- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-06-30 07:04:10
ორ კვირაზე მეტია, ხელისუფლებამ მოწყალება „გაიღო“ და კაფე-ბარებს, ასევე რესტორნებს შაბათ-კვირაობით მუშაობის ნება დართო, თუმცა ამ „სამთავრობო შეღავათის“ მიუხედავად, ე. წ. სარესტორნო ბიზნესი მაინც ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ყოველ შემთხვევაში, ასმათ ტყაბლაძე, რომელიც 90-იანი წლების მიწურულიდან ამ ბიზნესშია, ანუ „ჩობას ბარის“ მფლობელია, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ სიტუაცია მძიმეა და არ იცის, რა და როგორ იქნება.
„დედა გვიტირეს“, _ აცხადებს ჩვენი გამოცემის რესპონდენტი და ქართულ პოლიტიკას „ვინეგრეტს“ ადარებს. მოკლედ, როგორია ქართული პოლიტიკური „ვინეგრეტი“? _ „ქრონიკა+“ მსახიობსა და ბიზნესმენ ასმათ ტყაბლაძეს ესაუბრა:
_ ქალბატონო ასმათ, პირველ რიგში, ამუშავებას გილოცავთ!
_ დიდი მადლობა.
_ აბა, როგორი განწყობა გაქვთ?
_ ჯერ არაფერი. ყველაფერი ისევ მინუსშია.
_ რატომ?
_ ამდენი ხანი მუშაობა არ გვქონია და მინუსში ვართ წასულები.
_ აქედან გამომდინარე, ექვსთვიან ჩაკეტვას არ ამართლებთ, არა?
_ რა თქმა უნდა, არა! _ ჯერ საერთოდ არ ვმუშაობდით, მერე კი მუშაობა მხოლოდ 9 საათამდე შეგვეძლო. ამას რეგულაციებით ხსნიდნენ, მაგრამ მეტროში, ავტობუსებსა და სუპერმარკეტებში ადამიანები ჩახუტებულები არიან. გასაგებია, როცა დღეში 5 ათასი შემთხვევა იყო, მაგრამ მერე, როცა მაჩვენებელმა დაიკლო, ასეთი შეზღუდვები აღარ შეიძლებოდა და თუ შეზღუდვები გააგრძელეს, მაშინ სახელმწიფოც უნდა დაგვხმარებოდა.
ისე, სიმართლე რომ გითხრათ, მაგათი დახმარება არაფერში მჭირდება.
_ რატომ?
_ საერთოდ, არ მიყვარს, როცა ვინმე მეხმარება…
_ შეიძლება, დახმარება არ გიყვართ, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ბიზნესს ხელი ხომ უნდა შეუწყოს და, მინიმუმ, გადასახადები შეამციროს?
_ რა თქმა უნდა.
გადასახადები იქით იყოს და, ყველაფრის: დენის, გაზისა და წყლის გადასახადი 50-51 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ისეც კომერციულ გადასახადს, ანუ 14-ჯერ მეტს ვიხდიდით და ახლა, ლამის, 25-ჯერ მეტია.
მოკლედ, საშინელი გადასახადებია, თან რაღაც დაგვიმატეს.
_ რა დაგიმატეს?
_ ვითომ რაღაც უსაფრთხოება უნდა შეამოწმონ და ესეც ახლა მოუნდათ, როცა ყველაფერი დაკეტილი და გასაცოდავებულია…
მოკლედ, ხელისუფლება არასწორად იქცევა და დახმარებას არ გასცემს. გაიძახიან, მთელ მსოფლიოში ასეა, ყველაფერი დაკეტილიაო. კი ბატონო, დაკეტილია, მაგრამ იქ გადასახადსაც უხდიან, იჯარასაც…
ამბობენ, ვინც გაფორმებული არ იყო, იმას ვერ დავეხმარებითო. ჯერ ერთი, 200 ლარი რა დახმარებაა _ გული რომ წაგივიდეს, ამ ფულით წამალსაც ვერ იყიდი და მეორეც, გაუფორმებლად რომ მუშაობდნენ, ისინი, რა, შიმშილით უნდა მოკვდნენ, გამაგებინეთ?
პროდუქტიც გაძვირდა. აი, მაგალითად, ზეთი ოთხი ლარი რომ ღირდა, ახლა 9 ლარი ღირს, ანუ პროდუქტების ფასმა, ლამის, 100 პროცენტით მოიმატა.
_ ამის გამო რესტორნების მომსახურებაც გაძვირდება, არა?
_ შევხედავთ… ხელფასები ხომ უნდა გავისტუმროთ, გადასახადებიც… მოკლედ, ჯერ არ ვიცი, რა იქნება…
_ რატომ არ იცით?
_ კი ბატონო, გავიხსენით და მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ გაზის, წყლის გადასახადი, დღგ-მღგ რომ მოვა, ყველაფერი მაშინ გამოჩნდება.
_ ისე, ქალბატონო ასმათ, ადამიანები რესტორნებში სიარულს ხომ არ გადაეჩვივნენ, ანუ კლიენტი გყავთ?
_ ისინი დადიან, ვინც ჩვენები არიან და მოვენატრეთ.
_ „თქვენიანები“, არ მგონია, ბევრნი იყვნენ…
_ ცხადია, ბევრნი არ არიან… ტურისტები თუ არიან, უფრო ქალაქგარეთ გადიან…
ისე, ისიც ვერ გავიგე, ეს შაბათ-კვირას დაკეტვა რა იყო?! არასწორი რაღაცები გააკეთეს, აი, ასე გვინდა და მორჩაო.
სხვათა შორის, სანამ მანქანა დავარეგისტრირე, აქ ვცხოვრობ-მეთქი, ჩემს სახლთან რამდენჯერმე დამაჯარიმეს.
_ რატომ?
_ პარკირება არ გაქვსო.
_ უფრო კონკრეტულად?
_ დღეში ათლარიან ჯარიმას მიწერდნენ.
_ თუ პარკირება არ გქონდათ, დაგაჯარიმებდნენ, აბა, რას იზამდნენ, ქალბატონო ასმათ!
_ ჯერ ერთი, სახლთან, ანუ იქ დამაჯარიმეს, სადაც ვცხოვრობ. მეორეც, ასეთ სიტუაციაში დაჯარიმება შეიძლება? კი ბატონო, მანქანა მყავს, მაგრამ მანქანა ახლა კი არა, კარგი ცხოვრების დროს ვიყიდე…
გვიან გავიგე, რომ მანქანა უნდა დამერეგისტრირებინა.
_ საერთო ჯამში, ჯარიმა რამდენი გაქვთ გადასახდელი?
_ 250 ლარი. არ ვიცოდი, მანქანის დარეგისტრირება რომ იყო საჭირო და როცა ჯარიმები შევამოწმე, გადავირიე…
_ ეს „თბილისი პარკინგი“, რაღა დაგიმალოთ და, ჩვეულებრივი რეკეტიორია, თუმცა ისევ იმ თემას დავუბრუნდეთ, რითაც საუბარი დავიწყეთ: პანდემიამ განსაკუთრებით სარესტორნო ბიზნესი დააზარალა. არსებობს ვერსია, რომ გაკოტრებულ პატარ-პატარა რესტორნებსა თუ კაფეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ან „ოცნებასთან“ აფილირებული „საქმოსნები“ ძალიან იაფად ყიდულობენ. ამის შესახებ რამე გსმენიათ, ქალბატონო ასმათ?
_ ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პანდემიის დროს საკუთარ ვილებს აქირავებდნენ, სადაც ხალხი ქორწილებსაც იხდიდა და დაბადების დღეებსაც.
_ საკუთარ ვილებს ხელისუფლების წარმომადგენლები აქირავებდნენ?
_ დიახ, დიახ, ამ ვილებში ხელისუფლების წარმომადგენლები და დეპუტატები „გრიალებდნენ“.
_ ეს საიდან იცით?
_ ზუსტად ვიცი და ვიდეოც ვნახე.
_ ისიც გეცოდინებათ, ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ვილებს რამდენად აქირავებდნენ?
_ ეგ არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ძვირად გააქირავებდნენ. როცა აკრძალვებია და არაფერი შეიძლება, ამ დროს ისინი მშვენივრად ცხოვრობდნენ.
_ ე. ი., მმართველმა გუნდმა პანდემია საკუთარი ბიზნესის ასაწყობად გამოიყენა?
_ შეიძლება, მთლიანმა მმართველმა გუნდმა არა, მაგრამ ცალკეულმა ვიღაცებმა ნამდვილად გამოიყენეს. ჩვენ კი დედა გვიტირეს და რა იქნება, არ ვიცი!
ეგენი ჩემგან ვერასოდეს გაიგებენ, ვაიმე, დედა, რა მეშველება-მეთქი. მე ის ქალი არ ვარ, რომ წივილ-კივილი დავიწყო.
_ ბოლო დროს, მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, ქართული ეკონომიკა თანდათან ფეხზე დგებაო. ქალბატონო ასმათ, თქვენ, როგორც ბიზნესმენი, ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
_ როგორ უნდა დავეთანხმო, მით უმეტეს, იმ ფონზე, რასაც „ნამახვანჰესზე“ აკეთებენ.
_ „ოცნება“ „ნამახვანჰესზე“ რას აკეთებს?
_ მოლაპარაკებებზე ჩავიდა და მერე გაიპარა.
_ რაკიღა სიტყვამ მოიტანა, დამისაბუთეთ, „ნამახვანჰესი“ რატომ არ უნდა აშენდეს?
_ მთელ მსოფლიოში ქარისა და მზის ელექტროსადგურები შენდება, რაც სწორია _ ასეთი სადგურები ბუნებას არ აზიანებს.
როგორ შეიძლება, მთელი საქართველო ჰესებად აქციო? სამასი ჰესი უნდა აშენდესო და თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ საქართველო ჰესების ქვეყანა იქნება და არა _ ლამაზი ბუნების.
_ მესმის, რატომაც წუხართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ენერგოდამოუკიდებლობა გვჭირდება…
_ რა დამოუკიდებლობა? 15 წლის განმავლობაში, როცა უნდა, გადასახადს მოგიმატებს და მერე საერთოდ აღარ მოგცემს, ჩემიაო. როგორ შეიძლება, საქართველოში მიწა გავყიდოთ და ხალხს ვუთხრათ, აქედან წადიო.
_ სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ, როცა ე. წ. მიწის კანონს იღებდნენ, თითქმის არავის ამოუღია ხმა და ვიღაცებს ქართული მიწის გაყიდვა ახლა გაახსენდათ. ეს დასაფიქრებელი არაა, ქალბატონო ასმათ?
_ ყველამ ყველაფერი ახლა გავიგეთ.
საერთოდ, ნამახვანის ამბავი კომუნისტებიდან მოდის და მაშინაც ყველა ჭკვიანი და კარგი მეცნიერი ამ ჰესის წინააღმდეგი იყო, რადგან მანდ ისეთი ქანები და მიწაა, რომ მოსახლეობას წყალი წაიღებს. ჩვენი წინაპრები წყალს რომ წაეღო, კარგი იქნებოდა?
_ არა, კარგი არ იქნებოდა, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით, ანუ ე. წ. მიწის კანონი ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინათ მიიღო და, შესაბამისად, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ უცხოელ ინვესტორს მიწა, შესაძლოა, 99-წლიანი იჯარით გადასცემოდა, თუმცა მაშინ ეს არავის, ყოველ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებას არ გაუპროტესტებია. ჰოდა, რას ფიქრობთ, ეს თემა ახლა რატომ გააქტიურდა?
_ ახლა არ გააქტიურებულა. პირადად მე ამაზე 500-ჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ, ჩემი აზრით, არც ახლანდელი ხელისუფლებაა ნორმალური და არც წინა იყო. ქვეყანაზე არავინ ფიქრობს!
კარგი, რა, შეხედეთ, პარლამენტი მილიონერებითაა გავსებული!
_ ისე, ქალბატონო ასმათ, თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, მუშაობისთვის კარგი გარემო მიშას 9 წელი იყო თუ ბიძინას 9 წელი უფრო კომფორტულია?
_ ბიზნესი შევარდნაძის დროს, 1998 წელს დავიწყე.
_ მერე?
_ კი ბატონო, შევარდნაძის დროს დენი არ იყო და გენერატორებით დავრბოდით, მაგრამ ძალიან კარგად ვმუშაობდი. მუშაობა მიშას დროსაც მქონდა და ამათ დროსაც, თავიდან რომ დაიწყეს, მაგრამ ახლა სულ წავიდნენ ხელიდან. თავიდან გადასახადების შემცირებას დაგვპირდნენ, მაგრამ შემცირება კი არა, უმატებენ და უმატებენ!
_ „ოცნებასთან“, კონკრეტულად, რა პრეტენზია და მოთხოვნა გაქვთ?
_ თავის ჭკუაზე ნუ დადიან, ხალხს ჰკითხონ და დიდ საკითხებზე რეფერენდუმები ჩაატარონ!
_ რა ამის პასუხია და, მხოლოდ ბიზნესმენი და მსახიობი კი არა, პოლიტიკურადაც აქტიური ხართ. ბოლოს და ბოლოს, თავის დროზე, თბილისის მერობის კანდიდატი იყავით… ამიტომ პოლიტიკური პროცესების თქვენეულ შეფასებასაც მოვისმენ, ქალბატონო ასმათ, მით უმეტეს, ახლა, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ექსპრემიერი გიორგი გახარია და ასევე ლევან ვასაძე გამოვიდნენ. იზიარებთ მოსაზრებას, რომ გახარიასგან „ოცნება 2-ს“ მივიღებთ?
_ ხელისუფლება მარტივ მამრავლებად დაიყოფა.
_ ამას რის საფუძველზე პროგნოზირებთ?
_ ჭიდაობა დაიწყება. საერთოდ, ქართველებმა ხომ ასე ვიცით _ ერთმანეთთან ნორმალურად დაჯდომა და საუბარი არ შეგვიძლია, ამიტომ ჩხუბი, საშინელება და ვიდეოების გადაღება დაიწყება, ვინ ვის ჰყვარობს, ვინ ვის რა უთხრა და ასეთი რაღაცები. ეს, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბავია. სულ არ მაინტერესებს, ვინ ვისთან წევს, ვინ ვისთან დგება და ვინ ვისთან რას შვრება. მე მხოლოდ ჩემი ქვეყანა მაინტერესებს!
შეიძლება, რაჭა-ლეჩხუმი ისეთი სილამაზის, როგორიც დღეს არის, აღარ იყოს ან რიონის ხეობის განადგურება დასაშვებია?
სხვათა შორის, ექვსი წლის წინათ მეგობარმა ლას-ვეგასში დამპატიჟა. მანქანით ხრიოკ ადგილას მივდიოდით და რაღაც ცისფერი დავინახე. გამიკვირდა, ამ უდაბნოში ტბა საიდან არის-მეთქი. ამიხსნეს, ტბა კი არა, მზის ელექტროსადგურიაო. ამერიკელები მზის ელექტროსადგურებს რომ აკეთებენ, წყალი არ აქვთ თუ რა ხდება-მეთქი? _ მიწიდან წყალი ამოქაჩეს და ეს ხრიოკი ადგილი წყლითაც სავსეა და ენერგიითაც. ჰოდა, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე ჩვენთანაც გაკეთდეს? თუკი ალიევს მოუვიდა აზრად, რომ თავისი თუ სხვისი ფულით მზის ელექტროსადგურებს აკეთებს, ჩვენთან რატომ არ შეიძლება?
სიმართლე გითხრათ, ჩემს თავზე კი არა, ჩემს ქვეყანასა და მომავალ თაობაზე ვფიქრობ! თუ მომავალ თაობას არ ეცოდინება, ილია ვინ არის, ვაჟა და აკაკი, ასეთი ჩემი ქვეყნის შვილი არ მაინტერესებს!
_ მომავალ თაობაზე ყველანი უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ამ კონტექსტში, ბუნებრივია, ნინოწმინდის პანსიონი უნდა ვახსენოთ. მართალია, დღევანდელი მოცემულობით, იქ ვითარება შეცვლილია, მაგრამ წლების განმავლობაში პანსიონის ბენეფიციარები, როგორც თავად ამბობენ, ათასგვარ დამცირებასა და წამებას იტანდნენ…
_ ეს ჯერ გარედან ლაპარაკია.
_ „გარედან ლაპარაკი“ რას ნიშნავს?
_ კეთილიც არსებობს და ბოროტიც.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ ბოროტთან ერთად, კეთილსაც ხომ არ უნდა გადავუაროთ?
_ ანუ?
_ ნამდვილად ვიცი, რომ ეკლესიაში არასაინტერესო ადამიანებიც არიან, მაგრამ იქ მართლა ღვთისმოსავებიც მოღვაწეობენ. იმის გამო, რომ ვიღაც ვირიშვილმა მოახერხა და იქ შეძვრა, რა, ქრისტიანობა აღარ არსებობს? აბა, მუსლიმანზე თქვი რამე, ნახეთ, რას გიზამენ.
_ ქალბატონო ასმათ, ამ ლოგიკაში მიზანმიმართულად არ გამოგყვებით, მაგრამ თუ ეკლესიაში ბოროტებაა, ეს ხომ უნდა გამოაშკარავდეს?
_ დიახ, უნდა გამომჟღავნდეს, მაგრამ იქ წესიერი ადამიანებიც არიან და ყველანი ერთ ქვაბში არ უნდა ჩავყაროთ.
აი, იგივე პარლამენტი ავიღოთ _ იქ მაიმუნებიც არიან და წესიერებიც.
_ მაიმუნი პარლამენტარები იქით იყვნენ და, ადგილობრივი არჩევნები კარსაა მომდგარი. მდინარეში მეორედ შესვლას, ანუ თბილისის მერად კენჭისყრას, ისევ ხომ არ აპირებთ?
_ მივხვდი, რაც ხდება.
_ რა ხდება?
_ ხომ ხედავთ, ფულიანები ერთი პარტიიდან მეორეში რა კარგად გადაძვრებიან და გადმოძვრებიან ხოლმე. მე კი ფული არ მაქვს და არც მინდა, მქონდეს.
_ ბიზნესმენები თქვენში ფულს რატომ არ აბანდებენ, პოლიტიკოსად ვერ აღგიქვამენ?
_ არ ვიცი… თავის დროზე, ლეიბორისტულმა პარტიამ უფულოდ დამპატიჟა და მერობის კანდიდატი ასე ვიყავი… ფულიანები თვითონ იბრძვიან, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ. ჩემნაირი არავის უნდა.
_ რატომ არ უნდა?
_ ყველამ იცის, რასაც გავაკეთებ.
_ მაინც, რას გააკეთებთ?
_ აი, მაგალითად, მაღალსართულიანი კორპუსების შენებლობას ავკრძალავ. ყველა ქუჩაზე ტროტუარს გავაკეთებ. ყიფშიძეზე ხალხი ვერ დადის, რადგან ტროტუარი აღარ არის _ მანქანები და ადამიანები ერთად დადიან.
_ მერია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვას იმიტომ გასცემს, რომ ამაში ფული კეთდება?
_ აბა, რა?! სანამ აირჩევენ, ყველა ამბობს, კორპუსის მშენებლობის უფლებას არავის მივცემო, მაგრამ არჩევის პირველსავე დღეს ნებართვას გასცემს, თანაც ძმაკაცებსა და დაქალებზე.
ვანო, შენი აზრი მაინტერესებს, ამდენი კორპუსი შეიძლება?
_ არ შეიძლება და, დიახ, გეთანხმებით, რომ ერთ დროს „მზისა და ვარდების“ თბილისი დღეს ბეტონის ქალაქია!
_ ვეღარ ვსუნთქავთ! მტვერსასრუტით ოთახებში მხოლოდ ქვიშასა და ცემენტს ვიღებ. რამდენიმე დღის წინ, ღამის სამ საათზე ბრახუნით გაგვაღვძეს.
_ ვინ?
_ მშენებლებმა.
_ შუაღამისას ხმაური დასჯადია. დაგერეკათ შესაბამის უწყებაში და მშენებლებს დააჯარიმებდნენ.
_ აბა, რას ამბობთ? _ რომ დარეკავ, ათას კითხვას დაგისვამენ და სანამ მოვლენ, ყველაფერი დამთავრებული იქნება. მოკლედ, დარეკვას აზრი არ აქვს, თან ვიცი, რომ ამ მშენებლებს მფარველები ჰყავთ…
_ ბოლოს, ქალბატონო ასმათ, რიტორიკულად გკითხავთ: გვეშველება რამე?
_ ცხონებული კახი კავსაძე ამბობდა ხოლმე, _ ხალხი რომ მხვდება, მეკითხება, რამე გვეშველებაო? თუ ისევ ასეთი მჭამელები მოვიდნენ, რა უნდა გვეშველოს? ჩემს ქვეყანაში შესაჭმელი, მგონი, აღარაფერი დარჩა!
_ იქნებ, ისევ ჩვენი, ხალხის ბრალია, რომ ხელისუფლებაში ასეთი მჭამელები მოგვყავს?
_ საცოდავი ამომრჩეველი.
_ ამომრჩეველი საცოდავი რატომაა?
_ 20-30 ლარზე რომ გაიყიდება… იცით, ყველაზე საშინელება რა არის?
_ რა?
_ ადამიანი ვიღაცისტი რომაა და მინუსებს ვერ ხედავს. არ შეიძლება, ვიღაცისტი იყო, შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს და რა წუთშიც შეამჩნევ, რომ ვინმე შენს ქვეყანას რამეს უფუჭებს, მასზე უარი უნდა თქვა და განზე გადგე.
_ თქვენ ვისისტი ხართ, ქალბატონო ასმათ?
_ არავისისტი. მე საქართველოისტი ვარ!
_ ისე, რას ელოდებით, ადგილობრივში „ოცნება“ 43-პროცენტიან ბარიერს გადალახავს თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?
_ ყველა ძალიან არეულია. ხომ იცით, ვინეგრეტი რა საჭმელიცაა? _ ყველაფერი, რა პროდუქტიც გაქვს, ერთად უნდა ჩაყარო. ჰოდა, პოლიტიკაშიც სწორედ ასეთი „ვინეგრეტია“: აღარც ხელისუფლებაა, აღარც _ ოპოზიცია.
ვანო პავლიაშვილი