- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-09 17:00:14
ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოში 172 000 ადამიანი გამოსახლების კანდიდატია. ამავე დროს, იუსტიციის მინისტრის 6 აპრილის ბრძანებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცალკეული საკითხების მოსაწესრიგებლად გამოსახლებები შეჩერდება.
რას ნიშნავს გამოსახლებების შეჩერება?!
იმას, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ბუნებრივია , ხალხს დისტანციურად ვერ გამოასახლებ ფართებიდან, ვინაიდან იგი გულისხმობს პოლიციასა და მეპატრონეებს ერთად, წივილ-კივილზე შეყრილ მეზობლებს და ა. შ. მოკლედ, ხალხმრავლობას, რაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე, კანონით იკრძალება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სხვისი მფლობელობიდან ან, გნებავთ, სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე, არ განხორციელდება მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანა.
რა მოხდება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება?! სავარაუდოდ, გამოსახლება განახლდება. ამ ეტაპზე, კრედიტორს, ასევე განმცხადებელს ენიჭება მხოლოდ უფლება, რომ გამოსახლების მოთხოვნით დაარეგისტრიროს განცხადება და დაიწყოს სააღსრულებო წარმოება, რა თქმა უნდა, ონლაინ რეჟიმში. იურისტ ლია ლემონჯავას განმარტებით, ეს არის მესაკუთრის უფლებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფოს მტკიცე პოზიციაა ამ უფლების შეზღუდვა. კერძოდ, არ განახორციელოს აღსრულება. ასევე ჩაერიოს აღსრულების პროცესში და არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეაჩეროს უძრავი ქონებიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირების გაყვანა.
ერთი შეხედვით, ეს კარგია იმ კუთხით, რომ გამოსახლების კანდიდატებს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ. სამწუხაროდ, ეპიდემიამ მათ წისქვილზე დაასხა წყალი. კიდევ უფრო კომიკურად ჟღერს ის ფაქტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისთვის გაფრთხილების წერილი იგზავნება მასში იძულებით გამოსახლების შესახებ კონკრეტული თარიღისა და დროის მითითების გარეშე. ეს კი უკვე „კოშმარნიუსია!“ - თუ შეღავათს უწევ და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ ასახლებ, მაშინ გამოსახლების შესახებ ფაგრთხილების წერილსაც ნუ უგზავნი, მით უმეტეს, თუ იქ გამოსახლების ვადა არ არის მითითებული.
როდის დაიწყება მოვალეთა გამოსახლება?! გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება (უკვე დაწყებულზე კი გაგრძელდება) საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. ბრძანების თანახმად, შეჩერებას დაექვემდებარება მოძრავი ნივთის მოვალისთვის ჩამორთმევისა და კრედიტორისთვის გადაცემის პროცესიც.
გამოსახლების კატეგორიის საქმეების გარდა, რეგულაციები ვრცელდება მთელ რიგ ღონისძებებზე, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში. ბრძანების თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და წარმოების მონაწილე პირს შორის ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით.
დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 10-სამუშაო დღის ფარგლებში.
ბრძანება ასევე განსაზღვრავს კერძო აღმასრულებელთან კომუნიკაციის ფორმასა და წესს. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეჩერდება დაყადაღების პროცესი იმ ნივთებზე, რომელიც განთავსებულია საცხოვრებელ სადგომშიც. ასევე შეჩერდება ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა.
რაღაცა „დადებითი“ მოიტანა ახალმა კორონავირუსმა, ამ ხალხისთვის მაინც.
თამარ როსტიაშვილი