუალებები და დაყადაღებულია, სერიოზული ზარალია კომპანიისთვის.

_ რა გიპასუხეს?

_ საოცარი რამ! _ ასი ათასი ევრო ქეშად უნდა დაიდოს მაგიდაზე.

_ ანუ 16 ათასი ევროდან ავიდნენ 100 ათასამდე?..

_ არადა, ჩვენ გვაქვს ბატონი ნიკოლოზის მოწერილი მეილი, რომ ეს საკითხი გვარდება 16 ათას ევროდ და ახლა ავიდნენ 100 ათას ევრომდე.

_ ერთი დაზუსტება, _ ქეშად რას ჰქვია, ანუ დოკუმენტების გარეშე ითხოვენ ამ თანხას?

_ ასეთ შეცდომას არავინ დაუშვებს. მორიგება რა არის, ნახეთ, შეიძლება დავის საგანი იყოს 1 ლარი და მოვრიგდეთ მილიონზე. მორიგება არის მხარეთა კეთილი ნება. ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ ერთადერთი ბერკეტი, რაც ჩვენს ხელთ არის, გახლავთ განჩინებების გასაჩივრება. ცხადია, რომ ეს გასასაჩივრებლად აპელაციაში წავა, სადაც თავად ქალბატონი ანაა მოსამართლე. პარადოქსი ის არის, რომ ჩვენი არც ერთი საჩივარი არათუ არ კმაყოფილდება, არც იხილება. პირველი საჩივარი შეტანილია 3 ივნისს და კანონით 20 დღეში უნდა გვქონდეს ან დადებითი ან უარყოფითი პასუხი.

_ ანუ ვადა გასულია?

_ დიახ. ამის შემდეგ 5 ივლისს სასამართლოს შევახსენეთ, რომ შეტანილი გვაქვს საჩივარი და ვითხოვთ რეაგირებას და რეაგირება არ არის დღემდე. 9 ივლისს ისევ შეგვაქვს განცხადება რეაგირების მოთხოვნით და ისევ დუმილი. 13 ივლისს ვურეკავ მოსამართლის თანაშემწეს და მპასუხობს, რომ მოსამართლეს საკითხზე არ უმსჯელია. ნახეთ, ჩვენ ხომ არ ვაცხადებთ, რომ ამ დავაში ჩვენ ვართ მართლები და მეორე მხარე მტყუანია? ჩვენ ვითხოვთ სამართლებრივად განისაზღვროს, ვინ არის მართალი და ვინ _ მტყუანი. ჩვენ ვითხოვთ ჩვენთვის კანონით მონიჭებული საპროცესო უფლებების რეალიზებას. აქ მთავარია და ამას ყველას ხედავს _ ვისთან
გვაქვს საქმე.

_ მოლოდინი?

_ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, რა მოლოდინი ექნება სასამართლოში, სადაც მოსამართლეს ედავება? მით უფრო, როცა ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეს ეჯახები იქ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. და ყველაზე მთავარი: რეალურად მტკიცდება, რომ საქმე გვაქვს ანა გოგიშვილის ბიზნესთან და ცხადია, უკანონობასთან. მოსამართლეს ბიზნესი არ შეიძლება რომ ჰქონდეს. ჩვენს გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც გაბერეს თანხა და აიყვანეს ასი ათას ევრომდე. საოცრება იცით, რა არის? მხარე გვეუბნება, რომ გაფუჭებული ყვავილები განვაბაჟეო. და რეალურად მართლა გადაიხადეს 20 ათასი. მაგრამ გაუგებარია, განადგურებულ და გაფუჭებულ პროდუქციაში რატომ გადაიხადეს თანხა? ამის ახსნა, გარდა მაქინაციური მომენტისა, არ არსებობს. ჯერ განაბაჟეს, მერე განადგურების დოკუმენტი შექმნეს და მოითხოვენ თანხის დაბრუნებას. განადგურებულ ყვავილში მათ 24 ათასი ევრო გადაურიცხეს გამყიდველს. თან კომპანიას არ ჰქონდა 24 ათასი ევრო და კერძო მევახშე მარიტა კორაშვილისგან 30 ათასი დოლარი ვისესხეთო. თან 29 მარტის ხელშეკრულებაში წერია, რომ თანხა სანოტარო ხელშეკრულების დამოწმებამდე 15 მარტს არის გადაცემული. ანუ თანხის გადაცემიდან ორი კვირის მერე მივიდნენ ნოტარიუსთან. საინტერესოა ისიც, რომ მარიტა კორაშვილი არის სოციალურად დაუცველი. ყველაზე ცუდი ამ ვითარებაში ის არის, რომ ჩვენ სასამართლოში გვებრძვის მოსამართლე ანა გოგიშვილი და არავინ სხვა! ის ცდილობს ფულის გამოძალვას საკუთარი გავლენის მეშვეობით.

ელისო კილაძე

გაზიარება