5 მარტი სტალინის გარდაცვალების დღეა. იგი 21 დეკემბერს დაიბადა. მართალია, ამბობენ, ეს ოფიციალური თარიღი რეალურს არ შეესაბამებაო, მაგრამ, ასეა თუ ისე, ის ამ პიროვნებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მასზე სასაუბრო საბაბად კარგად გამოდგება.
საუბარი კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი 60 წელიწადზე მეტია, რაც გარდაცვლილია და მასზე ისედაც ბევრია დაწერილი, მაინც აუცილებელია, რადგან ის დღესაც, საიქიოდანაც, აქტიურად არის ჩართული ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში და ზეგავლენას ახდენს მასზე.
პუტინის რუსეთში უკვე კარგა ხანია, ინტენსიურად მიმდინარეობს სტალინის ფიგურის აღზევების პროცესი და ეს, ბუნებრივია, მმართველი ძალის შეგნებული ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდება, რაც გასაკვირი არ არის. რუსეთი პუტინის მმართველობის დროს დაადგა ტოტალიტარიზმის გზას და ყველანაირი ხერხით ცდილობს იმპერიული პროექტის წარმატებულ განხორციელებას, ხოლო რუსეთის იმპერია თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც სტალინის მმართველობის დროს. სტალინის ფენომენის რეაბილიტაცია, ასევე, ცალსახად პასუხობს პუტინის ერთპიროვნული მმართველობისა და მისი, როგორც ერთგვარი ნაციის ბელადი-ლიდერის როლის გამართლების ამოცანას, შესაბამის ისტორიულ ანალოგიაზე დაყრდნობით.
სტალინს არც საქართველოში აკლდა პოპულარობა და ამის მთავარი მიზეზი მისი ქართული წარმოშობა გახლდათ, რომელიც მცირე და დაჩაგრული ქვეყნის შვილებში დიდ სიამაყეს იწვევდა. დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკვე 26 წელიწადს მოითვლის, მაგრამ სტალინისტები ჩვენში მაინც არსებობენ არცთუ ისე მცირე რაოდენობით და, რაც ყველაზე უფრო არასასიამოვნოა, მათ შორის ახალგაზრდებიც არიან.
ეჭვგარეშეა, რომ ამ სისხლიანი დიქტატორის ფიგურას გარკვეული მაგიური ზემოქმედების ძალა აქვს, რადგან მისი იმიჯი, თავის დროზე, ამ საქმის კარგად ცოდნის შედეგად არის შექმნილი და ის ადამიანების ფსიქიკის ძალიან სიღრმისეულ, ინსტინქტურ მექანიზმებზეა დაფუძნებული, სწორედ ისეთებზე, რომლებიც დაკავშირებულია არა ადამიანის მაღალ დანიშნულებასთან, არამედ მის იმ ცხოველურ ბუნებასთან, რომლის დაძლევისა და მაღალ ადამიანობაზე დამორჩილების ხანგრძლივი პროცესი, პრაქტიკულად, კაცობრიობის განვითარების ისტორიის მთავარ არსს წარმოადგენს.
დიახ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტალინისადმი თაყვანისცემა განსაკუთრებით ძლიერია დაბალი განვითარებისა და განათლების ადამიანებში, რომლებსაც, დიდი ანგარიშით, არც ამ პიროვნების შესახებ ცოდნა გააჩნიათ და არც კრიტიკული აზროვნების უნარი, გასაგები ხდება, რომ ეს ფენომენი ადამიანის ფსიქიკის რაღაც სიღრმისეული, არქაული საწყისებიდან იღებს სათავეს და, გარკვეულწილად, ეროტიკული ბუნების მატარებელიცაა. შემთხვევითი არ არის, რომ საპარიკმახეროებში, მეწაღეების ჯიხურებსა თუ სატვირთო ავტომობილების საქარე მინებზე სტალინის სურათები ხშირად დიდმკერდიან და გრძელფეხება ლამაზმანების ფოტოების გვერდზე იყო განთავსებული, რადგან გრძნობის საწყისი და წყარო, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა. ჯოგური ინსტინქტი, მონური ფსიქიკა და ბელადომანია სწორედ ასეთ მყარ და არქაულ საფუძვლებზე დგას.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სტალინისტები ე. წ. ნაკითხ ადამიანთა შორისაც გვხვდება ხშირად, მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს თვისობრივი განსხვავება ნაკითხ და მოაზროვნე ადამიანებს შორის. ყველა ნაკითხი როდია მოაზროვნე და, მით უმეტეს, კრიტიკულად მოაზროვნე! ასეთი ადამიანები სტალინის შესახებ და მის გარშემო არსებულ უკიდეგანო ინფორმაციასა და ფსევდოინფორმაციას აფრქვევენ, ვნებიანი კმაყოფილებით გაწვდიან პიკანტურ, ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ფაქტებსა თუ ლეგენდებს და ზოგჯერ ბელადის შესახებ სქელტანიან წიგნებსაც კი წერენ, მაგრამ ყოველივე ამის მოტივაცია ჭეშმარიტების კვლევა როდია... სინამდვილეში, ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, ზემოთ ნახსენები ფსიქოლოგიური მექანიზმებიდან გამომდინარეობს და ემოციურ-ინტელექტუალური მასტურბაციის ერთგვარ ნაირსახეობას წარმოადგენს. ეს ასეა, რადგან, ვიმეორებ, მათი „აზროვნებისა“ და ცოდნის შეგროვების იმპულსს არა ჭეშმარიტების ძიება, არამედ თაყვანისცემის ობიექტისადმი ირაციონალური, მახინჯი სიყვარული წარმოადგენს, ის სიყვარული, რომელიც გამორიცხავს კრიტიკულ მიდგომას და რომლის დიქტატის ქვეშ მიმდინარეობს ამ ადამიანების შემდგომი ფსევდოინტელექტუალური პროცესი საკითხთან დაკავშირებით.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელადისადმი ასეთი დამოკიდებულება თავისი არსით ღრმად ანტიქრისტიანულ ფენომენს წარმოადგენს, რადგან ქრისტიანობის მაგისტრალური ხაზი სწორედ ადამიანის ბნელი, არქაული ბუნებიდან განთავისუფლება და მისი მაღალი დანიშნულებისკენ მიმართვა გახლავთ, რაშიც ის, ქრისტეს სიტყვასთან ერთად, ძველი აღთქმის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, კერძოდ, მეორე მცნებასაც ეყრდნობა, რომელიც ცალსახად გვეუბნება, რომ „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“.
ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური ან რელიგიური ასპექტის გარდა ამ თემას სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური განზომილებაც აქვს. ბოლო დროს საქართველოში უპრეცედენტოდ გათავხედებული პრორუსული ძალების ღონისძიებებს თუ გავიხსენებთ, სტალინის თემა, მისი პორტრეტები და ა. შ. საკმაოდ უხვად იყო წარმოდგენილი. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მის თაყვანისმცემელთა შორის საკმაო რაოდენობით ახალგაზრდაც შეინიშნებოდა. ბუნებრივია, ზოგადად, პრორუსულ მოძრაობასთან ერთად, სტალინიზმიც რუსეთიდან არის წახალისებული საქართველოში და ეს შემთხვევით არ ხდება. ამიტომ აუცილებელია, საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ იმის შესახებ, თუ რა საშიშროებას უქმნის სტალინის კულტი საქართველოს სახელმწიფოს და, შესაბამისად, ჩვენს წინსვლასა და უსაფრთხოებას. არის თუ არა ეს შედარებით უწყინარი მოვლენა, რომელსაც იუმორითა და ქილიკით უნდა მოვეკიდოთ, თუ ის უფრო მეტ სერიოზულობას მოითხოვს?
რადგან სტალინის კულტს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ჭრილში განვიხილავთ, ბუნებრივია, რომ ამ პიროვნების საკუთარი სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებას შევეხოთ. ჩვენი სტალინისტები ამ თემას, პირველ რიგში, და, ძირითადად, ახალგაზრდა სტალინის, „სოსელოს“, ყრმობის პატრიოტული ლექსების კონტექსტში განიხილავენ და ეს შემოქმედება საქართველოსადმი მისი სიყვარულის უტყუარ ნიშნად მიაჩნიათ. ახალგაზრდა სტალინის ცხოვრების გამოკვლევები ნათლად გვიჩვენებს, რომ ის ბავშვობიდანვე ძალიან ამბიციური პიროვნება იყო და და, შესაბამისად, მისი პოეტური მცდელობების ერთგვარი პატრიოტული სულისკვეთების გარდა, პირველ რიგში, თვითდამკვიდრების მოტივაციით იყო განპირობებული.
სწორედ ამბიციები და ამპარტავნება იყო ყოველთვის სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მამოძრავებელი ძალა და, შესაბამისად, ბავშვობიდანავე მწვავე დაუკმაყოფილებლობის გრძნობასა და არასრულფასოვნების კომპლექსს განიცდიდა, რადგან დაბალ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა და ლოთი მამისა და მსუბუქი ყოფაქცევის დედის შვილი გახლდათ.
შესაბამისად, იმ დროს პოპულარული მარქსიზმი და რევოლუციური იდეები სტალინის სახით ძალიან ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა, რადგან შეუძლებელია, მისი ხასიათისა და ცხოვრებისეული მდგომარეობის მქონე ადამიანი, მკვეთრად უკმაყოფილო არ ყოფილიყო სტატუს კვოთი. ქვეყნის რადიკალური ატრიალების პერსპექტივა კი მის ძლიერ ამბიციებს უკიდეგანო პერსპექტივას უხსნიდა. სტალინიც ადრეული ასაკიდან ხდება თავზეხელაღებული რევოლუციონერი, რომელიც, თანამედროვეთა გადმოცემით, განსაკუთრებული თავხედობით გამოირჩეოდა. აქვე ვლინდება მისი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც, მოგვიანებით, ასე მკვეთრად იჩენს თავს _ ადამიანების დამორჩილების სურვილი და უნარიც, ეჭვიანობა, შურისმაძიებლობა და დაუნდობლობა, რაც მკვლელობის ჩადენაზე საკმაოდ იოლ მზადყოფნაში გამოიხატებოდა.
თუმცა მთავარი აქ სხვა რამ არის: საქმე ის გახლავთ, რომ იქ, სადაც იწყება მარქსიზმი, მთავრდება პატრიოტიზმი. ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას ანაცვლებს სოციალისტური რევოლუციის იდეა, ნაციონალიზმს _ პროლეტარული ინტერნაციონალიზმი, ჯანსაღი ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობას _ პროლეტარიატის დიქტატურა, მსოფლიო რევოლუცია, სოციალიზმისა და კომუნიზმის აღმშენებლობა და ა. შ. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გაჩაღებულ მწვავე პოლიტიკურ ბრძოლაში ეროვნულ-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობებს შორის ახალგაზრდა იოსებ სტალინი უყოყმანოდ აკეთებს არჩევანს მეორეს სასარგებლოდ. ამის შემდეგ ისეთი ცნებები, როგორებიცაა სამშობლო, საქართველო და ქართველობა თანდათან კარგავს მისთვის ყოველგვარ ემოციურ დატვირთვას და მეორეხარისხოვან ფორმალობად იქცევა.
სტალინის მიერ გაკეთებული ეს არჩევანი მისი ტიპის პიროვნებისთვის ძალიან ნიშანდობლივია. ეს არის არჩევანი ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის, ამპარტავნებასა და სიყვარულს შორის, პირად ამბიციებსა და სამშობლოს შორის, რა თქმა უნდა, სამივე ასპექტში პირველის სასარგებლოდ. სტალინი კარგად გრძნობდა, რომ ეროვნული მოძრაობის დახვეწილ და კოლორიტულ ელიტაში მას ლიდერობის დიდი შანსები ვერ ექნებოდა, მეორე მხრივ კი ჩაგრული, პატარა სამშობლოს მასშტაბები მის ჰიპერტროფიულ ამბიციებს ვერანაირად პასუხობდა. ამდენად, ზედაპირზე ეს გამოიყურებოდა როგორც ინტელექტუალური არჩევანი ორ იდეოლოგიას შორის, მაგრამ ის საზრდოობდა მისი სულის სიღრმიდან, სადაც ეგოს უკვე კარგა ხნის წინათ ღმერთისადმი სიყვარულზე გადამწყვეტი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
სწორედ უზარმაზარ ამბიციებზე გამრავლებული ამ სუპერეგოცენტრიზმით აიხსნება სტალინის ის არანორმალური სისასტიკე, რომელიც, სინამდვილეში, ბევრი მისი თაყვანისმცემლისთვისაც გამოცანად რჩება. მთავარი აქ მისი „სიბრძნე“ არაა, უბრალოდ, ასეთი ტიპის ადამიანებისთვის საკუთარი ეგო უზენაეს, უსაყვარლეს და სათაყვანო ღვთაებად იქცევა და, შესაბამისად, ყველა, ვინც კი ამ ღვთაების შებღალვასა ან ღალატში არის შემჩნეული, უმალვე გავეშებული ზიზღისა და დაუნდობელი შურისძიების ობიექტად იქცევა. ღალატი არავის უყვარს, მაგრამ ამ ტიპის ადამიანებს პიროვნული ღალატი, რეალური ან მოჩვენებითი, უსაზღვრო რისხვაში აგდებს. ამავე დროს, ისინი უაღრესად ეჭვიანები არიან და საკუთარი თავის სიყვარულით გატაცებულნი, ხშირად ამ ღალატს იქაც ხედავენ, სადაც ის რეალურად არც არის და, რაც ძალიან საინტერესოა, ისინი უპატივცემულობასაც ღალატად მიიჩნევენ. ამით აიხსნება სწორედ ის უაღრესი სისასტიკე, რომელიც ბელადმა შემდგომში უახლოესი ადამიანების, მათ შორის, ნათესავებისა და სიყრმის მეგობრების მიმართ გამოიჩინა. მათ სტალინის უზენაესი, სათაყვანო ღვთაების ოდნავი შებღალვაც არ ეპატიათ.
დიდი ამბიციების მქონე ნარცის-ეგოცენტრიკებს საკუთარი თავისთვის აუცილებლად სჭირდებათ ერთგვარი ლეგენდა იმის შესახებ, რომ ისინი რაღაც დიდი საქმისთვის არიან მოვლენილნი დედამიწაზე. სტალინმა ამ ლეგენდის სახით მსოფლიო პროლეტარიატის, „პროგრესული კაცობრიობის“ ბელადისა და გამარჯვებული სოციალიზმის სუპერიმპერიის შემქმნელის როლი მოირგო. ლეგენდის თანახმად, დიდ საქმეს დიდი მსხვერპლიც სჭირდება და იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეს დიდი მსხვერპლი გაიღოს, დიდი პიროვნებაა საჭირო, რომელიც მას ამას გააკეთებინებს. ამდენად, წრე შეკრულია და თვითაღზევებისთვის საჭირო მასშტაბური სისასტიკისთვისაც აუცილებელი მორალური გამართლებაა მოძებნილი. ასე ხდება ყოველთვის _ ეგოცენტრიკის მოღვაწეობის მთელი მოტივაცია ემსახურება ქვეცნობიერში ჩაბუდებული ამპარტავნების დემონის გამოკვებას, ხოლო ცნობიერ დონეზე ის საკუთარ თავს დიდი საქმისადმი მსახურების ლეგენდას სთავაზობს. ამ ფსიქოლოგიური მექანიზმით აიხსნება ის დაუნდობლობა და სიადვილე, რომლითაც სტალინმა თავისი განთქმული მასშტაბური დანაშაულები ჩაიდინა, მაგალითად, მილიონობით გლეხობის შიმშილით ამოწყვეტა ხორბლის ექსპროპრიაციის შედეგად; მათი მასობრივი სიკვდილი კოლექტივიზაციის დროს; კატინის ტრაგედია; 30-ანი წლების მასობრივი რეპრესიები და ა. შ. რა პრობლემაა, როცა დიადი ბელადი კაცობრიობის ბედნიერებისთვის დიად საქმეებს აკეთებს?
სტალინის მეხოტბეები მისი ალტრუისტული მოტივაციების დასამტკიცებლად ხშირად მისი პირადი ასკეტიზმის არგუმენტს მოიშველიებენ. დიახ, სტალინი მოკრძალებულად ცხოვრობდა და პუტინივით მილიარდები არ მოუხვეჭია, მაგრამ ადამიანის სულიერი სამყაროს კარგი მცოდნეები გეტყვიან, რომ ყველაზე დიდი ხიბლი, ამპარტავნება და ეგოიზმი, ხშირად სწორედ ასკეზის საბურველში იმოსება. რად უნდოდა სტალინს მილიარდები ან ლამაზი ცხოვრება? მისი ეგო ხომ მისი სიდიადისა და უაზარმაზარი სივრცის ბატონ-პატრონის ლეგენდით იღებდა მთავარ და უძლიერეს სიამოვნებას... ასეთი მოტივაციის პირობებში ასკეზი ამ სიამოვნებას განსაკუთრებულ პიკანტურობასა და სიმძაფრეს ანიჭებს.
მგონი, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აღარ უნდა გაგვიჭირდეს იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც იმ ადამიანებს აწუხებს, საკუთარ თავში საქართველოსა და სტალინის სიყვარულის შეთავსებას რომ ცდილობენ: რატომ მოექცა ასე უმოწყალოდ ეს დიდი ქართველი საკუთარ სამშობლოს?
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გათელვასა და აქ მოსკოვიდან მართული უსასტიკესი კომუნისტური დიქტატურის დამყარებაში სტალინს, ორჯონიკიძესთან ერთად, გადამწყვეტი როლი ეკუთვნის. 1918-21 წლებში დემოკრატიულ საქართველოს რუსეთის მხრიდან განუწყვეტელი პროვოკაციებისა და პირდაპირი თუ ირიბი სამხედრო აგრესიების პირობებში უწევდა ცხოვრება. ინტენსიური ძირგამომთხრელი მუშაობა რუსეთის ფარული და ღია აგენტურის მეშვეობით ქვეყნის შიგნითაც მიმდინარეობდა. კარგად არის ცნობილი, რომ ამ პროცესებში სტალინი უაღრესად აქტიურ როლს თამაშობდა, ხოლო 1921 წლის თებერვლის ანექსიაში და საქართველოს სუვერენიტეტის მოსპობაში მან, შეიძლება ითქვას, მთავარი როლი ითამაშა. ასევე კარგად არის ცნობილი, _ ლენინი არ იყო დარწმუნებული, რომ იმდროინდელ რუსეთს ძალა ეყოფოდა საქართველოს დასამარცხებლად და მორიგი სირთულეების თავიდან ასაცილებლად ის საქართველოსთან ერთგვარ დაზავებასა და დროებით ნორმალიზაციას აპირებდა. სტალინმა შეძლო დაერწმუნებინა ლენინი, რომ საქართველოში ინსპირირებული პრორუსული კომუნისტური „აჯანყება“ და პირდაპირი აგრესია სასურველ შედეგს მოიტანდა და ლენინის დარწმუნების შემდეგ სწორედ მან გაუგზავნა სერგო ორჯონიკიძეს ცნობილი ტელეგრამა: „ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“. უკვე დპყრობილი საქართველოსთვის სტალინმა ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს, მისი 1921 წლის ივნისის სხდომაზე, შემდეგი რეკომენდაცია შესთავაზა: „საქართველო საჭიროებს ცხელი უთოთი დაუთოებას“. რა საშინელება დაატყდა თავს საქართველოს ამ რეკომენდაციის შედეგად, კარგადაა ცნობილი.
ქართველმა სტალინისტებმა შეიძლება გაუთავებლად იმტვრიონ თავი სტალინის ამ საქციელზე, ჩვენ კი, ნორმალურ ადამიანებს, აქ თავის სამტვრევი არაფერი გვაქვს. საქმე ის არის, რომ, როგორც უკვე ვთქვით, ამ დროისთვის, სამშობლოს სიყვარულსა და ამპარტავნების დემონს შორის სტალინს უკვე დიდი ხანია, არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჰქონდა გაკეთებული. ის თვბრუდამხვევ კარიერას იკეთებდა უზარმაზარ კომუნისტურ იმპერიაში და საქართველოს ამ იმპერიის ფარგლებს გარეთ ყოფნა მას მეტად უსიამოვნო პრობლემას უქმნიდა. უცხო ქვეყნის ეროვნების მქონე ადამიანს რუსეთის ფარგლებში პოლიტიკური წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა და ამიტომ, სტალინს, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, საქართველო რუსეთის ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში უნდა მოექცია.
კარგად ვიცით, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას სტალინის ქართველობით არ უხეირია. საქმე პირიქით იყო. ცნობილია, როგორ გადაეცა მეზობელ რესპუბლიკებს ეთნიკური ქართველებით დასახლებული ძირძველი ქართული მიწები. ისიც მოგვეხსენება, რომ სხვა საკავშირო რესპუბლიკების მსგავსად, საქართველოს ყოფნა სსრკ-ს შემადგენლობაში სუვერენიტეტის შედარებით მაღალი სტატუსით სტალინის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. დიდი საბჭოთა იმპერიის მოდელის შემუშავება ხომ სტალინს, როგორც ეროვნებათა საკითხებში სახალხო კომისარს, დაევალა. მისი „ფედერალიზაციის“ გეგმა საქართველოსა და სხვა ნაციონალური ერთეულების რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ შეყვანას გულისხმობდა ავტონომიების სტატუსით, რაც, ბუნებრივია, რუსეთის სივრცეში სწრაფ გათქვეფას მოასწავებდა. იმდროინდელი ქართველი ბოლშევიკების მკვეთრმა პოზიციამ აიძულა ლენინი, კომუნისტური იმპერიის მოწყობის იმ მოდელზე წასულიყო, რომლითაც მან თავის დაშლამდე იარსება. სტალინის ყველა ქმედებას საქართველოსთან მიმართებით წითელი ხაზით გასდევს გამოკვეთილი მცდელობა, არავისთვის მიეცა საბაბი, ვინმეს ის ქართველებისა და საქართველოს მიმართ რაიმე პრეფერენციაში დაედანაშაულებინა. მეტიც: ის საკუთარ თავს „ქართული წარომოშობის რუსს“ უწოდებდა საჯაროდ და პირად ანკეტებში გრაფა „ეროვნების“ გასწვრივ სიტყვა „რუსს“ მიაწერდა.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც საქართველომ სტალინისგან მიიღო, ადამიანებისა და მოსახლეობის შერჩევითი კატეგორიების მოსპობას უკავშირდება. 20-იანი და 30-იანი წლების მიზანმიმართული რეპრესიების შედეგად საქართველოში თითქმის მთლიანად განადგურდა ეროვნული თვითშეგნების მთავარი მატარებელი და ქვეყნის „პატრონის“ თვითშეგნების მქონე პოლიტიკური და კულტურული ელიტა. ქართული ელიტის ადგილი გადაგვარებულმა კარიერისტებმა, ანტიეროვნულმა პარტნომენკლატურამ და ჯალათმა ჩეკისტებმა დაიკავეს. ამ ელიტის დიქტატის ქვეშ მოხდა ახალი, კომუნისტური რეჟიმის მეხოტბე და მომსახურე სამეცნიერო და სახელოვნებო „ინტელიგენციის“ ჩამოყალიბება. სტალინმა, პრაქტიკულად, საქართველოს თავი მოჰკვეთა და გული ამოაცალა და ეს ორგანოები სუროგატი პროთეზებით ჩაანაცვლა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთნაირად ჩამოყალიბებული საზოგადოება ესოდენ მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ დამოუკიდებლობისთვის, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიიღო და ამ პრობლემას, უნდა ვაღიაროთ, დღესაც უმწვავესად განვიცდით.
სტალინის მეხოტბეების ერთ-ერთი მთავარი „კოზირია“ საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომში მოპოვებული გამარჯვება. თავად სტალინის პასუხისმგებლობა ამ ომის გაჩაღებაში და ის, თუ რამდენად „ეფექტიანად“ აწარმოა მან ეს ომი, რომელიც გაუგონარი მსხვერპლის ფასად დაუჯდა სსრკ-ს მოსახლეობას, ცალკე ვრცელი საუბრის თემაა. ჩვენ ის განვიხილოთ, თუ რა დაატყდა საქართველოს თავს ამ ომის დროს. ომის დაწყების მომენტისთვის საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 3.5 მილიონს შეადგენდა. ომში გაიწვიეს ჯარისკაცთა არანორმალური რაოდენობა _ 700 000 ადამიანი, რომელთაგანაც, მინიმუმ, 300 000 დაიღუპა. საუბარია მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ზე! დაბრუნებული 400 000-დან რამდენი იყო დასახიჩრებული და ნორმალური ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი, ამაზე აღარ ვსაუბრობ. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანი დანაკარგებით საქართველო ამ ომში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო სამხედრო დანაკარგებით უპირობოდ ყველა ერზე დიდი მსხვერპლი გაიღო. თანაც, ეს არის, ძირითადად, ახლაგაზრდა მამაკაცები, რომელთაც ერის ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. საქართველო, დამონებულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი ერი, ამ ომის გამომწვევი პროცესების უკიდურეს პერიფერიაზე გახლდათ და დამოუკიდებელი პოლიტიკური ნებაც ჩამორთმეული ჰქონდა. შესაბამისად, მის გაჩაღებაში მას არანაირი პასუხისმგებლობა არ მიუძღვის. მიუხედავად ამისა, მან, პრაქტიკულად, ყველაზე ძვირი ფასი გადაიხადა მე-20 საუკუნის ამ უდიდეს კატასტროფაში. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო დამდგარი დამონების შედეგი, რომლის მთავარი ავტორი სწორედ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი-სტალინი გახლდათ! ზედმეტია საუბარი იმაზე, რა იქნებოდა საქართველოს დანაკარგები, ის რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ ყოფილიყო, როცა, მაგალითად, ჩვენი მთლიანი დანაკარგები ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, დიდი ბრიტანეთის, დანაკარგებზე მეტია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით თვით ამ ომის მთავარ გამჩაღებელ გერმანიაზე მეტი... ეს უმძიმესი დემოგრაფიული დანაკარგი ომამდელ რეპრესიებთან ერთად ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რამდენიმე თაობა უმამოდ, ობლობაში გაიზარდა. რა არის ეს ერის ფსიქიკური სიჯანსაღისა და მდგომარეობის თვალსაზრისით, ცალკე გამოკვლევის თემაა.
ცხადია, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რა მოუტანა საქართველოს სტალინის მიერ დათესილმა ტერორის, რეპრესიებისა და ტოტალური დასმენების ატმოსფერომ. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა შორსმიმავალი მახინჯი შედეგები მოუტანა ამან ქართველობას მისი სულიერი სიჯანსაღის თვალსაზრისით. ამას კი ზევიდან ემატება ის, რომ ჩვენ თითქმის მთელი საუკუნით მოვწყდით მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების მაგისტრალურ ხაზს, თითქმის ყველა სფეროში ჩავიკეტეთ არანორმალურ, აბსურდულ სისტემაში და ყოველივე ამის მძიმე შედეგებს დღესაც ვიმკით.
ამ მიმოხილვის შემდეგ უპრიანია გადავხედოთ საქართველოში არსებულ სტალინიზმსა და მას სწორი მორალური და პოლიტიკური შეფასება მივცეთ.
სტალინი უდავოდ გენიალური იმიჯმეიკერი გახლდათ და ეს თავისი ნიჭი მან, რა თქმა უნდა, საკუთარი ფიგურის იმიჯის შექმნას, მის მითოლოგიზაციას დიდი წარმატებით მოახმარა. სტალინის მიერვე შექმნილი ლეგენდა სტალინზე, მისი გარეგნობის ძუნწი დეტალები და ცალკეული ქმედებების დრამატურგია ადამიანის სწორედ იმ არქაულ, ირაციონალურ ინსტინქტებზე იყო გათვლილი, რაზეც ჩვენ ამ წერილის დასაწყისში გვქონდა საუბარი. სტალინი უდავოდ კარგად ფლობდა ამ ხელოვნებას და შედეგსაც მიაღწია. მას მილიონობით ადამიანი ეთაყვანებოდა და ეთაყვანება კიდეც და ეს თაყვანისმცემლები საქართველოშიც არიან. ქართველებს ამისთვის, სხვებისგან განსხვავებით, დამატებითი მოტივაციაც აქვთ: სტალინი ქართველი იყო და მცირერიცხოვანი, მძიმე ისტორიული ბედის მქონე ერის წარმომადგენლებისთვის ეს ფაქტორი მისი გაღმერთების ცდუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
დღეს ამ გრძნობების გაღვივებას საქართველოში რუსეთი ინტენსიურად უწყობს ხელს და ეს, როგორც უკვე ვთქვი, შემთხვევით არ ხდება. ეს არის ბელადომანიის არქაული იმპულსის იმპერიისთვის სასურველი მიმართულებით გადამისამართების კარგად გათვლილი მცდელობა.
კარგად გავიაზროთ რა ხდება რიგითი ქართველი სტალინისტის სულში. კერპისადმი დამოკიდებულება უკრიტიკო, ირაციონალურ, ეროტიზმით გაჟღენთილი სიყვარულის ხასიათს ატარებს. „სტალინი დიდია, სტალინი ქართველია, სტალინი საყვარელია!“ _ ამ მძლავრ ფსიქიკურ კონსტრუქციას უშედეგოდ ეხეთქება ყველანაირი გონიერი არგუმენტი. თუ სტალინი ასეთი დიდი და ასეთი კარგია, შესაბამისად, დიდი, კარგი და სწორია მის მიერ ნაკეთები საქმეები. სტალინის მოღვაწეობა თითქმის მთლიანად ეძღვნება რუსული კომუნისტური იმპერიის აღმშენებლობასა და განმტკიცებას და, შესაბამისად, ქართველი სტალინისტების ემოციური ცენტრიც იქით გადაინაცვლებს. რადგან სტალინი დასავლეთს ებრძოდა, ე. ი. დასავლეთია ცუდი. აბა, სტალინი ცუდი ხომ არ იქნება? თუ სტალინი ასეთი დიდი და ასეთი საყვარელია, შესაბამისად, მის მიერ გათელილი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკაც არ იმსახურებდა არსებობას და სტალინმაც, რა თქმა უნდა, სწორი ქნა, როცა ის რუსეთს დაუმორჩილა. ქართველი სტალინისტისთვის საქართველოს ისტორია კი არ არის მთავარი, მთავარი კომუნისტური საბჭოთა კავშირის ისტორიაა, რადგან მას სათავეში ედგა საყვარელი სტალინი. და რადგან დღევანდელი რუსი ნეოიმპერიალისტები სტალინის პიროვნებას ეთაყვანებიან, მადლიერი ქართველი სტალინისტების ადგილიც მათ გვერდითაა. შესაბამისად, ბოროტებაა დასავლეთთან ინტეგრაცია და სიკეთეა რუსი ნეოიმპერიალისტებისა და ნეოსტალინისტების მიერ დაანონსებული ევრაზიული კავშირი და, თუნდაც, რუსეთთან შეერთება! ასე რომ, გასაკვირი არ არის, როცა ქართველი რუსეთუმეებისა და „ევრაზიელების“ საჯარო ღონისძიებები სტალინის პორტრეტების თანხლებით იმართება. სავალალო და სამწუხაროა, რომ ამ მოძრაობაში უფროსების გავლენით და სტალინის იმიჯის მაგიური ზემოქმედებით ახალგაზრდებიც არიან ჩართულნი.
სტალინის პიროვნებაში სამშობლოს სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულმა და ამპარტავნებამ დაჯაბნა, ქართველი სტალინისტების სულში სამშობლოს სიყვარული თავად სტალინის კერპით არის დათრგუნვილი და, როგორც ვხედავთ, ეს მდგომარეობა, გარდა სულიერი სიმახინჯისა, სერიოზულ პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს.
ქართული სტალინიზმი სულაც არ არის უწყინარი მოვლენა. ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ეს მახინჯი და მავნე ფენომენი ამოიშანთოს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. სტალინიზმი სულიერი სიმახინჯისკენ, სამშობლოს ღალატისკენ და დამონებისკენ გვიბიძგებს, ჩვენ კი ბედნიერი და წარმატებული საქართველოს სახელმწიფო გვაქვს საშენებელი.
ნიკოლოზ ვაშაკიძე
პოლიტოლოგი, პროფესორი