QronikaPlus
განათლების მინისტრის გართობანი – „ტელესკოლა“ და დამოძღვრილი მშობლები

განათლების მინისტრის გართობანი – „ტელესკოლა“ და დამოძღვრილი მშობლები

2020-04-05 11:59:51

საქართველოს განათლების სამინისტრო ავსტრალიასავით არის - სულ რომ იქცეოდეს დანარჩენი მსოფლიო, აქ სიმშვიდე და სიწყნარეა.  მერე რა, რომ აბორიგენები მაგისტრალებზე დარბიან და გველები - სიდნეის ცენტრალურ ტრასებზე? მთავარია, მიხეილ ჩხენკელის გამინისტრების შემდეგ, განათლების სისტემას დიდი ქარტეხილები არ დასტყდომია თავს.

მალე ეროვნული გამოცდები დაიწყება - რა ხდება პანდემიის პირობებში სკოლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?! თითქოსდა უპრობლემოდ მიმდინარეობს დისტანციური ე. წ. ონლაინ სწავლების ახალი ქართული პლატფორმა. მოგეხსენებათ, ახალი გამოწვევის გამო დროებით შეჩერებულია მეცადინეობები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად სამინისტრო შეეცადა,  არ შეეჩერებინა სასწავლო პროცესი.  მაგრამ მიხეილ ჩხენკელი „რისი ჩხენკელი“ იქნებოდა, რომ თავისი კრეატიული ფორმატიც არ დაემატებინა. შედეგად, შეიქმნა „ტელესკოლა“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად. „ტელესკოლაში“ ჩატარდება გაკვეთილები, თუმცა მისი ყურება ბავშვებისთვის ნებაყოფლობითია.

ახლა, წარმოიდგინეთ ასეთი რამ! მოსწავლე, რომელიც მორჩა ონლაინ გაკვეთილებს, დაემშვიდობა მასწავლებელს, გამორთო კომპიუტერი... რას აკეთებს ამის შემდეგ? - ისვენებს, საკვებს მიირთმევს და ერთობა, თამაშობს და ა. შ. ერთ ბავშვსაც ვერ დაასახელებენ განათლების ექსპერტები, რომელიც  ონლაინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ნებაყოფლობით გადართავს საზოგადოებრივ არხზე და უყურებს „ტელესკოლას!“ ნებაყოფლობით, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ უყურებენ.

2020 წლის გამოცდებს რაც შეეხება - არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.

არ შეგეშალოთ! ეს ცვლილება ეხება მხოლოდ რეგისტრაციის ვადებს და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღს, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება. სხვათა შორის, ერთი პლუსი მაინც აქვს სამინისტროს მიერ დარეკლამებულ „ტელესკოლას“. იქ იქნება ასეთი გადაცემა - „აბიტურიენტის საათი“, სადაც ექსპერტები, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მე-12-კლასელებს  კონსულტაციას გაუწევენ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა. სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ  განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა მშობლებს უფასო დახმარება შესთავაზა. იკითხავთ, ალბათ, რა დახმარება? პროდუქტების სახლში მიტანა თუ მანქანით გადაადგილება? საუბარია სამინისტროს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრზე, რომელმაც მშობლები უნდა დაარიგოს,  როგორ გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას.

პრინციპში, ცუდი იდეა არ არის, მარტო რეკომენდაციებით რომ არ შემოიფარგლებოდეს. მაგრამ რეკომენდაციებია ისეთი, „ვანოს შოუს“  რეპერტუარს რომ შეუვსებს.

მაშ, ასე! რეკომენდაციები ონლაინ სწავლებაზე გადასული ბავშვების მშობლებისთვის:

„დღის განმავლობაში დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს, დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს (ამას მშობლებს ეუბნებიან! - რედ.), შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები, შეადგინეთ კვირის გეგმა, გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც (ანუ ბავშვს უნდა გაუწერო გართობის დაწყების საათი, დასრულებისა და ამ გართობებს შორის დასვენების საათები, - რედ.). ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით - მაგალითად, თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით.  ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად, შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესის დონეს (ანუ ონლაინ რეჟიმზე გადასულ ბავშვს, სახლიდან რომ ვერ გადის, კიდევ ცხრილს რომ გაუკრავ კედელზე, როდის რა აკეთოს საათებსა და წუთებში, ეს, თურმე, არ დასტრესავს, - რედ.). გაწერილ გრაფიკს უნდა იცავდეს როგორც ბავშვი, ისე ოჯახის სხვა წევრები.

აბა, როგორ მოგწონთ? - კედელზე გაკრული ცხრილი მასზე დატანილი საათობრივი გრაფებით უნდა შეასრულოს  დედამაც, მამამაც და ბებია-ბაბუამაც.

ეს ჯერ ყველაფერი არ არის:

„უთხარით ბავშვს, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ (კი მაგრამ, სხვაგან სად შეიძლება იყოს მშობელი ეპიდემიის  პირობებში?! - რედ.).

იმდენად, რამდენადაც ეროვნული გამოცდები ახლოვდება,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში გამართავს  და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ (ყოველ ოთხშაბათს, მხოლოდ 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე).

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება