- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-03 11:05:12
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის - საპატრიარქოსა და უმაღლესი მმართველი ორგანოს - წმინდა სინოდის მიერ საქართველოს სახელმწიფოსთვის მოწყობილ ობსტრუქციასა და საბოტაჟს არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და რწმენასთან. ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია. ნებისმიერი პერსონა, რომელიც არსებულ ვითარებასა და გამოწვევას რწმენის პრიზმაში განიხილავს, ამ თემასთან მიმართებით, მინიმუმ, ზედაპირულობასა და, მაქსიმუმ, სიბრიყვეს ამჟღავნებს. აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს „პერსონა“ - პოლიტიკოსი, „ექსპერტი“, მედიის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე.
***
გასული წელს გამართული პირველი და, ამავდროულად, ბოლო სინოდის სხდომის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მაგრამ ეს მაშინაც აღვნიშნე და დღითი დღე დასტურდება კიდეც, რომ მძიმე ვითარება ეკლესიამ, კონკრეტულად კი საპატრიარქომ, სათავისოდ გამოიყენა. ეკლესიის წიაღში გაძლიერდნენ რეაქციული ძალები, რომლებიც არათუ შეეცადნენ, არამედ შეძლეს, რომ ინსტიტუციაში საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ. აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობ არასათანადო განათლების, ქრისტეს მოძღვრების არასაკმარისად და ზოგჯერ სრულიად არმცოდნე პერსონებს, რომლებსაც დღემდე ვერ გაურკვევიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარების ხვალინდელი დღე. ამ ვითარებაში თავითგადარჩენისთვის ჩრდილში გადასვლა მოუწიათ ისეთ ძალებს, რომლებიც ეკლესიის არსებობის დანიშნულებას სიყვარულსა და სიკეთეში, ჯერ კიდევ, მერვე საუკუნეში, გრიგოლ ხანძთელის მიერ განსაზღვრულ დოქტრინაში ხედავენ. მე არ ვემხრობი მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს პერსონები არიან ლიბერალური ძალები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცნება „ლიბერალური“ საპატრიარქოს მათი დისკრედიტაციისთვის სჭირდება. თუმცა, საერთოდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლიბერალიზმისა და, ამავდროულად, სამართლიანობის კლასიკურ მაგალითს თავად ქრისტე გვაძლევს: „პირველმა მან ისროლოს ქვა...“ გაიხსენეთ და სრული კონტექსტი გაიაზრეთ.
მოკლედ, სწორედ იმ ბოლო სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპატრიარქოს შესაძლებლობა მისცა, სრულად გადასულიყო ავტორიტარულ მართვაზე და სინოდი, კრებსითობა ეკლესიაში, რომელიც მანამდეც არ გახლდათ უპირატესი - ფორმალობად და აბსურდად აქცია.
***
გახსოვთ მოვლენები, რომელიც სინოდის სხდომას უსწრებდა წინ? მიტროპოლიტისა და ქორეპისკოპოს იაკობის „ბრალდებები“ და აღშფოთებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, თურმე ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეებში? გახსოვთ ამავე მიტროპოლიტის განცხადებები: „ვიდრე მე ვარ, გახარია ვერასოდეს გახდება პრემიერი“(?). გახსოვთ უამრავი ინტრიგა, რომელიც სწორედ ამ, სრულიადაც არა რიგითი მღვდელმთავრის მიერ იდგმებოდა და ხორციელდებოდა? გახსოვთ მისი როლი და ფუნქცია „ციანიდის საქმეში“?
ახლა სხვა რამეც უნდა გაგახსენოთ: გახსოვთ „ბოლო ჟამის პატრიარქი“ ან ხილვა მეორედ მოსვლაზე? ჰო, ხილვები უხვად გვაქვს - ერთ-ერთი ბოლო მფრინავ ცხენზე ამხედრებულ მხედარზე, ტალახსა და ფურთხზეც ხომ გახსოვთ? და თქვენ ფიქრობთ, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს მისტიკასთან და/ან წინასწარმეტყველებასთან? ნეტარ არიან მორწმუნენი... რეალურად ეს პოლიტიკაა... დიახ, პოლიტიკა!
***
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არსებულმა ყველა ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი სტალინური ეკლესია. სტალინური რატომ, ამას თავად ეკლესიის მმართველნი და გონიერი ადამიანები ადვილად მიხვდებიან. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ქვეყანა წარმოეჩინა, როგორც სრულყოფილი სეკულარული სახელმწიფო. ამის მცდელობა ჰქონდა ყველა ხელისუფლებას, მაგრამ ბოლოს უკლებლივ საპატრიარქოს ფეხებთან აღმოჩნდნენ განრთხმულნი. რა თქმა უნდა, ამის მცდელობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა წინა ხელისუფლებების დროს, ამ ქმედების წინააღმდეგ სწორედ ისინი აქტიურობდნენ, ვისაც ეკლესია ფეხებს ამტვრევდა - ანუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ვიმეორებ, ასე ხდებოდა ყოველთვის, ყველა ხელისუფლების დროს.
***
ის, რომ არსებულ მძიმე ვითარებაში ეკლესიაზე „შურისძიება“, მეტწილად, იმათი მხრიდან, რომელნიც პირველი უწვებიან ფეხქვეშ საპატრიარქოს და მუდამ ხელს უშლიან პროცესების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას, კოვზის თემამდე დავიდა. ეს თვალნათლივ მიუთითებს ჩვენი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სპექტრის პოლიტიკურ უმეცრებაზე. აქ არ ვსაუბრობ იმ კატეგორიაზე, რომელიც კოვზს, როგორც ჰიგიენის საკითხს, ისე უყურებს - ანუ აბსოლუტურად გულწრფელად სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კონტექსტით. „კოვზის“, როგორც ჰიგიენის საკითხის განხილვა, სრული უმეცრებაა. საკითხის ასე წამომწევებს უნდა სცოდნოდათ და გაეთვალისწინებინათ, რომ ცალკეულ საკითხებში ისედაც დისკრედიტებული ეკლესია, რომელიც „ხილულად და ხილვებით“ ემზადება მეორედ მოსვლისთვის, არანაირად არ წავიდოდა კომპრომისზე, არათუ კოვზის, სხვა საეკლესიო რიტუალის საკითხებშიც. პარალელურად, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ეკლესია ამ ვითარებას რწმენის კონტექსტში გამოიყენებდა პოლიტიკური შურისძიებისთვის და იმის დასტურად, რომ ქვეყანაში ნამდვილი და უპირველესი „ხაზეინი“ არის თავად და არა საერო ხელისუფლება. გამოიყენებდა, პირველ რიგში, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რადგან მათთვის სტატისტიკა და ტრაგედია ზუსტად ისე აღიქმება, როგორც „ყოფილი სემინარისტი დიდი ქართველისთვის“. ამავდროულად, კორონამ გააჩინა შანსი იმისა, რომ ხელისუფლების მენეჯმენტის საფუძველზე მიღწეული ნებისმიერი შედეგი რწმენისა და საკუთარი გადაწყვეტილებების მართებულობისთვის მიეწერათ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საპატრიარქოს ავტორიტეტს. დიახ, საპატრიარქოსი, რომელიც ქართული პოლიტიკური პროცესის არსთაგამრიგედ იქცა.
საპატრიარქოს ურჩობას აქვს კონკრეტული მიზანი, როგორც რელიგიურ-პოლიტიკური, ასევე წმინდა პოლიტიკური კონტექსტით. ეს ურჩობა ნათლად დემონსტრირებს „ეკლესიის უპირატესობას“ სახელმწიფოში. ყველა, ვინც დღეს იმაზე საუბრობს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს წინაშე უსუსური აღმოჩნდა, კარგად გვახსოვს ამავე საპატრიარქოს მიერ ბეჭებზე დადებული, უამრავ სხვადასხვა ვითარებაში. ერთი მხრივ, საპატრიარქო აწყობს საბოტაჟს და ობსტრუქციას, მეორე მხრივ, პოლიტიკოსები პროვოცირებენ და მოითხოვენ ქმედით ნაბიჯებს ეკლესიის წინააღმდეგ, რაც ასევე საპატრიარქოს წისქვილზე ასხამს წყალს.
დიახ, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ურთულესი დასანახი და მოსასმენია რომელიღაც დეკანოზისა თუ მღვდელმთავრის მიერ გახმოვანებული მოსაზრება, რომლის შინაარსიც მარტივია: „ფეხებზე მკიდია ხელისუფლება, კანონი და წესები“, ისევე როგორც ძნელია, არ იმოქმედო კანონისა და წესების შესაბამისად და „კისერი არ მოუგრიხო“ ურჩებს, რომლებიც თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. მაგრამ იმას რა ეშველება, როცა ზუსტად იცი, ვინც კანონიერი ქმედებისკენ მოგიწოდებს, ის პირველი ჩაგქოლავს? მოკლედ, რთული საკითხია პოლიტიკა.
და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თემაც: როდესაც ზემოთ მიზანი ვახსენე - არის კიდევ ერთი მიზანი, რომელსაც ეკლესია ისახავს და რომელიც ერთი ერთში ემთხვევა ოპოზიციური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლების მიზანს - „გახარიას თავი“.
პრემიერს დავესესხები ფრაზაში, „შეხედეთ, რა ხდება“: როგორ ფიქრობთ, მეუფე იაკობს გაუნელდა შურისძიება გახარიას მიმართ? - სულაც არა. და მეუფე იაკობი რომ მხოლოდ ერთი პერსონა არ არის და იგი არც არასოდეს საუბრობდა მხოლოდ საკუთარი სახელით, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? (ნეტარ არიან...) ისიც ხომ ცხადია, რომ „გახარიას თავი“ ავტომატურად ნიშნავს „ივანიშვილის თავსაც“ და „ქართული ოცნების“ მარცხსაც? და ამ შემთხვევაში მოწოდება „ჰკა, მაგას...“ ანუ იმოქმედეთ ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც მყისიერად მოყვება: „ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის“, „ხელისუფლება გამოხატვისა და რწმენის წინააღმდეგ“... ვისთვის არის საამური, ვგონებ, ესეც გასაგებია.
ამ ყველაფრის მიუხედავად ცხადია, რომ საპატრიარქომ, პატრიარქმა, სინოდმა საქართველოს ხელისუფლება ცუნგცვანგში ჩააყენა. ერთი მხრივ, უზენაესი - ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა და, მეორე მხრივ, საპატრიარქო და მისი ვნებები. რა ოქროს შუალედს მოძებნის ხელისუფლება? თუნდაც საკუთარი „თავის“ ნაცვლად - იქნება საკუთარი მოქალაქეების სადარაჯოზე, თუ დამორჩილდება საპატრიარქოს სიტუაციურ უპირატესობას?
ერთი ფაქტორიც - ბოლო დღეების კომენტარებმა, ფლირტმა საპატრიარქოსთან, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ცალკეული სპიკერის მხრიდან, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მათი უმეტესობა ვერც კი ხვდება რეალობის სიმძიმეს და ისინი საკუთარი გაუაზრებელი გამონათქვამებითა თუ პოზიციით სამარეს ითხრიან, სამარეს უთხრიან გახარიასაც, ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“... სამარეს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს - ხელისუფლებით და ოპოზიციით ერთად აღებულს.
გამოსავალი? ძალიან მარტივი - „კანონი კანონია“ და თან ყველასთვის! დიახ, მესმის, რა რთულია ეს - „კანონი კანონია“, მაგრამ ისიც დაბეჯითებით ვიცი, რომ სხვა ყველაფერი აბსურდია იქ, სადაც კანონი მხოლოდ მე მზღუდავს. მით უფრო, რომ საკითხი არ გახლავთ რელიგიური, არამედ პოლიტიკურია და მრავალმხრივი მიზნის მქონე. თუ ლოკალურ პერიოდში საპატრიარქო მაინც შეძლებს ხელისუფლების დამარცხებას საკუთარი ვნებების რეალიზებისთვის, მაშინ კიდევ უფრო საინტერესო პროცესები გველოდება წინ და მანდ უკვე „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“...
გოჩა მირცხულავა