„ქრონიკა+“ ესაუბრება ისტორიკოსსა და უზენაესი საბჭოს წევრ ბეჟან ჯავახიას:
_ ჩვენი საუბარი წარსულიდან დავიწყოთ. გასული საუკუნე _ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გვირგვინი _ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. უსაზღვრო, ვიტყოდი _ უკიდეგანო პოზიტიური ემოცია და მას შემდეგ გზა დღევანდელობამდე. ფიქრობდა მაშინ ახალგაზრდა ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია, რომ დღეს ამ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება? და, ზოგადად, როგორ შეაფასებდით საქართველოს _ სახელმწიფოს მიერ იმ პერიოდიდან დღემდე განვლილ გზას?
_ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ემოცია დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ჩემი ქვეყნის ხელახალი დაბადებისა არის გაუნელებელი. ამ დღიდან თავს ვგრძნობ გამარჯვებულად. ჩვენი მთავარი ამოცანა მიღწეულია, საქართველო დამოუკიდებელია და უკვე თითქმის ოცდაათი წელი ასე ამაყად დგას, ის ყველა ქარიშხალს უძლებს. დიახ, უკეთესად ვცხოვრობ, ვიდრე ეს იყო 30 წლის წინათ. მაქვს სამშობლო, დროშა, გერბი, ჰიმნი, ჩემი სახელმწიფო ენა. ამაყი ვარ, რომ, ვიცხოვრე ამ ქარიშხლიან ეპოქაში, ძალიან ბობოქარ საშიშ დროს. ეს მაინც უფრო იღბალია და მადლობა ყველა ჩვენს თანამებრძოლს, რომ ეს განვახორციელეთ. დღევანდელი რეალობა არის მძიმე, თუმცა თავიდანვე ვიცოდი და დღესაც ასე ვფიქრობ _ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყოველთვის დასჭირდება დაცვა და ბრძოლა, ეს პერმანენტული პროცესია _ ცოცხლობს მხოლოდ ის, ვინც იბრძვის... ხშირად მაწუხებს, რომ არის ეკონომიკური პრობლემები და ისტორიის არასწორი წაკითხვა ადამიანებში ქმნის წარსულის ნოსტალგიას. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დღევანდელობა, არასოდეს მომენატრება საბჭოთა კავშირი. ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ დამოუკიდებელ ქვეყანაში. ყველაზე მოულოდნელი, რაც ჩემთვის აღმოჩნდა _ ალბათ ახალგაზრდული გულუბრყვილობის გამო _ იყო ის, რომ სრულიად მჯეროდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არასოდეს არც ერთი ადამიანი არ გადადგამდა ნაბიჯს. მჯეროდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველასთვის წმიდათაწმიდა იყო. აი, აქ კი ძალიან დიდი განხიბვლა მივიღეთ.
_ განხიბვლის მიზეზი?
_ მრავალი მარიონეტული პარტია და ორგანიზაცია გაჩნდა და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეები აღმოჩნდნენ შედუღაბებულნი საბჭოთა ელიტასთან. ეს მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. უკანასკნელი 30 წელი, როგორც გმირობის სანიმუშო მაგალითებს იძლევა, ასევე სავსეა ღალატითა და გაუტანლობით. დამოუკიდებლობიდან დღემდე გზა რომ უფრო ჰეროიკული წარმოგვედგინა, ეს, ზოგადად, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების სისუსტეა, ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვმზადებულიყავით ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ჩვენნაირი ადამიანები, რომელთაც რამდენიმე საუკუნე წართმეული ჰქონდა დამოუკიდებლობა, რასაკვირველია, არ იყვნენ მზად ამ გზისთვის. დიახ, ეს პერიოდიც, 1991 წლიდან დღემდე, არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. იგი მძიმე და გაუსაძლისიც კი იყო ძალიან ხშირად. 90-იანი წლების სისასტიკე, როდესაც ქუჩაში ხვრეტდნენ ჩვენს თანამებრძოლებს. ჩვენ გვაქვს სია ასეული დახვრეტილი ადამიანებისა. დიახ, ყველაზე დიდი დანაშაულის გრძნობა ამ ადამიანების წინაშე მაქვს. ისინი ქუჩებში დახვრიტეს და დაუჯერებელია, რომ ამ ჯალათების მხარდამჭერებთან მე ისევ თანავარსებობ. ეს არის რეალობის სისასტიკე... შევარდნაძის რეჟიმი დაუსრულებელი აღმოჩნდა. ეს ბევრი რამითაა გამოწვეული, უპირველესად იმ ტრავმით, რაც საბჭოთა ადამიანებმა მიიღეს საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად. დიახ, ისევე რთული იყო უბრალო ხალხისთვის ადაპტირება ახალ დამოუკიდებელ, თუ დემოკრატიულ სივრცესთან, როგორც ეს ხდება მრავლწლიანი პატიმრობიდან დაბრუნებული ადამიანისთვის _ ადაპტირება თავისუფლებასთან.
_ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოების დაპირისპირებაში არსებულმა გრადაციებმა არც ერთი შემდგომი ხელისუფლება არ დააფიქრა _ რა იყო გამოსავალი? მართალია, ამჟამად საზოგადოება იმ მოცემულობით არ არის გაყოფილი, მაგრამ ცხადია, რომ ყოველ ახალ ხელისუფლებას ჰყავს მოწინააღმდეგე და აქ არ ვგულისხმობ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ, ლამის, ბიოლოგიურ ზიზღს და სხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფთა აბსოლუტურ მიუღებლობას. თავად ეს პროცესი შევაფასოთ და შემდგომ დავსვათ კითხვა, _ რა არის გამოსავალი? როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული, ურთიერთზიზღის წრიდან?
_ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ჩვენი ცხოვრება არის ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდა და რა უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ მთავარი სწორედ ისაა, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ოცდაათი წელი კი ძალიან ცოტაა ამ ბრძოლისთვის. აქ ბევრი სხვადასხვა საკითხია. უპირველესი იყო და არის იმპერიის _ რუსეთის ჩექმისგან განთავისუფლება; მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი _ ძალიან რთული აღმოჩნდა საბჭოთა მენტალობიდან გამოსვლა, ახალ რეალობასთან ადაპტირება.
1992 წლის გადატრიალების შემდეგ ეს ეპოქა ყველაზე მძიმე იყო ეროვნულ მოძრაობაში მყოფთათვის. პოსტსაბჭოთა პრესა და პროპაგანდის საშუალება ამ დღიდან ცდილობდა და დღესაც ცდილობს ჩვენს მარგინალიზებას. სამაგალითოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კოლეგების, უზენაესი საბჭოს წევრების უმეტესობა საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა დარჩა. უფრო სწორად, სახელმწიფო მანქანა ყოველდღიურად ებრძოდა და ებრძვის მათ. თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შეძლეს თავიანთი პროფესიით მოღვაწეობის გაგრძელება. გასაგებია ეს ჩვენი მდგომარეობა, _ იმ ქეყანაში, სადაც ძველი კომუნისტური ნომენკლატურის რევანში მოხდა, რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა გვეცხოვრა კარგად. ამ დაპირისპირებაში მაინც მნიშვნელოვანია რუსული პროპაგანდისგან თავის დაღწევა. მთელი ეს სიძულვილის ენა „დაყავი და იბატონე“ არ ახალია იმპერიისგან. დიახ, აქ მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფლებისთვის და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც თავისუფლებაში მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ესმით.
_ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებებს არ აქვთ მემკვიდრეობითობის განცდა. ყოველ ახალ ხელისუფლებას ეზიზღება წინამორბედი და საკუთარი დღის წესრიგის პრიორიტეტად წარსულთან ბრძოლას ისახავს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მოკავშირე ყოველი ახალი ხელისუფლებისთვის წინის წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან. იმის მიუხედავად, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს წინა ხელისუფლების მართვის სტილი, რაღაც კარგი ყველგან შეიძლება მოძებნო _ თუნდაც პოლიტიკური პრაგმატიზმის გამო. რა არის ამ პოლიტიკური დილეტანტიზმის მიზეზი? ის ხომ არა, რომ არ გვაქვს სახელმწიფოებრივი იდეა, რომელიც აპრიორი მისაღები უნდა იყოს თითოეული ხელისუფლებისთვის? ან, იქნებ, სხვა რამ?
_ ამ პრობლემას შეიძლება რამდენიმე მხრიდან შევხედოთ. პირველი _ ზოგადად გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლება წინა ხელისუფლების კრიტიკით მოდის და რასაკვირველია, ეს გრძელდება ან არსებული ხელისუფლება ყოველთვის აკნინებს წინა ხელისუფლების მოღვაწეობას ან ცდილობს, წინამორბედი ისე წარადგინოს, რომ თავისი უპირატესობის დემონსტრირებას შეეცადოს. ასეა ეს ისტორიის ყველა ეტაპზე. საქართველოს შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. ბოლო 30 წელი თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყავით ხანგრძლივი ბრძოლისთვის გასათავისუფლებლად. ქვეყანა ორმაგი ბატონობის უღელქვეშ იყო, როგორც პოლიტიკური დაპყრობით, ასევე ბოლშევიკური რეჟიმით. ამდენად სრულიად გულუბრყვილო იყო ჩემნაირი ადამიანის წარმოდგენა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღიდანვე მოხდებოდა ჩვენი ეროვნული დარაზმულობა და ქართველი ბოლშევიკი თუ ეროვნული მოძრაობის ეს ბობოქარი ტალღა ერთად დადგებოდა რუსული იმპერიალიზმისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. არა, არათუ ეს პარტიული ნომენკლატურა დაუპირისპირდა ქართულ ეროვნულ იდეებს, არამედ თვით საქართველოს ეკლესიაში აღმოაჩნდათ მათ მოკავშირეები და სწორედაც ამ მოცემულობამ მისცა საშუალება რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას, გადატრიალება მოეხდინა ქვეყანაში და ამ ძალებზე დაყრდნობით მან დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება, ქვეყნის სათავეში კი დასვა საბჭოთა ნომენკლატურის, მისი რეალური სახის კრიმინალური რეჟიმი. ეს ხელისუფლება შევარდნაძის, სიგუას, ჯაბა იოსელიანისა და კიტოვანის ხელმძღვანელობით, რასაკვირველია, მტერი იყო განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი წარმომადგენლობის. ეს იყო რუსეთის მიერ დაქირავებული კრიმინალების გადატრიალება და რა არის გასაკვირი, რომ ის წინა ხელისუფლებას არა მხოლოდ ებრძოდა, არამედ მის მომხრეებს აპატიმრებდა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდა. ამ რეჟიმმა ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნა. 1994 წლის პირველი მარტის პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველო დააბრუნეს ე. წ. დამოუკიდებელი ქეყნების გაერთიანებაში. ამ რეჟიმის მიერ ქვეყნის უკიდურეს დაქცევამდე მიყვანამ გამოიწვია 2003-04 წლების „ვარდების რევოლუცია“ და არც არის გასაკვირი, რომ ეს ხელისუფლება კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი წინამორბედის მიმართ, თუმცა ვერ მოახერხა და ვერ განახორციელა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავისი ლეგიტიმაციის განსამტკიცებლად. ბოლომდე ვერ შეძლო, დაპირისპირებოდა კომუნისტურ ნომენკლატურას და პოლიტიკური შეფასება მიეცა 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მიეღო ლუსტრაციის კანონი, რომელიც ჩამოაშორებდა ხელისუფლებას რუსეთის აგენტურას. ასე რომ, ამ ხელისუფლებისგან წინამორბედის კრიტიკა არც იყო გასაკვირი, თუმცა, სამწუხაროდ, იქიდან უკრიტიკოდ წამოყვანილმა კადრებმა იქამდე მიგვიყვანა, რაც მოხდა 2012 წელს.
_ ანუ?
_ როდესაც კომუნისტური რეჟმის ნარჩენებმა, წითელ ქურდებთან და სხვა კრიმინალურ ძალებთან ერთად, ხელახალი რევანში შეძლეს. რაც მოხდა 2012 წელს ეს არის საბჭოთა პარტიული ნომენკლატურისა და მათი ე. წ. ელიტის შურისძიება დამოუკიდებელ საქართველოზე.
_ ძალიან მძიმე შეფასებაა...
_ დღეს ჩვენ გვყავს რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ყველა დაკვეთას გარედან იღებს. ყოველივე ამის გამო, მით უფრო რუსული პროპაგანდის მანქანის მოქმედების ფონზე, მართლაც მოისუსტებს ქვეყანაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა. ამას ემატება ისიც, რომ ასევე ნაკლები დაიხარჯა განათლებისთვის. ისედაც ხანგრძლივი პროცესი სჭირდება ადამიანთა მენტალურ ცვლილებებს. 200-წლიანი უცხო ქვეყნის უღლის ქვეშ ყოფნამ და კომუნისტურმა იდეოლოგიამ თავისი გავლენა იქონია ჩვენს მენტალობაზე, ასევე საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდგომმა ტრავმამ...
_ უდავოდ საინტერესოა თქვენი შეფასება _ დღეს რამდენად სწორად ვითარდება სახელმწიფო? რა პოზიტივებსა და ნეგატივებს ხედავთ? რაზე უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი და რა გვიშლის ხელს წონადი წარმატებებისთვის?
_ ქვეყანა ჯერ კიდევ არსებობს, რადგანაც წინა პერიოდში ჩატარებულმა რეფორმებმა იმუშავა. წარმატებული აღმოჩნდა ტურიზმის წინ წამოწევა, რაც დღემდე გვარჩენს; მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი ახლობლები.
მთავარი პრობლემა გახდა ეკონომიკური კეთილდღეობა და უკანა პლანზე გადავიდა ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი განვითარების, განათლებისა და დემოკრატიის საკითხები. ამან გამოიწვია, ის რომ დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებიც არიან დამარცხებულები. ანუ ის ადამიანები, რომლებიც დამარცხდნენ ქვეყნის ეროვნულ მოძრაობასთან. ხალხი, რომელთათვისაც ჩირადაც არ ღირდა დამოუკიდებელი საქართველო. ისინი ჰგვანან მეკობრეებს, ხელში ხომალდი რომ ჩაიგდეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ აქედან კეთილდღეობა მიიღონ... ქვეყანას მართავს რუსული მენტალობის, იმპერიისგან დაშინებული ძველი საბჭოთა აზროვნების მდაბიოთა ჯგუფი... მახსენდება, როდესაც იმერეთის მეფის ტახტი ჭუჭუნაშვილს ეკავა!!
_ საკმაოდ მძიმე მოსასმენია, რასაც ამბობთ...
_ ქვეყანა ნელ-ნელა ეკონომიკური კოლაფსისკენ მიემართება, რაც რუსეთის მიზანია _ გაღატაკებული ხალხის დამორჩილება უფრო ადვილია. ცნობილია, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება წარსულის ნოსტალგიას ქმნის და ეს არის საბჭოთა წარსული. მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს გავახსენო, რომ სრულიად უბადრუკობაა რუსეთის იმედით ყოფნა. რუსებმა მოიყვანეს შეარდნაძე, მაგრამ ქვეყანა საშინელი უფსკრულისკენ წაიყვანეს, რათა ადვილად დაეჩოქებინათ.
ვფიქრობ, მეტი ყურადღება სჭირდება ქვეყნის მთავარ სატკივარს, მის ტერიტორიულ ერთიანობას, მძიმე საკითხია დემოგრაფიული პრობლემაც.
_ გამოსავალი, შანსი, იმედი სად არის?
_ იმედი ახალგაზრდობაა, ის თაობა, რომელიც ხარისხიან განათლებას იღებს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე აქ... კიდევ რაც გვაკლია, ესაა თამამი, მებრძოლი ინტელექტუალები, რომელთა აზროვნების არეალში მთავარ ადგილს დაიჭერს ჩვენი ქვეყანა _ სახელმწიფო საქართველო.
ამჯერად გვაქვს კონკრეტული ამოცანა, _ ნებისმიერი ლეგიტიმური მეთოდით ჩამოვაცილოთ ივანიშვილის მეკობრეთა ჯგუფი ხელისუფლებას, დავუბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო ხალხს...
_ თემა, რომელსაც თქვენთან საუბრისას გვერდს ვერ ავუვლი: უკრაინის სახელმწიფომ, მისმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული და, მე ვიტყოდი, ეპოქალური გამარჯვება მოიპოვა. მით უფრო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ვინ იყო მისი ვიზავი _ რუსეთი. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას?
_ უპირობოდ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. უკრაინა არის ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირე რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დიდი პრობლემა უჩნდება რუსეთის იმპერიულ ისტორიულ ნარატივს. რუსეთი თავის ქრისტიანულ წარსულს, მის საფუძვლებს კიევიდან იწყებდა... მაგალითად, კიევის აია სოფიის ტაძარი, კიევის სამიტროპოლიტო, იყო რუსეთის ეკლესიის აღიარებული. რუსებმა მე-16 საუკუნეში გარკვეული ძალადობით აღიარებინეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც დაუქვემდებარეს კიევის სამიტროპოლიტო. აქ კი ნამდვილად დაარღვიეს ისტორიული სამართლიანობა. ჩვენი და უკრაინის ინტერესები ამჯერად მთავარ საკითხებში იკვეთება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესია აუცილებლად აღიარებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული გავლენისგან. ისე, თუ საუბარია ისტორიულ სამართლიანობაზე, მაშინ საქართველოს ეკლესია არც პოლონეთის და არც ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიებს არ უნდა ცნობდეს.
_ ამავე კონტექსტში გავაგრძელებ კითხვას: საქართველოს საპატრიარქო _ ვერ ვიტყვი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია _ ტომოსს კითხულობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, აღიარებს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. საერო ხელისუფლება ეკლესიას ამოეფარა. მეტიც: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხდა, _ არ მივულოცავ! და ისიც სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება. ცალკეული ისტორიული მოვლენების განმაპირობებელი თუნდაც ეკლესიაში, ხშირად პოლიტიკური (საერო თუ სასულიერო ხელისუფლებების) ნება ხდებოდა და ხდება. ისტორიულ და პოლიტიკურ პრიზმაში როგორ შეაფასებდით საქართველოს საერო და სასულიერო ინსტიტუტების პოზიციას?
_ ეს პოზიცია დაშინებული კაცის პოზიციაა. ისევ ის ტექსტი მახსენდება: „დათვი თუ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“. ეს სრულიად სამარცხვინოა. ისე, ქალბატონი ზურაბიშვილისგან არც არის გასაკვირი. ის ხომ სწორედაც იმ დამარცხებულ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობას დაუპირისპირდა. ზურაბიშვილმა და მასთან ერთად საბჭოთა ინტელიგენციამ, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა წითელმა ელიტამ, დიდი მუშაობა ჩაატარა დასავლეთის ქვეყნებში, რათა სახელი გაეტეხა ჩვენი ბრძოლისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. ზურაბიშვილი და ეს ხალხი მიესალმა რუსეთისგან შეიარაღებული კრიმინალების სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის ბანდის მიერ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობას... რასაკვირველია, მძიმე პრობლემები გამოიკვეთა უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ეკლესიის მმართველობაში. ივანიშვილის ხელისუფლება სხვადასხვა საკითხით აშანტაჟებს საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობას... ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე... რუსული იმპერიული ძალები და მათთან კავშირში მყოფი საერო თუ სასულიერო პირები ძირს უთხრიან საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს...
_ გვერდს ვერ ავუვლი ოკუპირებული ტერიტორიების თემას. ამ მიმართულებით რაიმე სახის პროგრესს ვერ ვხედავთ. გვაქვს მოცემულობა, როდესაც თემა გაყინულია. ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი ღია კონტაქტები. მეტიც: გადის წლები და ის მინიმალური კავშირებიც კი წყდება ადამიანებს შორის, რაც აქამდე არსებობდა. სად ხედავთ გამოსავალს?
_ ვიმეორებ: განსაკუთრებით უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიებისკენ. მახსენდება, როდესაც შევარდნაძე პარლამენტს მიმართავდა, რომ საქართველო დსთ-ში შესულიყო, ის ხსნიდა, რომ ეს იყო გზა საქართველოსთვის აფხაზეთის დასაბრუნებლად. როგორც ვხედავთ და დრომაც გვაჩვენა, ეს იყო მხოლოდ ტყუილი. პირიქით, რუსები იყენებდნენ და იყენებენ ავტონომიების საკითხს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა, სამეცნიერო წრეებმა თუ კულტურის მოღვაწეებმა ყველა საშუალება გამოიყენონ, რათა საერთაშორისო არენაზე მუდამ აქტუალური იყოს ბრძოლა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე უნდა გვქონდეს მყარი ერთიანი პოლიტიკა საქართველოს საგარეო კურსის მიმართ. ყველა ნაბიჯი, რაც გვაახლოებს პუტინის პოლიტიკასთან, გვაშორებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს ჩვენი კოლეგები იმ პოლიტიკის მიზეზებს იკვლევენ, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის დარღვევა. დასკვნები მრავალფეროვანია და ეს შედეგები შეიძლება გამოიყენოთ ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა ყველა დასკვნა ერთ საერთო მიზეზზე დადის, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკა ზოგადად და კერძოდ საქართველოში. რამდენადაც ნათელია, ჩვენ არ გვქონდა არც ქართულ-აფხაზური და არც ქართულ-ოსური კონფლიქტები, ეს არის რუსეთის დაპყრობითი ომის სხვადასხვა ინტერპრეტაცია.
რუსეთმა საშინელი მეხსიერება შექმნა ქართველების დაპირისპირებისა აფხაზებთან, რომლებსაც არც ერთი დღე არ აქვთ თავიანთი ისტორიიდან, ერთიან ქართულ სახელმწიფოსთან რომ არ ყოფილიყო კავშირში. მთავარი არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური აღდგენა, ერთიანობა რუსეთის მოდერნიზირებული იმპერიის წინააღმდეგ და ეს მოგვცემს აუცილებელ შედეგს. აფხაზეთიც და სამაჩაბლოც დაპყრობილია რუსეთის მიერ.
_ არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ხარჯავს ფულს საქართველოს ისტორიაზე და ისტორიკოსებზე. მსოფლიოში არაერთი ერია, რომელმაც უამრავი ისტორია გამოიგონა საკუთარი დიდებისთვის. ჩვენ კიდევ მსოფლიოსთვის უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. საჭიროა, რომ ჩვენი ისტორიკოსები ახლებურად და გასაგებად წარმოაჩენდნენ ქვეყანას უამრავი მიმართულებით და ამაში სახელმწიფო ხარჯავდეს ბევრ ფულს. ამ დროს, ერთგვარად, საკუთარ თავში ჩაკეტილი სამეცნიერო წრის გარდა, თუ რამე ახალი იქმნება, ფართო მასებისთვის ხელმიუწვდომელია. რამდენად სწორია ეს ჩემი დაკვირვება და რას ურჩევდით არა მხოლოდ ამ, არამედ ზოგადად ხელისუფლებებს ისტორიის, ისტორიკოსების ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით?
_ მადლობა ამ კითხვისთვის. ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა ისტორიის, როგორც მეცნიერების მიმართ. ისტორია არის არა როგორც უსიცოცხლო სხეულების გროვა ან მტვრიანი არტეფაქტების კოლექცია, არამედ ის არის საცავი, რომელიც აწმყოს უდევს საფუძვლად, უჩუმრად და უხმოდ აყალიბებს აზროვნების წესს, დამოკიდებულებებს, იმას, თუ რა მოგვწონს და რა _ არა. ნებისმიერი ფაქტი არსებობს თავის ინტერპრეტაციაში, რაც მოაქვს დროს. ფაქტობრივად, ყველა რეჟიმი თუ ხელისუფლებაში მყოფი ესა თუ ის ჯგუფი ისტორიას თავისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად იყენებდა.
ჩვენზე დღემდე მოქმედებს საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ ჩამოყალიბებული ყალბი წარმოდგენები ჩვენს წარსულზე. სკოლის სახელმძღვანელოები ამკვიდრებდნენ ისტორიის ხედვას, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ილიასა და მისი მიმდევრების მიერ დამკვიდრებული ხედვისგან: საქართველო გმირული და მძიმე წარსულით, ოღონდ უკვე აღარ იყო რომანტიკული სწრაფვა რაიმე სხვა მიზნისკენ, რადგან ისტორიული ძნელბედობა ბრწყინვალე საბჭოთა პერიოდით დამთავრდა.
საბჭოთა პერიოდის ქართული პატრიოტიზმი ორიენტირებულია კულტურულ-ისტორიულ ერთობაზე და არა პოლიტიკურ ერთობაზე. საბჭოთა იდეოლოგია ამკვიდრებდა და ქმნიდა თავის დასყრდენ ე. წ. ინტელიგენციას. საბჭოთა პერიოდში შექმნილი ეს არსებები დღემდე ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მნიშვნელოვან ფიგურებად გვევლინებიან.
ასე ვთქვათ, ისტორიის წყარო არის ის კულტურული მეხსიერება, რომელიც დროთა მანძილზე იქმნება. ვფიქრობ, ჩვენი წარსულის ახლებური ინტერპრეტაცია ნელ-ნელა ყალიბდება ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენ ახლა სულ სხვა რეალობაში ვართ.
_ რას გულისხმობთ?
_ ჩვენი ისტორიული წარსულის ძირითადი ნარატივი იწერებოდა იმ ქვეყანაში, რომელიც იყო დაპყრობილი და სრულიად დარწმუნებული ვარ, ახალი დრო წარსულის ახლებურ კონსტრუირებას მოახდენს... ამიტომაც ჩვენ ხშირად გამოვდივართ ხელისუფლების მიერ წარმოებული მეხსიერების პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს არის, მაგალითისთვის, საბჭოთა პოლიტიკური ფიგურების სახელების უკდავყოფა და ქალაქის ქუჩებისთვის მათი სახელების მინიჭება. ან თუნდაც ამ დღეებში გაჟღერებული თემა _ შევარდნაძის 90 წლისთავის იუბილეს მოწყობა. ეს მახსენებს იმ ეპოქას, როდესაც ხალხზე ძალადობდნენ და დგამდნენ ქვეყნის მტრებისა და მოღალატეების ძეგლებს. ჩვენ მოგვიწია მათი დემონტაჟი, მახსოვს სერგო ორჯონიკიძის, ლენინის, ასევე პარლამენტის შენობის წინ დადგმული ძეგლების დემონტაჟი. პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა შევებრძოლოთ ამ უსახურ ადამიანებს. ჯერჯერობით, რთულია, ვისაუბროთ ჩვენი ისტორიის ახლებურ ინტერპრეტაციებზე, მაგრამ, რამდენადაც ვიცნობ ახალ თაობას ჩვენი ისტორიკოსებისა, ისინი ნამდვილად საიმედონი არიან. ხშირად მესმის საყვედური ისტორიკოსების მიმართ, თუმცა ფართო ასპარეზი მათი ახალი ნააზრევების გასაცნობად არც ერთ მასმედიას არ დაუთმია. ექსპერტების ჯგუფში, თითქმის, არ ვხვდებით ისტორიკოსებს.
გეგა სილაგავა