- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-10-16 10:47:41
კახეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელს დღემდე პატარა ოლიგარქი მართავს. ეს მმართველობა კი, დაახლოებით, უკვე 13 წელია, რაც გრძელდება.
დუზაგრამელი მინიოლიგარქი, როგორც მისი თანასოფლელები გვიყვებიან, ოთარ ფარცხალაძის მეგობარი და კადრია. ის სოფელში ფარცხალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აჩვენებს ადგილობრივებს და ეუბნება, _ იცით, ეს ვინ არის? ეს მკვლელია! და ჩემი მეგობარია! _ ეს სიტყვები ადგილობრივებისთვის საკმარისია, რომ მიხვდნენ, რა ელოდებათ, თუ მას შეეწინააღმდეგებიან…
იორმუღანლოს თემში ნარკოტიკები აქტიურად იყიდება… ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი გავიცნოთ დუზაგრამელი მინიოლიგარქი.
საზოგადოებამ ის 2012 წლის აგვისტოს გაიცნო, როგორც სოფლის გამგებელი. მაშინ არჩევნების მონიტორინგი ასე აფასებდა მოვლენას:
„სოფელ იორმუღანლოში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი, ამომრჩეველთან შეხვდრას მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. შეხვედრა მოგვიანებით ჩხუბსა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლაში გადაიზარდა. ფიზიკურ დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებელ თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი, ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციამ მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრები: მუბარიზ მამედოვი და ნათიკ რასულოვი დააკავა“.
მაშინ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ბრალდებით თინათინ ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში დუზაგრამის გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
მალე ხელისუფლება შეიცვალა. დუზაგრამის გამგებელი რამდენიმე თვით გაათავისუფლეს, მაგრამ, რატომღაც, ვიღაც უცხო ხელმა სისტემაში მისი კვლავ დაბრუნება გადაწყვტა. არადა, მუხტარ ისმაილოვი წინა ხელისუფლების ერთგული მხარდამჭერი და მორჩილი იყო 2007 წლიდან.
სულ რაღაც ერთი თვის წინ ისმაილოვმა საზოგადოებას კვლავ შეახსენა თავი _ საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამაში ცოლ-ქმარზე ფიზიკურად იძალადეს და მათ მოკვლით დაემუქრნენ. როგორც დაზარალებულები ჰყვებოდნენ, თავდამსხმელი სოფლის გამგებლის შვილი, ისმაილოვის ვაჟია, თუმცა იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც ამბავი მედიამ გააშუქა. ისმაილოვის ვაჟის დაკავების შემდეგ ოჯახი სოფლისგან იზოლირებულია, რადგან იცის, რომ მას ახლა მამის, დუზაგრამის გამგებლის რისხვა არ ასცდება და აუცილებლად, დღეს თუ ხვალ, გაუსწორდებიან…
არადა, 2014 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტიში ჩატარებული ტესტირებით დადგინდა, რომ მუხტარ ისმაილოვმა საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში ვერ გადალახა ტესტირების ეტაპზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რის გამოც ის დაკავებული პოსტიდან განთავისუფლდა. კერძოდ კი კაცი, რომელიც ჯერ „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამგებლად, მოგვიანებით კი „ოცნებამ“ წაიყვანა, წერა-კითხვის უცოდინარია. უბრალოდ, მან არც ერთ ენაზე _ არც ქართულად და არც აზერბაიჯანულად _ წერა-კითხვა არ იცის…
მაგრამ ამ წერა-კითხვის უცოდინარმა კაცმა შეძლო და სოფლის მიწები უკანონოდ გაასხვისა და დოკუმენტაციაც გააყალბა.
2016 წლის ივნისში კი დუზაგრამის მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა და სოფელში გამგებლის წარმომადგენლის გადადგომა მოითხოვა. მათ ისმაილოვი თანასოფლელ სეიმურ ნიაზოვის ცემაში დაადანაშაულეს. დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებით, სოფელ დუზაგრამის რწმუნებულმა ნიაზოვს ბლაგვი საგნით თავში ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივებმა სოფელში გამგებლის წარმომადგენელი მიწების უკანონოდ გასხვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაშიც ამხილეს.
მაშინ მომხდარზე ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
თუმცა დუზაგრამის ტესტირებაზე ჩაჭრილი გამგებელი მალევე აღადგინეს სამსახურში და კვლავ დაუბრუნეს იორმუღანლოს თემს „ქურდად“.
ისმაილოვის ბიოგრაფია მრავალფეროვანია: სოფელ დუზაგრამის რწმუნებულმა, მუხტარ ისმაილოვმა, სოფლის მიწები შეისყიდა და შემდეგ 50 ათასად გაასხვისა. ეს ყველაფერი დღევანდელი მთავრობის პირობებში მოხდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მუხტარ ისმაილოვმა სახელმწიფო მიწები სიმბოლურ ფასად შეისყიდა. დაუფლების შემდეგ რამდენიმე წელიწადში მუხტარ ისმაილოვმა ეს მიწები სხვებს შეასყიდინა, დაახლოებით 5-ჯერ ძვირად, ვიდრე სახელმწიფოსგან ჰქონდა ნაყიდი.
მუხტარ ისმაილოვის მეორე ვაჟი, ელშად ისმაილოვი, მოქმედი პოლიციელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მამის და აწ უკვე დაპატიმრებული ძმის კრიმინალურ საქმიანობას ხელს აფარებს.
ისმაილოვი გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი მოძალადე, წინასაარჩვნოდ მოტივირებული სოფლის გამგებელი, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს აფრთხილებს, თუ მხარს არ დაუჭერენ იმას, ვისაც ის ეტყვის, მაშინ ის თანასოფლელებს ფიზიკურად გაუსწორდება ან მისი ვაჟი მათ ნარკოტიკებს ჩაუდებს…
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით:
_ საქართველოში ნარკოტიკი შემოდის, აქ მას არ აწარმოებენ (ჩვენთან მხოლოდ მარიხუანის კულტივაციას ეწევიან და ისიც ქოთნებში ან ბაღებში მოჰყავთ). აზერბაიჯანელები ჰეროინით ვაჭრობენ, რომლის მთავარი მწარმოებელ-გამავრცელებელი ავღანეთია. ჰეროინი ავღანეთიდან ჯერ აზერბაიჯანში, იქიდან კი საქართველოში ხვდება, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანში ეს საშუალება იმ ხარისხის არ არის, როგორიც _ ადგილზე.
საქართველოში შემოტანილი მძიმე ნარკოტიკების 80% მარიხუანაა, მეორე ადგილზეა ჰეროინი (რომელიც, ძირითადად, ღარიბ ქვეყნებში შედის), მესამეზე _ კოკაინი. ის ყველაზე ნაკლები ოდენობით შემოდის, რადგან ძვირი და ელიტური ნარკოტიკია.
არსებობს ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე მარშრუტი, რომელთაგან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის, მათ შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. საერთაშორისო ნარკობიზნესი ნარკოტიკების გადასაზიდად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც იყენებს.
ჩვენთან ნარკოტიკი ყველაზე მარტივად აზერბაიჯანიდან ხვდება, დაფასოებული შემოდის და მას ბარიგები ავრცელებენ. ნებისმიერმა ნარკომანმა იცის, სად არის ეს წერტილები, ვინ არიან ნარკორეალიზატორები და მათი გამოვლენა არც ისე დიდი პრობლემაა. წლებია, რაც საგარეჯოს აზერბაიჯანული დასახლება თემში ნარკომანებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბუდეა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აქ ნარკოტიკების ღია ბაზარია.
როცა კი პოლიციელი შედის, უმალ ყველამ იცის. ეს თავისებური დასახლებაა, იორმუღანლოს თემის სახლები გალავნებითა და რკინის ჭიშკრებით არის დაცული და მათი შემტვრევა, იქ შესვლა და ჩხრეკა ძნელდება. ამასობაში სწრაფად ანადგურებენ ნარკოტიკს, მაგალითად, ტუალეტში ჩაუშვებენ, ზოგს მიწაში აქვს ჩამარხული. არადა, მტკიცებულება თუ არ გაქვს, გამსაღებელს ვერ დაიჭერ.
ბოლო ეტაპი ძალიან რისკიანია. ინფორმაციები არსებობს, რომ იორმუღანლოს თემის სოფლებში იმ მაღაზიებში, რომელთაც შეგნებულად არ აქვთ კამერები დამონტაჟებული, სწორედ იქ ხდება მათი რეალიზაცია.
_ კი მაგრამ იორმუღანლოში რამდენიმე სოფელია!
_ ასეა, თუმცა მათგან განსაკუთრებით გამოირჩევა დუზაგრამა. ამ სოფელში პირდაპირი წესით მიდის აღებ-მიცემობა… უარესი: სოფლის ადგილობრივები, ძირითადად, სულ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არიან…
_ რას აკეთებს ხელისუფლება?
_ ვერაფერს. არა მარტო იმიტომ, რომ იქ სპეცოპერცია რთულად ჩასატარებელია, არამედ იმიტომ, რომ იქ პროცესებს უჩინარი ხელი მფრაველეობს… ვინც ხელს უწყობს ნარკოტიკების იქამდე მიტანას. არც ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ხმას… ეს, უბრალოდ, ზემოდან გადაწყვეტილი და მოგვარებული საქმეა… რთულია იმ სოფელში წესრიგის დაცვა, სადაც კანონის ნაცვლად სოფლის გამგებლის მუშტი მოქმედებს… უახლოეს პერიოდში დიდ ბომბს მივიღებთ ამ ტერიტორიიდან _ ისეთს, როგორსაც არც კი ველით…
მაკა მოსიაშვილი