QronikaPlus
კახეთი და ტურიზმი

კახეთი და ტურიზმი

2019-12-21 10:23:48

ამბობენ, რომ ნამდვილად ღირებულ ადგილებს რუკაზე ვერ იპოვი და ამიტომ ორი გზიდან ის უნდა აირჩიო, რომელიც ნაკლებად გაკვალულია. ყველა, ვინც დახეტიალობს, გზააბნეული სულაც არ არის და რაც მეტს იმოგზაურებ, მიხვდები, რომ შიში უცნობ ადამიანებს აახლოებს…
გონება კი, რომელიც ახალი აღმოჩენებითაა სავსე, ვეღარასდროს გახდება ისეთი, როგორიც ადრე იყო… ხოლო ცხოვრება შენი კომფორტის ზონის გადალახვისას იწყება… სამყაროს სხვისთვის ვერ აღმოაჩენ, ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთო… წამოიღე მოგონებები და დატოვე ნაკვალევი…

ისტორიაში გვასწავლიდნენ, რომ არსებობდნენ მოგზაურები, რომლებიც საუკუნეების წინათ ფეხით, გემით ვირით თუ აქლემით დადიოდნენ, სხვადასხვა ქვეყანას ათვალიერებდნენ, მერე მათზე წერდნენ და მათი წყალობით გვაქვს დღემდე შემორჩენილი ამბები მრავალი საუკუნის წინ არსებულზე, ნანახზე გაგონილსა თუ დაგემოვნებულზე…
მაშინდელი მოგზაურები დღეს ტურისტებად გარდაიქმნენ… მაშინ ალბათ ცოტა იყო, ვისაც ხეტიალი უყვარდა… დღეს კი ასეთი ბევრია… ყოველი ჩვენგანი მაშინდელ მოგზაურსა ჰგავს, რომელიც საკუთარ მოგზაურობაზე არა ფურცელზე წერს და ხატავს, არამედ სოციაური მედიით ყვება ნანახსა და გაგონილს… ეპოქები განსხვავდებიან და შეგრძნებები იგივეა… კარგია, რომ დღეს მსოფლიოში იმდენი მოგზაურია, რამდენი ადამიანიცაა.
მაშ, ასე! _ ტურიზმი, კახეთი… რა ვაჩვენოთ, როგორ მოვაწონოთ თავი უცხოს, რით მოვიზიდოთ სხვა ქვეყნის მოგზაური და რა შთაბეჭდილებები გავატანოთ მას უკანა გზაზე მიმავალს…
ასე რომ, ცოტა შორიდან სტატისტიკით და ისტორიული რაკურსით დავიწყოთ დღევანდელი საიდუმლო ფორმულის ამოხსნაც…
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით“.
ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად, ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამა, ფიჯი, მალდივი, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან.
დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც, ძირითადად, პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვ. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტური ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისთვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნეებში, გამოიგონეს ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა _ იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს, ინგლისელმა სასულიერო პირმა, თომას კუკმა, პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, სადაც შედიოდა 20-წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშებისა და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმა იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 450-მა ადამიანმა და იგი თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე _ კომერციულს. ის მიისწრაფოდა, ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება შეიძლება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით Thomas Cook and Son .
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს _ 170 მილიონს, 1990 წელს _ 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის, 10% საერთაშორისო ტურისტი იყო და ყოველწლიურად ხარჯავდა 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.
საქართველომ 2018 წელს რეკორდი დაამყარა – ამ წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეიდან (+112%), ჩინეთიდან (+75%), ბელარუსიდან (+43%), ისრაელიდან (+36%), ყაზახეთიდან (+25%) და აშშ-დან (+25%).
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენს სამ მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებისა და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.
საერთაშორისო კვლევითი პორტალ Numbeo -ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.
შეიქმნა ახალი ვიდეო: Emotion Are Georgia . საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე წამატებით იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლატფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia, Lonely Planet. Euronews, CNN, BBC.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 150-ზე მეტი პრესტური და 20-ზე მეტი გაცნობითი ტური ჩაატარა. საქართველოს რამდენიმე ასეული ჟურნალისტი და ტუროპერატორი ეწვია. ამასთან, მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.
საქარველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ ისეთ მაღალრეიტინგულ და გავლენიან გამოცემებში, როგორებიცაა: Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, National Geographic, Liberation,  Deutsche Welle,  Vogue
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო“.
და მაინც, არ არის მარტივი, შენი ქვეყანა დასათვალიერებლად შესთავაზო უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მაშინ როცა ამხელა დედამიწაზე ბევრი ეგზოტიკური გარემოა… უამრავი უხილავი სილამაზე და საიდუმლო არსებობს…
მაინც, მთავარი პრობლემა ერთია: გქონდეს ფორმულა, როგორ შეიძლება მოიზიდო ბევრი ტურისტი ისეთ ლამაზ, პატარა და ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა…
სწორედ ამ „ფორმულის“ შესაქმნელად უკვე მრავალი წელია, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია საქართველოს მაშტაბით ატარებს კონფერენციებს ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
წელს კი „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO-Visit Kakheti ინიციატივით 2019 წელს აღნიშნული კონფერენცია კახეთში გაიმართა, კახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების გამოსავლენად.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კონკურსანტმა. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებმა წარმოადგინეს იდეები და პრეზენტაციები, რა შეიძლება შევთავაზოთ, ტურისტს; როგორ შეიძლება მეტად მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი…
მონაწილეებმა საინტერესო თემები წარადგინეს ახმეტის ეთნოსახლებზე, ცივ კოდას ტურისტულ პოტენციალზე, ახალი მუზეუმის შექმნის იდეაზე, მხარეთმცოდენობის მუზეუმის ფორმირებაზე ყვარელში, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების სტრატეგიებზე, კახეთის კულტურულ სახელოსნოებზე, ღვინისა და ფესტივალების როლზე კახეთსა და ა. შ.
კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები და ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები ადგილობრივი ხელისუფლებიდან. კონფერენციას 120 ადამიანზე მეტი დაესწრო.
მონაწილეებს შორის ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა:
პირველ ადგილზე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ბაბუნიძე გავიდა, რომელმაც წარადგინა თემა: „ Chatbot _ კახეთში საოჯახო მარნების ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მონაცემთა მოპოვების ინოვაციური გზა“;
მეორე ადგილი დაიკავა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა: „ისტორია, როგორც ტურისტული რესურსი და ალტერნატიული ტურისტული ტურების პოტენციალი თელავში“;
მესამე ადგილზე გავიდა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი რუსუდან ბერიაშვილი: „ღვინის ტურიზმის განვითარების აუცილებლობა ქვევრის ღვინოების ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ღვინის ტურისტის მოზიდვა მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენებით“.
ჟიურს წარმოადგენდნენ: DMO -  Visit Kakheti -ს წარმომადგენელი მალხაზ ჭრელაშვილი; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია _ გიორგი ბრეგაძე; თელავის უნივერსიტეტი _ ნელი ცქიტიშვილი, „მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი“ _ კახა სუხიტაშვილი; „სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი“ _ მაკა თარაშვილი.

DMO -  Visit Kakheti -ს ხელმძღვანელ თინიკო ხანჯალიაშვილის შეფასებით: „ამ კონფერენციით გვსურს კახეთში შევქმნათ საზოგადოებრივი პლატფორმა, რეგიონში მდგრადი ტურისტული პროდუქტების გამოსავლენად. ამასთან, წავახალისოთ ახალგაზრდები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, რომ მათ გახსნილად ისაუბრონ თავიანთ ხედვებზე ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით.
მიხარია, რომ პირველმა მცდელობამ გაამართლა, მუნიციპალიტეტების, მერიების წარმომადგენლები, სტუდენტები, საკრებულოს წევრები, პროფესორები _ ყველა ერთად მსჯელობდა საკუთარ ხედვებზე კახეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. იმედია, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი და განსაკუთრებით ახალგაზრდები დაინტერესდებიან კონფერენციაში მონაწილეობით“.

P. S. დაბოლოს, ყველას შეუძლია მონოტონური და ერთფეროვანი ცხოვრება ამაღელვებელი და თავგადასავლებით სავსე გახადოს. წელიწადში ერთხელ უნდა წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც არასოდეს ყოფილხარ. ოცი წლის შემდეგ იმის გამო უფრო იქნები იმედგაცრუებული, რაც არ გააკეთე და არა იმით – რაც გააკეთე. მოგზაურობის უპირატესობა ისაა, რომ წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს უპირისპირდება. იმის ნაცვლად, რომ წარმოიდგინო, რა ხდება, სინამდვილეში შენ ხედავ მას. ჩვენ ვმოგზაურობთ _ ზოგი მუდმივად, ახალი ადგილების აღმოსაჩენად, ზოგი ცხოვრების შესაცვლელად, ზოგი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ყველაზე დიდებული მომენტი ადამიანის ცხოვრებაში ახალ მიწაზე ფეხის დადგმაა… ახალი მიწა კი საუკუნეების უკან დროშიც გამოგზაურებს…
ამიტომ ჩამოდით თელავში, ერთხელ მიდით გიგოს გორაზე, სამი წუთით გაჩერდით და მიხვდებით, რომ ის მიწა XX საუკუნის 30-იან წლებში ცოცხლად დამარხული ადამიანების ფილტვებით სუნთქავს…
ჩამოდით კახეთში და რომელიმე ძველ მარანს ესტუმრეთ… აი, სადაც სიმჟავისა და ბადაგის მათრობელა სურნელი თავბრუს დაგახვევთ… სადაც პურს ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ახლად მომკილ ხორბალს… მოდით და თქვენი ხელით ამოიღეთ დედო ჭურიდან ქვევრის ღვინო, ფიალაში ჩახედვისას კი ნახავთ, რომ თქვენც ისეთივე ფრანგი მოგზაური ხართ, როგორიც საუკუნეების წინათ ჟან შარდენი იყო.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება