- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-11-28 05:12:47
თამუნა მჭედლიშვილი
მიკრობიოლოგ ალექსანდერ ფლემინგის მიერ ანტიბიოტიკის აღმოჩენამ უდიდესი შედეგი მოიტანა კაცობრიობისთვის ბაქტერიული დაავადებისგან დაცვის თვალსაზრისით. წლების განმავლობაში ხერხდებოდა ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების კონტროლი და ვითარდებოდა ანტიბიოტიკების შექმნა-შემუშავების პროცესი. თუმცა დღეს ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად იქცა ანტიმიკრობული რეზისტენტობა.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის მსოფლიო კვირეული, რომელიც 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე ყოველწლიურად იმართება, ფაქტობრად, გლობალური კამპანიაა _ ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომელიც უბიძგებს ჯანდაცვის პერსონალს, გარემოს დამცველებს, ცხოველთა ჯანმრთელობის პროფესიონალებს, სოფლის მეურნეებს, ფერმერებს, პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას გლობალური ქმედებებისკენ რეზისტენტული პათოგენების ჩამოყალიბებისა და გავრცელების დასაძლევად. საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ასოციაცია მესამე წელია, უერთდება მსოფლიო აქტივობას სლოგანით: „გაანათლე, მხარი დაუჭირე, იმოქმედე ახლა!“
რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? რა უწყობს ხელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შედეგის დადგომას? რამდენად მართებულია ექიმის კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკის მიღება და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ თვითნებურ ქცევას? როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი? გვაქვს თუ არა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლიკა ჯანაშვილი:
_ ქალბატონო ლიკა, მოსახლეობას რომ ავუხსნათ და განვუმარტოთ, რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა?
_ ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მიკრობის მიერ შეძენილი მდგრადობა ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ. რეზისტენტობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები და პარაზიტები აღარ რეაგირებენ ანტიმიკრობულ საშუალებებზე. შესაბამისად, ამ დროს მოხმარებული მედიკამენტები ხდებიან არაეფექტიანები ინფექციის გამომწვევი მიკრობების მიმართ, რაც დაავადების მკურნალობას ართულებს ან შეუძლებელს ხდის. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის სიკვდილიანობის რისკს.
_ რა უწყობს ხელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შედეგის დადგომას?
_ ანტიმიკრობული საშუალებების გაზრდილი და არასწორი გამოყენება სხვადასხვა სექტორში და სხვა მიკრობული სტრესული ფაქტორები, როგორიცაა დაბინძურება, ქმნის ხელსაყრელ პირობებს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განვითარებისთვის. მაგალითად, წყალში, ნიადაგსა და ჰაერში არსებულ ბაქტერიებს შეუძლიათ შეიძინონ რეზისტენტობა სხვა რეზისტენტულ მიკროორგანიზმებთან კონტაქტის შემდეგ. ადამიანის დაინფიცირება რეზისტენტული ორგანიზმით გარემოში შეიძლება მოხდეს დაბინძურებულ წყლებთან ან საკვებთან კონტაქტით, სოკოს სპორების ინჰალაციით და სხვა გზებით, რომლითაც შესაძლოა რეზისტენტული მიკროორგანიზმების გავრცელება.
_ როგორ ფიქრობთ, დაამარცხა კაცობრიობამ ბაქტერიები, თუ პირიქით, ბაქტერიებმა დაამარცხეს კაცობრიობა?
_ ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით ბაქტერიების ეპოქაში. მიკრობები იყვნენ პირველი ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე, რომლებიც ევოლუციონირებდნენ და იქნებიან უკანასკნელნი, რომლებიც გადარჩებიან, მიუხედავად იმისა, თუ რა მოუვა დედამიწას, შესაბამისად, მიმდინარეობს მუდმივი თანაცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის!
_ მოგეხსენებათ, საქართველოში მოსახლეობა ხშირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე იღებს ანტიბიოტიკებს. რამდენად მართებულია ასეთი თვითნებური მოქცევა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას?
_ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობა ხშირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე იღებს არა მხოლოდ ანტიბიოტიკებს, რომელიც ბაქტერიების სამკურნალოდ არის მოწოდებული, არამედ სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებსაც, როგორიცაა: სოკოს, ვირუსისა და პარაზიტების სამკურნალწამლო საშუალებები. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატები გამოვიყენოთ მიზანმიმართულად, სწორი დოზით და სწორი ხანგრძლივობით. ანტიმიკრობული საშუალებების თვითნებური გამოყენება აჩქარებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებისა და გავრცელების პროცესს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ხელმისაწვდომი ანტიმიკრობული საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე.
_ მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი და თუ მიმდინარეობს, როგორ?
_ ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი მიმდინარეობს გამოყოფილი მიკრობული კულტურების მგრძნობელობაზე დაკვირვებით: თუ რამდენად მგრძნობიარეა მიკრობი სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად დაიგეგმა და მიმიდინარეობს მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების შესაძლებლობების გაფართოება და გაძლიერება, რომლებიც EUCAST სტანდარტით (eukasti) ახდენენ რეზისტენტობის განსაზღვრას და ინფორმაციის მიწოდებას რეფერალურ ლაბორატორიაში.
_ გვაქვს თუ არა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია? სად და როგორ ხდება კლინიკებიდან შემოსული კლინიკური მასალის მიკრობიოლოგიური კვლევა და შემდგომ იდენტიფიცირებული ბაქტერიების რეზისტენტობის განსაზღვრა სხვადასხვა ანტიბიოტიკის მიმართ?
_ ჩვენმა ქვეყანამ შეიმუშავა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია, რომლის მიზანია ინფექციური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის უწყვეტობის მიზნით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებისა და გავრცელების მინიმუმამდე შემცირება და ანტიმიკრობული საშუალებების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის ჭრილში, სადაც პუნქტობრივად გაწერილია რეზისტენტობის შესამცირებლად მიმართული ყველა ღონისძიება თავისი ინდიკატორებით. როგორც აღვნიშნე, კლინიკური მასალის მიკრობოლოგიური კვლევა ხორციელდება მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში, რომლებშიც მიმიდინარეობს ერთიანი სტანდარტის დანერგვა. ბაქტერიების რეზისტენტული კულტურები, გაწერილი სტანდარტის მიხედვით, იგზავნება ლუგარის ცენტრში, სადაც ფუნქციონირებს „ამრ“ რეფერალური ლაბორატორია.
_ განვიხილოთ, რა არის ანტიბიოტიკი და როდის უნდა გამოვიყენოთ ის?
_ ანტიბიოტიკი არის დაავადების გამომწვევი მიკრობის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც უნდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით _ შესაბამისი დოზითა და ხანგრძლოვობით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე მნიშვნელობისაა სოკოების, ვირუსებისა და პარაზიტების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიმიკრობული საშუალებებისადმი განვითარებული რეზისტენტობა, ამიტომ ეს პრეპარატებიც უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციით.
_ რა მოხდება, თუ ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული აღმოვჩნდებით?
_ მიკრობთა რეზისტენტობის გამო ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული საშუალებები ხდებიან არაეფექტიანები და შესაბამისად, რთულდება ან შეუძლებელი ხდება ინფექციების მკურნალობა. ეს კი ზრდის ავადმყოფობის გართულების, გახანგრძლივებისა და სიკვდილიანობის რისკს.
_ რა როლს თამაშობს თითონ ადამიანი, პაციენტი ანტიბიოტიკორეზისტენტობაში?
_ ანტიბიოტიკორეზისტენტობა რთული და მრავალმხრივი პროცესია. ის აღმოცენდება აქ და ახლა! _ რადგან ადმიანები იყენებენ ანტიბიოტიკებს თვითმკურნლობისთვის. ასევე მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში, სოფლის მეურნეობაში და ასევე არასწორად განკარგავენ მას _ ის ხვდება ბუნებაში ნარჩენების სახით, რაც ხელს უწყობს რეზისტენტობის ჩამოყალიებებას. ამიტომ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი, მოქალაქე უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე, დროულად გაითავისოს არსებული საფრთხე და აუცილებლად გაითვალისწინოს ამ მიმართულებით რეკომენდაციები.
_ რა უკუჩვენებები მოსდევს ანტიბიოტიკების გადაჭარბებული დოზით და არასწორ, ხშირ გამოყენებას?
_ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული და არასწორი გამოყენება იწვევს მიკრობის მგრძნობელობის დაქვეითებას, იწვევს რეზისტენტობის განვითარებას. ამის შესაბამისად ანტიბიოტიკი აღარ არის ეფექტიანი საშუალება; წამლის მიმართ რეზისტენტული პათოგენები ყველას საფრთხეს შეუქმნის ნებისმიერ ადგილზე.
_ მედიცინაში თუ მუშაობენ ახალი ანტიბიოტიკების შექმნაზე?
_ ამ კუთხით არასახარბელო მდგომარეობა გვაქვს. ახალი ანტიმიკრობული პრეპარატების შემუშავების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, _ რეზისტენტობა უფრო სწრაფად ვითრდება. მიკროორგანიზმზე ეფექტიანად მოქმედი და ადამიანისთვის უსაფრთხო ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატების შემუშავებისას არსებობს სამეცნიერო-ტექნიკური სირთულეები. ანტიმიკრობული რეზისტენტობა ჩუმი პანდემიაა, რომელიც უხილავია და მხოლოდ მიღებული შედეგებით გვახსენებს თავს. ამიტომაც ვთხოვ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს, ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!