QronikaPlus
არჩილ მჭედლიშვილი: „ჩვენ ცხვრები არ ვართ, ბატონო მოსამართლე“

არჩილ მჭედლიშვილი: „ჩვენ ცხვრები არ ვართ, ბატონო მოსამართლე“

2021-12-24 05:51:53

მაკა მოსიაშვილი

4 წლისა 6 თვის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონდარღვევით დაიწყო გაუქმებული თვითმმართველი ქალაქების საქმის განხილვა. 

სანამ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმისთვის მოიცალა, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე ორჯერ – 2017 წლის 21 ოქტომბერსა და 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა, სათემო მუნიციპალიტეტებში ძალით შებრუნებულმა ქალაქებმაც უკვე მეორედ გამოიცვალეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – მერები და საკრებულოები; უკვე მეხუთედ დამტკიცდა ამ მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქებსა და სოფლებს კვლავ არათანაბარ პირობებში აყენებს; უკვე მეხუთე წელია, ამ ქალაქებს, ისევე როგორც მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს, დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური – ეს ის თვითმმართველი ქალაქებია, რომლებსაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებად გაერთიანდნენ.

2017 წლის 12 ივნისს თელავში ჩამოსულ ხელისუფლებას შეახსენეს: „ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსს – ამ სისტემამ მართლა გაამართლა“, – ასე მიმართა თელავში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა.

„თვითმმართველობის საკითხი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გთხოვთ, გემუდარებით, ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსს. ხელი არ დაადოთ, თავი დაანებეთ! 2014 წლიდან დღემდე ამ სისტემამ მართლა გაამართლა როგორც თემში, ასევე _ ქალაქში. მე არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, თელავში რა ხდება და რა ხდება თვითმმართველ თემში. ზუსტად ვიცი, რამდენი რამ დადებითისკენ წავიდა, რაც ჩვენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოვიპოვეთ და რაც თვითმმართველი თემი ჩამოყალიბდა. ძალიან გთხოვთ, თავი დაანებეთ – ამაზე ცუდს ვერაფერს გააკეთებთ! მიუშვით, განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა. თუ ნამდვილად გვინდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, კართაგენი უნდა დაინგრეს. დაანგრიეთ, მოსპეთ სისტემური ხორცმეტი – რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

საბოლოოდ, პროცესი კანონდარღვევით, მოქალაქეებთან კონსულტაციის გარეშე წარიმართა.

ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზარდა და მერები/გამგებლები პირდაპირი წესით აირჩიეს. სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Fრეედომ Hოუსე“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა.

თუმცა 2017 წელს მიღწეული წარმატება ირაკლი კობახიძემ წყალში გადაყარა. თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ადგილობრივი საზოგადოებები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

თელავის მაშინდელი მერი, პლატონ კალმახელიძე, ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას შეეწინააღმდეგა. იდეა არ მოსწონთ თელავის საკრებულოებსაც, რომლებმაც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს მოთხოვნით, არ გაუუქმონ  ქალაქებს თვითმმართველობა.

თელავის საკრებულოს ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილმა სხდომაზე ინიციატივა დააყენა, მხარი არ დაეჭირათ ქალაქის სტატუსის გაუქმებისთვის. მაშინ საკრებულოს ყველა წევრმა მხარდაჭერა გამოაცხადა.

„ჩვენ, თითოეულმა დეპუტატმა, უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია, ვემხრობით თუ ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ რეფორმას, ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს საზოგადოების წინაშე. შევიმუშავოთ ტექსტი და მივწეროთ ხელისუფლებას, რომ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეკუთვნის“, – ამბობდა სხდომაზე ნიკოლოზ ვარდოშვილი.

ამის მიუხედავად, საბოლოოდ საქართველოში შვიდივე თვითმმართველი ქალაქის, ისევე როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა საკრებულოს სხდომები ხმაურის ფონზე წარიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, ვეტო დაძლია და 2014 წელს მის მიერვე გატარებული რეფორმის შედეგად შექმნილი 7 თვითმმართველი ქალაქი კვლავ გააუქმა.

თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ პარლამენტმა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დადგენილებაც მიიღო. დადგენილება გასაუქმებლად განწირული თვითმმართველი ქალაქების მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმის განხილვა კი ოთხწელიწადნახევრიანი დაგვიანებით, მხოლოდ ახლა იწყება.

მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას თელავში მოქალაქთა პროტესტი არ შეუნელებია. რამდენიმე თვეში საარჩევნოდ საინიციატივო ჯგუფმა მოქალაქეთა მხარადაჭერის გარეშე შექმნილი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ცხვარიც კი წარადგინეს მოთხოვნით: თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი, ჩვენ ცხვრები არ ვართ.

მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე. პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

„მინდა, აქედან თელავიდან ქუთაისში მივმართო მოსამართლეს: ჩვენ ცხვრები არ ვართ, ბატონო მოსამართლე!

თვითმმართველობისა და დემოკრატიის არსი არის, რაც შეიძლება ახლოს იყო გადაწყვეტილების მიმღები იმ საკითხებთან, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ არა მხოლოდ 7 ქალაქს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველის სტატუსი, რომელიც 2017 წელს წაართვეს, არამედ რაც შეიძლება ბევრ მუნიციპალიტეტში სადაც არის დიდი ქალაქი, მათაც უნდა მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და ცალკე იყოს, როგორც მუნიციპალიტეტი. ეს ხარჯებს გაზრდის, მაგრამ სჯობია, გააზრებულად დავხარჯოთ თვითმმართველობის განსავითარებლად ფული.

რელაურად თვითმმართველობა არც არასდროს გქვონია და არც გვაქვს იმიტომ, რომ ცხვრებივით ასრულებენ ყვცელა მითითებას ცენტრისგან“, _ ასე მიმართა თელაველმა აქტივისტმა არჩილ მჭედლიშვილმა მოსამართლეს.

გაზიარება