- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-01-27 05:47:42
პუტინის მსგავსად საკუთარი ხოდორკოვსკი „ოცნებასაც“ ჰყავს, ანუ საუბარია კომპანია „სვეტის“ პატიმრობაში მყოფ დირექტორებზე. უფრო კონკრეტულად და გასაგებად რომ ვთქვათ, ახლახან ევროსასამართლომ ხოდორკოვსკის საქმეზე მორიგი გადაწყვეტილება გამოიტანა და ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი უდანაშაულოდ ცნო, ანუ ხოდორკოვსკი იმ ეპიზოდში გამართლდა, რომლის თანახმადაც, მას პუტინის სასამართლო კომერციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა და ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განაჩენი გამოიტანა. მოკლედ, სტრასბურგმა დაადგინა, რომ ანალოგიურ საქმეზე ადამიანის ციხეში გაშვება არ შეიძლება.
რაც შეეხება საქართველოს, იურისტმა და ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს, ჯერ კიდევ, გასული წლის მარტში მიმართა და სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლების გაუქმება მოითხოვა, რადგან გელბახიანი მიიჩნევს, რომ ეს ორივე მუხლი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თუმცა ვიდრე ამ თემას გავშლით, ხოდორკოვსკის ისტორიას შეგახსენებთ:
ხოდორკოვსკი, თავის დროზე, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსს“ ხელმძღვანელობდა და, პირდაპირ თუ ირიბად, პოლიტიკაშიც ერეოდა. სწორედ ამის გამო დაეწყო პრობლემები და 2003 წელს თაღლითობისა და გადასახადების დამალვის ბრალდებით დააპატიმრეს. 2005 წელს მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2007 წელს ხოდორკოვსკის ახალი ბრალდება წაუყენეს, რაც ფულად მაქინაციებს ითვალისწინებდა და დამატებით 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2013 წელს პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა, თუმცა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ამ უკანასკნელმა ევროსასამართლოში განაგრძო.
როგორც ვთქვით, რამდენიმე დღის წინ სტრასბურგმა ხოდორკოვსკი იმ ეპიზოდში, რომელიც კომერციული ხელშეკრულების დარღვევას ეხებოდა, გაამართლა. ევროსასამართლოს ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება კი, როგორც ვალერი გელბახიანი ამბობს, იმის საფუძველს იძლევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილოს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოხსენებული ორი მუხლი ანტიკონსტიტუციურად ცნოს.
ვალერი გელბახიანი, ადვოკატი:
_ 2019 წლის მარტში დეველოპერული კომპანია „სვეტის“ დირექტორები _ გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე დაიჭირეს.
_ „სვეტის“ დირექტორების დაპატიმრების საბაბი რა გახდა?
_ ამ ადამიანებმა, როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორებმა, მოსახლეობას ბინათმშენებლობაზე წინარე ხელშეკრულებები გაუფორმეს და, როგორც წესი, საჯარო რეესტრშიც დაარეგისტრირეს, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსახლეობა ბინებს მიიღებდა. იმისთვის, რომ მშენებლობა დაწყებულიყო, „სვეტმა“, ხელშეკრულების საფუძველზე, მოსახლეობისგან ფულადი თანხა აიღო. მშენებლობა კი დაიწყო, მაგრამ ვადაში ვერ დასრულდა.
_ რატომ?
_ ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის, ის, რომ სამშენებლო კანონმდებლობა რამდენჯერმე შეიცვალა, რის გამოც ნებართვის ნაწილში, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული შებოჭვა მოხდა, ანუ მერიებმა „სვეტს“ სამშენებლო ნებართვები არ მისცეს, ამიტომ დაწყებული მშენებლობები გაჩერდა. ამასობაში ვადები დაირღვა. მოსახლეობამ იჩივლა.
_ „სვეტის“, ასე ვთქვათ, კლიენტებს, მშენებლობის საფასური გადახდილი ჰქონდათ?
_ დიახ, ზოგს მთლიანად ჰქონდა გადახდილი, ზოგსაც _ ნაწილობრივ.
_ ეს კომპანია კორპუსებს თბილისში აშენებდა?
_ დიახ, ძირითადად, თბილისში, თუმცა ერთი კორპუსი ბათუმშიც ჰქონდა.
მოკლედ, „სვეტის“ დირექტორები პასუხისგებაში სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით მისცეს, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი თაღლითობაა, 182-ე კი _ სხვისი ფულის მითვისება. ერთი სიტყვით, ჯიბლაძე და ჯანელიძე დააკავეს და სასამართლომ ორივეს შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
_ „სვეტის“ დირექტორებს გამოძიება, საერთო ჯამში, რა თანხას ედავებოდა?
_ დაახლოებით, 6 მილიონი დოლარის ეკვივალენტ ლარს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სამშენებლო სამუშაოების ნაწილი შესრულებული იყო, ანუ „სვეტის“ დამფუძნებლებს მოსახლეობის ფული ჯიბეში არ ჩაუდევს _ კარკასები გაკეთდა. მოსახლეობამ იმის გამო კი არ იჩივლა, რომ ფული მოპარეს, არამედ იმის გამო, რომ მშენებლობა გაჩერდა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროკურატურამ საქმე აღძრა და „სვეტის“ ორივე დირექტორი პასუხისგებაში მისცა.
სხვათა შორის, განაჩენის გამოტანის შემდეგ საგამოძიებო ორგანოსთან კონსულტაციები გაგრძელდა და ახლა საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს საუბარი.
_ დღის წესრიგში საპროცესო შეთანხმება რატომ დადგა?
_ ვალდებულება სხვა კომპანიებმა აიღეს, ანუ მშენებლობას ისინი დაასრულებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე იმის შესახებ არ ვსაუბრობ, სამართლიანობის სასწორი ვის მხარეზეა.
_ აბა, რაზე საუბრობთ, ბატონო ვალერი?
_ თავის დროზე, ანუ გასულ წელსვე, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შევიტანე და კონკრეტული საკითხი დავაყენე.
_ ანუ?
_ ვინაიდან მხარეებს შორის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულებებია გაფორმებული და ამასთან, ეს ხელშეკრულებები საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული, ამიტომ ყველა ეს ხელშეკრულება კანონიერია. ასეთ შემთხვევაში, როცა ორ მხარეს შორის სამოქალაქო დავა წარმოიშობა, რომელიმე მხარის სისხლის სამართლის წესით დევნა არ შეიძლება. შესაბამისად, ზემოხსენებული სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი.
ამასთან, ჩემს სარჩელში ადამიანთა ევროკონვენციის მეორე დამატებას მივუთითებ, სადაც გასაგებად წერია, რომ ევროსასამართლო კომერციული და სახელშეკრულებო დავებისას წარმოშობილ ისეთ ვალდებულებას არ იხილავს, რომელიც გადახდის უუნაროა.
მოკლედ, ევროკონვენციის ეს ჩანაწერი იმის სამართლებრივ საფუძველს მაძლევს, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დავაყენო კატეგორიული მოთხოვნა, რომ სისხლის სამართლის შესაბამის მუხლებში ნორმატიული ნორმები შესაცვლელია. კერძოდ, არც ერთი იმ პირის დაპატიმრება არ შეიძლება, რომელსაც სამოქალაქო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას ედავებიან.
_ თქვენს სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს რა რეაქცია ჰქონდა?
_ გასული წლის მარტიდან, ლამის, ერთი წელი გადის, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი სარჩელის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ვფიქრობ, ამ საქმის განხილვა დაჩქარდება.
_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
_ ხოდორკოვსკის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ სარჩელის ანალოგია.
_ ანუ?
_ ხოდორკოვსკის საქმეზე სტრასბურგმა დაადგინა, თუ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დავა სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, არ შეიძლება, რომ პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცეს.
მოკლედ, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩემი სარჩელის განხილვას დააჩქარებს და სტრასბურგის ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება მისთვის სახელმძღვანელო იქნება.
_ ბატონო ვალერი, საქართველოს ხელისუფლება ევროსტრუქტურების რეკომენდაციებსა თუ შენიშვნებს, როგორც იტყვიან, ერთ ყურში უშვებს და მეორეში ატარებს. შესაბამისად, რატომ გგონიათ, რომ ხოდორკოვსკის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება?
_ საკონსტიტუციო სასამართლო განსხვავებული ორგანოა და მისი გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში, ასე ვთქვათ, არ რჩება, ანუ ვებგვერდზე ინგლისურ ენაზეც ქვეყნდება და მას მთელი მსოფლიო კითხულობს. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო იმის საწინააღმდეგოდ წასვლას ვერ გაბედავს, რაც ევროსასამართლომ დაადგინა!
მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩემს სარჩელში მითითებულ მოთხოვნას აბსოლუტურად დააკმაყოფილებს!
_ სხვანაირად არ გამიგოთ და, ოპტიმისტურად, მგონი, ტყუილად ხართ განწყობილი, მით უმეტეს, რომ სარჩელი, ლამის, ერთი წლის წინ შეიტანეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს კი განხილვა ჯერაც არ დაუწყია.
_ ეს ვადების საქმეა, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებს რიგითობის მიხედვით განიხილავენ. ჩემს სარჩელს კი რიგმა ჯერ არ მოუწია, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს სარჩელი განიხილება, დადგინდება, რომ ყველა ის საქმე, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის 180-ე და 182-ე მუხლებითაა აღძრული, გადასასინჯია! სხვათა შორის, ამ მუხლებით ადამიანები არიან დაჭერილები.
_ ისე, ხოდორკოვსკი, როგორც მახსოვს, პუტინის შურისძიების მსხვერპლი გახდა. აქედან გამომდინარე, ხომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ „სვეტის“ დირექტორებიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი არიან?
_ ხოდორკოვსკის საქმეზე ევროსასამართლომ პოლიტიკური ჭრილის გარეშე, ანუ იმის თაობაზე იმსჯელა, რუსეთის სასამართლო სამართლებრივად სწორი იყო თუ არა, როდესაც ხოდორკოვსკი ციხეში გაუშვა. ერთი სიტყვით, სტრასბურგმა თქვა, ხოდორკოვსკის დევნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა იმიტომ, რომ ევროკონვენციის მეორე შესწორებით, თუ ორ მხარეს ხელშეკრულებაა გაფორმებული და იგი უკანონობის გამო არ გაუქმებულა, მაშინ რომელიმე მხარის სისხლის სამართლის დევნა დაუშვებელია და თუ დევნა მაინც დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ დევნის ობიექტი უდანაშაულოაო.
_ ევროსასამართლოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ხოდორკოვსკის მსგავსად, „სვეტის“ დირექტორებიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხომ არ გახდნენ?
_ სასამართლოში პოლიტიური კი არა, სამართლებრივი ასპექტი იხილება, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები გამოიყენებნ და იტყვიან, რომ ხოდორკოვსკი პოლიტიკური და უკანონო დევნის მსხვერპლი იყო.
_ ბატონო ვალერი, კონკრეტულად მითხარით: „სვეტის“ ხელმძღვანელებს „ოცნებასთან“ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ?
_ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, არ დაიჭერდნენ, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
ხოდორკოვსკის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იმის შესახებ ვსაუბრობთ, რაც საქართველოში სამართლებრივად მოხდება.
მოკლედ, ჩემს კონსტიტუციურ სარჩელს პასუხი სჭირდება და ეს პასუხი ურაყოფითი ვერ იქნება, რადგან ევროსასამართლომ მსგავს საქმეზე გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა. შესაბამისად, ყველა ანალოგიური საქმე გადასინჯვას დაექვემდებარება.
_ ე. ი., „ცენტრ პოინტის“ საქმეც გადაიხედება?
_ დიახ, ყველა მსგავსი საქმე გადაიხედება და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო, დიახ, ასე იქნება და ასევე სამართლებრივ ნაწილშიც გამართლდება.
_ ბატონო ვალერი, სისხლის სამართლის 180-ე და 182-ე მუხლებით, როგორც ვიცი, საქართველოში ბევრი ადამიანია გასამართლებული, თუმცა თქვენ გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სხვა ადვოკატებს არ მიუმართავთ. ამას რით ხსნით?
_ აბა, სხვის მაგივრად რა გითხრათ?
კონკრეტულ სასამართლო განხილვაში ვმონაწილეობდი და როგორც კი ამ საქმეში ჩავერთე, განვაცხადე, _ ვინაიდან საერთო სასამართლოები სამართლებრივად სწორ პოზიციაზე არ დგანან, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტან-მეთქი.
მოკლედ, საკონსტიტუციოში სარჩელი შევიტანე და ამით, როგორც იურისტმა და ადვოკატმა, მხოლოდ მოქალაქეობრივი კი არა, სამართლებრივი ვალიც მოვიხადე. სტრასბურგის სასამართლომ კი ჩემი სამართლებრივი პოზიცია დაადასტურა!
_ ისე, ანალოგიურ საქმეებზე საერთო სასამართლოებს მკაცრი სასჯელი რატომ გამოაქვთ ხოლმე?
_ საერთო სასამართლოები პროკურატურას ექვემდებარებიან, ანუ რასაც პროკურატურა შეიტანს, იმას არჩევენ. ამ შემთხვევაში, საქმე პროკურატურამ შეიტანა, რომელიც სასამართლომ განიხილა და დაადგინა, რომ პროკურატურის ბრალი სწორი იყო და ამ ადამიანებს ციხე მიუსაჯა. მე კი ვამბობ, რომ სწორი არც პროკურატურა იყო და არც _ სასამართლო.
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კი ყველა სასამართლო იძულებული გახდება, საკუთარი განაჩენები გადასინჯოს!
_ როცა „სვეტის“ დირექტორებს ბრალი წარუდგინეს, მთავარი პროკურორი შოთაძე იყო?
_ არა, არა.
_ რახან სიტყვამ მოიტანა, თქვენ, როგორც ადვოკატი, მთავარ პროკურორად შოთაძის შესაძლო მეორედ მოსვლაზე რას ფიქრობთ?
_ ჩვენ რაც უნდა ვთქვათ, თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ძალაუფლება მის ხელშია და შოთაძე მთავარი პროკურორი მეორედ აუცილებლად გახდება.
სიმართლე რომ გითხრათ, მე, როგორც ადვოკატს, შოთაძესთან კომუნიკაცია მქონია და ის საკითხები, რომლებიც დავუყენე, ჩათვალა, რომ სამართლიანი იყო და გაითვალისწინა, ანუ პირადად მე მასზე ძვირი ნამდვილად არ მეთქმის და მორალი და სინდისი იმის საშუალებას არ მომცემს, მასზე ცუდი ვთქვა, თუმცა თავად პროცესი, რომ ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა ვერ მოიძებნა, ივანიშვილის გარემოცვაში არსებულ საკადრო კრიზისზე მეტყველებს.
სხვათა შორის, შოთაძე მთავარი პროკურორობიდან, თავის დროზე, კი არ გაათავისუფლეს, არამედ, გადადგა.
_ დიახ, მაგრამ გადადგომა სკანდალის ფონზე მოუწია.
_ გადადგომა პოლიტიკოსს უკან დაბრუნების შანსს აძლევს. აი, განთავისუფლების შემთხვევაში კი შოთაძეს დაბრუნების შანსი აღარ ექნებოდა.
_ შეიძლება, მაგრამ მთელი „ოცნება“ შოთაძეს ღირსეულს უწოდებს და ეს გადაჭარბებული შეფასება არაა?
_ სხვა ადვოკატები, მაგალითად, ზაზა ხატიაშვილი, მას ძალიან აკრიტიკებდა, რაზედაც ვუთხარი, _ ყველა საკითხი, რომელიც შოთაძის წინაშე დავაყენე, გადაამოწმა-მეთქი. აი, მაგალითად, „გვიჩიანის საქმე“, რომელიც შესაბამისად არ გახმაურდა.
_ რას გულისხმობთ?
_ საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში „გვიჩიანის საქმე“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა _ ადამიანს სხვადასხვა დროს სამუდამო პატიმრობა ოთხჯერ მიუსაჯეს, მერე ეს სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, ანუ ყველა ინსტანციის მიერ მკვლელად იყო მიჩნეული და სასჯელს ათი წელი იხდიდა. სინამდვილეში კი უდანაშაულო იყო და ციხეში იჯდა.
შოთაძეს ამ საქმეზე ახალი სასამართლო-სამედიცინო კვლევა მივუტანე, რომელსაც შუამდგომლობაც ახლდა, თუ რატომ იყო გვიჩიანი უდანაშაულო. მითხრა, დამიტოვეო. სხვათა შორის, ამ საქმეში შოთაძე, თავის დროზე, მონაწილეობდა _ სასამართლოში საპროცესო პროკურორად გამოდიოდა.
მოკლედ, მეორე დღეს შოთაძემ დამირეკა და მითხრა, _ უნდა შევხვდეთო.
_ შეხვდით?
_ დიახ, შევხვდით და მითხრა, თუ ყველაფერი, რაც აქ წერია, სწორია, მაშინ ჩემივე ინიციატივით მოვითხოვ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილიო.
ერთი სიტყვით, ხელახალი კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნა და ხელახალი გამოძიება დაიწყო. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გვიჩიანი უდანაშაულო იყო და სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა, რომ ის სასჯელი, რომელიც მისჯილი ჰქონდა, გაუქმებულიყო და ადამიანი უდანაშაულოდ ეცნოთ. სააპელაციო სასამართლომ შოთაძის შუამდგომლობა განიხილა და გვიჩიანი უდანაშაულოდ ცნო!
სხვათა შორის, თითქმის არასოდეს მომხდარა, რომ პროკურორს საკუთარი ბრალი შეეცვალა!
_ ეს ფაქტი შოთაძის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ, ბატონო ვალერი, წეღან თქვით, ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა არ აქვსო. ამას რით ხსნით?
_ გავლენა კი აქვს, მაგრამ ისეთი არა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრზე თქვას, შავიაო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, სარჩელი არ მიიღოს, ან თქვას, ანალოგიური საქმე განხილულია და ხელმეორედ არ დავუბრუნდებიო, მაგრამ ევროსასამართლოს გახმაურებული გადაწყვეტილების უარყოფას ვერ მოახდენს.
_ ვთქვათ, ისე მოხდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, თქვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ევროსასამართლოში წახვალთ?
_ თუ ჩემი კლიენტები მოისურვებენ, რა თქმა უნდა, წავალთ, მაგრამ თუ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, მერე გასაჩივრება აღარ შეიძლება.
ისე, საკონსტიტუციო სასამართლო სხვა სასამართლოა და სასჯელის სამართლიანობას კი არა, იმას იხილავს, სისხლის სამართლის კოდექსის ესა თუ ის მუხლი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის აქტებს შეესაბამება თუ არა.
_ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენი სარჩელი დააკმაყოფილა, „სვეტის“ დირექტორები, როგორც უდანაშაულოდ გასამართლებულები, სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ?
_ ბუნებრივია.
_ ბატონო ვალერი, ხოდორკოვსკის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება როდის გამოიტანა?
_ რამდენიმე დღის წინ.
_ ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხოდორკოვსკი ციხეში უკანონოდ იჯდა?
_ დიახ, ამ გადაწყვეტილებით ხოდორკოვსკი უდანაშაულოდ მიიჩნიეს.
_ ე. ი., პუტინს მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს, არა?
_ დიახ, ევროსასამართლო კომპენსაციას განსაზღვრავდა და, როგორც ვიცი, რამდენიმე მილიონზეა საუბარი.
გიორგი აბაშიძე