თბილისში ფრანგი ფოტოხელოვანი, იური ბილაკი ჩამოვიდა. აგვისტოს ხვატში თბილისში ყოფნა უცხოელისთვის თითქოს დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს, თუმცა ბილაკი ხომ ფოტოხელოვანია და მისთვის სულ სხვა რამეა მთავარი _ საკუთარი შემოქმედებისთვის ახალი თემების ძებნა.
ბილაკის ნამუშევრებს მის ვებსაიტზეც ნახავთ, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, საუკეთესო ფოტოებს გამოფენებზე აცნობს ხოლმე ხალხს.
ბილაკი ფოტოწიგნის გამოცემასაც აპირებს და, ალბათ, მასში საქართველოში შესრულებული ნამუშევრებიც დაიბეჭდება.
მანამდე კი ის „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს.
_ როგორც გავიგე, თბილისში უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან ჩამოხვედით...
_ ასეა, უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, მე ხომ უკრაინული ფესვები მაქვს, ჩემი მშობლები უკრაინელები იყვნენ. ესეც რომ არა, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს. უკრაინაში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. ომის თემაც არ არის უცხო ჩემთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს მამაჩემი უკრაინაში იბრძოდა, მანამდეც არ იყო უქმად, ბოლშევიკების და წითელი არმიის წინააღმდეგ გამოდიოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთ უკრაინა ებრძოდა რუსებს და ამ ბრძოლაში გერმანელები უკრაინული ბატალიონების ორგანიზებით იყვნენ დაკავებულნი. ბუკოვინა რუსეთის მიერ იყო ანექსირებული. მეორე მსოფლიო ომში მამაჩემისა და მისი თანამებრძოლების მიზანი ახალი უკრაინის აშენება იყო და ახლაც ასე დგას საკითხი ამ ქვეყნაში. გერმანელებმა პოზიციები რომ დათმეს, მამაჩემის ბატალიონი საფრანგეთში გაგზავნეს, მაგრამ მოგვიანებით უკრაინელებმა უარი თქვეს ფრანგებთან ბრძოლაზე _ ფრანგები ხომ თავისუფლებისთვის ომობდნენ. მამაჩემმა ლიონში გაიცნო დედაჩემი, ისიც უკრაინელი იყო და საფრანგეთში გერმანიიდან ჩავიდა. მეც ახლა ლიონში ვცხოვრობ.
_ ომიან უკრაინაში გადაღებული ფოტოები საფრანგეთში უკრაინელების დიასპორისთვისაა გათვლილი?
_ არა მხოლოდ, ძალიან მინდა, რომ ეს ნამუშევრები მთელმა მსოფლიომ ნახოს. ვფიქრობ, ამით შესაძლებელია პატრიოტიზმის გამოხატვა _ მე ხომ უკრაინული წარმოშობის ვარ. უკრაინაში ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში ჩავედი. ასე რომ, ბევრი რამე ვნახე საკუთარი თვალით.
_ საფრანგეთში ერთმანეთთან რა ურთიერთობა აქვთ უკრაინულ და რუსულ დიასპორებს?
_ ურთიერთობას კარგი არ ეთქმის. უკრაინული დიასპორის პოზიცია ასეთია _ ეს არის ხელოვნური ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა. რუსული დიასპორა კი ყველაფერში უკრაინელებს ადანაშაულებს და უკრაინელებზე ამბობენ, ფაშისტები არიანო _ ასეთია მათი პროპაგანდა.
_ ალბათ, ბევრი საინტერესო კადრი გადაიღეთ. მასმედიასთან საქმიანი ურთიერთობა არ გაკავშირებთ?
_ ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა გაზეთიდან და საიტიდან, მათ დაბომბვისა და ადამიანების დახოცვის კადრები აინტერესებდათ, მე კი ფოტორეპორტიორი არ ვარ და ასეთი შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო არ არის. არც ომის ფოტოგრაფი ვარ. მე, პირველ რიგში, ადამიანი მაინტერესებს, მინდა დავინახო ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში, ამა თუ იმ მოვლენების დროს. უკრაინაშიც ჩემთვის მთავარი ადამიანი იყო, ანუ როგორ ცხოვრობს ხალხი ომიანობის დროს. მე ხელოვანი ვარ და ძალიან მინდა, რომ უკრაინაში გაკეთებული ნამუშევრებით უკრაინის ომის გამო ობლად დარჩენილ ბავშვებს დავეხმარო.
_ როგორ აპირებთ თქვენი ნამუშევრების გაყიდვას?
_ გამოფენებს მოვაწყობ, გარდა ამისა, ერთ პროექტზეც ვმუშაობ _ ფოტოწიგნი უნდა გამოვცე, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში შესრულებული ნამუშვრები მოიყრის თავს. მადაგასკარშიც ვიყავი და ვფიქრობ, რომ იქაც ბევრი საინტერესო რამ დავინახე. ამ წიგნს, ალბათ, დეკემბრამდე დავასრულებ. მინდა, რომ ის მხოლოდ უკრაინელებისთვის კი არა, ყველასთვის საინტერესო იყოს.
_ საქართველო რით არის თქვენთვის სინტერესო?
_ თქვენი ხალხი და ტრადიციები მაინტერესებს. შემეძლო თბილისში რომელიმე სასტუმროში მეცხოვრა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, მეგობრის სახლში მირჩევნია ვიყო, რადგან ასე უფრო კარგად გავიცნობ ადამიანებს, მათ ხასიათს. წავიკითხე წიგნი საქართველოზე და ძალიან დავინტერესდი სვანეთით. არ მიყვარს ტურიზმი და ცხადია, არც საქართველოში ჩამოვსულვარ ტურისტად. არ გვეგმავ ხოლმე კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრას. მინდა, რომ შემთხვევით შევხვდე ჩემთვის საინტერესო ადამიანებს და საქართველოშიც ამის იმედი მაქვს. ვნახო ახალი კულტურა და ადამიანი ამ კულტურაში _ ჩემი სურვილია, რომ ეს ხელოვნებით მოვახერხო. ადამიანის სულიერება ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ადვილად იპოვით განსხვავებას ადამიანებს შორის ინტერნეტის შემოსვლამდე და ინტერნეტის შემდეგ. კონტაქტი ადამიანის ნატურასთან _ ჩემთვის ეს არის მთავარი მიმართულება ფოტოხელოვნებაში.
დავით თავართქილაძე