QronikaPlus
გია ბუღაძე: „ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის დაბადებული და განწირული ერი“

გია ბუღაძე: „ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის დაბადებული და განწირული ერი“

2024-11-28 04:08:00

ირინა მაკარიძე

ჩვენი საუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 19 ნოემბერს გამთენიისას დაკავებული მათე დევიძის სოლიდარობის აქციაზე შედგა. გია ბუღაძე სტუდენტებთან ერთად 21 წლის ახალგაზრდის მძიმე ბრალდებით პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებდა.

პატიმრობაში რჩება ასევე გაზაფხულზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პარლამენტის ირგვლივ შემოვლებული დროებითი ღობის დაზიანებისთვის დაპატიმრებული ორი ახალგაზრდა, რომლის მიმართ სისტემა განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა და მათ ხანგრძლივი დროით ციხეში გამოკეტვას უპირებს. დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ივანიშვილის კლანურ მმართველობას დაქვემდებარებული სასამართლო განაჩენის გამოტანას განზრახ აჭიანურებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებულების შეწყალება ვერ მოასწროს.

ახალგაზრდების მიმართ რეპრესიებზე გაყალბებულ არჩევნებსა და საზოგადოებისა და ოპოზიციის ბრძოლაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება  მხატვარი გია ბუღაძე:

_ ვაპროტესტებთ 21 წლის ახალგაზრდის, მათე დევიძის უსამართლოდ დაკავებას, რომელსაც 7- წლიანი პატიმრობით ემუქრებიან. ახალგაზრდების ასე დაჩაგვრა, ცემა, დარბევა, უსამართლო პატიმრობა არ შეიძლება. სხვა ახალგაზრდებიც არიან ე. წ. რკინის ჯებირების საქმეზე დაკავებულები, რომელთაც უსამართლო პატიმრობა ემუქრებათ. ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ ადამიანებში შიში დათესონ. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ჩვენ დავფრთხეთ, ჩვენი ახალგაზრდები შეშინდნენ და არაფერი მოიმოქმედონ, ამით ჩაკლან საქართველოს მომავალი. ჩვენ ღია ლექციებს ვატარებთ ილიაუნში და ლექციის დასრულების შემდეგ აქციაზე ჩემს სტუდენტებთან ერთად წამოვედი. მათ მარტო ხომ არ გამოვუშვებდი? სწორედ ამ მიზნით წამოვედი, რომ ბავშვებში შიში არ ჩანერგონ. მინდა, რომ მათ გვერდით ვიყო და მათ მხარში ამოვუდგე. მე მათეს არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ამ ახალგაზრდას უკეთებენ, უსამართლობაა. ჯოხის ქნევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ და 7 წლით უნდათ, ციხეში გამოკეტონ, წარმოუდგენელი ამბავია, აპარტეიდია, ფაქტობრივად. ჩვენ საქმე გვაქვს უსამართლობასთან, რის წინააღმდეგაც გამოვდივართ. არ მგონია, ახალგაზრდების ამ აქტივობამ შედეგი არ გამოიღოს. ჩვენ არ დავიღლებით, უფრო სწორად, ახალგაზრდები არ დაიღლებიან და ჩვენ, მოხუცები, მათ გავყვებით. ისინი სიმართლეს ამბობენ. მე ყოველთვის ვიცი და ყოველთვის ვიცოდი, რომ ახალგაზრდებთან არის ჭეშმარიტება.

_ არჩევნების შემდეგ რაღაც პერიოდი საპროტესტო აქციები არ იმართებოდა, თუმცა საზოგადოებაში მუხტი იყო და ითხოვდნენ აქციების გამართვას. სწორედ სტუდენტებიდან წამოვიდა ეს ტალღა, რაც უფრო დიდ აქციებში გადაიზარდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ საპროტესტო მოძრაობაში სტუდენტების როლი?

_ ყველაფერი ერთდროულად არ ხდება, არის გარკვეული მიქცევა და მოქცევა, ტალღებსაც ეს ახასიათებთ და პროცესებსაც. იმ საშინელი ტყუილის, საშინელი გაყალბების შემდეგ იყო ფრუსტრაცია, ერთგვარი გარინდება, გაშეშებაც კი, ჩვენს საზოგადოებაში. მეც კი კინაღამ ინფარქტმა დამარტყა, გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ არ ველოდი, თუ ამ მასშტაბის გაყალბება იქნებოდა. კი ვიცოდი, 5-7% მოსალოდნელი იყო, მაგრამ 15% ვერ წარმომედგინა. რეალურად, ყველაფერზე წავიდნენ. დიდი უსამართლობა მოხდა.  რეალურად, ჩვენს საზოგადოებას დაემართა ის, რაც უნდა დამართოდა ნორმალურ საზოგადოებს _ შოკი!.. რამდენი ენერგია გაიღო ქართველმა ხალხმა, ახალგაზრდობამ თუნდაც. სოფლებში დაბრუნდნენ ჩემი სტუდენტები, რომ ხმა მიეცათ,  დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად, აურაცხელი ადამიანი ჩაერთო ამ პროცესში, რის შემდეგაც იყო ეს კოშმარული დარტყმა. მაგრამ ხომ ხედავთ? _ მოვედით აზრზე. პირველ რიგში, ახალგაზრდებმა მოგვიყვანეს აზრზე იმით, რაც ბათუმში გააკეთეს. მათ მიმართ მოწიწებისა და მადლიერების გრძნობა მაქვს. რეალურად, ეს იყო დიდი რამე. წარმოიდგინეთ, ამ ახალგაზრდებმა გამოაღვიძეს სხვა ახალგაზრდები და ეს ყველაფერი ჩვენზეც გადმოვიდა. ეს აუცილებელი იყო. თუ ახალგაზრდებს ეს უსამართლობის განცდა პროტესტად გადაეზარდათ, შეუძლებელია ამ ტალღის შეჩერება. ამის იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება. საერთოდ, „ეფესბესა“ და „კაგებეს“ (ФСБ-КГБ) ნაშიერებმა, რომლებიც დღეს სახელმწიფოს „მართავენ“, რეალურად კი ასრულებენ რუსულ მითითებებს, ვერ გათვალეს ქართველის ხასიათი, ჩვენ სლავები არ ვართ, სლავებს კი არაფერს ვერჩი, მაგრამ ჩვენ სხვა ხალხი ვართ. ასე იოლად ჩვენს ღირსებას ვერ დათრგუნავენ. კი ბატონო, არიან ჩვენში კოლაბორაციონისტები, კონფორმისტები,  მაგრამ იდეალისტებიც გვყავს, თან ბევრი, ახალგაზრდებში განსაკუთრებით. 

_ არის ერთგვარი შიში, რომ შესაძლოა, 2020 წლის მაგალითი განმეორდეს და ხელისუფლებამ შეძლოს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება, თქვენ რას ფიქრობთ?

_ არსობრივად განსხვავებული ვითარება გვაქვს, მაშინ გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროტესტი გამოუცხადეს პოლიტიკურ პარტიებს, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. მაშინ მიტინგზე გამოვდიოდი და კიდევაც ვამბობდი, რომ თუ გიყვარს ლიტერატურა, არ შეიძლება მწერალი არ გიყვარდეს, თუ გიყვარს მხატვრობა, მხატვარიც უნდა გიყვარდეს და თუ გინდა პოლიტიკური პროცესი მართო, პოლიტიკოსების გარეშე ეს არ გამოვა. დღეს სხვანაირად არის, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არის კოორდინაცია და ამას ვხედავ. ის 4 პარტია, რომელმაც გადალახა ის მოგონილი ბარიერი, აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ გაერთიანებებთან, ეს ახალი ეტაპია. ამის გათვლა ვერ შეძლო „ქოცობამ“ და იმ სპეცსამსახურებმა, რომლებიც ამ ყველაფრის საწინააღმდეგო მოქმედებებს სჩადიან. კოორდინებულია ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მოქმედებები. იმიტომ ღიზიანდებიან და არიან ასე დაძაბულები. ახალგაზრდები ახლა არ არიან მოწყვეტილი პოლიტიკურ შემადგენელთან, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსებთან. ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება 2020 წელს, როდესაც ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ევროპამ. ხელოვანების რამდენიმე წარმომადგენელს შეგვხვდა ევროკავშირის მაშინდელი ელჩი, კარლ ჰარცელი და მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ დიდი შეცდომა დაუშვით და რას ერჩოდით ქართულ პარლამენტარიზმს და სახელმწიფოს-მეთქი? მე მაშინ ამ ყველაფერს დავარქვი „შარლ მიშელის სინდრომი“. მეშინოდა, რომ იგივე შეცდომა არ დაეშვა ევროპას ახლაც, მაგრამ ვხედავ, რომ ამის ნიშნები არ არის. მგონია, რომ ამ ოთხ ოპოზიციურ ძალას შორის დიდი აცდენა არ არის. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის კოორდინაცია დღეს უფრო შესაძლებელია, ვიდრე იყო ამ 4 წლის წინათ. წელიწად-ნახევრის წინაც კი, როდესაც ახალგაზრდების მასშტაბური გამოსვლები იყო, მაშინ ერთი პოლიტიკური პარტიაც კი არ გაიკარეს. მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი და თავისუფალი ვარ ამ მხრივ, ვამბობ, რომ პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება.

_ თქვენც თქვით და ბევრი ამბობს, რომ ჩვენ სლავები არ ვართ, ეს ბელარუსი არ არის და დიქტატურას არ შევეგუებით. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელარუსებმა იბრძოლეს მაინც, თქვენ კი ბრძოლის გარეშე ნებდებითო. სავარაუდოდ, მას არ აკმაყოფილებს პროტესტის ეს მასშტაბი, ამაზე რას იტყვით?

_ მისი ტემპერამენტიდან გამომდინარე, მას, რა თქმა უნდა, ეს არ აკმაყოფილებს. უსამართლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ის რომ გარეთ იყოს, სულ სხვანაირად იქნებოდა სიტუაცია. სწორედ ამიტომ ჰყავს ივანიშვილს ის გამოკეტილი ოთხ კედელს შუა, რადგან იცის, ვის შეუძლია მისი დამარცხება.

_ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საზოგადოების სრული სპექტრის მზაობა, რომ ეს მიზანი, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, იყოს მიღწეული?

_ ვერ ვხედავ, რომ სრული სპექტრი ამ მოთხოვნით იყოს გაერთიანებული, თუმცა როდესაც ეს შედეგი იქნება მიღწეული, ისიც კი, ვინც ახლა ამის მნიშვნელობას ვერ ხედავს, მიიღებს გარკვეულ დივიდენდებს, რადგან ჩვენ ევროპისკენ გზა აღარ დაგვეკეტება. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ ხვდება, რას ვკარგავთ. ჩვენ ხომ ძალიან დიდ რამეს ვკარგავთ ევროპასთან გართულებული ურთიერთობის შემთხვევაში? რეალურად, რასაც „ოცნება“ გვთავაზობს, ეს არის იზოლაცია დასავლური სამყაროდან, მომავლის დაკარგვა ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ისინი, ვისაც ძალით მიაცემინეს ხმა ან მოტყუებით და დაშინებით, ვერ აცნობიერებენ, რასთან აქვთ საქმე. ჩვენ არც წიაღისეული გვაქვს, არც განსაკუთრებული სიმდიდრე, ერთადერთი, რაც რეალურად გვაქვს, ეს არის დემოკრატიული მმართველობის მოთხოვნილება და თავისუფლების განცდა. ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის დაბადებული და განწირული ერი. თუ ამას წაგვართმევენ, ჩვენ ერი აღარ ვიქნებით. ქართველობა _ ეს ნიშნავს თავისუფლებას.

_ რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც სდევს არაღიარებული ხელისუფლების მმართველობას, მათ შორის ეკონომიკური სირთულეები, ამაზე რას იტყვით? 

_ მშვენივრად იციან, რაც მოხდება და ცდილობენ, ოპოზიციას დააბრალონ, რომ თურმე ისინი, ოპოზიციური პარტიები, ჩემად აგზავნიან წერილებს, რომ დაგვასანქცირეთ და გააჩერეთ ყველა პროექტო. იციან, რომ ეს ყველაფერი მოხდება და ქვეყანა წავა უკან და უკან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება... ცდილობენ, რომ ეს ოპოზიციას დაბრალდეს. რეალურად კი მათი გაფუჭებულია საქმე. მათ სინდისი და ნამუსი არ გააჩნიათ, მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი ამბობს, ბოროტება არის ძალიან პრიმიტიული, მას საწყისი არ აქვს. ამიტომაც მე ამის არ მეშინია.

_ თსუ-სთან ვართ და რექტორ ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნაზე გკითხავთ: მამუკა მდინარაძემ სტუდენტებს დასცინა, _ ამბობენ, არჩევნები გაყალბდა და სამუშიას გადადგომას ითხოვენო... რას იტყვით ამაზე?

_ დასაცინი რა არის? მამუკა მდინარაძეზე და ასეთ არარაობებზე პასუხს ნუ გამაცემინებთ. რაც შეეხება ჯაბა სამუშიას, ეგ კაცი ჩემთვის ისედაც არ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ, რექტორი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული! რექტორი უნდა იყოს აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული. მაშინ მართლა იქნება თავის სიმაღლეზე უნივერსიტეტი.

გაზიარება