- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-14 09:52:22
გიორგი საკარული
ტერმინი ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას _ აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. „ბულინგი“ სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია, ძირითადად, ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.
სულ ახლახან შემზარავი ფაქტი მოხდა ქუთაისში. ვიდეო, რომელშიც „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძეს მიაწოდეს, კარგად ჩანს, თუ როგორც ძალადობს ოთხი არასრულწლოვანი მოზარდი თანაკლასელზე. ისინი მსხვერპლს უმოწყალოდ სცემენ, წიხლებს მუცლისა და ზურგის არეში ურტყამენ, ხოლო მუშტებს _ სახეში, აგინებენ და აფურთხებენ, დაზარალებული მოზარდი კი პატიებას ითხოვს, რომ მასზე ძალადობა შეწყვიტონ. აღნიშნულ საქმეს არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა, ვიდეო რომ არ გაესაჯაროებინა ჟურნალისტ ელისო კილაძეს და პოლიციაში მოძალადე არასრულწლოვანი არ დაებარებინა, რომელმაც „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბულინგი აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და მათ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ბულინგის შედეგები უშუალოდ შეიძლება დავუკავშიროთ თვითშეფასებას, უფრო მეტად კი დაბალ თვითშეფასებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პიროვნების განვითარებაზე.
სად არის და რა როლი უკავია ამ დროს სკოლას, სახელმწიფოს, სამართალდამცველებს და, რაც მთავარია, მშობლებს? რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს მოზარდი, როდესაც მასზე აქტიურად ხორციელდება ბულინგი?
ასეთ საკითხებზე ხმამაღლა უნდა ვსაუბრობდეთ ყველა სივრცეში და მედია ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული აქტუალური თემების გაშუქებაზე, რასაც მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“ ყოველ ნომერში აკეთებს.
ამჯერად ჩვენი გამოცემის კითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი:
_ ქალბატონო მაია, მინდა ვისაუბროთ ბულინგზე, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდია, გახშირებულია. როგორ ყალიბდება ბავშვი მსხვერპლად ან მოძალადედ?
_ დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის ბულინგი. ბულინგი ნიშნავს ჩაგვრას, ძალადობას, როდესაც ერთი ადამიანი ჩაგრავს მეორეს ან ადამიანების გარკვეული ჯგუფი ჩაგრავს სხვა ადამიანს. ინდივიდუალურად იჩაგრება ერთი ადამიანი და ძირითადად მსხვერპლი არის ხოლმე ერთი ადამიანი. ჩაგვრა და ბულინგი სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ყურადღება გავამახვილოთ ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ბულინგის თემაც. არსებობს კიდევ სხვა კატეგორიებიც, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდებზე, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ეს ორი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ძალადობის საკითხი არის მთავარი. ის, თუ რატომ ყალიბდება და რა უწყობს ამას ხელს, მინდა ვთქვა, რომ ეს მეცნიერულად არ არის დადასტურებული და გამოკვლეული. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ფსიქოლოგს, ფსიქიატრსა და მეცნიერს აინტერესებს, რა მოვლენაა, როდესაც მოზარდები ერთმანეთს ჩაგრავენ ანუ აბულინგებენ? ძირითადად ეს ხდება გარემოში, სადაც არის ორგანიზებული მოზარდების ჯგუფი, ეს იქნება სასკოლო სივრცე თუ სხვადასხვა წრე, სადაც იკრიბებიან მოზარდები, ბავშვები. კვლევებმა დაადასტურა ის, რომ მოძალადეს ახასიათებს რამდენიმე გამოკვეთილი ნიშან-თვისება: შეიძლება ვილაპარაკოთ მის ფიზიკურ მომწიფებაზე, რომ ის არის ძლიერი, მისი კუნთოვანი სისტემა მეტად განვითარებულია, ახასიათებს აგრესიული ქცევა არა მხოლოდ მსხვერპლთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, ყველასთან, უფროსებთან, მშობლებთან მიმართებით. მისი ხასიათის განმაპირობებელი ფაქტორი, მე, როგორც ფსიქოლოგს, შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება იყოს აღზრდის არასწორი მეთოდი.
არსებობს აღზრდის რამდენიმე მეთოდი: არის ავტორიტარული და არის ლიბერალური აღზრდის სტილი. ავტორიტარული ვახსენე იმიტომ, რომ ამ აღზრდის მეთოდის შემთხვევაში მშობლები ართმევენ ბავშვებს სიტყვის თქმის უფლებას და, ძირითადად, მშობელი არის წამყვან მდგომარეობაში, ბავშვი კი მორჩილ პოზიციაზე. თუმცა თუ საქმე გვაქვს ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე ბავშვთან, ის ამ ნიშან-თვისებებს, რომელსაც ბავშვი ვერ ამჟღავნებს მშობელთან, შეიძლება სხვა გარემოში გამოამჟღავნოს, მაგალითად, სკოლაში და როგორც ჩაგრავს მას ოჯახი, შესაბამისად ჩაგრავს ის მასზე სუსტ ადამიანს. შეიძლება იყოს ასეთი ფსიქოლოგიური ბმები.
ვახსენე ლიბერალური მეთოდიც. ეს ნიშნავს იმას, რომ აღზრდაში მშობლის როლი საერთოდ არ არის და მშობელი, უბრალოდ, მშობელია, ბავშვს კი აქვს ყველაფრის უფლება. ამ შემთხვევაშიც ძალიან რთულ და მძიმე მოვლენასთან გვაქვს საქმე.
გარდა იმისა, რომ ბავშვს აღზრდის პერიოდში სჭირდება უპირობო სიყვარული, მას ასევე სჭირდება გარკვეული რეგულაციები, წესები. თუ ეს წესები და დისციპლინა არ არის, ბავშვი იზრდება ძალიან ქაოსურად და შეიძლება ამანაც შეუწყოს ხელი მის აგრესიულ ქცევას.
_ წესებსა და რეგულაციებში რას გულისხმობთ?
_ მეცნიერები ამბობენ, _ იმისთვის, რომ ბავშვმა ფსიქოლოგიურად, განვითარების თვალსაზრისით, სწორი გეზი აიღოს, მისი მენტალური ჯანმრთელობა იყოს სწორად შენარჩუნებული, სანამ გახდება სრულწლოვანი, ფსიქოლოგები მშობლებს ვთხოვთ, დაიცვან რამდენიმე ჯადოსნური წესი.
_ მაგალითად?
_ პირველი, რაც აუცილებელია, ისე როგორც მცენარისთვის წყალი, ბავშვს უპირობო სიყვარული, ალერსი და მოფერება სჭირდება და იმის აღნიშვნაა აუცილებელი, რომ ის არის სასურველი შვილი და არა ის, რომ ბავშვი იმიტომ უყვართ, რომ კარგი მოსწავლეა ან, უბრალოდ, კარგი ბავშვია. იმიტომ უნდა უყვარდეთ, რომ უბრალოდ არის, არსებობს, _ სწორედ ეს უნდა აგრძნობინოს ბავშვს მშობელმა.
მეორე წესი: განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ბავშვმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგალითად, ლურჯი სვიტერი ჩაიცვას თუ წითელი, ჭადრაკზე იაროს თუ ცურვაზე. ხშირად მშობლები მათ მაგიერ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. არჩევანის თავისუფლება უნდა მივცეთ ბავშვს, რომ თავად გადაწყვიტოს, რა უნდა.
მესამე წესი: რეგულირება გარკვეული წესებისა, მაგალითად, ეს ჩვენი ოჯახისთვის არის გარკვეული წესები, რომ შენ 13 წლის ხარ და ღამის 2 საათამდე ვერ იქნები ქუჩაში. სანამ სრულწლოვანი გახდება, ბავშვს სჭირდება გარკვეული წესები. ოჯახმა უნდა შეიმუშავოს ქცევის წესები. თუ არ არის ქცევის წესები, თამაშის წესებსაც ვეძახით ამას, არ არის დისციპლინა და არ არის კალაპოტი. არადა, აღზრდის პერიოდში მოზარდებისთვის აუცილებელია კალაპოტი. ხშირად უწევთ ხოლმე კალაპოტიდან გადახვევა. აქვთ ეს მოთხოვნილება. ისმის კითხვა, კი მაგრამ, როგორ? უყვართ მოზარდებს წესები? _ უყვართ, მაგრამ სწორად მიწოდებული და არა აგრესიითა და ჩხუბით. ეს უნდა იყოს თანასწორობაზე დაყრდნობით. მეც ვასრულებ, როგორც მშობელი, ოჯახურ წესებს და ასევე შენც ასრულებ ამ ოჯახურ წესებს, რასაც მოაქვს პოზიტიური შედეგები.
_ ძირითადად მსხვერპლის როლში ვინ შეიძლება იყოს?
_ დაკვირვებიდან გამომდინარე, ბულინგის მსხვერპლი სუსტი ფიზიკური გარეგნობის ბავშვები შეიძლება გახდნენ, ასევე განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონენი, აქ შეიძლება იყოს გარეგნობა, მეტყველება, წონა. ის მექანიზმი, თუ რატომ ვჩაგრავთ კონკრეტულად ამ ბავშვს, ბოლომდე არ არის ამოხსნილი. ბულინგის მოტივაცია კი მრავალფეროვანია: შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის თავისებურებები. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება.
_ მნიშვნელოვანია სკოლის როლი, სად და როგორ ხედავთ მას?
_ რაც შეეხება სკოლას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლას და აი, რაში მდგომარეობს ეს: ხშირად ბულინგი იწყება უმნიშვნელო რეპლიკებითა და კომენტარებით, რასაც უფროსები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ. მასწავლებლებისგან ბევრჯერ გაგვიგონია ფრაზები, რომ არაუშავს, ბავშვები ერთმანეთში მორიგდებიან. თვალდახუჭულიც კი იგრძნობა, რომ ერთი არის მოძალადე და მეორე ბავშვი ლამის მაგიდის ქვეშ შემძვრალი. ასევე ხშირად მეცნიერები ამბობენ, _ ბულინგი იმდენად რთული თემაა, რომ პედაგოგებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ და ამაზე ნაკლებადაც ფიქრობენ, შესაბამისად, იჩენენ გულგრილობას.
ხშირად ისინი თავად მოგვევლინებიან ხოლმე ბულერებად, _ მოძალადეს ჰქვია ბულერი, მაგალითად, როდესაც ყვირილით მიმართავენ მოსწავლეებს, როცა უყვირიან, დამამცირებელ სიტყვებსაც ეუბნებიან და ამით მოძალადეს ახალისებენ. იშვიათად გამიგია, რომ პედაგოგს რეაგირება ჰქონია რაღაც უმნიშვნელო ბულინგზეც კი. ბულინგი არის ძალადობა და ძალადობა დანაშაულია.
სკოლებს არ აქვთ შემუშავებული გარკვეული წესები ბულინგთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, რა სტრატეგია აირჩიონ. შესაძლოა, ზოგიერთ სკოლას აქვს უკვე შემუშავებული გარკვეული სტრატეგია, მაგრამ რეალურად სურათი ბუნდოვანია. ბულინგის თემა უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს თითოეულ კლასში და სკოლას უნდა ჰქონდეს მოქმედების სტრატეგია, რა სანქციები დაადოს მოძალადეს, ბულერს, როგორ დაეხმარება მსხვერპლს, როგორ მოახდენს სწრაფ რეაგირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი, რომელიც სახლში არის მშვიდი, წყნარი, ასევეა სკოლაშიც. ამ დროს კი ბავშვი სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ქცევას ავლენს. აქედან გამომდინარე, სკოლისა და ოჯახის ურთიერთკავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე გახდება თვალსაჩინო და გასაგები, თუ როგორია ბავშვი სახლსა და სკოლაში.
_ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ფიქრობს, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებს ჩაგრავს? თქვენ აღნიშნეთ, რომ ოჯახში არის წყნარი, ხოლო საპირისპირო ქმედებებს ამჟღავნებს სკოლაში, მეზობელთან, ბავშვებთან და ა. შ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შემთხვევაში?
_ თუ ოჯახი არის მეგობრული, სწორ პოზიციას იჭერს მშობელი შვილთან მიმართებით, მაგრამ ბავშვი მაინც ისეა, როგორც აკაკი წერეთელმა გითხრა, „თუ ბუნებამც არ უშველაო“, ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ, ჯანსაღ მშობელს არ გამოეპარება ეს ყოველივე და ბავშვი აუცილებლად მიჰყავს სპეციალისტთან. დასჯის მექანიზმის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ეს დასაწყისი ეტაპია, ბავშვი აგრესიული ხდება, მიზეზებს ვიკვლევთ, შეიძლება ვინმემ იძალადა, ვიღაცამ დაჩაგრა და ამის კომპენსირებას საკუთარი თავისთვის ახდენს, ჩაგრავს სხვას და ამით იმშვიდებს თავს. ამ შემთხვევაში ბავშვი მიგვყავს აუცილებლად ფსიქოთერაპევტთან, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ფსიქიატრის ჩართვაც იყოს საჭირო. ასე ვეხმარებით მოძალადესაც.
_ რით განსხვავდება ბულინგი კონფლიქტისგან?
_ კონფლიქტში ორივე მხარე თანაბრადაა ჩართული, ბულინგში ერთი მხარეა მოძალადე, მეორე მხარე _ მსხვერპლი. მსხვერპლი ვერასოდეს გასცემს პასუხს მოძალადეს, მსხვერპლს არ შეუძლია, საკუთარი თავი დაიცვას, მსხვერპლს ხშირად ისიც არ შეუძლია, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმეს დახმარებისთვის მიმართოს, დაიყვიროს, რომ მე დახმარება მჭირდება და მიშველეთ, დამეხმარეთ. აქედან გამომდინარე, მსხვერპლის რეაბილიტაცია არის ურთულესი. მსხვერპლის როლში მყოფი მოზარდები უარს ამბობენ სწავლაზე, კვებაზე და მათ ექმნებათ ხოლმე როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური პრობლემები. ის იკეტება, ხდება გარიყული და ერთ-ერთი საშინელი შედეგი, რაც შეიძლება ამ ყოველივეს მოჰყვეს, ეს არის თვითმკვლელობის მცდელობა ან კიდევ ამის განხორციელება. ვინაიდან ჩვენ ვართ უფროსები, პედაგოგები, მშობლები უნდა ვიყოთ დაკვირვებულები. უნდა ტარდებოდეს სისტემური ხასიათის ღონისძიებები, შეხვედრები, გარჩევები.
ერთს დავამატებ: მესამე მხარე არის გულგრილი დამკვირვებელი. გულგრილი დამკვირვებელი არის მოსწავლე, დამკვირვებელი, რომელთანაც ჯერ არ მისულა მოძალადე, მაგრამ ის დაშინებულია, მას ეშინია მოძალადის და არ შეუძლია მსხვერპლის დაცვა. აქ ჩვენი, მშობლების, ზრდასრულების როლი ის გახლავთ, რომ გავაძლიეროთ დამკვირვებელი ადამიანი, რომ ის აღარ დარჩეს გულგრილი და როდესაც შეხედავს, რომ მის მეგობარს, კლასელს ჩაგრავენ, ხმა უნდა ამოიღოს და მსხვერპლს გვერდით დაუდგეს. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები ჩვენ. ხშირად არის ხოლმე სხვისი ჭრი ღობეს ჩხირი. მერე უკვე ადამიანები იზრდებიან და სულ სირაქლემის როლში არიან, შემდეგ თვითგადარჩენის მახინჯი პრაქტიკა მთელი ცხოვრება მიჰყვებათ, ამიტომაც ხშირად ვერ არის საზოგადოება შემდგარი.
_ ხშირად ბულინგს ბავშვი მიუყვანია ძალიან ცუდ შედეგებამდე, ანუ სიკვდილამდე. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნებზე კანონი არ არსებობს, ანუ რაც არ უნდა ჩაიდინოს ბავშვმა, მას ეპატიება ქურდობა, ძალადობა და ა. შ. ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი? თუ არასრულწლოვანი მოძალადისთვის არ არსებობს ციხე, უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური დაწესებულებები, სადაც მათ შესაბამისად დაეხმარებიან?
_ სამტრედიაში იყო სპეციალური სკოლა, თუ გახსოვთ. წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. არ ვიცი, დღეს არსებობს კიდევ და მიჰყავთ იქ პრობლემური ბავშვები?.. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, მან უნდა დააფიქსიროს ასეთი ბავშვები და ეს სკოლაში უნდა განხორციელდეს. სკოლამ უნდა ჩართოს მშობელი საკითხში, თუკი ადგილზეა მშობელი. ბევრი მშობელი არ არის ქვეყანაში, ემიგრაციაშია და ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ესეც არის. მოზარდს უნდა, რომ მშობელი ჰყავდეს გვერდით და ხშირად არც ერთი მშობელი არ არის მის გვერდით, რაც გახლავთ აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი. სკოლა არის სახელმწიფო ინსტიტუცია და პედაგოგები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, გადამზადდნენ და გააცნობიერონ რა უბედურებაა ეს მოვლენა, რასაც ჰქვია ბულინგი. საერთოდ, იმის ილუზიაც არ ჰქონდეთ, რომ ბულინგი აღმოიფხვრება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, ამ მოვლენას დაუპირისპიროს გარკვეული სანქციები. გაწერილი უნდა იყოს სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ფსიქოლოგები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში.
ჩვენს ქვეყანაში საერთო ფონიც ძალიან აგრესიულია. ბევრი აგრესია და ღვარძლია დაგროვილი ადამიანებში. მოზარდები, რომლებიც ახლა ყალიბდებიან და სწავლობენ ცხოვრებას, სწორ ღირებულებებს უფროსებისგან იღებენ. როლური მოდელები ჩვენ ვართ და საზოგადოება კიდევ ძალიან ბევრ რაღაცაში ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად ვიღებთ ასეთ მძიმე.
ფსიქოლოგებს სხვადასხვა თემაზე გვაქვს შეხვედრები მშობლებთან. ერთ-ერთი თემა იყო ბულინგი. მშობლების ასეთი აქტიურობა და ასე დაინტერესება თემით, არ მახსოვს.
როგორც აღმოჩნდა, ყველა ბავშვი მეტ-ნაკლებად არის ბულინგის მსხვერპლი და მშობლებს მსხვერპლები გადაჰყავთ სხვა სკოლებში. ეს არ არის გამოსავალი. ძალიან გამიკვირდა, რომ მშობლები იყვნენ აფორიაქებულები და აჟიტირებულები. ეს აქტუალური საკითხია. თავადაც არ იციან, რა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ.
_ ბულინგის შედეგად ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა გვინახავს მოზარდებს შორის, თუმცა სკოლის დირექციას ხშირად გაუმართლებია თავი და უთქვამს, რომ კონკრეტული შემთხვევა სკოლის გარეთ მოხდა. მაგრამ დასაჯერებელია ის, რომ სკოლაში არ იყო ამ ბავშვების ქცევა შესამჩნევი?
_ რასაკვირველია, შესამჩნევია, ყოველთვის შეიმჩნევა ამგვარი ფაქტები. იგივე მანდატურის სამსახურის პირდაპირი ფუნქცია და ვალდებულებაა, რომ დააფიქსიროს ელემენტარული კონფლიქტიც კი. ეს არის უბრალოდ თავის მართლების მექანიზმი. რას ნიშნავს, შენი მოსწავლე თუ სკოლის მიღმა გავიდა და სადღაც ღობესთან დგას, აღარ არის შენი მოსწავლე?
ბულინგის მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებებისა და სულიერი ტრავმისგან, განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად გრძნობდეს, დაუქვეითდეს თვითშეფასება. შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ასეთი ბავშვები ხშირად აცდენენ ან აგვიანებენ გაკვეთილებზე, ასევე შეიძლება გაუარესდეს მათი აკადემიური მოსწრება. სურვილი უქრებათ, მიიღონ მონაწილეობა სკოლაში ჩატარებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, კარგავენ მეგობრებს და ა. შ. ამიტომ აუცილებელია ბავშვის მიერ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და მისი ადრეულ ასაკშივე აღმოფხვრა.
_ საბოლოოდ რომ ვთქვათ, აუცილებელი პირობაა, რომ სკოლაში შემოვიდეს ფსიქოლოგიური დახმარება…
_ ძალიან სწორად თქვი, ფსიქოლოგი კი არა, ფსიქოლოგიური სამსახური ძალიან საჭიროა და ხშირად ქიმიასა და ფიზიკაზეც მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბროთ მოზარდებს ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, პრობლემებზე, რომელიც მათ ასაკში იჩენს თავს. მათ ხმას თუ მოუსმენენ, შესაბამისად აგრესიაც შემცირდება და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება _ თუ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, მაშინ მოიწვიოს სხვა ფსიქოლოგი, ეს პრაქტიკაც არსებობს, მე ხშირად მიწვევენ ხოლმე სხვადასხვა სკოლები სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ. ამ ეტაპზე ეს არის გამოსავალი.
_ შეჯამების სახით რომ ვთქვათ, უკეთესი იქნება, თუ მშობელიც გამონახავს დროს, პირველ რიგში, ფინანსებს და ბავშვს წაიყვანს ფსიქოლოგთან. ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში კულტურაც არის.
_ სხვათა შორის, ნელ-ნელა ეს კულტურა ინერგება, ყოველ შემთხვევაში, თბილისში. არ ვიცი, რაიონებში რა ხდება ამ კუთხით, მე არ მაქვს ინფორმაცია. ვინაიდან ჩვენ გამოვიარეთ კოვიდის რთული პერიოდი, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ამან მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე. მთელ მსოფლიოში ფსიქოლოგებზე მოთხოვნა გაიზარდა. მშობლებმაც უნდა გამონახონ დრო. მათ უნდა გააცნობიერონ, რამდენად ღირებულია მათი შვილებისთვის თუნდაც ერთჯერადი ფსიქოლოგიური კონსულტაციაც კი.