QronikaPlus
ნინო ბურჯანაძე: „ხალხის დიდ მხარდაჭერას ავტომატურად მოჰყვება ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა“

ნინო ბურჯანაძე: „ხალხის დიდ მხარდაჭერას ავტომატურად მოჰყვება ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა“

2021-06-20 08:26:59

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკმაყოფილოა პარლამენტში ოპოზიციის შესვლით. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციამ ძალიან გაართულა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი. ყველაფრის მიუხედავად, ბურჯანაძეს მაინც აქვს იმედი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. მისი აზრით, ეს შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ ოპოზიცია იმოქმედებს შემდეგი ფორმულით: ყველა ერთის წინააღმდეგ.

რა უნდა აუხსნას პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს? როდის გახდა ცნობილი, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შედიოდა? რატომ უნდა იაქტიუროს ხალხმა? ექნება თუ არა ოპოზიციას ძველებურად მხარდაჭერა დასავლეთიდან? ვის წაართმევენ ხმებს ვასაძე და გახარია? _ ამ თემების შესახებ ნინო ბურჯანაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ოპოზიციამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნა ერთიანობა და პრინციპულობა, მაგრამ მერე მაინც შევიდა პარლამენტში. ამით ჩაიყარა თუ არა წყალში ყველა ის შედეგი, რაც ბოიკოტით და ერთიანობით მოიპოვეთ?

_ ყველაფერი წყალში არ ჩაყრილა. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ოპოზიციის ერთობა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების პირობას არ დადებდა. რამდენიმე თვეში ეს საკონსტიტუციო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო. ამ გადაგდებას ოპოზიციამ ისევ ერთობა დაუპირისპირა. ჩვენი ერთად დგომა რომ არა, გასულ წელს 8 მარტის შეთანხმება არ გაფორმდებოდა და ვერც ნაწილობრივ პროპორციულ სისტემას მოვიპოვებდით. ოპოზიციის ერთად დგომა და ბოიკოტი რომ არა, არც პატიმრები გამოვიდოდნენ გარეთ და არც შარლ მიშელის დოკუმენტი დაიდებოდა.
ოპოზიციის ერთობამ განაპირობა ის, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ერთობის დამსახურება იყო რომ დასავლეთიდან გარკვეული ზეწოლა მოხდა ბიძინა ივანიშვილზე და მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან დასანანია, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენმა კოლეგებმა შეცდომა დაუშვეს და პრლამენტში შევიდნენ.

_ პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო თუ გამიზნული ნაბიჯი?

_ მინდა, რბილად შევაფასო სიტუაცია და ამიტომ ვიტყვი, რომ ეს იყო შეცდომა. ეს შეცდომა დასანანია, რადგან ძალიან ცოტა იყო საჭირო იმისთვის, რომ მიგვეღწია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით და პარლამენტში შესვლით ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ძალიან გაგვირთულეს ვადამდელი არჩევნების მოპოვების შანსი.
ძალიან დდი შეცდომა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვადამდელის მიბმა. მით უმეტეს იმ დათქმით, რომ ვადამდელი დაინიშნება, თუ „ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებს. ადგილობრივ არჩევნებს აქვს სულ სხვა სპეციფიკა, სადაც ხელისუფლებას ყოველთვის მეტი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე ოპოზიციას. ხელისუფლების შანსები კიდევ უფრო იზრდება, თუ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება.
რაც შეეხება იმას, წყალში ჩაიყარა ყველაფერი თუ არა, საბედნიეროდ, ყველაფერი ჯერ დაკარგული არ არის, კიდევ ვართ ოპოზიციაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ ბრძოლას. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ცვლილებებს. სამწუხაროდ, ხალხში გარკვეული ნიჰილიზმიც არის და ისინი ისე არ აქტიურობენ, როგორც საჭიროა.
ასე რომ, ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ვადამდელი არჩევნები მოიპოვოს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენი კოლეგები გაითავისებენ თავიანთ შეცდომას და ოპოზიცია სრულად გაერთიანდება. ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, ყველა უნდა, რომ გავერთიანდეთ. ერთიანობა და სრული კოორდინაცია თუ იქნა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღების შანსი არ მივცეთ. ეს კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს.

_ ერთიანობა და სრული კოორდინაცია კარგია, მაგრამ შეძლებს ოპოზიცია ამის მიღწევას?

_ სიმართლე გითხრათ, ამ ერთიანობის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარლამენტში შესვლის გამო ჩვენმა კოლეგებმა ხალხში ნდობა დაკარგეს. შესვლა ერთია, მაგრამ მეორეა როგორი ფორმით გააკეთეს ეს. მათ დოკუმენტს ძალიან არაკორექტული ფორმით მოაწერეს ხელი.

_ არაკორექტულ ფორმაში რას გულისხმობთ?

_ ამდენი ხანი ერთმანეთის გვერდით ვიდექით და არც კი გავუფრთხილებივართ, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებდნენ. ამის შესახებ ტელევიზიით გავიგეთ. ეს მათი მხრიდან იყო არაკორექტული საქციელი.
ადამიანებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერს, საკუთარ თავზე აიღეს მთელი ოპოზიციის ბედის გადაწყვეტა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ულამაზო და არაკორექტულია. ასეთი რბილი ტერმინებით იმიტომ ვსაუბრობ, რომ გაერთიანების შანსი შევინარჩუნოთ. ეს შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ, ჯერ კიდევ, არსებობს. არ მინდა, ეს შანსი ჩემი მიზეზით კიდევ უფრო შემცირდეს. მე შეფასებებში ფრთხილი ვიქნები და ვნახოთ.
ხანდახან ადამიანებს ინსტინქტი კარნახობს, რომ შეცდომას უშვებენ. თუ ეს ინსტინქტი უკარნახებს მათ, რომ პარლამენტში შესვლით შეცდომა დაუშვეს, ასეთ შემთხვევაში გაერთიანების შანსი ნამდვილად გაჩნდება.
_ ეს ინსტინქტი თუ ჰქონდათ, ის, წესით, მაშინ უნდა ამოქმედებულიყო როცა პარლამენტში შედიოდნენ. როგორც თავად თქვით, ძალიან ცოტა იყო საჭირო იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის მიგეღწიათ.
_ ერთხელ რომ წამოჰკრავ ქვას ფეხს, მეორედ უფრო ფრთხილად იქნები. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი კოლეგები ახლა უფრო ფრთხილად იქნებიან. არ მინდა, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დავთესო, მაგრამ ოპოზიციის გაერთიანების დიდ შანსს ნამდვილად ვერ ვხედავ.

_ პარლამენტში შესული ოპოზიციის ქმედებით იმედგაცრუებულმა ამომრჩეველმა, წესით, გარეთ დარჩენილ პარტიებს უნდა მისცეს ხმა. ეს გაზრდის თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში თქვენი წარმატების შანსებს?

_ ამაზე ნამდვილად ვერ ვიმკითხავებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან სპეციფიკურია. ამის გარდა, შეიძლება მოსახლეობის აქტივობა იყოს დაბალი. ამ შემთხვევაში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მყავს მხედველობაში. ეს ამომრჩეველი ჩვენით იმედგაცრუებულია და მათი პასიურობა არც უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ამომრჩეველს ყველა არჩევნებზე ვპირდებით, რომ მათ ხმებს დავიცავთ, მაგრამ დანაპირებს ვერასდროს ვასრულებთ. ახლაც ასე მოხდა.
სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც არასოდეს მომიტყუებია ხალხი. ჩემი დაპირება უკან არასდროს წამიღია. გადახედეთ ჩემს დაპირებებს და გადახედეთ სხვა ლიდერების დაპირებებს. ხალხი ყოველთვის მზად იყო, ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ ბოლოს ოპოზიცია ამბობდა უარს ბრძოლის გაგრძელებაზე. ასე იყო 2007 წელს, 2009 წელს, 2011 წელს, ასე მოხდა ახლაც. ოპოზიციური ლიდერების ყოყმანი და უკან დახევა პროცესს ანგრევდა და ანგრევს. მე არც ერთხელ არ გამიცრუებია ხალხისთვის იმედი.

_ თქვენ 2011 წელსაც უარი თქვით უკან დახევაზე, რაც საკმაოდ ძვირად დაგიჯდათ. 26 მაისის დარბევას ვგულისხმობ.

_ 2011 წლის 26 მაისს ვიცოდით, რომ წავაგებდით ხელისუფლებასთან ბრძოლას, მაგრამ უკან არ დაგვიხევია. მაშინ პროტესტის მონაწილეები გავაფრთხილე, რომ დარბევის საფრთხე იქნებოდა და მოგვერეოდნენ. მათ მითხრეს: არა უშავს, ჩვენ აქედან ფეხს არ მოვიცვლით. ჩვენც მათთან ერთად დავდექით და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დამარცხების შანსი დიდი იყო. ჩვენ მაშინ მართლაც დავმარცხდით ფიზიკურად. ასე რომ, მე ძალიან პირნათელი ვარ როგორც ჩემი, ასევე სხვისი ამომრჩევლის წინაშე. დანარჩენმა თავის ამომრჩეველს გასცეს პასუხი. ეს ხალხი ამბობდა, პარლამენტში არ შევალთ, პარლამენტი ივანიშვილის „ბუტკააო“. ახლა ახსნან, როგორ აღმოჩნდნენ ამ „ბუტკაში“.

_ ამომრჩეველიც ცოტა უცნაური გვყავს. გადამწყვეტ მომენტში საჩოთირო გადაწყვეტილებებს ღებულობენ ხოლმე. არაა გასაკვირი, ივანიშვილის „ბუტკაში“ შესულებს თუ არანაირ განმარტებას არ მოსთხოვენ.

_ სამწუხაროდ, ესაა რეალობა. ჩვენი მოსახლეობა ხშირად აკეთებს არასწორ არჩევანს. ეს არასწორი არჩევანი ისევ მოსახლეობას აწვება მხრებზე მძიმედ. მე ჩვენი წარუმატებლობა არ მინდა, მხოლოდ ამომრჩეველს დავაბრალო. 2020 წლის არჩევნებზე 0.85% დაგვიწერეს. არც 10% აგვიღია, მაგრამ 4-5% ნამდვილად ავიღეთ, თუმცა გაგვიყალბეს. როგორც ჩანს, ჩვენც დავუშვით შეცდომები. მაგრამ ჩვენს მხარდამჭერებსაც მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინათ.
_ ახლა რას იზამენ, გამოიჩენენ მეტ აქტიურობას?
_ არ ვიცი, რას იზამს ჩვენი ამომრჩეველი. სიმართლე გითხრათ, დიდად არც კი ვფიქრობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციური ერთობა თუ არ იქნება, არჩევნებში მონაწილებას აზრი არ აქვს. როდესაც იცი, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, დაგამარცხოს, ასეთ შემთხვევაში არ მესმის, რატომ უნდა წავიდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. შევხედოთ ვითარებას, ვნახავთ, რას გადაწყვეტენ ჩვენი კოლეგები და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ.

_ პოლიტიკურ ველზე ორი ახალი მოთამაშე შემოდის _ გახარია და ვასაძე. ახლები იმდენად არ არიან, რამდენადაც განახლებული ამპლუა აქვთ. ისინი ოპოზიციას ხომ არ ჩააჩოჩებენ?

_ არა მგონია, რომ მათ ოპოზიცია ჩააჩოჩონ. მათგან ოპოზიციური განცხადებები არ მომისმენია. დაველოდოთ. ბატონმა ვასაძემ თქვა, ბიძინას ისე აღარ ვცემ პატივს, როგორც ადრეო, ეს არაა ოპოზიციონერობა. გიორგი გახარიას საერთოდ არაფერი უთქვამს. გახარია თუ ვინმეს წაართმევს ხმებს, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი; ხოლო ბატონი ვასაძე წაიღებს „პატრიოტთა ალიანსის“ ხმებს. ასე რომ, დანარჩენ ოპოზიციას მათი შემოსვლით არაფერი ემუქრება. ვასაძე და გახარია თუ მართლა ოპოზიციონერობას აპირებენ, ეს ოპოზიციისთვის კარგი იქნება.

_ რატომ იქნება ეს ოპოზიციისთვის კარგი?

_ ეს დაასუსტებს „ქართულ ოცნებას“ და გააძლიერებს ოპოზიციას. მათი შემოსვლა ასევე გაზრდის ვადამდელი არჩევნების მოპოვების შანსს.

_ თქვენ ითანამშრომლებდით ამ ორ პოლიტიკოსთან?

_ გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება და ის ბოიკოტი, რომელიც ახლა მიმდინარეობდა. ამ პერიოდში განსხვავებების მიუხედავად ყველანი ვთანამშრომლობდით ერთმანეთთან. ჩემთვის თანამშრომლობის კრიტერიუმია _ არის თუ არა პარტია ნამდვილად ოპოზიციური. ვადამდელი არჩევნების მოპოვებისთვის ერთადერთი ფორმულაა წარმატებული. ამ ფორმულას ჰქვია ყველა მინუს ერთი. მხოლოდ ამ ფორმულით შეგვიძლია ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის გაშვება. ვადამდელ არჩევნებს რომ მოვიპოვებთ, მაშინ თანამშრომლობის უკვე სხვა კრიტერიუმები იქნება. რეალურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან თანამშრომლობა ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად უნდა შეძლოს. უნდა აამუშაოს ფორმულა: ყველა მინუს ერთი.

_ იმისთვის, რომ ვადამდელ არჩევნებს მიაღწიოთ, ისევ საჭირო იქნება დასავლეთის მხარდაჭრა. იქნება ეს მხარდაჭერა?

_ ღიად ვთქვათ, ახლა ოპოზიციას თუ ვინმეს მხარდაჭერა დააკლდა, ეს ჩვენი მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერაა. დასავლეთის მხრიდანაც იმიტომ იყო ოპოზიციაზე ასეთი ზეწოლა, რომ მათ ვერ დაინახეს ხალხის აქტიურობა და მხარდაჭერა.
_ მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, დასავლეთი ოპოზიციაზე ზეწოლას არ განახორციელბდა?
_ მათი მხრიდან ოპოზიციაზე ასეთი ზეწოლა ნამდვილად არ იქნებოდა. სამწუხაროდ, მოსახლეობამ არ იაქტიურა.

_ ნაწყენი ხართ მოსახლეობაზე?

_ არ მინდა, ვინმეს ვუსაყვედურო, განსაკუთრებით მოსახლეობას. ჩვენი ხალხი ძალიან ბევრჯერ გამოვიდა ქუჩაში. ისინი მზად იყვნენ, ბოლომდე ებრძოლათ, მაგრამ პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედები.

_ ერთ-ერთი ასეთი დიდი იმედგაცრუება იყო 2009 წელი.

_ კი ბატონო, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. სხვა დროსაც გაუცრუეს ხალხს იმედები და ამიტომაც აღარ არის მათი მხრიდან აქტიური მხარდაჭერა. ახლაც გაუცრუვდა ხალხს იმედები. მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ვატყობდი ოპოზიციას, რომ რაღაც მოხდებოდა. ამის შესახებ მაშინ მედიისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე ვთქვი სათქმელი. ნათელაშვილის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ვთქვი, რომ ოპოზიცია ადგას 2009 წლის გზას და იგივე დაგვემართება, რაც მაშინ მოხდა. ცალკეული პოლიტიკოსების ქმედებები მაშინდელ ამომავალ ვარსკვლავ ირაკლი ალასანიას მოქმედებას შევადარე.
ირაკლი ალასანია ნამდვილად არ ყოფილა შეკრული მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ თავისი გამოუცდელობით და გაუბედაობით იგივე სამსახური გაუწია ოპოზიციას, რაც მიშელის დოკუმენტზე ხემომწერმა პარტიებმა გავიწიეს ახლა.

_ რას გულისხმობთ?

_ 2010 წელს ტარდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიცია ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა. ირაკლი ალასანიამ შეწყვიტა ბოიკოტი და თქვა, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ამ არჩევნებში თავადაც იყარა კენჭი ირაკლი ალასანიამ და ის გიგი უგულავამ ყოველგვარი გაყალბების გარეშე გააცამტვერა. თავისი მარცხი ირაკლი ალასანიამაც აღიარა და უგულავას გამარჯვება მიულოცა.
მე ამას კარგად ვხედავდი, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, მაგრამ არ დამიჯერეს. პოლიტიკაში ახალმოსული ადამიანები ფიქრობენ, რომ თავიდანვე ყველაფერი იციან და მხოლოდ მათი პოზიციებია სწორი. ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა.
ოპოზიციის შეცდომების მიუხედავად, მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ძალიან მძიმე პრობლემები არსებობს, მაგრამ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია. ხალხს ტყუილად ჰგონია, რომ მათი გაჭირვება და უმუშევრობა არ გვადარდებს. ჩვენ, როგორც პროფესიონალებს, კარგად გვესმის, რომ თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა და კოალიციური მთავრობა არ იქნა, სიტუაცია არ გამოსწორდება. კოალიციური მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეყოლება, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. მოსახლეობას ეს უნდა ესმოდეს და ვადამდელის თემაზე ოპოზიციას მხარს უჭერდეს. პოლიტიკური სიტუაცია თუ არ შეიცვალა, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა.
დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერაა. ხალხის დიდ მხარდაჭერას ავტომატურაც მოჰყვება ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა.

_ თავად თქვით, რომ ხალხი მზად იყო, ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ პოლიტიკოსებმა გაუცრუეს მათ იმედები. იგივე მოხდა ახლაც, მარტო ამ გაზაფხულზე რამდენჯერმე დაანონსდა აქცია დ მერე გადაიდო. საზოგადოების განწყობაზე ესეც ხომ უარყოფითად მოქმედებს?

_ ეს აქციები ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო. კოვიდი „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. 15 მაისის აქციის გადადება სწორი იყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, 15 მაისის აქციის ჩატარებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ გაუქმდა ეს აქცია. ხალხს მხოლოდ გამოსაყვანად ხომ არ გამოვიყვანდით და მასხრად ავიგდებდით.
_ 15 მაისის აქციის ჩატარებას მართლა აღარ ჰქონდა აზრი, მაგრამ აქცია მარტშიც გადაიდო და აპრილშიც. მაშინ ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა.
_ ამ აქციების გადადება გამოწვეული იყო იმ მოლაპარაკებებით, რომელიც დასავლეთის ჩართულობით მიმდინარეობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ოპოზიციაში გადაწყვეტილებებს ვიღებ.

_ როცა ეს ერთობა შედგა, ელოდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა? თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.

_ თავიდან ყველაფერი მართლა კარგად მიდიოდა, მაგრამ გარკვეული შიშები მაინც მქონდა. ვფიქრობდი, რომ ვიღაცები ბოლომდე არ დარჩებოდნენ ბოიკოტის რეჟიმში და პარლამენტში შევიდოდნენ.

_ რატომ გქონდათ ეს შიში?

_ ქართველ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის ძალიან დიდი და ცუდი გამოცდილება მაქვს. ასეთი გამოცდილება მივიღე როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ოპოზიციონერობისას. როცა ხელისუფლებაში ვიყავი, მაშინ იქიდან ვხედავდი, თუ რა შეცდომებს უშვებდა ოპოზიცია და როგორ იყენებდა ამას ხელისუფლება სათავისოდ. ამას ახლაც ვხედავ, როცა ოპოზიციაში ვარ. პარლამენტში შესვლით ოპოზიციამ დიდ შანსი გაუშვა და ძალიან გაართულა ჩვენი ბრძოლა. ახლა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შანსები ძალიან მცირეა.
არსებულ სიტუაციაში გამოსავალი მხოლოდ ერთიანობაა. ნებისმიერ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი არის ერთიანობა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ოპოზიცია წარმატებას აღწევდა მხოლოდ მაშინ, როცა ერთიანი იყო. ეს მარტო ოპოზიციას არ ეხება. ხალხის ერთიანობაც საჭიროა. დევიზი „ძალა ერთობაშია“ „ნაციონალების“ მოგონილი კი არ არის, ეს მართლა ასეა.
ერთიანობა განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ოლიგარქს ებრძვი, რომლის პირადი ქონებაც საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. ამის გარდა, ის იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ასეთ დროს წარმატებას მხოლოდ ერთიანობით თუ მივაღწევთ. მესმის, რომ მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ის უნდა დაუდგეს ოპოზიციას გვერდით. ეს ჩაკეტილი წრეა, რომელზეც 30 წელია, რაც ვტრიალებთ და რამენაირად უნდა გავარღვიოთ. იმედი მაქვს, ოპოზიცია ისევ შეძლებს ერთად დასხდომას და კოორდინირებულ მოქმედებას.

_ პირადად თქვენ არ გაგიჭირდებათ იმ ადამიანებთან ერთად დაჯდომა, ვინც პარლამენტში შევიდა?

_ ასეთ დროს პირადი ემოციები უნდა გადადო. ლეიბორისტების ოფისში მოლაპარაკებებზე ბევრი ვინმეს გვერდით მიჭირდა დაჯდომა, მაგრამ ვიჯექი. ვიღაცას ჩემ გვერდით არ უნდოდა დაჯდომა, მაგრამ ერთობის ხათრით ეს დავძლიეთ. ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ. ოლიგარქს მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება