QronikaPlus
შემოქმედებითი ცენზურა _ დაცვა თუ კონტროლი?

შემოქმედებითი ცენზურა _ დაცვა თუ კონტროლი?

2018-06-23 07:44:25

უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად განიხილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კულტურის შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობს. მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა ამ თემასთან დაკავშირებით დღემდე არ კარგავს აქტუალობას. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, კერძოდ კი მისმა წევრებმა, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა წამოაყენეს, გაჟღერებისთანავე გახდა განხილვისა და დიდი კრიტიკის საგანი. ამ კანონრპოექტის მიხედვით, სასამართლოს შესაძლოა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის უფლება მიენიჭოს. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კულტურის შესახებ კანონში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ სასამართლო აკრძალავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას და პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. ახალი ინიციატივის ავტორების განცხადებით, ამ კანონის მიზანი არის ცვლილების ჰარმონიზება მოქმედ კანონმდებლობასთან, რომელიც ისედაც განსაზღვრავს კულტურული შემოქმედებისა და საქმიანობის სფეროებს და ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული შემთხვევებისთვის ითვალისწინებს სანქციებს ან სხვადასხვა სახის შეზღუდვას. საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება. ისინი შემოქმედებითი ცენზურის საფრთხეებზე საუბრობენ, რომელმაც შესაძლებელია, შეზღუდოს შემოქმედის თავისუფლება და მისი გამოხატვის ფორმები. ასევე კანონპროექტის მოწინაღმდეგეები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ადარებენ საბჭოთა დროს არსებულ აკრძალვებს, როდესაც კულტურაც და სხვა სფეროებიც სრულად იმართებოდა მმართველი ძალის მიერ და ისინი პროპაგანდის იარაღად იყო ქცეული. საინტერესოა, რას გულისხმობს უკვე არსებული კანონი კულტურის შესახებ და რატომ გაჩნდა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება? საქართველოს კანონი კულტურის შესახებ, რომელიც 1997 წელსაა მიღებული, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ითვალისწინებს ქართული ეროვნული კულტურის მრავალსაუკუნოვან უმდიდრეს ტრადიციებს, კულტურის სფეროში მსოფლიოს ცივილიზებული ერების გამოცდილებას. კანონი აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა საყოველთაო აღიარებას, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებასა და გაფართოებას, შემოქმედებით ინტეგრაციას. კანონში ასევე ვკითხულობთ, რომ კულტურული მოღვაწეობის პრინციპებია: შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა; ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები. სწორედ პირველი პუნქტის თანახმად ხაზგასმულია შემოქმედის დამოუკიდებლობა და მისი მოღვაწეობის თავისუფლება. თუმცა მიუხედავად ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღიარებისა, კანონი ასევე ადგენს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია შეიზღუდოს ესა თუ ის კულტურული საქმიანობა ან მისი გავრცელება. ძირითადად საუბარია ისეთ კულტურულ საქმიანობაზე, რომელიც ლახავს სხვათა უფლებებს და ახალისებს ძალადობას ან სხვა ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ეჭვს ასევე იწვევს საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება აიკრძალოს ან ცენზურა დაედოს წიგნს, ფილმს ან სპექტაკლს თუ ის ავრცელებს პორნოგრაფიას ან ძალადობას, ან აღვივებს რასობრივ, რელიგიურ ან ეთნიკურ შუღლს. კულტურის მესვეურების განმარტებით, საკმაოდ საკამათოა თავად პორნოგრაფიის ან ეთნიკური შურის გაღვივების ცნება და შესაბამისად კონკრეტული სუბიექტის, თუნდაც მოსამართლის მიერ სამართლიანად ვერ განისაზღვრება და შეფასდება ესა თუ ის კულტურული პროდუქტი, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ვერ იქნება ზუსტი და სანდო. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნათელი დადასტურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში. არსებული კრიტიკული არგუმენტების საპასუხოდ კანონპროექტის ინიციატორები საუბრობენ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების სიკეთეებსა და იმ დადებით შედეგებზე, რომელსაც ეს ე. წ შემოქმედებითი ცენზურა მოუტანს კულტურის სხვადასხვა სფეროს. მათი განმარტებით, ეს სიახლე შეზღუდვის ნაცვლად პირიქით _ გააფართოებს შემოქმედის საქმიანობის არეალს და მისი გამოხატვის ფორმებსაც. - რამდენად რეალურია მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვა? - როგორ შეიძლება იმოქმედოს შემოქმედებითმა ცენზურამ ქართულ კულტურასა და მის წარმომადგენლებზე? „ქრონიკა+“ ესაუბრება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან შავგულიძეს: „აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მთავრობის მხრიდან ერთგვარი მითითებაა იმაზე, რომ მას სურს გააკონტროლოს ეს სფერო. საქართველოში 1997 წლიდან არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ მუხლს პრაქტიკაში არასდროს უმუშავია, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა. ახლა კი გაჩნდა საფრთხე, რომ ეს რეალობად იქცეს _ ახალი კანონპროექტით სასამართლოს მიენიჭება უფლებამოსილება, შესაბამისად გაჩნდება მექანიზმი, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას. მით უფრო, ეს პრობლემატურია იმ სასამართლოს პირობებში, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და უმეტესობა გადაწყვეტილებისა სერიოზულ რევიზიას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს შეგახსენებთ: 1999 წელს, დებატები გაჩაღდა ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტების (YBA) ცნობილი გამოფენა „სენსაციის“ გარშემო, რომელიც ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია ქრის ოფილის ნამუშევარმა სათაურით „წმიდა ღვთისმშობელი“, სადაც „შავი“ მადონას გამოსახულება სპილოს განავლითა და ორაზროვანი ფოტოებით იყო თანხლებული. საზოგადოების ნაწილისთვის ეს „ანტიკათოლიკური“ და „საზარელი“ ნამუშევარი ადამიანის უფლებებს ლახავდა. მათ შორის იყო ნიუ-იორკის მერი, რუდი ჯულიანი, რომელიც თავად დაინტერესდა ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმის ფინანსური საკითხებით და რადგან მუზეუმი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, სასამართლოში საჩივარი შეიტანა და მისი დახურვა მოითხოვა: „ქალაქი არ უნდა აფინანსებდეს ავადმყოფურს“, _ განაცხადა მან. მუზეუმმა საპირისპირო სარჩელი შეიტანა და მერი იმაში დაადანაშაულა, რომ ის შემოქმედებით პროცესში უხეშად ერეოდა და მის გაკონტროლებას ცდილობდა, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო ყოფილიყო. საბოლოოდ, მუზეუმმა მოიგო დავა და დაფინანსება აღუდგა, ქრის ოფილის ეს ნამუშევარი კი დღეს თანამედროვე ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს შორის განიხილება. იქმნება სერიოზული საფრთხე, რომ შესაძლოა შეიქმნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, შემოქმედებაში შეჭრისა და მისი დამორჩილების ბერკეტი და დაკანონდეს ცენზურა, რაც სრულიად მიუღებელია დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის. ეს ძალიან ჰგავს ტოტალიტარული სახელმწიფოების მოდელს. სწორედ ასეთ სისტემებში იღებდნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისაღები ადამიანებისთვის და რა _ არა. შესაძლებელია კი არსებობდეს ზოგადი კრიტერიუმი, თუ როგორი უნდა იყოს „უწყინარი“ ხელოვნება? ვინ არის უფლებამოსილი, მიუთითოს ხელოვანს, რა არის დასაშვები და _ არა? ან ვის აქვს სათანადო კომპეტენცია, გადაწყვიტოს რა არის სხვისთვის შეურაცხმყოფელი და რა _ არა? არც ერთ უწყებას არ აქვს უფლება, შეზღუდოს შემოქმედის თავისუფლება, ჩაერიოს შემოქმედებით პროცესში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს კანონპროექტი სერიოზულ პროტესტს გამოიწვევს არა მხოლოდ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებში, არამედ მთელ საზოგადოებაში, რადგან მისი კანონად ქცევა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს დიდი ხნით შეაფერხებს“. საზოგადოების ნაწილი საუბრობს ხელისუფლების მიმართ რელიგიური ჯგუფების გავლენაზე, რაც მათი აზრით, გახდა ახალი ინიციატივის წამოჭრის საფუძველი. შემოქმედებითი ცენზურის იდეამ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განხილვის დონეზე იყო, ასევე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენი ღიად შეეწინააღმდეგა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც ამ კანონის ძალაში შესვლას თან ახლავს. ომბუდსმენის შეფასებით, ეს ახალი კანონპროექტი არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამო და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველია. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ზემოაღნიშნული კანონპროექტი ძირითადად იმეორებს კანონში უკვე არსებულ „მკვდარი ნორმის“ მოძველებულ და გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამო რედაქციას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი უწყება არაა უფლებამოსილი, ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შეზღუდოს შემოქმედების თავისუფლება. კანონპროექტის მთავარი სიახლე კი შეზღუდვის ახალი კანონის სახით გაფორმება და აღსრულების მექანიზმზე მითითებაა, რაც უკვე ხელშესახებად და პრაქტიკაში გამოყენებადად აქცევს მას. საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი, სადაც შესაძლებელია ჩარევა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით უფლების შეზღუდვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა და მიეთითა უფლების მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ. კანონპროექტი კი ითვალისწინებს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან. რაც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს („სხვათა უფლებები“), თუმცა კანონპროექტი უფრო შორს მიდის და ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც ასევე აცდენილია კონსტიტუციურ სტანდარტს. საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ნორმის („შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“) მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა და მისი რეგულირების ქვეშაა ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული ფასეულობა, რაც კანონპროექტის ეფექტის მასშტაბურობას უსვამს ხაზს“. საკმაოდ დიდი რეზონანსულობისა და კრიტიკული გამოხმაურების გამო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის თარიღმა გადაიწია, ინიციატორებმა კი გამოთქვეს მზაობა, რომ შეხვდნენ კრიტიკულად განწყობილ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მათთან აზრთა სხვადასხვაობასა და ამ ინიციატვის ავკარგიანობაზე ისაუბრონ. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ამ კარგმა ინიციატივამ არასწორი ინტერპრეტაციები რომ არ გამოიწვიოს, ის მზად არის, უარი თქვას კანონპროექტზე. და მაინც, ამ ახალმა თემამ, რომელმაც ბევრი შეხედულება და კიდევ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა წარმოშვა, გააჩინა მთავარი კითხვები: - სად გადის ზღვარი შემოქმედებით თავისუფლებაში? - გულისხმობს კი თავისუფლება შეუზღუდაობას? - არის კი ცენზურა და გარკვეული სახის შეზღუდვები ყოველთვის ცუდი და არასდროს კარგი? „ქრონიკა+“ კულტურის მესვეურებს ესაუბრა. მათმა ნაწილმა გარკვეული რეგულაციების საჭიროებებსა და აუცილებლობაზეც კი გაამახვილა ყურადღება. შორენა ქურთიშვილი _ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დოცენტი: „ცენზურას მივესალმები. ვფიქრობ, აუცილებელია ლიბერალური იდეოლოგიის მქონე საზოგადოებაში. თავისუფლება არც ხელოვნებაში უნდა გაიგონ ბოროტად. დაუშვებელია უხამსობა და ამორალობა ხელოვნებაში. არ არსებობს ამორალური ესთეტიზმი. ესთეტიზმი არის ეთიკური ფენომენი. მიუღებელია ე. წ. ლიბერასტული მწერლობა. ჩემი აზრით, ცენზურა უნდა არსებობდეს გარყვნილების წინააღმდეგ. სიწმინდეები უნდა იყოს ხელშეუხებელი“, რუსუდან გოგბერაშვილი _ პოეტი, ლიტერატურული გაერთიანება „ქართული სალონის“ დამფუძნებელი: „არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე კარგა ხანია დგას ცენზურის პრობლემა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვისაც რა უნდა, იმას წერს და ხატავს. ამის გამო მახინჯდება ჩვენი ახალგაზრდობის ფსიქოლოგია და მივიღეთ დღევანდელი საგიჟეთი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გამოხატვის თავისუფლების ეგიდით ამართლებენ ყველა სიბილწეს, რაც კი ვინმეს აზრად მოუვა. ამ ყველაფრის თავი და თავი გახლავთ მთლიანად ჩამოშლილი განათლების სისტემის იდეოლოგიური მხარე. არც ერთი სახელმწიფო არ აშენდება ეროვნული იდეოლოგიის გარეშე და ის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ამის ბრალი. ამაში, რა თქმა უნდა, ლომის წილი აქვთ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებსაც. სწორედ ამ ყბადაღებული „გამოხატვის თავისუფლების“ ეგიდით ქართულ მწერლობაში დაიბუდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საშიშმა იდეოლოგიამ, რაც ხელს უწყობს პროსტიტუციისა და ნარკომანიის, ნიჰილიზმისა და ძალადობისა თუ სუიციდის დამკვიდრებას. ამიტომ მომხრე ვარ რაღაც რეგულაციების დაწესებისა ჩვენს მწერლობასა და ხელოვნებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან დიდი სიფრთხილით, რათა დაცულ იქნას ხელოვანის შემოქმედებითი თავისუფლება. მხოლოდ შემოქმედებითი და არა ამორალური, რისი მომსწრენიც ვართ ჩვენ ბოლო პერიოდში. ეს ძალიან ვრცელი და ამოუწურავი სასაუბროა, მაგრამ, ჩემი აზრით, არ შეიძლება ყველაფრის დაშვება გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების უფლება. ადამიანის დანიშნულება არ არის მხოლოდ მისი თავისუფლება, ადამიანის დანიშნულება მისი მოვალეობის თამასაც არის ერის, ქვეყნის, ოჯახისა და თვით სამყაროს წინაშეც. რაც უფრო მაღალია ეს თამასა, მით მაღალია ადამიანის ღირსება და სწორედ ამ ღირსების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი სახელმწიფო და არა ადამიანის ცხოველურ ინსტინქტებამდე დაყვანას. მე მომხრე ვარ გარკვეული რეგულაციებისა ამ კუთხით“.

ანა ურუშაძე

 

გაზიარება