QronikaPlus
საგანგაშო ჩამონათვალი - რომელ პროდუქტზე რამდენით მოიმატა ფასებმა?

საგანგაშო ჩამონათვალი - რომელ პროდუქტზე რამდენით მოიმატა ფასებმა?

2020-04-04 15:04:23

პანდემიის დასაწყისშივე ფასები კატასტროფულად ავარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთხელ გააფრთხილა კერძო ოპერატორები იმასთან  დაკავშირებით,  არ გასცდენოდნენ წლიური ინდექსის მაჩვენებელს, სანამ მკაცრი ჯარიმებისა და სანქცირების კანონი არ შევიდა ძალაში, ფასები ერთბაშად მაღლა აიტყორცნა.

საქართველოს  პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კანონის შემდეგ ფასები, თითქოსდა, დარეგულირდა, მაგრამ როგორც „ქრონიკა+“-მა  საქართველოს  სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით გაარკვია,  მთლად კარგად ვერ გვაქვს საქმე.

2020  წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ  - 6,1 პროცენტი შეადგინა.  „ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულ ცვლილებას.

მაშ, ასე! სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში (პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) დაფიქსირდა ფასების 2%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -  9,6%, ხილსა და ყურძენზე - 8, 9%,  შაქარზე,  ჯემსა და სხვა ტკბილეულზე  -3,7 %, ზეთსა და ცხიმზე - 2,6 %, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე - 2,3%, პურსა და პურპროდუქტებზე - 1,7%.

 ფასები შემცირდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 1,3%, თევზეულზე - 1,2%. თუმცა აღნიშნული პროცესი დიდი მარხვის დღეებს უკავშირდება. შესაბამისად, ეს ნიშნული აპრილის შუა რიცხვებში კიდევ აიწევს, თანაც - საგრძნობლად.

ტრანსპორტის ჯგუფში (კომენდანტის საათის გამოცხადებასთან დაკავშირებით იგულისხმება ტაქსები) დაფიქსირდა ფასების 0,8-პროცენტიანი კლება, რაც - 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.  ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზეც - 2,0% და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 1,4 %.  სამაგიეროდ (რა ლოგიკას მიყვება, კაცმა არ იცის) ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 8,6%, როცა მთელ მსოფლიოში გაიაფდა და წესით, საქართველოშიც ასე უნდა ყოფილიყო.

ზემოთ ფასების მომატება წინა წლის მარტს შეედარა.

ახლა კი  ფასების ზოგადი წლიური მომატება პროდუქტებზე:

 სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში  ფასები გაიზარდა  13,4%-ით,  ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -  12,5%-ით,  ხილსა და ყურძენზე გაიზარდა - 29,7 %-ით,  შაქარსა და სხვა ტკბილეულზე  - 14,8%-ით,  ზეთსა და ცხიმზე - 9,1%-ით, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე - 10,2%-ით, თევზეულზე - 8,0%-ით, ნატურალურ წვენებზე - 10,2%-ით,  პურსა და პურპროდუქტებზე - 7,0%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 18.9%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 14,7%-ით.

სასტუმროებში მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8,9%-ით.

პირადი ჰიგიენის პროდუქციაზე ფასები გაიზრდა   6,5%-ით.

თამარ  როსტიაშვილი

გაზიარება