QronikaPlus
როსტომ ჩხეიძე: „გახარიას 20 ივნისის სისხლი აქვს ჩამოსარეცხი“

როსტომ ჩხეიძე: „გახარიას 20 ივნისის სისხლი აქვს ჩამოსარეცხი“

2021-06-30 07:20:27

დიდი ხანია, ვიცნობ. ინტერვიუც არაერთხელ ჩამიწერია, თუმცა ახლა სხვა რეალობაა _ ადრე ისე ვესაუბრებოდი, როგორც მწერალს, დღეს კი დეპუტატისთვის განკუთვნილ კითხვებს ვუსვამ. სხვათა შორის, საუბრის დასასრულ ვკითხე, _ დეპუტატი როსტომ ჩხეიძე მწერლობისთვის კიდევ მოიცლის თუ ვერა-მეთქი? მომიგო, _ უნდა მოვიცალოო.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „ქრონიკა+“ მწერლისა და აწ უკვე დეპუტატის, როსტომ ჩხეიძის ინტერვიუს წარმოგიდგენთ:

_ ბატონო როსტომ, ბედისწერამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანათ _ მწერლობიდან პოლიტიკაში მოხვედით, ანუ დეპუტატი გახდით. ეს რა გრძნობაა?

– სწორედ რომ ზუსტად თქვით: ბედისწერამო… დიახ, ბედისწერამ მიბიძგა პარლამენტისაკენ, უშუალოდ რომ ჩავრთულიყავი კანონშემოქმედებით საქმიანობაში. დღეს თუ ცალ-ცალკე მიედინება კანონები და ყოფითი ცხოვრება, ხვალ ასე ნამდვილად აღარ გაგრძელდება და ამიტომაც აუცილებელია, საკანონმდებლო ბაზა რაც შეიძლება მოწესრიგებული იყოს, ნაკლები და ნაკლები ხვრელი დარჩეს უკეთურ მიზანთა განსახორციელებლად.

დეპუტატობა სიახლეა ჩემთვის და არა _ ჩემი გვარისათვის, რომელიც იმთავითვე იქნებოდა ჩართული სახელმწიფოებრივ საქმეებში საუკუნიდან საუკუნეში და რუსეთის იმპერიაშიც გაჩნდებოდა თუ არა საპარლამენტო ცხოვრების ნიშნები, კარლო ჩხეიძე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდებოდა მის შუაგულში, ათი წლის განმავლობაში ოპოზიციურ ფრაქციას ედგებოდა სათავეში და უმნიშვნელოვანეს როლსაც შეასრულებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების წარმართვაში.
მთავარი ის არის, რომ: თავს არ დაზოგავდა არც იქ და არც საქართველოში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სწორედ კარლო ჩხეიძე რომ იქნებოდა პარლამენტის პირველი თავმჯდომარე.

საერთოდ კი მისი და ირაკლი წერეთლის პოლიტიკური ღვაწლი ისე გახმაურდებოდა ევროპაში, რომ საქართველოს თვით ოფიციალურ თავყრილობებზეც იხსენიებდნენ ჩხეიძე-წერეთლის რესპუბლიკად.
მე მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომელთათვისაც წარსული ცოცხალ განცდაში არსებობს და არა შორეულ მოგონებად, ეს შეგრძნება გიმძაფრებს მოვალეობის შეგნებასაც და პასუხისმგებლობასაც.
ეს კი ნიშნავს: ბედისწერა თავისას გკარნახობს, მაგრამ შენ არა მარტო მის კარნახს აყურადებ, არამედ შენს შინაგან მზაობასაც აკვირდები, რათა გარეგანი და სულიერი ფაქტორები ერთმანეთს გადაეჯაჭვოს და ისე შეენივთოს, ძალდაუტანებლად გადაგიყვანოს შენთვის მანამდე უჩვეულო განზომილებაში.
სიახლე ყოველთვის გაფორიაქებს ადამიანს – როდესაც სკოლაში შედიხარ, როდესაც უმაღლესი სასწავლებლის კარს აღებ, როდესაც სამსახურს იწყებ, როდესაც სამსახურს იცვლი…
და პარლამენტის წევრობა ერთი ყველაზე მკვეთრი სიახლე და ცვლილებაა ადამიანის ცხოვრებაში და გრძნობაც შესაფერისი – როგორ მოერგები იქაურობას და რა კვალს დატოვებ საპარლამენტო საქმიანობაში.

_ მახსოვს, ამ თემებზე არჩევნებამდეც ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა, ანუ თავიდან ოპოზიცია ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და ამიტომ, არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევიდოდა. თქვენი აზრით, დღეს, როცა ბოიკოტი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეწყვიტა, პარლამენტს ისევ არალეგიტიმურად მიიჩნევთ?

– ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი არაფრის დიდებით არ უნდა შეწყვეტილიყო. ეს ხომ უჩვეულო, უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – ერთმანეთთან დაპირისპირებულ და იდეურად განსხვავებულ პარტიათა ასეთი ერთსულოვნება, გაერთიანება რომ მოხერხდა.

ერთსულოვნება კი გამოიწვია არჩევნების მართლაც რომ არნახულმა გაყალბებამ მმართველი პარტიის მიერ, რომელიც აქამდეც სცოდავდა და საკმაოდაც სცოდავდა არჩევნების პროცესში უკადრის ხერხთა გამოყენებით, ამჯერად თავის თავსაც რომ გადააჭარბებდა და 30 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე დაგროვებულ ყველა დანაშაულებრივ ხერხს ერთად გამოიყენებდა.

ბოიკოტმა თავისი წესები უკარნახა მმართველ პარტიას, რომელიც ვერა და ვერ აგროვებდა პარლამენტის წევრთა სასურველ რაოდენობას და იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობებს შეგუებოდა.

დათმობა გაცილებით მეტისაც მოუწევდა, რომ არა რღვევა ოპოზიციურ ერთიანობაში – ზოგს ნებისყოფამ უმტყუნა, ზოგს ანგარებამ წასძლია, ზოგს რამ და ზოგს _ რამ… და „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ბლოკში შემავალი პარტიები – მათ შორის, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ – ფრიად უსიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ – „ოცნებამ“ მისთვის სასურველ რაოდენობას პარლამენტის წევრებისა მოუყარა თავი და შეეძლო უკვე თვითონ ეკარნახა პირობები.
ახალმა ვითარებამ ძალაუნებურად აიძულა დათმობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და თუმც მთლად ლეგიტიმურად მაინც არ ვაღიარებთ მეათე მოწვევის პარლამენტს, იქ შესვლა განაპირობა იმ აუცილებლობამ, რომ: ახალ რეალობაში უმჯობესია პარლამენტარის მანდატის გამოყენება და შიგნიდან მცდელობა ვადამდელი არჩევნების მისაღწევად, რაც მანამდე გარედან უფრო შესაძლებელი გახლდათ.

_ ისე, თქვენი აზრით, „ოცნება“ რატომ გაჯიქდა და ვადამდელი არჩევნები რატომ არ დანიშნა?

– არჩევნები ასე არნახულად, ასე ტოტალურად იმიტომ კი არ გაუყალბებიათ, ასე ადვილად დაყაბულებოდნენ ვადამდელ არჩევნებს. ყოველგვარ ხერხს იმიტომ იყენებდნენ ოპოზიციურ გაერთიანებასთან მოლაპარაკების პროცესში, რათა შეთანხმება რაც შეიძლება გაეჭიანურებინათ და ამასობაში ოპოზიციურ გაერთიანებაში რღვევა დაწყებულიყო… რასაც მიაღწიეს კიდეც… გარდუვალობა გარდუვალობად და მოუწევთ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება, მაგრამ ყოველნაირად რომ ებღაუჭებიან ხელისუფლებას, ლამობენ, ამ გარდუვალობამ რაც შეიძლება იქით და იქით გადაიწიოს.

_ დღევანდელი გადასახედიდან ოპოზიციამ ბოიკოტით რა მოიგო?

– რას მიაღწია და: 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, მმართველმა პარტიამ მისი პუნქტებიდან ორი იძულებით რომ შეასრულა მალევე, მაგრამ მესამეს არა და არ ყაბულდებოდა – პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას. არც აღიარებდა პოლიტპატიმრების არსებობას… ახლა კი აღიარა კიდეც და იძულებულიც შეიქნა, შეგუებოდა მისთვის არასასურველ აუცილებლობას.
უმთავრესი კი მაინც ის არის: ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა და გაერთიანება რომ შეძლეს, რასაც დიდი მორალური მნიშვნელობა აქვს და ამზადებს საფუძველს იმ ვითარებისთვის: დღეს თუ დროებით შეძლეს შეკავშირება, ხვალ ამგვარი გაერთიანება შესაძლოა, დაურღვეველი გახდეს.
ეს ის მორალური გამარჯვებაა, რისი მნიშვნელობაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გამოიკვეთება.
პერსპექტივა კი ყოველთვის მეტია, ვიდრე ამწამიერი სარგებელი.

_ ხომ არ გეჩვენებათ, რომ იგივე დასავლეთმა უფრო „ოცნებას“ გაუგორა კოჭი? აი, თუნდაც, გავიხსენოთ პარტნიორების მოწოდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს.

– დასავლეთის უპირველესი მიზანი გახლდათ, დაპირისპირება დაეშოშმინებინათ, რათა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები უმართავი არ გამხდარიყო და გარკვეულ კალაპოტში წარმართულიყო, ანუ ქუჩიდან პარლამენტში გადმონაცვლებულიყო.
და კვლავაც ფრთხილობენ და შიშობენ, რაკიღა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, ვაითუ, ეს შეთანხმების დარღვევის მიზეზად გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“ და პროცესები კვლავ უმართაობისაკენ წავიდესო, თუმც რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაყაბულდა საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, ნაკლებ მოსალოდნელია, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა პროცესებმა კალაპოტი იცვალოს.
ხელის მოწერაზე უარის თქმა კი გამოიწვია იმ პუნქტმა, რომლის მიხედვითაც ამნისტია ერთნაირად ეხებათ როგორც პროტესტანტებს, ისე სადამსჯელო ოპერაციის მონაწილეებს.
ხელისმომწერი პარტიები ნაჩქარევად დათანხმდნენ ამ პუნქტს, მერე კი ძალიანაც ინანეს და შეეცადნენ ამ პუნქტში ცვლილების შეტანას, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ უპირატესობას ხელიდან როგორ გაუშვებდა – საპარლამენტო უმრავლესობა იმიტომ კი არ შეაგროვეს, ნაჩუქარი დათმობა ქარს გაატანონ.
თუმც ეს „მონაპოვარი“ ვერას უშველით, რადგანაც ხელისუფლების ცვლილება გარდუვალად მოიტანს ამ პუნქტის მიხედვით შემუშავებული ამნისტიის კანონის გადასინჯვის აუცილებლობასაც.

_ გჯერათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვადამდელი დაინიშნება?

– დიდი ფუტუროლოგობა და წინასწარჭვრეტის უნარი არ ესაჭიროება იმის დანახვას, პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გარდუვალი მარცხი რომ მოელის… მაგრამ ვინ გვაღირსებს პატიოსან არჩევნებს?
ისიც დიდი ამბავი იქნება, ტოტალური გაყალბება თუ ვერ გაბედეს.
თვით ასეთ პირობებშიც – „თავშეკავებული“ გაყალბებისას – მმართველი პარტია მარცხისთვისაა განწირული, მაგრამ ამის შეგუება არა და არა სურთ, თუმც შესაძლოა, ის არნახული გაყალბება ვეღარ გაიმეორონ თვითმმართველობის არჩევნებში და ყურად იღონ ჩვენი დასავლელი მეგობრების გაფრთხილება, საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებულად რომ შეუფასეს.
დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს: აზრზე მოდით, თორემ ასეთ არნახულ დარღვევებს აღარ გაპატიებთო.
თუ მოეგებიან გონებაზე, ხომ კარგი, თუ არადა, დასავლეთი გამოუტანს მათ განაჩენს, ანუ შეეშველება ქართველ ხალხს, მათი ხმები რომ არ დაიკარგოს.
ასე რომ: ვადამდელი არჩევნები დაგვიანებით, მაგრამ მაინც იპოვის თავის გზას, სანთელ-საკმევლისა არ იყოს!..

_ ვთქვათ, ვადამდელი დაინიშნა, მაგრამ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშეები არიან _ გახარია და ვასაძე. ამ ფონზე ენმ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს შეინარჩუნებს?

– თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკური მოთამაშეები არ მოჩანან იმ ძალად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი ჩამოართვან.
მით უმეტეს, გიორგი გახარიას ჩამოსარეცხი აქვს 20 ივნისის სისხლი, ეს კი მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუკი დარბევის ბრძანების გამცემს დაადებს ხელს.
თუკი იმ ბრძანების გამცემის პროექტია ისიც და მისი პარტიაც, ცხადია ამას ვერ გაბედავს.
ასე რომ: ეს ერთგვარი ტესტიც იქნება, თუ ვის თამაშს თამაშობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. თუ ვიღაც სხვისი პროექტია და არა _ ბიძინა ივანიშვილის, მაშინ ძალიან შეუწყობს ხელს „ქართული ოცნების“ გაძევებას მმართველობიდან, რადგანაც ციხე შიგნიდან უფრო ტყდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე _ გარედან.
დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს, კონტურები ძალიან მალე უნდა გამოიკვეთოს.

_ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის?

– თქვენი შეკითხვა, ცხადია, რიტორიკულია: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას რომ შეცვლის და საგრძნობლადაც შეცვლის, ეს მხოლოდ მე და თქვენ კი არ ვიცით, არამედ, ჩვენზე უკეთესად მოეხსენებათ ოცნებელებს. ამიტომაც ყველაფერს იღონებენ, რომ ეს არ მოხდეს.

_ ბევრს ჰგონია, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები „ოცნებაზე“ მეტად „ნაცმოძრაობას“ ებრძვიან და ამის მაგალითი თუნდაც ისაა, რომ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელია არ უნდათ. თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ენმ-ს ებრძვის?

– რაც ხანი გადის, ეს ვითარება სულ უფრო და უფრო თვალნათლივი ხდება – დანარჩენი ოპოზიციისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მიუღებელია, ვიდრე _ „ქართული ოცნება“ და ამ ვითარებას არაერთი რეალია თუ დეტალი ათვალსაჩინოებს.
რა გგონიათ, ხმამაღლა გაცხადებასაც აღარ ერიდებიან, მათ წინაშე მთავარ დაბრკოლებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ აღმართულა.
ამ განწყობილებამაც შეუწყო ხელი ოპოზიციის მთლიანობის დარღვევას, ერთიანობას ჩამოცილებულმა პარტიებმა მმართველ გუნდთან ერთად რომ სცადეს მთავარი ოპოზიციური ძალის დატოვება პარლამენტის მიღმა ანუ თამაშგარე მდგომარეობაში, რაც არ გამოუვიდოდათ.
თუნდ თქვენ მიერ აღნიშნული რეალიაც ამასვე ცხადყოფს, თორემ თბილისის მერობის კანდიდატად ყოველგვარი წესით ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი ნიკა მელიას წარდგენას.
თუმც პოლიტიკურ ველზე ყოველგვარი ცვლილებაა ხოლმე მოსალოდნელი და ვინ იცის, ამასობაში ვინ რას გადაწყვეტს და რა გზას აირჩევს. შესაძლოა, სავსებით შემოტრიალდეს ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაც.

_ ბატონო როსტომ, და მაინც, რას გააკეთებთ პარლამენტში?

– ტრიბუნა ბევრგვარი მომისინჯავს – რეალურიც და სიმბოლურიც და, მათ შორის, აქამდე არასოდეს ყოფილა საპარლამენტო ტრიბუნა საინტერესო. აქედან როგორ ეფინება მწერლის ხმა, სადამდე აღწევს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე?
მგონია, რომ რაღაც შეიძლება დააჩქაროს.
აქ არ ვგულისხმობ ხელოვნურ დაჩქარებას, რაც რევოლუციური სულისკვეთებისაა და თანადროული პოლიტიკური ცხოვრებისათვის სრულიად მიუღებელი.
არამედ – ბუნებრივ დაჩქარებას, რაც ევოლუციური სულისკვეთებისაა და ჩემი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიდრეკილებისათვისაც სწორედ რომ შესაფერისი.
უმთავრესი ასპარეზი ჩემთვის მაინც კულტურისა და განათლების კომიტეტებია. ზედმეტიც კი არის იმის აღნიშვნა, თუ რაოდენ სავალალო ყოფაშია ჩვენი კულტურაც და განათლებაც. მათზე ყველგან და ყოველწამიერად რომ უნდა ვზრუნავდეთ; და მთელი სიცოცხლე სხვა განა რა მიკეთებია, მაგრამ პარლამენტმა მეტი საშუალებანი უნდა მომცეს ისეთი პროექტების ხელშეწყობისათვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა რომ აქვს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება-განვითარებისათვის.
აქ არ ჩამოვყვები, უშუალოდ თუ რის ხორცშესხმას ვაპირებ.
დაე, საქმემან ჩემმან გამომაჩინოს ამ სარბიელზეც.

_ ისე, ნამახვანჰესის კრიზისზე რას ფიქრობთ?

– კრიზისი უსათუოდ მოხდებოდა და მოხდა კიდეც. და მთავარი მიზეზი ამ მწვავე ვითარებისა ის არის, რომ ხელშეკრულება ინვესტორთან დაიდო მოსახლეობისაგან ფარულად.
არადა, ხელისუფლება მოვალე გახლდათ, გაეცნო ჰესის მშენებლობის პროექტი რიონის ხეობის მოსახლეობისთვის – საერთოდაც მთელი ხალხისთვის – და გაეთვალისწინებინა მათი საერთო ინტერესებიც და ინტერესიც თითოეული მოსახლისა.
ყოველთვისაც ასე უნდა ხდებოდეს და ეს არის ხელისუფლების მოვალეობა: მხოლოდ ინვესტორთა სურვილი არ აღიაროს ერთადერთ ჭეშმარიტებად და მიუსადაგოს მოსახლეობის სურვილებს.
თორემ ვინ იტყვის, რომ ან ჰესი არ უნდა შენდებოდეს და ან ინვესტორს ყურს არ ვუგდებდეთ.
ყველაფერი მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა გვარდებოდეს და არა ხელისუფლების ძალმომრეობით, პოლიციის ჩართვაც რომ მოუწევდა მოსახლეობასთან ძალზე დაგვიანებული ლაპარაკისას, ხოლო ეს ჩართვა კიდევ უფრო გაამწვავებდა ვითარებას, არამცთუ დააშოშმინებდა.
ძალადობით არსად არაფერი მოგვარებულა და ვერც აქ მოგვარდა, ხელისუფლებამ რომ ვერა და ვერ შეიგნო, მოტყუებითა და ამგვარი ფანდებით ფონს რომ ვერ გავა, და არც იმის იმედი უნდა ჰქონდეს: განა, როდემდე იქნება მოსახლეობა გადაფარებული ხეობის დაცვას? _ გადაიღლება, გადაიქანცება და ჩვენსას მაინც მივაღწევთო.
ეს არის უბედურება, მოსახლეობის საპირისპირო პოლუსზე რომ იმყოფები და ბოლომდე აპირებ იქ დარჩენას.
ჯერ ერთი, ვერც დააშინეს და ვერც მოქანცეს რიონის ხეობის დამცველები, მაგრამ ასეთი მტკიცე ნებისყოფა რომ არ აღმოსჩენოდათ და უთანასწორო ბრძოლაში იმთავითვე წაგებულად მიეჩნიათ თავი, განა, ხელისუფლებას გამარჯვება უნდა ეზეიმა?
ეს განა მისი ხალხიც არ არის? ეს ხეობა განა მისიც არ არის?
წყალში ჩასაძირად როგორ შეგიძლია, გემეტებოდეს და მერკანტილური ნიშნების იქით სხვა ვეღარაფერს ხედავდე?!.
კრიზისს მხოლოდ ეს მოაგვარებს: ანგარიშის გაწევა რიონის ხეობის დამცველთათვის, თითეული მოსახლის ბედისათვის. თუ არადა, პროცესი უმართავი გახდება, უმართავ პროცესს კი რა შეიძლება მოჰყვეს, ჯერ არავის განუჭვრეტია.

_ დეპუტატი როსტომ ჩხეიძე მწერლობისთვის კიდევ მოიცლის?

– უნდა მოვიცალო, თუკი მართლა შეგნებული მაქვს ბიბლიური სიბრძნე, რომელიც გავალებს: უღელი შენი ტკბილ იყოს და ტვირთი შენი სუბუქ.
საპარლამენტო ცხოვრების აღწერის საუკეთესო ფურცლებია ჩართული ვიქტორ ჰიუგოს რომანში „ოთხმოცდაცამეტი წელი“, ოთარ ჩხეიძის რომანებში: „არტისტული გადატრიალება“ და „თეთრი დათვი“, მარიო ვარგას ლიოსას რომანში „ბოლო ჟამის ომი“. სხვათა შორის, რეზო ჭეიშვილი აპირებდა საპარლამენტო ცხოვრების სურათების მხატვრულად წარმოსახვას და ახლობლებს გაუმხელდა: როსტომის „ირლანდიური მელოდიები“ რომ არის, სწორედ ისე მინდა – ჩვენი ყოფა ირლანდიაში გადავიტანო, ფონად ის ქვეყანა გამოვიყენოო.
მე თუ დავწერ ამ თემაზე, მოქმედების ადგილად ქართულ გარემოს დავტოვებ და ყველა პერსონაჟს თავთავისი გვარ-სახელით გამოვიყვან. ოთარ ჩხეიძე მხატვრულ ქმნილებაში არ მორიდებია პერსონაჟთა შემოყვანას თხრობაში თავიანთივე გვარ-სახელით და მე მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნში როგორ მოვერიდები?
ჩემი თხზულება, ცხადია, მხატვრულ-დოკუმენტური ყაიდისა იქნება, ისევე როგორც ნატო ჩხეიძის წიგნი: „ის ოთხი წელიწადი“ – აგებული საპარლამენტო ცხოვრების სურათებსა და პერიპეტიებზე.
თვითონვე გიცვივიან ხელთ ეს მრავალფეროვანი ხასიათები და სხვა გზა არც დაგრჩენია, წიგნის ფურცლებზე უნდა დააბინავო ისინი.

_ ჰო, მართლა, კულტურის მინისტრზე რა აზრის ხართ?

– მთავარი ის კი არ არის, მე რა აზრისა ვარ ამჟამინდელ კულტურის მინისტრზე, არამედ – ის რა აზრისაა ჩვენს დღევანდელ კულტურულ რეალობაზე, რამდენად აცნობიერებს მის რაობასა და პერსპექტივებს, რამდენად უყურებს არა ჩვეული ვიწროპარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი თვალთახედვით.
ეს ყოველივე მალე გამოიკვეთება და შეფასებითაც მაშინ სჯობს შეფასდეს მისი ნაბიჯებიც და მომავლის გეზიც.

_ დაბოლოს, ხომ არ ნანობთ, რომ დეპუტატობაზე დასთანხმდით?

– მიამიტურად არავის დავთანხმებივარ. წინასწარვე ვაცნობიერებდი, სად მომიწევდა ყოფნა, რა გარემოსა და პირობებში…
ასწიე ღონესა ჰქვია, დასწიე – უღონობასაო, – თავისი პერსონაჟების პირით შეგვაგონებდა მიხეილ ჯავახიშვილი, ყოფითი რეალობა კი ყველაზე უკეთესი დასტურია, ამწევი ხარ საჯილდაო ქვისა თუ ვერ დამძრავი… და სასინანულოდ გაქვს საქმე თუ იმედიანად…

ვანო პავლიაშვილი

გაზიარება