მსოფლიოში მცირე ჰესების ბუმია. განვითარებული ქვეყნები მწვანე ენერგიის გამომუშავებაზე გადადიან. საქართველოში ჰესების წინააღმდეგ კი შავი პიარია აგორებული, _ გარემოს აზიანებს, მეწყერს იწვევს, სოფლებს დატბორავს, სიმსივნეს აჩენს, მდინარეებს აშრობს, _ ამ და სხვაგვარ ჭორებს ის ხალხი ავრცელებს, რომელმაც, როგორც წესი, კონკრეტული პროექტების შესახებ არაფერი იცის.
ანალოგიური სიტუაციაა ლაფანყურშიც, _ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მცირე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, არადა, ჰესი სოფლიდან 9 კილომეტრის დაშორებით შენდება, ყველა ოფიციალური ნებართვა გაცემულია, არქეოლოგიური დასკვნა გამოქვეყნებულია, არც სასმელი და მდინარის წყლის პრობლემა დგება.
ლოპოტაჰესის წინასამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ბიძინა იმნაძეს ესაუბრა:
_ ბ-ნო ბიძინა, ლოპოტაჰესის წინასამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მინდა დავიწყოთ თავიდან: როდის გაჩნდა ჰესის მშენებლობის იდეა და რატომ ლოპოტას ხეობა?
_ იდეა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. საქართველოში არის ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალი და რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობდა იმ მდინარეებისა თუ ადგილების წინასწარ მოძიებაზე, სადაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იქნებოდა შესაძლებელი. აქ იყო კონკრეტულად საუბარი მცირე და საშუალო ზომის, ე. წ. მოდინებითი ტიპის ჰიდროელექტროსადგურებზე, სადაც რეზერვუარები არ შენდება. ასეთ ჰესებს მინიმალური მავნე გავლენა აქვთ გარემოსა თუ ბუნებაზე. ლოპოტაჰესის პროექტს წინასწარ გავეცანით 2014 წელს, მონაწილეობა მივიღეთ ტენდერში და გავიმარჯვეთ, ამ ჰესის მშენებლობის უფლება ავიღეთ. თავისთავად იდეა წინასწარი ფორმით იყო შემოთავაზებული. მას მერე ბევრი რაღაც შეიცვალა ჰესების პარამეტრებში. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ამ ჰესის პროექტის განვითარებაზე, სხვადასხვა ორგანიზაცია იყო ამაში ჩართული და 2017 წელს ე. წ. სამშენებლო ფაზაზე გადავედით, როდესაც მთავრობასთან მოვაწერეთ სამშენებლო მემორანდუმს ხელი. ამასობაში პროექტის განვითარების თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ჯერ ერთი, წინასწარ კვლევებთან შედარებით, მდინარე ლოპოტას უფრო დიდი პოტენციალი აღმოაჩნდა, უფრო დიდი რაოდენობის, უფრო დიდი სიმძლავრის ელექტროჰიდროსადგურის დადგმა შეიძლებოდა, შესაბამისად, პროექტის პარამეტრები შეიცვალა. ჰესის შენობა კონკრეტულად დაგეგმილი იყო სოფელ ლაფანყურის დინების ქვევით. ამის შემდეგ კონსულტაციები გვქონდა თვითონ სოფელთან, სოფლის მოსახლეობასთან, სოფლის ხელმძღვანელობასთან, ამ საუბრებში ჩართული იყო ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გარემოზე ზეგავლენის შეფასებას ამზადებდა. „გამაკონსალტინგი“ იყო და არის ჩვენი კონსულტანტი გარემოზე ზეგავლენის შეფასების საკითხებში, ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია ამ საკმაოდ რთულ დარგში. სოფლის თხოვნით და ჩვენი საკონსულტაციო კომპანიის რჩევით იმისთვის, რომ თავი აგვერიდებინა სოფელზე რაიმე სოციალურ გავლენაზე, ჩვენ ჰესის შენობა სოფლის ზევით ავიტანეთ, ამით 4 მეგავატი დადგმული სიმძლავრე დაიკარგა, ასევე დაახლოებით ერთი წლის სამუშაო, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ უკეთესი იყო, ისე აგვეშენებინა ჰესი, რომ სოფელზე გავლენა საერთოდ არ ჰქონოდა, რომ რაიმე კონფლიქტი და რაიმე უსიამოვნება სოფლის მოსახლეობასთან არ მომხდარიყო. თუმცა, ამავე დროს, ისიც აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ 10-მეგავატიან პროექტს გათვალისწინებული ჰქონდა წყლის მომარაგება სოფლისთვის, როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყლისთვის, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ, რომ უფრო იოლი და ნაკლები ზეგავლენის მქონე პროექტი იქნებოდა უპრიანი ამ ეტაპზე. რაც შეეხება თავისთავად პროექტის განვითარებას, ეს არ არის მარტო საინჟინრო ნახაზების მომზადება. ასეთი ტიპის პროექტის განვითარება ითვალისწინებს ძალიან სერიოზული და მრავალმხრივი სამუშაოების ჩატარებას. მაგალითად იმის გათვალისწინებით, რომ ჰესი გამოიყენებს მდინარის ნაკადის საკმაოდ დიდ ნაწილს, აუცილებელია კვლევა _ ახდენს თუ არა ამ წყლის გადაგდება მდინარიდან მილსადენში გავლენას ბუნებაზე, ეკოლოგიასა და ბიომრავალფეროვნებაზე. ეს არ არის მარტივი კვლევა, მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვებები, რაც იგივე „გამა-კონსალტინგმა“ ჩაატარა და ეს იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ პროექტის დიზაინისაც და ასევე გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტიც.
_ თქვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ, რომ დამკვეთმა საკონსულტაციო ჯგუფს თანხა გადაუხადა და ამიტომ მან ის დასკვნა დაწერა, რაც დამკვეთს უნდოდა, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ „გამა-კონსალტინგის“ რჩევით, თავის დროზე, უარი თქვით ჰესის აშენებაზე სოფელში, 4 მეგავატი სიმძლავრე დაკარგეთ და ზევით გადაიტანეთ. ე. ი. არც ისე მორჩილი საკონსულტაციო კომპანია გყოლიათ, რომელიც ყველა თქვენს დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა.
_ ნებისმიერი სერიოზული კომპანია ასე იქცევა _ ჩვენ ვართ დამკვეთი, ჩვენ ვუკვეთავთ საპროექტოს ჰესის ნახაზებს და ზოგადტექნიკურ გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში „გამა კონსალტინგს“ დავუკვეთეთ გარემოს ზეგავლენის შეფასება; გეოლოგებს ვუკვეთავთ გეოლოგიურ კვლევებს; გეოდეზისტებს _ ტოპოგრაფიულ კვლევებს. რა თქმა უნდა, დამკვეთები ვართ, მაგრამ არც ერთი კომპანია, რომელიც თავის რეპუტაციას უფრთხილდება, თავისთავად ცხადია, პასუხისმგებლობას იღებს თავის ნაშრომზე, არ წერს ამ დასკვნებს, რაც ჩვენ გვინდა და არ გვემორჩილება უსიტყვოდ.
მართალი ბრძანდებით, იგივე „გამა კონსალტინგმა“ გვირჩია და გვითხრა, რომ მეტად კარგი იქნება სოფლის ზევით ჰესის ატანა და როგორც ვთქვი, ერთი მხრივ, სოფლის თხოვნით და, მეორე მხრივ, „გამა კონსალტინგის“ რჩევით ჰესი ზემოთ ავიტანეთ. ეს ეხება ნებისმიერ პროფესიონალურ კომპანიას, რომელიც ასეთ სერვისს გვიწევს. არავითარ შემთხვევაში არ იწერება და არ ეთანხმება ასეთი კომპანია ყველაფერში დამკვეთს, იმიტომ, რომ მათი ფუნქცია სწორედ ის არის, დამკვეთს უთხრას, რა არის სწორი ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში ნებისმიერ პროექტში. შესაბამისად, იდეა, რომ ჩვენ ფულს ვუხდით, ჩვენ ვართ დამკვეთი და ის კომპანია გვაწვდის სასურველ მომსახურებას, _ გამორიცხულია.
_ დავუბრუნდეთ ბიომრავალფეროვნების თემას...
_ უფრო მარტივი გასაგებია, მაგალითად, გეოლოგიური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა: თუ კლდოვანი ქანი არის რაღაც ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, დაწერენ, რომ კლდოვანი ქანია; თუ ეროზიული და ალუვიური ქანია, რა თქმა უნდა, დაწერენ, რომ ალუვიური ქანია. როგორც დამკვეთს, მე თუ მინდა სადღაც ალუვიურ ქანზე არასწორი დასკვნა და რაღაცის აშენება, თავისთავად ცხადია, არ შეცვლიან თავიანთ დასკვნას და არ დაწერენ, რომ მისაღებია, რადგან ჩვენ ასე გვინდა. თუ არ არის მისაღები, დაწერენ, რომ არ არის მისაღები. ის კომპანია პასუხს აგებს თავის დაწერილ დასკვნასა და კვლევაზე. რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებას, ასეთი ტიპის სამუშაო იკვლევს ფლორა-ფაუნას და ა. შ. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ელექტროენერგიის გამომუშავება მოდინებითი ტიპის ჰესებით დასავლეთ ევროპაში ხდება უკვე საუკუნეზე მეტია. მაგალითად, თუ სწორად მახსოვს, ნორვეგიაში 100 წელზე უფრო ძველი ჰიდროელექტროსადგურებია, ასევე საქართველოშიც არის ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე იყო აშენებული. ალბათ, 100-მდე ჰიდროელექტროსადგური არსებობს მარტო საქართველოში და ათასობით ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგური _ მსოფლიოში. არსებობს პრაქტიკა და ჩანს, მინიმუმ, რა რაოდენობის დინება უნდა დარჩეს მდინარეში, რომ ჰესმა გავლენა არ მოახდინოს გარემოზე და არ დაირღვეს ეკოლოგიური ბალანსი, ან არ შემცირდეს გარშემო ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება. ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილება, რა რაოდენობის წყალი უნდა დარჩეს მდინარეში. ეს არ არის ჩვენი მოგონილი მეცნიერება, ეს არის პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე და ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, შეუძლია წავიდეს, ნახოს, სად რა არის აშენებული, შევიდეს „გუგლში“, ნახოს უამრავი ჰიდროელექტროსადგური ნორვეგიაში, ბრიტანეთში, იტალიაში, ნებისმიერ მთიან ტერიტორიაზე, სადაც არის დაქანება და მდინარე გამოყენებულია. განსაკუთრებით დასავლეთში შევიდნენ და ნახონ სურათები, იქ რაიმე დაირღვა თუ _ არა, ტურიზმს ხელი შეეშალა თუ არა და ა. შ. დაინახავენ, რომ არც ეკოლოგიური კატასტროფა მომხდარა, არც ტურიზმს შეშლია ხელი და არც ადგილობრივ მოსახლეობაზე მომხდარა ნეგატიური ზეგავლენა.
_ ბ-ნო ბიძინა, საუბარი იყო იმაზე, რომ ლოპოტაჰესი შენდება მეწყრულ ზონაში. როგორც კი შეიცვლება კლიმატი და უხვი ნალექი მოვა, კატასტროფას გამოიწვევს და სოფელი დაიტბორება. მინდა, დავაზუსტოთ ორი რამ: პირველი, რა მანძილის მოშორებით შენდება ჰესი სოფლიდან და რამდენად რეალურია, რომ ინვესტორმა მეწყერსაშიშ ზონაში ჰესის მშენებლობაში ქრთამი მისცეს ვიღაც კომპანიას იმიტომ, რომ დადებითი დასკვნა მიიღოს? იგივე ეხება მიწის იჯარით აღების საკითხსაც, რომ თურმე თქვენ 49 წლის ვადით გადმოგცეს მიწები, რომელიც სოფლის საკუთრებაა.
_ რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ელემენტარული ლოგიკაა, რომ თუ დასკვნა დამიდო გეოლოგმა, რომ მშენებლობის ადგილი მეწყრული ზონაა და რამდენიმე მილიონ დოლარს დავხარჯავთ, სათავე-ნაგებობას ავაშენებთ, ჩამოწვება მეწყერი და დაგვინგრევს აშენებულ სათავე-ნაგებობას, მგონი, ელემენტარული ლოგიკაა, _ ჩვენ, მშენებელი კომპანია ვიქნებით დაინტერესებული, რომ თავი ავარიდოთ მეწყრულ ზონას. ამას სხვა დასაბუთება არ სჭირდება.
ლოპოტაჰესის სათავე-ნაგებობა განლაგდება, დაახლოებით, 7-დან 8 კილომეტრამდე დაშორებით სოფელ ლაფანყურიდან. ჰესის შენობა სოფლიდან დაშორებულია, დაახლოებით, ორი-ორნახევარი კილომეტრით, _ 2 კმ და 250 მეტრით, ზუსტად რომ ვთქვათ, და რაც მთავარია, ჰესის შენობა დაშორებულია სოფელ ლაფანყურის სასმელი წყლით მომარაგების სისტემიდან და სათავეებიდან, ასევე სარწყავი წყლით მომარაგების სისტემიდან. ასე რომ, უარყოფით გავლენის სოფელზე არანაირად არ ახდენს. ჰესის განლაგება არ არის შემთხვევითობა, რომ 2-ნახევარი კილომეტრით ზევით ვართ, სასმელი წყლის მომარაგებაზე გავლენას არ ვახდენთ. ჰესის შენობის განლაგების ტერიტორია ისე შეირჩა, რომ ერთი: ყოფილიყო გეოლოგიურად და ტოპოგრაფიულად მისაღები და სწორი, საპროექტო მოთხოვნებიდან გამომდინარე; მეორე: ისე ყოფილიყო განლაგებული, რომ გავლენა არ მოეხდინა არც ერთ სასიცოცხლო ფუნქციაზე, რომელიც მდინარე ლოპოტას აქვს სოფლისთვის. ზუსტად ასეთი ტერიტორია იყო ამ გაანგარიშებით შერჩეული. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და მდინარე ლოპოტაზე არის ერთი მონაკვეთი, სადაც აშკარად მეწყრული ზონაა. იქ ისე დაპროექტდა, რომ თავი ავარიდეთ ამ ზონას და იმ ტერიტორიაზე საერთოდ არაფერი ხდება, მილსადენი გაივლის გვერდით, მდინარის მეორე მხარეზე ვართ, 200-300 მეტრის დაშორებით, სადაც მილსადენი გაივლის მიწისქვეშ და ზემოდან არაფერი აშენდება. ზუსტად ამიტომ ტარდება გეოლოგიური კვლევა, რომ აღმოჩნდეს. თუ სად არის სახიფათო მონაკვეთები, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ და რომელ მონაკვეთებზე უნდა განხორციელდეს საინჟინრო გადაწყვეტილება, რა უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ არ შევეხოთ რაღაც სახიფათო მონაკვეთს. მაგალითად, არსებობს სხვადასხვა ტიპის წყალამღები სათავე შენობა-ნაგებობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, სათავე-ნაგებობის განზომილება-ტიპი, მისი ტექნიკური მახასიათებლები ირჩევა და მდინარის ჰიდროლოგიასა და ბუნებას ერგება. ვიცით, რომ მდინარე ლოპოტა მთის სწრაფი მდინარეა. რა თქმა უნდა, ამის გამოა საინტერესო მისი ჰიდროპოტენციალი. ვიცით, რა ზომის შეტივტივებული მასალა მოაქვს მდინარეს; ვიცით, როგორი ქიმიური კომპოზიციაა მის წყალში და მის გრუნტში. შესაბამისად, ისეთ მასალებს გამოვიყენებთ, რომელიც ამ მჟავიანობასა თუ ტუტიანობას გაუძლებს და ისეთი დიამეტრის გისოსებით იქნება დამაგრებული, რომ შეტივტივებული მასალა შეაკავოს და არ მოგვიხდეს ჰესის წმენდა მუდმივად. რა თქმა უნდა, ისეთი ზომისა და ისეთი განზომილების წყალამღებია შერჩეული, რომ ღვარცოფული ნაკადების დროს თუ წყალდიდობის დროს მდინარემ ზევიდან გადაიაროს, არაფერი დაანგრიოს და ბუნებრივად ჩაედინოს თავის კალაპოტში, როგორც ახლა. ეს არ არის სტანდარტული გადაწყვეტილება, რომ მაინცდამაინც ასეთი თუ ისეთი ტიპის კაშხალი უნდა იყოს ან ასეთი თუ ისეთი ტიპის სალექარი. გეგმა ყოველთვის არის მორგებული რეალურ ადგილზე არსებულ პირობებზე. ასევეა მაგალითად ტოპოგრაფია, მინახავს რაღაც რუკები, სადაც დასმული არის ისრები და ნათქვამია, რომ ამ ჰესის კოორდინატები არასწორია. რა თქმა უნდა, ასე მშენებლობა არ ტარდება, ადგილზე გადის გეოდეზისტი, რომელიც ზომავს ყველაფერს, ადგილზე ხდება გაზომვა და დადგენა, რა განსხვავებაა სიმაღლეებსა და ა. შ. ეს არის სერიოზული სამუშაო, რომელზეც, დაახლოებით, ორი წელი დაგვჭირდა, რომ ბოლოს და ბოლო, დაგვესრულებინა ამ პროექტის მომზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიცით ლოპოტას ტერიტორია, საერთოდ საქართველოს ტერიტორია ისტორიულად ძალიან მდიდარია და ხშირად ბევრ ადგილას გვხვდება სხვადასხვა არქეოლოგიური თუ კულტურული ძეგლი. ეს ყველაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ კარგი კომპანია ვართ, _ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ბევრი პირობის დაკმაყოფილებას და შესრულებას გვთხოვს. შეიძლება გვინდოდეს ან არ გვინდოდეს, მაგრამ შესრულება გვევალება. არქეოლოგიური კვლევის ჩატარება ევალება ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას და მით უმეტეს, ჰესის ტიპის მშენებლობას. რა თქმა უნდა, ესეც ჩატარდა...
_ ვინ ჩაატარა არქეოლოგიური კვლევა და გქონდათ თუ არა რაიმე შეხება ზაქარია ქუცნაშვილის მამასთან?
_ არა, არ გვქონია, არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი. არქეოლოგიური კვლევა ბატონმა იულონ გაგოშიძემ ჩაატარა. ეს არის საჯარო ინფორმაცია და ნებისმიერს შეუძლია კულტურის ძეგლთა დაცვის საიტზე შესვლა და იქ არის კვლევაც, დასკვნაც და დადგენილებაც, რომ ჩვენ არანაირ კულტურულ მემკვიდრეობას არ ვეხებით. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მშენებლობის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში და შესაბამისად, თავის დროზე რომც ყოფილიყო არქეოლოგიური ნაშთები, მდინარეს დიდი ხნის წაღებული ექნებოდა. ამისდა მიუხედავად, ისევე როგორც ყველა სამშენებლო პროექტში, ჩვენ გვევალება, თუ ისე მოხდა, რომ ზედაპირულად რაღაც ვერ დავინახეთ, მშენებლობის დროს აღმოჩნდა და ვიპოვეთ, კანონით გაჩერება გვევალება, დავუძახოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს, უნდა შეფასდეს ის, რაც ნაპოვნია გათხრების დროს და შესაბამისი ღონისძიება უნდა მივიღოთ. ან დავიცვათ ტერიტორია, ან საერთოდ უნდა გაჩერდეს მშენებლობა. ლაპარაკი იმაზე, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე მივადგებით და რაღაცის თხრას დავიწყებთ, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმგებლობაა. წინასწარი კვლევაც არის ჩატარებული და მშენებლობის დროს ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, არაფერი დაირღვეს და გაფუჭდეს. ეს კვლევაც არ არის ზედაპირული, ბატონი იულონი იყო მისული ადგილზე, შეხვდა სოფლის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს, ერთად ავიდნენ, ისაუბრეს, რა კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება იყოს ამ ტერიტორიაზე და ვიცი, რომ საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა _ ძეგლთა დაცვის კომიტეტმა დასკვნა დაწერა და გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მიწებს, რა თქმა უნდა, მიწები თავის დროზე არ იყო სამშენებლო დერეფანში, იურიდიულად, რაღაც ფორმით, ეს ტერიტორია უნდა გადაეცეს პროექტის მფლობელს თუ მშენებარე ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენს ხოლმე, თუ კერძო მფლობელობაში არსებული მიწები მდებარეობს სამშენებლო დერეფანში, თავისთავად ცხადია, ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება მოსახლეობასთან და ამ პრობლემის გადაწყვეტაც, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ შემთხვევაში სრულიად სამშენებლო დერეფანი იყო განლაგებული სახელმწიფო მიწებზე. ვინც არ არის ნამყოფი, მინდა იცოდეს, რომ გზა მიჰყვება მდინარეს, არის სასაზღვრო ზონა, მესაზღვრეების გარნიზონი დგას მდინარეზე და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არის გამოყენებული ეს ტერიტორია, თუმცა არასასოფლო-სამეურნეო მიწებია და ეს ტერიტორია ყოველთვის ეკუთვნოდა და ახლაც ეკუთვნის სახელმწიფოს.
_ მიწის იჯარაზე რას გვეტყვით?
_ არსებობს კანონმდებლობა, როგორც ხდება მიწის გადაცემა სახელმწიფოდან კერძო კომპანიებზე, არის ე. წ. აღნაგობით გადაცემა, რომელიც 49-წლიან ხელშეკრულებას ითვალისწინებს სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, მიწა რჩება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ 49 წლის განმავლობაში მიწით სარგებლობის უფლება ეძლევა კომპანიას და სწორედ ასეთი ფორმით მოხდა ამ მიწების ჩვენს კომპანიაზე გადმოცემა, შესაბამისი ხელშეკრულება დაიდო ქონების სააგენტოსთან. როგორც ყველა სხვა დოკუმენტი, ესეც გახლავთ საჯარო ინფორმაცია, მისი ნახვა შესაძლებელია საჯარო რეესტრში, ამაში დამალული არაფერია, მიწას აფასებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ამაში კომპანია არ მონაწილეობს, საბუთები შეგვაქვს ქონების მართვის დეპარტამენტში, პასუხი გვიბრუნდება, მათი მოთხოვნის შესაბამისად წლიური შესატანი თანხა დგინდება და ხელშეკრულებაზე ხელი ეწერება. იმის გამო, რომ მიწა არის სახელმწიფო და ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სახელმწიფოსთან, სხვა არც ერთ მესამე პირთან ამაზე შეთანხმება არ არის საჭირო. ეს რომ იყოს ან მუნიციპალური მიწა, ან სატყეოს მიწა, ან კერძო მფლობელობაში არსებული მიწა, მაშინ მიწის მფლობელთან შესაბამისი შეთანხმება ფორმდება, მიწის ამოღება ხდება მფლობელისგან და სახელმწიფოზე გადაცემა, მერე _ იჯარით გადაცემა ამა თუ იმ კომპანიაზე.
_ რაც მოვისმინე, ჰესის მშენებლობამდე საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები და ნებართვები დაგჭირდათ, სახელმწიფოსთან რთული ბიუროკრატიული ურთიერთობის ჩათვლით. აპირებთ თუ არა ადგილობრივ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ შეხვედრას და აი, ამ ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდებას, რადგან სოფელ ლაფანყურში გარკვეული ძალების მიერ დეზინფორმაცია ვრცელდება?
_ რაც შეეხება ნებართვების აღებას, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. გასაგებიცაა, რადგან ჰესის მშენებლობა არ არის მარტივი პროექტი. ეს თავიდანვე იცის ინვესტორმა და მას არჩევანი აქვს, _ თუ არ უნდა ინვესტორს ასეთ რთულ პროცესებში ჩართვა, მაშინ არ მიიღებს მონაწილეობას, თუ არადა, ვიცით, რომ ნახევარი წელი სჭირდება ნებართვების მიღებას და მზად ვართ ამ პროცედურების გასავლელად. აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ნებართვების მიღების დროსაც. სანამ გარემოს დაცვისგან სამშენებლო ნებართვას მივიღებდით, სოფლის ხელმძღვანელობასთანაც ვისაუბრეთ, იყო შეხვედრა კომპანიასა და სოფლის წარმომადგენლებს შორის, სადაც იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენელიც, ერთად განვიხილეთ პროექტი და კონსულტაციების საფუძველზე ეტაპობრივად გაიცა ნებართვები. შესაბამისად, ყოველთვის ყველას აქვს საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესში, ვინც ამით დაინტერესებულია. მაგალითად, გარემოს დაცვის ნებართვის მიღება არ არის ერთდღიანი პროცესი. გარემოზე ზეგავლენის საბუთები გარემოს დაცვის სამინისტროში შედის, შემდეგ ე. წ. საჯარო განხილვები ინიშნება, მინიმუმ ორი-სამი თვე უნდა გავიდეს საბუთების შეტანასა და საჯარო განხილვებს შორის, რომ ყველა დაინტერესებული ადამიანი დეტალურად გაეცნოს დოკუმენტებს. თუ შენიშვნები აქვს, გააცნოს გარემოს დაცვის სამინისტროსაც და კომპანიასაც, საჯარო განხილვებში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერს, ვინც ამ საკითხით დაინტერესებულია ან აწუხებს. შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ასევე საჯარო განხილვების დროს წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით. ოღონდ ნებისმიერი, მოწინააღმდეგეების თუ მხარდამჭერების შენიშვნები უნდა იყოს შინაარსიანი და დასაბუთებული, მაგრამ არა დაუსაბუთებელი, _ მოდით, ავაშენოთ, რა კარგია ან ნუ ავაშენებთ, დამღუპველია... მერე კომპანიას ნებართვის მისაღებად შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით 9 თვემდე, თუ მეტი არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ დროს მუდმივი ურთიერთობა მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და ინფორმაციის მიმოცვლა, რომ სრულად შეფასდეს პროექტი. ეს არის პროცედურები.
როგორც ზემოთ გითხარით, შეხვედრები გვქონდა სოფლის რწმუნებულთან და მორის პარკინაშვილს არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავს, ადრე როგორც ვისაუბრე, ჰესი კონკრეტულად სოფლის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ჩვეულებრივი კარგი პრაქტიკაა, მეზობლები ვხდებით სოფლის, გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ მათ კეთილდღეობაში და ცხოვრებაში. თხოვნა შემოვიდა, სოფლიდან მათი წყლით მომარაგების სისტემის უხარისხობის გათვალისწინებით კონკრეტულად სოფლის ხელმძღვანელისგან, რომ წყლის მომარაგების სისტემა გაუმჯობესებულიყო, რაზედაც შევთანხმდით. ეს შეთანხმება ასახულია გარემოს დაცვის სამინისტროში და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მშენებლობის დაწყებისთანავე სოფელთან ერთად წყლის მომარაგების საკითხები განვიხილოთ. ეს იქნება ძალიან კარგი და პოზიტიური წვლილი, რომელსაც კომპანია სოფლის ცხოვრებაში შეიტანს. ცხადია, ნებისმიერი მშენებლობა და ნებისმიერი ადამიანური ეკონომიკური აქტიურობა გავლენას ახდენს ბუნებაზე, მით უმეტეს, ჩვენ შემთხვევაში გარკვეული მერქნული რესურსის მქონე ხეების მოჭრა დაგვჭირდება. ტერიტორიაზე არის წითელ ნუსხაში შეტანილი ხე _ ლაფანი, ჩვენც შევეცდებით, მინიმალური რაოდენობის ხე-ტყის ჭრა მოხდეს. რაც არ გვჭირდება, იმას არ მოვჭრით და თავს ავარიდებთ, მაგრამ ვიცით, რომ ამაზე გავლენას ვახდენთ და, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევათანხმეთ, სოფელ ნაფარეულსა და სოფელ ლაფანყურს შორის ძალიან ლამაზი ლაფნის კორომების საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, რომელზედაც კონცენტრირებულია ლაფნის ხე. არ ვარ მეტყევე, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამ ლაფნის კორომებს მოვლა, გამოწმენდა სჭირდება, რომ კარგად გაიხაროს და ჯანმრთელად გაიზარდოს. ჩვენ სატყეო დეპარტამენტთან შევთანხმდით, ძალიან ოპერატიულად მომზადდა ლაფნის კორომების დაცვის გეგმა, ამაში მონაწილეობას მივიღებთ, ლაფნის კორომების განახლებას და მენეჯმენტს დავაფინანსებთ. ერთი მხრივ, თუ ჩვენ რაღაც რესურსს ვიყენებთ, იგი არის წყალი. თუ ჩვენი მშენებლობის გამო უსათუო გავლენას ვახდენთ გარემოზე, მეორე მხრივ, ეს ბალანსდება ამ დადებითი შედეგებით, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაშია, რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს წვლილის შეტანა სოფლის ცხოვრებაში წყლის მომარაგების სისტემის გაუმჯობესებით. ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რომ შევძლებთ ასევე ამ ლაფნის კორომების დაცვა-გაუმჯობესებაში მონაწილეობას. სამომავლოდ სხვა გეგმებიც გვაქვს, ვიცით, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ძველი დამცავი ნაგებობება, რომელიც ფერდობებზე ჩანს. ამ ნაგებობების რეაბილიტაციის ან კონსერვაციის იმედი გვაქვს. შეიძლება ამან ტერიტორიაზე ტურისტული ნაკადი მოიზიდოს, რაც კიდევ ერთხელ შეიტანს პოზიტიურ წვლილს რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას, მზად ვარ, საინიციატივო ჯგუფს კიდევ ერთხელ შევხვდეთ თელავში და მიმდინარე პროექტზე ვესაუბრო. ამ ეტაპზე წინასამშენებლო პერიოდის ყველა საკანონმდებლო პირობა უკვე შესრულებულია. რა თქმა უნდა, მშენებლობის დროს სხვა კანონმდებლობაა, რომელსაც კომპანია უნდა დაემორჩილოს. ეს არის ტექნიკური ზედამხედველობა და ა. შ., მაგრამ წინასამშენებლო ეტაპის ყველა პირობა კომპანიას შესრულებული აქვს და შეგვიძლია, დღეს თუ ხვალ შევიდეთ ტერიტორიაზე და მშენებლობა დავიწყოთ. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილს ისევ აქვს პრეტენზიები, ვრცელდება დეზინფორმაცია, მათ შორის, ტელევიზიის მეშვეობით. „რუსთავი 2-ს“ 40-წუთიანი ინტერვიუ მივეცი, ყველა დეტალზე ვისაუბრე, სიუჟეტში კი 15-წამიანი ფრაგმენტი გამოიყენეს, ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რომელმაც ვერანაირი წარმოდგენა ვერ შექმნა: ან რა ვთქვი, ან რა ხდება, ან რას ვაპირებთ, ან რას ვაშენებთ. ამისდა მიუხედავად, კიდევ ერთხელ რომ არ მოხდეს გაუგებრობა და ვინმეს არ ეგონოს, რაღაც არასწორად ხდება ან კატასტროფიული ზეგავლენაა ბუნებაზე, ადგილობრივი რეგიონული ხელმძღვანელობის მოწვევითაც უსათუოდ ვაპირებთ შეხვედრას სოფელთან, თუ კიდევ ერთხელ პროექტის განხილვის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ. ეს არის 6-მეგავატიანი ჰესი, შეიძლება ერთ ჰესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ ოცი 6-მეგავატიანი ჰესი აშენდა, უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-6%-ით იზრდება, ასეთ დროს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და შევძლოთ მწვანე ენერგიის გამომუშავება.
ელისო კილაძე