- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-30 08:17:55
ამბობს, რომ არჩევნები გაუყალბეს, მაგრამ გასაპროტესტებლად „ნაცების“ გვერდით პრინციპულად არ დადგა. მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ ფიქრობს, რომ ისევ მიშა „გამოხტება“ და არჩევანი ისევ ორ პოლუსს შორის გაკეთდება, სადაც კვლავ „ქოცები“ გაიმარჯვებენ. კოალიციური მთავრობა მისაღებად მიაჩნია, თუმცა კოალიციას „ქოცებთან“ უფრო მოიაზრებს, ვიდრე _ „ნაცებთან“. არგაღიზიანების პოლიტიკა არ მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ გაღიზიანების პოლიტიკას ისევ ეს სჯობს. ეს ჯონდი ბაღათურიაა, _ ქართული პოლიტიკის ძველი სახე.
ამბობს, რომ ისევ ივანიშვილის ფაქტორი აკავებს „ოცნებას“, თორემ აქამდე ერთმანეთს დაჭამდნენ. წასვლა შეიძლება უნდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა, არც მოსვლაა ადვილი, რადგან პოლიტიკაში რომ მოხვიდე, უნდა მიგიღონ.
აპირებს თუ არა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და როგორია საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მისი ხედვები? _ „ქრონიკა+“ ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა:
_ ბატონო ჯონდი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები?
_ არჩევნები ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ადგილობრივმა არჩევნებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ეს გახდა ტესტი, რამდენად ენდობა ხალხი მმართველ ძალას.
_ თავისთავად, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და თვითმმართველობის არსებულ მოდელზე რას იტყვით?
_ ფუნქციურად, ადგილობრივი თვითმმართველობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ იგრძნობა, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებს იგივე პოლიტიკური ძალა მართავს, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას. ისეთი პრეცედენტი არ ყოფილა, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, რომ ოპოზიციურ ძალას მოეპოვებინა თვითმმართველობებში ძალაუფლება, მაშინ გამოჩნდებოდა, რეალურად, რა ბერკეტები აქვს თვითმმართველობებს. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონკურენციაში უნდა შევიდნენ, კონკურენციაში _ საქმის კეთების თვალსაზრისით. მაშინ ზემოდან ვეღარ გადაუწყვეტენ საკითხებს.
_ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებთ თუ არა ჩართვას და რა ფორმით ჩაერთვება „ქართული დასი“? თუ გეგმავთ სხვა პარტიებთან კოორდინაციას და რომელ პარტიებთან აპირებთ საერთო ენის გამონახვას?
_ საერთო ენას ყველა პარტიასთან ვიპოვი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით არ გამოირჩევა. იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ, კოორდინაცია ძნელად წარმომიდგენია. ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალებთან“ მივიდნენ, ყველანი მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ გვიანია და ეს ამ არჩევნებზე გამოჩნდება.
ჩვენ ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თემატური კოორდინაცია მოხერხდება; თუ გაერთიანდება ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა ელექტორატი შეკრებადია, ეს კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა ერთნაირი იდეოლოგიისა და ერთნაირი ხედვის პარტიებია შეკრებილი.
ჩვენთან ძალიან აქტუალურია ცნობიერებითი საკითხები, ამდენად, კონსერვატიული შეხედულებების ადამიანების გაერთიანებას დიდი მნიშვნელობა ექნება.
_ ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა კონსერვატორებისა და ლიბერალების ურთიერთდამოკიდებულება. თქვენ როგორ ახსნით ამ საკითხს?
_ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის კი არ გამწვავდა ურთიერთობა, არამედ, ლიბერალებსა და ხალხს შორის. ძალიან გათავხედდნენ ლიბერალები, კონსერვატიული პოლიტიკური ძალები კი დაქსაქსულები არიან, გათითოკაცებულები. ზოგი ისეთია, ნეტავ, საერთოდ არ იყოს პოლიტიკაში და პოლიტიკოსს არ ეძახდეს საკუთარ თავს.
კონსერვატორული ამომრჩეველი არის ლიდერის გარეშე დარჩენილი. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებთანაც შეიძლება კონსოლიდაცია და კოორდინაცია.
_ ლევან ვასაძის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით რას იტყვით? რამდენად შეძლებს ის კონსერვატორული ფრთის გაერთიანებასა და თქვენ თუ აპირებთ მასთან თანამშრომლობას?
_ ლევან ვასაძეს არ ვიცნობ, სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ვარ მასთან შეხვედრილი. რაც კანტიკუნტად ეკრანიდან მოვისმინე, _ გაერთიანებას არ ვაპირებო და როგორ უნდა გავერთიანდეთ? არ ვიცი, რა გეგმები აქვს. ზოგადად კი ჩვენც კონსერვატორები ვართ… რასაც მე ვუსმენ ვასაძის განცხადებებს, ჩვენ თანამოაზრეები ვართ და ჩვენთვის საინტერესოა. ასე, გახარიაც საინტერესოა. არ ვიცი, გახარია საით წავა და რას გააკეთებს, თუმცა ვასაძეზე მეტად ის უფრო პროგნოზირებადია _ წლების განმავლობაში საჯარო ფიგურა იყო, ბოლოს პრემიერი გახდა და გარკვეული წარმოდგენა გვაქვს მასზე.
_ თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს გიორგი გახარიას გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას?
_ შეცდომით იყო გადადგომის დრო და მომენტი შერჩეული, მიზეზიც შეცდომა იყო. ძალიან წამგებიანი იყო, მიზეზიც და მომენტიც. მისი პირველი ბრიფინგიც ძალიან სუსტი იყო, თუმცა შემდეგ შეძლო ფოკუსის გასწორება და ძველი მანერების დაბრუნება, იმ მანერების, რითაც თავდაჯერებულობას აჩვენებდა საზოგადოებას.
ჩვენთვის ვასაძეც და გახარიაც საინტერესო პოლიტიკური ძალები არიან, მაგრამ ჯერ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით.
_ ცნობილია ვასაძის პოლიტიკური ვექტორი და როგორია თქვენი დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით?
_ საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი. ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური პოტენციალი და გეოგრაფიული მდებარეობა იმისთვის, რომ ვიყოთ ლიდერები რეგიონში და წარვმართოთ სწორი სამეზობლო პოლიტიკა, რაც საქართველოს გადააქცევს დიალოგის და არა დაპირისპირების პლატფორმად.
შეიძლება, ჩვენ დიალოგის პლატფორმად ვაქციოთ საქართველო, ერთი მხრივ, დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაც ყველაზე მთავარია და, მეორე მხრივ, მეზობლებს შორის: რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი _ ეს ძალიან დიდი შანსია, ნახევარი დედამიწაა თითქმის და ეს სამი ზესახელმწიფო ძალიან დიდ პოტენციალს ატარებს. ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად დინებას მიჰყვება და გადამღერებაზეა, რაღაცას იტყვიან ევროკავშირში და გავიმეორებთ თუთიყუშებივით. მე კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრე ვარ.
_ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, როდესაც მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს?
_ ოკუპირებული, ანუ წართმეული, წართმეულის დაბრუნება შესაძლებელია ორი გზით: ძალით ან ჭკუით. ძალით რუსეთისგან დაბრუნების რა პერსპექტივაც გვაქვს ნათელია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი სუპერსახელმწიფოა და ჩვენ მათთან დაპირისპირების რესურსი არ გაგვაჩნიაო? თუ აშშ-ს არ გააჩნია ეს რესურსი, აბა, ჩვენ რა რესურსი გვაქვს დაპირისპირების?! მაშინ რჩება ჭკუის გამოყენება, _ ეს არის დიალოგი…
მე დიალოგს ვაწარმოებდი რუსეთთან, ესენი არ აწარმოებენ, თავიანთ თემებს კულუარულად ალაგებენ, თურქეთთან რამე დაალაგეს ოდესმე? ამერიკელებთან დაალაგეს? თავის საქმეებს ალაგებენ ესენი.
არაადეკვატურია კოლექტიური დასავლეთის დახმარება და პარტნიორობა საქართველოსადმი, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც საქართველოს აქვს. 30 წლის განმავლობაში 2 მილიარდ-ნახევარია, რაც მივიღეთ შეერთებული შტატებიდან, აქედან ნახევარი სამოქალაქო სექტორშია დახარჯული.
ევროპიდან რაც მივიღეთ, სულ კრედიტია და თქვენ თუ კრედიტებსა და ვალებს დახმარებად მიიჩნევთ, რომ გადააგოროს ერთმა ხელისუფლებამ და მერე მეორემ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მერე ვალები ჩვენი გასასტუმრებელია… არც იმას ვამბობ, რომ არ ვიღებთ დახმარებას, მაგრამ ის დახმარება, რასაც ჩვენ ვიღებთ, აბსოლუტურად არ არის ადეკვატური, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც, რუსეთის სახით, ჩვენ ვართ.
_ როგორც მივხვდი, თქვენ ექვსიანის იდეას ემხრობით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანში გასული წლის მიწურულს გააჟღერა, ასეა?
_ ეს ძალიან საინტერესო ფორმატია, რომელიც შეიძლება ჩვენთვის სახიფათო აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, შევალთ თუ _ არა. შეიძლება, ძალიან კარგადაც ვისარგებლოთ ამით. აქ გვჭირდება ახლა ჩვენ ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების ხელისუფლება და არა ის, თავის საქმეებს რომ ალაგებს. ამ ქვეყნების გარდა, ჩვენ სხვა საზღვრები არსად გვაქვს, ეს 5 სახელმწიფო ცალკე სამყაროს ქმნის, ჩვენ გარემოცული ვართ სახელმწიფოებით, რომლებიც ცდილობენ შექმნან კონფრონტაციული სივრცე დასავლეთისთვის. თუკი კოლექტიური დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ თანამეგობრობის თანამონაწილე იყოს, მაშინ ბოდიში, მაგრამ როგორც ისრაელს ეხმარებიან, ასეთი დახმარება მჭირდება საქართველოში. თუ მათ ეს ინტერესი არ გააჩნიათ, მაშინ ჩვენ დასავლეთის კარი არ უნდა მოვიჯახუნოთ, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ პარტნიორობა გვჭირდება მეზობლებთან, რომ აქაც ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ. ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ. ამაზე არავინ მუშაობს. იცით, რატომ? _ ეშინიათ. ამ თემის საჯაროდ განხილვის ეშინიათ, ჩუმად დაძვრებიან. მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ამას ამერიკელები ვერ იგებენ? ძალიან კარგად იგებენ და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ორმხრივი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდეთ.
_ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ სამი ზესახელმწიფოს პირისპირ, ძლიერი მოკავშირის გარეშე საქართველომ შეძლოს საკუთარი ინტერესის გატარება და დაცვა?
_ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი სახელმწიფო გავხდეთ. შესაძლოა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში საქართველო გადავაქციოთ დიალოგის პლატფორმად. არა მარტო ამ 6 ერის ფარგლებში, არამედ ამ 6 ერსა და დანარჩენ სამყაროსთან დიალოგის პლატფორმად. ამას მუშაობა სჭირდება. ჩვენ და მათ შორის ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რაც გვჭირდება სწორი ანალიზისა და სწორი ნაბიჯების გადასადგმელად. ეჭვი მაქვს, რომ მე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაადგან მე ვმუშაობ ამის ანალიტიკაზე.
შესაძლოა, ხელისუფლება რაღაცას კულუარულად აზუსტებდეს, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, თურქეთსა ან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ამ თემაზე საუბარი არ ყოფილიყო.
თურქეთის ხელისუფლება ძლიან ღრმად შევიდა კონფრონტაციაში აშშ-სთან, მათთვის ეს პირადი უსაფრთხოების საკითხიცაა, გარდა ქვეყნის განვითარებისა და მთლიანობის შენარჩუნებისა.
ჩვენ ძლიერი მოკავშირეები გვჭირდება, ამაში გეთანხმებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს, ძლიერი მოკავშირის გარეშე ბალანსი დაიჭიროს, ამ ძლიერ სახელმწიფოებს ერთნაირი პოლიტიკა არ გააჩნიათ. ამათი პოლიტიკური დღის წესრიგიც ურთიერთანტაგონისტურია რეგიონში მთლიანად. გარდა ამისა, არსებობს პატარა სახელმწიფოების ინტერესები, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ, რომ დიდმა სახელმწიფოებმა არ ჩაყლაპონ. აქ უნდა დიპლომატიის, პოლიტიკის კეთების უნარი და პატრიოტიზმი. ვფიქრობ, კოლექტიური დასავლეთიდან კარის გაჯახუნება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, არც ადრე შეიძლებოდა, მაგრამ ახლა უფრო არ შეიძლება. როდესაც ამ ექვსიანის ფორმატს განვიხილავთ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ საერთოდ უპატრონოდ, უმეკავშირეოდ დავრჩეთ. ის კავშირი კოლექტიურ დასავლეთთან, ევროპასთან, აშშს-სთან უნდა იყოს იმის ადეკვატური, რა მხარდაჭერასა და რა სახის პარტნიორულ დახმარებას ვიღებთ ჩვენ მათთან.
_ რამდენად იზიარებთ „ქართული ოცნების“ არგაღიზიანების პოლიტიკას, რაც იმას გულისხმობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველო არ იყოს განხეთქილების თემა? ბოლო შეხვედრაზე ეს ასეც იყო. ჩვენ ვნახეთ ბაიდენისა და პუტინის პრესკონფერენციებზე, არც გაჟღერებულა საქართველოს საკითხი.
_ არგაღიზიანების პოლიტიკას არ ვიზიარებ, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე გაღიზიანების პოლიტიკა. ანუ კონფრონტაციულსა და პროვოკაციულ პოლიტიკას სჯობია არგაღიზიანების პოლიტიკა, თუმცა ეს არგაღიზიანების პოლიტიკაც აბსოლუტურად არასწორი, კატეგორიულად მიუღებელია. საბოლოო ჯამში, ესეც გამოიწვევს ისეთივე მძიმე შედეგს და ისეთივე ჩიხს, რომელიც შეიძლება გამოეწვია კონფრონტაციის პოლიტიკას…
რუსეთს ახლა ჩვენთვის არ სცალია, მას უკრაინის თემა აქვს დასალაგებელი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უკრაინელები ახლა თავებს წააგებენ. ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ უკრაინა განწირულია.
_ თქვენი აზრით, ამას თქვენ ხვდებით და უკრაინაში ვერ ხვდებიან?
_ ხვდებიან, კი, ისტერიკა აქვთ. პრაქტიკულად, სასოწარკვეთილების ხმა ისმის უკრაინის ხელისუფლებაში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან…
_ დავუბრუნდეთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ამბებს: თქვენ შეცდომად უთვლით პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომას, როდესაც მან არჩევნების შედეგების გაპროტესტება დაიწყო. რატომ ფიქრობთ ასე? არჩევნები არ გაყალბებულა?
_ კი, გაყალბდა არჩევნები, როგორ არ გაყალბდა, ჩვენმა პარტიამ რომ დავითვალეთ, 32 ათასი ხმა აიღო არჩევნებში, ეს იყო, დაახლოებით, პროცენტ-ნახევარი, 2 მანდატი გვეკუთვნოდა, მაგრამ ეს ხმები გააქრეს, დაუწერეს „გირჩს“ და სხვა პარტიებს. პატარა პარტიების ხმები გადაინაწილეს. ბოლო 30 წელია, ასე ტარდება არჩევნები, ახლა გამოჩნდა ეს, რადგან ერთპროცენტიანი ბარიერი იყო და ხმების დათვლას აზრი ჰქონდა. ამოტომ დავიწყე ხმების დათვლა. მე რომ მივეცი ხმა ჩემს უბანზე საკუთარ თავს და ოჯახის წევრებმა რომ მომცეს ხმა, 18 კაცი რომ მივედით ერთად, იქ ნული ხმა ეწერა. ერთი ხმა მაინც დაეწერათ, ვიფიქრებდი, შვილებმა და ცოლმა ხმა არ მომცეს-მეთქი.
_ მაშინ თქვენც უნდა დამდგარიყავით მათ გვერდით, ვინც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა. ასე რატომ არ მოიქეცით?
_ მე ვამბობ, რომ ჩემი ყოფილი პარტნიორების, კონსერვატორების იქ მისვლა შეცდომა იყო, ამან გაანადგურა მათი რეიტინგი. ეს ფორმატი როდესაც იქმნებოდა, მეც ვიყავი მიწვეული, დამიკავშირდნენ კოლეგები და ავუხსენი, რომ არ მიმაჩნია არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლებულად „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა.
_ ბოიკოტი სწორი არ იყო?
_ „ნაცებისა“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან სწორი იყო. წვრილ-წვრილი ერთპროცენტიანი პარტიების იქ ყოფნა მაშინ გასაგები იყო, მაგრამ ახლა რომ არჩევნები ჩატარდება, ვერც ერთი ვეღარ აიღებს იმ ერთ პროცენტს.
_ „ქართული ოცნების“ მიმართ რა პრეტენზია გაქვთ?
_ თითქმის ყველა პრეტენზია, რაც მქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. „ქართული ოცნება“ სრულად გაკოტრებულია, _ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული პოლიტიკის გატარება, ეკონომიკის ჩავარდნა მის კისერზეა. პანდემიის დროს ჩვენ შეიძლებოდა ეკონომიკა გვქონოდა, მაგრამ განადგურდა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, კორუმპირებული გადაწყვეტილებების გამო. გაგანია პანდემიაა მთელ მსოფლიოში, გამოდის ჩვენი მთავრობა და ეკონომიკის მთავარ მდგენელად აცხადებს ტურიზმს, ფინანსურ რესურსს, საბიუჯეტო სახსრებს დებს დეველოპერულ კომპანიებში და ბანკებში. ხალხს კი არ აფინანსებდნენ, არამედ საკუთარ ბიზნესებს. მილიონობით ლარი მიმართეს საკუთარი ჯიბეებისკენ.
_ როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ მიიღებს ამ არჩევნებში 43 პროცენტზე მეტს?
_ თუ სააკაშვილი ისევ მაშველ რგოლად არ გამოხტა და არ თქვა, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია ჩემსა და ივანიშვილს შორისო, მაშინ „ქართულ ოცნებას“, პრაქტიკულად, შანსი აღარ აქვს ამ 43 პროცენტის აღების. სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანი ვინ გააჩერებდა ხელისუფლებაში, ხალხი გამოცვივდებოდა მართლა ხელკეტებით… ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, „ქართული ოცნების“ ფარი არის სააკაშვილის მიმართ შიში და ზიზღი. მიშამ თუ ისევ გამოაცხადა, რეფერენდუმია, მე ვიქნები თუ ივანიშვილიო, მაშინ 50 პროცენტსაც აიღებს და 55-საც.
_ გამოსავალი?
_ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვერც ერთხელ ქართველ ამომრჩეველს ვერ შევთავაზეთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა. ჩვენ გვჭირდება რესურსი. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იაზროვნონ და შეკრებადი რესურსი შეაგროვონ.
_ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაზე ვერ ვისაუბრებთ ივანიშვილის ფაქტორის გარეშე. მან თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?
_ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სურვილი აქვს, პოლიტიკიდან გავიდეს, მაგრამ ვერ გადის და ვერც გავა, იმდენად დიდია ივანიშვილის ფაქტორი _ იგი პოლიტიკური წონაა და მისი გავლენა ძალიან დიდია. ამხელა პოლიტიკური წონის ფიგურა როგორ უნდა გავიდეს პოლიტიკიდან? ასე ხომ არ ხდება ან გასვლა, ან შემოსვლა? შემოვდივარ პოლიტიკაში, ვიღაცები რომ ამბობენ. რომ შემოხვიდე, საზოგადოებამ ხომ უნდა მიგიღოს? არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები და არსებობს _ პოლიტიკის სუბიექტები. ივანიშვილი არის პოლიტიკის სუბიექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გავლენა აქვს პოლიტიკაზე. როგორც არ უნდა უნდოდეს კობახიძეს ან ვინმეს, დამოუკიდებლად მართონ პარტია, როგორ უნდა მართონ ივანიშვილის გარეშე? არც შეიძლება, ახლა რომ წავიდეს ივანიშვილი. ივანიშვილის ფაქტორი რომ ახლა მართლა ჩამოშორდეს, ჯერ ერთმანეთს დაჭამენ ესენი, მერე ქაოსი გვექნება. ივანიშვილია ახლა ხელისუფლების შემაკავებელი ერთადერთი ფაქტორი. ის ეჭვი რომ არ არსებობდეს უმრავლესობაში, თითქოს ივანიშვილი მთლად წასული არ არის, ესენი ერთმანეთს დაერეოდნენ, ეს იჭერს კიდევ.
_ რა მხარდაჭერის მიღების იმედი აქვს „ქართულ დასს“ ამ არჩევნებში და როგორია მოვლენების განვითარების თქვენეული პროგნოზი?
_ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსერვატიული მიმართულების პარტიები გავერთიანდეთ და გავხდეთ კვალიფიციური პარტია, რომ რაღაცას წარმოვადგენდეთ და პოლიტიკაზე ზეგავლენა მოვახდინოთ, რათა ამდენი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ვერ მიიღონ…
ვერც „ნაცები“ მოიგებენ ვერც ერთ შემთხვევაში. მომხრე ვარ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების. თუ ასე მოხდა, მაღალი ალბათობით, გვექნება კოალიციური მთავრობა.
ირინა მაკარიძე