- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-01-28 07:27:26
თამარ როსტიაშვილი
ტრაგედია, რომელიც წინა კვირას „ქართლის“ შენობაში დატრიალდა, შეიძლება საქართველოს ყველა რეგიონში, დევნილებით დასახლებულ კორპუსებში, განმეორდეს, ვინაიდან აქ მცხოვრებ კონტინგენტს (სახელმწიფოს მიერ „დაკმაყოფილებულ“ და „გარემონტებულ“ ფართებში გადაყვანილი პირებს) არსებობა გაუსაძლის პირობებში უწევს.
შესწავლილ იქნა დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროში „დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დახარჯული საბიუჯეტო სახსრები, ჯამში 42 მილიონი ლარი _ სად წავიდა ის?
„ქრონიკა+“ მხოლოდ ფაქტებს წარმოგიდგენთ _ მშრალი ციფრები და ხარჯთაღრიცხვები!
ზუგდიდის პროფესიული სასწავლების შენობის სახურავი შეღებილი იყო ანტიკოროზიული საღებავით არათანაბრად, ზოგიერთ ადგილას შეინიშნებოდა კოროზიული მონაკვეთები, რამაც საფრის გარღვევა და წყლის ჩადინება გამოიწვია შენობის შიგნით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის ვეტერინარიული ლაბორატორიის შენობის სახურავი მოწყობილი იყო გაურკვეველი თუნუქით, რაც ხარჯთაღრიცხვაში არ იყო მითითებული და რაც მთავარია, მის ქვეშ ხის კოჭებზე არ იყო ცეცხლდაცვისა და ანტისეპტირების სითხით დამუშავების კვალი. ფასადის მხრიდან ფანჯრების ფერდოები შელესილი იყო ნაწილობრივ, დანარჩენი დაწილიდან კი ბლოკები ჩანდა. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება საკმაოდ დიდია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის ელექტროქსელის შენობის სახურავზე თუნუქის ფილები დამონტაჟებული იყო უხარისხოდ, რამაც კოროზია გამოიწვია. როგორც გაირკვა, წვიმის დროს შენობის სახურავზე დგებოდა წყლის გუბეები, რის შედეგადაც იჟანგებოდა სახურავი და წყალი ჩადიოდა ოთახებსა და დერეფანში. ამის შესახებ საჩივარი შევიდა მთავრობაში, მაგრამ სახურავის ხის მასალა ნაწილობრივ შეცვალეს ახლით. ხის კოჭებსა და ლარტყებზე ანტისეპტიკური მასალით დამუშავების კვალი არ შეიმჩნეოდა. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება დიდია.
ქუთაისში ყოფილი „აისის“ შენობის სახურავის ნაწილი (ფრაგმენტულად, 5 ადგილზე სხვადასხვა ზომით) შეცვლილი იყო მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით. შეერთების ზოგიერთ ადგილას
შეიმჩნეოდა ძველსა და ახალ ჩაკერილ ფურცლებს შორის ნაკლები სიმჭიდროვე. შეცვლილი სახურავის მონაკვეთები საშემსრულებლო ნახაზზე არ დაფიქსირებულა, რამაც ასევე წყლის ჩადინება გამოიწვია შენობის შიგნით.
ხონში, დევნილებით დასახლებულ ყოფილ სამხედრო დასახლებაში (4-სართულიანი 4 კორპუსი), წყალშემკრები ძაბრები მოთუთიებული თუნუქით კორპუსში არ მოწყობილა. შენობის ფასადი კორპუსში არ იყო შელესილი ქვაცემენტის ხსნარით და დეკორატიული შხეფით. შენობის სამუშაოს მოცულობა და თანხობრივი შეფასება ხარჯთაღრიცხვითა და ხელშეკრულებით საერთო მოცულობიდან არ იყო განმხოლოებული და ვიზუალური დათვალიერებით შეუსრულებელი სამუშაოს მიახლოებითი ღირებულება ვერ დადგინდა.
ქობულეთსა და დაბა ჩაქვში (ყოფილი სკოლის შენობა) და #1 კორპუსი (სპორტდარბაზის შენობა) დამონტაჟებული იყო პლასტმასის წყალსაწრეტი მილებით _ 5 ცალი, თითოეული, დაახლოებით, 13 მ სიგრძის, თუმცა შესრულებული სამუშაოების აქტში ფიქსირდებოდა 16 ცალი 13-მეტრიანი მილის მონტაჟი. ანუ ის იყო მითითებული, რაც არ გაკეთებულა და რაშიც ვითომ ფული დაიხარჯა. #3 კორპუსში მოთუთიებული თუნუქის წყალსაწრეტი მილი დამონტაჟებული არ იყო.
ქობულეთში (ყოფილი სკოლის შენობა #7) წყალშემკრები ღარები ჩაკერებული იყო თუნუქის მასალით (ძველისგან განსხვავებული მასალით). ზოგიერთ ადგილას, კერძოდ, შენობის ცენტრალური ქუჩის მხრიდან წყალშემკრები ღარები კუთხეების შეერთების ადგილებზე გადაბმული იყო უხარისხოდ. შენობის მთელ პერიმეტრზე წყალშემკრები ღარები ნაწილობრივ იყო შეცვლილი.
ფოთში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის მთელი პერიმეტრის პარაპეტზე, მოწყობილი იყო რუბეროიდის ფენა, რომელიც დაფარული იყო 1,3 მ სიგანის მოთუთიებული თუნუქით. როგორც გაირკვა, გადაბმის ადგილებში გუბდებოდა წყალი და ჩადიოდა შენობაში. მთელი შენობის სახურავზე რუბეროიდის ფენა მოწყობილი იყო ალაგ-ალაგ, რამაც ოთახებში წყლის ჩადინება გამოიწვია.
ქუთაისში, ყოფილი კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის შენობაზე, წყალშემკრები ღარების მართკუთხა საკიდები შენობის უკანა მხარეს უხარისხოდ იყო დამონტაჟებული, ხოლო შენობის მარცხენა მხარეს საკიდები არ დამონტაჟებულა. შენობის 125 გრძ. მ-ის პერიმეტრზე ხარჯთაღრიცხვით საკიდები საჭირო იყო ყოველ 0,5 გრძ. მ-ზე, ე. ი. 250 ცალი საკიდი. ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების აქტში დაფიქსირებული იყო 350 ცალი მართკუთხა საკიდის მონტაჟი. ასევე ქუთაისში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობების (ორი შენობა) I და II კორპუსების სახურავი შეღებილი იყო არათანაბარად. როგორც გაირკვა, სახურავი მიმწოდებელმა ნაწილობრივ გაწმინდა ჟანგისგან და სახურავი შეიღება მხოლოდ ერთი ფენით, რის გამოც იგი ისევ იჟანგებოდა. შესაბამისად, შეღებვის სამუშაოები არადამაკმაყოფილებლად იყო შესრულებული.
რუსთავში შენობის მესამე სართულზე მდებარე სველი წერტილები ხარვეზებით გარემონტდა.
ასე და ამირგად, დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს 16 ობიექტიდან არც ერთზე არ მოუთხოვია სარემონტო სამუშაოების მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამავდროულად, 6 ობიექტზე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი მასალების დამტკიცებული ფასები არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების ფაქტობრივ მონაცემებს და აღნიშნული სხვაობის მიზეზი არ არის ახსნილი. სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება ელექტრონული ტენდერის ჩასატარებლად სამინისტროს მიერ შედგენილ ტექნიკურ დავალებებში არ იყო მიმწოდებლებზე წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა ტექნიკური შესაძლებლობებისა და სანდოობის შეფასება. სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრძანებებით დამტკიცებული სარემონტო- აღდგენითი სახის სამუშაოების კომისიის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო შეიქმნა ტენდერებში დაბალკვალიფიციური პრეტენდენტების მონაწილეობის რისკები.
ერთწლიანი შესწავლის შედეგად დაფიქსირდა, რომ 10-დან 7 შემთხვევაში ტენდერს ჰყავდა მხოლოდ ერთი მონაწილე, გარდა ერთი შემთხვევისა. ელექტრონულ ტენდერებში აღინიშნება დაბალი ფასდაკლება _ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და საბოლოო (ხელშეკრულების) ღირებულებას შორის სხვაობა 3%-ს არ აღემატება. 3 შემთხვევაში საერთოდ არ არის წარმოდგენილი ფასდაკლება. 6 შემთხვევაში გამარჯვებულად გამოვლენილია პრეტენდენტი, რომელსაც ელექტრონული ტენდერის ჩატარების მომენტისას საერთოდ არ ჰქონდა მსგავს ტენდერებში მიღების გამოცდილება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედის“ მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი დასკვნის მიხედვით, კორპუსის მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელი იყო „დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, კორპუსის ირგვლივ ბეტონის წყალხსნარით სარინელის მოწყობა და კორპუსის ფუნდამენტის გამაგრება რკინა-ბეტონის ბურღვითნატენი ხიმინჯებით“. სამინისტროს ხელმძღვანელობამ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე შეცვალა შენობის გამაგრების პროექტი. აღნიშნული ქმედებით შეიქმნა კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებული სერიოზული რისკები.
დევნილებით ჩასახლებული ობიექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლენილი დარღვევებით დადგინდა, რომ სარემონტო სამუშაოები შესრულებული იყო მთელი რიგი ხარვეზებით, უხარისხო მასალით და, ამასთანავე, ნაწილი სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა.
შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი სარემონტო ობიექტების მიხედვით გაფორმებულ ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამება და საბიუჯეტო სახსრები ისეა გახარჯული, რომ თითქმის არ არის მიღწეული პროგრამით დასახული მიზნები. კერძოდ, სარემონტო ობიექტებზე სრულად და ხარისხიანად არაა აღმოფხვრილი აქტებით დადგენილი დეფექტები.
ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ასიგნებების გეგმა შედგა, შესაბამისად, 150 000 და 80 000 ლარის გაქრობა ცალკე მოკვლევას მოითხოვს.
ერთ-ერთ ობიექტზე განცხადება რემონტის ჩატარებასთან დაკავშირებით სამინისტროში ვერ წარმოადგინეს, თუმცა შესრულებული იყო 2429 ლარის ღირებულების შენობის ფასადის სამღებრო სამუშაოები. სამინისტროს ხელმძღვანელობამ ვერ დაადასტურა, რომ შენობის ტექნიკური მდგრადობა მცხოვრებთა ჯანმრთელობისთვის იყო საფრთხის შემცველი და სამუშაოების ჩატარება წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას.
10 ობიექტზე 144 175 ლარისა და 6 ობიექტზე 78 380 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა და შესრულდა მონაცემთა საინფორმაციო ბაზის არასრულყოფილად შესწავლისა და შერჩევის კრიტერიუმის არარსებობის პირობებში, რამაც წარმოქმნა საბიუჯეტო გარღვევები და გაურკვეველი ხარჯები.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების მარტო ერთი წლის გეგმა ეPLAN-ში ატვირთულია ნახევარი წლის დაგვიანებით. როგორც ჩანს, არამიზნობრივად გახარჯული თანხების „გაპრავებას“ ეძებდნენ. სამინისტროს მიერ ასევე ვადების დარღვევით (დაგვიანებით) სახელმწიფო შესყიდვების წლის გეგმა 128 000 ლარი ეPLAN-ში ატვირთულია სამი თვის დაგვიანებით, ხოლო 22 100 ლარი ეPLAN-ში ატვირთულია ერთი თვის დაგვიანებით. სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შესყიდვების სამსახურის არასათანადო კონტროლის გამო დაირღვა შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი და ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობა.
სატენდერო კომისიას გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში არ გაუთვალისწინებია ის, რაც დისკვალიფიკაციის საფუძველი უნდა ყოფილიყო და შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა: შპს „იორბილდინგსა“ და შპს „ბლოკგეორგიასთან“.
ელექტრონული ტენდერის შედეგების განხილვისას სატენდერო კომისიამ, მოქმედი წესის მოთხოვნების დარღვევით, ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი შემოთავაზების _ 28 900 ლარის მქონე შპს „ფორმა 2-ს“, არაგონივრულ ვადაში მოსთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია სარემონტო სამუშაოების გამოცდილების შესახებ. სამინისტრო არ დაელოდა პრეტენდენტისგან ინფორმაციის მიღებას და შპს „ფორმა 2-ს“ მისცა დისკვალიფიკაცია. საბოლოოდ, სატენდერო კომისიამ გამარჯვება მიანიჭა მომდევნო პრეტენდენტს _ შპს „შანსი 2010-ს“ და გააფორმა #145 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დასკვნა: სატენდერო კომისიამ უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გამოიყენა დისკვალიფიკაციის უფლება, რის გამოც 1100 ლარის საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა არამიზნობრივად.
სამინისტროს 16 ობიექტიდან არ მოუთხოვია სარემონტო სამუშაოების მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და, შესაბამისად, არც მიმწოდებლებს წარმოუდგენიათ, მაშინ როდესაც 6 ობიექტზე სატენდერო ხელშეკრულებებით და მათზე თანდართული დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სატენდერო კომისიით განსაზღვრული ზოგიერთი მასალის ფასები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სატენდერო ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე არაჯეროვანი კონტროლის გამო არ იყო უზრუნველყოფილი შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი, საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი ხარჯვა და პროგრამით დასახული მიზნები არ იყო მიღწეული. პროგრამის განხორციელების პერიოდში აღინიშნება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არაჯეროვანი კონტროლი სატენდერო ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე. ასე მაგალითად, პროგრამის 16 ობიექტიდან: არ იყო წარმოდგენილი ინსპექტირების ჯგუფის წერილობითი დასკვნა; მხოლოდ 3 ობიექტზე წარმოადგინეს შპს „ზანგო-2015-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) მიხედვით. დამოუკიდებელი ექსპერტის ინსპექტირების დასკვნა ადასტურებს შესრულებული სამუშაოების ფიზიკურ და თანხობრივ მოცულობასა და ხარისხს, თუმცა ექსპერტის სერტიფიკატი აღნიშნული საქმიანობის ნებართვაზე არ წარმოუდგენიათ. აქტები 11 ობიექტზე არ შედგენილა, ხოლო 3 ობიექტზე არ იყო ხელმოწერილი შემსყიდველის მიერ. ასევე ერთ ობიექტზე უთარიღო აქტი (ფორმა #2) მიმწოდებლის მხრიდან არ იყო ატვირთული შPA.გე-ზე;
აღნიშნული სამუშაოების შესრულების პერიოდში 12 ობიექტზე არ ფიქსირდებოდა შემსყიდველის წარმომადგენლის მივლინება, რის გამოც, ფაქტობრივად, ვერ დასტურდება შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი. 8 შემთხვევაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღისთვის არ დასტურდებოდა შემსყიდველის წარმომადგენლის სამსახურებრივი მივლინება, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტები შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი იყო; მხოლოდ 5 ობიექტზე შეადგინეს ფარული სამუშაოების აქტი, აქედან, 3 ობიექტზე _ არსებითი ხარვეზებით. აქტებს ხელს აწერდა სამინისტროს წარმომადგენელი. აქტებში არ იყო წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია ფარული სამუშაოების შესახებ.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული დოკუმენტების გარეშე შესრულებული სამუშაოების საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, შემსრულებელს გადაერიცხა სრული თანხა. სამინისტროს მხრიდან კონტროლის მექანიზმების არაქმედითუნარიანობამ და შესაბამისი კონტროლის არარსებობამ განაპირობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნების შეუსრულებლობა, რის შედეგადაც არაჯეროვნად გაიხარჯა საკმაოდ დიდი საბიუჯეტო სახსრები და ვერ იქნა მიღწეული პროგრამით დასახული მიზნების ეფექტიანობა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედის“ მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი დასკვნის მიხედვით, კორპუსის მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელი იყო „დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, კორპუსის ირგვლივ ბეტონის წყალხსნარით სარინელის მოწყობა და კორპუსის ფუნდამენტის გამაგრება რკინა-ბეტონის ბურღვით ნატენი ხიმინჯებით“. შენობის გამაგრების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისას, სამინისტროს ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა წარდგენილი რეკომენდაცია და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე გადაწყვიტა, ფუნდამენტის ნაწილი გაემაგრებინა რკინა-ბეტონის მონოლითური ფილით, რაც საკმარისად ჩათვალა შენობის მდგრადობის შესანარჩუნებლად. სამინისტრომ ექსპერტის დასკვნით ვერ დაასაბუთა მის მიერ მიღებული საპროექტო გადაწყვეტილების მართებულობა. დასკვნა: სამინისტროს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით შეიქმნა კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები. ჯამურად, ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტებზე, დაახლოებით, რამდენიმე ათას ლარამდე სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა. სად წავიდა ეს თანხები, არავინ იცის!