QronikaPlus
ბაკურ კვაშილავა: „ჩვენ გავიხედავთ უფრო შორს, ვიდრე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება“

ბაკურ კვაშილავა: „ჩვენ გავიხედავთ უფრო შორს, ვიდრე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება“

2024-07-24 04:17:39

თამუნა მჭედლიშვილი

დღევანდელი მოცემულობით, 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების „დალაგება-გადალაგება“, ჯერჯერობით, რამდენიმე მსხვილ და საინტერესო გაერთიანებად დასურათდა: 1. „ახალი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“; 2. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ახალი სახეები, რომელსაც „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაარქვეს; 3. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ და პარტიები „ლელო“ და „ანა დოლიძე-ხალხისთვის“.

დაეხმარება თუ არა ეს უკანასკნელი ახალი გაერთიანება ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმატების მიღწევაში, ქვეყანაში დემოკრატიის გარღვევაში და შეასრულებს თუ არა თავის როლს ოპოზიციის კონსოლიდაციისა და გაძლიერების მიმართულებით ახალი ადამიანების შემოსვლით პოლიტიკაში?..

„თავისუფლების მოედანი _ ჩვენი შეკრებისა და მსჯელობის, მოძრაობისა და ენერგიის, დემოკრატიული გადაწყვეტილებების სიმბოლო _ ერთგვარი ქართული აგორაა, ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის პოლიტიკური აქტივიზმის ცენტრია... ქართველი ამომრჩევლის დაკვეთაა, ახალი სისიხლია ქართულ პოლიტიკაში“, _ აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ.

„ქართული ოცნება“ მოლანდებებისა და მოჩვენებების გამოგონებით, რეალურად, გვეუბნება იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამპყრობლის კეთილი ნების იმედად, რომ ჯობია მარტო დავრჩეთ, ვიდრე გვყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, რომ დღეს ჩვენ შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რაც გვაქვს. „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, ასცდა გეზს, არ აქვს მიზანი, არ იცის, რა სურს“, _ აღნიშნა ახალი ოპოზიციური კოალიციის პრეზენტაციაზე სიტყვით  გამოსვლისას მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაკურ კვაშილავამ.

როდის გაჩნდა მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნების იდეა? რა სურს, როგორი მიზნები, ხედვები და პროექტები აქვს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას? როგორი საქართველო უნდა სამომავლოდ ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად „მოედანს“? _ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაკურ კვაშილავა: 

_ იყო თუ არა სპონტანური თქვენი მოძრაობის ჩამოყალიბება, როდის და სად დაიბადა იდეა „თავისუფლების მოედანი“?

_ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ვიყავით დაკავებული მუდმივად ისეთი სამოქალაქო აქტივობით, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების გაჯანსაღებას, ბუნებრივია, სულ გვიტრიალებდა ის აზრი, რომ შევძლებდით თუ არა, დავხმარებოდით ქართულ დემოკრატიას უფრო მეტად სხვა, ახალი ფორმით... დაწყებული 2011 წლიდან, ეს საუბრები ყოველთვის გვქონდა. ამის მიუხედავად, ბოლო დრომდე, სულ ვფიქრობდით, რომ ჩვენი ადგილი არის სწორედ იქ, სადაც ვართ _ ანუ ცოტა გარეთ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვქონდა მაგალითი 2003 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც ძალიან დიდი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებიდან გადავიდა პირდაპირ პოლიტიკაში და ეს სივრცე, ფაქტობრივად, დაცალა. ეს არ იყო კარგი ქვეყნის დემოკრატიისთვის... ეს მაგალითი სახეზე იყო. ჩვენ ძალიან ცოტანი ვიყავით, რომლებიც დავრჩით იმ დროს სხვა სფეროში და მივიჩნიეთ, რომ ეს სწორი გზა იყო.  პრაქტიკულად, როდის დავიწყეთ ამაზე აქტიური ფიქრი? არ დაგიმალავთ და ეს იყო მარტის მოვლენების დროს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად შემოიტანა რუსული კანონი. ამ დროს გაჩნდა ეს იდეა. რეალურად, ისეთ მდგომარეობამდეა მისული პოლიტიკური საზოგადება, რომ აუცილებლია რაღაც ახლებური, ტრანსფორმაციული ჩარევა, რაც განაპირობებს იმას, რომ ქვეყანა არ გარდაიქმნას ჩამოყალიბებულ დიქტატურად და ავტორიტარიზმად. დავიწყეთ მოსინჯვა სათემო დონეზე სამოქალაქო ჯგუფების შექმნის, რომლებიც იტყოდნენ თავიანთ სიტყვას. ამ დროს დავიწყეთ გაზეთის გამოცემა „თავისუფლების მოედანი“. თავიდან ეს სამოქალაქო ინიციატივა იყო და, პრინციპში, ტექნიკურად, ფორმალურად ასეა... უბრალოდ, ჩვენ განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკური მოძრაობა უახლოეს მომავალში   გარდაიქმნება აუცილებლად პოლიტიკურ პატრიად.

იდეა, პრაქტიკული თვალსაზრისით,  რომ ჩვენ შესაძლოა მოგვიწიოს ამ პროცესებში სრულად ჩართვა, გაჩნდა სწორედ წელიწად-ნახევრის წინ, მარტის მოვლენების შემდეგ. რუსული კანონის შემოტრიალებამ გადაგვაწყვეტინა ის, რომ არ ღირს ფეხის ათრევა, აუცილებელი გახდა იმ ზომების მიღება, რომელიც ჩვენთვის კომფორტული იქნებოდა 2028 წლის არჩევნების წინ. გადაწყვეტილება დღეს უნდა მივიღოთ სასწრაფოდ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ აღარ დარჩეს ხელისუფლებაში, ვინაიდან ეს ქვეყნისთვის არის დამღუპველი.

_ ვინ არიან მოძრაობის დამფუძნებლები და როგორი კრიტერიუმებით შეარჩია გუნდმა წევრები?

_ მთავარი იყო ის, რომ გუნდის წევრები უნდა ყოფილიყვნენ ის პროფესინალები, კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც კარგი საქმე უკეთებიათ საქართველოსთვის, სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებში იქნებოდა ეს თუ სხვა სფეროში, მაგალითად, აკადემიაში, როგორიც მე ვარ... ამავდროულად, პირდაპირ არ ექნებოდათ აფილირება რომელიმე მმართველ ძალასთან, რათა არ გამოეწვია ამ ფაქტს გარკვეული, ასე ვთქვათ, ნეგატიური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმი სამართლიანი იქნებოდა თუ არა, ამ ეტაპზე ეს არის სოციალური ფაქტი! იმდენად დომინირებს „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსი, რომ ძალიან რთული იქნება ამასთან გამკლავება. საბედნიეროდ, საქართველოში არის საკმაო დიდი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან კომპენტენტურიც, პროფესიონალიც, მოდიან სუფთა ხელებით და, ამავდროულად, ბევრი აქვთ გაკეთებული საქათველოს დემოკრატიისთვის, თუმცა არა პოლიტიკური პარტიის ან  პოლიტიკური მიკუთვნებულობის ნიშნით. მათ არ სურდათ, როგორც ჩვენ ადრე, რომ ყოფილიყვნენ ამ პროცესში პირდაპირ ჩათული სხვადასხვა მიზეზის გამო... შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ არავის სურს, ცეცხლის ხაზზე იყოს პირდაპირ, მაგრამ დღეს ყველამ, ვინც ვართ დამფუძნებლები, ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია ამის გაკეთება. თუ ამას არ გავაკეთებთ დღეს, ხვალ უკვე ეს არჩევანი აღარც გვექნება.

_ ვინ აფინანსებს „თავისუფლების მოედანს“?

_ „თავისუფლების მოედნის“ შეხვედრებსა და ოფისს EEჩMD-ი უზუნველყოფს, როგორც ის უზრუნვეყოფდა სხვა მსგავსი აქტივობებისთვის ადრე „თავისუფალ დემოკრატებს“, „ქართულ ოცნებას“ 2011 წელს, როცა იყო ოპოზიციაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ... და უამრავ სხვა პარტიას, რომელიც იქმნებოდა, ალეკო ელისაშვილი იქნებოდა თუ სხვა... მაგრამ ეს დაფინანსება არის ძალიან შეზღუდული სახის, ისეთი, რომელიც უზუნველყოფს, მაგალითად, დროებით გქონდეს ოთახი ორი საათით ან, ვთქვათ, დაფინანსდეს შეხვედრა კონკრეტულ ჯგუფთან... მაგრამ ვინმეს ხელფასი ჰქონდეს,  ასეთი არ გვაქვს და, პრინციპში, ასეთი ამ ეტაპზე არც გვჭირდება.

_ მხოლოდ დედაქალაქით ხართ შემოფარგლული მოძრაობა, თუ საქართველოს რეგიონებშიც ხართ, ასე ვთქვათ, უკვე შესული?

_ მოძრაობა თავიდანვე დაიწყო რეგიონებიდან. უჯრედები ამ სამოქალაქო ორგანიზაციის  სწორედაც რომ შეიქმნა ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, გორში _ ეს იყო ის წერტილები, სადაც პირველად განაცხადეს აქტივისტებმა „თავისუფლების მოედნის“, როგორც სამოქალაქო მოძრაობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდანვე გვყავდა აქ ჯგუფი თანამოაზრეებისა წლების მანძილზე... დემოკრატიული სწავლებების მეშვეობით ნელ-ნელა შეიქმნა ჯგუფები... ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ტრენინგებში მონაწილეობს, არ არის მხოლოდ მიმღები და ბენეფიციარი. მთავარი, რაც ამ ადამიანმა შემდეგ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ იმ ტიპის მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნის... შემდეგ თვითონ არის სრულფასოვანი მონაწილე პოლიტიკური პროცესის და სწორედ ამის კულტივაციას ვეწეოდით. რა თქმა უნდა, ჩვენ კურსდამთავრებულებთან გვქონდა მუდმივი კავშირი _ ვისთვისაც გვისწავლებია უნივერსიტეტში თუ სხვაგან... და ამ ადამიანების მეშვეობით დავიწყეთ რეგიონები იქნებოდა თუ სხვაგან ჩვენი აქტივობა, ჩვენი იდეის განხორციელება... რეალურად, დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა თანასწორი, თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები საკუთარ ხალხს უკეთეს მომავალს სთავაზობენ.

_ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა კოალიცია, სადაც „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდა პოლიტიკურ პარტიებთან „ლელო“ და „ანა დოლიძე-ხალხისთვის“. რატომ „ლელო“ და „ანა დოლიძე-ხალხისთვის“? 

_ ამოსავალი წერტილი, როგორც გითხარით, იყო ამომრჩევლის დაკვეთა და ამომრჩევლის პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია, არცერთი საპროტესტო ხმა არ დაიკარგოს. მოგეხსენებათ, არსებობს დააახლოებით 25-დან 30 პროცენტამდე სეგმენტი ჩვენი ამომრჩევლისა,  რომელიც არ არის მზად, მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“ და არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და არჩევანს. სამწუხაროდ, აქამდე ისე ხდებოდა, რომ ამ ხალხს მაინც ამ ორ ძალას შორის უწევდა არჩევანის გაკეთება, როდესაც არჩევნების ყუთთან მიდიოდა... ან საერთოდ არ მიდიოდა სწორედ ამის გამო არჩევნებზე. თუ მიდიოდა საარჩევნო ყუთთან, ხშირად ირჩევდა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“.  ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთ ხალხს აუცილებლია ჰქონდეს რეალური, შინაარსიანი არჩევანი, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება. მით უმეტეს, რომ მათი აზრები, ვფიქრობთ, რომ ჩვენსას ემთხვევა. ჩვენი აზრი კი არის ის, რომ დავცალოთ პოლიტიკა მხოლოდ პერსონალური პერსონალიებისგან, რომ პოლიტიკა უნდა გადავიდეს შინაარსობრივ საკითხებზე, რაშიც ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ძალა გვეთნხმება. უბრალოდ, არ სჯერათ, რომ ეს შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ სანამ არ ვცდით და არ გავრისკავთ, ხომ ვერ გავიგებთ? და გავრისკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასე მოვიქცეთ. ვიყოთ პრინციპულები, კატეგორიულები, მაგრამ პრინციპულები, კატეგორიულები და დაუნდობლები შინაარსობრივი საკითხების მიმართ, კონკრეტული პრობლემების მიმართ, მისი გადაწყვეტის გზების მიმართ და არა მაინც და მაინც ადამიანებისა და პიროვნებების მიმართ. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ცვილება იქნება დისკურსში, ახალ ფორმას შემოიტანს პოლიტიკურ დისკუსიაში, და მე ვიტყოდი, რომ აგრძნობინებს ამომრჩეველს, იმ 25-30 პროცენტს, რომელზედაც მე ვსაუბრობ და რომელიც უკვე 10 წელია აფიქსირებს იმ აზრს, რომ არ სურს იყოს ან ერთი ან მეორე მხარის მხარდამჭერი და არ სურს იყოს პოლარიზაციის მხარდამჭერი, რომ არსებობს პრინციპული ძალა, ღირებულებებზე დაყრდნობილი ძალა, რომლიც მზად არის შემოგვთავაზოს ახალი ხედვა, რომელიც შინაარსობრივად იქნება გამართული და რომელიც გაიხედავს კიდევ უფრო შორს, ვიდრე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

_ აპირებთ თუ არა სამომავლოდ თქვენი კოალიციის გაფართოებას ან თქვენი გაერთიანების შესვლას სხვა დიდ ოპოზიციურ გაერთიანებასთან? მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, მაგალითად, გახარიასთან?..

_ გუშინდელ ეთერებში უკვე ითქვა, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. საერთო საქმეს არ წაადგება არცერთი გაგებით გახარიასთან ჩვენი ალიანსი. არა მგონია, ეს იყოს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, პირიქით,  ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც გაურკვევლობას გამოიწვევდა ჩვენს ამომრჩეველში და ასევე გაურკვევლობას გამოიწვევდა გახარიას ამომრჩეველშიც. ამიტომ არა მგონია, რომ ეს სწორი გზა იყოს...

რაც შეეხება „ახლებს“, ადრე იყო საუბარი, მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს. ახლა ორივემ კარგად ვიცით, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო სწორედ ოპტიმალური გადანაწილება, იმიტომ რომ არა მგონია, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მაინც ჩვენ რომელზედაც გვინდა გავიდეთ, გასაგები ყოფილიყო „ახალის“ აღქმა, როგორც დამოუკიდებელ და არაასოცირებულ ძალასთან. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ეს განიხილებოდა აქტიურად. აქედან გამომდინარე, კოორდინაცია, რა თქმა უნდა, იქნება ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის. ბევრ დაჯგუფებასთან მიდის ასეთი ტიპის დისკუსია, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის: ამომრჩევლის არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს! ნებისმიერ პარტიას, რომელსაც აქვს თავისი მუდმივი ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, რომ თავის ხმას, რაც არ უნდა იყოს, მას მისცემს, აი, ასეთი ხმები არ უნდა დაიკარგოს, თორემ შიძლება მივიდეთ ისეთ სავალალო შედეგამდე, რომ „ოცნებას“, რომელსაც დღეს მაქსიმუმ 38-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის, მოვიდეს ადგილების უმრავლესობით. ამიტომ ამ გაგებით დისკუსია ყველასთან მიმდინარეობს.

_ აქვს თუ არა დარგობრივად გაწერილი პროგრამები არჩევნების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად უკეთესი საქართველოსთვის თქვენს  გუნდს?

_ განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, რომლებიც გამზადებულ პროგრამებს წარუდგენენ ხოლმე საზოგადოებას, ამ მხრივ, ჩვენ კონკრეტულ მიმართულებებზე ვმუშაობთ. „თავისუფლების მოედანი“ „ლელოსთან“ და „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ერთად გვინდა  ერთობლივი ხედვა წარმოვადგინოთ. ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება იგივე „მარშალის“ გეგმა. ჩვენ ვთქვით, რომ „თავისუფლების მოედანს“ ექნება საკმაოდ ჩამოყალიბებული ხედვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. სოციალურ სფეროში ვითანამშრომლებთ ანა დოლიძესთან და მის გუნდთან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფეროში გვაქვს ჩვენი რესურსი. დარგობრივად გაწერილი პროგრამები ჩვენი მთავარი იარაღია, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი არის სწორედ ისეთი, რომლისნაირი ლიდერები და პროფესინალები, მე ვიტყოდი, ალბათ, გაუჭირდება, რომელიმე გუნდმა რომ მონახოს.

_ რა არის 2024 წლის არჩევნებში მთავარი და გადამწყვეტი?

_ ამომრჩეველი ყოველთვის გადამწყვეტია არჩევნებში, მაგრამ ახლა რაც შევთავაზეთ ამომრჩეველს, არის მრავალფეროვანი არჩევანი. ისეთი არჩევანი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შენს ღირებებულებთან კომპრომისის გარეშე, დამაჯერებლად მისცე ხმა ისეთ ძალას, რომელიც იცი, რომ  გადალახავს ბარიერს. ერთი მხრივ, თუ გადავხედავთ სოციალურ მედიას, ვნახავთ გულისტკივილს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია ერთ დიდ კოალიციად, მაგრამ ის ხალხი, რომელიც გაერთიანებას ითხოვს ყველასთან,  ნამდვილად არ წარმოადგენს იმ  60-65 პროცენტის ინტერესებს, რომლებსაც არ მოსწონთ „ქართული ოცნება“. გაერთიანებების მომხრეები არ არიან ისეთი ბევრი მოსახლეობაში, როგორც მათ წარმოუდგენიათ საკუთარი ფბ აქტივობებიდან გამომდინარე .როგორც კვლევები აჩვენებს, გაერთიანება როგორც იდეა, ზოგადად, ყველასთვის მისაღებია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, და საუბარია იმაზე, ვის მისცემდი ხმას, შედარებით ნაკლები ხმები დაგროვდა ერთიანი კოალიციის შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს, ვიდრე გროვდება განაწილებულ შემთხვევაში. ამ რამდენიმე განაწილებასაც შინაარსობრივი განსხვავება უნდა ჰქონდეს... როდესაც არის მნიშვნელოვანი სეგმენტი, არც წინა ხელისუფლება მინდა და არც ეს ხელისუფლება მინდა, აი, ამ   შემთხვევაში „თავისუფლების მოედანი“, „ლელო“ და „ანა დოლიძე- ხალხისთვის“, მგონია, რომ არის ოპტიმალური არჩევანი.

გაზიარება