QronikaPlus
მედია და პოლიტიკური კლასი პოზიტივების გარეშე

მედია და პოლიტიკური კლასი პოზიტივების გარეშე

2020-04-06 10:46:00

„დარჩი სახლში“ პირობებში ძალიან ბევრი რამ გახდა კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო და, ამავდროულად, დამაფიქრებელი. ამჯერად  მედიასა და პოლიტიკურ კლასზე გავამახვილებ ყურადღებას.

თუ სხვა დროს ეს პრობლემა იმალებოდა და ინიღბებოდა, ახლა ყველაფერი ნათელია - ქართული მედია მეტწილად რეტროგრადული, აგრესიული და არაპროდუქტიულია. მედიაში არ ისმის გონიერი სიტყვა და ის მავანთა მეოხებით რჩება იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ მანქანად. მედიას გააზრებული არ აქვს საკუთარი ფუნქცია და ის ინსტრუმენტია პოლიტიკური ჯგუფების ხელში.

დღეს ინტერნეტმედიამ, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოებმა და არა პორტალებმა (რომლებთაც ინტერპრეტირების მეტი „თავხედობა“ აქვთ), მნიშვნელოვნად ჩააჩოჩეს დანარჩენი მედიასაშუალებები და იმის მიუხედავად, „მონსტრები“ ამას აღიარებენ თუ - არა, მოუწევთ. აქვე მნიშვნელოვანი გახდა და დაფასდა გონიერი სიტყვა და ანალიზი, ასევე გონიერი ადამიანების მიერ და არა მათგან, ვინც მართალია, უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ სათაურის მიღმა არაფერს კითხულობს, „ვერ ვკითხულობ დიდ ტექსტებს - დამღლელია“ მოტივით. ფასი დაედო სწორად დასმულ კითხვას და გააშიშვლა ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენელთა არასაკმარისი განათლება.

ჟანრის კრიზისში მყოფი მედიასაშუალებები, განსაკუთრებით კი ტელევიზიების უმეტესობა, საკმაოდ საცოდავი საცქერია. ამ ფონზე კი მათი მამლაყინწური თავდაჯერებულობა საკუთარ უცდომელობაზე და მართალ სიტყვაზე ნამდვილად არ გახლავთ სასაცილო -  სულ უფრო მეტად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ცალკეული პერსონების ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და ადეკვატურობაზე. ერთია, როდესაც არ იზრდები და მეორე - ვერ იზრდები, თუმცა არსებობს მესამეც - როცა არც გინდა, გაიზარდო და ფიქრობ, - ყველაზე მაგარი ვარ! საუბედუროდ, ამ ტენდენციას ვაკვირდებით ლამის ყველა ტვ-ში და ეს არის ცუდი. უფრო მეტად ცუდია, როდესაც  მაყურებელთა გარკვეული ნაწილი კონკრეტული ტვ-ის მრევლად იქცა და პოლიტიკური თუ სხვა სახის კონიუნქტურის საფუძველზე არასოდეს დასცდება ხოლმე კრიტიკული სიტყვა ამა თუ იმ სიუჟეტზე, რეპორტაჟსა და, თუნდაც, მათთვის ცნობილი ფაქტების დამახინჯებაზე. არაფერს ვამბობ ცალკეულ გამონათქვამებსა და ფრაზებზე. თუმცა არის ერთი დამაიმედებელი ტენდენცია -  ბოლო პერიოდში ცალკეული ტელევიზიების მაყურებლები - ათიდან ორი - აცხადებს, რომ მათ ან საერთოდ გამორთეს ტვ, - ან გადართეს. ალბათ, სტრატეგიულ გააზრებას მოითხოვს ის საკითხი, რომ სახლში ყოფნის პირობებშიც კი ტელევიზიების მაყურებელთა რაოდენობა არ იზრდება, პირიქით - იკლებს და აქ, უამრავ სხვა ფაქტორთან ერთად, სწორედ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნათლად წარმოჩნდა, რომ ქართულმა მედიამ და განსაკუთრებით ქართულმა ტელევიზიებმა არ იციან პოზიტიური ნიუსების კეთება - პოზიტიური ნიუსის, რომელიც დღეს ასე სჭირდებათ უხილავი მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს.

ისევ უნდა გავიმეორო ადრე ნათქვამი: ჩვენი უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს რაობის გაუაზრებლობაა. სახელმწიფო არის წესრიგი და კანონი. სწორედ ის, რა უნარებსაც დღეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ავლენს. და თუ დღეს ბევრს აქვს აპათია პოლიტიკური პროცესის მიმართ, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ „ბევრს“ არ სჯერა პოლიტპარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ სახელმწიფოს  დემოკრატიული პრინციპებითა და პროგრესით მშენებლობის, ასევე მათგან სახელმწიფოებრივი ხედვის უზრუნველყოფის. ჩვენი პოლიტიკოსების უმტესობა არ არის ხვალინდელი დღე თუნდაც იმიტომ, რომ ისინი დღეს უკვე არიან „გუშინ“. მათ არ გააჩნიათ ადეკვატური უნარები და ხედვა, ვერ ხედავენ გამოწვევებს და შესაბამისად ვერ პასუხობენ მას, არ შეუძლიათ სოლიდარობა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. მათ არ ესმით, რომ სოციალურ-პოლიტიკური კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ მათი პოლიტიკოსობა ვაღიარეთ, გადახედვას ექვემდებარება. მათ არ ესმით, რომ ჩვენ ბრიყვები არ ვართ და ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომელთაც ცალკეულ პოლიტიკოსებზე უკეთესი უნარები და ლოგიკა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, სწორება მასების დაბოლებაზე კი არ უნდა იყოს, არამედ სწორედ რომ გამორჩეული პერსონების გაკვირვებაზე პოზიტიური გადაწყვეტილებებით.

არ ვაპირებ ახლა კონკრეტულად განვიხილო ქართული პოლიტიკური კლასის  ბოლო პერიოდის „შეცდომები“ (შემეძლო უფრო მძიმე შეფასებაც), მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რა მოლოდინები იყო საზოგადოებში და მერე ყველამ თავად დაასკვნას, რამდენად პასუხობს ამ მოლოდინებს პოლიტიკური ჯგუფები თუ ცალკეული პერსონები. მოკლედ - „უხილავი მტერი“ იყო ერთგვარი შანსი გარკვეული პოლიტიკური ტრაქტატისა ქართულ პოლიტიკურ კლასს შორის. ეს არანაირად არ გულისხმობს რომელიმე მხრიდან კრიტიკულ აზრზე უარის თქმას. მაგრამ ეს გულისხმობდა პოლიტიკურ ველზე არსებული ნეგატივების, პირველ რიგში, ურთიერთსიძულვილზე უარის თქმას, რასაც პარალელურად უნდა მოჰყოლოდა პოლიტკური ჯგუფების მომხრეებში სიძულვილის გაქარვება. მაგრამ არა - პირიქით, პოლიტიკური ჯგუფები ინარჩუნებენ იმავე პოზას და მხარდამჭერებსაც ურთიერთსიძულვილის რეჟიმში ამყოფებენ. ეს ვითარება თვალნათლივ ცხადყოფს, რომ მათ მენტალური, პროფესიული და, გნებავთ, სამომავლო სტრატეგიული ამოცანების გააზრების კრიზისი აქვთ. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ ოქტომბრის არჩევნები კვლავაც სასტიკი, პირადი შეურაცხყოფებით სავსე და ურთიერთზიზღით გაჯერებული მხარეების დაპირისპირება იქნება. დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც კვლავ ვერ მოვისმენთ იმას, თუ რა უნდათ პარტიებს და რა არის მათი „ნათელი მომავლის“ არგუმენტების განმსაზღვრელი ფაქტორი, რადგან ამისთვის არავის ეცლება. ისიც ცხადი ხდება, რომ ამ ვითარებაშიც კი ვერ შეძლებს ქართული პოლიტიკური კლასი, არჩევნებიდან განდევნოს „რუსული“ თემა და კვლავ ამ ტალახში ამოგანგლავენ ერთმანეთს.

ამ ყველაფერს კი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეტროგრადული და პოლიტიზებული ქართული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი. არადა, როგორ გვჭირდება ახლა თუნდაც მინიმალური პოზიტივები ყველა „ფრონტზე“.

გოჩა მირცხულავა

გაზიარება