„ქართულ ოცნებას“ რომ ჰკითხოთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება თანდათან წინ მიდის. მეტიც: თბილისის მერი, კახა კალაძე და სხვა ჩინოვნიკები არც იმის თქმას ერიდებიან, რომ საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილია, მაგრამ ხალხს მუშაობა ეზარება და ცუდად ამიტომ ცხოვრობს. ეს რომ ცინიზმია, წყალი არ გაუვა. წყალი არც იმას გაუვა, რომ ჯანდაცვის რეფორმა, კონკრეტულად, ე. წ. უფასო დაზღვევა, რომლითაც „ოცნება“ თავს იწონებს, საპნის ბუშტია და მეტი არაფერი.
ყოველ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მანანა ჯებაშვილი, ამბობს, რომ „ოცნების“ ჯანდაცვის რეფორმამ კრახი განიცადა. შეიძლება, ზოგმა თქვას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის ეს შეფასება სუბიექტურია, მაგრამ ამ აზრს საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი იზიარებს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ უფასო ჯანდაცვის პროგრამაში არიან, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე დგებიან.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ჯანდაცვას ეხება, c ჰეპატიტის პროგრამაა, რომლითაც „ოცნება“ ასევე თავს იწონებს, მაგრამ ირკვევა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, ხელისუფლების უნიათობის გამო, ასეულობით ათასი დოლარი წყალში ჩაიყარა. ყველაფერი ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ქართულ ჯანდაცვაში კორუფცია ფესვგამდგარია.
ამას გარდა, ვითარებას ჯანდაცვის სფეროში არსებული მონოპოლიებიც ართულებს. ერთი სიტყვით, ჯანდაცვის სფეროში სრული დომხალია. ამ ფონზე დავით სერგეენკო მაინც წარმატებულ მინისტრად სახელდება და ის, თეა წულუკიანის მსგავსად, შვიდი წელია, თანამდებობას ინარჩუნებს. რატომ? _ ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა მანანა ჯებაშვილსაც დაუსვა. ოპოზიციონერის აზრით, სერგეენკო წარმატებული მინისტრი კი არ არის, ის, უბრალოდ, ოლიგარქის კეთილგანწყობით სარგებლობს და ამდენი ხნის განმავლობაში თანამდებობას ამიტომაც ინარჩუნებს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მანანა ჯებაშვილთან:
_ „ქართული ოცნება“ თავის ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ე. წ. უფასო ჯანდაცვას მიიჩნევს, თუმცა ამ პროგრამას მოწინააღმდეგეები თავიდანვე ჰყავდა. ქალბატონო მანანა, თქვენ, როგორც პროფესიონალი ექიმი, ჯანდაცვის სისტემას კარგად იცნობთ. რა არის „უფასო ჯანდაცვის“ მთვარი ნაკლი და, საერთოდ, ამ პროგრამამ ჯანდაცვა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა?
_ უფასო, ანუ საყოველთაო ჯანდაცვა იმ შინაარსით, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს _ ყველას ჯანმრთელობის დაცვა და ყველას ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახელმწიფოს მხრიდან, სრულიად ადეკვატური ქმედებაა.
განვითარებული ქვეყნები მოსახლეობის სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვას ახორციელებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, დეკლარირებული საყოველთაობის მიუხედავად, ამ მიმართულებით უამრავი პრობლემაა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხარჯების მართვაა.
_ რას გულისხმობთ?
_ ამ პროგრამის შესასრულებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არასაკმარისია და მისი განუსაზღვრელი და უსასრულოდ ზრდა ხდება. ამის შესაკავებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პროგრამა შეზღუდოს და სერვისებიც შეამციროს.
მაგალითად, 2017 წელს, ამბულატორიული სერვისებით სარგებლობიდან მილიონ-ნახევარზე მეტი დაბალშემოსავლიანი მოქალაქე საერთოდ ამოვარდა. არადა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა. თუ ქვეყანაში არ არის ძლიერი პირველადი ჯანდაცვა, ასევე თუ დაავადებები ადრეულ სტადიაზე არ გამოვლინდა და უმკურნალეს, მაშინ ჯანდაცვის ხარჯები ძალიან დიდი იქნება და მის შეკავებას ვერანაირი ღონისძიებებით შეძლებენ.
გარდა ამისა, ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული მოდელია აღიარებული, რაც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მართვაში მრავალი გადამხდელის (სადაზღვევო კომპანია) მონაწილეობას გულისხმობს. ეს მოდელი მათ შორის კონკურენციას ქმნის. კონკურენციის რეგულირებას კი, თავის მხრივ, სახელმწიფო ახდენს. 2008 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად კონკურენტული სადაზღვევო სისტემა შემოიღეს. სადაზღვევო კომპანიებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში მონაწილეობის უფლება მიეცათ, დაზღვეულებს კი _ სადაზღვევო კომპანიების თავისუფალი არჩევნის.
კონკურენტული მოდელის შემოღებით საქართველო მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და პროგრესულ ხედვას ეხმიანებოდა. სამწუხაროდ, საქართველომ მართული კონკურენციის პრინციპებს გადაუხვია და, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი გადამხდელის არაკონკურენტულ სისტემას დაუბრუნდა.
ამის შედეგად მივიღეთ ჯანდაცვაზე დანახარჯების უსაშველო ზრდა, პროგრამის შეზღუდვა, სერვისების შემცირება, მომსახურების დაბალი ხარისხი, სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ რამდენიმეთვიანი დავალიანება, უკმაყოფილო ექიმები და ასევე უკმაყოფილო პაციენტები.
_ ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „უფასო ჯანდაცვას“ კორუფციის რისკები ახლავს?
_ დღეს საქართველოში ჯანდაცვის ისეთი მოდელია, რომელიც ჯანსაღ კონკურენციასა და გამჭვირვალობას ხელს არ უწყობს. სამაგიეროდ, წახალისებულია ოლიგოპოლიები და კარტელური გარიგებები. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სხვადასხვა წარმატებული მაგალითი არსებობს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება, საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჩათვლით, მცდელობაც კი არ აქვს, რომ ამ მხრივ რამე შეცვალოს.
_ რატომ?
_ ამას შეიძლება, ორი ახსნა ჰქონდეს _ ხელისუფლებას ეს დარგი ან არ ესმის და სათანადო კომპეტენცია არ გააჩნია, ან ის გარკვეული ფინანსური გარიგების ნაწილია.
_ „ოცნებამ“, თავის დროზე, რეცეპტების სისტემაც აამოქმედა, რაც ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლით ახსნა, თუმცა დღეს ნებისმიერი პრეპარატის ყიდვა, მათ შორის, ფსიქოტროპულისაც, ურეცეპტოდ თავისუფლად შეიძლება. რა გამოდის _ რეცეპტების შემოღება პიარკამპანია იყო თუ აქაც გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებამდე მივდივართ?
_ რეცეპტების სისტემის დანერგვა, რომელიც აუცილებლად გასატარებელი რეფორმა იყო, თავიდანვე ნაკლოვანებებით წარიმართა. ბოლო წლების განმავლობაში კი სრულიად ჩამოიშალა, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად მაინც არაფერი გაკეთებულა.
ზოგადად, რეცეპტით მკურნალობის სისტემა მარტო სააფთიაქო ნარკომანის წინააღმდეგ კი არ არის საჭირო, არამედ აუცილებელია პაციენტის თვითმკურნალობის თავიდან ასაცილებლად და პოლიპრაგმაზიის შესამცირებლადაც.
უკონტროლოდ მედიკამენტების მიღება ავადმყოფისთვის საზიანოა, რაც ზოგჯერ შეუქცევად ცვლილებებსაც იწვევს. გამოკითხვებისა და კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობის 51%-ის შეფასებით, რეფორმა ასეთი სახით უარყოფით ზეგავლენას ახდენს მასზე და მის ოჯახზე; მოსახლეობის 82% აცხადებდა, რომ წამლებზე ფასები გაზრდილია; მოსახლეობის 42%-ს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფობის დროს ვერ მისულა ექიმთან იმის გამო, რომ კონსულტაციების ფასი მაღალი იყო და ეს დამატებით მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, თვითმკურნალობა რჩება სერიოზულ პრობლემად, კერძოდ, მოსახლეობის 25%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ანტიბიოტიკი ან ფსიქოაქტიური მედიკამენტი მაინც მიუღია ექიმის დანიშნულებისა და რეცეპტის გარეშე. ასე რომ, ვერც ერთი ის მიზანი, რომელიც რეცეპტის შემოღებას ისახავდა მიზნად, ვერ იქნა მიღწეული. მეტიც: როგორც საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევა გვიჩვენებს, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასნამატი გაცილებით მეტია, ვიდრე _ ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
კერძოდ, რეცეპტულ ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის დონე 89%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე, რეცეპტულ გენერიკებზე ფასნამატის დონე კი მთელი 210%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე. მრავალი მოწოდებისა და დაპირების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ელექტრონული რეცეპტების სისტემა დაენერგა, რაც გარკვეულ ნაკლოვანებებს მოაგვარებდა.
სამწუხაროდ, რეცეპტის დანერგვის სისტემის ინიციატივაც, როგორც სხვა დანარჩენი, წარუმატებელი აღმოჩნდა და მხოლოდ პიარკამპანიის როლი შეასრულა.
_ ზოგადად, მსოფლიოში ძნელად მოიძებნა ისეთი ქვეყანა, სადაც, საქართველოს მსგავსად, ყველა ფეხის ნაბიჯზე აფთიაქია. სააფთიაქო ბიზნესს კონკრეტული ჩინოვნიკები „კრიშავენ“ და ფულს მშიერი ხალხის ხარჯზე შოულობენ, თუ ამ ქვეყანაში ხალხი მართლაც ისეა ავად, რომ ამდენი აფთიაქი რეალურად საჭიროა?
_ ჩვენს ქვეყანაში ხალხი ნამდვილად ავადაა და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. პირველი ის არის, რომ ადამიანები სათანადოდ ვერ იკვებებიან, ვერ მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ცხოვრობენ მოწამლულ, დაბინძურებულ და სტრესულ გარემოში; ამასთან, გაუმართავია პირველადი ჯანდაცვა და პრევენცია, რაც სრულიად საკმარისია, რომ ერი დაავადებული იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტებზე ბევრად უფრო მაღალი ფასები, ვიდრე ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
კიდევ ერთი პრობლემა ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარია, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას ზღუდავს და წამლების არაბუნებრივად მაღალი საცალო ფასის დამკვიდრებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა დღგ-სა და იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლებულია.
ცალკე განხილვის თემაა ხარისხის კონტროლის მექანიზმის არარსებობა. დღემდე ვერ მოხერხდა ფარმაცევტული წარმოების ე. წ. GMP (კარგი-საწარმო პრაქტიკის) სტანდარტის შემუშავება.
როცა ერთი მესაკუთრის ხელშია ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სადაზღვევო, სააფთიაქო და კლინიკების ქსელები, ასევე მსხვილი ბანკი, ეს დიდი პრობლემაა. ასეთი ბიზნესმოდელი ნამდვილად არ უწყობს ხელს არც კონკურენციას, არც _ ხარისხის გაუმჯობესებას და არც _ ფასწარმოქმნის პოლიტიკას. ამ მონოპოლიების დაშლა საკმაოდ რთულია. ამას საკანონმდებლო ბაზის გადახედვა და სახელმწიფოს ნება სჭირდება, რომელსაც ვერ ვხედავთ. პირიქით, როგორც ჩანს, მოხელეები ასეთი ბიზნესმოდულის გამყარებას ხელს უწყობენ.
მეტიც: ის, რაც კლინიკებთან დაკავშირებით ხდება, ნათელი მაგალითია, რომ სამინისტრო ცდილობს, „მოახრჩოს“ საშუალო და მცირე კლინიკები და სათამაშო ველზე მხოლოდ მსხვილი გაერთიანებები დატოვოს. ყველაფერ ამის შედეგად კი პაციენტი ზარალდება.
სავარაუდოდ, მსგავსი სქემები სახელმწიფოს მაღალი პირებისა და შესაბამისი ლობისტების გარეშე ვერ იარსებებდა.
ასევე კარგი იქნება, თუ ანტიმონოპოლიური სამსახური ობიექტურად შეისწავლის ფარმაცევტულ ბიზნესში არსებულ სიტუაციას.
_ საქართველოში სამედიცინო ბიზნესი ერთობ წარმატებულია. მსოფლიოშიც ასეა? ისე, შეიძლება, რომ მედიცინა ბიზნესი იყოს?
_ გეთანხმებით, რომ სამედიცინო ბიზნესი საქართველოში ზოგიერთი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებულია. მაგალითად, „ევექსის“ სუფთა მოგება, რომელიც 35%-ზე გადის, ძალიან დიდია და ეს მაშინ, როდესაც ევროპაში 10-15%-ც კი კარგ მაჩვენებლად ითვლება.
2012-დან 2019 წლამდე ჯანდაცვის ბიუჯეტი 5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ ავადობა და სიკვდილიანობა არ შემცირებულა, პირიქით, ზოგიერთ ნოზოლოგიაში გაიზარდა კიდეც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხალხის ჯიბიდან ბიუჯეტში შეგროვილი ფული ჯანდაცვაში დიდი რაოდენობით კი იხარჯება, მაგრამ ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის შემცირებას კი არ იწვევს, არამედ ვიღაც-ვიღაცებს ამდიდრებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თანხებს არაეფექტიანად და არასწორად ხარჯავს.
ისიც ფაქტია, რომ ჯანდაცვის რეფორმამ, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებდა, კრახი განიცადა!
_ ჩვენს ქვეყანაში ასევე ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტები მედპერსონალს გარკვეულ ბრალდებებს უყენებენ. ეს მიზანმიმართული კამპანიაა თუ ქართველი ექიმების ნაწილი მართლაც არაპროფესიონალია?
_ საქართველოში ექიმებიც და პაციენტებიც დაუცველები არიან!
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებობს საექიმო დაზღვევა, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, თავი დაიცვას, თუ პაციენტი უსაფუძვლოდ მოინდომებს მისთვის ბრალდების წაყენებას.
სამწუხაროდ, არაპროფესიონალი ექიმებიც არსებობენ. ამის გამო მრავალი პაციენტი, რომელსაც ვერ დაუსვეს დიაგნოზი ან დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ვერ უმკურნალეს, სამკურნალოდ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. ეს არის პრობლემა და მის გადასაჭრელად კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო და არა მხოლოდ გამოცდა რესერტიფიცირებისთვის, როგორც ამას ამ საკითხში არაკომპეტენტური პირები მოითხოვენ.
სამედიცინო განათლება ყველა დონეზე უნდა გადაიხედოს. საჭიროა პროგრამების განახლება, სწავლების პროცესში მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო სახელმძღვანელოების დანერგვა, სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება და ა. შ.
ასევე საჭიროა პოსტდიპლომური განათლება სავალდებულო გახდეს და ამ პროცესში ჩაერთოს დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, სამედიცინო ბიზნესი, ფარმაკოლოგიური კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, კონგრესების, სიმპოზიუმების მოწყობა. ასევე აუცილებელია პათანატომიური განხილვებისა და კონსილიუმების ჩატარება.
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარებაც უცხოეთში ექიმების გადამზადების პროექტებთან დაკავშირებით. აუცილებელია ექიმების წახალისება, მათი შრომის, უნარების, განათლების, პასუხისმგებლობის, კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მიხედვით.
სავალდებულო პოსტდიპლომური განათლების პირობებში ექიმს უფრო მეტი მოტივაცია ექნება, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, გაეცნოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს და გამოიყენოს პრაქტიკაში.
_ ქალბატონო მანანა, კითხვები არსებობს c ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებითაც, ანუ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში პრეპარატის გამოცდა ხდება და ამაშიც ფული კეთდება. ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ და, საერთოდ, c ჰეპატიტის ეს პროგრამა მსოფლიოში აპრობირებულია?
_ c ჰეპატიტის პროგრამა სრულად დაფინანსებული და მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ და ასევე ამერიკული კომპანია „გილეარდის“ მიერ. ქართული მხარის ვალდებულებაა პაციენტების მოძიება და პროგრამაში ჩართვა, რაც სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ სრულდება.
2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში c ჰეპატიტით ინფიცირებული პირების რაოდენობა 150 000-მდე აღწევდა. c ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო იყო, 120 000 ადამიანს ემკურნალა. მკურნალობა მხოლოდ 50 000-მა პაციენტმა ჩაიტარა.
პროგრამის მიხედვით, 2020 წლამდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კიდევ 70 000 ადამიანის მკურნალობა.
ფაქტია, რომ საქართველოს ვალდებულებას მხარე ვერ შეასრულებს. თვითონ პროგრამა ძალიან სასარგებლოა _ მრავალი ადამიანი განიკურნება, მაგრამ სამწუხაროა, რომ პაციენტების მოძიება პროგრამაში ჩასართავად აქტიურად არ მოხდა. ამ მიმართულებით არ იყო სათანადო საინფორმაციო კამპანია და პროპაგანდა, ცუდად იმუშავა პირველადმა ჯანდაცვამ, რომელსაც c ჰეპატიტით დაავადებულები უნდა გამოევლინა.
ასევე დიაგნოსტიკის ნაწილში, სადაც პაციენტს უნდა გადაეხადა, იყო ფინანსური ბარიერი (ხელმისაწვდომობის პრობლემა), რამაც, გარკვეულწილად, დაავადებულთა გამოვლენის პროცესი შეაფერხა.
c ჰეპატიტის პროგრამული ინდიკატორები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი, ვერ სრულდება და თანხებიც აუთვისებელი რჩება. მაგალითად, წინა წელს, ვადის გასვლის გამო, 2000 სამკურნალო დოზა განადგურდა. ერთი სამკურნალო დოზის ღირებულება, დაახლოებით, 80 000 ამერიკული დოლარია, ანუ ზარალი კოლოსალურია. ამ საკითხზე გამოძიებაც დაწყებულია.
_ გამოძიება, შეიძლება, დაწყებულია, მაგრამ მთავარია, ობიექტური შედეგი დაიდოს... საინტერესოა გაერთიანებული ოპოზიციისა და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა _ როგორი უნდა იყოს ქართული ჯანდაცვის სისტემა?
_ მე, სერგო ჩიხლაძემ და პროფესიონალთა გუნდმა შევიმუშავეთ ქართული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისა და განვითარების კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ოპოზიციის დოკუმენტს. თუ ხელისუფლება ჩვენს ხედვებს გაიზიარებს, მივესალმებით და დავეხმარებით კიდეც.
თუ არადა, მაშინ თვითონ განვახორციელებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანვე.
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სახელმწიფო ერთი გადამხდელი და მონოპოლისტია, რაც ხარჯების პერმანენტული ზრდის მთავარი მიზეზია. თანამედროვე მსოფლიომ ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემა აღიარა, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მართვაში მრავალი გადამხდელის მონაწილეობას გულისხმობს, რაც მათ შორის კონკურენციას ქმნის.
სახელმწიფო კი, თავის მხრივ, კონკურენციას არეგულირებს. კონკურენტული მოდელის შემოღების უმთავრესი მიზანია: ჯანდაცვის ხარჯების ზრდის შეკავება; სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი მართვა; სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.
რაც შეეხება კონკურენტული მოდელის უპირატესობებს, ესენია: უტილიზაციის მენეჯმენტი; ფასწარმოქმნაზე დადებითი გავლენა; სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის მრავალფეროვნება და არჩევის უფლება; საბაზისო პაკეტს ზევით სერვისებზე კონკურენცია.
ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი პირველადი ჯანდაცვის გამართული მუშაობაა. საერთოდ, პირველადი ჯანდაცვა ის საფუძველია, რომელზედაც ჯანდაცვის სისტემის ყველა სხვა დარგი შენდება.
ჩვენი მიზანია, რეალურად და სწრაფად დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ დარგის რეფორმირებისთვის, რაც დაავადებების პრევენციის ან ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. საბოლოო ჯამში, ლეტალობისა და ავადობის (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ინფექციური და სხვ.) მაჩვენებელი მოიკლებს.
დაავადებების ახალი კერების გამოვლენის, ვაქცინაციისა და სამკურნალო პროგრამებში ბენეფიციართა მოძიება-ჩართვის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების გაძლიერება, დაფინანსების სქემის გადახედვა და პროგრამული პრიორიტეტების სწორად გადანაწილება.
საქართველოს ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა წამლების ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ფასებია, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, მაგალითად, როგორიცაა წამლების მიკვლევადობის (e-CTD) სავალდებულო რეგისტრაციისა და წამლების მიკვლევადობის (Traceability) ინოვაციური სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს წამლების იდენტიფიკატორისა და სასაქონლო ტრანზაქციების ერთ ბაზაში თავმოყრა და ინფორმაციის დამუშავება. ეს ინიციატივები გაამარტივებს ქვეყანაში ახალი მედიკამენტის შემოსვლისა და შესწავლის პროცესს, გააუმჯობესებს წამლის შემოწმებისა და ხარისხის კონტროლს, შეამცირებს ბიუროკრატიასა და ადმინისტრირების ხარჯებს.
ეს ინსტრუმენტი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქართულ ბაზარზე არალეგალური წამლების ბრუნვის აღმოსაფხვრელადაც.
ჩვენი გუნდი შეისწავლის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიებს, ვერტიკალურ მონოპოლიებსა და ფართე კონსენსუსითა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს კონკურენტული და სამართლიანი საბაზო გარემოს შექმნას.
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ჯანდაცვის სისტემაში იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი. წარმატებული ელექტრონული ჯანდაცვა _ ე. წ. e-Health ინტეგრირებული იქნება ჯანდაცვის ყველა მიმართულებაში. მოხდება შესაბამისი ნორმატიული ბაზის მოწესრიგება და საჭირო პროგრამული პლატფორმების, სერვისებისა და ბაზების დახვეწა-განვითარება.
მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ნდობა მოსახლეობაში ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, რასაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, უწყვეტი სამედიცინო განათლების სტანდარტების დანერგვა და არსებულ სამედიცინო სერვისებსა და პროგრამებზე მოსახლეობის უკეთესი ინფორმირებულობა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჯანდაცვის სფეროში სტატისტიკის მოწესრიგებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ყველა ჩვენი რეფორმა და ახალი პროგრამა თუ პროექტი გამყარებული იქნება შესაბამისი კვლევებით, სანდო სტატისტიკითა და გამჭვირვალე კალკულაცით.
_ ისე, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება, სერგეენკო წარმატებულ მინისტრად ჩაითვალოს? რა არის მიზეზი, რომ 7 წელია, თანამდებოას ინარჩუნებს?
_ დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ამდენ გადაუჭრელ პრობლემაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პროგრამების არახარჯთეფექტიანობა, წამლების ხარისხი და ფასები, ჯანდაცვის გაუარესებული მონაცემები მთელი რიგი მიმართულებებით, დავალიანებები სამედიცინო კლინიკებისადმი და პერსონალისადმი, პირველადი ჯანდაცვის კატასტროფული ჩავარდნები და სხვა, რაც უნდა სიმპათიით ვიყო განწყობილი მისი პიროვნებისადმი, სერგეენკოს კარგ მინისტრად ვერ ვაღიარებ, ვინაიდან არც კარგი მენეჯერია და არც ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა აქვს.
სერგეენკო, რომელიც 7 წელია, უცვლელი მინისტრია, ისევე როგორც წულუკიანი ან სხვა, რომელმაც ვერაფრით გამოიჩინა თავი, მხოლოდ ოლიგარქის კეთილგანწყობით ინარჩუნებს თანამდებობას.
გიორგი აბაშიძე