„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არსებული ფორმით შენარჩუნება ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ორგანიზაციის მონაცემებით, მაგალითისთვის, მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 000 პირის საქმე განიხილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მექანიზმი გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ისე, რომ სასამართლოში უფლებებს სათანადოდ ვერ იცავენ.
ამ თემაზე „ქრონიკა+“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორს, ნონა ქურდოვანიძეს ესაუბრება:
_ დღეისთვის საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემორჩენილია საბჭოთა პერიოდიდან, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს. მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია. მაგალითად, არ ითვალისწინებს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა:
- გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ხელმძღვანელობა;
- უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა;
- ეფექტიანი წარმომადგენლობის განხორციელება და სხვ.
სასამართლო ამ ფორმით მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებით ყოველწლიურად ათასობით პირის საქმეს განიხილავს. მაგალითისთვის: მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 000 პირის საქმე განიხილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მექანიზმი გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ისე, რომ უფლებების სათანადოდ დაცვა სასამართლოში ვერ ხერხდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის გატარების უზრუნველსაყოფად საია იწყებს აქტიურ საქმიანობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის შესაცვლელად, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით (ამ დრომდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლზე საიას უკვე აქვს წარდგენილი 4 საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც განხილვის პროცესშია). საია მზადაა, რეფორმის გატარების ხელშესაწყობად ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფო უწყებასთან თუ სხვა დაინტერესებულ პირთან.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, _ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობა აღიარებულია ხელისუფლების მიერ, კოდექსის პროექტი, რომელზე მუშაობაც სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ, დაახლოებით, ორი წლის წინათ დაასრულა, ამ დრომდე არ არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ, ყველა დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით და ჩართულობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეული რეფორმა დაიწყოს.
_ კოდექსი ამ ფორმით რატომ შემორჩა?
_ ფაქტია, დღეისთვის ერთადერთი მოქმედი კოდექსია, რომელიც საბჭოთა პერიოდშია მიღებული, ასეთი სხვა არც ერთი ნორმატიული აქტი არ გაგვაჩნია. უბრალოდ, წლების განმავლობაში ამ კოდექსში ბევრი ცვლილება შედიოდა, ერთ-ერთი კანონია, სადაც შესაძლოა, ყველაზე მეტი ცვლილებაც არის შესული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ ასეთი ფრაგმენტული ცვლილებები, საბოლოოდ, ამ კოდექსის არსს ვერ ცვლის. ის ნაკლოვანებები, რომელიც მას ახასიათებს, მსგავსი ფრაგმენტული ცვლილებებით ვერ აღმოიფხვრება.
რატომ შემორჩა დღემდე, ცოტა რიტორიკული კითხვაა. შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი. ანუ ერთიან პოზიციაზე შეჯერება ვერ მოხერხდა. ასევე, ეს არის სივრცე, რომელიც პოლიციის ხელში წარმოადგენს მექანიზმს, რომ, მაგალითად, მშვიდობიანი შეკრებების დროს ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენოს. იგივე საპოლიციო კონტროლის დროს, ძირითადად, ამ კოდექსის მეშვეობოთ, მისი გამოყენებით აკავებენ პირებს; ეს არის კანონმდებლობა, რომლის გამოყენების შედეგად, სამწუხაროდ, პოლიციელთა მოქმედებები ვერც სასამართლოზე ფასდება ეფექტიანად. ანუ ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო განხილვები არის იმ სტანდარტების შეუსაბამო, რითაც, ზოგადად, ასეთი საქმეები უნდა განიხილებოდეს.
ზუსტი მიზეზი არ ვიცი, ასეთი ბევრი შეიძლება იყოს და ახლა ეს ორი მიზეზი მახსენდება.
_ ამბობთ, რომ მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, აქ რომელ სამართალდარღვევებზეა კონკრეტულად საუბარი?
_ ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლებიდან, მაგალითად, ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, რომლისთვისაც სანქციის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. ჯარიმაც, მაგრამ სანქციის ერთ-ერთი სახე პატიმრობაც არის. ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ამ შემთხვევაშიც სანქციის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. ჯარიმა აქაც არის, მაგრამ ერთ-ერთი სანქციის სახე ადმინისტრაციული პატიმრობაა.
იგივე ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა, ამ შეთხვევაშიც იგივე სანქცია არის გათვალისწინებული. ანუ ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს ერთ-ერთ სანქციას, რომელიც ცალკეული სამართალდარღვევებისთვის გვხვდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
მე, ძირითადად, ეს ორი გითხარით, წვრილმანი ხულიგნობა და 173-ე მუხლი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლებია დღევანდელ პრაქტიკაში.
_ ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 000 პირის საქმე რომ განიხილება, ამის პრაქტიკული შედეგები როგორია?
_ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, საუბარია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე, რომელიც სასამართლოში განიხილება. მაგალითად, 11 თვის მონაცემებით, რომელიც უზენაესი საამართლოს საიტზე გადავამოწმეთ, ზოგადად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები იმაზე მეტია, ვიდრე სხვა ადმინისტრაციული დავები სასამართლოში. ამ საქმეებიდან, დაახლოებით, 10 ათასი (ყოველ შემთხვევაში, 2016 წელს ასე იყო; სხვა მონაცემებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ, 2017 წელს, დაახლოებით, იგივე რაოდენობაზე შეიძლება გავიდეთ) მხოლოდ ამ ორ მუხლზე, წვრილმან ხულიგნობასა და 173-ე მუხლზე მოდის. ანუ საქმის განხილვა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 ათას პირს ეხება, რაც ძალიან მაღალი ციფრია.
შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამართალდარღვევა არც დადასტურდეს და საქმის წარმოება შეწყდეს, მაგრამ სამართალდარღვევის შემთხვევაში სანქციის სახით, ძირითადად, ჯარიმა გამოიყენება ხოლმე. პრაქტიკა ამას გვაჩვენებს და ასევე არის ადმინისტრაციული პატიმრობის ფაქტები.
_ „ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მექანიზმი გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ისე, რომ სასამართლოში უფლებებს სათანადოდ ვერ იცავენ“, _ ამის მიზეზებს სად ხედავთ?
_ მაგალითად, შარშან ანგარიში გამოვაქვეყნეთ, რომელსაც სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი ერქვა. აქ ბოლო წლების განმავლობაში განხილული ის საქმეები გვქონდა, რომელიც მშვიდობიანი შეკრებების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებებს ეხებოდა. ანალიზმა გვაჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ამ საქმეების განხილვის დროს სასამართლო საქმეებს მაღალი სტანდარტით არ იხილავს და ხშირად მას ძალიან ფორმალურად უდგება.
თუ საქმეში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია, შესაძლოა, ეს საკმარისი მტკიცებულებები იყოს იმისთვის, რომ ადამიანი სამართალდამრღვევად ჩაითვალოს. ასეთი შემთხვევა არაერთია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას მასშტაბური სახე აქვს.
_ საკონსტიტუციოში უკვე წარდგენილი თქვენი 4 სარჩელი (რომელიც განხილვის პროცესშია) რა მიმართულებებითაა?
_ დიახ, ამ ეტაპზე, ოთხი სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს და კიდევ ვამზადებთ, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს ხანში წარვადგენთ. ახლა რაც შეტანილი გვაქვს, ერთ-ერთი ზუსტად ამ პრობლემურ 173-ე მუხლს შეეხება. ეს მუხლი ადმინისტრაციულ გადაცდომად ითვალისწინებს მოქმედებას, როდესაც პირი, მაგალითად, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იყო თუ არა პოლიციის მოთხოვნა კანონიერი, ამას სასამართლო არ აფასებს. ანუ სასამართლო საკითხს მხოლოდ ფორმალურად უდგება, სწავლობს მხოლოდ იმას, პოლიციელს აქვს თუ არა უფლება, რომ მოქალაქეს კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს. ზოგადად, პოლიციელს ასეთი მოწოდების უფლება თუ აქვს, საკმარისად მიიჩნევს, რომ მისი მოწოდება კანონიერი იყო, რაც ამ შემთხვევაში ძალიან ფორმალური მიდგომაა და ასე არ უნდა განიმარტებოდეს.
სასამართლო რეალურად უნდა სწავლობდეს, ეს მოთხოვნა კანონიერი იყო თუ არა. რახან ასე არ ხდება, ამიტომ ამ მუხლის ნორმატიულ შინაარსს ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
ასევე გასაჩივრებული გვაქვს ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული 150-ე მუხლი. ეს მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და დღეს არსებული რედაქციით, ამად ითვლება ისეთი მოქმედება, რომელიც გულისხმობს დროებით ბანერის განთავსებას, მაგალითად, შენობის აივანზე. იყო ასეთი შემთხვევები, რომ ბანერზე ოპოზიციური მოსაზრებები დაფიქსირდა, რაც პოლიციელთა მხრიდან მყისიერად აღიკვეთა და ეს პირები, რომლებმაც ბანერი განათავსეს, სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
ჩვენ აქაც ვფიქრობთ, რომ ამ მუხლის ასე განმარტება არასწორია და არ შეიძლება, ყველა მსგავსი მოქმედება სამართალდარღვევად მიიჩნეოდეს. ამიტომ ესეც გასაჩივრებული გვაქვს.
ასევე გავასაჩივრეთ მუხლი, რომელიც არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. ანუ დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის გარკვეული ტიპის სამართალდარღვევები, რომელთა შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, რაც, ჩვენი აზრით, დარღევაა და შესაძლებელი უნდა იყოს, რომ პირს, რომელიც არ თანხმდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, უნდა შეეძლოს, რომ მისი დასაბუთებულობა თუ კანონიერება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სადავო გახადოს. რახან ეს შესაძლებლობა ახლა დაშვებული არ არის, ამიტომ ამასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ვასაჩივრებთ.
ასევე არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ როდესაც მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება და სხდომაზე დადგენილებას აცხადებს, აქედან აითვლება გასაჩივრების ათდღიანი ვადა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ ათი დღის განმავლობაში პირს საერთოდ არც ჰქონდეს ჩაბარებული გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი, სადაც უნდა ეწეროს არგუმენტები, თუ რას დაეყრდნო სასამართლო, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო; მაგრამ მას ვადის ათვლა იქიდან ეწყება, როდესაც ზეპირად გამოცხადდა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი.
ვფიქრობთ, რომ ესეც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ უფლებებს და ამ შემთხვევაშიც ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ.
ახლა ვამზადებთ სარჩელს წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით და ამასაც სასამართლოში უახლოეს ხანში წარვადგენთ.
_ რა შედეგებს ელოდებით?
_ რასაკვირველია, იმას ველოდებით, რომ ეს რეფორმა რეალურად განხორციელდება და საქართველოს პარლამენტში დროულად დაიწყება მსჯელობა ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის შეცვლაზე.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენს სამართალწარმოებას, მოველით, რომ ჩვენი სარჩელები დაკმაყოფილდება და ის ნორმები, რომელიც გავასაჩივრეთ, შეიცვლება და არაკონსტიტუციურად ცნობენ.
ამასთან, პრობლემურია არა მხოლოდ ეს მუხლები, რომელიც ახლა გასაჩივრებული გვაქვს, არამედ, ზოგადად, სისტემა, რომელიც დღეისთვის მოქმედებს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სახით) პრობლემურია. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემურ მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ წარვადგენთ და ამ გზით კოდექსს ვერ შევცვლით. კოდექსის შეცვლა პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს და ამ მიმართულებით რეფორმა დროულად გაატაროს.
_ პარლამენტში ამ დრომდე ინიცირებული რატომ არ არის?
_ როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც მუშაობა დაასრულა. დაახლოებით ორი წელია, პროექტი მზად არის, მაგრამ იგი შემდგომ პარლამენტში, სამწუხაროდ, არ წარადგინეს. ცხადია, მიზეზზე კონკრეტული პასუხი ვერ გვექნება, რადგან მისი ინიცირება მთავრობას უნდა განეხორციელებინა და არა _ ჩვენ. ეს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი იყო და იგი არ წარუდგენიათ.
როგორც გითხარით, ამის მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ სახელმწიფოს არ სურდეს კოდექსის რეალურად შეცვლა; რადგან დღეს ეს კოდექსი პოლიციელთა ხელში მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს იმისთვის, რომ მათ შორის მშვიდობიანი შეკრებების დროს აქცის მონაწილეთა ქცევა გააკონტროლოს, ისინი დაუსაბუთებლად დააკავოს ისინი და სასამართლოში წარადგინოს, როგორც სამართალდამრღვევები.
გელა მამულაშვილი