- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-06 14:56:07
ლელა ჯანაშვილი იტალიაში 6 წლის წინ წავიდა სამუშაოდ. 5 წელი ბარიში იმუშავა, ერთი წლის წინ კი მილანში გადავიდა, სადაც ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა. კორონავირუსის გამო მან სამსახური დაკარგა და ახლა რამდენიმე ქართველთან ერთად ცხოვრობს. ისინი ასე ელოდებიან ჟამიანობის გადავლას, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.
როგორ გაჰყავთ კარანტინში მყოფებს დრო? რით არსებობენ უმუშევრად დარჩენილები? რატომ არ რისკავენ ისინი სამშობლოში დაბრუნებას? _ ამის შესახებ ლელა ჯანაშვილი „ქრონიკა+-ს ესაუბრება:
_ ლელა, იტალიაში ისევ მძიმე ვითარებაა. თქვენ მილანში ხართ და რა მდგომარეობაა მანდ?
_ ძალიან მძიმე მდგომარეობაა - მკვდარია ქალაქი. თითქმის თვე-ნახევარია სახლიდან არ გავსულვარ. ჩემს მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია.
_ სამსახურში არ დადიხართ?
_ სამსახური აღარ მაქვს. ახლა გოგოებთან ერთად ვცხოვრობ და ასე ველოდებით, თუ როდის გადაივლის ეს საშინელება. მერე სამსახურსაც ვიშოვი და სხვებთან ერთად ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ ცხოვრებას.
_ რამდენი ხანია, რაც უმუშევარი ხართ?
_ დაახლოებით, თვე-ნახევარია.
_ კორონავირუსის გამო დაკარგეთ სამსახური?
_ დიახ, ახლა ძნელია სამსახურის შენარჩუნება.
_ რით არსებობთ, გქონდათ რამე დანაზოგი?
_ რაღაც დანაზოგი მქონდა. გოგოებთან ვცხოვრობ და ერთმანეთს ვეხმარებით. საქართველოდანაც მიგზავნიან ოჯახის წევრები ფულს.
_ რამდენი ხანია, რაც მილანში ცხოვრობთ?
_ ერთი წელია, მანამდე ბარიში ვიყავი. ექვსი წელია, რაც ამ ქვეყანაში ვარ.
_ საქართველოში დაბრუნება არ გიფიქრიათ?
_ არა. მიმაჩნია, რომ ჩემი დაბრუნებით შეიძლება, ჩემს ოჯახსა და ქვეყანას რაღაც პრობლემა შევუქმნა. ხომ შეიძლება, ვირუსი ჩამოვიტანო? აქ დავრჩები და გოგოებთან ერთად დაველოდები, როდის დაამარცხებენ ამ სენს. ამ დღეებში მილანსა და იტალიაში ვირუსით დაინფიცირებულთა კლება გამოვლინდა. ადრე სულ მატება იყო. ჩვენთვის ეს სასიხარულო ინფორმაციაა. იმედია, სურათი შეიცვლება და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.
გარეთ გამოსვლა ოცნებად მექცა. ხმაურიანი და ლაღი იტალია მენატრება. გული მოგიკვდებათ, ისეთი სიჩუმე და სიცარიელეა მილანში.
_ სულ ვერ გამოდიხართ ქუჩაში?
_ კვირაში ერთხელ. პროდუქტებს ვყიდულობთ და უკან ვბრუნდებით.
_ სახლში ჩაკეტილებმა არ მოიწყინეთ?
_ მოვიწყინეთ, მაგრამ რა ვქნათ? ვცილობთ, ერთმანეთი გავამხნევოთ. გაგვყავს დრო და ვცდილობთ, არ გადავირიოთ. იტალიელები თუ დასვეს სახლში, ჩვენც ასე მოვიქცევით და გავძლებთ კიდევ რამდენიმე კვირა. მთავარია, საფრთხემ გადაიაროს.
_ ისე, იტალიელების სახლში დასმა ადვილი არ იქნებოდა.
_ არა. ესენი იცით, როგორი ხალხია? - მოძრავი, სულ ქუჩაში არიან, დარბიან. ალბათ, თავადაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე დადგებოდა დღე, როცა დილით კაფეში ვერ დალევდნენ ყავას. ძალიან მოუსვენარი ხალხია ეს ჩიტირეკია იტალიელები. უსაზღვროდ მიყვარს ეს ხალხიც და ეს ქვეყანაც. სიცოცხლით სავსე იტალია ახლა ჩამკვდარია. მალე ყველაფერი დაბრუნდება.
_ ბევრი ამბობს, რომ შეიძლება, ერთ დღესაც, საქართველოშიც იგივე მოხდეს, რაც დღეს იტალიაში ხდება. მაქედან როგორ ჩანს აქაურობა, უმკლავდება საქართველო ვირუსს?
_ აქედან საქართველო ძალიან კარგად გამოიყურება. შორიდანაც ჩანს, რომ ქართველმა ექიმებმა და საქართველოს ხელისუფლებამ თავი კარგად გაართვეს ამ გამოწვევას. ხალხმაც გამოიჩინა შეგნება და ამიტომაც გაქვთ უკეთესი მდგომარეობა. იტალიელების სახლში დასმა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა და მძიმე შედეგიც დადგა. ახლა ყველა შეშინებული და დაზაფრულია, მაგრამ იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა; ჩემს საყვარელ საქართველოშიც ყველაფერი კარგად იქნება. ყველანი მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით. ამ საშინელებას აუცილებლად მოვერევით. მთავარია, სახლში იყოთ და ექიმების რეკომენდაციები დაიცვათ. დარჩით სახლში, ჩვენც გვიჭირს, მაგრამ ვუძლებთ. სახლიდან, როგორც უკვე გითხარით, კვირაში ერთხელ გავდივართ, ისიც - პროდუქტების საყიდლად. თქვენც უნდა შეიკავოთ თავი. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.
შორენა მარსაგიშვილი