QronikaPlus
გახდება თუ არა სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი?

გახდება თუ არა სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი?

2018-04-28 13:55:20

საქართველოსთვის, როგორც რეგიონულ-გლობალური კონფლიქტის საფრთხეების მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემისა და უსაფრთხოების მაღალი დონე, რისი შემადგენელი ნაწილიც ქვეყნისთვის მისი საჯარისო დანაყოფებია. ექსპერტების შეფასებით, ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი საყრდენია. ქართული ჯარის ფორმირება, ჯერ კიდევ, 25 წლის წინათ დაიწყო და დღესაც საკმაოდ ბევრი რამაა გასაკეთებელი საიმისოდ, რომ ქართული არმია თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებსა და სამხედრო პარამეტრებს აკმაყოფილებდეს. საქართველოს ხელისუფლებამ 2003 წლიდან მოყოლებული სრულიად პროფესიული ჯარის ჩამოყალიბებაზე აიღო გეზი. 2007 წლის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, შემდეგ უკვე 2013 წლის თსმ-ში და იმავე წლის თავდაცვის ტრანსფორმაციის დოკუმენტში სხვადასხვა მინისტრის დროს ღიად გაცხადდა სხვადასხვა პერიოდისთვის შეიარაღებული ძალების სრულიად საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანის სურვილის შესახებ. 2016 წლის ზაფხულისთვის თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცალმხრივად შეწყვიტა გაწვევის პრაქტიკა და ეს ნაბიჯი, სხვა მიზეზებთან ერთად, პროფესიული სამსახურის დაწყების მსურველთა დიდი რაოდენობით ახსნა. ქართულ სამხედრო სისტემას სამართლებრივად არეგულირებს საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებული კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ. კანონი ადგენს, რომ საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ეს კონკრეტული სამართლებრივი აქტი ასევე თანამედროვე ქართული სამხედრო სისტემის სახესაც განსაზღვრავს. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს კანონით, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ შეიარაღებული ძალები ორი წესით კომპლექტდება: 1. საკონტრაქტო სამსახური, როდესაც მსურველებს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან ხელშეკრულებას უფორმებს; 2. სავალდებულო სამხედრო სამსახური, სადაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გაწვეული უნდა იყვნენ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცები, რომელთაც ჯანმრთელობაც ხელს უწყობს და არც გადავადების საფუძველი აქვთ. გაწვევა, ისევე როგორც საკონტრაქტო სამსახური, წარმოადგენს მხოლოდ ჯარის დაკომპლექტების მექანიზმს, ხოლო ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი ყალიბდება სტანდარტული საბრძოლო წვრთნებისა და მომზადების შედეგად, რომელსაც თანაბრად გადიან როგორც წვევამდელები, ასევე პროფესიულ საფუძველზე შერჩეული სამხედრო მოსამსახურეები. დღეისთვის 18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ ისინი ნაწილდებიან შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში. 2016 წლის გეგმით ჯარში ახალგაზრდებს კვლავ საკუთარი ნების გარეშე იწვევდნენ. თუმცა ამავე წელს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. რას გულისხმობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და რა ფორმით გააგრძელებდა ამ ცვლილების შემდეგ ჯარი არსებობას, ამაზე არ განუცხადებია არც თავად ინიციატორსა და არც სხვა დაინტერესებულ მხარეებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის მთლიანად გაუქმების ინიციატივით პარლამენტს პარტია „გირჩმა“ მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას შედეგი დღემდე არ მოუტანია და სამხედრო სამსახური კვლავაც სავალდებულო რჩება. აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხისადმი მისი გაჟღერებისთანავე გამოიკვეთა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეების მთავარ უკმაყოფილებას იწვევს თავად ამ სამსახურის ფორმები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში გარკვეული ობიექტების დაცვასა და ზედამხედველად მუშაობას გულისხმობს. მათი შეფასებით, ადამიანები კარანტინის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში რომელიმე ობიექტის ყარაულში დგომისას რეალურ სამხედრო უნარ-ჩვევებს ვერ გამოიმუშავებენ და სისტემა არაეფექტიანია. შესაბამისად, მისი ამ ფორმით არსებობა, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. მოსაზრებათა მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე, რომელიც დღითი დღე მწვავდება და შესაბამისად ამ გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია, ქვეყანას ძლიერი და განვითარებული ჯარი და თავდაცვის სისტემა ჰქონდეს, რომელიც ქვეყნის როგორც შიდა, ასევე გარე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოწინააღმდეგეები ეჭვქვეშ აყენებენ მოქალაქეების სურვილს, საკუთარი ინიციატივით გაწევრიანდნენ ჯარში და მოიხადონ სამხედრო სამსახური ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის გამო ისინი სარისკოდ მიიჩნევენ სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობითი ფორმით შექმნას, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს თავდაცვის არსებულ სისტემას და შესაბამისად ხელს შეუშლის კვალიფიციური კადრების მომზადებას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამ იდეის მოწინააღმდეგეთა შორისაა ექსპერტი სამხედრო საკითხებში _ ამირან სალუქვაძე, რომელიც „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს: _ ჯარში გაწვევის თანამედროვე სისტემას დადებითად ვაფასებ, რადგან წინააღმდეგი ვიყავი სავალდებულო სამსახურის გაუქმებისა და ყოველთვის შევეწინააღმდეგები. არ ვემხრობი ამ იდეას, რადგან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კადეტთა გაწვევისას ვეღარ ვახერხებთ ნორმალურ კონკურსს, როგორც იყო ხოლმე და სავალდებულო სამსახურში შესაბამისი მოტივაციის გარეშე, არავინ წავა. ნებისმიერ ნებაყოფლობით სამსახურს სჭირდება გამართული სამოტივაციო სისტემა. საზოგადოების, ზოგადად ერის თვითგადარჩენის ინსტინქტის პრობლემაა. არ გვაქვს გათავისებული საფრთხეები. უნდა ჩამოყალიბდეს მაღალი სტანდარტი. ვინც არ იმსახურებს, არ მოიხდის ვალს სახელმწიფოს წინაშე, არც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მის წინაშე გარკვეული ვალდებულებები. ასეთმა პირმა საერთოდ ვერ უნდა იმუშაოს საჯარო სტრუქტურებში. უნდა იყოს სხვა შეზღუდვები. ჩვენ მოგვწონს ხოლმე ხან ისრაელის, ხან შვეიცარიის, სხვა წარმატებული სახელმწიფოების მიღწევები. წარმატებები თავისით არ მოდის. თუ არ გაიღებ, ვერაფერს მიიღებ. ამ მოსაზრებების თანახმად პრობლემა არა გაწვევის მექანიზმში, არამედ მოსახლეობის მოტივაციაში უნდა ვეძებოთ, რაც, ზოგიერთის შეფასებით, პირდაპირაა დამოკიდებული პატრიოტულ განწყობასთან. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და განმარტეს, რომ თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, სამინისტროს მოუწევს დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად რამდენიმე ათეული მილიონის გაღება სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. სხვადასხვა დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ ბევრი პეტიცია დაიწერა. ერთ-ერთი ყველაზე ახალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტ ვახტანგ ლალუაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ეს ინიციატივა წერილობითი სახით მიმდინარე წლის აპრილში შესაბამის პლატფორმაზე, ichange.gov.ge-ზე ატვირთა. თუ ერთი თვის ვადაში პეტიცია 10 000 ხელმოწერას შეაგროვებს, პრემიერის აპარატი ვალდებულებას იღებს, 3 თვის ვადაში განიხილოს აღნიშნული საკითხი. დაახლოებით ორკვირიანი მონაცემებით მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. პეტიციას, მხოლოდ და მხოლოდ, 35 ხელმომწერი ჰყავს, თუმცა უცნობია, დარჩენილ ვადაში რამდენად მოხერხდება საჭირო ხმების შეგროვება და ახალი საინიციატივო წინადადების განხორციელება?.. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის კანონში წერია შემდეგი რამ: „18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას“. ახალგაზრდა ვაჟების უმეტესობას, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ სურს მსგავსი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. ეს არ ნიშნავს მათგან არაპატრიოტიზმის გამოვლინებას, არამედ, უბრალოდ, უმეტესობისთვის ეს დროისა და რესურსების ფუჭი ხარჯვაა. ხალხი იმისთვის, რომ გაწვევას თავი აარიდოს, მიმართავს ერთობ სასაცილო და ზოგჯერ არაჯანსაღ მეთოდებს. ასეთი ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ კანონი გასაუქმებელია ან რადიკალურად, ძირფესვიანად შესაცვლელი. მსგავსი შემთხვევები ჩვენ გარშემო საკმაოდ ხშირად იკვეთება. კანონი განსაზღვრავს ჯარიდან ოფიციალურად განთავისუფლების მიზეზებსაც, მათ შორისაა: ჯანმრთელობის პრობლემები; სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა; არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოხდა; და-ძმის არყოლა, „დედისერთად“ ყოფნა; შეზღუდული შესაძლებლობები ან განსაკუთრებული ნიჭი; შესაძლებელია ასევე სამხედრო სამსახურის დროებითი გადავადება, თუ წვევამდელი სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, აქვს ჯანმრთელობის დროებითი პრობლემა, გახდა მღვდელმსახური, ჰყავს ორი ან ორზე მეტი არასრულწლოვანი შვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით, გაწვეული 6436 ახალგაზრდიდან სამხედრო სამსახურში წავიდა, დაახლოებით, 25%-ზე ნაკლები, დანარჩენი კი გაიწვიეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებულ მოდელთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს. უმთავრესი პრეტენზია მიემართება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ფუნქციებსა და მოვალეობებს, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა, ძირითადად, სხვადასხვა ობიექტზე დაცვის ან ყარაულის ფუნქციით და ფიზიკური სამუშაოს შესრულებით შემოიფარგლება. ეჭვს ბადებს ის, თუ რამდენად აძლევს ეს სამუშაოები მოქალაქეებს სამხედრო უნარებს და რამდენად ეფექტიანია ეს ყველაფერი ქვეყნის თავდაცვის სისტემისთვის? სწორედ ამ კითხვების სიმრავლის გამო უკვე წლებია, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის გადახედვასთან და დახვეწასთან დაკავშირებით. უცხოური პრაქტიკაც ამ კუთხით არაერთგვაროვანია. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოში, მაგალითად, ისეთში, როგორიც არის გერმანია, მოქმედებს ნებაყოფლობითი სამხედრო სისტემა, რაც საკმაოდ ეფექტიანია და კარგი შედეგებიც აქვს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში. საინტერესოა, რამდენად გაამართლებს ეს მოდელი ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდაც, გახდება თუ არა სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი? ამაზე დღემდე დაობენ. ტყუილი დროის კარგვა თუ პატრიოტიზმის გამოვლინება სამშობლოს მიმართ? _ ეს ის უმთავრესი დილემაა, რომლის წინაშეც ყველა ქართველი მამაკაცი სრულწლოვანების ასაკის დადგომისას დგება. მანამდე კი სანამ ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი უკვე კარგად ნაცად ხერხებს მიმართავს ჯარში გაწვევისგან თავის ასარიდებლად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოდელი კვლავაც დიდი განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის საგანია.

ანა ურუშაძე

გაზიარება