15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დაამტკიცა. ხმების გადანაწილება კი შემდეგი იყო: 102 მომხრე, 10 წინააღმდეგი.
ბიუჯეტის კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
არსებული ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციის შეფასება ცალსახად ნეგატიური იყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობით მოვლენილ მთავრობას გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან თავისი ფუნქციის შესრულებას დაიწყებს.
უშუალოდ დოკუმენტს რაც შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.
მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით, საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელს 6%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ, მშპ-ს დეფლატორს კი _ 3.0%-ის ფარგლებში.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები _ 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები _ 922.7 მლნ ლარს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია: 11 457,2 მლნ ლარით, არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა 90.0 მლნ ლარით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 1 792.7 მლნ ლარის ოდენობით.
ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.
საბოლოო კანონპროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 253,8 მლნ ლარით იზრდება და 3 415.8 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29.9%);
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144,8 მლნ ლარით იზრდება და გათვალისწინებულია 1 116.2 მლნ ლარი;
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 258.0 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 748.0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის _ 585.0 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის _ 118.0 მლნ ლარი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის _ 139.1 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსთვის _ 132.3 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის _ 110.0 მლნ ლარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის _ 99.6 მლნ ლარი.
იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62.0 მლნ ლარზე მეტი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 84.8 მლნ ლარამდე; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 136.8 მლნ ლარზე მეტი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35.7 მლნ ლარი;
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 82.3 მლნ ლარს შეადგენს;
17.0 მლნ ლარით არის გაზრდილი საერთო სასამართლოების დაფინანსება და შეადგენს 69,0 მლნ ლარს; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარი; მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;
მთავრობის სარეზერვო ფონდი 40 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა;
ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 65 მლნ ლარის გამოყოფას ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. აღნიშნული სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის პირველ იანვრამდე, არა უმეტეს 100.0 ათასი ლარისა (რომელსაც გასულ ნომრებში სტატია მივუძღვენით).
2017 წლიდან დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა, რაც, თავის მხრივ, იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.
გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.
ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რაც, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250 მლნ ლარზე მეტი შემოსავლის მომცემი იქნება.
გარდა ამისა, თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები 10-10%-ით იკვეცება. აღნიშნული შემცირება, 2016 წელთან შედარებით, იწვევს 100 მლნ ლარზე მეტი ეკონომიის წარმოქმნას.
მცირდება ან უქმდება საბიუჯეტო პროგრამების ნაწილი. შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი და შემცირდება საწვავის ხარჯები.
იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა.
ამ საფინანსო დოკუმენტის განხილვას ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან.
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტია 2017 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭრს: „ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭრთ. მიზეზი ის კი არაა, რომ ოპოზიცია ვართ და განსხვავებული აზრი გვაქვს, იმიტომ არ ვუჭერთ მხარს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი საზოგადოების დაკვეთას არ პასუხობს. საზოგადოების დაკვეთაა, დაიკლოს გადასახადებმა, პენსია გაიზარდოს და ეს ამ ბიუჯეტით არ მოხდება, პირიქით _ საზოგადებას ცხოვრება გაუძვირდება. ეს ბიუჯეტი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძველი არ იქნება“.
„ნათელია, რომ კურსი, რეალურად, 3 ლარამდე მივა, ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკის ვარდნამ შეიძლება მიაღწიოს 7-8%-ს. მე მინდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს ცოცხალ ადამიანებზე და არა ასფალტებზე და შადრევნებზე“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისი გამოსვლისას.
ამავე დღეს, განხილვისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ მდგრადობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კი თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათისა და ბრიტანული ფუნტი-სტერლინგის გაუფასურების ტენდენციები მოიყვანა მაგალითად.
თუმცა თალაკვაძისა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლების გამოსვლა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ უმცირესობით წარმოდგენილ ოპოზიციას მხარი დაეჭირა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტისთვის.
დოკუმენტი დამტკიცებულია, თუმცა მისი შეფასება „ქრონიკა+“-მა დამოუკიდებელ ექსპერტებს სთხოვა.
სოსო არჩვაძე _ ექსპერტი:
_ რამდენად არის მიზანშეწონილი და გათვლილი არსებული ბიუჯეტი რიგით მოქალაქეზე?
_ ამ ბიუჯეტს რამდენიმე ასპექტი აქვს და ერთ-ერთია სოციალური მიმართულება. იზრდება სოციალური ხარჯები. მარტო 2016 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების მიმართულებით მატება აღემატება მთელი განათლების ხარჯებს 2004 წელს.
ჯანდაცვაზეც იზრდება ხარჯების მოცულობა და 2017 წლის მონაცემები 2016 წლისას იმაზე მეტად აღემატება, ვიდრე 2000-2001-2002 წლებში ჯამში ერთად აღებული იხარჯებოდა და თუ უფრო მოკლე პერიოდს ავიღებთ, სოციალური ხარჯები არა მარტო იზრდება, არამედ მათი წილიც მატულობს ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებში.
ფუნქციური ნიშნით რომ ავიღოთ, 2010 წელს სოციალური ხარჯების წილი იყო 34% ახლა 47%-ია, წინა წელს 46% იყო, ე. ი. აშკარად გამოიკვეთა სოციალური ხარჯების მოცულობა, მოცულობის აბსოლუტური და შეფარდებითი ზრდა და, პრინციპში, ბიუჯეტის დანიშნულებაა, რომ სოციალური პროგრამები და დახმარებები დააფინანსოს საზოგადოების ნაკლები შეძლების ადამიანებისთვის, იქნებიან ისინი ხანდაზმულები, შშმ პირები თუ სხვა.
გარდა ამ ყველაფრისა, ეკონომიკაშიც არის ხარჯები, მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამებზე „აწარმოე საქართველოში“, ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობანის მშენებლობაზე, თითქმის, 40%-ით მეტი ხარჯია გათვლილი.
ახლა ამბობენ, ამ ყველაფრის მობილიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ არის რიგი ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება ზოგად ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. მაგალითად, საშუალება გვაქვს, რესურსების გადაადგილება, მობილურობა გავზარდოთ იმით, რომ გზები უკეთეს მდგომარეობაში იქნება და უფრო ხარისხიანად შეგვეძლება მივაწოდოთ საქონელი მომხმარებელს, ეს, საბოლოო ჯამში, ბიზნესის განვითარებას ეხმარება.
რომ დავთვალოთ, სახელმწიფოს მიერ გაღებული ეკონომიკური ხარჯების მეშვეობით, ეკონომიკური ზრდა 1,5%-ის ფარგლებით უნდა შეფასდეს.
_ რამდენად ადეკვატური იყო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლები და შეფასებები?
_ მე ის გამიკვირდებოდა, რომ მხარი დაეჭირათ და წარმოდგენილი ბიუჯეტი მოსწონებოდათ. ისინი სახელმწიფოს მიერ შედგენილ ბიუჯეტს არ იწონებენ და მისი შესრულების პასუხისმგებლობას არ იღებენ. ამაში გასაკვერი არაფერია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეკონომიკაში რეალობასთან გვაქვს საქმე და შეუძლებელია, ილუზიონისტის ეფექტით ვიმოქმედოთ. შეგვიძლია, მხოლოდ ის რესურსები დავხარჯოთ, რისი მობილიზებაც შესაძლებელია (შიდა რესურსებს ვგულისხმობ). რა თქმა უნდა, შეგვიძლია გარე სესხის აღებაც, მაგრამ ისიც შიდა რესურსებით უნდა დაიფაროს.
თუ ვისაუბრებთ საგადასახადო ტვირთზე, იგი ჩვენთან გაცილებით დაბალია, ვიდრე მეზობელ, ან ევროპის სხვა ქვეყნებში (სკანდინავიის ქვეყნებს საერთოდ არ ვახსენებ).
რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სუბიექტურად ვისურვებდით, რომ გადასახადი ნაკლები იყოს, ან საერთოდ არ იყოს, მაგრამ უნდა ამოვიდეთ ობიექტური რეალობიდან _ ეს ის ხარჯია, რომელიც საზოგადოების წევრებმა უნდა გავიღოთ.
_ როცა საუბარია იმაზე, რომ იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება, ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი?
_ ლაპარაკია საინვესტიციო სააგენტოსა და ეკონომიკური საბჭოს აპარატების გაუქმებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს გაყვანის შესახებ. მას აღარ დააფინანსებს ბიუჯეტი.
ცალკეული უწყებების მიხედვითაც სერიოზული შემცირებაა, მაგალითად, მცირდება ხარჯები ისეთ დამინისტრაციულ ინსტიტუტებში, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, უკლებლივ ყველა სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია. სამინისტროებში საუბარია ხარჯების შემცირების კუთხით, მათ შორის: შშს 10 _ მლნ-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის _ 14,7 მლნ-ით; მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები კი 17,5%-ით მცირდება, ყოველ შემთხვევაში, არანაკლებ 100 მლნ ლარით. მართალია, ეს არასაკმარისია, მაგრამ პროცესი დაწყებულია და თან გავითვალისწინოთ, რომ ეს ხდება ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის ასიგნებების პირობებში, ამიტომ თანაფარდობა მთლიან ხარჯებთან შედარებით მკვეთრად მცირდება.
ჩვენ გვაქვს მწირი შემოსავლები და მცირე ზომის ეკონომიკა, მიტომ იძულებულები ვართ, მსოფლიო გლობალური ეკონომიკის ტალღებს დიდი ოსტატობით ავყვეთ და თან ისე ვიმოძრაოთ, რომ წონასწორობა არ დავკარგოთ და ვცურავდეთ კიდეც.
გაანგარიშებები გავაკეთე და ევროკავშირში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ერთ სულზე, საშუალოდ, 12 000 ევროა, საქართველოში 1200 ევროს ფარგლებში. მართალია, გასული წლის მონაცემებია, მაგრამ მაინც, 10-ჯერ ნაკლები. ჩვენთან საგადასახადო ტვირთის თანაფარდობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირში, ამიტომ ევროკავშირისკენ სვლა მარტო დროშების ფრიალი არ არის, მაღალი სოციალური დაცულობა, კანონის უზენაესობა და, მათ შორის, მაღალი საგადასახადო ტვირთია _ ეს რეალობაა, რომელიც არ გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ ერთი გემის მგზავრები ვართ და მისი ცურვის შესაძლებლობაზე უნდა ვიზრუნოთ.
დემურ გიორხელიძე _ ექსპერტი:
_ მომავალი წელი ძალიან მძიმე იქნება და განსაკუთრებული აღფრთოვანების მოლოდინები არ მაქვს. ობიექტურად თუ ვიტყვით, ძალიან მწირია ეკონომიკა და, შესაბამისად, მწირია ბიუჯეტი. იქ არის ნახევარი ხარჯებისა, რომელიც აუცილებლად გასაწერია. ამას, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვა, ეს არის სავალდებულო გადახდები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. დარჩენილია ნახევარი ბიუჯეტისა, რომელიც ყველა სხვა მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. ბუნებრივია, აქ განსაკუთრებულ ოპტიმიზაციაზე და განსაკუთრებულ ეფექტიანობაზე ვერ იქნება საუბარი, მით უმეტეს, ამის მექანიზმები, ჯერჯერობით, მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ ამით კატასტროფა არ ხდება, ის უკვე მოხდა, როცა 14-მლრდიანი ეკონომიკა გვაქვს და სიღარიბე და უმუშევრობა ძალიან დიდია.
მართალია, არც ისეა საქმე, როგორც ოპოზიცია ამბობს, მაგრამ კარგად რომ არაა, თავისთავად ცხადია.
_ რამდენად ეფექტიანი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი?
_ პირველი კვარტლის შემდეგ უკვე გამოჩნდება, მთავრობის მიერ განაწილებული ბიუჯეტი ნელ-ნელა იძლევა შედეგს თუ არა. ვფიქრობ, რომ მთავარი რაც არის გაცხადებული მთავრობის მიერ _ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, იმ ბიუჯეტით, რომელიც დაამტკიცეს, ეს ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა ინსტიტუციური და სხვა სახის სერიოზული რეფორმები, და იქნებ, კერძო სექტორები, ხელმისაწვდომი ფინანსების შემთხვევაში, ნელ-ნელა გააქტიურდეს და ეკონომიკამ ზრდა დაიწყოს, ამიტომ ბიუჯეტზე ეკონომიკის ჩამოკიდება არ შეიძლება. მას აქვს ერთი ძალიან მძლავრი მექანიზმი: სახელმწიფო შესყიდვები, მაგრამ აქაც სერიოზული პრობლემებია და არ მგონია, რომ განსაკუთრებულად სწორი მიმართულებით იქნება გმოყენებული ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ხელისუფლება საუბრობს. მგონია, რომ იმასაც, ძირითადად, მოიგებენ მსხვილი ჩინური, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები. ქართული კომპანიები ქვემო მოიჯარეები იქნებიან, ამიტომ იქ განსაკუთრებული ეფექტი ვერ იქნება, თუმცა, პირდაპირ ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისია.
_ ამ მოცემულობით საბიუჯეტო გეგმა ოპტიმალური იყო?
_ მე რომ იგივე სახის დოკუმენტი გამეკეთებინა, შეიძლებოდა, უფრო სხვა აქცენტები დამესვა, მაგრამ მთავრობას ასე მიაჩნია მართებულად. მთავარია, შედეგი დადონ. შედეგს კი პირველი კვარტლის შემდეგ დავინახავთ, აი, ორი კვარტლის შემდეგ კი სრული გარკვეულობა იქნება. განსაკუთრებული აღმაფრენის მოლოდინი არ მაქვს, მგონია, რომ 2017 წელი ძალიან მძიმე იქნება.
საბოლოო პროექტი მიღებულია. მთავრობამ იგი საპარლამენტო უმრავლესობით უკვე დაამტკიცა და ეკონომიკურ ზრდას 6%-ით მისი ამოქმედების დროიდან ველოდებით, სახელმწიფო ბიუჯეტს კი ზუსტად 11 დღეში ეძლევა ძალა.
ნინო ტაბაღუა