QronikaPlus
გადადის თუ არა შარდით და რა საფრთხეს უქმნის კორონავირუსი თირკმელგადანერგილებს? - ინტერვიუ პროფესორ არჩილ ჩხოტუასთან

გადადის თუ არა შარდით და რა საფრთხეს უქმნის კორონავირუსი თირკმელგადანერგილებს? - ინტერვიუ პროფესორ არჩილ ჩხოტუასთან

2020-04-09 14:50:58

ახალ კორონავირუსზე ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ამ „მკვლელი ვირუსის“ ბუნებისა და ქცევის წესების შესახებ ბოლომდე არავინ არაფერი იცის. „ქრონიკა+“ დაინტერესდა, არიან თუ არა კორონათი დაინფიცირების რისკჯგუფში პრობლემური შარდსასქესო ორგანოების მქონე ადამიანები და რა საფრთხეს უქმნის ახალი კორონავირუსი თირკმელგადანერგილებს? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“  ესაუბრება ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორს სამეცნიერო დარგში, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალურ მდივანს, პროფესორ არჩილ ჩხოტუას:

- ბატონო არჩილ, თუ არის ცნობილი შემთხვევბი, როცა კორონავირუსმა გართულებები გამოიწვია უროლოგიის, ანუ შარდსასქესო სისტემების კუთხით?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2), როგორც თავად სახელწოდება გვეუბნება, ახალი დაავადებაა და მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. რაც ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში დარგოვილი კლინიკური გამოცდილებიდან ვიცით, ისაა, რომ ვირუსის ძირითადი სამიზნე ფილტვებია. დაავადება ძალიან სწრაფად და სისტემურად აზიანებს ორივე ფილტვის ფუნქციურად აქტიურ ქსოვილს და შეიძლება, ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს. გარდა ამისა, უკვე დადგენილია, რომ SARS-CoV-2 ვირუსი ამოიცნობს ე. წ. ადამიანის ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტ 2-ის (ACE2) რეცეპტორებს, უკავშირდება მათ და იმ ორგანოებს აზიანებს, სადაც ეს რეცეპტორებია. ერთ-ერთი ასეთი ორგანო თირკმელია და უკვე დადგენილია, რომ დაავადებულთა 29%-მდე შემთხვევაში თირკმლების, მეტ-ნაკლებად, გამოხატული მწვავე უკმარისობა ვითარდება. ამასთან, საკმაოდ ხშირად, COVID-19 იწვევს სეფსისსა და სეპტიურ შოკს, რაც, თავისთავად, მეორადად აზიანებს თირკმლებს. სამწუხაროდ, თირკმლების მწვავე უკმარისობის განვითარება მნიშვნელოვნად ამძიმებს პაციენტის პროგნოზს და შემთხვევათა 60-90%-ში ლეტალური გამოსავლით მთავრდება. ამრიგად, შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ COVID-19-მა იშვიათად, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების დაზიანება მეტად სერიოზული უარყოფითი შედეგებით.

- რომელი უროლოგიური დაავადებები ითვლება მაღალი რისკის ჯგუფად COVID-19-ის ეპიდემიისას და რას ურჩევდით ამ პაციენტებს?

- პირველ რიგში, ესენი არიან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები და განსაკუთრებით, დიალიზზე (ჰემო და პერიტონეული) მყოფი პაციენტები. ეს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ორი მიზეზის გამო: 1) ამ პაციენტების იმუნური სისტემა დასუსტებულია და ძნელად უმკლავდება ყველა სახის ინფექციას და 2) ამ პაციენტების დიდ უმეტესობას აქვს მრავალი თანმხლები დაავადება, რომელიც თავისთავად წარმოადგენს COVID-19-ის რისკფაქტორს. ასე მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება და სხვ. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თირკმლები SARS-CoV-2 ვირუსის ერთ-ერთი სამიზნეა და ამიტომ ეს პაციენტები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. კერძოდ, უფრო სკრუპულოზურად უნდა დაიცვან საერთო პრევენციული ღონისძიებები (სოციალური დისტანცირება, პირადი ჰიგიენა...) და გააუმჯობესონ მათი სხვა დაავადებების მართვა, კერძოდ: არტერიული წნევისა და  გლიკემიის კონტროლი, დიეტოთერაპია და სხვ.   

იგივე ეხება ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც სისტემურ ქიმიოთერაპიას იტარებენ. მათი იმუნური სისტემა ასევე დასუსტებულია და ისინი გაზრდილ რისკჯგუფში შედიან.

ცალკე გამოსაყოფი და ძალიან საინტერესო ჯგუფია თირკმელგადანერგილი პაციენტები. თეორიულად, აღნიშნული პაციენტები ასევე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ვინაიდან იმყოფებიან მედიკამენტურ იმუნოსუპრესიაზე, თუმცა COVID-19-ის ავადობაზე ორგანოგადანერგილ პაციენტებში ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ლიტერატურაში აღწერილია COVID-19-ის სულ 15-მდე შემთხვევა გულისა და თირკმელგადანერგილ პაციენტებში და უნდა აღინიშნოს, რომ მათში დაავადების უფრო რთული მიმდინარეობა ან მაღალი ლეტალობა არ დასტურდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სწორედ იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ქრონიკული მიღება და იმუნური სისტემის ხელოვნური დათრგუნვა. როგორც დადგენილია, COVID-19 დაავადების ერთ-ერთ სტადიაზე იწვევს მასიურ აუტოიმუნურ აგრესიას (ე. წ. ციტოკინების შტორმი), რომელიც, საბოლოო ჯამში, შეუქცევადად აზიანებს ფილტვის ქსოვილს და პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება. მედიკამენტები, რომლებსაც ორგანოგადანერგილი პოაციენტები ღებულობენ, სწორედ ამ ციტოკინების დეაქტივაციას იწვევს, ამიტომ, სავსებით მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში დაავადება ნაკლებად აგრესიულად მიმდინარეობდეს.

- საინტერესოა, როგორ იცვლება უროლოგიური კლინიკებისა და განყოფილებების ყოველდღიური პრაქტიკა COVID-19-ის პანდემიის დროს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან უროლოგიურ პაციენტებზე?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მოგეხსენებათ, ექიმები და მთლიანად სამედიცინო პერსონალი ამ „ომის“ წინა ხაზზე არიან. ამაში გამონაკლისი არც უროლოგები ვართ. რეალობამ მოითხოვა უროლოგიური სამსახურის რეორგანიზება ქვეყანაში, არსებული სამედიცინო სექტორის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით. საქართველოში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენი ქვეყნის უროლოგიური კლინიკები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. კერძოდ, ქვეყნის ორ დიდ საავადმყოფოში (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა) სრულად შეწყდა უროლოგიური განყოფილებების ფუნქციონირება. აკადემიკოს ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, რომელიც ქვეყნის უდიდესი უროლოგიური კლინიკაა და რომელსაც მე წარმოვადგენ, დროებით შეჩერდა გეგმური უროლოგიური ჩარევები და მნიშვნელოვნად შემცირდა ამბულატორიული კონსულტაციები. ამჟამად ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელ შემთხვევებსა და ონკოლოგიურ პაციენტებს. აქტიურად ვაწარმოებთ უროლოგიური პაციენტების დისტანციურ კონსულტაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ქართველი უროლოგები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს უკვე მოხდა ევროპასა და აშშ-ში. ასე მაგალითად, იტალიაში უროლოგების 2/3 მნიშვნელოვნად ჩაერთო დაავადებული პაციენტების მკურნალობაში. აშშ-ში ამჟამად  აქტიური კამპანია მიმდინარეობს ყველა სპეციალობის ექიმისა და მათ შორის უროლოგების, მობილიზებისთვის დაავადებასთან საბრძოლველად. მათ ანაწილებენ სხვადასხვა კლინიკაში COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში დასახმარებლად.

რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებით, გარკვეულწილად, ზარალდება ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც უროლოგიური პრობლემები აქვს და სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წარმატებით გავუმკლავდებით ამ უდიდეს გამოწვევას და დავუბრუნდებით პროფესიული საქმიანობის ჩვეულ რიტმს.   აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც გახლავართ, ინტენსიურად მუშაობს ქვეყანაში უროლოგიური სერვისის ოპტიმიზაციის საკითხზე და სულ მალე ჩვენ მივაწოდებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს ჩვენს კოლეგებს ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ის ეპიდემიისას უროლოგიური დაავადებების მართვის შესახებ. 

- ჯანმოს მთავარი რეკომენდაციები პირადი ჰიგიენის დაცვაა. საერთოდ, ჰიგიენა კორონამდეც უნდა დაგვეცვა, მაგრამ ამას ადამიანების უმეტესობა, რატომღაც, არ აკეთებდა. ე. ი., კორონაეპიდემიის დამარცხება მხოლოდ პირად ჰიგიენას შეუძლია?

- დღეს, სამწუხაროდ, არ გვაქვს უშუალოდ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებები, როგორიცაა ვაქცინა და მედიკამენტი. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სანამ ეს პრეპარატები გამოჩნდება, მასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება არაპირდაპირი დაცვის მეთოდებია. ესენია: სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენა. პირველი აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსთან კონტაქტი და მისი გავრცელება, ხოლო მეორე იმისთვისაა საჭირო, რომ თუ ვირუსთან კონტაქტი მაინც შედგა, თავიდან ავირიდოთ მისი ჩვენს ორგანიზმში შეჭრა. სამწუხაროდ, სხვას ჯერ ვერაფერს ვურჩევთ მოსახლეობას.

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, გადადის თუ არა ვირუსი შარდით? ამის შესახებ მონაცემები მწირი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთნი ამბობენ, რომ ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია ინფიცირებული ადამიანის შარდში და ეს მაშინ, როცა მეორენი უარყოფენ შარდთან კონტაქტით დაავადების გავრცელების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი რეკომენდაცია მოსახლეობისადმი შემდეგია: მაქსიმალურად მოვერიდოთ საჯარო ტუალეტებით სარგებლობას, რეგულარულად დავასუფთაოთ პირადი სველი წერტილები და, რა თქმა უნდა, დავიცვათ პირადი ჰიგიენა მათი სარგებლობის შემდეგ.

- ბოლოს, თქვენ, როგორც ექიმი, როგორ იცავთ თავს კორონასგან?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ: მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება, პაციენტების დისტანციური კონსულტირება, ონლაინ ლექციები სტუდენტებისთვის და სხვ. რაც ეს დაავადება გავრცელდა, არ მქონია კონტაქტი დედაჩემთან, რომელიც 81 წლისაა და აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ის ჩემს დასთან ცხოვრობს ცალკე ბინაში. თვეზე მეტია, მასთან არ შევსულვარ, კართან ვუტოვებ პროდუქტებს, ფულს და ფანჯრიდან ან ღია კარიდან ველაპარაკები 2 მეტრის დისტანციის დაცვით. ამით მინდა მივანიშნო ჩვენს მკითხველს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა. ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, დავიცვათ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება