QronikaPlus
„საპატრიარქოს კარის თამაშების“ მორიგი ეპიზოდი

„საპატრიარქოს კარის თამაშების“ მორიგი ეპიზოდი

2021-06-23 07:43:48

ალბათ, ყველას გახსოვთ ჯოან როულინგის გახმაურებული ფანტასტიკური ჟანრის ბესტსელერი „ჰარი პოტერი“, რომელიც პატარა ბიჭის თავგადასავლების გარდა მკითხველსა და შემდგომში მაყურებელს მაგიის სკოლა ჰოგვორტსით იზიდავდა. რომ არ დაგაბნიოთ, გეტყვით, საიდან და რატომ გამახსენდა ჰოგვორტსი _ ეს იყო შენობა, რომელიც მუდამ საშინელ ნისლში გახლდათ გახვეული და იქ განვითარებული მოვლენები პარალელურ რეალობაში ხდებოდა. სწორედ ასეთ ბურუსშია გახვეული საქართველოს საპატრიარქო, რომლის კედლებს მიღმა ისეთები ხდება, ფილმად რომ გადაიღო, ერთ-ერთი სანახაობრივი და შემოსავლიანი პროექტი იქნება.

„საპატრიარქოს კარის თამაშები“ ხშირად გამხდარა საზოგადოებრივი ყურადღების საგანი, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

უფრო დეტალურად რომ მოგითხროთ, გავსწორდეთ წელში და დავიწყოთ გალობა, ოღონდ ის გალობა არა, თქვენ რომ იფიქრეთ.

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გეგმური (საკმაოდ დაგვიანებული) მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა პანსიონის ჭიშკარზე დააკაკუნა, თუმცა ურდულის ხმის ნაცვლად საპასუხოდ მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ნაკარნახევი უარი მიიღო.

ამის შემდგომ ლომჯარიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდა: შემჭიდროვებულ ვადებში წარმოედგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე.

დაუყოვნებლივ მიემართა ყველა ზომისთვის პანსიონში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშაკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად და ასევე წარმოედგინა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაეწყო მისი ეტაპობრივი განხორციელება.

ამ ყველაფრის შემდგომ, 2021 წლის 5 მაისს, საინფორმაციო სააგენტო ჩNეწს-ზე, ანალიტიკოს (ამავე სააგენტოს რედაქტორი) გოჩა მირცხულავას სტატია გამოქვეყნდა, სადაც სხალთელ ეპისკოპოს მეუფე სპირიდონის საქმენი საგმირონი სააშკარაოზე გამოვიდა, კონკრეტულად კი მის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაული _ გაუპატიურების ფაქტი იქნა ნახსენები.
სწორედ აღნიშნული სტატიის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი მეუფე სპირიდონის საქმის მასალების შესწავლით დაინტერესდა. გარდა ამისა, კიდევ უფრო გამწვავდა და წინა პლანზე გადმოიწია პანსიონის საკითხმაც, რომლის ხელმძღვანელიც სწორედ მეუფე სპირიდონი გახლავთ.

არ არსებობს სფერო, რომელსაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხი არ შეეხო, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების შესახებ უმთავრესი თავად საპატრიარქოს კომენტარი იყო, რომელიც (როგორც ყველა სხვა შემთხვევაში) ერთი მარტივი და, ამავდროულად, მრავლისმეტყველი დუმილით შემოიფარგლა, რამაც საკითხი კიდევ უფრო მწვავე და მიმზიდველი გახადა. რაც უფრო მეტად აიგნორებდა საკითხს საპატრიარქო, მით უფრო ხშირი ხდებოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ჭიშკარზე კაკუნი და სულ უფრო მწვავდებოდა კითხვა, _ რა ხდება პანსიონის გალავანს მიღმა?

არაერთი მცდელობისა და ჭიდილის მიუხედავად, ჭიშკარი კვლავ მყარად იყო ჩარაზული, შენობის მიღმა მყოფი აღსაზრდელებისა და მათი ზედამხედველების შესახებ კი ლეგენდას ლეგენდაზე თხზავდნენ და ეს ლეგებდები არ ჰგავდა ბერძნული მითოლოგიის ამბებს, ეს იყო რეალურ ამბებზე დაფუძნებული შემზარავი ისტორიები, რომლებმაც მედიასა და არასამთავრობო სექტორს ჩაკეტილი ჭიშკრის შენგრევის ჟინი კიდევ უფრო გაუმძაფრა.

2021 წლის 2 ივნისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 2016-2021 წლების მანძილზე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ოთხი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მათ შორის, ერთი, პანსიონის აღსაზრდელი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტის შესახებ.

„სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის, გაუპატიურების მუხლითაც.
გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი)“.
სახალხო დამცველის აპარატის ეს განცხადება გახდა საპატრიარქოს მარადიული დუმილის დარღვევის საფუძველი და მალევე მეუფე ანდრია ჯაღმაიძემ პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოკრძალებული პოზიცია გაასაჯაროვა.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“.

აღნიშნული განცხადების შემდგომ საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ნინოწმინდის პანსიონის ჭიშკარი რამდენიმე მედიასაშუალებისთვის გაეღო. ძნელი მისახვედრი არ არის, რომელი მედია იქნებოდა მათი რჩეული _ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი „ერთსულოვნება“, მედიაკავშირი „ობიექტივი“ და, რაღა თქმა უნდა, სამოთხე საქართველოში, ტელეკომპანია „იმედი“, რომლებმაც ამბავიც შესაბამისად გადმოგვცეს. ბავშვები არიან ლაღები, ბედნიერები, თამაშობენ და ტკბებიან ცხოვრებით _ ფაქტობრივად, ჭირი იქა, ლხინი აქა დააკლდა, თორემ ბავშვების მიძინებამდე მოსაყოლი ახალი ზღაპარი კეთილ სპირიდონსა და მის „მეგობრებზე“ მზად იქნებოდა.
საპატრიარქოსა და სამთავრობო ტელევიზიების „ზღაპრებმა“ მაინც არ გაამართლა, რადგანაც ქვეყანაში სხვა მედიასაშუალებებიც არსებობს, რომლებმაც გადმოგვცეს უშუალოდ ნინოწმინდის ყოფილი და ამჟამინდელი აღსაზრდელების ამბები, თავიანთი რეალური გმირებით. რეალობა მძიმე და შემზარავი აღმოჩნდა:

„გვასხვავებდნენ სხვადასხვა ნიშნით, გვქონდა ცემა-ტყეპა მღვდლებისგან. ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანეთ და ძალიან ბევრი ტრავმა მივიღეთ, როგორც ტვინის, ასევე ფსიქოლოგიურად.

სულ ვისჯებოდი იმ მხრივ, რომ 24 საათი ბრინჯის მარცვლებზე ვიდექი მუხლებით. 15 წლის განმავლობაში 90-ჯერ მაინც ვცადე გაპარვა, თუმცა ვერ გავიქეცი, რადგან დიდ ბიჭებს მადევნებდნენ დასაჭერად. შემდეგ ექიმთან მივყავდი და დამაძინებლებს მიკეთებდნენ.

იყო ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც პირადად მე მთელი 15 წელი სისხლი გამიშრო. იყო ერთი ბავშვი, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა იქ. იმის გამო, რომ მას გენეტიკურად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა – იფსამდა, ამის გამო პედაგოგმა მას „მოსიარულე ფსელი შეარქვა“. მასწავლებლები და ბავშვები ამ ბიჭს ასე აბულინგებდნენ“, _ იხსენებს „რუსთავი 2-თან“ ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი.

„ძალიან მძიმე ფაქტები ხდებოდა ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა „რეიკებით“, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ (გვცემდნენ). აღმზრდელებს, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში იქ ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ.

თუ არ დავიძინებდით შუადღეს, რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ. თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე მუხლებით, 24 საათით, კუთხეში“, _ იხსენებს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში ყოფილი აღსაზრდელი.
მედიაში გასულმა რეპორტაჟებმა და არასამთავრობო სექტორის სწორმა რეაგირებამ გარკვეული შედეგი გამოიღო _ პანსიონის კარი სოციალური მუშაკებისთვის გაიღო და სახელისუფლებო მედიის ზღაპრის 15-მა გმირმა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა. მიზეზი არასათანადო მოპყრობა გახლდათ, რომელიც მათ მიმართ ხორციელდებოდა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც გამყარებული იყო კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, რის საფუძველზეც მოითხოვდა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას. აღნიშნული სარჩელის განხილვა 2021 წლის 5 ივნისს შედგა და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ყველა აღსაზრდელს უნდა დაეტოვებინა.
საქმის ამ კონკრეტულ მონაკვეთში კვლავ გამოჩნდა საპატრიარქო, რომელმაც სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა _ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრავმირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისთის.

1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებით ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

2.ამასთან, ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობისა და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციასა და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია;

3.აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად გამოიძიონ გაჟღერებული ბრალდებები, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს;

4.მიგვაჩნია, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან;

5.მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრავმირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათვის“, _ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასასრულისკენ რომ წავიდეთ, რეალური სურათი ასეთი გვაქვს: საქმეში ორი ბრალდებული მხარე იკვეთება _ ერთი მხრივ, საქართველოს საპატრიარქო, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა და შეგნებულად არ ინტერესდებოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაციით და სახელმწიფო უწყებები (შსს და პროკურატურა), რომლებმაც 5 წლის მანძილზე დაგროვებული სისხლის სამართლის საქმეები თაროზე შემოდეს და არ განიხილეს, საბოლოო ჯამში კი უწყებების და ინსტიტუციების უყურადღებობამ პანსიონის აღსაზრდელების ფსიქიკაზე გაიარა და მათ ცხოვრებას სერიოზული დაღი დაასვა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლების უმოქმედობა აქტიურად თეთრდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან და მათ მიერ პანსიონთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები არის ზედაპირული.
იმისთვის, რომ მკითხველს არ დარჩენოდა განცდა, თითქოს ფაქტები, რომლებზედაც სტატიაშია საუბარი, ჩვენვე შევაფასეთ მიკერძოებულად, კომენტარის გაკეთება ორივე მხარის (საპატრიარქო და ხელისუფლება) შესაბამის პირებს ვთხოვეთ:.

„ქრონიკა+“ თეოლოგ გოჩა ბარნოვსა და პოლიტოლოგ გიორგი ხუხაშვილს ესაუბრა.

გოჩა ბარნოვი:

_ რა ბერკეტები ჰქონდა საპატრიარქოს ხელთ, რომელიც არ გმოიყენა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, რათა ბავშვების ფსიქიკა არ დაზიანებულიყო?

_ მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს ასეთი დაწესებულებები და ის უნდა იყოს სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპატრიარქო, უფრო სწორად კი მისი სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეწინააღმდეგებოდა ს იმ ვითარებისგასაჯაროება, რაც პანსიონში იყო თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას მარტო თავად სპირიდონი ვერ გადაწყვეტდა, რომ მას არ ჰქონოდა მწვანე შუქი საპატრიარქოსგან. თავისთავად ცხადია, ამ სასწავლებელში კეთდება ძალიან დიდი ფული და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამის გამოტანა გარეთ არ უნდათ, მათ შორის, ის ძალადობები, რაც ხდებოდა წლების მანძილზე ამ დაწესებულებაში. არის სხვა მსგავსი დაწესებულებები საპატრიარქოსი, სადაც მონიტორინგი შესულა და ამაზე არ შექმნილა პრობლემა, ამ კონკრეტულში კი არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც უკავშირდება გარდა ძალადობისა, როგორც მოგახსენეთ, ფინანსურ პრობლემებსაც.

_ ზოგადად, რატომ დუმს საპატრიარქო ამ კონკრეტული და არა მხოლოდ ამ საკითხის მიმართ? აქვს თუ არა მას ვალდებულება, ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომელთა ჯიბიდანაც ყოველწლიურად 25 000 000 ლარით ფინანსდება?

_ ეს არის საპატრიარქოს სტილი, ყრუ დუმილი ყოველთვის. როდესაც რაიმე პრობლემაა, ისინი ჩუმდებიან. თუ ისინი დაარტყამენ კონკრეტულ სასულიერო პირს, მათ აქვთ შიში იმისა, რომ ის კონკრეტული სასულიერო პირი დაიწყებს იმ გადაცდომებზე საუბარს, რაც აქვთ საპატრიარქოს შიგნით. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და მეუფე პეტრემ ამაზე ძალიან კარგად ილაპარაკა, რომ საპატრიარქოში არის ბევრი პრობლემა, როგორც ზნეობრივი, ასევე სხვადასხვა. როდესაც თავად ხარ დაბინძურებული მსგავსი პრობლემებით და ამ დროს სხვას დაუწყებ კრიტიკას რაღაც პოზიციის დაფიქსირებაზე, ბუნებრივია, რომ ის სხვა დაგიწყებს შენ საუბარს იმ პრობლემებზე, რაც შიგნით გაქვს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საპატრიარქო მუდმივად დუმილის რეჟიმშია.
ეს 25 000 000, რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან მიაქვს საპატრიარქოს, უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება. ნებისმიერი სახელმწიფო აკონტროლებს ამას. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შეუძლია სახელმწიფო აუდიტს შევიდეს და განახორციელოს შესაბამისი მოკლვლევა. ეს თვითონ ეკლესიითვის არის კარგი, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესები, რათა აღარანაირი ეჭვი არ აღიძრას საზოგადოებაში. როდესაც შენ ტერიტორიაზე არ უშვებ არა მხოლოდ მედიას, არამედ სახელმწიფო ინტიტუტებსაც კი, ვგულისხმობ სახალხო დამცველის შემთხვევას, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ რაღაც რიგზე არ არის.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების იმიჯს მკვეთრად დააზიანებდა, თუმცა ჩვენ საქართველოსთან გვაქვს საქმე, სადაც არაფერი ხდება ისე, როგორც წესი და რიგია:

_ შეგვიფასეთ სახელმწიფოს დამოკიდებულება ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

_ სახელმწიფო, როგორც ყოველთვის, ცდილობს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ერთი მხრივ, ძალიან პრობლემატური თემაა, მეორე მხრივ კი ძალაუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ბურჯად ხელისუფლებას მიაჩნია საპატრიარქო და არანაირად არ უნდა ამ ურთიერთობის გაფუჭება, რის გამოც ცდილობს, სიტუაცია მიჩქმალოს, მიაფუჩეჩოს და რაღაცნაირად უმტკივნეულოდ გადაიაროს ეს საკითხი. ამასთანავე კიდევ უფრო დააპირისპიროს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი საპატრიარქოსთან, რომ საპატრიარქო კიდევ ერთ პოლიტიკურ აქტივად ჩაითვალოს საარჩევნო პროცესში. ძალიან ცუდია, რომ ბავშვების ბედშიც დომინირებს პოლიტიკა და მათი მეშვეობით აწარმოებენ პოლიტიკურ თამაშებს. ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საბრალდებო დასკვნა იქნებოდა, მაგრამ არა საქართველოში.

„ქრონიკა+“-მა ხუხაშვილს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, ვინაიდან 2016-2021 წლების მანძილზე, ანუ იმ პერიოდში, რაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გახარია სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამებობას იკავებდა, მათ შორის, იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

_ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა, პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე დაბრუნებული გიორგი გახარიასთვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელი საკითხი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმე?

_ ეს არ არის ის თემები, რაც მსგავს დონეზე წყდება. საკითხს იძიებდა პროკურატურა და ამ უწყებაზე არც ერთ დროს გახარიას გავლენა არ ჰქონია, მაშინაც კი, როდესაც ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იმიტომ რომ სულ სხვა ხალხი აკონტროლებდა პროკურატურას და ეს ირაკლი კობახიძემაც აღიარა თავის ბოლო განცხადებაში. არა მგონია, რომ ეს გახარიას წინააღმდეგ კომპრომატად გამოდგეს.

ასეთია ამ დროისთვის არსებული სიტუაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით. „ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და მომდევნო ნომერში აუცილებლად მოგიყვებათ იმ ახალ გარემოებებზე, რომელიც საქმეზე გამოიკვეთება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო ამ დრომდე არღვევენ კანონს, რომლის მიხედვითაც გარყვნილი ქმედების გამო ნასამართლევ პირს არ აქვს უფლება, მონაწილეობდეს სააღმზრდელო პროცესებში, რაც ზოგადი განათლების შესახებ კანონში 133-ე მუხლით მყარდება.

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა“.

გიგა გელხვიიძე

გაზიარება