- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-01-31 06:12:30
როგორც „ქრონიკა+“ წინა ნომერში წერდა, 2018 წლის 25 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის _ „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია დიდი ზარზეიმით გაიმართა. გარდა იმისა, რომ საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ხსენებული პროექტის მნიშვნელობაზე, ქება-დიდება არ დაიშურეს არც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ა. შ.
მათი სიტყვების ციტირებით თავს არ შეგაწყენთ, ერთადერთი მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოვაქვეყნებთ სრულად.
„შემოგვაქვს ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც დღეს ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრებ, მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერას. პროგრამა უპრეცედენტოა და იმედი მაქვს, რომ ეს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გააჩენს გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დასაახლოებლად, მათ შორის, საქმიანი და ადამიანური ურთიერთობისთვის. პროგრამა ითვალისწინებს ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში _ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები“.
ცნობისთვის: ეს სიტყვები ბახტაძეს ზემოთხსენებული პროექტის პრეზენტაციაზე არ უთქვამს. მთავრობის სხდომის დაწყების წინ მან საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ პროექტი გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას ისახავდა მიზნად.
ასე და ამრიგად, ვინაიდან პროექტი ამოქმედდა და ბახტაძემაც იგი მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად წარადგინა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიუჯეტი დაკონკრეტებული გახლდათ. ის, რომ დაფინანსების საერთო მოცულობა არ გაჟღერდა, ამას არავინ მიაქცია ყურადღება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სასწრაფოდ ინფორმაციული კამპანიის ორგანიზებას შეუდგა და პროექტის გაპიარება დაიწყო, ბენეფიციარებმა კი _ განცხადებების შეგროვება.
საგრანტო მოთხოვნის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე. ყველა ბენეფიციარს გრანტის მიღება 35 ათასი ლარის ფარგლებში შეეძლო.
კიდევ ერთი დეტალი: რატიფიცების შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა და 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. მთლად დალაგებული წინადადება არ არის, მაგრამ ჩვენ არ ვართ მისი ავტორები. შინაარსი კი ასეთია: 2018 წლის 25 ნომბერს გაიმართა პრეზენტაცია, ხოლო ერთი თვის შემდეგ _ 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. რატომ გახდა საჭირო ეს ერთთვიანი ფორა, რომელ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, რომ ამდენი დრო დასჭირდა ამოქმედებას? თუ არადა, გაემართათ პრეზენტაცია არა 25 ნოემბერს, არამედ 25 დეკემბერს. ამ საკითხს „ქრონიკა+“ კიდევ დაუბრუნდება. არის აქ ჩადებული ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი და იმიტომ.
მთავარი ამ პროექტში ის იყო, რომ იგი ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, აგრეთვე გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოების მხარდაჭერას.
მამუკა ბახტაძის სამთავრობო ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა საგრანტო პროგრამის გაპიარება დაიწყეს. საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყო შეხვედრების გამართვა რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. ასე მაგალითად, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი ასეთი შეხვედრა 2019 წლის პირველ აპრილს გაიმართა ქუთაისში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში; არსებული ამხანაგებობის თავმჯდომარეებთან ჩატარდა აგიტაცია. ამ შეხვედრაზე განიმარტა საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ შინაარსი და ძირითადი მოთხოვნები. ასევე დევნილებსა და ამხანაგობების თავმჯდომარეებს მოუწოდეს, რომ რაც შეიძლება მეტი კონტინგენტი ჩაერთოთ პროექტში და გაევრცელებინათ ინფორმაცია.
აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად იმართებოდა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო მოცული საგრანტო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები.
2019 წლის ივნისში სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა. სულ მიიღეს 400-ზე მეტი განაცხადი. ბიზნესგეგმების გადარჩევა სამთავრობო კომისიამ 23 ივნისიდან დაიწყო და გამარჯვებული ბენეფიციარები 14 ივლისისთვის უნდა გამოვლენილიყვნენ.
რა ხდება ამის შემდეგ?
„აწარმოე საქართველოსთვის“ ჩვენ მიერ მიწერილ ოფიციალურ კითხვაზე, თუ ვინ არის პროექტის გამარჯვებულები, პასუხს დღემდე ველით. „ქრონიკა+“-მა ვერანაირი ინფორმაცია ვერ ნახა ვერც „აწარმოე საქართველოშის“ ვებგვერდზე და ვერც კომპანიის საკმაოდ აქტიურ „ფეიჯზე“ (ივლისში ყველაზე აქტუალური თემა იყო საქართველოში ჰოლივუდის ფილმის გადაღება და ცოტა გაუგებარია, რატომ არის ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, „ჰოლივუდის“ გამო? 90-იან წლებში ვართ?)
„ქრონიკა+“ აღნიშნული პროექტის მთავარ გამპიარებელს _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო კვარაცხელიას დაუკავშირდა:
_ ვინ არიან გამარჯვებულები და საერთოდ, როგორ დასრულდა აღნიშნული პროექტი, არ ვართ საქმის კურსში. ჩვენ ინფორმაციული მხარდაჭერა გვევალებოდა.
_ გასაგებია, რომ თქვენ არ ხართ პროექტის განმხორციელებლები, მაგრამ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეთ?
_ რა თქმა უნდა. რაც ჩვენ გვევალებოდა, შეხვედრები დევნილებთან და მათთან ინფორმაციის სრულად მიტანა, ეს გავაკეთეთ.
„ქრონიკა+“-მა, მთელი თავისი მცდელობის მიუხედავად, ერთი გამარჯვებულიც კი ვერ აღმოაჩინა ამ პროექტის ფარგლებში. ის იმედიღა დაგვრჩა, რომ შესაძლებელია, დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრებში მცხოვრებ პირებს დაუფინანსეს და გარკვეული მიზეზების გამო ამას არ ახმაურებენო, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო არასაიმედო აღმოჩნდა.
ეს არ არის ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებთან ჩავწერეთ. ყველა მათგანს შემდეგი სახის წერილი მიუვიდა.
უსაფრთხოების მიზნით, ინტერვიუერის სახელი და გვარი შეცვლილია. ქალაქი იგივე _ ოჩამჩირე. ეს ქალბატონი ხუთ წელიწადზე მეტია, რაც თბილისის ერთ-ერთ უცნობილეს და ქსელურ ობიექტს ამარაგებს აფხაზური ლორით.
ვერონიკა ქეცბაია, ოჩამჩირის მკვიდრი:
_ ეთნიკური აფხაზი ვარ, ქმარი მყავდა ქართველი, რომელიც თბილისშია დაკრძალული. ჩემმა მეგობარმა ბმული გამომიგზავნა, სადაც „აწარმოე საქართველოში“ განცხადება და სარეგისტრაციო ფორმა იყო მოცემული. წავიკითხე და თითქმის ჩემთვის იყო ეს პროექტი დაწერილი. ძალიან გამიხარდა, რომ საქართველომ მაინც დაიწყო ჩვენზე და ჩვენნაირებზე ზრუნვა. განაცხადი და მასში მითითებული ყველა გრაფა შევავსე.
_ რაზე დაწერეთ განაცხადი?
_ აქ პატარა საწარმო მაქვს, რომელიც შებოლილ ლორს ამზადებს. მაქვს ორი შესაბოლი, არადა მესაჭიროება ხუთი. თვეში 500-600 კილოგრამ ხორცს ვამუშავებთ და ამის იქით ვეღარ მივდივართ, რადგან დანადგარები არ მაქვს. ამის გამო საქართველოში ერთ ობიექტზე მეტს ვერ ვამარაგებ. ცოტა განვითარებისთვისაც არ მაქვს ფული. ამიტომაც ამ პროექტს ძალიან ჩავეჭიდე. აუცილებელ მოთხოვნათა ნუსხაში არ იყო, მაგრამ მე ბიზნესგეგმა შევადგინე და ისიც გავუგზავნე. ისეთი იმედი ჩაგვესახა ყველას _ ოთხნი ვართ აფხაზებთან ერთად. ძალიან ვწვალობთ _ დღე და ღამე ვმუშაობთ და ვბოლავთ პროდუქციას, რომ შემკვეთები არ დავაღალატოთ.
_ რა პასუხი მოგივიდათ?
_ ვიცი, რომ ვერ გავედი. არადა, ისეთი იმედი მქონდა.
„ქრონიკა+“-ს ის წერილიც ჩაუვარდა ხელთ, რომელიც ბენეფიციარებმა „აწარმოე საქართველოდან“ მიიღეს:
„გაცნობებთ, რომ თქვენმა პროექტმა, რომელიც წარმოდგენილი გქონდათ „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, სამწუხაროდ, ვერ გადალახა პროგრამით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპი. მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის“.
„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას
თამარ როსტიაშვილი