- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-07 12:06:45
კარგა ხანია, მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც თვითიზოლაციაში იმყოფება. ყველაფერ ამის მიზეზი კი ახალი კორონავირუსია, რომელმაც პლანეტას უხილავი ომი გამოუცხადა. შეიძლება, ზოგიერთი სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ ომს აუცილებლად ადამიანები მოვიგებთ, თუმცა სანამ ბრძოლა დასრულდება, უხილავ მტერთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანი იარაღი სახლში დარჩენაა. ზოგი წუწუნებს, თვითიზოლაცია დამღლელიაო, თუმცა ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი ნანა ჩარკვიანი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ თვითიზოლაცია ცუდი სულაც არ არის, რადგან ადამიანები ბევრ რამეს გადააფასებენ და საკუთარ თავში უამრავ ახალ შესაძლებლობასაც აღმოაჩენენ. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, რომ ცუდი არც კორონავირუსით შეცვლილი სამყარო იქნება. რატომ? - ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ. მოკლედ, რა ხიბლი აქვს თვითიზოლაციას და შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანს კორონა თვითრწმენით დაემართოს? - ყველაფერ ამაზე ჩვენს გამოცემას ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი ნანა ჩარკვიანი ესაუბრა.
- მასობრივი იზოლაცია რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, ანუ საბოლოო ჯამში, კორონაგადარჩენილებს ფსიქოლოგიური მკურნალობა ხომ არ დაგვჭირდება?
- პატიმრები ჩვენზე გაცილებით მკაცრ იზოლაციაში არიან, მაგრამ როგორ გგონიათ, საპატიმროების დატოვების შემდეგ შესაძლებელია თუ არა, რომ მათ სერიოზული მკურნალობა დასჭირდეთ?
- ზოგიერთს, შესაძლოა, დასჭირდეს...
- საერთოდ, იზოლაცია ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია, ვინაიდან ჩვენ სოციალური არსებები ვართ და კომუნიკაცია აუცილებლად გვჭირდება. სხვაგვარად სენსორული შიმშილი, ანუ ურთიერთობების მოთხოვნა დაიწყება, თუმცა აქვე გეტყვით, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც თვითიზოლაცია სრულებითაც არ აწუხებთ.
- რატომ?
- მათთვის ეს კომფორტულია. მაგალითად, ინტროვერტებს თავყრილობები და შეკრებები არ უყვართ, ამიტომ თვითიზოლაციას ნორმალურ პირობებშიც კი ცდილობენ და ამ სიტუაციაში სრულებით კომფორტულად გრძნობენ თავს.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთელი მსოფლიო გლობალურ ქსელშია ჩართული და ამიტომ სრული სენსორული შიმშილი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ანუ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ერთმანეთს სოცქსელებით, „მესენჯერით“, „სკაიპით“, „ზუმით“ და ა. შ. ვეკონტაქტოთ.
- ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ვართ მიჩვეულნი, თვითიზოლაციაში, კითხვისა და ფილმების ყურების გარდა, დრო როგორ უნდა მოვკლათ? ანუ, ნანა, თქვენი, როგორც სპეციალისტის, პრაქტიკული რჩევები როგორია?
- გულახდილად გეტყვით, რომ ასეთ შემთხვევებში რჩევების მიცემა ძნელია, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, შესაბამისად, ინტერესებიც და გატაცებებიც განსხვავებული გვაქვს, თანაც თვითიზოლაციის პირობებიც განსხვავებულია, ანუ ზოგი 20 კვადრატულ მეტრიან ბინაში ცხოვრობს, ზოგი კი - კერძო, ეზოიან, ბაღიან სახლში. ზოგი ხელმოკლეა, ზოგიც - შეძლებული და მეტი საშუალება აქვს, კომფორტულად გაატაროს დრო. ზოგი მარტოხელაა და ზოგსაც დიდი ოჯახი აქვს, ანუ სახლში ბევრი ადამიანი ირევა.
სხვათა შორის, დაბეჯითებით გეუბნებით, რომ იზოლაციაში გაცილებით ძნელია, გამუდმებით იმყოფებოდე ოჯახის წევრების გარემოცვაში, ვიდრე - მარტო. მცდარია მოსაზრება, რომ ოჯახის წევრები ამ დროს უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. პირიქით, ისინი ღიზიანდებინ კიდეც, რადგან განმარტოების სურვილი ხანგამოშვებით ყველაზე აშკარა ექსტრავერტებსაც კი აქვთ და ამ დროს სხვებთან „შეჯახება“ კონფლიქტის ალბათობას მკვეთრად ზრდის.
რაც შეეხება აქტიურ ცხოვრებას მიჩვეულ ადამიანებს, ამოვიდეთ იქიდან, რომ თვითიზოლაციასაც აქვს თავისი პლუსები. აი, მაგალითად, თქვენ აქტიური ადამიანი ხართ და რამდენჯერ მოგისმენიათ ასეთივე აქტიური ადამიანისგან, რომ რაღაცისთვის დრო არ რჩება, თორემ მთებს გადადგამდა?
- დიახ, მომისმენია.
- ჰოდა, ახლა სწორედ მთების გადადგმის დროა: ვიღაცას წიგნი აქვს დასაწერი, ვიღაცას - მუსიკა შესათხზავი, ვიღაცას კი ფერწერული ტილო აქვს შესაქმნელი... და თუ ვერც ერთი საქმე ვერ გამონახა, მაშინ შეუძლია, თვითგანვითარებას დაუთმოს დრო. მაგალითად, რომელიმე უცხო ენის, პროგრამირების, მარკეტინგის, ასტროლოგიისა და ათასი სხვა რამის შესწავლას, ანუ დრო კი არ უნდა „მოკლა“, არამედ - ნაყოფიერად გამოიყენო.
აქვე, ბონუსად დავამატებდი: საკმარისია, ნებისმიერ შესასწავლ საგანს ან საქმეს დღეში ზუსტად ერთი საათი დაუთმოთ, ოღონდ - ყოველდღე და ერთი წლის შემდეგ ამ საქმესა თუ დარგში ნამდვილი ექსპერტი იქნებით.
თუ ზემოჩამოთვლილთაგან თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტიც არაა, მაშინ თვითიზოლაციას ისე შეხედეთ, როგორც თავგადასავალს, ახალსა და უჩვეულო გამოცდილებას, რომელიც უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის, უთუოდ დაგიტოვებთ რაღაც ახალს, სხვას, რისი გემოც აქამდე არ იცოდით.
მოკლედ, ითამაშეთ რობინზონ კრუზობანა და ნახეთ, რისი უნარი შეგწევთ არასტაბილურ, არაკომფორტულ და უცხო პირობებში.
- ისე, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს, რომელიც გამუდმებით იღებს კორონაზე ინფორმაციას, შესაძლოა, თვითრწმენითა და შთაგონებით რამე დაავადება დაემართოს?
- დიახ, შესაძლებელია, მოეჩვენოს, რომ თავადაც აქვს ვირუსი და ყოველ წამოხველებაზე სიცხის გაზომვა დაიწყოს.
საერთოდ, თვითრწმენასა და შთაგონებას დიდი ძალა აქვს და ამიტომ ჯობია, ისინი დესტრუქციისკენ კი არა, პოზიტივის მოზიდვისკენ მიიმართოს. თუ ადამიანი მაინცდამაინც ვერ უმკლავდება დასნეულების შიშს, მოიძიოს სხვა წყაროები, სადაც წამყვანი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ პციენტების ლამის 80 პროცენტს ეს ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქად გადააქვს. ჰოდა, რატომ ვიფიქროთ უარესზე?
- თვითიზოლაცია უწყობს თუ არა ხელს ფობიებისა და შიშების გაჩენას?
- გარკვეულწილად, უწყობს, თუმცა, ასე ვთქვათ, „რისკის ჯგუფში“ ისინი უფრო არიან, ვისაც ეს ფობიები ისედაც აწუხებთ და მათგან განთავისუფლება სპეციალისტის დახმარებითაა შესაძლებელი, რა თქმა უნდა, იზოლაციის დასრულების შემდეგ.
ეჭვი მაქვს, რომ ადამიანები ნორმალური ცხოვრების პირობებში ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და, უბრალოდ, თავიანთ შიშებს „უმეგობრდებიან“, ან მათთან თანაცხოვრებას სწავლობენ, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მაინცდამაინც არ სურთ ამა თუ იმ ფობიისგან განთავისუფლება და ამას თავისი მიზეზები აქვს, რაც უკვე სხვა განხილვის საგანია.
- თვითიზოლაციაზე რთული პოსტთვითიზოლაციის პერიოდი ხომ არ იქნება, ანუ ადამიანები თავისუფლებას ერთგვარად გადაჩვეულები ვიქნებით და ძველ ჩვევებთან დაბრუნება ხომ არ გაგვიჭირდება?
- ჩვენს ჩვეულ საქმიანობასთან, მეგობრებსა და გარემოსთან დაბრუნება რატომ უნდა გაგვიჭირდეს? ამ გამოცდილებიდან ყველა ჩვენგანი განახლებული, სხვანაირი, უფრო საინტერესო და დამუხტული გამოვა, ახალი მსოფლმხედველობით, ახალი უნარ-ჩვევებით, ახალი ჩანაფიქრებით, ახალი შთაბეჭდილებებით, ახალი გეგმებითა და ინტერესებით.
სიმართლეა, როცა ამბობენ, სამყარო ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორიც კორონავირუსამდე იყოო და ეს ცუდი არაა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი თავისი კომფორტის ზონას გასცდა. შეიძლება, ეს ვერ გააცნობიერა, მაგრამ ცხოვრებას მაინც სხვაგვარად შეხედა, გადააფასა რაღაც-რაღაცები და იმისთვის მოემზადა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ სხვა რეალობაში შეიძლება აღმოჩნდეს და ამიტომ მეტად დააფასებს სიცოცხლეს, საყვარელ ადამიანებს; დაინახავს, რომ სამყარო მრავალფეროვანია და მომხიბვლელი სწორედ ამ მრავალფეროვნებითაა!
გიორგი აბაშიძე