QronikaPlus
ანა წითლიძე: „ერთიანობა თუ უნდოდათ, სად მირბოდნენ ვაშაძე და ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“?!

ანა წითლიძე: „ერთიანობა თუ უნდოდათ, სად მირბოდნენ ვაშაძე და ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“?!

2022-11-13 16:14:37

შორენა მარსაგიშვილი

ოპოზიციურ ფლანგზე დაძაბულობა იზრდება. უახლოეს მომავალში დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნა გამორიცხულია. ასევე არ უნდა ველოდოთ ოპოზიციისგან პარლამენტის დატოვებას. პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანა წითლიძე, ამბობს, რომ პარლამენტის დატოვებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

რატომ რჩება ოპოზიცია პარლამენტში? რატომ უღალატეს წლების წინათ გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“? დაივიწყა თუ არა პარტიამ მიხეილ სააკაშვილი? რატომ წავიდა ნონა მამულაშვილი „ნაცმოძრაობიდან“? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ანა წითლიძე ესაუბრება:

_ ანა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მოგიწოდათ, რომ დატოვოთ პარლამენტი. ამის საპასუხოდ თქვენ განაცხადეთ, რომ მის მოწოდებას არ შეასრულებთ და მას არ აქვს ასეთი მოწოდების გაკეთების უფლება.
_ იგივეს გავიმეორებ ახლაც. პარლამენტის დატოვებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ეს პროცესი დააზიანებს ხელისუფლებას და არა _ ოპოზიციას. მარგველაშვილის მოწოდება ამ საკითხზე არის არაეთიკური. გიორგი მარგველაშვილ ამ ტონით არანაირი მოწოდების გაკეთების უფლება არ აქვს.
_ რატომ არ აქვს მარგველაშვილს ასეთი მოწოდების გაკეთების უფლება? სხვა თუ არაფერი, ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
_ სწორედ მაგიტომ არ აქვს ასეთი მოწოდებების გაკეთების უფლება, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის ოდნავ უფრო გაბედული და პრინციპული რომ ყოფილიყო, დღეს „ქართული ოცნება“ იქნებოდა ბევრად უფრო სუსტი, ოპოზიცია კი უფრო ძლიერი.
_ რა უნდა გაებედა გიორგი მარგველაშვილს?
_ მას გაბედულება და პრინციპულობა უნდა გამოეჩინა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ის სხვანაირად უნდა მოქცეულიყო მიხეილ სდააკაშვილთან მიმართებითაც. მიშას და თემურ ჯანაშიას საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ამ საქმეზე მარგველაშვილს გრიფით საიდუმლო ვერ ავახსნევინეთ. ის პრინციპული და გაბედული პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, დღეს შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში სხვა ძალა გვყოლოდა. „ოცნება“ შესაძლოა, მაინც დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ბევრად უფრო ძლიერი იქნებოდა. გიორგი მარგველაშვილს ამისთვის ყველა ბერკეტი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. ასე რომ, მისგან ვერანაირ დამუნათებას ვერ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. ის „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებს მარგველაშვილისგან კრიტიკას, რომელიც, მისგან განსხვავებით, 10 წელია, რაც ომში იმყოფება.
ჩვენი პარტიის ლიდერი ციხეში ზის, პარტიის ათასობით წევრი დაკითხვაზეა დაბარებული. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მარგველაშვილის მოწოდებას არ შევასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ მან ახლა აღმოაჩინა, „ქართული ოცნება“ ცუდია. ჩვენ 2012 წლიდან ვამბობთ ამას, მაგრამ მაშინ მარგველაშვილი საპირისპიროს ამტკიცებდა.
_ მარგველაშვილის მოწოდებაზე რომ არ უნდა დატოვოთ პარლამენტი, ამაში გეთანხმებით, მაგრამ თქვენი ინიციატივით თუ აპირებთ საკანონმდებლო ორგანოდან გამოსვლას?
_ პარლამენტის დატოვება რჩება ჩვენს არსენალში, მაგრამ ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ჩვენი იქიდან გამოსვლა ხელისუფლებას დააზიანებს. ხელისუფლება თუ არ დაზიანდა, ისე პარლამენტის დატოვებას აზრი არ აქვს.
_ რატომ ფიქრობთ, რომ თუ ახლა პარლამენტიდან წამოხვალთ, ეს ხელისუფლებას არ დააზიანებს?
_ ჩვენ ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც უნდა შევასრულოთ 12 პუნქტი, ამის გარეშე კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. „ქართული ოცნება“ ახლა ეძებს ყველა საბაბს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაბრალოს, თუკი კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ამას, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალებენ და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.
„ქართულ ოცნებას“ იმის საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ სტატუსის მინიჭების საკითხში შემაფერხებლად გამოიყვანოს ოპოზიცია. და ესეც არ იყოს, პარლამენტიდან გამოსვლას მაშინ ექნება აზრი, თუ მთელი ოპოზიცია გამოაცხადებს ბოიკოტს. ასე საყოველთაო ბოიკოტით თუ დავაზიანებთ „ქართულ ოცნებას“. სხვა შემთხვევაში დაზიანდება ჩვენი პარტია და ოპოზიციური სპექტრი მთლიანად. პარლამენტის დატოვების საკითხი დღემდე აქტიურად განიხილება.
_ პარლამენტის დატოვების საკითხს მარტო პარტიაში განიხილავთ, თუ ამ თემაზე საპარლამენტო ოპოზიციასთანაც გქონიათ საუბრები?
_ მათთანაც გვისაუბრია ამ თემაზე. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის დატოვებაზე მუდმივად საუბრობდნენ და ახლაც საუბრობენ. დისკუსია არის, მაგრამ რა დამოკიდებულება აქვთ პარლამენტის დატოვებასთან ოპოზიციურ პარტიებს, ყველანი კარგად ხედავთ. გიორგი ვაშაძისგან ასეთი მოწოდებების გაკეთება არის, სულ ცოტა, უხერხული. თუნდაც იმიტომ, რომ ის მაშინ შევიდა პარლამენტში, როცა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როდესაც ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში შევიდნენ და შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერს ხელი, „ნაციონალური მოძრაობა“ ვამბობდით, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნებოდა შეცდომა, რადგანაც „ქართული ოცნება“ დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდა და ოპოზიციას ახლაც ისევე გადააგდებდა, როგორც ადრე არაერთხელ გადაუგდია.
იმ დროს, როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ უნდა მოწეროდა, ძალიან ახლოს ვიყავით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან. თამამად ვიტყვი, რომ ვადამდელ არჩევნებთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ოპოზიციის ერთობას კიდევ სულ ცოტა ხანი რომ გაეძლო, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა. ნიკა მელია მაშინ ციხეში იჯდა და იქიდან ყვიროდა, ოპოზიცია არვითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს პარლამენტშიო, მაგრამ ოპოზიციამ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
სამწუხაროდ, მაშინ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა და „ნაციონალური მოძრობა“ გარეთ მარტო დარჩა. პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ კი კონსტრუქციულის მანტია მოირგო და ისე მოჰქონდათ თავი, თითქოს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა გაითვალისწინა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. რეალურად კი „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს მარტო ბოიკოტში. მათ რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგათ, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გავუშვით.
ახლა რადიკალურად სხვა ვითარებაა. და ვერც მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი დააყენებს პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ. იქ დარჩებიან ოპოზიციური პარტიები და ეს შეუნარჩუნებს საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, არ ვიცი, როდის გადავწყვეტთ პარლამენტის დატოვებას. ახლა ის ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესრულება. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ იმის საბაბი, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება ოპოზიციას დააბრალოს.
_ კანდიდატის სტატუსი რამდენჯერმე ახსენეთ და რა მოლოდინები გაქვთ, მოგვცემენ ამ სტატუსს?
_ მგონია, რომ მოგვცემენ. რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება გვყავდეს, საქართველო იმსახურებს ამას. ეს სტატუსი ქართველი ხალხის ბრძოლის მონაპოვარია!
_ ვადამდელ არჩევნებთან შარშან ახლოს ვიყავით და ეს შანსი ხელიდან გავუშვითო. თქვენი განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოპოზიცია შეეგუა იმ აზრს, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება? ამ თემაზე აღარც კი საუბრობს ოპოზიცია.
_ როგორ არ ვსაუბრობთ. ვადამდელი არჩევნების თემა აქტუალური რჩება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყველა დღე არის დაკარგული შანსი ამ ქვეყნისთვის, ამიტომ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. რაც მალე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მით მალე ამოვა ეს ქვეყანა ჭაობიდან.
ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას ჩვენი კოლეგები ხშირად აპელირებენ ერთობაზე. ამ საკითხს ხშირად ახსენებენ ბოლო დროს ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია. მე ერთობა ასე მესმის, რომ ის უნდა იყოს კონკრეტულ საკითხზე. ერთიანები უნდა ვიყოთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში. მანამდე ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სამართლიანი საარჩევნო გარემო. არჩევნები თუ ისევ სუსის მონაწილეობით ჩატარდა, შავი ფულით, მაშინ მას არანაირი აზრი არ ექნება. იგივე შედეგი დადგება ან კიდევ უარესი იქნება.
ჩვენ ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამ საკითხებზე უნდა იყოს კოორდინებული ოპოზიცია. სხვა დანარჩენ თემებზე საუბარი ცოტა გაუგებარია და რა თემებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ამაზე ოპოზიცია ისედაც ერთიანი ვართ და დამატებითი რაღაცები საჭირო არ არის.
_ პოლიტიკური პატიმრები ახსენეთ და ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება ხელს არ შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას?
_ შეიძლება შეუშალოს. ამ სტატუსის მიღება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი მედია. გვარამიას ციხეში გატარებული ყოველი დღე არის უკან გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, რომ ნიკა შეიწყალოს.
_ სალომე ზურაბიშვილი ხომ არასდროს მოგწონდათ. არ გეუხერხულებათ, მას რომ მიმართავთ?
_ არც ახლა მოგვწონს, მაგრამ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ბოლო დროს პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს. არ ვიცი, რამდენად გულწრფელია, მაგრამ საჯაროდ ასე ლაპარაკობს და რადგან ასეთ პოზიციას ავლენს, გადავწყვიტეთ, მას მივმართოთ, რათა შეიწყალოს ნიკა გვარამია. მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაეხმაროს.
_ თქვენი აზრით, შეიწყალებს პრეზიდენტი გვარამიას?
_ არ ვიცი. თუ მართლა იმას ფიქრობს, რასაც ბოლო დროს ხმამაღლა ლაპარაკობს, უნდა შეიწყალოს.
_ ბევრს ეგონა, რომ სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებდა. თქვენ რას ელოდით?
_ დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას პატიმრობაში დატოვებდნენ. რატომ უნდა გამოუშვას ბიძინამ გვარამია? მისთვის ნიკა არის სერიოზული პრობლემა, _ მას უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეს. გვარამიას გარეთ ყოფნა გააძლიერებს ოპოზიციას. უნდა ვინმეს თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ ნიკას აქვს საზოგადოებრივ აზრზე გავლენა. ივანიშვილი ამ ქვეყანას, როგორც საკუთარ კორპორაციას, ისე უყურებს და ასეთ შემთხვევაში არაფერში აწყობს ნიკას გარეთ ყოფნა. მიკვირს იმ ხალხის, ვისაც ეგონა, რომ „ქართული ოცნება“ გვარამიას გარეთ გამოსვლას დაუშვებდა. ახლა „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების ფაზაში იმყოფება. ისინი ძალაუფლებას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებენ.
ცოტა ხნის წინათ პარლამენტში შემოიტანეს ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობას ეხება. ერთი შეხედვით, ეს ცვლილებები უმნიშვნელოა, მაგრამ ისიც ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ამ ცვლილებების შესაბამისად, ხელისუფლებას ექნება ბერკეტი, რომ ოპოზიციური საკრებულოები დაშალოს. „ქართულ ოცნებას“, როგორც უკვე გითხარით, ახლა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და საერთოდ არ აინტერესებს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
_ თქვით, არ ველოდი, ნიკა გვარამიას თუ გამოუშვებდნენო. მიხეილ სააკაშვილთან რა მოლოდინები გაქვთ? პარტიამ თითქოს მიივიწყა მესამე პრეზიდენტი. მას თითქმის აღარ ახსენებთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა ხდება?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიამ მიივიწყა. მიშა არც პარტიას დავიწყებია და არც ჩვენს მხარდამჭრებს. მე არ მიკვირს, რომ ასეთი კითხვები ჩნდება, რადგან როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშია, ჩვენგან უფრო მეტ მოძრაობასა და აქტიურობას ელიან. ასეთი აქტიურობა ჩვენ ნამდვილად გვმართებს.
_ რატომ არ არის მერე ეს აქტიურობა? პარტიაში ვინმეს არ უნდა, რომ მესამე პრეზიდენტის საკითხმა წინ წამოიწიოს?
_ მე პარტიაში არ მეგულება ადამიანი, რომელიც მიშა სააკაშვილის ციხეში ყოფნის გამო არ წუხს. ერთია, რომ ის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მეორეა ის, რომ მასთან პარტიის წევრებს პირადი მეგობრობა აკავშირებთ. წლებია, ჩვენ ერთად ვვართ ბრძოლაში. თუ ვინმეს აინტერესებს მიშას გარეთ გამოსვლა, ეს ვართ ჩვენ.
ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი მიშას ჯანმრთელობაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის სამკურნალოდ გადაიყვანონ. მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სათანადიო მკურნალობა.
_ რატომ არ არის მერე აქტიურობა თქვენი მხრიდან? რატომ არაფერს აკეთებს ამისთვის პარტია?
_ ძალიან გვინდა, რომ მიშა საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ, მაგრამ ეს არ არის მარტივი ამბავი. მას ბიძინა ივანიშვილი იოლად არ გაათავისუფლებს. ივანიშვილი არის კაცი, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებებს. ის ყველა მეთოდით ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. არაერთხელ უთქვამს „ქართულ ოცნებას“, რომ მათი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარება კი არა, „ნაცმოძრაობის“ დაშლაა. ამ ფონზე მიშას გამოშვება, გნებავთ სამკურნალოდ გადაყვანა, იოლი მისაღწევი არ იქნება. ამის გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 10 წელია, რაც ოპოზიციაში იმყოფება. ამ პერიოდში არათუ ოპოზიციას, ხელისუფლებაში მყოფ პარტიასაც კი დაუდგება კრიზისი. 10 წელი ძალიან ბევრი დროა.
_ გინდათ თქვათ, რომ პარტიაში კრიზისია და ამიტომ ვერაფერს აკეთებთ სააკაშვილის გამოსაყვანად?
_ 10 წელია, ოპოზიციაში ვართ და რა გასაკვირია, რომ პარტიაში რაღაც კრიზისი იყოს. ამას დაამატეთ ის, რომ ჩვენი ლიდერი ციხეში ზის. ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ქვეყნიდან არის გაქცეული. ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების დევნა და შევიწროება. ძალიან მძიმე დღეში ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტოთ. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიყვანოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გარეთ. საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაც დაგვჭირდება ამ საქმეში. მათი დახმარებაა საჭირო იმისთვის, რომ ნიკა გვარამია გარეთ გამოვიდეს.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს იზამს, რათა მიშა ციხიდან არ გამოვიდეს. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის სამკურნალოდ გადავიყვანოთ. ახლა ყველაზე მთავარი მისი ჯანმრთელობაა. ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ მიშას სასჯელისგან თავის არიდება სურს. მსგავსი არაფერია, მას მკურნალობა ესაჭიროება. ციხიდან გამოსვლას არც მიშა ითხოვს. საქართველოში რომ მოდიოდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ციხეში მოუწევდა ჯდომა. ამის მიუხედავად, ჩამოვიდა. მას ციხის არ ეშინია, მაგრამ მკურნალობა სჭირდება. აქ მას ვერ უმკურნალებენ და საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. აქ მას სათანადოდ ვერ მკურნალობენ და რომ ვერ მკურნალობენ, ამაზე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგად მეტყველებს.
_ პარტიის კრიზისი ახსენეთ და გასულ კვირას თქვენი რიგები და ასევე პარლამენტი დატოვა ნონა მამულაშვილმა, რომელიც საკმაოდ აქტიური ადამიანი იყო. რას გვეტყვით მის გადაწყვეტილებაზე?
_ ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა ახალ კადრს, მოვიდეს პარტიაში, იპოვოს საკუთარი თავი, დამკვიდრდეს პოლიტიკაში და იბრძოლოს „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. ვიღაცები ამას უძლებენ, ვიღაცები ამას ვერ უძლებენ. ნონა სულ რაღაც ერთი წელია თუ წელიწად-ნახევარი, მოვიდა პარტიაში. ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად იმსახურებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ყოფნას. ვერ გავითვალისწინებ ახლა მისგან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „რამისგან დაიცალა“.
_ „ნაციონალებსა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის კიდევ დაიძაბა სიტუაცია. თქვენ რამდენიმე პარტიას მიმართეთ, ჩვენ თავი დაგვანებეთ და საკუთარ თავებს მიხედეთ, პოლიტიკური რუკიდან არ გაქრეთო. ვისზე ხართ ასეთი გაბრაზებული, გიორგი ვაშაძეზე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე?
_ მათზე ვარ ძალიან გაბრაზებული. მათდამი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი და რეაქცია არ მქონდა მათ განცხადებებზე. ჩუმად იყო მთელი ჩვენი პარტიაც. ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ რადგან ჩვენ ჩუმად ვართ, შეუძლიათ წითელი ხაზები გადმოკვეთონ. რას ნიშნავს, არ მესმის, როცა ერთობის ინიციატივით გამოვიდნენ. ყველაზე ადრე ამ ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა. რაღაც ტიპის ერთობა მართლაც შედგა და ამ ერთობისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი დათმო. ამ დათმობით ჩვენი ამომრჩეველი დიდად აღფრთოვანებული არ ყოფილა.
_ დათმობაში რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ თბილისში მაჟორიტარები დავთმეთ. „ნაციონალებს“ ჩვენი მაჟორიტარები რომ დაგვეყენებინა, ბევრად მაღალი შედეგი დაიდებოდა. ეს კარგად ვიცოდით, მაგრამ დავთმეთ. ოპოზიციას საერთო სიასაც ვთავაზობდით. ჩვენ ორი-სამი პარტიის გაერთიანებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ ერთობას მთელ ოპოზიციას ვთავაზობდით. ჩვენი აზრით, ყველა ერთად უნდა დადგეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს ეწინააღმდეგება.
ახლა იმასაც გეტყვით, თუ როგორ წარმომიდგენია ეს ერთობა: ერთობა უნდა იყოს თემატურ საკითხებზე. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და მიშა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. უნდა ვითანამშრომლოთ იმაზე, რომ იყოს ნორმალური საარჩევნო გარემო და არჩევნები სუსის გარეშე ჩატარდეს. ამაზე მთელი ოპოზიცია ისედაც შეთანხმებულები ვართ და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. სხვა რას ნიშნავს ერთობა? რასაც ამბობს ბატონი ვაშაძე და ჯაფარიძე, არის სრული ნონსენსი. რა პრაიმერისი და რა საერთო სია? რა დროს სიაზე საუბარია, როცა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და პოლიტპატიმრები ვერ გამოგვიყვანია გარეთ? აქამდე ჯაფარიძე და ვაშაძე ამბობდნენ, რომ პოლარიზებულია გარემო, მარტო „ნაციონალები“ და „ოცნება“ არიანო. მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ახლა უცბად გაერთიანებაო და რა შეიცვალა? პოლარიზება უნდათ? ჩვენ პირიქით _ გვინდა, რომ პატარა პარტიები გაძლიერდნენ. და კიდევ თუ ერთად ყოფნა და ერთიანობა უნოდოდათ, სად მირბოდნენ ვაშაძე და ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“? პარტიაში ორივეს მაღალი თანამდებობა ეკავა.

გაზიარება