QronikaPlus
„თიბისი ბანკმა“ ფინანსური განათლების შესახებ კვლევა ჩაატარა

„თიბისი ბანკმა“ ფინანსური განათლების შესახებ კვლევა ჩაატარა

2016-05-08 08:05:25

  საქართველოში ფინანსური განათლების ინდექსი ასე გამოიყურება: დაბალი _ 52%, საშუალო _ 42%, მაღალი _ 6%.   „თიბისი ბანკმა“ ფინანსური განათლების შესახებ საქართველოში კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში, როგორია მისი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს? 22 აპრილს „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში, სწორედ, ამ კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. „თიბისი ბანკის“ ინიციატივით ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS -ისა და ISET -ის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუების ჩატარება TNS -მა უზრუნველყო. კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET -ის სპეციალისტების მიერ ADB -სა და OECD -ის მსოფლიო პრაქტიკებზე დაყრდნობით მომზადდა. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით კვლევის 4 ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე: ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი, რომელიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით. კვლევის შედეგად დადგინდა ფინანსური განათლების სამი ინდექსი: დაბალი, საშუალო და მაღალი. კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 79% არ ზრუნავს საკუთარ სიბერეზე; 45% თანხას ზოგავს ნაღდი ფულის სახით; თბილისის გარდა სხვა ქალაქებში 14%-ით მეტია სწორი პასუხების რაოდენობა სარგებელთან დაკავშირებულ შეკითხვაზე; ქალები უფრო სენსიტიურები არიან ფინანსების მიმართ, ვიდრე მამაკაცები; მაღალშემოსავლიან სეგმენტში (2000-3000 ლარი) 29%-ით მაღალია ბანკების მიმართ ნდობა, ვიდრე დაბალშემოსავლიანებში (0-500); რესპონდენტებს ყველაზე მეტად გაუმარტივდათ სწორი პასუხის გაცემა ინფლაციასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე. ფინანსური განათლების 4 ძირითად კითხვაზე სწორი პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: ინფლაცია: თბილისი 62%, რეგიონები _ 54%, სულ _ 59%; რისკების დივერსიფიკაცია: თბილისი _ 47%, რეგიონები _ 34%, სულ _ 42%; რთული პროცენტი: თბილისი _ 38%, რეგიონები _ 33%, სულ _ 36%; საპროცენტო განაკვეთი: თბილისი _ 35%, რეგიონები _ 40%, სულ _ 37%. კვლევის შედეგად ფინანსური განათლების ინდექსი ასე გამოიყურება: დაბალი _ 52%, საშუალო _ 42%, მაღალი _ 6%.   ნიკოლოზ ქურდიანი _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: _ მთელი ქვეყნის მასშტაბით 7 ქალაქში გავზომეთ, რამდენად ერკვევა ხალხი ელემენტალურ ფინანსურ საკითხებში, ისეთში, როგორიც არის პროცენტი, რთული პროცენტი, რისკის დივერსიფიკაცია, ინფლაცია, ბიუჯეტირება, გაზომვა, ყველა ის საკითხი, რომელიც, წესით და რიგით, ადამიანმა, ოჯახმა უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს თავის ყოველდღიურობაში. რამდენიმე წელია, ჩვენ ფინანსურ განათლებაში დიდ ინვესტიციას ვდებთ, გვაქვს პროგრამები, ბიზნესაკადემია მეწარმეებისთვის. ეს კვლევა საშუალებას მოგვცემს, რომ ის სტრატეგია დავაკორექტიროთ, რომელიც გვაქვს, გავითვალისწინოთ კვლევის შედეგები და, შესაბამისად, უკეთ ვაკეთოთ საქმე, რასაც ვაკეთებთ. კვლევას 2 წელიწადში ერთხელ ისევ გავაკეთებთ TNS--თან და ISET -თან ერთად. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმატი მუდმივად გახსნილი იქნება.   ლაშა ლაბაძე _ ISET -ის კვლევითი ინსტიტუტი: _ ISET -ი ჩართული იყო კვლევაში, როგორც კითხვარების შედგენის ეტაპზე, ასევე მონაცემთა ანალიზის კუთხით. ჩვენ კითხვარები შევადგინეთ, რომ საზოგადოების ფინანსური ცოდნის დონე დაგვედგინა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფებისთვის. კითხვარი აღებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც ქართულ რეალობას მოვარგეთ, რომ ნებისმიერი ფინანსური ცოდნისა და შემოსავლის ადამიანისთვის ემუშავა. მონაცემთა შეგროვება ჩაატარა TNS -მა, შეირჩა 1000 რესპონდენტი და გამოკითხვა მოიცავდა მთელ საქართველოს. ცნობისთვის: ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა „თიბისი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ „თიბისი ბანკმა“ არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის, სატელევიზიო პროექტები: „ფული და სურვილები“, „ფინანსური რჩევები“, ასევე მომზადდა „ჩემი ფინანსების“ გრაფიკული რგოლები, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება. აღნიშნული კვლევის შედეგები „თიბისი ბანკს“ ფინანსური განათლების შესახებ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მონაცემების გათვალისწინებით ბანკი შეეცდება, საკუთარ CSR პროექტებში მეტი აქცენტი იმ თემებზე გააკეთოს, რაც საზოგადოებაში ფინანსური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  

თამარ ბატიაშვილი

გაზიარება