დღევანდელი მსოფლიო გამარტივებისა და ეფექტიანობის მუდმივ რეჟიმშია. თანამშრომლობის ნიადაგზე შესრულებული სამუშაოების მაღალმა ხარისხმა დიდი ხანია, სამყარო კავშირების შექმნის იდეამდე მიიყვანა. დაარსდა პროფესიული კავშირები. ის გულისხმობს შემდეგს: მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის ზრდა და დაფასება, მათი უფლებების გააზრება და სიძლიერე, ღირსეული ანაზღაურება და სხვ. პირველი პროფკავშირები მე-18 საუკუნეში გაჩნდა. მისი მასპინძელი ქვეყანაა დიდი ბრიტანეთი.
ენციკლოპედიური ლექსიკონი პროფკავშირებს ასე განმარტავს:
1. მოსამსახურეთა ასოციაცია (ასევე არსებობს დამსაქმებელთა ასოციაცია), რომლის მთავარი მიზანია, წარმოადგინოს მოსამსახურეთა უფლებები დამსაქმებელთა წინაშე. პროფკავშირების შექმნისა და მასში გაწევრიანების უფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება. კარგად ფუნქციონირებადი და პრესტიჟული პროფკავშირები ხშირად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კარგი მაჩვენებელი. უკეთესი სამუშაო პირობებისთვის ბრძოლაში მონაწილეობის გარდა პროფკავშირებს ყოველთვის ჰქონდა (და ახლაც აქვს) გადამწყვეტი როლი სოციალური მოძრაობების შექმნასა და სოციალური ცვლილებების განხორციელებაში. პროფკავშირების როლი განსხვავებულია მთელ ევროპაში. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმები არსებობდა, პროფკავშირები იყო ან იქმნებოდა სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური ელიტის დაქვემდებარებაში და გადაქცეული იყო მათი მჩაგვრელი რეჟიმების ინსტრუმენტად. ამ ისტორიული რეალობის შედეგად ბევრი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი პროფკავშირების როლისადმი და მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს ამ ქვეყნების მუშებმა მისი პოზიტიური როლის აღიარება მათი უფლებების დაცვის საკითხში. ევროპაში სხვა განსხვავებებიც არსებობს პროფკავშირების როლსა და ორგანიზაციასთან მიმართებით. უმეტეს ქვეყანაში პროფკავშირებს აქვთ კონფედერაციული სტრუქტურა;
2. ასოციაცია, რომელიც არსებობს მომსახურეების უფლებების დასაცავად, ხელფასისა და სამუშაო პირობების ჩათვლით. პროფკავშირები ძირითადად წარმოადგენს მომსახურეების ინტერესებს დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების დროს. ბევრ ქვეყანაში პროფკავშირები გაერთიანებულია კონფედერაციების სახით.
საქართველოს პროფესიული კავშირების ინფორმაციით: „საქართველოში პროფკავშირული მოძრაობა რომ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს, უდავოა, ამაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოგვეპოვება. საინტერესო ისაა, როგორ მოაღწია აქამდე ევროპული მოდელის „მშრომელთა საზოგადოების, გაერთიანების ან ასოციაციის“ (შემდგომში პროფკავშირი) შექმნის პრაქტიკამ? ამის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა.
საქმე ის გახლავთ, რომ პროფკავშირების შექმნის იდეა დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში უკავშირდება კაპიტალიზმის განვითარების აღმავლობას, რასაც კანონზომიერად მოჰყვა ფაბრიკა-ქარხნების კერძო სექტორში მუშახელის დასაქმების ზრდა. ზრდის ტენდენციას თან სდევდა ფერმერთა მხრიდან მშრომელთათვის შრომითი პირობების საკუთარი შეხედულებით შექმნა. დასაქმებულთა შრომითი პირობები, ყველა შემთხვევაში, დისკრიმინაციული იყო. ეს ეხებოდა როგორც სამსახურში მიღება-დათხოვნასა და მუშაობის ხანგრძლივობას, ისე _ შრომის ანაზღაურების მოცულობას. აღარაფერს ვამბობთ დაცული შრომის უსაფრთხოებებზე. ცხადი და ლოგიკურია, დღის წესრიგში დგებოდა შრომის ღირსებააყრილი უფლებების დამცავი მექანიზმის შემუშავება და ასეც მოხდა“.
ირაკლი პეტრიაშვილი _ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე:
_ რა შემოსავალი აქვს პროფკავშირს ჩვენს ქვეყანაში და როგორ ფინანსდება იგი?
_ საქართველოში 147 პროფკავშირული ორგანიზაციაა რეგისტრირებული. არა მარტო როგორ ფინანსდებიან, არამედ, საერთოდ, რას საქმიანობენ ისიც არ ვიცი გარდა 2-3 ორგანიზაციისა, რომლებიც ზოგიერთი მთავრობებმა, ზოგიც დამსაქმებლებმა შექმნეს ჩვენი ორგანიზაციის საპირწონედ და თვითონვე აკონტროლებენ, რათა მუშებს წარმოდგენა შეუქმნან და სურვილი მოუკლან რეალური პროფკავშირების ქონისა საწარმოში. ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა საქართველოს კრიტიკის საგანი საერთაშორისო თანამეგობრობის ჭრილში (აშშ-ს სახ. დეპარტამენტის ანგარიშები, ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ჟენევა).
რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის დაფინანსებას: იგი ფინანსდება იმ 21 წევრი ორგანიზაციის მიერ, რომელიც სხვადასხვა სექტორში აწევრიანებს ფიზიკურ პირებს, საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეებს ანუ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, შედგება 21 დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტისგან (განათლება, მეტალურგია, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, მეზღვაურები, მომსახურება და ა. შ.). თითოული წევრი უხდის თავისი ხელფასის 1%-ს იმ პროფკავშირს, სადაც გაწევრიანებულია ეკონომიკური სექტორის მიხედვით, ხოლო ამ სექტორში აკრეფილი საწევროს 5% პროცენტი მოდის გაერთიანებაში ჩემს ქვემდებარედ ანუ თუ მეზღვაურთა პროფკავშირს ჰყავს 1000 წევრი, რომლის ხელფასიც, ვთქვათ, ჯამურად შეადგენს 10.000 ლარს, ათი ათასის 1% ირიცხება მეზღვაურთა პროფკავშირში (ასი ლარი), ხოლო იმ ასი ლარიდან 5% ირიცხება ჩვენთან _ საქ. პროფკავშირების გაერთიანებაში (ამ მაგალითის მიხედვით 5 ლარი, რომელსაც გაერთიანება განკარგავს იმ 21 პროფკავშირის თავმჯდომრის მონაწილეობით, დგება ბიუჯეტი და მტკიცდება). დარგში დარჩენილ ფინანსების ხარჯვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს იმ დარგობრივი ორგანიზაციებისა და მათი კოლეგიალური ორგანოს კომპეტენციაა და მე უფლებაც არ მაქვს, იქ ჩავიხედო, რადგან ცალკე იურიდიული სუბიექტები არიან.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პროფკავშირთან, დასაქმებულების უფლებებთან თუ უუფლებობასთან დაკავშირებული ყველა ნეგატივი თუ პოზიტივი ამ ქვეყანაში მე მიკავშირდება და, ბუნებრივია, საქპროფგაერთიანებას, ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე აქტიურები ვართ, თუმცა _ არასაკმარისად. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ წესდებითა და უფლებამოსილებით კონკრეტული დასაქმებული ფიზიკური პირის პრობლემა, რომელიც არის ამა თუ იმ წევრია, პირველ ყოვლისა, იმ დარგის კომპეტენციაა, ისევე როგორც ფინანსები, რომელიც დარგის ეგიდით იკრიბება და 95%-ის განმკარგავი სწორედ დარგია, გარდა 5%-ისა, რომელსაც გაერთიანება დარგის ხელმძღვანელების მიერ შექმნილი გამგეობით განკარგავს (ვემატებით მე და ჩემი ორი მოადგილე).
_ რამდენად ეფექტიანია საქართველოში პროფესიული კავშირები?
_ პროფესიული კავშირების ეფექტიანობა, წესით, საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. იმ საზოგადოებისთვის, რომელიც გახლავთ პროფკავშირების წევრი, ბუნებრივია, ეფექტიანია. ამ ორგანიზაციის წევრობა არის ნებაყოფლობითი. ნებაყოფლობით იწერება განცხადება, რომ ვინმეს სურს პროფკავშირის წევრობა და, ასევე, მიმართავს დამსაქმებელს ან დამსაქმებლის ბუღალტერიას, რომ პროფკავშირების ანგარიშზე საკუთარი საქმიანობის 1% გადარიცხოს. საზოგადოება მის წევრობას თვითონ ირჩევს _ თუ რამე არ მოეწონება, გავა, დაწერს განცხადებას და აღარ იქნება პროფკავშირის წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ჯამურად, აერთიანებს 171 340 წევრს, ამ ადამიანებისთვის მისი წევრობა ეფექტიანია. ზოგადად, მსოფლიოში ხელფასი, პენსია, დაზღვევა, შვებულება, შესვენება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და მსგავსი ტერმინები პროფკავშირების მიერ გაკეთებული საკითხები და სიკეთეებია, რაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მოუტანია ამ ორგანიზაციას. რაც შეეხება საქართველოს პროფკავშირებს, მაგალითისთვის, აგარის შაქრის ქარხანა დაიკეტა. დაახლოებით, 550 ადამიანი უმუშევარი დარჩა. რომ არა პროფკავშირების მოქმედებები, ბუნებრივია, ეს ხალხი დღემდე უმუშევარი იქნებოდა და ისედაც არსებული უმუშევრების დიდ არმიას შეუერთდებოდა. იგივე შეიძლება ვთქვათ, მაგალითად, ორმილიონამდე თანხა გვაქვს მოგებული საქართველოს ფოსტის ადმინისტრაციისთვის დასაქმებულთა სასარგებლოდ და როცა მათ უკანონოდ ათავისუფლებდნენ და ა. შ. იგივე სიტუაციაა კოლექტიური ხელშეკრულებებით, რაც გვაქვს გაკეთებული რკინიგზისთვის, ზესტაფონისთვის, თელასის თანამშრომლებისთვის, წყლისთვის და ა. შ. საერთო ჯამში, თუ არ ვცდები, შარშანდელ წელს პროფკავშირებმა საზოგადოებას 176 მილიონი ლარი მოუტანა სხვადასხვა მოქმედების შედეგად. თუ ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანაში, 10-15%-ით მოიმატა ხელფასმა, ეს თითქოს აქაური გადმოსახედიდან არაფერია, მაგრამ პროფკავშირების მოქმედების შედეგად მომატებულმა ამ პროცენტულმა მაჩვენებელმა ადამიანებს საშუალება მისცა, რომ, სიტყვაზე, ერთი კილო პომიდვრით მეტი ეყიდათ. ეს არ არის ის, რაც რეალურად სჭირდებათ და რასაც რეალურად იმსახურებენ, მაგრამ პროფკავშირების გარეშე კიდევ უარესი იქნებოდა მათი მდგომარეობა ისე, როგორც იმ საწარმოებშია, სადაც პროფკავშირები არ მუშაობს. შრომის უსაფრთხოების საკითხი, შრომის კოდექსი _ ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებიც საქართველოს პროფკავშირებმა მოახერხა და დღის წესრიგში შეიტანა ჩვენი ევროპელი კოლეგების მეშვეობით. დღეისთვის ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გვაქვს, შრომის კოდექსში შესაბამისი მუხლები შევიდა. რა თქმა უნდა, ეს აქაური აქციებისა და პროტესტის შედეგია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დღის წესრიგში ეს საკითხები დგას და ქვეყნის მიერ მათი არშესრულების შემთხვევაში საქართველოს გარკვეული პრობლემები შეექმნება. თუნდაც ის, რომ ცხრა საათზე იწყება საჯარო სექტორში სამსახური და, პროფკავშირების მოთხოვნის შესაბამისად, ვისაც ბავშვები ჰყავს, იმათთვის, დავუშვათ, ათის ნახევარზე იწყება, ის ნახევარი საათიც მნიშვნელოვანია. სხვადასხვა კომპანიასთან პროფკავშირების მეშვეობით კოლექტიურ ხელშეკრულებას ვდებთ, სადაც შედის დაზღვევა, შვებულების თანხები, შესვენების საკითხი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და სხვ. ეს მხოლოდ წევრებზე კი არა, არაწევრებზეც ვრცელდება ხოლმე და მხოლოდ ის 171 000 ადამიანი კი არ სარგებლობს, პროფკავშირების მიერ ჩატარებული ქმედებებით მისი არაწევრებიც სარგებლობენ. 4373 სასამართლო პროცესი მოვიგეთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დგას ამ სასამართლო პროცესების უკან, ვის უფლებებსაც პროფკავშრების იცავს.
_ პროფკავშირებს რაიმე უარყოფითი თუ ახასიათებს?
_ საქმე ისაა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსის სახით. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ცნობიერება და საზოგადოების რეალური აღქმა, რას უნდა აკეთებდეს პროფკავშირები. ეს იმიტომ, რომ მათ ახსოვთ, კომუნისტურ პერიოდში საგზურების დარიგებით იყო დაკავებული პროფკავშირები, პარტიაზე დანამატი იყო. ვერც იგებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს იმ დამოუკიდებლობას, რისთვისაც ასე იბრძვის პროფკავშირები, რომ არ იყოს ის ხელისუფლებაზე და დამსაქმებელზე, რაიმე მხრივ, დამოკიდებული. ეს საზოგადოების ცნობიერება არის, ცხადია, გარკვეული პრობლემა. წარსულმა გამოცდილებამ, ბუნებრივია, უარყოფით კონტექსტში შეიძლება იმუშაოს ადამიანებში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია და დადებითია მისი სიმყარისთვის, რომ პროფკავშირულ საქმიანობაში მყისიერად ვერ ჩაერევი. სიმყარისთვის კარგია, მაგრამ ეფექტიანობას რაც შეეხება, რადგან ცენტრალიზებული ვერტიკალური მართვა არ არის, ბუნებრივია, სადმე რაიმე გადაცდომა თუ იქნება, იქ ოთხ წელს უნდა ელოდო, როდის ჩატარდება არჩევნები და შეიცვლება რამე.
_ რა პროცესებს უწყობს ხელს პროფკავშირების არსებობა?
_ პროფკავშირები, ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში, გარკვეულწილად, ფილტრის ფუნქციას ასრულებს, რომ თუ პროფკავშირები დაიწუნებს ამა თუ იმ ინიციატივას, რაც ხელისუფლებას ან დამსაქმებლებს აქვთ ხოლმე, ზუსტად იციან, ე. ი. იქ ხალხი ანუ საზოგადოება ამ ინიციატივას დადებითად არ შეხვდება. ეს არის 150-წლიანი ორგანიზაცია და, ბუნებრივია, მას ალტერნატივა არ აქვს იმიტომ, რომ სულ სხვა კომპეტენცია გახლავთ დაგროვილი და მე, სიტყვაზე, შეიძლება არ მყავდეს სპეციალისტი, მაგრამ ნებისმიერი პროფკავშირული ორგანიზაცია და ქვეყანა ვალდებულია, რომ თავისი სპეციალისტები მომახმაროს, საჭიროების შემთხვევაში. ეს, ბუნებრივია, არსად ხდება, გარდა პროფკავშირებისა. თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციაში პროფკავშირმა რა როლიც შეასრულა, მათ შორის _ მე, ეს, მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. საპენსიო რეფორმაზე რომ საუბრობს მთავრობა, შრომის კოდექსი რომ შეიცვალა, ქალთა უფლებებში რომ გვაქვს ვალდებულებები, მინიმალური ხელფასის თემა, შრომის უსაფრთხოების კანონი და ა. შ., აი, ამ პროცესებს შეუწყო ხელი პროფკავშირებმა.
1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი _ საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ. ამ კანონის მიხედვით ის აწესრიგებს:
ა) საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პროფესიული კავშირების შექმნის, უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან;
ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციები) ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირები, ასოციაციები), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
ამავე კანონის მიხედვით:
1. პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;
2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება;
3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და სხვა სამუშაო ადგილებზე.
პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კანონში ნათქვამია:
1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) დამოუკიდებელი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირები, ასოციაციები), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არ განეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანება).
საქართველოს პროფესიულ კავშირებს უფლება აქვს, ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, იყოს სხვადასხვა საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციათა წევრი, დადოს მათთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 1992 წელს დაარსდა. მსოფლიო მასშტაბით კი პროფკავშირებში გაწევრიანებული მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებლით შემდეგი ხუთი ქვეყანა ლიდერობს: ისლანდია, შვედეთი, ბელგია, იტალია და ირლანდია.
მარიამ ტიელიძე